საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ბიზნესმენებთან გამართულ საქველმოქმედო ვახშამზე
მინდა მოგესალმოთ თქვენ - საქართველოს ბიზნეს ელიტას ჩვენს ტრადიციულ ღონისძიებაზე, რომელსაც წელს უკვე მეორედ ვმართავთ და რომლის შედეგად შემოსული თანხა - 200 ათას ამერიკულ დოლარზე მეტი, ჩვილ ბავშვთა სახლის მოსაწყობად დაიხარჯება.
საერთოდ, მინდა იცოდეთ, რომ ბევრმა თქვენგანმა, ვინც წინა მსგავს შეკრებებშიც მონაწილეობდა, დაუცველ ადამიანთათვის სასადილოების გახსნას შეუწყო ხელი, თქვენი შემოწირული ფულით საქართველოში 68 სასადილო ფუნქციონირებდა და თითქმის ყველა ძალიან ეფექტიანად მუშაობდა.
თქვენთან ერთად ჩვენ იმ ხალხის აღმოჩენა მოვახერხეთ, ვისაც დახმარება ყველაზე მეტად ესაჭიროებოდა და მათთვის მინიმალური პირობის შექმნა შევძელით, რათა მშივრები არ ყოფილიყვნენ.
ჩვილ ბავშვთა სახლი, რომლის დირექტორიც დღეს აქ გვესწრება, განსაკუთრებული დაწესებულებაა - აქ მოყავთ ის ბავშვები, რომლებზეც საკუთარი მშობლები და ოჯახები უარს ამბობენ.
მათზე უარს სხვადასხვა მიზეზით ამბობენ - ზოგს ოჯახური პირობები არა აქვს, ბევრი გაჭირვების გამო ტოვებს მათ, ბევრი კი იმის გამო, რომ საქართველოში ფიზიკური ნაკლის მქონე ბავშვების სახლში წაყვანის ტრადიცია არ არსებობს; ერთი შემთხვევა ვიცი, რომ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი, დედის სურვილის მიუედავად, მამამ სახლში არ შეუშვა და იგი იძულებული გახდა, რომ ჩვილ ბავშვთა სახლში ჩაებარებინა.
ისიც პრობლემაა, რომ ასეთი ბავშვების აყვანის მსურველები მხოლოდ უცხოელები არიან, თუმცა ტენდენცია უკვე შეიცვალა და საქართველოში სულ უფრო მეტი ადამიანი ჩნდება, ვისაც ფიზიკური ნაკლის მქონე ბავშვის აყვანა სურს.
მინდა გითხრათ, რომ ფიზიკური ნაკლი ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან მათ შორის ძალიან ბევრი ნიჭიერი ბავშვია, რომლებიც საკუთარი ნიჭისა და შრომის წყალობით, ცხოვრებაში ბევრს აღწევენ.
საზოგადოების ცივილიზებულობის დონე იმით განისაზღვრება, თუ რამდენად შეუძლია საზოგადოებას დაუცველი ადამიანების დაცვა და მათზე ზრუნვა.
რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც ეხლა შენდება, იმის სიმბოლოა, თუ რა დონეზე იმყოფება დღეს საქართველო.
უცხოელები იქ ხშირად დამყავს და ამ დაწესებულებაში მისვლას ყველას ვურჩევ, რათა ყოველივე საკუთარი თვალით ნახოს.
ერთი წლის წინათ, ამ საავადმყოფოს შენობაში დევნილები ცხოვრობდნენ, ერთი და იმავე სართულზე კეთდებოდა ოპერაციები და ასვენებდნენ გარდაცვლილებს - ყველაფერი ერთმანეთში იყო არეული.
დღეს იქ არა მარტო ამიერკავკასიაში, არამედ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე თანამედროვე სამკურნალო დაწესებულება კეთდება.
ასევე, მსურს მივესალმო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც ჩვენთან ერთად იმყოფება.
დღეს პარლამენტმა ძალზე მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო, რომელთა თანახმადაც 2008 წლის დამლევს საპარლამენტო, საპრეზიდენტო და აჭარის ადგილობრივი არჩევნები ერთდროულად გაიმართება.
ეს საშუალებას მოგვცემს, რომ ქვეყანაში რყევები არ იყოს, იყოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაკომპლექტების ერთიანი სისტემა, რაც, თავის მხრივ, რეფორმებისა და შემდგომი ცვლილებების განსახორციელებლად კიდევ ორ წელს მოგვცემს.
საარჩევნო ციებ-ცხელების პერიოდში რეფორმების განხორციელება ძალზე რთულია, საქართველოს, ამ ცვლილებების წყალობით, სტაბილურობის კიდევ ორ წელიწადს შევმატებთ.
ამავე დროს, ამავე ფუნქციებით, ფართოვდება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა - პრეზიდენტი იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარე აღარ არის და მოსამართლეთა პირდაპირ დანიშვნაში აღარ მონაწილეობს.
ამ მხრივ, პრეზიდენტის უფლებამოსილება შემცირდა და მიმაჩნია, რომ ეს სამართლიანია.
გაზაფხულზე კონსტიტუციაში კიდევ შევიტანთ ცვლილებებს, რათა უფრო მეტად განვამტკიცოთ სასამართლოს დამოუკიდებლობა.
ამ ცვლილებების საფუძველზე მოსამართლეები დაინიშნებიან არა 10 წლით, ისე, როგორც ეს ამჟამად ხდება, არამედ უვადოდ, ანუ მთელი ცხოვრების განმავლობაში.
მსურს აღვნიშნო, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ პარლამენტის მუშაობით, ყველას კარგად გვახსოვს, თუ როგორი პარლამენტი გვქონდა ადრე.
თავად ვიყავი რამდენიმე მოწვევის დეპუტატი და ეს კარგად ვიცი - კანონებში ცვლილებების შეტანა 1500 ლარად იყო შესაძლებელი.
პარლამენტი იყო ნამდვილი დახლი, სადაც კანონების ყიდვა, მათში ცვლილებების შეტანა და უმეტეს შემთვევაში მათი გაუარესება ყოველკვირეულად შეიძლებოდა.
ეხლანდელი პარლამენტი ორიენტირებულია ობიექტურობასა და სამართლიანობაზე, სწორედ ამის წყალობით მოახერხა საქართველომ მსოფლიოში ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყნის წოდების მოპოვება.
ჩვენ მოვახერხეთ სუფთა, სხვადასხვა ინტერესებისგან გაწმენდილი პოლიტიკური სისტემის შექმნა, რაც პოსტსაბჭოთა სივრცეში უკიდურესად იშვიათი მოვლენაა.
არ ვამბობ, რომ დღეს კორუფცია საერთოდ აღარ არის, მაგრამ ეს ის პარლამენტია, რომელმაც რამდენიმე დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას უყარა კენჭი, რაც ძირითადად უმრავლესობის წარმომადგენლებს შეეხო.
მაჩვენეთ პოსტსაბჭოთა სივრცეში რომელიმე პარლამენტი, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს.
უფრო მეტიც, ბანდიტების, კრიმინალებისა და კორუმპირებული ადამიანებისთვის პარლამენტში შესვლა ციხის საგზური და დაუცველობის გარანტია.
სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ევროპაში ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანაა, ხოლო პოსტსაბჭოთა სივრცეში -ერთადერთი ქვეყანა, სადაც მსგავსი რამ ხდება.
ესეც ჩვენი მიღწევა და ქართული დემოკრატიის გამარჯვებაა.
ამ ცვლილებებს იმიტომ ვახორციელებთ, რომ ხალხმა ადგილობრივ არჩევნებზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ადგილობრივი ხელისუფლება იმავე გუნდს ჩააბარა, რომელიც ცენტრალურ და აღმასრულებელ ხელისუფლებას წარმოადგენს.
პატარა ქვეყანაში, სადაც ყველა ერთმანეთს "ჭამს", ებრძვის და ძირს უთხრის, გაუმჯობესების მოლოდინი არავის უნდა ჰქონდეს, რადგან ამ შემთხვევაში ხალხამდე არაფერი მიაღწევს.
მაშინ, როდესაც პოლიტიკური სისტემა სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს შორის გარიგებას ეფუძნება, სასიკეთო ცვლილებებს აღარ უნდა ველოდოთ, რადგან საბოლოოდ, ყველა რესურსი ამ ჯგუფებსა და მათ კლანებს შორის ნაწილდება, ხალხისთვის კი არაფერი რჩება.
ხალხმა ჩვენ გამოგვიცხადა, რომ ხელისუფლებაში ჩვენ არც ფინანსურ კლანებს მოვუყვანივართ და არც რომელიმე უცხო ქვეყანას.
ჩვენ ქართველმა ხალხმა აგვირჩია, ამიტომ კეთილი უნდა ვინებოთ და მათ უნდა ვემსახუროთ.
ჩვენი ხალხი ჩვენ შეგვინახავს კიდეც, მაგრამ სანაცვლოდ დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ სწორედ მათ ვემსახურებით და არა კერძო, პირად, ან თუნდაც საზოგადოების პატარა ჯგუფის ინტერესებს.
ვფიქრობ, ეს წესები ძალზე კარგი და მომგებიანია ქართული ბიზნესისთვისაც, სადაც თამაშის წესები ყველასთვის ნათელია და სადაც უპირატესობას ვერავინ მოიპოვებს, მაგრამ არავინ დაიჩაგრება მხოლოდ იმის გამო, რომ პოლიტიკური მხარდაჭერა და ლობი არა აქვს.
ეხლა ქართულ ეკონომიკაზე ვილაპარაკოთ.
2006 წელი დიდი ძვრების წელიწადი იყო - ჩანაფიქრით, ეს იყო წელი, რომელსაც საქართველო ჯერ უნდა შეერყია, ხოლო შემდეგ დაესამარებინა.
ენერგობლოკადა ზამთრის ყველაზე ცივ დღეებში გამოგვიცხადეს და ბავშვები გათბობის გარეშე დაგვიტოვეს.
ეს ყველას კარგად გვახსოვს.
ჩვენმა ყველაზე დიდმა სავაჭრო პარტნიორმა სრულ ეკონომიკურ ბლოკადაში მოგვაქცია - ჯერ ვაშლის ბაზარი დაგვიკეტა, შემდეგ ციტრუსის, ღვინის, ბორჯომის, სხვა მინერალური წყლის და ა.შ.
ესეც არ გვაკმარეს და შემდეგ ქართველების მასობრივი შევიწროება, დაპატიმრება, მათი ქვეყნიდან გამოძევება, დისკრიმინაცია დაიწყეს; ქართველ ბავშვებს სკოლებში საგანგებოდ ეძებდნენ და მათ სკოლაში სიარულს უკრძალავდნენ.
ძალიან ბევრი განცხადება გაკეთდა და საერთაშორისო პიარისთვის მრავალი მილიონი დაიხარჯა, რათა საქართველო არასაიმედო და არასტაბილურ ქვეყნად წარმოედგინათ.
ერთის მხრივ, ბლოკადა საზღვრის მხოლოდ ერთ მხარეს იყო, რადგან გეოგრაფიული მდებარეობის გამო, საქართველოს სრულად ჩაკეტვა შეუძლებელია, ხოლო მეორეს მხრივ, ვირტუალურ ბლოკადას გვიწყობენ - ცდილობენ დაარწმუნონ ყველა, რომ ჩვენთან ფულის დაბანდება არ ღირს, რადგან აქ მალე ომი და არეულობა დაიწყება.
მათ მრავალგზის სცადეს ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების ამღვრევა ბინძური პოლიტიკური და მათ შორის ტერორის მეთოდების გამოყენებით.
მოგვიწყეს სხვადასხვა პროვოკაცია, კერძოდ, ზემო აფაზეთში - კოდორის ხეობაში; ქურდულმა სამყარომ რევანშის აღება სცადა და ალბათ გახსოვთ ბუნტები ციხეებში, ქუჩის გამოსვლები - საერთაშორისო ისტორიაში ალბათ პირველი შემთვევა იყო, როდესაც ქურდული სამყარო ქუჩაში გამოვიდა და მიტინგების მოწყობა სცადა, ამაში მას ხელს უწყობდა ზოგიერთი საინფორმაციო საშუალება და, სამწუხაროდ, ზოგი პოლიტიკოსიც; საქართველოს კრიმინალურ ქაოსში დაბრუნებას ცდილობდნენ; დაბოლოს, ბოლო სასჯელად, ენერგოპროდუქტები გაგვიძვირეს.
ალბათ, ძნელია თანამედროვე მსოფლიოში სხვა ისეთი მაგალითის მოძებნა, როდესაც ერთ პატარა ქვეყანას, რომელიც ვითარების გაუმჯობესების გზაზე პირველ ნაბიჯებს დგამს, ასეთი ურთულესი დარტყმა მიეღო, მისთვის გაეძლო და ყველა დაბრკოლება გადაელახა.
უმეტესი სახელმწიფოებისთვის, მათ შორის, დიდი ქვეყნებისთვისაც, ეს სრული ეკონომიკური კოლაფსის, ქაოსისა და განადგურების ტოლფასი იქნებოდა.
თუმცა ყველაფრის მიუხედავად, 2006 წელი არნახული მასშტაბების შენებითა და წინსვლით დავასრულეთ.
ჩვენ დავძლიეთ ენერგოკრიზისი და შევძელით საქართველოს ელექტრომომარაგების ისე აწყობა, რომ თუ ცალკეულ ავარიებს არ გავითვალისწინებთ, საქართველო აღარც ენერგეტიკულ შანტაჟს ექვემდებარება და აღარც ბლოკადას.
ვიცი, რომ ეხლა შუქი ხუთი წუთით მაინც რომ ჩაქრეს, ხალხი ნერვიულობას და ყველა ინსტანციაში რეკვას იწყებს.
მეტიც, თავადაც ასეთი გავხდი - როდესაც ვიგებ, რომ სადღაც შუქი არ არის, თავად ვიწყებ რეკვას და განვიცდი.
ეს უდავოდ კარგი ნიშანია, რადგან ორი წლის წინათ ამ მდგომარეობას შეგუებული ვიყავით.
ჩვენ დავიწყეთ ქართული სოფლის მეურნეობის ინტენსიფიკაცია, ორიენტაცია სხვა ბაზრებისკენ ავიღეთ, რაც ბევრს შეუძლებლად მიაჩნდა.
ეგონათ, რომ თუ ჩვენი მანდარინი, ვაშლი, ყურძენი და ღვინო იმ ბაზარზე აღარ შევიდოდა, დავიღუპებოდით.
როგორც ნახეს, ჩვენ ვცოცხლობთ და ამაყი ვარ, რომ ხილისა და ციტრუსის გადამამუშვებელი რამდენიმე დიდი საწარმო თავად გავხსენი.
ამჟამად, აჭარაში გადამამუშვებელი რამდენიმე საწარმო მოქმედებს, მაგრამ მანდარინს ჯერ-ჯერობით არავინ აბარებს, რადგან მოსავლის სიმცირის გამო, მისი ფასი ბაზარზე უფრო მაღალია.
მაშინ, როდესაც დიდ მოსავალს მივიღებთ, რასაც ჯიშების გამოყვანით, სათესლე მეურნეობის შექმნით ასევე შევუწყობთ ხელს, პროდუქტი უნდა გადავამუშავოთ და სხვა ბაზარზეც გავიტანოთ.
ადრე მანდარინი საზღვრამდე მიგვქონდა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის, ან აფხაზეთის კონტრაბანდისტებს ვუტვირთავდით, მათ ვლადიკავკაზსა და სოჭში გადაჰქონდათ და მთელი ჩვენი საგარეო ვაჭრობა ეს იყო.
ეხლა, პარაფინირების პირობებში, ნებისმიერი ციტრუსის გატანა მსოფლიოს ბევრ ბაზარზე შეგვეძლება, რადგან ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტები ეკოლოგიურად სუფთაა და მაღალი ხარისხით გამოირჩევა.
თქვენი მეშვეობით, წელს ერთ-ერთი წარმატებული რთველი გავმართეთ, მაშინ ეს ჩვენი მხრიდან რეკეტად მოინათლა, თუმცა დამემოწმებით, რომ ჩვენ არავისთვის არაფერი დაგვიძალებია, შესაძლოა, ცოტა არაფრთხილი განცხადებები გაკეთდა, მაგრამ რთველი ეროვნული სოლიდარობის სიმბოლოდ გადაიქცა.
თბილისელებმა თითქმის სამჯერ მეტი ყურძენი შეიძინეს, ვიდრე გასულ წელს, იგივე შეიძლება ვთქვათ საქართველოს სხვა ქალაქებზეც.
ეს ციფრებით არის დადასტურებული და მიმაჩნია, რომ ნამდვილი სოლიდარობა სწორედ ეს არის.
მსურს მადლობა მოვახსენო ქართული ბიზნესისა და რთველის ლიდერებს - "აიეტ საქართველოს", რომელმაც 2100 ტონაზე მეტი ყურძენი შეიძინა, "მადნეულმა" - 143 ტონა, "ენერჯი-ინვესტმა" - 120 ტონა, "თბილავიამშენმა" - 29 ტონა, "საქცემენტმა" - 25 ტონა, "ელმავალმშენებელმა" - 25 ტონა და ა.შ.
მთლიანობაში, ბიზნესმა 6 ათას ტონამდე ყურძენი შეისყიდა თანაც იმ პერიოდში, როდესაც ხალხს ყველაზე მეტად სჭირდებოდა იმის ოპტიმისტურად აღქმა, რომ ყურძნის მოკრეფასა და რთველს აზრი აქვს.
ღვინის სექტორში შემოვიდა უცხოური - იტალიური, ესტონური, უკრაინული ინვესტიციები.
წელს საქართველოში დიდი მშენებლობის დასაწყისი იყო.
ამ მშენებლობის შედეგები სახეზე ბოლომდე არ არის - ჯერ შენობების პროექტები უნდა დამტკიცდეს, შემდეგ საძირკველი უნდა გაითხაროს, საფუძველი უნდა ჩაეყაროს - თავადაც კარგად იცით, რომ პირველი ეტაპი ყველაზე რთულია, მაგრამ როდესაც შენობები წამოიმართება, ყველაფერი ადვილი გახდება.
ამავე დროს, მოგეხსენებათ, რომ მშენებლობასთან დაკავშირებული პროცედურები მკვეთრად გავამარტივეთ - გავაუქმეთ მშენებლობის ლიცენზია.
საქართველოში სამშენებლო რეგულირება, მსოფლიო ბანკის შეფასებით, მთელ მსოფლიოში ყველაზე მარტივია და ჰონკონგის დონეზეა.
თუკი საქართველოში მეათედს ავაშენებთ, რაც ჰონკონგშ გაკეთდა, ჩავთვლი, რომ, ამ მხრივ, ჩვენი მისია შესრულებულია.
2006 წელს გზების მშენებლობაში ძალზე დიდი ინვესტიცია განორციელდა.
ჩვენ გვქონდა ასეთი ლოგიკა - საქართველო ცუდი გზების ქვეყანაა.
მინდა, რომ საქართველო მთელ რეგიონში ყველაზე კარგი გზების ქვეყანა გახდეს და გარწმუნებთ, ორ წელიწადში, ჩემი პირველი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, საქართველოს ძირითად მაგისტრალებზე ცუდი გზა, პრაქტიკულად, არსად აღარ იქნება.
ყველა რაიონულ ცენტში კარგი გზით მივალთ, რიკოთის უღელტეხილამდე 2008 წელს ავტობანით მივალთ, სამხრეთ საქართველოში თითქმის მთლიანად დასრულდება დიდი ახალი ავტობანის მშენებლობა, რაც ადრე წარმოუდგენლად მიგვაჩნდა, მაგრამ ფაქტია, საამისოდ ყველაფერი კეთდება და ვიმედოვნებ, რომ მომავალი წლის დამლევს თბილისში ცუდი გზა აღარსად იქნება.
მომავალი წლის დამლევს ყველა კურორტზე კარგი გზა გვექნება - აბასთუმანში, გუდაურში გზის მშენებლობა უკვე მთავრდება, ბახმაროში კარგი გზა უკვე გვაქვს, მომავალ წელს გზების მშენებლობას ვიწყებთ საირმეში, ბაკურიანში, სამეგრელოს კურორტებზე, მაგალითად, ანაკლიაში, დავითგარეჯში, სიღნაღში და კიდევ ბევრ ადგილზე.
ერთი სიტყვით, ყველა კურორტზე და ტურისტულ ობიექტზე კარგი გზით მივალთ.
ძალზე ვამაყობ დასაქმების პროგრამით და მსურს მადლობა გადავუადო ბიზნესის იმ წარმომადგენლებს, ვინც ხალხი სამი თვით აიყვანა სამუშაოდ.
განსაკუთრებით კი მათ ვუხდი მადლობას, ვინც ამ ხალხის დიდი ნაწილი მუდმივად დაასაქმა.
წელს სტაჟირება 38 ათასმა ადამიანმა გაიარა, მათ შორის ბევრი რეალურად დასაქმდა.
უდავოა, ხარვეზები იყო, რადგან პირველი, ექსპერიმენტული პროგრამა განვახორციელეთ, მაგრამ ბევრმა ადამიანმა მუშაობის გემომრავალი წლის შემდეგ პირველად გაიგო.
საკუთარი თავისა და ძალების ბევრმა ირწმუნა; ირწმუნა ის, რომ სამსახურის შოვნა საკუთარი შრომითა და ცოდნით არის შესაძლებელი და არა ნაცნობობითა და პროტექციით.
ნამდვილი ეკონომიკა ასეთ რამეებს ვერ იტანს - ნამდვილი ეკონომიკის პირობებში თუ არ უკეთესი ყველაფერს მიაღწევ, თუ არა და ვერც ნაცნობობა გიშველის და ვერც პროტექცია და ახლობლობა.
ეს პროგრამაც სწორედ ამას ითვალისწინებს და მას მომავალ წელსაც განვაგრძობთ - ეს რეალურ ეკონომიკაში ჩადებული ფულია.
ჩვენ მთლიანად ავლაგმეთ ორგანიზებული დანაშაული, რაც ხალხს წარმოუდგენლად მიაჩნდა.
მახსოვს, ჩემი და ნინო ბურჯანაძის ყოფილი კოლეგების განცადებები იმის თაობაზე, რომ ამის გაკეთება სტალინმაც კი ვერ შეძლო და ჩვენ, მით უმეტეს, არაფერი გამოგვივიდოდა, მაგრამ ჩვენ სწორედ ის უნდა შევძლოთ, რაც სტალინმაც ვერ მოახერხა.
სიმართლე გითხრათ, სულაც არ მსიამოვნებს ციეხების მშენებლობა. მერჩივნა უფრო მეტი საავადმყოფო და სკოლა აგვეშენებინა, მაგრამ ისე მოხდა, რომ საბჭოთა კავშირმა ციხეც კი არ დაგვიტოვა, აღარაფერს ვამბობ სამხედრო ნაწილებსა და საკანალიზაციო სისტემებზე.
მართლაც ასეა - ბათუმის საკანალიზაციო სისტემა მეფის დროსაა აშენებული.
საბჭოთა დროს თავი არავინ არ შეიწუხა იმისთვის, რომ ბათუმისთვის, ფოთისთვის, ქობულეთისთვის, ქუთაისისთვის ნორმალური წყალსადენი და საკანალიზაციო სისტემა გაეკეთებინათ.
არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობდა, იგივე შეეხება ციხეებს.
ჩვენ ისეთ ციხეებს ვაშენებთ, რომლებშიც პატიმრები ადამიანურად შეძლებენ ცხოვრებას, ხოლო თქვენ, საზოგადოება საიმედოდ იქნებით დაცული იქ მოხვედრილი ხალხისგან, რაც ძალზე მნიშვნელოვანია.
ციხეებს რეკლამას ნამდვილად არ ვუწევ, რადგან იქ არც ერთი თქვენგანის ნახვა არ მსურს.
წელს უფრო მეტი სკოლა, საავადმყოფო და გზა გავარემონტეთ და ავაშენეთ, ვიდრე დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მთელი ამ პერიდის განმავლობაში.
ყოველივე ეს თქვენი დამსახურებაა, რადგან ყველაფერი თქვენს მიერ გადახდილი გადასახადების წყალობით გაკეთდა.
საზოგადოებამ ეს კარგად უნდა გაიაზროს, ხოლო მთავრობამ თქვენ ანგარიში უნდა ჩაგაბაროთ იმის შესახებ, თუ სად მიდის თქვენს მიერ გადახდილი ფული.
ჩვენ ავაშენეთ უფრო მეტი გზა, ვიდრე საბჭოთა პერიოდის ერთ რომელიმე კონკრეტულ წელიწადში, მაშინ, როდესაც იმ დროს ამ საქმისთვის სულ სხვა დაფინანსება და სუფსიდიები იყო.
უკვე გითხარით, რომ მსოფლიო ბანკის რეიტინგების მიხედვით, ბიზნესის სიმარტივის თვალსაზრისით, 2006 წელს საქართველო 37-ე ადგილზე იყო - ამ ადგილზე კი 137-ე ადგილიდან გადმოვინაცვლეთ და სომხეთის გარდა, დსთ-ს სივრცეში ყველა ქვეყანას გავუსწარით.
ამავე ორგანიზაციამ მსოფლიოში პირველ რეფორმატორ ქვეყნად დაგვასახელა.
გარწმუნებთ, რომ ჩვენ ჩაწყობისა და ლობირების ბერკეტი ნამდვილად არ გვაქვს და, პირიქით, ზოგჯერ ზედმეტად კრიტიკულადაც გვიდგებიან.
წლების განმავლობაში საქართველო ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა იყო, თუმცა 2007 წელს სამ ყველაზე არაკორუმპირებულ ქვეყნებს შორის ვხვდებით.
ე.ი. კორუფციასთან ბრძოლა შესაძლებელი ყოფილა.
მაშინ, როდესაც წინა მთავრობის თანამდებობის პირები დავიჭირეთ, ყველა ამბობდა, რომ ეს მოლოდ შურისძიება იყო.
მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წევრი კორუფციის ფაქტზე დაიჭირეს, ჩვენი დანიშნული რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი დააპატიმრეს, 16 მოსამართლე, პროკურორები, პოლიციელები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები აიყვანეს, ვგონებ, ყველა მიხვდა, რომ არ ვხუმრობთ.
თანამდებობაზე მყოფ ადამიანს იმდენად დიდი პრივილეგია აქვს მინიჭებული ჩამოაყალიბოს ახალი ქვეყანა, იმდენად დიდი ისტორიული როლი აქვს შესასრულებელი ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში, რომ ყოველივე ამასთან შედარებით ფული არაფერს ნიშნავს.
დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება იდეალისტები და ხალხი, რომელსაც შეუძლია საკუთარი ადგილი ბევრად უკეთეს და გაუმჯობესებულ საქართველოში დაინახოს.
ამავე დროს, ძალზე მნიშვნელოვანია სტატისტიკური მონაცემები - რას მივაღწიეთ რეალურად და რას არა.
გასულ წელს საფინანსო სექტორი 46 პროცენტით გაიზარდა, გადამამუშავებელი მრეწველობა - 25 პროცენტით, ვაჭრობა 22 პროცენტით, ტრანსპორტი კი - 18 პროცენტზე მეტით.
აი, ამას ყოველივე იმის მიუხედავად მივაღწიეთ, რაც მოგვიწყვეს.
იცით რითი მივაღწიეთ ყველაფერს? - იმით, რომ კლიმატი და ატმოსფერო შეიცვალა.
რამდენიმე დღის წინათ თურქეთში ვიმყოფებოდი და ისე, როგორც ორი წლის წინათ, თურქ ბიზნესწრეებს შევხვდი.
ზოგიერთი მათგანი შეხვედრას მაშინაც ესწრებოდა და ეხლაც.
ორი წლის წინათ მათგან წუწუნის გარდა არაფერი მომისმენია.
ამ შეხვედრისას, როდესაც ბიზნესის წარმომადგენლებმა სიტყვა მოითოვეს, მეგონა, იგივე დაიწყებოდა და ყველაფერი განმეორდებოდა, მაგრამ მათ მადლობა გადამიხადეს.
ერთი თვის წინათ ჩვეთან დიდი მოვლენა მოდა - "საქართველოს ბანკი" პირველი ქართული კომპანია გახდა, რომელმაც საკუთარი აქციები ლონდონის ბირჟაზე გაიტანა გასაყიდად.
სხვათა შორის, ის პირველი კომპანია იყო არა მარტო საქართველოდან, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე მოხვდა, არამედ დსთ-ს სივრციდანაც.
ამას იმით მივაღწიეთ, რომ საქართველოში გამჭვირვალე სისტემა შეიქმნა.
მართალია, ყველაფერი ძალზე სკურპულოზურად მოწმდებოდა, მაგრამ, შესაბამისად, აქციებიც წარმატებით იყიდება.
პირადად ვიყავი ლონდონში და საკუთარი თვალით ვნახე, თუ როგორი განწყობაა დღეს ჩვენს მიმართ.
მქონდა შეხვედრა ინსტიტუციურ ინვესტორებთან - დიდი ბანკებთან, საინვესტიციო ფონდებთან, სადაც უკვირდათ, თუ როგორ მოახერხა ბუნებრივი რესურსები არმქონე, ამ პატარა ქვეყანამ, მსოფლიო საერთაშორისო ინვესტორების უკუპროპორციულად დიდი, პოზიტიური ინტერესის გაღვივება.
საქართველოში ინვესტიციის ჩადება ბევრს სურს და ამაში მათ დახმარებას სთოვდნენ.
ეს ჩემი მოგონილი არ არის - ეს ისაა, რასაც ბოლო თვეეების განმავლობაში პირადად ვისმენდი.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოს მიმართ ეს დამოკიდებულება არ შეიცვალოს, რადგან, ერთის მხრივ, ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციის მიზნით, ჩვენი მეზობლები უარყოფით პროპაგანდას ეწევიან, ხოლო მეორეს მხრივ, ვრცელდება აზრი, რომ საქართველო სტაბილური ქვეყანაა, სადაც ფულის ჩადება მნიშვნელოვანი და სარფიანია.
მომავალ წელს ჩვენი ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდა პირდაპირმა უცოურმა ინვესტიციებმა უნდა უზრუნველყოს.
ეს ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია.
თქვენ ნახეთ რამდენი ცნობილი დიდი საერთაშორისო ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა იწყება.
ეს სასტუმროებია "კემპინსკი", "ინტერკონტინენტალი", "ჰაიატი" "რადისონ სასი", "ჰილტონი", "ჰოლიდეი ინი", ბათუმში "შერატონი" შემოდის, რომელმაც განაცხადა, რომ შავ ზღვაზე ეს ყველაზე კარგი შენობა უნდა იყოს და ბევრი სხვა.
ეს მარტო თბილისსა და ბათუმში არ ხდება - სენაკში გამალებული ტემპით შენდება ახალი თანამედროვე სასტუმრო, ზუგდიდში ძალიან კარგი სასტუმროს მშენებლობა იწყება, ამ დღეებში სიღნაღში უნდა გავხსნათ სასტუმრო, თელავშიც დაიწყო რამდენიმე სასტუმროს მშენებლობა...
დღეს აბსოლუტურად სხვა ვითარება იქმნება.
ჩვენ რეალური რეორიენტაცია მოვახდინეთ სხვა მიმართულებითაც.
იმ დღეს, როდესაც რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეწყვიტა, თურქეთმა ჩვენთან უვიზო რეჟიმი შემოიღო.
თურქეთის საზღვარი წელს საქართველოს თითქმის მილიონმა მოქალაქემ, ყოველმა მეხუთე ადამიანმა გადაკვეთა.
აი, რას ნიშნავს, რომ ქვეყანამ რეალურად შეიცვალა ორიენტირი.
ჩვენ ჩაგვიკეტეს აფხაზეთის რკინიგზა.
თურქეთის მეშვეობით მომავალ წელს ახალი რკინიგზის მშენებლობას ვიწყებთ და თურქეთის ხიდის მეშვეობით ევროპის რკინიგზას შევუერთდებით.
ჩვენ რუსეთში გასასვლელი ბოლო ლეგალური პუნქტი დაგვიკეტეს საზღვარზე, მაგრამ მომავალი წლის დამლევს ფუნქციონირებას იწყებს ბათუმი-სტამბულის ავტობანი, რომლის წყალობითაც, გზა ორჯერ მცირდება და თბილისიდან დილით გასული ადამიანი, ღამით სტამბულში იქნება.
საქართველოსთვის გეოგრაფია იცვლება და ამას ყველამ უნდა ავუწყოთ ფეხი.
თურქეთთან ხელი მოვაწერეთ კონტრაქტს პრეფერენციალური ვაჭრობის თაობაზე, ხოლო მარტში თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გავაფორმებთ ხელშეკრულებას.
ამავე საკითხთან დაკავშირებით, უკვე დავიწყეთ მუშაობა ევროკავშირთან, ასევე აქტიურად ვმუშაობთ ღვინის ექსპორტის თაობაზე და ამაში თქვენი დახმარება გვჭირდება, რადგან ეს ბაზრები რეალურად არსებობს.
ევროპის ქვეყნებში ღვინის ექსპორტი და მათთან სავაჭრო ურთიერთობა მექანიკურად გაორმაგდა.
თუმცა, ეს საბოლოო შედეგი არ არის, ამ ქვეყნებთან ვაჭრობა შეიძლება გახუთმაგდეს და გაათმაგდეს, რადგან უზარმაზარი ბაზრებია ასათვისებელი ამერიკაში, ევროპაში, ჩვენს ტრადიციულ მომხმარებელ ქვეყნებში - ბალტიისპირეთში, პოლონეთში, უკრაინასა და შუააზიაში.
აქამდე კარგად არავინ არ მუშაობდა.
ღვინის მწარმოებლები, მათ შორის ამ დარბაზში მყოფებიც, არაერთხელ გავაფრთხილე, რომ პრობლემების თავიდან ასაცილებლად, საექსპორტო გზა ევროპისკენაც გაეჭრათ, მაგრამ, სამწუხაროდ, მაშინ ბევრმა არ ისმინა.
ეხლა, მართალია მოგვიანებით, მაგრამ ამ მიმართულებით მუშაობას ყველა იწყებს.
ძალიან ბევრი ინვესტიცია შემოდის საქართველოში საფეიქრო წარმოებაში, რადგან ამ სფეროში ჩინეთმა საკმაოდ დიდი კონკურენცია შექმნა, ვინაიდან ჩინელთა პროდუქციის მომხმარებელთა დიდ ბაზრებთან ჩვენ ახლოს ვიმყოფებით.
ძალიან ბევრ მეზობელ ქვეყანასთან შედარებით, საქართველოში ხელფასები უფრო დაბალია, თუმცა მაღალი კვალიფიკაციის მუშა-ხელი გვყავს.
თურქების მიაჩნიათ, საქართველოში შეკერილი საფეიქრო პროდუქცია არაფრით ჩამოუვარდება თურქეთში შეკერილს, ხშირ შემთხვევაში კი ხარისხით აღემატება კიდეც.
ეს თურქების აზრია და არა ჩემი.
რამდენიმე დღეში ხულოში ახალი საფეიქრო ქარხანა უნდა გავხსნათ, სადაც დამატებით 500 ადამიანი დასაქმდება.
რამდენიმე ათასი ადამიანი წელს უკვე დასაქმდა და ლევან ვაშალომიძეს ამ რაოდენობის გაზრდა 4 ათასამდე ვთხოვე.
თუ სამუშაო ადგილების რაოდენობის მიხედვით წელს საწარმოების გახსნას გადავაჭარბებთ, დარწმუნებული ვარ, 4 ათასი კი არა, მხოლოდ ამ სფეროში 40-50 ათასი ადამიანი დასაქმდება.
ერთის მხრივ, გვაქვს უმუშევრობის, ხოლო, მეორეს მხრივ, კვალიფიკაციის პრობლემა.
სამწუხაროდ, ნავარაუდევზე უფრო გვიან, მაგრამ ამერიკული ტიპის ტექნიკურ სკოლებს უკვე ვხსნით და საამისოდ, ჩვენი გამოუცდელობის გამო, მეტი დრო დაგვჭირდა, მაგრამ მომავალ წელს ასეთი სკოლები სხვადასხვა სფეროსთვის გაიხსნება.
ამ სკოლებში მოამზადებენ მშენებლებს, ფარმაცევტებს, სერვისის პერსონალს და სხვა პროფესიის ადამიანებს.
მალე ასობით ახალი სასტუმრო გვექნება, რეალურად საქართველო ტურიზმის განვითარებას მხოლოდ ეხლა იწყებს.
ორი ახალი აეროპორტი თბილისსა და ბათუმში გაიხსნება.
ზოგიერთს ძალიან გაუხარდა, რომ ეს ღონისძიება 23 ნოემბრისთვის ვერ მოესწრო, მაგრამ აქ გასახარი არაფერია, რადგან მშენებლობის დასრულება ამინდისა და ტექნიკურ მიზეზთა ერთობლიობის გამო არ მოხერხდა.
თბილისის აეროპორტი იანვარში გაიხსნება და მთელი სიმძლავრით ამუშავდება.
ბათუმის აეროპორტი შავიზღვისპირეთში ყველაზე თანამედროვე იქნება და თურქეთის მთელი მოსახლეობა ბათუმს მოებმება.
ეს იმას ნიშნავს, რომ სტამბულიდან ყოველდღიური რეისი დაინიშნება და ბევრად გაიაფდება ბილეთები; სტამბულის მეშვეობით, დანარჩენ მსოფლიოს დავუკავშირდებით და აქ ჩამოსვლა ყველას შეეძლება.
საქართველო ძალზე პოპულარული და მიმზიდველი ქვეყანა მხოლოდ ეხლა ხდება.
ამისათვის ახალი ცენტრები გვჭირდება.
ვგეგმავთ, რომ სიღნაღი, რომელიც ორი წლის წინათ მივიწყებული და განადგურებული ქალაქი იყო, ნახავთ როგორი გახდება სიღნაღი 2007 წლის დამლევს - ამ ქალაქით ყველა ვიამაყებთ.
ამ საქმეში ჩვენ 10 მილიონ ლარს ვდებთ, მაგრამ 30 მილიონზე უკვე ინვესტიციის ჩადების გეგმა აქვთ.
ამიტომ თქვენც მოგიწოდებთ, რომ ეს გააკეთოთ!
თბილისიდან სიღნაღამდე ერთი საათის სავალი გზაა და ის ტურიზმისთვის მთავარი ცენტრი გახდება, სადაც ღვინის საუკეთესო რესტორნები და კაფეები გაიხსნება.
თქვენ წარმოიდგინეთ, ორი თვის წინათ, ერთმა ქიზიყელმა იქ მექსიკური რესტორანიც გახსნა, სადაც ძალიან კარგ ხაშლამას აკეთებენ, თუმცა კერძს, რატომღაც, მექსიკური სახელწოდება აქვს.
ნახეთ, როგორი იქნება ეს ქალაქი ერთი წლის შემდეგ.
ნახეთ, როგორი ტურისტული ცენტრი ხდება ბათუმი.
მომავალი წლის ზაფხულში ბათუმში ხუთი-ექვსი ახალი, დიდი სასტუმრო გაიხსნება, 2009 წელს კი, 30-40, მართლაც, მაღალი კლასის საერთაშორისო სასტუმრო აშენდება.
თურქეთში დასასვენებლად წელს 55-60 ათასი ქართველი წავიდა.
მეგობრებო, მომავალ წელს ბათუმში წადით და გარწმუნებთ, ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, ბათუმში დასვენება ბევრად უფრო სასიამოვნო იქნება, ვიდრე ანტალიაში.
იქ კულტურული ცენტრიც არის და გასართობიც.
სტრასბურგში მე და ჩემი მეგობრები ერთ-ერთ ჩინურ რესტორანში დავდიოდით.
დღეს იმ რესტორნის მეპატრონემ იქ ობიექტი დაკეტა და ბიზნესი ბათუმში გადმოაქვს - ჩინური შენობა იქ დაშალა, რომელსაც ბათუმში ააწყობს.
გინდ დაიჯერეთ, გინდ არა - ასეთი რამ მართლაც მოხდა.
ამას წინათ, თურქები და ბერძნები ჩამოვიდნენ და ბათუმში თევზის საუკეთესო ბერძნული და იტალიური რესტორნები გახსნეს.
ჰოლანდიის ყველაზე დიდი დისკოთეკა ბათუმში ფილიალს ხსნის, რომელიც როტერდამის დისკოთეკაზე დიდი იქნება.
და ყველაფერი ეს რეალობაა.
ასე რომ, ბევრი საინტერესო რამ ხდება.
2007 წელს ჩვენ ერთი გრანდიოზული გამოწვევა გველოდება.
საქართველოს მთავარი რესურსია არა ნავთობი და გაზი, არამედ ბიზნესისთვის ხელსაყრელი ეკონომიკური გარემოს შექმნის უნარი.
ამაში ყველას უნდა ვაჯობოთ - ჩვენ უკვე გვაქვს სიმშვიდე, სტაბილური და არაკორუმპირებული გარემო, მაგრამ განსაკუთრებული ზომების მიღება მაინც გვჭირდება.
2007 წელს ფოთთან დიდი თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას ვაპირებთ, რომელიც შავ ზღვაზე ყველაზე მნიშვნელოვანი თავისუფალი ეკონომიკური ზონა უნდა გახდეს.
ეს ის არ არის, რის შექმნასაც აჭარაში ასლან აბაშიძე აპირებდა.
ასეთი ზონები მხოლოდ იქ მუშაობს სადაც მთლიანი სახელმწიფო და კანონების განხორციელების მაღალი დონეა და არა განუკითხაობა და უკანონობა, როგორიც მაშინ აჭარაში იყო.
ასლან აბაშიძეს იქ ასეთი ზონის კი არა, შავი ხვრელი შექმნა სურდა.
ეს არა მარტო ფოთის ეკონომიკური ზონა იქნება, არამედ ზონა, რომელიც მთელ სამეგრელოს, გურიას, აჭარას და დანარჩენ საქართველოს მოემსახურება.
ჩვენ ამას აუცილებლად მაღალ დონეზე გავაკეთებთ.
საწარმოს დარეგისტრირება იქ 15 წუთში მოხდება, კანონის განხორციელება მყისიერი გახდება, ხოლო დავები 2 საათში გადაწყდება, ბიუროკრატია ნულთან ახლოს იქნება და ექსპორტიორებისა და წარმოებისთვის იდეალური პირობები შეიქმნება.
ვფიქრობ, ამის განხორციელება შესაძლებელია.
ეს ჩვენი უდიდესი რესურსია, რადგან შემდეგ მთელი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ამას მიებმება - ახალი ავტობანები, ყარსი-ახალქალაქის ახალი რკინიგზა, ახალი აეროპორტები (მხოლოდ თბილისსა და ბათუმს არ ვგულისხმობ).
აღსანიშნავია, რომ სერიოზული გეგმები გვაქვს ქუთაისში, კოპიტნარზე.
ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე მსხვილ ინვესტორთან მოლაპარაკებებს უკვე ვაწარმოებთ.
მომავალ წელს ყულევის ტერმინალიც ამუშავდება...
იცით, რომ ტურიზმის განვითარებისთვის ჩოლოქზე ძალიან დიდი პარკი აშენდა, რომლის სიდიდე მომავალში ორჯერ გაიზრდება; ბორჯომის პარკი ვითარდება; ძალიან მიხარია, რომ თბილისში, მთაწმინდაზე დიდი პარკი შენდება და იმედი მაქვს, მომავალ წელს გაიხნება კიდეც, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ქალაქისთვის.
ამ მიმართულებით, არის ბევრი სხვა ინიციატივაც, სათაფლიაში გვინდა ბევრი კარგი რამ გავაკეთოთ, დავითგარეჯი უკეთესად მოვაწყოთ.
რაჭაში გზა გაგვყავს, წელს ბევრად უფრო მეტი ხალხი ისვენებდა შოვში და დამსვენებელთა რიცხვი კიდევ გაიზრდება.
ასეთივე ვითარებაა საირმესა და ბაკურიანში.
ბაკურიანში დღეს ამუშავდა პოტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე საუკეთესო საბაგირო გზა, რომლის გახსნას ინვესტორები შარშან გვპირდებოდნენ.
ასე რომ, გრანდიოზული გეგმები გვაქვს და დარწმუნებული ვარ მათ ყველა ერთად განვახორციელებთ.
2006 წელი საქართველოსთვის გადამწყვეტი იყო, რადგან ქვეყნის დამოუკიდებლობისკენ რეალური ნაბიჯები გადავდგით.
ის ფაქტი, რომ საქართველო არა მარტო არ დაიშალა და არ განადგურდა, არამედ იმტკიცებს დამოუკიდებლობას, თვალნათლივ ჩანს.
პირველი იანვრიდან აზერბაიჯანული გაზი რეალურად შემოვა, რაზეც ტექნიკურ დონეზე შეთანხმებას უკვე მივაღწიეთ და როგორც კი შაჰდენიზის საბადოზე ავარია აღმოიფხვრება (რასაც მაქიმუმ თვენახევარი დასჭირდება), რუსული გაზი, პრაქტიკულად, აღარ დაგვჭირდება.
ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველომ გეოპოლიტიკური გადატრიალება მოახდინა.
ამ თვალსაზრისით, ევროპისთვის ჩვენს ქვეყანას ძალზე მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, მაგრამ საკუთარი თავისთვის საქართველომ ალტერნატივის შექმნა, რეორიენტაცია და ახალი პერსპექტივის აღმოჩენა მოახერხა.
ამას სერიოზულად ვამბობ და დარწმუნებული ვარ რამდენიმე წლის შემდეგ, ამაში თითოეული თქვენგანიც დამეთანხმება.
ძნელია, ღვინის კომპანიებს, რომლებმაც წელს 5, 10, 15 მილიონი ლარი დაკარგეს, ამაზე ელაპარაკო, მაგრამ შეიძლება კახა ბენდუქიძის იდეაც გავიზიაროთ იმის შეახებ, რომ რუსული ემბარგოს კონკრეტულ ინიციატორებს ძეგლი დავუდგათ.
რა თქმა უნდა, დიდი გამოწვევები გველის, მაგრამ მთავარი რესურსი ჩვენი ხალხის ინიციატივა, გამბედავობა და გამძლეობაა.
ჩვენს ქართველებს, რომლებსაც რუსეთში აშანტაჟებდნენ, მოსკოვის ქუჩებში აჩერებდნენ და იჭერდნენ, ერთი საყვედურიც არ დასცდენია, რადგან ისინი განსაკუთრებული ღირსების მქონე ხალხია.
მათ, ვინც ჩვენს ხალხს იჭერდა, ეგონათ, რომ ქართველები სამშობლოში დაბრუნდებოდნენ და ხელისუფლებას დაამხობდნენ, მაგრამ იმედი გაუცრუვდათ.
თქვენც ბევრს იცნობთ და ნახეთ როგორ უჭირავთ თავი რუსეთში - საკუთარი წარმომავლობით სამჯერ უფრო ამაყობენ.
რადგან გვდევნიან და გვაგდებენ, ე.ი. ძალიან ძლიერი ხალხი ვართ და ვერაფერს დაგვაკლებენ.
ვისთვისაც მათ რქები მოუტეხიათ, უნდა მოტეხონ კიდეც, მაგრამ ჩვენ რქები არ გვაქვს, ჩვენ ნორმალური ადამიანები ვართ ღირსებისა და თავმოყვარეობის გრძნობით აღსავსე, განსაკუთრებული ნიჭისა და საკუთარი ქვეყნის უკეთესი მომავლის რწმენის მქონე.
კიდევ აღვნიშნავ, რომ წინ დიდი გამოწვევები გველოდება, მაგრამ არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ამ გამოწვევებს თავს ვერ გავართმევთ.
გასული წელი საქართველოს სიმტკიცის გამოცდის წელი იყო, მაგრამ ის ჩვენ დიდი აღმშენებლობისა და წინსვლის წლად ვაქციეთ.
ჩვენმა ხალხმა ყველას დაანახა, თუ რა არის რევოლუციის მთავარი მონაპოვარი - ეს არის ჩვენი უნარი გავძლიერდეთ მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად გვესხმიან თავს; ეს არის ის, რომ არ შეგვეშინდეს მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად სურთ ჩვენი დაშინება; ეს არის ის, რომ როდესაც ჩვენი შიდა გათიშულობის გამოწვევა, ციხის შიგნიდან გატეხვა ყველაზე მეტად სურთ, გაერთიანება და ერთ მუშტად შეკვრა მოვახერხოთ; ეს არის ჩვენი უნარი ყველანაირ განსაცდელს გაათმაგებული ენერგიით, ერთიანობითა და წარმატების მიღწევის დაუოკებელი წყურვლით ვუპასუხოთ; ნგრევას ვუპასუხოთ ნამდვილი შენებით, რადგან არის ჟამი ქვების გაბნევისა და ჟამი - ქვების შეგროვების.
ჩვენ ამ საქმეში უკვე სერიოზულად წავიწიეთ წინ.
დიდი მადლობა ყველას და გისურვებთ წარმატებებს!
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური