Google+

სიახლეები

14.03.2006
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მისასალმებელი სიტყვა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის აჰმეთ ნეჯდეთ სეზერის მიმართ

მსურს მივესალმო ჩვენს სტუმარს, თურქეთის სახელმწიფოს მეთაურს.

ჩვენ ისტორიული დროის მომსწრე ვართ.

დღეს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ბათუმის აეროპორტის ერთობლივი გამოყენების თაობაზე, რომელიც ჩვენი და თურქეთის ერთობლივი ძალისხმევით შენდება.

ეს იმას ნიშნავს, რომ ბათუმის აეროპორტი ჟენევის აეროპორტის მსგავსად იფუნქციონირებს - დაინიშნება თურქეთის რეისები, რომლებსაც შიდა რეისების ღირებულება ექნება, რაც თურქეთსა და საქართველოს შორის მგზავრობას რამდენჯერმე გააიაფებს.

ზაფხულის დამლევისათვის ჩვენ ბათუმის თანამედროვე აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობის დასრულებას ვვარაუდობთ, რევოლუციის სამი წლისთავისთვის კი თბილისის ახალი აეროპორტის ტერმინალის მშენებლობის დასრულებას ვგეგმავთ.

პირველად, 1970-იანი წლების შემდეგ, საქართველოს ორი ახალი აეროპორტი ექნება.

ჩვენ მთელ რიგ სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც ვმუშაობთ, რაც, მართლაც, ისტორიული შემობრუნებაა.

მსურს ყველამ გაითვალისწინოს და ეს ისტორიული დამთხვევა - იმ დღეებში, როდესაც ჩვენმა ერთ-ერთმა მეზობელმა საქართველოდან ჩასული ადამიანების დეპორტაცია დაიწყო, ხოლო ვიზების გაცემა საქართველოს მოქალაქეებზე შეწყვიტა, თურქეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა.

ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეებს, ყოველგვარი ფულის გადახდის გარეშე, ბევრად უფრო თავისუფლად შეეძლება გადაადგილება; ეს ბევრად მეტ შესაძლებლობას მოგვცემს ვაჭრობის, ტურიზმის, მოგზაურობის თვალსაზრისით და მთელი შავი ზღვის რეგიონისთვის უფრო სწრაფ განვითარებას უზრუნველყოფს.

ამაზე ჩვენ ბათუმში, ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრ რეჯიფ თაიფ ერდოღანის ვიზიტისას შევთანხმდითდა და მან სიტყვა შეასრულა.

ახლა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე ვმუშაობთ, რათა თურქეთის ბაზარზე ქართული პროდუქცია თავისუფლად შევიდეს და იმედია ეს სიტყვაც ზუსტად ასევე შესრულდება.

ამით, ორ ქვეყანას შორის, პროდუქციის გარკვეულ სახეობებზე მაინც, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედებას შევძლებთ.

არასოდეს დაგვავიწეყდება ის, რომ როდესაც საქართველოს მიმართ ენერგეტიკული საბოტაჟი განხორციელდა და გაზის მილები წყობიდან გამოვიდა, თურქეთმა, შესაძლებლობების ფარგლებში, საქართველოში ელექტროენერგიის ექსპორტი გაზარდა და არსებული ხაზები მაქსიმალურად დატვირთა.

ეს რამდენიმე საათის განმავლობაში, ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე გადაწყდა.

ქართველი ერის მეხსიერებაში ესეც დიდი ხნის განმავლობაში დარჩება.

გვინდა თურქეთთან ახალი, დიდი ელექტროგადამცემი ხაზი ავაშენოთ, რათა ელექტროენერგიის რაოდენობის გაცვლის საშუალება შეუზღუდავად გვქონდეს.

საქართველოში სამშენებლო სფეროში ბუმი იწყება.

ამ მხრივ, ადგილობრივი თურქული კომპანია იწყებს მუშაობას და უნდა აღინიშნოს, რომ ამ კომპანიის თითქმის მთელი პერსონალი საქართველოს მოქალაქეები არიან.

ეს ნიშნავს, რომ ამ სფეროში ქართველები თურქებისგან სწავლობენ უფრო სწრაფ, იაფ, ეფექტიან და დახვეწილ მუშაობას.

ყოველივე ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის არასოდეს ყოფილა ასეთი კონკრეტული, წარმატებული და ორმხრივად სასარგებლო თანამშორმლობა, როგორიც ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ჩამოყალიბდა.

ეს ძალზე მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთმანეთის ეკონომიკის საბოლოო ინტეგრაციას შევძლებთ და ურთიერთგანვითარებას შევუწყობთ ხელს.

ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამკვიდრებისთვის ჩვენი ქვეყნების განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე.

თურქეთი ჩვენთვის მისაბაძი, ახლო მეგობარი დიდი სახელმწიფოა.

არაეთხელ მითქვამს, რომ პირადად ჩემთვის, ჩემს საქმიანობაში მუსტაფა ქემალ ათათურქის საქმიანობა, თურქეთის გასაერთიანებლად და გასაძლიერებლად, მისაბაძია.

დღეს საქართველო ასეთივე ეტაპზე იმყოფება და ჩვენი ქვეყნისთვის ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ, რაც მან თურქეთისთვის გააკეთა - საქართველო უნდა გახდეს ერთიანი, თანამედროვე, განვითარებული, წარმატებული სახელმწიფო და ბევრ რამეში ჩვენ ჩვენს მეზობელს, მეგობარს და მოძმე სახელმწიფოს უნდა მივბაძოთ.

მადლობელი ვარ თურქეთის მხარდაჭერისთვის ნატო-ში გაწევრიანების საკითხში.

ნატო-სთან დაახლოება და ინტეგრაცია საქართველოსთვის, ჩვენი პოლიტიკური განვითარებისთვის სასიცოცხლო საკითხია და თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების საქმეში ჩვენ მყარი, მუდმივი და ღია მხარდამჭერი ვიქნებით.

ვფიქრობ, ეს სწორი, გარკვეულწილად დაგვიანებული და სწრაფად დასამთავრებელი პროცესია.

კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონო პრეზიდენტო, თქვენი ვიზიტი ჩვენთვის დიდი პატივია და ის, რასაც დღეს ხელი მოვაწერეთ, ის რაც ბოლო პერიოდში მოხდა (სავიზო რეჟიმის გაუქმებას ვგულისხმობ) ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

მართალი გითხრათ, პირადად მინდოდა იმ პირველი ადამიანების ნახვა, რომლებიც თურქეთ-საქართველოს საზღვარს, რომელიც ცივი ომის დროს ყველაზე დახურული საზღვარი იყო, ყოველგვარი დამატებითი საბუთების, დაბრკოლებისა და შეზღუდვის გარეშე გადალახავდნენ.

ეს ფაქტი ისტორიის ყველაზე წარმატებულ ფურცლად ჩაიწერება, როგორც ორმხრივი ურთიერთობის თვალსაზრისით, ისე მთელი რეგიონისთვის.

დაბოლოს, კიდევ ერთხელ მსურს მადლობა მოგახსენოთ იმ დადებითი როლისთვის, რომელიც თურქეთმა აჭარის საკითხის დადებითად გადაწყვეტის საქმეში შეასრულა.

დღეს ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ აჭარა წარმატებული განვითარების ბრწყინვალე რეგიონალურ მაგალითად გადავაქციოთ და ამას, ხშირ შემთხვევაში, თურქეთის დახმარებით ვაკეთებთ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)