Google+

სიახლეები

16.04.2007
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მისასალმებელი სიტყვა პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკისადმი

მოგესალმებით ყველას!

მინდა მივესალმო პოლონეთის პრეზიდენტს, პოლონეთიდან ჩამოსულ სტუმრებს, განსაკუთრებით, პოლონელ ჟურნალისტთა დიდ ჯგუფს!

მინდა აღვნიშნო, რომ ორმხრივ ურთიერთობებში აბსოლუტური ურთიერთგაგებაა, ყველა საკითხთან დაკავშირებით ერთნაირი შეხედულება გვაქვს და ჩვენს შორის არავითარი პრობლემა არ არსებობს.

პოლონეთსა და საქართველოს შორის ისტორიული, კულტურული და ემოციური ურთიერთობებია.

საქართველო ძალიან საინტერესო ეტაპზე იმყოფება.

სამი-ოთხი წლის წინათ, ჩვენ არშემდგარი სახელმწიფო ვიყავით. წლის ამ პერიოდში მთავრობა ჩვენი მოსახლეობის 80 პროცენტს ელექტროენერგიას ვერ აწვდიდა.

დამოუკიდებლობის შემდეგ, საქართველოში არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ განხორციელებულა.

მსოფლიო ბანკის რეიტინგით, გასულ წელს, საქართველო ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყნად აღიარეს.

ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკის მონაცემებით, ჩვენ ევროპაში სამიდან ერთ-ერთი ყველაზე არაკორუმპირებული ეკონომიკის მქონე ქვეყანა ვართ.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, კი, ევრაზიაში კორუფციასთან პირველი მებრძოლი ქვეყანა.

ბიზნესკლიმატის თვალსაზრისით, საქართველო 135 ადგილიდან 35 ადგილზე გადავიდა. ვიმედოვნებთ, რომ ამ თვალსაზრისით, საქართველოს რეიტინგი მკვეთრად აიწევს.

წელს საქართველოში ორ მილიარდამდე დოლარის საგარეო ინვესტიციას ველით, რაც ჩვენი მსგავსი პატარა ქვეყნისათვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

წელს საქართველო ღარიბი ქვეყნების კატეგორიიდან საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების კატეგორიაში გადავა. მიმაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა.

შარშან გაცილებით მეტი გზა, საავადმყოფო და სკოლა ავაშენეთ, ვიდრე ეს საქართველოში ბოლო ოცი წლის განმავლობაში გაკეთდა.

საქართველო ყველა ქვეყნისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი პარტნიორია.

შარშან ჩვენი ქვეყნის მიმართ დიდი ეკონომიკური ემბარგო განხორციელდა. ემბარგო დააწესეს საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლაზე, ასევე საფოსტო გზავნილებზე.

მიუხედავად ამისა, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 10 პროცენტს მიაღწია.

თუ წელს გაუთვალისწინებული კრიზისი არ მოხდება, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მყარი ორნიშნა რიცხვიანი ეკონომიკური ზრდა ექნება.

მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ჩვენი ეკონომიკური ზრდა იყო 12-13 პროცენტი, წლის მეორე ნახევარში ეს მაჩვენებელი გაიზრდება.

რა თქმა უნდა, საქართველოს ჯერ კიდევ აქვს პრობლემები.

ჩვენს ქვეყანაზე ყოველგვარ ზემოქმედებას ახდენდნენ.

ჩვენ დაგვიკეტეს ბაზრები, ჩვენს წინააღმდეგ აწყობდნენ სამხედრო პროვოკაციებს, მასობრივად ხორციელდებოდა ჩვენი მოქალაქეების დეპორტაცია; გაზის საფასური 4-ჯერ გაგვიძვირეს და მიუხედავად ამისა საქართველომ ყველა ამ გამოცდას გაუძლო, ვითარდება და მიდის წინ.

პოლონეთის მადლიერი ვართ იმისათვის, რომ მხარს უჭერს ნატოში საქართველოს ინტეგრაციის საკითხს.

ჩვენ მხარს ვუჭერთ პოლონეთის პრეზიდენტის ინიციატივას იმასთან დაკავშირებით, რომ სამიტი ენერგეტიკის საკითხებზე პოლონეთში მოიწვიოს.

აღტაცებით ვადევნებთ თვალყურს პოლონეთის ბრძოლას იმ ფასეულობებისათვის, რომლისათვის ჩვენ ყველა ვიბრძვით - თანასწორობა, თავისუფლება.

ევროპულ ქვეყნებს შორის პოლონეთი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შუქურა და ორიენტირია იმ ფასეულობების დამკვიდრების თვალსაზრისით, რომლებსაც თავად ვუჭერთ მხარს.

ამიტომ, პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტი ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენაა.

საქართველოსთვის უკრაინასა და ამ რეგიონში ბევრი სხვა ქვეყნისთვის პოლონეთი უმნიშვნელოვანესი მოკავშირეა.

იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება, ასევე მინდა გაღრმავდეს ადამიანური ურთიერთობები.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლა გაიხსნება და საქართველოში ბევრად მეტი პოლონელი ტურისტი ჩამოვა.

საქართველო ტურიზმისათვის კვლავ მიმზიდველ ქვეყნად რჩება. ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით კი, ბევრად უფრო საინტერესო ქვეყანა გახდა.

ვიცი, რომ პოლონეთში დღემდე მღერიან სიმღერებს თბილისზე, ბათუმზე, ახლა დროა სიმღერიდან რეალობაზე გადავიდეთ.

ჩვენს ქვეყნებს შორის ემოციური კავშირები არსებობს - ამას მუდმივად ვგრძნობთ, მაგალითად, წინასწარი და ინტერნეტგამოგკითხვის მიხედვით, თუ ვინ გაიმარჯვებს მაისში, ევროვიზიის ფესტივალზე, პოლონელებში დიდი უპირატესობით ლიდერობს სოფო ხალვაში.

ჩვენთვის ეს ბევრის მაჩვენებელია.

შესაძლოა პოლონელებს ქართველი კონკურსანტის ყველა სიმღერა არც მოუსმენიათ, მაგრამ ეს ხალხი საქართველოს აძლევს ხმას.

იმედი გვაქვს, რომ ასეთი დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება.

ბოლოს მინდა განვაცხადო, რომ - მაისში პოლონეთის პრეზიდენტთან ერთად გვექნება შესაძლებლობა, პოლონეთში, ვარშავის აჯანყების მუზეუმში ქართველი გმირი ოფიცრების მემორიალი გავხსნათ.

ათეულობით ქართველმა ოფიცერმა პოლონეთის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის თავი გასწირა.

მე ვამაყობ ამ ხალხით!

ისინი იყვნენ გენერლები, რომლებიც ჯერ საქართველოში იბრძოდნენ,

მათ მოახერხეს საქართველოს ტერიტორიის ნაწილის დაბრუნება და შემოკავება; შემდეგ პოლონეთში გადაინაცვლეს და მარშალ პილსუდსკისთან ერთად პოლონეთის დამოუკიდებლობისათვის იბრძოლეს, ხოლო მეორე მსოფლიო ომის დროს - ნაცისტების წინააღმდეგ.

ეს ჩვენს ქვეყნებს შორის ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული კავშირია.

ჩვენ გავხსნით ამ მემორიალს და ასევე აღვნიშნავთ პოლონეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 86 წლისთავს.

ეს ძალზე მნიშვნელოვანი თარიღია.

საქართველოს პოლონეთთან ძალზე ინტენსიური და დიდი ხნის დიპლომატიური ურთიერთობა აქვს.

კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონო პრეზიდენტო!


საქართველოს პრეზიდენტის
პრესს სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)