Google+

სიახლეები

03.02.2006
საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა მიუნჰენის 42-ე საერთაშორისო კონფერენციისადმი მიძღვნილ სადილზე

საღამო მშვიდობისა ბატონებო და ქალბატონებო, პატიცემულო სტუმრებო, სახელმწიფოთა მეთაურებო და დელეგაციის წევრებო!

მიუნჰენის კონფერენციას პირველად ვესწრები და ჩემი დელეგაციის სახელით მსურს მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს, რომლებმაც პატივი დამდეს და ამ ფორუმზე მომიწვიეს. დღეს მიუნჰენში ჩემი ყოფნა 80-იან წლებს მაგონებს, როდესაც უკრაინაში სტუდენტობის დროს ყოველ დღე რადიო "თავისუფლებას" ვუსმენდი, რაც ჩემთვის თავისუფლებასთან დამაკავშირებელი ერთადერთი ძაფი იყო. მე კვლავ მახსოვს ის წამი, როდესაც ბერლინის კედლის დანგრევის შესახებ გავიგე და თვალებზე ცრემლები მომადგა. სწორედ იმ დროს სრულად გავიაზრე, რომ ძალიან დიდი გარღვევა მოხდა, ის, რომელსაც საფუძველი სწორედ აქ, გერმანიაში ჩაეყარა და რომელმაც ჩემს ცხოვრებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა. მივხვდი, რომ დიდ სიახლეს ეყრებოდა საფუძველი და პირველად დამეუფლა იმედის გრძნობა. თუ გერმანია და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები თავისუფალი იქნებოდნენ, მე ვიცოდი, რომ დადგებოდა დღე, როდესაც ჩვენც განვთავისუფლდებოდით. მე მაშინ ნამდვილად არ ვიცოდი, საქართველოსა და უკრაინის საბოლოო გათავისუფლებას თოთხმეტი წელი დასჭირდებოდა. თოთხმეტი წლის შემდეგ, როდესაც თავისუფლება საბოლოოდ ჩვენი ქვეყნის ნაპირებსაც მოადგა, ქართველმა ხალხმა უდიდესი ერთსულოვნება და ღირსება გამოავლინა. საქართველოში ვარდების რევოლუციის დროს, როდესაც მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეებმა ყველა სამთავრობო დაწესებულება დაიკავეს, არც ერთი ფანჯარა არ დამტვრეულა, ერთი წვეთი სისხლიც არ დაღვრილა და არაფერი დაკარგულა. თავისუფლება ადამიანებში მათ საუკეთესო თვისებებს აღვიძებს. ჭეშმარიტი დემოკრატია სწორედ ხალხის საკუთრებაა... იმ ადამიანების პატივსაცემად, ვინც ამ თავისუფლების მოსაპოვებლად იბრძოდა, ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ იმ უსაფრთხოების მნიშვნელობას, რომელსაც ეს დემოკრატიები უზრუნველყოფენ და ვიცით, რომ ისინი ყოველთვის დაცული უნდა იყოს.

ჩვენი შეხვედრა მომავალი დღეების მანძილზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ იმ გამოწვევათა საპასუხოდ იმართება, რომელთა წინაშე ევრო-ატლანტიკური თანამეგობრობის დემოკარატიები დგანან. ამ ღირებულებათა წარმატებული დაცვა უდიდეს შთაგონების წყაროდ იქცა იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც თავისუფლება არ ხვდათ წილად. საქართველო და ქართველი ხალხი ამაყია იმით, რომ ის დემოკრატიული ქვეყნების საერთაშორისო თანამეგობრობის ნაწილს წარმოადგენს და ჩვენ მივისწრაფვით იმისკენ, რომ ევროპის ხანგრძლივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში ჩვენი განსაკუთრებული წვლილი შევიტანოთ. დღეს მზარდი დამოუკიდებლობის მქონე მსოფლიოსთვის ჩვენი უსაფრთხოება თქვენს უსაფრთხოებას ნიშნავს...

განვლილი ორი წლის მანძილზე ძალიან ბევრი რამ ევროპის სამეზობლოში სწორედ იმ ქვეყნიდან გავრცელდა, რომელსაც მე წარმოვადგენ. თავისუფლებისა და დემოკრატიის ოცნების ხორცშესხმა, რაც ერთ დროს მხოლოდ წარმოუდგენელი იყო, დღეს შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებისთვის რეალობად იქცა. გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე განვითარება არა მარტო საკუთარი ქვეყნის, არამედ, რაც მეტად მნიშვნელოვანია, მთელი ევროპის უფრო მეტ უსაფრთხოებას ნიშნავს. რადგან, როდესაც ჩვენ დემოკრატიულ თანამეგობრობას ვაფართოებთ, ჩვენ კოლექტიურ უსაფრთხოებას კიდევ უფრო ვზრდით. ნანატრი უსაფრთხოება უფრო მეტად უზრუნველყოფილი და დაცულია, როდესაც თავისუფლება ვრცელდება და დემოკრატია ყვავის.

დღეს მინდა ორი საკითხის შესახებ ჩემი მოსაზრებები და დაკვირვებები გაგიზიაროთ: ის შეეხება დემოკარტიისა და თავისუფლების მარშს ჩემს ქვეყანასა და რეგიონში, და ასევე იმ უდიდეს ცვლილებათა შედეგებს, რომელიც ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებას უკავშირდება.

ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართველმა ხალხმა თავისუფლებისათვის თავისი ისტორიული არჩევანი გააკეთა. ამ წლების მანძილზე ჩემმა ქვეყანამ ტრანსფორმაცია განიცადა. დღეს საქართველომ თავი დაიმკვიდრა, როგორც ჭეშმარიტად დემოკრატიულმა ქვეყანამ, რომელიც გამოიყურება, მოქმედებს და ფუნქციონირებს ისე, როგორც ევროპის ნებისმიერი ნორმალური ქვეყანა. ჩვენ გვყავს ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და დემოკრატიული წესით არჩეული მთავრობა. ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი შესაძლებლობებითა და სწრაფვით დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, რაც თავისუფალი მედიისა და აქტიური არასამთავრობო სექტორის ჩათვლით, ქართული სახელმწიფოს საფუძველს წარმოადგენს. ორი წლის მანძილზე ჩვენ უამრავ და ხანდახან უდიდეს გამოწვევათა პირისპირ აღმოვჩნდით. ამათგან პირველი კორუფციის სენის დამარცხება იყო, რომლითაც ჩვენი საზოგადოების ყოველი ფენა იყო დაავადებული. გამჭვირვალეობისა და დერეგულირების პროცესის ინსტიტუციონალიზაციით, აგრეთვე RICO-ს კანონმდებლობის ქართული ვერსიის მიღებით, ჩვენ შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ ის, რაც ხალხს მანამდე წარმოუდგენლად მიაჩნდა - განვაცხადოთ, რომ დღეს საქართველო აღარ არის კორუმპირებული ქვეყანა.

მე ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ამდენი წარმატების მიღწევას ჩვენ ევროპის მხარდაჭერის გარეშე ვერ შევძლებდით. 2004 წელს საქართველოს ხაზინა ცარიელი იყო და სწორედ ამ დროს ევროკავშირმა გადამჭრელი ზომები მიიღო და თავის დახმარების პროგრამას ჩვენი გადაუდებელი მოთხოვნების შესაბამისად გადახედა. როდესაც ჩვენ სასამართლო რეფორმის განხორცილება დავიწყეთ გერმანიამ დროული დახმარება გაგვიწია, რაც აუცილებელი იყო თანამედროვე და პროფესიონალური სასამართლო სისტემის ჩამოსაყალიბებლად. ახალი საქართველოს წარმატებები მეტად მნიშვნელოავანი იყო მის ფარგლებს გარეთაც დემოკრატიული და ლეგიტიმური მმართველობის სარგებლიანობის წარმოჩენის თვალსაზრისით. ეს შეეხება სტაბილურობას, რომელიც ღია საზოგადოებას თან ახლავს და კეთილდღეობას, რომელიც ბაზრის თავისუფალი და შეუფერხებელი ფუნქციონირების პირობებში კიდევ უფრო იზრდება. სწორედ ამიტომ უკრაინასთან და ამ რეგიონის სხვა მოკავშირე ქვეყნებთან ერთად ჩვენ "დემოკრატიული არჩევნის თანამეგობრობა" ჩამოვაყალიბეთ.

ის მოწოდებულია, რომ რეგიონში ახალგაზრდა დემოკრატიებს შორის კავშირი გაამყაროს და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად რეფორმების გატარებასთან დაკავშირებით დღის წესრიგში მდგარი საკითხების გადაწყვეტა წინ წასწიოს, რაც კონფლიქტების მოგვარებას, დემოკარტიის განვითარების ხელშეწყობას და ადამიანის უფლებათა დაცვას გულისხმობს.

როდესაც გამოწვევებზე ვსაუბრობ, რომელიც განვითარებად დემოკრატიას მუდამ თან ახლავს, მე მახსოვს მისი უნივერსალური მოწოდების შესახებ. ყოველი დიქტატორი მთელ მსოფლიოში სტაბილურად და მშვიდად გამოიყურება, სანამ მის განადგურებას CNN-ის ეთერით არ გადასცემენ. მე ეს ვიცი, რადგან ჩვენი რევოლუცია CNN-ის პირდაპირ ეთერში ოთხ საათ ნახევრის მანძილზე გადაიცემოდა. გასულ წელს უკრაინის არჩევნებამდე მე CNN-ის შტაბ-ბინას ვეწვიე და ვთხოვე მათ, რომ კორესპონდენტები კიევში გაეგზავნათ. დღეს კი CNN-ს და სხვა ტელეკომპანიებს მოკრძალებულად ვთხოვ, რომ კორესპონდენტები მინსკში მიავლინონ, საითკენაც ყოველი ჩვენგანის ყურადღება უნდა იყოს მიმართული.

ვიყურებით რა მომავალში, ნათელი ხდება, რომ ჩემი ქვეყანა ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. რთულია იმის არ აღნიშვნა, რომ ჩვენი წინსვლა ძალიან მსგავსია იმისა, რაც ბალტიის ქვეყნებში რამდენიმე წლის წინ მოხდა. ბალტიის ქვეყნების წარმატებებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ისინი ევრო-ატლანტიკური თანამეგობრობის წევრები გახდნენ, საქართველოსთვის შთაგონების წყაროდ მათი გამბედაობა იქცა.

დღეს, როგორც არასდროს, წილად გვხვდა, რომ უდიდესი ეროვნული თანხმობით რეფორმებისა და დემოკრატიული ტრანსფორმაციის რთული, მაგრამ გარდაუვალი პროცესი გავაგრძელოთ. მე არ მჯერა, რომ რომელიმე რეფორმა მტკივნეული ან განუხორციელებელია, როდესაც შენ ხალხს უშუალოდ უკავშირდები, ესაუბრები და გადაწყვეტილების პროცესის მონაწილედ ხდი.

საქართველოს ეროვნული მიზნები ოთხ ძირითად პრინციპს ემყარება, რაც გულისხმობს:

  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით სრულად აღდგენა;
  • ენერგოწყაროების დივერსიფიკაციითა და თანამედროვე შეიარაღებული ძალების ფორმირებით ხანგრძლივი უსაფრთხოების დამყარება;
  • მასშტაბური ეკონომიკური ზრდა და განათლებაში, ჯანდაცვასა და კარგი მმართველობის სისტემის ჩამოყალიბებაში ინვესტიციების ჩადება;
  • ნატო-ში და სხვა ევროპულ ინსტიტუტებში ინტეგრაცია, რაც მეზობელ

ქვეყნებთან კონსტრუქციული ურთიერთობების ჩამოყალიბებას გულისხმობს.

რამდენიმე წლის წინ მხოლოდ რამდენიმე ადამიანი თუ გაბედავდა ეოცნება, რომ იმ მიზნების მიღწევა, რომელთა განხორციელებაზე დღეს ჩვენ ვზრუნავთ, საქართველოში შესაძლებელი იქნებოდა. ჩვენ მადლიერი ვართ ევროპისა და ამერიკის, რომელთა მხარდაჭერამაც ჩვენი პროგრესი შესაძლებელი გახადა.

ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების საკითხს რომ დავუბრუნდეთ, ნათელი გახდება, რომ დღეს ისე, როგორც არასდროს ჩვენ რთული და საერთო საფრთხეების წინაშე ვდგავართ, რომელთა თავიდან აცილება და გადაჭრა მხოლოდ უდიდესი თანამშრომლობითა და მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობებით არის შესაძლებელი.

პირველი საკითხი, რომელსაც მსურს შევეხო განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის აუზის ქვეყნებისთვის, რაც ასევე ევროპის ეკონომიკისა და უსაფრთხოების სისტემის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ათასწლეულთა მანძილზე ევროპა შავი ზღვის აუზში მცხოვრები ერების კულტურულ-სავაჭრო ურთიერთობებით განისაზღვრებოდა. საქართველო არის შავი ზღვის აუზის ევროპული ქვეყანა, რომლის პოლიტიკური სისტემა ძალიან ჰგავს რუმინეთისა და ბულგარეთისას, რომლებთანაც ჩვენ მჭიდრო კავშირი გვაქვს. ჩვენ საერთო ისტორია და აქედან გამომდინარე, საერთო პრინციპები და იდეალები გვაქვს. დღემდე ჩვენი რეგიონი, ევროპის ინსტიტუტების წევრი სხვა ქვეყნების მსგავსად, ევროპის საზღვრებში არის მოქცეული, მაშინ, როდესაც დანარჩენები კვლავ პერიფერიებზე რჩებიან. თუკი ჩვენ ამ სტრუქტურას შევინარჩუნებთ, მაშინ ევროპა დაუცველი იქნება უამრავი საფრთხის წინაშე, როგორიცაა ტერორიზმი, იარაღის ტრეფიკინგი, ნარკოტიკებით ვაჭრობა, არალეგალური მიგრაცია და მათ შორის შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი - ენერგეტიკული დამოკიდებულება.

ბოლო თვეების მანძილზე უკრაინაში და საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა თითოეულ ჩვენგანს გამოფხიზლებისგან მოუწოდა, რამაც ენერგოწყაროების საიმედოობისა და დივერსიფიკაციის უდიდესი მნიშვნელობა კიდევ უფრო წარმოაჩინა. საქართველოში მომხდარმა ბოლო ენერგოკრიზისმა მეტად მნიშვნელოვანი და ამავე დროს მტკივნეული გაკვეთილი აღმოჩნდა და ნათლად დაგვანახა, რომ ჩვენი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მხოლოდ საკუთარ ენერგოწყაროებზე დაყრდნობა უკვე შეუძლებელია. ამისათვის საქართველომ ალტერნატიული ენერგოწყაროები უნდა გამოძებნოს და უფრო უსაფრთხო მომავალი უნდა ააშენოს. მე მწამს, რომ ევროპას შეუძლია იგივე გააკეთოს და მან ეს უნდა გააკეთოს კიდეც. საიმედო ენერგოწყაროების ალტერნატივების შექმნის მოთხოვნილება კიდევ უფრო ამყარებს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას. მისასალმებელია, რომ ჩვენი საერთო პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია და ამის გასაღები ევროპის სწორედ იმ ნაწილში მდებარეობს, რომელსაც მე წარმოვადგენ. შავი ზღვის რეგიონის ქვეყნები სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მოკავშირე ქვეყნებთან ერთად ევროპისთვის და მსოფლიო ბაზრისთვის ამ ალტერნატივებს უკვე ქმნიან. დღესდღეობით ნავთობი საქართველოზე გამავალ ორ ძირითად სადენში გაედინება (ბაქო-სუფსის ნავთობსადენი და BTC). ძალიან მალე კი გაზი შაჰ-დენიზიდან სამხრეთ კავკასიის გავლით გაედინება.

ჩვენ მზად ვართ და უფრო მეტის გაკეთებაც შეგვიძლია. არ არსებობს მიზეზი იმისა, თუ რატომ არ უნდა გამოიყენოს მომავალში ევროპამ ნახშირწყალბადების ის უდიდესი მარაგი, რომელიც ჩვენს რეგიონს აქვს, რაც ინფრასტუქტურის განვითარებას გულისხმობს და რაც ასევე კასპიის ზღვის აუზიდან და ცენტრალური აზიიდან საიმედო ენერგოწყაროების გამოთავისუფლებას ხელს შეუწყობს. არ არსებობს მიზეზი იმისა, თუ რატომ არ უნდა განვავითაროთ საერთო მიდგომები და სტრატეგია, რაც სტაბილური და გრძელვადიანი ალტერნატივების შექმნის საშუალებას მოგვცემს. საქართველო მზად არის, რომ მიიღოს, ხელი შეუწყოს და დაიცვას ეს ინვესტიციები, რათა ევროპის დანარჩენი ქვეყნების სკოლები, ქარხნები და მოქალაქეები ისეთივე უსუსურ მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ, როგორშიც გასულ თვეში საქართველო და უკრაინა იყო.

ევროპის სტაბილურობის ინსტიტუციური თაღის გაზრდა შავი ზღვის ქვეყნების ჩათვლით ყველა ქვეყნის ინტერესების თანაბრად დაცვას გულისხმობს. საქართველო უკრაინასთან ერთად მზად არის და იმის უნარიც შესწევს, რომ მსგავს საკითხებზე მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად იმოქმედოს, როგორც თანამოაზრეთა გაერთიანებამ ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველსყოფის მიზნით. მე მანამდე ჩემს გამოსვლაში განვაცხადე, რომ საქართველო ნატო-ში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის. ჩვენ კარგად გვესმის, რომ მანამდე ძალიან ბევრის გაკეთება მოგვიწევს. ჩვენ ასევე ძალიან კარგად გვესმის, რომ ამ მიზმანდე მოკლე გზა არ არსებობს და ჩვენ მას არცკი ვეძიებთ. ჩვენ ვემხრობით ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას და სახელმწიფოების ქმედებების გათვალისწინებით მათი შეფასების პრინციპს. ამ მისწრაფების გასაცნობიერებლად საქართველო ნატო-სთან და მის წევრ ქვეყნებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. ჩვენი თავდაცვის რეფორმა გულისხმობს:

  • თავდაცვის სამინისტრის საშუალებით დავიცვათ სამოქალაქო კონტროლის პრინციპი;
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოსტსაბჭოთა პერიოდის შინაგანი ჯარები წარმატებულად შემოიერთა;
  • ამჟამად ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე დაყრდნობითა და რეალურ შეიარღებულ ძალთა ჩამოყალიბებით თავდაცვის სტრატეგიაზე მუშაობას ვასრულებთ;
  • შესაბამისი ანაზღაურებისა და აღჭურვის საშუალებით ჩვენ შეიარაღებულ ძალთა თვითშეგნება მნიშვნელოვნად ავამაღლეთ;
  • ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად ჩვენ მოვამზადეთ და აღვჭურვეთ შეაიაღებულ ძალთა ორი ბრიგადა.

საქართველოს სურს, რომ უსაფრთხოების გარანტი იყოს. სწორედ ამიტომ ჩვენი ჯარები მონაწილეობას იღებენ სამშვიდობო ოპერაციაში ერაყში და ნატო-ს სამშვიდობო მისიაში კოსოვოსა და ავღანეთში. ჩვენს მიერ განხორციელებულმა რეფორმებმა საქართველოში დიდი მხარდაჭერა დაიმსახურა, რაც იმაში გამოიხატა, რომ მოსახლეობის 80-მა პროცენტმა ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. ჩვენ გვწამს, რომ საქართველოსა და უკრაინის მსგავსი ქვეყნების მიმართ ღია კარის პოლიტიკის გატარებით ეს გაერთიანება კიდევ უფრო გაძლიერდება, ისევე როგორც მისი წინა გაფართოების შედეგად, ევროპის უსაფრთხოება კიდევ უფრო გამყარდა. სწორედ ამიტომ ნატო-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებითა და ამ ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) ამოქმედებით, საქართველო, უკრაინა და ევროპის დანარჩენი სახელმწიფოები მხოლოდ მოგებული დარჩებიან.

ჩვენს დღის წესრიგში ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კიდევ ერთი საკითხი დგას, რომლის თავიდან აცილება და გადაჭრა მჭიდრო ინტეგრაციითა და მზარდი კოლექტიური ძალისხმევით არის შესაძლებელი: ეს არის გაყინული კონფლიქტების მოგვარება. ის, რაც ოდესღაც იზოლირებული და ხანდახან არასტაბილურობის მივიწყებული კერა იყო, დღეს ევროპის უსაფრთხოებას რეალურ საშიშროებას უქმნის. დღეს ამ კონფლიქტების მშვიდობიანი და გრძელვადიანი გადაჭრის მიზნით ჩვენ მთელი ჩვენი ძალისხმევა უნდა მოვიკრიბოთ. კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საუკეთესო საშუალება კი, ერთიანი და გადამწყვეტი ქმედებებით ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ფასეულობათა და გამოცდილებათა იმ რეგიონებისთვის გაზიარებაა, რომლებიც მისი კონტროლის მიღმა რჩებიან.

როგორც თქვენ უკვე იცით, საქართველო უკურნებელი სენით - სეპარატიზმით არის დაავადებული, რომელიც ჩვენ წარსულისგან მემკვიდროებით გვერგო. საქართველოს მოსახლეობის 30 პროცენტი დემოკარტიის მონაპოვრით ვერ სარგებლობს, რადგან ის რეპრესიულ რეჟიმთა ტყვეობაში იმყოფება, რომელსაც ღიაობის, გამჭვირვალეობისა და თავისუფლების ეშინია. ჩემი ხელისუფლება მოწოდებულია, რომ ეს კონფლიქტები დემოკარტიული პრინციპების შესაბამისად მშვიდობიანად გადაჭრას. სწორედ ამიტომ ჩვენ სამხრეთ ოსეთის მასშტაბური სამშვიდობო გეგმა შევიმუშავეთ და მზად ვართ, რომ ამ რეგიონის ავტონომია აღვადგინოთ, გავაფართოოთ და კონსტიტუციური გარანტიები მივცეთ, რაც ენის, მმართველობის, განათლების, ეკონომიკური და პოლიტიკური უფლებებით უზრუნველყოფას გულისხმობს. ჩვენ მსგავსი დამოკიდებულება გვაქვს აფხაზეთის მიმართაც და გვსურს, რომ მისი მაცხოვრებლებისთვის უფრო უსაფრთხო და კეთილდღეობით სავსე მომავალი შევქმნათ. სეპარატისტული რეჟიმთა შეურიგებლობისა და მშვიდობიანი გზიდან გადახვევის მიუხედავად, ჩვენ მშვიდობიანი მცდელობების განხორცილებას კვლავ გავაგრძელებთ. არ დავუშვებთ, რომ მათი სიძულვილისა და ეთნიკური დაყოფის პოლიტიკამ წარმატება მოიპოვოს. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ კონსტრუქციულ ქმედებებს იმ პირებთან მიმართებაში, რომლებიც ამ უკანონო რეჟიმებს მხარდაჭერას უცხადებენ.

მე ღრმად მწამს, რომ ევრო-ატლანტიკურ თანამეგობრობას, როგორც მძლავრ გაერთიანებას, სასიკეთო ცვლილებების სასარგებლოდ შეუძლია იმოქმედოს. უფრო მეტიც, ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) საშუალებით ამ ალიანსის წევრობა გაყინული კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას ხელს შეუწყობს, რადგან ის ფასეულობები, რომელიც ევროპამ 60 წელზე მეტი ხნის მანძილზე შემოინახა, იგივეა, რითიც დღეს ჩვენ კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებით ვხელმძღვანელობთ. მე მწამს, რომ ჩვენ დავანგრევთ შიშისა და იზოლირებულობის კედელს, რომელიც საზოგადოებებს დიდი ხნის მანძილზე ყოფდა.

ვფიქრობ, რომ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ლიდერი, გერმანიის ყოფილი კანცლერი კონრად ადენაუერი იყო, რომელიც გაერთიანებული ერების ინტერესებიდან გამომდინარე მზარდი კოლექტიური უსაფრთხოების მნიშვნელობას ძალიან კარგად აცნობიერებდა. თავის მოგონებებში ადენაუერი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გერმანიაზე წერდა: "ჩვენ პატარა და დაუცველი ქვეყანა ვიყავით და საკუთარი ძალებით ვერაფერს მივაღწევდით. ჩვენ არ უნდა ვიყოთ დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის მოქცეული ტერიტორია, რომელიც არავის ეკუთვნის, რადგან ამ შემთხვევაში მეზობლები საერთოდ არ გვეყოლება, აღმოსავლეთში კი, ძალიან საშიშ მტერს შევიძენთ". დარწმუნებული არ ვარ, რომ გეოგრაფიული საზღვრები დღეს იგივეა, მაგრამ გზავნილი კი, ნამდვილად უცვლელი დარჩა. საქართველო უკრაინის მსგავს ქვეყნებთან ერთად ევროპის განუყოფელი ნაწილია, რომელსაც იგივე ხედვა, სურვილი და მისწრაფება აქვს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთობლივი ძალებით უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებს გადავჭრით და ევროპისთვის, რომელიც ერთიანი და თავისუფალი იქნება, უფრო მშვიდობიან და ბედნიერ მომავალს თანმიმდევრულად შევქმნით.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)