Google+

სიახლეები

17.01.2007
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მისასალმებელი სიტყვა მოსამართლეთა ფიცის დადების ცერემონიაზე

მოგესალმებით.

უპირველეს ყოვლისა, მინდა მოგილოცოთ - მიხარია, რომ საქართველოს მოსამართლეთა კორპუსს ძალიან კვალიფიციური მოსამართლეთა გუნდი შეემატა.

მას შემდეგ, რაც კანონი შეიცვალა და მოსამართლედ ახალგაზრდა ხალხის დანიშვნა შესაძლებელი გახდა, ეს წრე ბევრად უფრო გაფართოვდა.

ჩვენ მათი იმედი გვაქვს, ვინც წინა სისტემის პრაქტიკით არ "გაფუჭდა".

მოსამართლეთა კორპუსი გამოცდილების, განათლების დონითა და წარმომავლობის მიხედვით მართლაც შეიცვალა.

ეს ჩვენთვის და მთელი ქართული საზოგადოებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია.

საზოგადოებამ შესაძლოა ეკონომიკური პრობლემები, სხვადასხვა გართულებები მოითმინოს, მაგრამ ვერასოდეს მოითმენს უსამართლო დამოკიდებულოებას მის მიმართ.

საბოლოო სამართლის ინსტანცია თქვენ ხართ.

მინდა გითხრათ, რომ საქართველოში ძალიან სერიოზული საკონსტიტუციო რეფორმა გატარდა, რომლის თანახმადაც პრეზიდენტი იუსტიციის საბჭო წევრი აღარ არის - იუსტიციის საბჭოს წევრი არის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა უმეტესობა მოსამართლეთა კორპუსის წარმომადგენელია.

ჩვენ ისეთი რეფორმა განვახორციელეთ, როგორსაც ევროპის ქვეყნების უმრავლესობაც ვერ ახერხებს.

ეს გავაკეთეთ არა იმიტომ რომ ვიღაცამ მოგვიწოდა, არამედ მტკიცედ მჯერა, რომ საქართველოს შემდგომ განვითარებასთან ერთად, საზოგადოების მონაწილეობა კიდევ უნდა გაფართოვდეს; ასევე უნდა გაფართოვდეს საზოგადოების თვითრეგულირების მექანიზმები, რადგან ხელისუფლების ეფექტიანობის წყაროა არა პრეზიდენტის, ან მთავრობის წარმომადგენლის უფლებამოსილების სიდიდე, არამედ ის, თუ რა უფლებამოსილება მისცა მათ ხალხმა და ხალხის ნდობის ხარისხი თითოეული მათგანის მიმართ.

იმ პირობებში, როდესაც ჩვენ დიდი უპირატესობით გავიმარჯვეთ წინა არჩევნებში, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას უფლებამოსილების დიდი ნაწილი გადავცეთ.

ამ შემთხვევაში შემცირდა პრეზიდეტის და მისი მთავრობის უფლებამოსილება და მეორეს მხრივ, გავაფართოვეთ მოსამართლეთა თვითმმართველობა და ამ ნაწილშიც შევამცირეთ საპრეზიდენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილება.

ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავლის გაცნობიერებული არჩევანი სტრატეგიული პერსპექტივით.

მინდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ჩვენი ქვეყანა დემოკრატიას იმ პირობებში ანვითარებს, როცა უმრავლესი მთავრობები ამავე პირობებში დემოკრატიის შემცირებას მოითხოვდნენ - სწორედ იმ დიდი გამოწვევების გამო, რომელთა წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა იმყოფება.

თუმცა, მიმაჩნია, რომ გამოწვევებს და გართულებებს საზოგადოება უფრო გაართმევს თავს, როდესაც იგრძნობს, რომ ხელისუფლების ბატონ-პატრონი თავადაა და არა ხელისუფლების სათავეში მყოფი რამდენიმე ადამიანი.

ამავე დროს, მინდა გაითავისოთ ის პასუხისმგებლობა, რომელიც მოსამართლეთა კორპუსს ეკისრება.

ბოლო ორის წლის განმავლობაში ქრთამის აღების ფაქტზე რამდენიმე ათეული მოსამართლე დავაპატიმრეთ.

მოსამართლეთა დაკავების თვალსაზრისით, ჩვენ აბსოლუტური რეკორდსმენები ვართ.

ეს იმას ნიშნავს, რომ კორუფციის მექანიზმს უფრო მეტად ვებრძვით.

პოსტსაბჭოთა სივრცეში თქვენ გექნებათ ყველაზე მაღალი ხელფასები და ბინების მშენებლობაშიც დაგეხმარებით.

თქვენ მთელ აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე კარგი შენობები გექნებათ, რომლებიც სრულ შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტარნდარტებთან.

ყოველივე ეს იმისათვის კეთდება, რომ თქვენი მუშაობა ეფექტიანი იყოს და არსად გაგექცეთ თვალი.

ჩვენმა ბიზნესმა მყარად უნდა იგრძნოს, რომ სასამართლოში სიმართლეს იპოვნის.

თოთოეულმა მოქალაქემაც უნდა იგრძნოს იგივე.

ადრე სასამართლოს მხრივ პირდაპირი ყაჩაღობის შემთხვევები გვქონდა, რაც საქართველოში აღარასდროს აღარ უნდა განმეორდეს.

მოსამართლეთა მხრიდან, ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევები ჯერ კიდევ გვაქვს, ისევე როგორც კორუფციის შედეგად აბსურდულ გადაწყვეტილებების მიღების.

ამას წინათ, ერთმა მოსამართლემ განსასჯელს დედ-მამის მკვლელობისთვის 8 წელი მიუსაჯა, შემამსუბუქებელ გარემოებად კი, რის შემდეგაც მას სასჯელის მოსახდელი წლები ჩამოაკლეს, ის ჩაითვალა, რომ იგი ობოლი იყო.

არავის არ ჰქონდეს ილუზია, რომ ასეთი მოსამართლე პასუხისმგებლობას გაექცევა.

პასუხიმგებლობის მექანიზმი კი თავადვე უნდა შექმნათ.

საქართველო არ არის ქვეყანა, სადაც ამ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი, ან ორი-სამი ადამიანი მიიღებს, მაგრამ მოსამართლე, ვინც ამას გააკეთებს, ჩვენი მექანიზმების გათვალისწინებით, დაისჯება.

ამ შემთხვევაში თქვენი ავტორიტეტი აიწევს.

ჩვენ გვსურს, რომ საზოგადოებისათვის ავტორიტეტულები იყოთ.

თქვენ იცით, რომ ამ მხრივ, პრობლემები ჯერ კიდევ არის.

ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს.

მოვიდა ახალი თაობა, ბევრად უფრო ეფექტური, სწორი გამოცდილების მქონე, ბევრად უფრო იდეალისტი, ჩვენ მათთან ერთად ვაპირებთ ამ ქვეყნის აშენებას და გაერთიანებას.

თქვენ ხართ ის ხალხი, ვინც ხელისუფლებაში ჩვენთან ერთად იმისათვის მოვიდა, რომ ჩვენი ქვეყანა გააძლიეროს და რაც მთავარია, დაარწმუნოს საზოგადოება, რომ საქართველო ყველასია.

ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც ეს ყველაფერი ერთად უნდა ვაკეთოთ იმ პირობებში, როცა ქვეყანაში დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ბიზნესის თავისუფლების უმაღლესი სტანდარტები უმთავრესი იქნება. ჩვენ უზენაეს და ქალაქის სასამართლოში მოსამართლეთა კარგი შემადგენლობა გვყავს.

მიხარია, რომ ამ ადამიანებს თქვენი სახით კარგი სპეციალისტები შეემატა.

1996 წელს, როდესაც ჩვენ სასამართლო რეფორმა დავიწყეთ, არჩევანი მცირე იყო.

არჩევანის გაკეთება ცუდსა და უარესს შორის გვიხდებოდა.

ახლა ყველა ერთმანეთზე უკეთესები ხართ.

დარწმუნებული ვარ, ეს ტენდეცია შეუქცევად ხასიათს მიიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე ვართ სახელმწიფო და უახლოეს მომავალში სერიოზული პერსპექტივები გვექნება.

დღევანდელი დღე იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ეს არის მოსამართლეთა ბოლო ჯგუფი, რომელიც ძველი საკონსტიტუციო მოდელით დაინიშნა.

ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე ძალაში შევიდა, რომელიც მოსამართლეთა, სასამართლოს და მათი პასუხისმგებლობის ხარისხს ბევრად უფრო აამაღლებს.

ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.

ამ მოდელის ამუშავება ყველამ ერთად უნდა შევძლოთ.

მსურს ყველას მოგილოცოთ ეს დღე და წარმატება გისურვოთ სიმართლის დამკვიდრების და ჩვენი უკეთესი მომავლის შექმნის საქმეში.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)