Google+

სიახლეები

05.07.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საკრებულოს წევრების წინაშე სიტყვით წარსდგა

მოგესალმებით ყველას!

საზაფხულო არდადეგებამდე დედაქალაქის სკრებულოში საკუთარ გუნდთან შეხვედრა ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

ალბათ ზოგიერთი თქვენგანი დასვენებას აპირებს, თუმცა ჩვენ მუშაობას არ ვწყვეტთ.

თქვენ წარმოადგენთ ყოველდღიურ კოლექტიურ ორგანოს, რომელიც მართავს დედაქალაქს - საქართველოს ძალზე მნიშვნელოვან ნაწილს.

მინდა ვთქვა, რომ ყველა სასიკეთო ცვლილება, რომელიც ხდება თბილისში არის არა ცალკე აღებული პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, ქალაქის მერის, საკრებულოს თავმჯდომარის დამსახურება, არამედ საქართველოს ამ უმნიშვნელოვანესი ადგილის - საკრებულოს თითოეული წევრის, მერიის თითოეული თანამშრომლის, თითოეული გამგებლის და თითოეული იმ ადამიანის დამსახურება, რომელსაც ცხოვრების დონის გაუმჯობესება სურს.

ჩვენ ვართ კოლექტიური ხელმძღვანელობა, რომელსაც არც რაიმე გარიგებაზე წასვლა სჭირდება, არც კულისებში ვინმეს მოსყიდვა და არც პირზე ხელის აფარება.

ჩვენ არავის არაფერზე არ ვურიგდებით, ჩვენ საქმეს ვაკეთებთ!

ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი.

ბევრია გაკეთებულიც, მაგრამ მხოლოდ იმის მეასედი, რაც საქართველოსა და თბილისში უნდა გაკეთდეს.

მინდა ვთქვა, რომ ეფექტიანი ხელისუფლება აქტიურ მოქმედებას კვლავაც გააგრძელებს.

ჩვენ არავითარ კომპრომისზე არ წავალთ.

გუშინწინ ვნახეთ, რომ ქუთაისში დააკავეს მერიის შემადგენლობის ძალზე სერიოზული ნაწილი, მანამდე იგივე მოხდა ბათუმში და საქართველოს სხვა რეგიონებში.

გუშინ, ჩემდა გასაკვირად, ამ ფაქტის სრულიად ამაზრზენი გარჩევა იყო პარლამენტში.

ხალხი ამას შეჩვეულია და ხვდება, რომ ასეთია აფსურდის თეატრის თამაშის წესები - ამ სპექტაკლს პოლიტიკური სპექტრის ერთი ნაწილი ხანდახან დგამს-ხოლმე.

მსურს ამ ადამიანებს ვუთხრა - კორუმპირებულს გამოვავლენთ, ქურდს ჩასვამთ ციხეში, ხოლო ფულს დავუბრუნებთ ხალხს.

ხელისუფლებაში ამ ლოზუნგებით მოვედით და მათთვის არასოდეს არ გვიღალატია.

ძალიან ვამაყობთ იმ ხალხით, რომელიც ამ საქმეს ემსახურება.

გუშინ კი პარლამენტში მათ დასცინოდნენ.

ვფიქრობ, ეს არა მარტო ამ ადამიანების, არამედ პარლამენტისა და ხალხის შეურაცხყოფაა, რადგან სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები კორუფციის წინააღმდეგ დღე და ღამე იბრძვიან და საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის თავს სწირავენ.

რამდენიმე დღის წინათ პატრულის ერთ-ერთი თანამშრომელი მივაბარეთ მიწას, რომელიც ნამდვილი გმირია.

არიან სრულიად უთავმოყვარეო ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ საქართველოში გმირები აღარ არიან და არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ამტკიცებენ, რომ საქართველოში არიან გმირები და შესაძლებელია გმირობა გამოიჩინო.

ასეთი ხალხით ძალიან ვამაყობთ.

ვინც რა არ უნდა თქვას პარლამენტში, შემდეგ ჯერზე ისინი ანგარიშით უნდა წარსდგნენ ქართველი ხალხის წინაშე.

საკრებულოს შარშანდელი არჩევნები კარგი გაფრთხილება იყო მათთვის, მათ, ვინც გუშინ ბევრი იხმაურა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, ხალხმა საკადრისი პასუხი გასცა.

ამ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აქ პრაქტიკულად არ არიან წარმოდგენილი და ვფიქრობ ასე იქნება მანამ, სანამ ეს ხალხი არ მიხვდება, რომ საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა უფრო მაღლა დგას, ვიდრე კლანური, ოჯახური, მეგობრული, ნათესავური, ან სხვა რაიმე ტიპის სოლიდარობა და პასუხისმგებლობა.

ჩვენ რთულ ვითარებაში მყოფი ქვეყანა ვართ, რადგან ერთი მხრივ, ძალიან დიდი ეკონომიკური წინსვლა გვაქვს, მაგრამ მეორე მხრივ, რაც უფრო მეტი ფული შემოდის ქვეყანაში, საზოგადოების ერთი ნაწილისთვის სოციალური რისკი მით უფრო დიდია - შესაძლოა ისინი კიდევ უფრო დაუცველები აღმოჩნდენ.

რა თქმა უნდა, არის სერიოზული დარტყმები, რაც ამ ხალხის კეთილდღეობას აზარალებს - სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და მივხვდეთ, რომ სოლიდარობა საზოგადოების ყველა წევრზე ვრცელდება.

ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელმაც ცხოვრების დონის ყოველდღიური გაუმჯობესება ვერ იგრძნო (რა თქმა უნდა, ასეთი ხალხი ჯერ კიდევ არის), თუნდაც მხოლოდ ლაპარაკი იმაზე, რომ ყველაფერი კარგად მიდის, უბრალოდ არასწორია და მათზე ეს საკმაოდ გამაღიზიანებლად მოქმედებს.

უწინარეს ყოვლისა, ამ ხალხს უნდა ველაპარაკოთ და სწორედ მათ უნდა მივცეთ ვითარების გაუმჯობესების შესაძლებლობა.

რთული ვითარებაა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი საზღვრების კონტროლის საშუალება არ გვაქვს.

ამ დღეების განმავლობაში თქვენ ნახეთ, თუ როგორ გმირულად იქცეოდა შიდა ქართლის მოსახლეობა.

რამდენიმე დღის წინათ მათ, სრულიად არამართლზომიერად, ბრონეტრანსპორტიორებით გადაუკეტეს გზა და რამდენიმე სოფლისთვის საარსებო მნიშვნელობის მქონე გზის აშენების საშუალება არ მისცეს.

ამ სოფლებში, ეთნიკური თვალსაზრისით, შერეული მოსახლეობა ცხოვრობს.

პირადად მე, ძალიან მაღიზიანებს როდესაც მესმის გამონათქვამი - ოსური მხარე, ქართული მხარე.

არ არსებობს არანაირი ოსური და ქართული მხარე, არის მხოლოდ საქართველოს მხარე და სწორედ საქართველოს მხარეს არიან ეთნიკური ოსები და ეთნიკური ქართველები.

თვალში მომხვდა ის ფაქტი, რომ ცხინვალთან მიმდინარე აქციის დროს რამდენიმე ქალბატონს ადგილობრივი სოფლების მცხოვრებლები, რომლებიც იქ მართლაც გმირულად იდგნენ, კოკოითის გონზე მოყვანას ურჩევდნენ.

ეს ქალბატონები ისეთივე ჩვენები არიან, როგორც "ტეკ"-ის მეორე მხარეს მდგომები.

იმ ქალებთან არავითარი პრეტენზია არ შეიძლება გვქონდეს, და მით უმეტეს, არ შეიძლება ამის ტირაჟირებას ვახდენდეთ.

ეს ხალხი გულით, სულით, სისხლით, ხორცით საქართველოს ერთგული შვილები არიან!

ასეთია ყველა ადამიანი, ცხინვალში, ჯავასა თუ როკის ტეკთან მოკალათებული რამდენიმე ათეული ბანდიტის გარდა.

ამ ხალხს პატივისცემა და დაყვავება უნდა, საქართველომ მათ სოლიდარობა უნდა გამოუცხადოს.

ეს ჩვენთვის მართლაც ისტორიული შანსია!

ვუბრუნდები იმ თემას, როდესაც მოსახლეობას გზა გადაუკეტეს - ხალხმა ჯარისკაცებს ვარდები მიუტანა და მრისხანე სამხედრო ტექნიკა საღებავებით შეღება.

მათ აბსოლუტურად მშვიდობიანი მოქმედებებით მიაღწიეს თავისას.

ეს სწორედ ისაა, რაც ყველანაირი უსაფრთხოების გენერლების, სუკ-ის ყველანაირ ტექნოლოგიებს, ხალხის დაშინების ყოველგვარ მცდელობას და იქ მოწყობილ უკანონო ციხეებს აუცილებლად დაანგრევს.

დღეს ცხინვალის ციხეში ზის ალან პარასტაევი - ცხინვალის ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული მოქალაქე, რომელიც არასდროს არ ყოფილა საქართველოს სახელმწიფოს დიდი გულშემატკივარი.

ეჭვი გაუჩნდათ, რომ მას ქართველებთან მშვიდობა სურდა.

ამისათვის იგი უმოწყალოდ სცემეს, რის შედეგადაც ერთი თირკმელი გაუსკდა, ხოლო მეორე - მწობრიდან გამოვიდა.

დღეს მასზე იწერება სტატიები "ვაშნიგტონ პოსტ"-ში, მსოფლიო და მათ შორის რუსულ პრესაში.

იცით ეს რას ნიშნავს?

თუ ისეთი ადამიანები, რომლებიც ქართულ სახელმწიფოსთან თავად არასდროს არ მოვიდოდნენ, მხოლოდ იმის გამო იჩაგრებიან, რომ ვიღაც ჩამოსულმა სუკ-ის გენერალმა მათი აქეთ მხარეს გადმოსვლა შესაძლებლად მიიჩნია, საქმე ძალიან ცუდად აქვთ, საქართველო კი სწორ გზაზე დგას.

თუმცა, რა თქმა უნდა, ყოველი ასეთი ადამიანის ბედი ძალიან მაწუხებს.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მგავსი ფაქტები არ ხდებოდეს, მაგრამ ჩვენი ქვეყანა სწორ გზაზე დგას და თუ ვინმე ამ გზიდან არ აგვაცდენს, ჩვენს ერთიანობას არ დაარღვევს და ქართულ სახელმწიფოს სხვა ლიანდაგზე არ გადაიყვანს, ჩვენი მატარებელი აუცილებლად მივა საბოლოო პუნქტთან.

მსურს ქალაქის თემატიკას დავუბრუნდე.

ჩვენი ქალაქი ძალიან შეიცვალა, თუმცა ეს გზის მხოლოდ დასაწყისია.

მასშტაბური მშენებლობა მხოლოდ ახლა იწყება.

ჩვენ ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ძვირადღირებულ, მასშტაბურ, ფეშენებელურ მშენებლობასთან ერთად, ხალხისთვის საცხოვრებელი ფართი ხელმისაწვდომი გახდეს.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ე.წ. ხრუშჩოვკები თანდათან განადგურდეს.

თქვენ ამ გზაზე უკვე დგახართ და საკანონმდებლო საშუალებები უნდა შევქმნათ, რათა ყველანაირი, მათ შორის მათ შორის ფინანსური ხელშეწყობით ამ ე.წ. ხრუშჩოვკებიდან ხალხი ნორმალურ საცხოვრებელში გადავიდეს.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ახალგაზრდა ოჯახებმა საბანკო კრედიტებითა და სხვადასხვა საშუალებით საკუთარი მომავალი შეიქმნან - თავადვე შეეძლოთ საკუთარი თავის საცხოვრებლით უზრუნველყოფა და მუდმივად მშობლებზე არ იყვნენ დამოკიდებული.

ბევრი რამ უკვე შევცვალეთ, მაგრამ სერიოზული პრობლემების წინაშეც ვდგავართ.

ქალაქში ორჯერ გაძვირდა ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულება.

ყველა ვაღიარებთ, რომ ეს სერიოზული დარტყმაა მათი საოჯახო ბიუჯეტისთვის, ვინც ამ ტრანსპორტით სარგებლობს.

ტრანსპორტის გადასახადი იმ ხალხის ოჯახურ ბიუჯეტს სერიოზულად აზარალებს, ვისაც დილაობით ბავშვები მიყავს სკოლაში (მით უმეტეს, თუ ოჯახში რამდენიმე ბავშვია).

ეს მათთვის სერიოზული დარტყმაა.

თუ ვერ ვინარჩუნებთ ტრანსპორტის ფასს და როგორც ჩანს, ვერ ვინარჩუნებთ, ის მაინც უნდა გავაკეთოთ, რომ ქალაქში მართლაც მსოფლიო კლასის სატრანსპორტო სისტემა იყოს.

ეს გადაწყვეტილება გიგი უგულავასთან ერთად მივიღეთ.

ეს იმას ნიშნავს, რომ თბილისში ავტობუსების რაოდენობა მინიმუმ უნდა გაორმაგდეს და ისეთი ავტობუსებით კი არ უნდა გვიწევდეს მგზავრობა, რომელშიც პაპანაქება სიცხის დროს ფანჯარა არ იღება (თავის დროზე გაჭირვების ტალკვესი იყო ის იაფი ავტობუსები, რომლებიც ევროპიდან შემოვიტანეთ), არამედ ისეთი უნდა გვქონდეს, რომელშიც ჰაერიც შემოდის, ადამიანები თავისუფლად სუნთქავენ და მოძრაობენ და უვარგისი ტრანსპორტის გამო მთავრობას, მერიასა და საკრებულოს არ ლანძღავენ.

ეს უახლოესი თვეების განმავლობაში უნდა გაკეთდეს.

ასევე გვაქვს ერთობლივად შემუშავებული და მხარდაჭერილი ბრწყინვალე გეგმა - ქალაქში ახალი გზები უნდა აშენდეს.

იმ პირობებში, როდესაც ქალაქში მანქანების რაოდენობა იზრდება, ამის გაკეთება აუცილებელია.

ადრე ყველაფერი შენდებოდა ვაკის, საბურთალოს, ვერის მასშტაბით და თბილისის მარცხენა სანაპირო პრაქტიკულად მიტოვებული იყო.

ვარკეთილიდან მცხეთაში მოსახვედრად, ადამიანი აეროპორტის გზაზე უნდა ჩამოსულიყო და ქალაქის მთელი ცენტრი უნდა გაევლო.

ახლა ჩვენ ავაშენებთ ავტობანს, რომელიც ყველა ე.წ. გარეუბანს (ცხოვრების ხარისხით შესაძლოა ისინი საქართველოს ყველაზე კარგი უბნები გახდეს), შეაერთებს და აეროპორტის გზიდან კახეთის გზატკეცილზე აღმოვჩნდებით, რომელიც შემდეგ პირდაპირ ჩაგვიყვანს ცხინვალსა და სოხუმში.

ეს მართლაც ისტორიული პროექტია, რომლის ღირებულება, დაახლოებით, 150 მილიონი ამერიკული დოლარია, მაგრამ ეს არის ის, რაც ქალაქს საუკეთესო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას შესძენს.

მსურს მეტროს საკითხსაც შევეხო - ყველაზე მძიმე პერიოდში მეტროპოლიტენმა გადაგვარჩინა.

ძალზე მნიშვნელოვანია ის, რომ თქვენ არა მარტო არემონტებთ მეტროსადგურებს, რაც ესტეტური თვალსაზრისით არანაკლებ მნიშვნელოვანია, არამედ ახალი მეტროსადგურების მშენებლობისკენ აიღეთ კურსი.

უმნიშვნელოვანესია, რომ მრავალი ათწლეულის შემდეგ, დაიწყო ახალი რაიონების მშენებლობა.

შენდება მართლაც მაღალი კლასის საცხოვრებელი უბნები და არა ისეთი რაიონები, როგორც საბჭოთა პერიოდში ვარკეთილსა და ვაზისუბანში აშენდა - იქ პირდაპირ ქვიშაზე დააგეს ასფალტის თხელი ფენა და კორპუსები, ფაქტობივად, ჩაყარეს.

ამ კორპუსების თითქმის ნახევარი ავარიულია, რადგან მთელი ფული ჯიბეში ჩაიდეს.

ძალზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს სახლები ხალხისთვის ხელმისაწვდომი იყოს.

თქვენ ასევე ბევრს შრომობთ იმისათვის, რომ სუფთა ქალაქი გვქონდეს.

დასუფთავების საშუალებების შესაძენად დამატებით 50 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.

ამას გარდა, თბილისი უნდა გახდეს მწვანე ქალაქი - ჩვენი ქალაქის გამწვანება საკმარისი არ არის.

ეს საქართველოს ყველა ქალაქს შეეხება, მაგრამ პროცესი თბილისიდან უნდა დაიწყოს.

დავხარჯოთ ძალიან ბევრი ფული და ვაქციოთ თბილისი ნამდვილ ბაღნარად!

ეს არ არის კომუნისტური ლოზუნგი.

ყველა ეზოში, ქუჩასა და სკვერში უნდა იყოს ქალაქის ფილტვები - დავრგათ, მოვრწყათ, გავამწვანოთ და ქალაქი ავაბიბინოთ.

თბილისით უნდა ვიამაყოთ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ქალაქით მთელ ევროპაში.

მახსოვს, კიევი კომუნისტების დროსაც კი თბილისზე ორჯერ, სამჯერ მწვანე იყო.

თუ კარგად ვიმუშავებთ ბევრად უკეთეს საქმეებს გვაკეთებთ.

არც ამაზე უნდა დავინანოთ ფული, რათა ჩვენი ბავშვები უკეთეს გარემოში გაიზარდონ.

თბილისი ერთნაირად ხელმისაწვდომი უნდა იყოს უფროსი ასაკის ადამიანებისთვისაც (ყველანი მივაღწევთ საპენსიო ასაკს) და ბავშვებისთვისაც.

შედარებით უფროს ადამიანებს უნდა გავუმარტივოთ გადაადგილება, ცხოვრება და ის უფრო კომფორტული უნდა გავუხადოთ.

თბილისი სამოთხე უნდა იყოს ასევე ბავშვებისთვის - სწორედ ამიტომ ვაშენებთ პარკებს და ვდგამთ ატრაქციონებს.

დღეს ბორჯომის პარკში ვიყავი...

ამას ვაკეთებთ არა იმისთვის, რომ ვიღაცას ნიშანი მოვუგოთ, არამედ იმისთვის, რომ თუნდაც მატერიალურად გაჭირვებული ოჯახების შვილებმა გარეთ მაინც იგრძნონ თავი უკეთ და შიდა გაჭირვება დაივიწყონ.

ისინი უნდა დადიოდნენ ევროპის საუკეთესო პარკებში, სკვერებში, უნდა ჰქონდეთ საუკეთესო კარუსელები, საუკეთესო მერხები და კომპიუტერები სკოლებში, საუკეთესო სპორტული ობიექტები.

ყოველივე ამის გაკეთება შესაძლებელია - თბილისში ორასზე მეტი მოედანი გავაკეთეთ, სამომავლოდ გვინდა, რომ ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნების რაოდენობა გავზარდოთ.

დღეს ბორჯომში გავიხსენე, რომ ისტორიულად ძალიან ბევრი ქართველი ჩოგბურთელი გვყავდა - დაწყებული ალიკა მეტრეველით, დამთავრებული რუსეთის ვარსკვლავებით, რომლებსაც ქართული გვარები აქვთ და ქართველები არიან.

ეს ვარსკვლავები საქართველოში უნდა გაიზარდონ, საამისოდ კი კორტები ყველგან უნდა გავაკეთოთ.

მინდა მხარი დავუჭირო ქალაქის ხელმძღვანელობას.

მსურს განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა საკრებულოს თავმჯდომარეს ზაზა ბეგაშვილს, რომელიც ჩემი თხოვნით დარჩა ამ თანამდებობაზე, ბევრ სფეროში შეიძლება მისი გამოყენება და ამას მომავალში აუცილებლად გავაკეთებთ, მაგრამ ახლა ქალაქს სჭირდება მიხედვა და რეალურად კონსოლიდირებული ხელმძღვანელობა.

ეს ძალზე მნიშვნელოვანია.

უდავოა, რომ კიდევ ბევრი საკითხი გვაქვს გადასაწყვეტი.

ძალზე მნიშვნელოვანია ის, რასაც უმწეოთათვის სამედიცინო დაზღვევის მხრივ ვაკეთებთ.

შარშან ქალაქმა უმნიშვნელოვანესი პროგრამა დაიწყო, თუმცა მთელ რიგ შემთხვევებში ამან კარგად არ იმუშავა, რის გამოც შენიშვნას ვაძლევ ჯანმრთელობის სამინისტროს.

მათ პროგრამების ნაწილი გადაიბარეს და უნდა ითქვას, რომ ეს პროგრამები კარგად ვერ აამუშავეს.

ამიტომ ის, რაც მუნიციპალურ დონეზე კარგად მუშაობდა ისევ მუნიციპალიტეტს უნდა დაუბრუნდეს - წამლების კონტროლი და საავადმყოფოების მიერ პოლისების დაკმაყოფილების კონტროლი უკეთ ხორციელდებოდა.

იმედი მაქვს, რომ ჯანმრთელობის სამინისტრო ამას გამოასწორებს.

ძალიან კარგია, რომ უმწეოთათვის გახსნილი სასადილოები კარგად მუშაობს.

რა თქმა უნდა, შეიძლება ვიკამათოთ რეგისტრაციის ფორმაზე, რადგან არც ერთ მშიერ ადამიანს იქ მისვლასა და დანაყრებაზე უარი არ უნდა ვუთხრათ - ეს პირველი პრინციპია.

მეორე მხრივ, ჩვენ არავის არ უნდა ვათქმევინოთ, რომ სამჯერ მეტმა ადამიანმა გამოიყენა ეს სასადილო, ვიდრე რეალურად იყო.

ამიტომ, რეგისტრაციის ისეთი ფორმა უნდა შევიმუშავოთ, რომ ერთი მხრივ ამ ადამიანების ღირსება არ შევლახოთ, ხოლო მეორე მხრივ - თუ ადამიანს შია და მიაჩნია, რომ მას სახელმწიფოსგან დახმარება სჭირდება, სახელმწიფო იმის სახელმწიფოა, რომ ამ პრობლემას მიხედოს.

ამავე დროს, უნდა დაწესდეს უმკაცრესი კონტროლი, რომ ეს ბოროტად არავინ არ გამოიყენოს.

არის სხვა პრობლემებიც, რომლებიც ცენტრალურ სტრუქტურებს უფრო შეეხება, მაგრამ ამასაც უნდა მივხედოთ.

სულ უფრო მეტი საჩივარი შემოდის იმასთან დაკავშირებით, რომ სასწრაფო დახმარების სამსახური "03" იგვიანებს.

"03"-ს პროგრამა ერთად შევქმენით და გადავწყვიტეთ, რომ ეს პროგრამა ხალხისთვის ძალზე ეფექტიანი და მნიშვნელოვანი ყოფილიყო.

პირადად ვიცი მინიმუმ 10 შემთხვევა, როდესაც "03"-ის დახმარებამ უიმედოდ დაიგვიანა.

მინდა ჯანმრთელობის სამინისტრო გავაფრთხილო, რომ მსგავსი შემთხვევები ერთხელ და სამუდამოდ ამოძირკვოს.

ამ საქმეში თქვენი დახმარებაც მჭირდება, რადგან ყველაზე ხშირად ასეთი შემთხვევა თბილისში მოხდა, თუმცა ეს მთელ საქართველოს შეეხება.

ყოფილა გადაბრალების ფაქტები: რომ მანქანები არ ყოფნით, სატელეფონო ხაზებია გადატვირთული.

მინდა გითხრათ, რომ მანქანებიც საკმარისია და პერსონალიც.

აქედან გამომდინარე, არასაკმარისია ტვინი და ხალხი, რომელსაც ამის გაკონტროლება ევალება, მაგრამ საქმეს თავს ვერ აბამს.

მკაცრად ვაფრთილებ ყველას, ვისაც ეს ეხება - თუ უახლოეს მომავალში ამ მხრივ ვითარება არ გამოსწორდება, სხვაგვარად შევცვლით - ზოგიერთ მათგანს გავუშვებთ იქ, სადაც სოსო თოფურიძე აგროვებს ხალხს.

ეს ხუმრობა არ არის და ვფიქრობ, ბევრჯერ დარწმუნდით იმაში, რომ ჩვენ მსგავს რამეებზე არ ვხუმრობთ.

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ყველა მუნიციპალური და საჯარო სამსახური კარგად მუშაობდეს.

ხალხს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ თითოეული სტრუქტურა მათ სამსახურშია და არა უბრალოდ, სხვათა შორის, ამ ორგანიზაციების თანამშრომლების ხელფასებით უზრუნველსაყოფად არის შექმნილი.

ჩვენ ვიჩენთ პრინციპულობას.

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ქალაქის ადმინისტრაციული ინსპექცია, რომელიც ქალაქის იერსახეს ინარჩუნებს და ამით ძალზე მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს.

მართლაც ერთმანეთზე უკეთესი ბიჭები არიან და საკუთარ პოზიციას ბოლომდე ასაბუთებენ - ყოჩაღ!

როდესაც სახელმწიფოს შეუძლია ასეთი პრინციპული სახე წარმოაჩინოს, ყველა სხვა მომსახურებაც ისეთ დონეზე უნდა იყოს, რომ საზოგადოება იყოს კმაყოფილი, მადლიერი და ესმოდეს, თუ რატომ ხორციელდება ზოგჯერ იძულებითი ღონისძიებები.

რასაც თქვენ თბილისში ქმნით, ეს არა მარტო მთელ საქართველოზე ვრცელდება, არამედ ძალიან ბევრ სხვა ქვეყანაზეც.

ძალიან ბევრი ქვეყანა გვიყურებს და აღფრთვნებულია ჩვენით.

ეს ასევე ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული უშიშროებისთვის.

იცოდეთ, იმ ქვეყანაზე, რომელიც არის წარმატებული, განათებული, დასუფთავებული, გამწვანებული, განვითარებული და ნორმალურად გამოიყურება, თავდასხმა და მისი სუვერენიტეტის ხელყოფა ბევრად უფრო ძნელია, ვიდრე დაშლილი და წყალწაღებული ქვეყნის.

ამ მხრივაც თქვენი წვლილი ქვეყნის განვითარების საქმეში ძალზე დიდი და მნიშვნელოვანია.

მსურს ყველას მადლობა მოგახსენოთ!

მინდა მადლობა ვუთხრა თბილისელებს მხარდაჭერისა და მოთმინებისთვის, ასევე თქვენი შრომის დაფასებისათვის.

მადლობას ვუხდი იმ ბავშვებს, რომლებიც დასაქმების პროგრამის ფარგლებში დღეს ბორჯომში იყვნენ. ვიცი, რომ აქაც არიან ჩაწერილი და და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ, რადგან ეს ძალზე მნიშვნელოვანი პროგრამა და საპრეზიდენტო პროგრამის ნაწილია, რომელიც ერთად შევქმენით.

მიმაჩნია, რომ ყოველივე ყოველწლიურად უნდა ხორციელდებოდეს და საარჩევნო და პოლიტიკურ ციკლებს არ უნდა უკავშირდებოდეს.

მინდა თქვენს საქმიანობაში წარმატება გისურვოთ.

ასევე მსურს საკრებულოს თითოეულ წევრს მივესალმო - თქვენ ხართ ჩვენი საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლები და ლიდერები ყველა სფეროში.

ის, რომ ხალხს თქვენი ხმაური ხშირად არ ესმის, გარწმუნებთ, თქვენს განსაკუთრებულ ნიჭიერებასა და ღირსების გრძნობაზე მეტყველებს, ასევე ხაზს უსვამს, რომ ეს ხელისუფლება არის ეფექტიანი, ზუსტად ისეთი, როგორიც საკუთარმა ხალხმა აირჩია და არასოდეს არ აცდება მთავარ რელსებს.

მსურს, რომ ასეც გავაგრძელოთ - გვქონდეს საქმიანი დამოკიდებულება, ურთიერთთანამშრომლობა, სადაც საჭიროა - კამათიც, აუცილებლად გვქონდეს შეუთანხმებლობა, სადაც შეთანხმება შეუძლებელია, მაგრამ სრული თანხმობა - მთავარ პრინციპებზე, რაც მთავარია - ჩვენი მთავარი პრინციპებისა და ხალხისადმი ერთგულება.

გავაკეთოთ ის, რისთვისაც ხალხმა აქ მოგვიყვანა.

თუ ეს შევინარჩუნეთ, ერთხელ და სამუდამოდ, დედაქალაქში იქნება მართლაც პირველი, არჩეული თვითმმართველობა, როგორც ძალზე მნიშვნელოვანი ტრადიციის საფუძვლის ჩამყრელი.

ამისათვის, მსურს დიდი მადლობა გადაგიხადოთ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)