საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალი სკოლის მშენებლობა გახსნა
საქართველოს პრეზიდენტმა გორის რაიონის სოფელ ტირძნისში ახალი სკოლის მშენებლობა საზეიმოდ გახსნა.
მშენებლობის დაწყებამდე მიხეილ სააკაშვილმა შეკრებილ მოსახლეობას მიმართა:
მოგესალმებით ყველას!
მიხარია თქვენთან ერთად ტირძნისის ახალი სკოლის მშენებლობის გახსნა.
ჩვენ აქ ისეთ სკოლას ავაშენებთ, როგორიც საქართველოში არც მე და არც თქვენ არ გვინახავს.
ისეთ სკოლებს ავაშენებთ, როგორიც საფრანგეთში, გერმანიაში და ამერიკაშია - საუკეთესო საკლასო ოთახებით, სპორტული დარბაზებით, გათბობის ახალი სისტემებით, ახალი მერხებითა და სახელმძღვანელოებით.
ამდენი ნგრევისა და უბედურების შემდეგ, ჩვენი ბავშვები სხვანაირ პირობებში უნდა გაიზარდონ.
განათლების სისტემა და მთლიანად საქართველო ჩვენ გაუბედურებულ პირობებში ჩავიბარეთ, ერთ დღეში კი, არაფერი კეთდება.
მიუხედავად იმ პირობებისა, რომელსაც ჩვენი არაკეთილმოსურნეები გვიქმნიან, იმ ადამიანების ჯინაზე, ვისაც არ სურს დავიბრუნოთ ტერიტორიული მთლიანობა, გავიტანოთ ჩვენი პროდუქცია, ვისაც ჩვენი წელში გაწყვეტა და მუხლებზე დაჩოქება უნდა, იმ ხალხის ჯინაზე, საქართველოს აღმშენებლობა ერთი წუთითაც არ შეჩერდება.
მე გამოვიარე კასპის რაიონი, სადაც ორივე მხარეს გზა შენდება და მუშები ფუსფუსებენ.
წელს საქართველოში ევროპული სტანდარტით 54 ახალი სკოლა აშენდება.
წელს საქართველოში ამდენივე სკოლა კარგად გარემონტდება.
წელს საქართველოში მოსწავლეებს პირობები გაუუმჯობესდებათ.
თქვენს გარშემო სოფლებში ჩვენ საავადმყოფოებს ვაშენებთ, სადაც მკურნალობის საშუალება ყველას ექნება.
ცხოვრების ისეთი პირობები უნდა შევქმნათ, არავინ დაიჯეროს, რომ საქართველოში ასეთი რამ ოდესმე შესაძლებელი იქნებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ პრობლემებს გვიქმნიან, ჩვენ ვიცით, რომ ამის გამკეთებლები ვართ.
ამ სკოლას ექნება ლამაზი სათამაშო მოედნები, განსაკუთრებული გათბობის სიტემა, კონდიცირება, სანიტარული კვანძები, ისეთი, როგორიც წინა მთავრობის ოლიგარქებს ოჯახებში არ ჰქონიათ, განსაკუთრებული ფორმები, სახელმძღვანელოები, კომპიუტერები და სპორტული დარბაზები.
მთავარი, რაც ჩვენ ვგინდა, შრომა და განათლებაა.
ჩვენი ვიყავით ჩინეთში, ეს ქვეყანა განათლებით და შრომით ვითარდება. ჩვენ შრომა ვიცით, მთავარია ახალი განათლება შევიძინოთ.
ჩვენ არავისზე ნაკლები არ ვართ და ყველას დავანახებთ რა მაგრები ვართ.
ამ სკოლის მშენებლობის დასრულებას ერთი წელი დასჭირდება, მაგრამ ჩვენ მას მაღალ დონეზე გავაკეთებთ.
ეს ყველამ უნდა იცოდეს, განსაკუთრებით კი იმ ხალხმა, ვისაც სკოლების, გზებისა და საავადმყოფოების მშენებლობა აღიზიანებს.
შემდეგი საავადმყოფოები, გზები და სკოლები ცხინვალში ოსურ და ქართულ სოფლებში გაიხსნება.
ეს ჩვენი საბოლოო გამართლება იქნება.
ერთხელ და სამუდამოდ ამ მიწაზე მშვიდობა უნდა დამყარდეს.
აქ ისეთი საჭიდაო დარბაზი, ფეხბურთის და კალათბურთის მოედანი იქნება, რომ სულ ახალ-ახალი სპორტსმენები გაიზრდებიან.
თქვენი რაიონი ცნობილია ჩემპიონებით.
ამ პირობებში ექვსასი ბავშვი ისწვალის, რაიონში ამოქმედდება სკოლის ავტობუსები, რომელიც ბავშვებს მოემსახურება.
ჩვენ განათლების მინისტრთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება 120 ათასი მერხის დამზადების თაობაზე.
ეს მერხები იტალიური კონსტრუქციით ქართველების მიერ დამზადდება.
მე დღეს მინდა საზეიმოდ თქვენთან ერთად ამ სკოლის საძირკველში ბეტონი ჩავასხა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური