საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე
თქვენო უწმინდესობავ!
პატივცემულო ელჩებო, მოწვეულო სტუმრებო, ძვირფასო საზოგადოებავ!
მსურს მოგესალმოთ ყველას!
მივესალმები საქართველოს ყველა პატრიოტს!
მივესალმები ყველა ეთნიკურ ქართველს და არაქართველს მთელ მსოფლიოში, ვისთვისაც დღეს საკუთარი სამშობლოს დამოუკიდებლობის დღეა; ვისთვისაც დღეს სიამაყისა და გამარჯვების, წინსვლისა და ერთიანობის დღეა!
მივესალმები ყველა ჩვენს მოკავშირესა და მეგობარს, ვინც დღეს საქართველოს სიხარულს იზიარებს და ვინც საქართველოს წინსვლას საკუთარ წარმატებად განიხილავს.
ჩვენ ბევრი მეგობარი გვყავს მსოფლიოში.
მსურს სოლიდარობა გამოვუცხადო ჩვენს მოძმე უკრაინელ ხალხს იქ განვითარებული პოლიტიკური მოვლენების ფონზე ამ კრიტიკულ დღეებში.
მინდა სულიდარობა გამოვხატო ესტონელი ხალხის მიმართ, რომელიც ბოლო კვირებისა და თვეების განმავლობაში უზარმაზარი წნეხის ქვეშ იყო.
ამ პატარა ერმა ძალზე მტკიცედ და გმირულად გაუძლო ყოველგვარ ზემოქმედებას.
მინდა მივესალმო ჩვენი აღლუმის მონაწილეს - აჰტო ლაინევოოლს.
ეს განსაკუთრებული ადამიანია - ახლადდაპყრობილი ესტონეთის შვილი 1956 წელს სახედრო სამსახურს გუდაუთის ძალიან ცნობილ საბჭოთა სამხედრო ბაზაზე გადიოდა.
1956 წელს მარტში თბილისისა და სოხუმის (ეს ფაქტი აქამდე ჩემთვისაც უცნობი იყო) ქუჩებში დაიწყო ადგილობრივი საზოგადოების გამოსვლები, რომელიც გადაიზარდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნაში.
ჩემი ბებია-ბაბუისგან მონათხრობიდან ვიცი, რომ თბილისის ქუჩებში დამოუკიდებელი საქართველოს აფრიალებული დროშა მრავალი ათწლეულის შემდეგ პირველად სწორედ იმ დღეებში დაინახეს.
ადგილობრივი საზოგადოება სოხუმშიც გამოსულა და საქართველოს დამოუკიდებლობა მოუთხოვია.
გუდაუთის სამხედრო ნაწილს სოხუმში გამოსული მოქალაქეების დახვრეტა დაავალეს. ამ საქმის აღსრულება იმ შენაერთს მიანდეს, რომელსაც ბატონი აჰტო მეთაურობდა.
1956 წელს - უსასტიკესი საბჭოთა რეჟიმის პირობებში - მან დემონსტრატიულად თქვა უარი ქართველების დახვრეტაზე, რისთვისაც დააპატიმრეს და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ციმბირში გადასახლებით.
მინდა მრავალი წლის შემდეგ გამოვაცხადო, რომ ამ კაცისა და მისი მშობელი ერის წინაშე ჩვენ ვალში ვართ.
მსურს მას საქართველოს უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო - საქართველოს ღირსების ორდენი გადავცე, როგორც ადამიანს და იმ ერის წარმომადგენელს, რომელსაც აქვს ღირსებისა და მეგობრობის უდიდესი განცდა.
მრავალი წლის შემდეგ მსურს მას მადლობა ესტონურად გადავუხადო - ტანან!
დღევანდელი დღე არის ჩვენი დიდი პასუხისმგებლობის გაცნობიერების დღე, პასუხისმგებლობისა ჩვენი წარსულის და მომავალის წინაშე.
წარსულის წინაშე იმიტომ, რომ დღევანდელ დღემდე ჩვენი პატარა, მაგრამ დიდი ერის დამოუკიდებლობისთვის თავგანწირული ბრძოლის მრავალსაუკუნოვანი ისტორია გვაქვს.
მილიონობით ქართველმა გმირმა სიცოცხლე მიუძღვნა და შეწირა იდეას - დამდგარიყო დღე, როდესაც საქართველო დამოუკიდებლობას იზეიმებდა.
დღეს ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა საკუთარი ხალხისა და მომავალი თაობების წინაშე.
პასუხისმგებლობას ვიღებთ იმაზე, რომ საქართველოს დაქუცმაცებისა და დაყოფის დიდი მცდელობის მიუხედავად, იმავე საზღვრებში შევინარჩუნოთ ჩვენი სამშობლო, რომელშიც წინაპრებმა დაგვიტოვეს საკუთარი სისხლისა და უზარმაზარი ბრძოლის ფასად.
ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა აფხაზეთიდან გამოყრილი 500 ათასი ჩვენი თანამემამულის მიმართ. ისინი არიან არა მარტო ეთნიკური ქართველები, არამედ ეთნიკური უკრაინელები, ებრაელები, ბერძნები, სომხები, აფხაზები...
პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ ეს ხალხი ღირსეულად დავაბრუნოთ საკუთარ სახლებში, მიტოვებულ კერებზე; მათ და მათ შვილებს დავუბრუნოთ ის, რაც მათ უკანონოდ, ყოველგვარი საერთაშორისო ნორმისა და ადამიანური პრინციპის დარღვევით წაართვეს ეთნიკური წმენდის შედეგად.
დღეს სწორედ მათი სახელით, ჩვენი წინაპრებისა და დღევანდელი თაობის სახელით გვაქვს გაშლილი საქართველოს გამარჯვების დროშები და ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა წარსულისა და ისტორიის წინაშე!
ვინაიდან ჩვენს თაობას წილად გვერგო გამარჯვების დროშის გაშლა, ჩვენივე პასუხისმგებლობაა მომავლის წინაშე, რომ ეს დროშა აღარასოდეს არ დაეშვას!
ჩვენი პასუხისმგებლობაა მომავლის წინაშე, რომ დღეს ავაშენოთ სახელმწიფოებრიობის იმდენად მტკიცე ფუნდამენტი, რომ მომავალ თაობებს საქართველოს დამოუკიდებლობა და ერთიანობა აღარასოდეს გაუხდეს სანატრელი!
ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ჩვენი წინაპრების მიერ დატოვებული მრავალეროვანი და მრავალი აღმსარებლობის მქონე საქართველო შევინარჩუნოთ, რადგან მრავალი ეროვნება და მრავალი ეთნიკური წარმომავლობა ჩვენი სიმდიდრეა.
ეს იმ დიდი მშენებლობის აგურებია, რომლითაც ახალი სახელმწიფო შენობა უნდა ავაშენოთ.
მრავალ ეროვნებაზე საუბრისას მრავალეთნიკურობას ვგულისხმობდი, რადგან არსებობს მხოლოდ ერთი ქართველი ერი და ის ქართველებისგან, აზერბაიჯანელებისგან, აფხაზებისგან, სომხებისგან შედგება.
მინდა მივესალმო ჩვენს მოსახლეობას ცხინვალში, ჯავაში, ზნაურში, ახალგორში, დიდი და პატარა ლიახვის ხეობებში, ბევრ სხვა დასახლებულ ადგილზე და მსურს მათ ვუთხრა, რომ ოსები არა მხოლოდ იყვნენ, არამედ არიან და იქნებიან საქართველოს გმირული ისტორიის ნაწილი, რადგან ეს საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სახელმწიფოებრივი ამოცანაა.
მინდა მათ ვუთხრა ქართული სახელმწიფოსა და საკუთარი სახელით - ჩვენ ისინი გვიყვარს და პატივს ვცემთ.
დღევანდელი დღე არის ჩვენი სიამაყის დღე, რადგან საქართველო აქამდე არასოდეს არ ყოფილა ასეთი ძლიერი!
ვინაიდან საქართველოს აქამდე არასოდეს არ ჰქონია ასეთი საშუალებები თავისუფლებისა და ერთიანობის დასაცავად!
ვინაიდან საქართველოს აქამდე არასოდეს ჰყოლია პარტიოტების ასეთი დისციპლინირებული, გაწვრთნილი, აღჭურვილი და შემართული არმია!
განსაკუთრებით მსურს მივესალმო იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ჩემთვისაც კი გასაკვირი უზარმაზარი ენთუზიაზმით, მოტივაციითა და მონდომებით მსახურობენ ქართულ ჯარში.
ორი სამი წლის წინათ ასეთი რამ თითქმის წარმოუდგენელი იყო.
ყოველივე ამის შემხედვარე საქართველოს არაკეთილმოსურნეს, ალბათ, დღეს გული უსკდება.
დღევანდელი დღე არის თავისუფლების დიდებული დღე!
- რადგან საქართველო არასოდეს არ ყოფილა ასეთი დამოუკიდებელი, მაგრამ, ამავე დროს, მსოფლიო ცივილიზაციასთან ინტეგრირებული როგორც დღეს!
- რადგან საქართველოს საზოგადოება არასოდეს ყოფილა ისეთი თავისუფალი როგორც დღეს.
- რადგან ქართული საზოგადოება არასდროს ყოფილა ღირსების გრძნობით ისეთი აღსავსე, როგორც დღეს!
თუმცა უწინარესად ყოვლისა, დღევანდელი დღე არის ჩვენი ერთიანობის დღე!
- რადგან ჩვენი ძალა ერთობაშია!
- რადგან ერთ მუშტად შეკრულს, ვერავინ და ვერაფერი დაგვამარცხებს!
მთავარი, რაზეც ოცნებობს მტერი არის ის, რომ გაგვყოს და გაგვთიშოს.
მან იცის, რომ ქართველები ამბიციური და თავმოყვარე ხალხია, ჩვენს შორის პატივმოყვარეებიც არიან და მტერს სწორედ ამ თავმოყვარეობასა და პატივმოყვარეობაზე ზემოქმედება სურს.
ეს იყო საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი წარმატებული მეთოდი მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე.
ჩვენ ვერ გვერეოდნენ ძალით, მაშინაც კი, როდესაც ჩვენზე ათჯერ და ასჯერ ძლიერნი იყვნენ...
ვერ გვერეოდნენ მაშინ, როდესაც გვინადგურებდნენ ეკონომიკას.
შარშან საქართველომ მიიღო ის, რაც სხვა ქვეყნისთვის ეკონომიკური ნოკაუტის ტოლფასი იქნებოდა.
იმის გამო, რომ ჩვენ ვერ გაგვთიშეს, შევინარჩუნეთ საკუთარი ეკონომიკა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტემპით ვიზრდებით - ჩვენ გავხდით მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა; ჩვენ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე არაკორუმპირებული ქვეყანა გავხდით.
სწორედ ასე ვპასუხობთ გამოწვევებს, როდესაც ერთიანი ვართ!
ჩვენ ვერ გვერეოდნენ ვერც ჭკუით, ვერც მუქარით და ვერც იარაღის ჟღარუნით.
თუ ერთიანობას ვინარჩუნებდით, ჩვენი დამარცხება შეუძლებელი ხდებოდა, მაგრამ როგორც კი სხვადასხვა მოტივით ერთმანეთს გავეთიშებოდით, ჩვენი გაჭირვებისა და პრობლემების ჟამი დგებოდა.
დღესაც ძალიან დიდი გამოწვევები გვაქვს და ზოგჯერ მგონია, რომ ზოგიერთ მოქალაქეს არც კი ესმის რამდენად დიდი ამოცანების წინაშე დგას საქართველო. თუმცა ჩვენი ხალხის 99 პროცენტს ეს მშვენივრად აქვს გაცნობიერებული.
წელს ძალზე დიდი დაბრკოლებები გვაქვს გადასალახი, ჩვენს წინააღმდეგ მომართული უზარმაზარი ძალა გვაქვს გასანეიტრალებელი, მაგრამ ერთ მუშტად შეკრული ჩვენ ყველაფერს მოვახერხებთ და დავძლევთ.
ერთ მუშტად შეკრული საქართველო თამამად ეკუთვნის ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ოსს, აფხაზს, სომეხს, აზერბაიჯანელს, რუსს, ებრაელს, ბერძენს, ყველას ვინც ჩვენს მიწაზე დაიბადა და ცხოვრობს, ყველას, ვისთვისაც ეს ქვეყანა სამშობლოა.
საქართველოს ერთიანობას ყველა თანაბრად დაიცავს და ყველა თანაბრად გაიხარებს საქართველოს გამარჯვებით!
დღესაც ჩვენი არმიის რიგებში დგას ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი და ისინი მზად არიან საქართველო დაიცვან ნებისმიერი შესაძლო გარე საფრთხისგან.
მინდა ვთქვა, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები დღეს ძლიერია, მაგრამ ეს სიძლიერე ყოველდღიურად კიდევ უფრო მტკიცდება.
დრო ჩვენზე მუშაობს და მოვლენების განვითარების ზუსტი ხედვა გვაქვს;
დავსახეთ დიდი და ზუსტი ამოცანები და გვწამს, რომ ღვთის შეწევნითა და წმიდა გიორგის წინამძღოლობით ჩვენს მიზნებს აუცილებლად მივაღწევთ.
ყველამ უნდა ვიცოდეთ და კარგად დავიმახსოვროთ, რომ ჩვენი მთავარი ძალა არა მარტო ამ ჯარშია, რომლითაც პირადად მე ძალიან ვამაყობ; არა მარტო იმ იარაღში, რომელიც საქართველოს აქვს; არა მარტო იმ ეკონომიკურ განვითარებაში, რომელსაც ამ ორი წლის განმავლობაში მივაღწიეთ; არა მარტო ჩადებულ ინვესტიციებში (წელს საქართველოში ჩაიდება ორ მილიარდ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია); არამედ ჩვენს მოტივაციასა და ერთობაში.
ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენი ძალა ერთობაშია!
და ჩვენ ვიქნებით ერთიანი!!!
მსურს მოგილოცოთ ყველას დღევანდელი დღე.
ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს - ჩვენი საქართველოს მფარველი!
ბატონებო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური