Google+

სიახლეები

25.01.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სიღნაღში ახალი პროექტის პრეზენტაციას დაესწრო

მინდა მოგესალმოთ ჩემს ძვირფას სიღნაღელებს, მინდა მოგესალმოთ ქიზიყელებს, კახელებს!

ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი დღეა.

დღეს ვიწყებთ ახალ, ნაციონალურ პროექტს, რომლის მეშვეობითაც სიღნაღი ისტორიული, კულტურულ-საგანმანათლებლო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი არა მხოლოდ კახეთის, არამედ მთელი საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით გახდება.

ეს ულამაზესი ქალაქია, მაგრამ საბჭოთა დროს ყველაფერი ისე იყო აწყობილი, რომ ჩვენი ისტორია და ჩვენი წარსული დაგვევიწყებინა; ყველა შენობა მახინჯი და ერთფეროვანი ყოფილიყო, რათა ქართველ ერს დამოუკიდებლობისა და ცალკე არსებობის სურვილი არასდროს გასჩენოდა.

მთელი მანქანა იმის დასარწმუნებლად მუშაობდა, რომ ჩვენგან მაინც არაფერი გამოვიდოდა, არასრულფასოვანი ერი ვართ და ჩვენი მომვლელი მათ გარდა არავინ იქნებოდა.

ყოველივე ამას ჩვენ წერტილი დავუსვით - დღეს აქ, სიღნაღის განახლების დიდ პროექტს ეყრება საფუძველი, რომლის მეშვეობითაც აღდგება ამ ქალაქის ისტორიული ცენტრი.

სიღნაღის შესახებ ცნობილი ინგლისელი მკვლევარი ოლივერ უორდროპი წერდა, რომ ეს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი იყო ევროპაში, ხოლო იმ ქალაქებს შორის, რაც იმ დროს რუსეთის იმპერიაში შედიოდა, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქალაქი იყო მთელ კავკასიაში.

შემდეგ ეს ქალაქი მიტოვებული და იმ მდგომარეობამდე იყო მიყვანილი, როგორსაც დღეს ვხედავთ.

ეს პროექტი არა მხოლოდ სასტუმროების, კაფეების, რესტორნების მშენებლობას ისახავს მიზნად, არამედ, უპირველეს ყოვლისა თქვენთვის უკეთესი ინფრასტრუქტურის შექმნას - მთლიანად იცვლება წყალგაყვანილობის სისტემა, კეთდება გზა, განათება, ბავშვებისთვის შენდება საგანმანათლებლო დაწესებულებები და ყველაფერი ისეთი უნდა გახდეს, რომ აქ ცხოვრება არც თქვენ შეგრცხვეთ და არც ტურისტებს, რომლებიც აქ ჩამოვლენ; ყველამ უნდა ნახოს, თუ როგორ ცხოვრობს აქ საქართველოს თითოეული მოქალაქე.

ამ პროექტის განხორციელება კახეთის ახალ გუბერნატორს დავავალე - დღეს 25 იანვარია და პროექტის ძირითადი ნაწილი 1 ოქტომბერს დასრულებული უნდა იყოს.

ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დღეს სამი წელი შესრულდა, რაც მე საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას შევუდექი.

ზუსტად სამი წელიწადია, რაც მე და ჩემი მეგობრები, თქვენთან ერთად, საქართველოს ვმართავთ.

მაშინ, როდესაც 2004 წლის 25 იანვარს პარლამენტის შენობასთან ფიცი დავდე, ერთ მუშტად შეკრულ, მომავლის იმედით აღსავსე და შელახული ღირსების აღდგენის სურვილით გაერთიანებულ ხალხს მივმართავდი; თქვენი სახით მივმართავდი მსოფლიოში ყველაზე ამაყ ერს, რომელმაც მთელი მსოფლიოს დასანახად უარი თქვა შეგუებოდა უსამართლობას, ძალადობას, უპერსპექტივობასა და ნგრევას.

25 იანვარს ამ ხალხის პრეზიდენტი, მაგრამ ამავე დროს წელში გაწყვეტილი ქვეყნის პრეზიდენტიც გავხდი.

მაშინდელ საქართველოს, საერთოდ აღარ ჰქონდა ბიუჯეტი, გაჩანაგებული იყო ხალხის ქონება, აღარ ფუნქციონირებდა არც ერთი სახელმწიფო უწყება და სახელმწიფო ინსტიტუტი, ჯარის ნაცვლად დეზერტირთა მრავალრიცხოვანი არმია გვყავდა, რომელშიც ჩვენი საზოგადოების ყველაზე დაუცველი ფენები და ძალით შეყრილი, სახელმწიფოს მიერ თითქმის სამხედრო ტყვეობაში მყოფი უფორმო, უჭმელი, დაავადებული, უიარაღო და მთლიანად დემორალიზებული ჯარისკაცების მცირე კონტიგენტი მსახურობდა.

ვხდებოდი პრეზიდენტი ქვეყნისა, რომელსაც პოლიციის ნაცვლად, ყველაზე საშიშ დამნაშავეთა დიდი ბანდა ჰყავდა.

ისინი ქუჩებში იდგნენ და ყოველ ნაბიჯზე, ყოველ მოსახვევში გვართმევნენ ფულს - ამით გვამცირებდნენ ჩვენც და საკუთარ თავსაც.

რამდენიმე ლარიანი გამორჩენის მიზნით ისინი მზად იყვნენ იყვნენ ნებისმიერ სიბინძურეზე მოეწერათ ხელი, ნაძარცვი ფული კი ყოველ საღამოს საკუთარი ხელმძღვანელობისთვის უნდა მიეტანათ.

ეს ხელმძღვანელები არასდროს ჩანდნენ იქ, სადაც ისინი მართლაც საჭირო იყვნენ და არასდროს სთხოვდნენ პასუხს მათ, ვინც ყველაზე მეტად იყო პასუხისგებაში მისაცემი.

ვხდებოდი პრეზიდენტი ქვეყნისა, სადაც კანონი არ კანონობდა და სამართალი არ ზეიმობდა, სადაც სუსტი და დაუცველი, პატიოსანი ადამიანი იჩაგრებოდა, ხოლო ყველაზე თავზეხელაღებული არამზადა წარმატებას აღწევდა, სადაც კანონს ქურდი წერდა, ხოლო კანონმდებელი ქურდობდა.

ზუსტად სამი წლის წინათ, მე თქვენს წინაშე ვდებდი ფიცს, რომ საქართველოს ძლიერ და ერთიან სახელმწიფოდ გადავაქცევდი, მაგრამ ვხდებოდი პრეზიდენტი ქვეყნისა, რომელიც მთლიანად დაშლილი და საფეოდალოებად და ყველაზე საშიში და ანტისახელმწიფოებრივი ელემენტების საბოგინოდ იყო დაქუცმაცებული.

ჩემს ფიცს უსმენდნენ აჭარაშიც, სადაც ჩემი ხალხი ერთი ქონდრისკაცის დაუნდობელი წნეხის ქვეში იყო მოქცეული, რომელსაც თბილისში ჩამოსვლა სირცხვილად მიაჩნდა, თავისუფალი აზრისა და სიტყვისთვის, საქართველოს ერთგულებისა და სიყვარულისთვის ხალხს მიწასთან ასწორებდა; აჭარაში კბილებამდე შეიარაღებული არმია ბუდობდა და საჭიროების შემთხვევაში, მზად იყო საქართველოსთვის გამანადგურებელი და დამანგრეველი დარტყმა მიეყენებინა, რაც სცადა კიდეც.

სამი წლის წინათ, 25 იანვარს ძალიან ბევრი ადამიანის იმედით ანთებულ თვალებს ვუყურებდი და ვხდებოდი პრეზიდენტი ქვეყნისა, რომელშიც არ არსებობდა ხელფასი და პენსია; არ მუშაობდა ხალხის დაცვის არც ერთი მექანიზმი და თუ ერთი მუჭა ადამიანების ჯგუფის წევრი არ იყავი, ვერც ჯანმრთელობის დაცვის და ვერც განათლების სფეროების ელემენტალურ მომსახურებას ვერ მიიღებდი; თუ ფულის გადახდას ვერ შეძლებდი არც გადარჩენის და არც წარმატების შანსი არ მოგეცემოდა - ვერც სკოლაში მიიყვანდი ბავშვს და ვერც სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენდი ოჯახის წევრებს.

სახელმწიფოსთან ურთიერთობის ერთადერთი ფორმა, ყველაზე დაბალი რანგის ჩინოვნიკიდან დაწყებული, ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობით დამთავრებული, ქრთამი და ფულის გამოძალვა იყო.

ჩვენთან არც ერთი სერიოზული ბიზნესი, არც ერთი წარმოება არ არსებობდა და არც განვითარების შანსი გვქონდა.

ჩემს ფიცს, ჩვენი დიდი მცდელობის მიუხედავად, ძალიან ბევრი მოქალაქე ვერ უსმენდა, რადგან ყველაფერთან ერთად ჩვენ იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომელიც თითქმის მთლიანად იყო ჩაბნელებული.

ჩვენს სოფლებში ისევ ცხოვრობდა ბავშვების მთელი თაობა, რომელსაც არასდროს ენახა შუქი, რომლებიც ისე იზრდებოდნენ, რომ ჩართული ტელევიზორიც კი არ ჰქონდათ ნანახი.

მრავალი წლის განმავლობაში ზამთრის მოახლოება სრული ნერვული სტრესის პირობებში გაყინულ და ჩაბნელებულ სახლში ჯდომასა და გაუსაძლისი სეზონის დადგომას ნიშნავდა.

მაშინდელი პირობა, რომ ანთებული ნათურა საქართველოს ყველა ოჯახში იქნებოდა, ძალიან ბევრს სასაცილოდ არ ჰყოფნიდა.

ამ სამი წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა.

როდესაც ჩვენ 2003 წლის ნოემბერში ქუჩებში გამოვედით, ამას მსოფლიომ ვარდების რევოლუცია უწოდა, მაგრამ ნამდვილი რევოლუცია სწორედ ამ სამი წლის განმავლობაში მოხდა.

ჩვენ დავანგრიეთ და შევცვალეთ ცხოვრების მაშინდელი წესი.

ჩვენი ცხოვრების წესი ქრთამის გადახდა აღარ არის.

ჩვენ აღარ გვაქვს სახელმწიფო კორუფცია, თუმცა, როგორც ყველა ქვეყანაში, მექრთამეებიჯერ კიდევ გვყავს, რომლებიც ციხეში მიდიან.

ჩვენ ცუდი სიზმარივით დავივიწყეთ, რომ გამურული ჭრაქის შუქზე ვცხოვრობდით; ეხლა იმის წარმოდგენაზეც კი გვეცინება, რომ საქმის გასარჩევად შეიძლება გლდანელ, თემქელ, ქუთაისელ ან ზუგდიდელ ქურდს მივმართოთ.

ისე, სხვათა შორის, ტელევიზორიდან მეათე ხარისხოვან ამბად ვიგებთ, რომ ქართულმა სასამართლომ ასლან აბაშიძეს ჩადენილი დანაშაულებებისთვის 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

უმაღლეს სასწავლებლებში ეწყობიან ბავშვები, რომელთაც ადრე არავინ მიაკარებდა იმ ფაკულტეტებს, რომლებზეც მხოლოდ თბილისში ვერაზე ან ვაკეში მცხოვრები განსაკუთრებული და მდიდარი ოჯახის შვილები ხვდებოდნენ.

დღეს კი იქ სწორედ იმ სოფლებიდან წამოსულმა ბავშვებმა, რომლთაც შუქი წლების განმავლობაში არ ჰქონათ.

ამის მიუხედავად ეს ბავშვები უფრო კარგად სწავლობდნენ, ვიდრე ისინი, ვისაც საამისოდ გენერატორებიც ჰქონდათ სახლში და ყველა სხვა პირობაც.

აი ეს არის ახალი, სამართლიანი წესრიგი და ნამდვილი ცხოვრებისეული ჭეშმარიტება.

მართალია ქვეყანაში პენსიები ჯერ კიდევ მცირეა, მაგრამ ის ვითარება, როდესაც მოხუცებს მას საერთოდ არ აძლევდნენ, წარსულს ჩაბარდა.

წარსულში დარჩა ისიც, რომ შესაძლოა პოლიციელმა ქუჩაში ფული დღისით, მზისით თავხედურად წაგართვას.

ჩვენ უკვე გვიკვირს, რომ ვცხოვრობით ისეთ ქვეყანაში, სადაც არც ერთმა ადამიანმა საკუთარი ჰიმნის ტექსტი არ იცოდა და საკუთარ დროშას პატივს არ სცემდა.

ეხლა ცხოვრების ახალი წესები გვაქვს.

ჩვენი ცხოვრების წესია ის, რომ კანონი კანონობს, დამნაშავე შესაბამისად ისჯება და როგორც არ უნდა გვეწინააღმდეგებოდნენ, გვლანძღავდნენ და გვიპირსპირდებოდნენ, უკან არ დავიხევთ - კორუმპირებული, ბანდიტი, ქურდი დაისჯება და კანონიერი ქურდი საქართველოში ცხვირს ვეღარ შემოყოფს.

ფული აქ აღარ ჭრის, ჩვენთან პოლიტიკური ლობი აღარ მოქმედებს. ჩვენი ცხოვრების წესია ის, რომ ჩვენ ქართველობა გვეამაყება, თითოეული ადამიანისათვის ძლიერ ჯარში სამსახური კი, პრესტიჟის და პატივის საქმეა.

ჩვენი ცხოვრების წესია ვიყოთ პატრიოტები, ერთად ვუვლიდეთ და ვასუფთავებდეთ ჩვენს ქვეყანას, ერთად ვახერხებდეთ ჩვენი ინტერესების დაცვას.

ჩვენი ცხოვრების წესია ის, რომ თუ გვიჭირს ავკრეფთ 03 და უფასო სასწრაფოს გამოვიძახებთ, ავკრეფთ 022 და პოლიციას გამოვიძახებთ.

ჩვენი ცხოვრების წესია ის, რომ მთელი მსოფლიო მხარში გვიდგას და პატივს გვცემს.

ქართველები და ასევე სხვა ეროვნების ადამიანებიც აღარ ტოვებენ საქართველოს, არამედ ჩვენს ქვეყანაში ბრუნდებიან, უცხოელებიც ითხოვენ საქართველოს მოქალაქეობას.

ჩვენი ცხოვრების წესია ის, რომ განსაცდელის ჟამს მთელი ერი ერთად ვდგებით.

შანტაჟისა და მუქარის ენით ჩვენთან საუბარი შეუძლებელია.

წელს, მთელი კახეთი დადგა ერთად და გადაარჩინა ვენახის მოსავალი. ამბობდნენ, რომ თუკი რუსეთის ბაზარზე ღვინოს ვერ გავყიდდით, ჩვენი საშველი არ იქნებოდა.

წელს, ყველა მევენახემ მოსავლის გადარჩენა შეძლო.

აშენდა ახალი ღვინის ქარხნები, ვიპოვეთ ღვინის ახალი ბაზრები და ორჯერ-სამჯერ გავზარდეთ ქართული ღვინის ექსპორტი.

მომავალ წელს ჩვენ ბევრად მეტ ღვინოს გავყიდით, ვიდრე რუსეთის ბაზარზე ვყიდდით.

ჩვენ დავანახებთ მათ, რომ ჩვენთან ასეთი მეთოდები არ ჭრის.

ჩვენ სოლიდარობის და სიმტკიცის მაგალითები ვაჩვენეთ მაშინ, როცა ბევრი სხვა ერი ასეთ შემთხვევაში გატყდებოდა.

ჩვენი ცხოვრების წესია შენება, წინსვლა და განვითარება.

ეს არის ნამდვილი რევოლუცია, განახლება და შემობრუნება.

ისტორიისათვის სამი წელი ცოტაა, მაგამ ჩემი, როგორც თქვენს წინაშე პასუხისმგებელი პრეზიდენტისთვის, თითოეული დღე უმნიშვნელოვანესია.

ნამდვილი წარმატებული მთავრობა ის კი არ არის, რომელიც წარმატებებით ამაყობს, არამედ ის, რომელიც დღენიადაგ პრობლემების გადალახვაზე ფიქრობს და იმაზე, რომ საქართველოში არცერთი გაჭირვებული არ არსებობდეს.

რას მივაღწიეთ ამ წლებში? ჩვენ მივაღწიეთ ბევრად უფრო მეტს, ვიდრე ეს სხვას წარმოედგინა, მათ შორის, ბევრ ჩვენს თანაგუნდელს.

ნამდვილ მთავრობა ის კი არ არის, ვინც ითვლის რამდენი რამ დაიბრუნა, არამედ ის, რომელიც ფიქრობს, თუ რა აქვს დასაბრუნებელი.

ჩვენ ამ დაბრკოლებებს გადავლახავთ.

ნამდვილი მთავრობა ის არის, ვინც ფიქრობს იმაზე, რომ კოხტა, კოპწია ქალაქ ცხინვალში, კრიმინალების ბანდას მძევლად ჰყავს აყვანილი მიმდებარე სოფლების მოსახლეობა.

ნამდვილი მთავრობა დღენიადაგ ფიქრობს იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე თვალწარმტაც ადგილზე - ჩვენს აფხაზეთში ოთხმოც პროცენტზე მეტი სახლი გადამწვარია და ამ სახლებს ის ხალხია დაპატრონებული, რომლებიც თავხედურად მთელი მსოფლიოს გასაგონად აცხადებენ, რომ არასოდეს არ შეუშვებენ აქ იმ ხალხს, ვისი დიდი წინაპრებიც ამ მიწაზეა დასაფლავებული და ვინც იქიდან უსინდისოდ გამოყარეს.

საქართველო ამას არასოდეს შეეგუება.

საქართველო არასოდეს შეეგუება იმას, რომ დღესაც კი, ჩვენი მეზობელი ქვეყნის ქუჩებში აფხაზეთიდან გამოყრილ მოქალაქეებს ქუჩებში მხოლოდ იმისთვის კლავენ, რომ ისინი ქართველები არიან.

მათ ეს ათმაგად მიეზღვებათ, ხოლო ჩვენ გავიმარჯვებთ.

სამი წლის წინათ, ჩვენ ყველამ ერთად დაჩოქილი და წელში გატეხილი საქართველო ჩავიბარეთ.

როდესაც ჩვენ მის გამთლიანებაზე ვსაუბრობდით, ასეთ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის ეს შუუძლებელი იყო.

საჭიროა წინსვლა.

ქვეყნის გაერთიანებისაკენ საბოლოო ნაბიჯის გადასადგმელად, ჩვენ გვჭირდებოდა ფეხზე დადგომა, წელში გამართვა.

მინდა განვაცხადო, დღეს ჩვენ მყარად ვდგავართ ფეხზე და წელშიც გავიმართეთ, ისე მყარად, რომ ჩვენი შერყევა უკვე შეუძლებელია.

ჩვენ მოვიკრიბეთ ძალები ისე, როგორც არასდროს.

დადგა დრო, მტკიცე ნაბიჯით წინ ვიაროთ! ვიაროთ წინ ქვეყნის საბოლოო გამთლიანებისაკენ!

ჩვენს ისტორიაში, ამ უნიკალური შანსის რეალიზაციისათვის, ჩვენს თაობას მიეცა შანსი, ვიყოთ ახალი დიდგორის, ერთიანობის და სიძლიერის თაობა, რომლის სახელსაც ათასი, ორიათასი წლის შემდეგაც მადლიერებით მოიხსენიებენ.

ამ წინსვლაში ჩვენ და თქვენ ხელს ვერაფერი შეგვიშლის.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)