Google+

სიახლეები

23.01.2006
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალი აირტურბინული ელექტროსადგური გახსნა

მოგესალმებით!

დღეს ისტორიული დღეა.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ჩვენ საქართველოში პირველ მსხვილ ენერგოობიექტს ვხსნით.

დამოუკიდებლობის შემდეგ საქართველოს ენერგოსისტემას კრიზისი, ნგრევა, ძარცვა და კორუფცია ახასიათებდა, შედეგი კი - ჩამქრალი საქართველო იყო.

ვარდების რევოლუციის შემდეგ, ჩვენ სიტუაციის გაუმჯობესება დავიწყეთ და შარშან პანკისის ხეობაში ხადორის ჰესის მშენებლობა დავასრულეთ.

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საქართველოს ენერგოსისტემას მდგრადობისთვის ჰესების გარდა, აირტურბინული ელექტროსადგური სჭირდება.

აირტურბინული ელექტროსადგურის ასაშენებლად პარტნიორების ძებნა დავიწყეთ.

ამისთვის ჩვენ ცოტა დრო გვქონდა და გვესაჭიროებოდა ბაზარზე არსებული მზა შეთავაზება.

აღმოჩნდა, რომ ეს კონკრეტული შეთავაზების მიღება, ერთის მხრივ, ამერიკული კომპანიის მხრიდან და მეორეს მხრივ კი, რუსული და ქართული ბანკების თანამშრომლობის შედეგად მოხერხდა.

ამ პროექტისთვის ფინანსების მოძიება და ბიზნეს-მოვლენის ორგანიზება თანამშრომლობის კარგი მაგალითია, იმას, რასაც ჩვენ დღეს ვხსნით, ამერიკული მასალებით და რუსულ-ქართული კაპიტალითაა შექმნილი.

ჩვენ ასეთი თანამშრომლობისთვის მუდმივად მზად ვართ.

ის, ვინც გუშინ საქართველოს მთავარი ენერგოგადამცემი ხაზები ააფეთქა, საქართველოს ჩაბნელებას და გაყინვას იმედოვნებდა, თუმცა არ გამოუვიდა. ერთი წლის წინ, ჩვენ ასეთი სცენარებისათვის ვემზადებოდით.

ჩვენ ვიმუშავეთ - ელექტროგადამცემი ხაზები გავარემონტეთ და ფინანსებები გამოვძებნეთ.

ჩვენ შევძელით წნევისა და ძაბვის დაჭერა, მოვახერხეთ ის, რომ სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ბავშვები არ გაგვეყინა.

ეს ხელისუფლებასთან ერთად ენერგეტიკოსების შრომის შედეგია.

ბოლო თვეების მოვლენებმა მსოფლიოს დაანახა, რომ ეს ევროპისა და მთელი მსოფლიოს ენერგოუსაფრთხოების საკითხია.

ერთი წლის წინ, როდესაც ჩვენ ამაზე მუშაობა დავიწყეთ, პარტნიორების მოძებნა ძნელი იყო, ბევრი ფიქრობდა, რომ ნორმალური ენერგოწესრიგი არსებობს.

დღეს მთელმა მსოფლიომ იცის, რომ დღევანდელი ენერგოწესრიგი იმ გარანტიებს არ იძლევა, რომელიც განვითარებულ ქვეყანას სჭირდება.

საქართველო მზად არის სატრანზიტო პუნქტის როლი შეასრულოს, რომელიც დღეს მთელი ევროპისთვის შეიძლება ერთ-ერთი ალტერნატივა აღმოჩნდეს.

ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას. გაზოტურბინების აშენება და ამოქმედება სისტემის გამართვას ხელს შეუწყობს.

ზაფხულში ჩვენ მცირე და საშუალო ჰესების ასაშენებლად ტენდერს ვაცხადებთ. ვაგრძელებთ მუშაობას ხუდონის მშენებლობის განახლებაზე და დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიზანს მივაღწევთ.

ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ რუსეთიდან გაზის მომარაგება სტაბილური გახდება და საქართველო მიაღწევს იმას,რომ გაზის მიწოდება დივერსიფიცირებული იყოს.

იმედს გამოვთქვამ, რომ ვითანამშრომლებთ იმ ადამიანების აღმოსაჩენად, ვინც შარშან დივერსიები განახორციელა.

რუსეთს ამ ადამიანების გადმოსაცემად მოთხოვნა უკვე გადავეცით.

ის ხალხი, ვინც გუშინ ხაზები ააფეთქა, აღმოჩენილი და დასჯილი იქნება, ეს ჩვენ სურვილი და კატეგორიული მოთხოვნაა.

ასეთი რამ აღარასოდეს არ უნდა განმეორდეს.

თანამედროვე მსოფლიოში ასეთ ენაზე არავინ ლაპარაკობს.

ჩვენ ცივილიზებული ურთიერთობების რეჟიმში გადავდივართ.

მე მზად ვარ ეს ისტორიული მისია თქვენთან ერთად ვიკისრო.

მადლობა ყველას, ვინც ამ ენერგოსისტემის ამუშავებისათვის იმუშავა.

უახლოეს დღეებში ის საქართველოს ენერგოსისტემაში სრულფასოვნად შევა და ჩვენ ქალაქებსა და სოფლებს ელექტროენერგიით მომარაგების საკითხს გადაუჭრის.

დღეს ქართულ ენერგეტიკაში ბედნიერი დღეა!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)