Google+

სიახლეები

10.05.2006
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა მთავრობის სხდომაზე

მოგესალმებით!

მინდა მეღვინეობა- მევენახეობის დარგის რეგულირების სისტემას შევეხო.

მთელ ევროპაში ქართული ღვინის მიერ დასაკავებელი სუპერმარკეტების თაროები ამ შედევრებითაა სავსე.

ბალტიის ქვეყნების ყველაზე დიდ სუპერმარკეტებში ძალიან დიდი აზარტით იყიდება ასეთი სახით ე. წ. ქართული ღვინო - „ქინდმარაული", „სვანჩკარა", რომლებიც ბულგარეთშია ჩამოსხმული დაბოლოს ესპანეთში ჩამოსხმული „ხვანჯვარა" სპეციფიური თეთრი ფერით. ამ ღვინოებს ქართულ ღვინოებთან საერთო არაფერი აქვს.

სანამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ჩვენი მეღვინეების დიდ ნაწილს სძინავს, მოხერხებული ესპანელი, ბულგარელი, ჩეხი, ლიტველი და ა. შ. მეღვინეები, რომელთაც ქართულ წერა-კითხვას ვერ მოთხოვ, მაგრამ მარკეტინგი ეტყობა კარგად იციან, სანამ ჩვენ ჩვენი ნამდვილი ქინძმარაული, ხვანჩკარა და საფერავი გვიფუჭდება და ობით გვეფარება, მთელ ჩვენს ბაზრებს დიდი წარმატებით ითვისებენ, იპყრობენ და ასობით მილიონ დოლარს აკეთებენ.

მე მოვისმინე მეღვინეთა ასოციაციის ერთ-ერთი თავმჯდომარის არაკომპეტენტური გამოსვლა, სადაც მან მთავრობა ღვინის ბაზრის დაკარგვაში და მითიური ბაზრების ძებნაში დაადანაშაულა.

სანამ მეღვინეების რომელიღაც ფედერაცია ჩვენ გვისაყვედურებს, კეთილი ინებოს და ჩვენი ღვინო ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პოლონეთში, უკრაინაში გაიტანოს და ამ მაღაზიას ფალსიფიცირებულის ნაცვლად, ნამდვილი ქართული ღვინო შესთავაზოს.

საქართველოს მთავრობამ ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და უკრაინის მიმართულებით პირდაპირი რეისები გახსნა და მთელ რიგ ბაზრებზე თავისუფალი ვაჭრობის საშუალება გაჩნდა, ბოლო თურქეთის ბაზარია, რომლის შესახებაც მოლაპარაკებები უკვე დავასრულეთ.

ქრთამს არავის არ ვართმევთ, უზარმაზარი რეკლამა გავუკეთეთ - ქვეყნის პრეზიდენტი თავად დადის უცხოეთის სუპერმარკეტებში და საკუთარი ქვეყნის ღვინოს რეკლამას უკეთებს, ყოველივე ამის შემდეგ კი, ესპანელები, ბულგარელები ითბობენ ხელს და ჩვენი სახელით ფულს აკეთებენ.

მე ვფიქრობ, რომ ეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სერიოზული ნაკლია.

სოფლისმეურნეობის წინა მინისტრმა ლიცენზიები უკანონოდ დაარიგა , რაც ღალატის ტოლფასი იყო.

თუმცა დარწმუნებული ვარ, ლიცენზიის გაყიდვის მიუხედავად, მსგავსი წარმოების უფლება არავის ჰქონდა.

ღვინის მოხმარება ბალტიისპირეთის ქვეყნებში გაცილებით დიდია, ვიდრე რუსეთში.

რაც უფრო დიდია ქვეყნის მოსახლეობა და შემოსავალი, ღვინოზე მოთხოვნა მით უფრო იზრდება.

სანამ ჩვენ „გვძინავს", პოპულარული ქართული ღვინის ნაცვლად, მთელ ევროპაში ფალსიფიცირებული ღვინოები იყიდება.

მე განსაკუთრებული ზომების მიღებას გთხოვთ.

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება იმ რეგიონებში, სადაც მევენახეობაა განვითარებული, ძირითადად კახეთში, ხუთასი ტრაქტორი გავაგზავნოთ.

ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ იმ ადამიანებს, ვისაც ვაზი მოჰყავთ, სერიოზული ზიანი მიადგეთ, მაგრამ მეღვინეებმა სახელმწიფოსთან ერთად, ხელი უნდა გაანძრიონ.

მარტო წუწუნით არაფერი არ კეთდება.

ეს უუნარობის, უქნარობის, ელემენტარული გაუაზრებლობის კლასიკური ნიმუშია.

გთხოვთ კიდევ ერთხელ შეიკრიბოს ყველა მწარმოებელი და ამ საკითხთან დაკავშირებით სერიოზული საუბარი გაიმართოს.

ჩვენი ღვინო ძალიან მაღალი ხარისხისაა და ის მაინც უნდა შევძლოთ, რომ ამ ხალხმა ქართულ ღვინოს სახელი არ გაუფუჭონ.

ეს ნათელი დასტურია იმისა, რომ რუსეთის ბაზრიდან სხვა ქვეყნებში მთელი ღვინის გადამისამართება უპრობლემოდ შეიძლება.

მსოფლიო ბაზარი რამდენიმე ათეულ მილიონ ბოთლს ადვილად აითვისებს.

ამისათვის საკმარისია პროდუქცია სწორ ვადებში, სწორი რეკლამის პირობებში და საჭირო ადგილას მიაწოდო.

მეორე საკითხი - ავსტრიულ ძეხვს შეეხება. ყველა ასეთი შემთხვევა განსაკუთრებული შესწავლის საგანი უნდა იყოს.

ერთი რამ მინდა ყველამ გაიგოს - ბიზნესისათვის საქართველო თავისუფალი ქვეყანაა.

საქართველო ევროპის ორმოცდაათ ქვეყანას შორის, კორუფციის დონის მიხედვით ბოლოდან მეორე ადგილზეა, მაშინ როცა ცოტა ხნის წინათ, პირველ სამეულში ვიყავით.

მთელ ევროპაში საქართველო ყველაზე დაბალი გადასახადებით გამოირჩევა.

ლიცენზიებზე საქართველოში ყველაზე ნაკლები მოთხოვნაა.

ყველა შემთხვევა, რომელიც კონკრეტული ბიზნესის მისამართით, რაღაც კითხვებს ბადებს, საგანგებო შესწავლის საგანი უნდა გახდეს.

გვსურს, ჩვენი გარემო იმდენად ლიბერალური და თავისუფალი იყოს, რომ კონკურენტი არ გვყავდეს.

ქართული ბიზნეს-გარემო ჩვენი წარმატების მთავარი შედეგია.

ჩვენ ყველაზე პატარა ბიზნესის მიმართაც კი, ხელოვნურ შეფერხებას არ დავუშვებთ.

ეს არა მხოლოდ უცხოურ ბიზნეს, არამედ უპირველეს ყოვლისა ქართველებს ეხება.

ყველაზე მცირე მეწარმეც კი, არ უნდა გრძნობდეს, რომ არსებობს თანამდებობის პირი, გუბერნატორი რომელსაც მისთვის რაიმე პრობლემის შექმნა შეუძლია.

ეს ჩემი მთავარი სიამაყეა.

ეს მკაცრი დავალება და მითითებაა, რომელსაც თავად მივყვები ბოლომდე და შევისწავლი.

ყველა კონკრეტული სადაო საკითხი უმაღლესი სამთავრობო განხილვის საგანი გახდება.

საქართველოში ყველამ იცის, რომ ჩვენ არაკორუმპირებული მთავრობა გვყავს.

ჩვენ ასევე გვინდა მთავრობა, რომელიც ეფექტური იქნება ყველა მიმართულებით.

მთავრობა, რომელიც სწრაფად აზროვნებს, სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს, სწრაფად პასუხობს სადაო სიტუაციებს, ასაბუთებს თავის პოზიციას სადაც მართალია და მთავრობა, რომელიც ქართულ ბიზნესთან სრულ პარტნიორობას გაწევს.

ეს კანონის და სამართლიანობის ფარგლებში მთავარი ამოსავალი წერტილია.

მესამე საკითხი ეხება დუბაიში დაკავებულ ჩვენს მოქალაქეს, რომელსაც რუსეთის მოქალაქეობა აღმოჩნდა. მას საქართველოს მოქალაქეობა ნაყიდი აქვს.

მე არ მესმის რაში ჭირდება რუსეთს საქართველოდან გაქცეული ძებნილი პიროვნებების მიღება, რასაც არ უნდა პირდებოდეს ეს ხალხი. ისინი პირდებიან, რომ საქართველოს სააკაშვილს და ამ მთავრობას მოაშორებენ.

მინდა რუსეთს მეგობრულად და ძმურად საღ ენაზე ავუხსნათ, რომ ბანდიტი რუსეთშიც ბანდიტია და საქართველოშიც.

საქართველოს საზღვარს თუ გადალახავს ბანდიტი, ის ამის გამო ოპოზიციის ლიდერი და თავისი ქვეყნის მთავარი დამმხობი ვერ გახდება.

ის რჩება ბანდიტად, რომლის ადგილი, ნორმალურ ქვეყნებში, ციხეშია.

მინდა მოგილოცოთ, რომ კანონიერ ქურდებთან ბრძოლა წარმატებით მიმდინარეობს.

ის ფაქტი, რომ ჩვენი ქურდები დუბაიში, ესპანეთში და მოსკოვში გარბიან, ნიშნავს, რომ მათი ადგილი საქართველოში უკვე აღარ არის. ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობთ საერთაშორისო სამართალდამცავ ორგანოებთან.

ეს უკვე დიდი მიღწევაა.

დიდი მადლობა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)