საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა უშიშროების საბჭოს სხდომაზე
ის, რაც დღეს განხორციელდა, ეს არის სწორედ ის სცენარი, რომელიც ჩვენ დიდი ხანია გვემუქრება.
ჩვენ ამ სიტუაციისთვის ვემზადებოდით. ეს იყო კატასტროფული სცენარი, რომლის გაკეთებაც მათ შეეძლოთ, რაც ერთდროულად გაზისა და დენის გათიშვას გულისხმობს.
ეს რომ შავარდნაძის დროს მომხდარიყო, დღეს საქართველოში ყველა სახლი, საავადმყოფო, საოპერაციო და პოლიციის განყოფილება გათიშული იქნებოდა. საქართველოში ეკონომიკის სრული დამბლა იქნებოდა.
ის ადამიანები, რომლებმაც ეს ჩაიდინეს, გაწბილებულები დარჩნენ. ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი კოშმარული სცენარები დასრულდა.
მათ სრულიად ვანდალური აქტი განახორციელეს.
საბჭოთა დროს დენი და გაზი აზერბაიჯანის გავლით შემოდიოდა, დღესაც იგივე მოხდება.
ჩვენ ვთქვით, რომ ისევე როგორც საბჭოთა დროს, საქართველო აზერაბაიჯანის გავლით ირანიდან უნდა იღებდეს გაზს და ეს ძველი კომუნიკაცია უნდა აღდგეს.
ჩვენ დენის მიწოდება თურქეთიდან უნდა დავიწყოთ. თურქეთთან ხელშეკრულებას ხელი უკვე მოვაწერეთ, რის საფუძველზეც აჭარა ელექტროენერგიას უპრობლემოდ იღებს.
ხაზების გაუმჯობესების პირობებში, აზერბაიჯანთან მუშაობა უნდა შევძლოთ, აზაერბაიჯანელები ძმურად გვიყოფენ იმას, რაც აქვთ და მათთან ერთად პარალელურ რეჟიმში ვმუშაობთ.
შიდა ხაზების გარემონტების დამთავრებისთანავე, ეს დეფიციტი აღარ გვექნება.
მათ, ვინც ერთდროულად დააჭირა ხელი ღილაკს ჩრდილო-ოსეთში და ყარაჩაევო-ჩერქეზეთში, ის არ გამოუვიდათ, რაც უნდოდათ, იმიტომ რომ მთელი მსოფლიო ფეხზე დადგა.
ჩვენ დილიდან მთელი მსოფლიო ჩავაყენეთ საქმის კურსში.
ყველა წამყვან ტელევიზიაში ეს თემა მთავარი იყო.
მე დღეს ბავშვთა სახლში ვიყავი, ხვალ დილიდან ჩვენ ყველაფრით უნდა დავინტერესდეთ.
მსგავსი შეზღუდვები არ უნდა გვქონდეს, ჩვენი ხალხი ისე შეეჩვია ნორმალურ მომარაგებას, რომ დაავიწყდათ ერთი წლის წინ როგორ ცხოვრობდნენ.
ადამიანი უცებ ეჩვევა კარგ ცხოვრებას და ცუდს ივიწყებს. ეს მას შედეგად მოხდა, რაც ჩვენ კორუფცია აღმოვფხვერით და სიბნელის მოციქულები - მირცხულავები და მოლაშვილები სასჯელს იხდიან.
მე ვისურვებდი, რომ ისეთი შეზღუდვები, როგორიც დღეს არის, აღარ გვქონდეს.
შევარდნაძეს სომხეთის მსგავს რეზერვუარებზე რომ ეფიქრა, დღეს ეს პრობლემა არ გვექნებოდა.
მომავალი შემოდგომისთვის შაჰდენიზის პროექტის ამუშავება უნდა დავაჩქაროთ.
ჩვენ სხვა პარტნიორებთან უნდა ვიმუშაოთ და საერთაშორისო გარანტიების მიღება გავაგრძელოთ, რათა არაპროგნოზირებადი შედეგების მსხვერპლი არ გავხდეთ.
დღეს მთელი მსოფლიო შეშფოთებულია იმის გამო, რომ ჩვენ ისეთ ენერგეტიკულ რეჟიმზე ვსაუბრობთ, რომელიც ყველას შიშის ზარს სცემს, როცა მომწოდებელი უპასუხისმგებლოა და მისგან ყველაფერს უნდა ელოდო.
შარშან ჩვენ ენერგოხაზები აგვიფეთქეს, წელს კი ჩვენს ტერიტორიაზე ეს აღარ გამოსდით, იმიტომ რომ წესრიგი დავამყარეთ, წელს კი იმ ტერიტორიაზე ააფეთქეს, რომელზეც ხელი მიუწვდებათ.
ჩვენი ფუნქციაა, რომ ისეთი სისტემის აწყობა გავაგრძელოთ, რომ შეზღუდვები გამოირიცხოს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დენი სამართლიანად გავანაწილოთ, შეზღუდვები ყველა რაიონსა და რეგიონს თანაბრად უნდა შეეხოს. სასურველია, რომ შეზღუდვები დავასრულოთ.
საქართველო ადვილად ხელწამოსაკრავი ქვეყანა აღარ არის.
ჩვენთვის მთავარია, რომ დავიჭიროთ სიტუაცია და ჩვენი საზოგადოებისთვის ექსცესები არ დავუშვათ.
ხვალ ჩვენ გარდაბანში ახალ გაზოტურბინას გავხსნით.
ჩვენ მოდუნების უფლება არ გვაქვს. ყველაფერს გეგმის მიხედვით გავაგრძელებთ.
ხვალიდან საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას გავაგრძელებთ. აღარ არის ის დრო, რომ საქართველო ბნელ კუთხეში გაიყვანო და დაჩაგრო.
ჩვენ იქეთ დავჩაგრავთ ყველას. ჩვენ ღირსება გვაქვს და მისი დაცვა ვისწავლეთ. ცხოვრება ჩვეულებრივ რიტმში უნდა გაგრძელდეს.
სიტუაცია კონტროლირებადია და უახლოეს დღებში საბოლოო გამოსწორებას ჩვენი მეგობრების დახმარებით შევძლებთ.
ხვალიდან ყველაფერი განათდება და მტრის ჯინაზე სინათლის ქალაქი ვიქნებით.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური