Google+

სიახლეები

23.07.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავდაცვის სამინისტროს ოფიცრებს სიტყვით მიმართა

მოგესალმებით ბატონო ოფიცრებო!

როდესაც ერი გამოღვიძებას იწყებს, მისი საუკეთესო შვილები მზად არიან სამშობლოს თავისუფლებას, ძლიერებასა და ერთიანობას, საკუთარი ენერგია, ნიჭი და დრო მოახმარონ, ხოლო თუ საჭირო გახდა მისთვის სიცოცხლეც გაწირონ.

დღეს, როდესაც საქართველოს სახელმწიფოს წინაშე ისტორიული ამოცანები დგას, საქართველოს შეიარაღებული ნაწილი ჩვენი სახელმწიფოებრივი მეობის, ჩვენი იდენტურობის უმნიშვნელოვანესი ნაწილი ხდება, როგორც ეს საუკუნეების განმავლობაში იყო.

ჩემი პრეზიდენტობის პირველი დღიდან მიზნად დავისახე ძალიან ეფექტიანი, თანამედროვე პირველხარისხოვანი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბება, ყველა იმ სტერეოტიპის დამსხვრევა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მიმართ მთელ მსოფლიოში იყო გავრცელებული - თითქოს ქართველებს არ შეულიათ ეფექტიანი, ორგანიზებული არმიის შექმნა და ორგანიზებული სახელმწიფოს ჩამოყალიბება.

საქართველომ ყველა ეს სტერეოტიპი დაანგრია და ამას ყოველდღე გავაგრძელებთ.

საქართველოს და ქართველებს საბრძოლო ხელოვნება სისხლში აქვთ. ქართველები ყოველთვის წამყვანი სახელმწიფოების სამსახურში იდგნენ და დიდი მხედართმთავრებიც გვყავდა.

სპარსეთის საუკეთესო მხედართმთავრები ქართველები იყვნენ.

დღესაც ირანის დედაქალაქი ისპაჰანი ქართული ძეგლებით არის დამშვნებული.

უნდილაძეების სამხედართმთავრო ხელოვნებამ მოუტანა წარმატებები ირანის მაშინდელ შაჰს.

ოსმალეთის იმპერიაში ქართველები წამყვნ როლს ასრულებდნენ. მამლუქების ლიდერები, მათ შორის იმ დაუმარხებელი არმიის მეთაურები, რომელიც საბოლოოდ ნაპოლეონმა დაამარცხა, იყვნენ ქართველები.

ერაყის წამყვანი მმართველები იყვნენ ქართველები.

დღეს ჩვენ ვიხსენებთ ასევე იმ ქართველებს, რომლებიც საბჭოთა პერიოდის მთავარსარდლები იყვნენ და რუსეთის არმიაში მსახურობდნენ - გენერალი ბაგრატიონი.

ვიხსენებთ იმ ქართველ ოფიცრებს, რომლებმაც თავი დადეს პოლონეთის დამოუკიდებლობისათვის.

რამდენიმე თვის წინათ, მე და პოლონეთის პრეზიდენტმა ვარშავის ცენტრში, პოლონელებისათვის ყველაზე წმინდა ადგილას - ვარშავის ოკუპაციის მუზეუმში ქართველი ოფიცრების ძეგლი გავხსენით.

ისინი პოლონეთის არმიას ემსახურებოდნენ, პოლონეთის შეიარაღებულ ძალებს მეთაურობდნენ და ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ იბრძოდნენ.

მეორე მსოფლიო ომის დროს პოლონეთის პრეზიდენტის სამხედრო კანცელარიას ქართველი ხელმძღვანელობდა.

ერთ-ერთი ამ ქართველის შვილი გენერალი ჯონ მალხაზ შალიკაშვილი, ეთნიკურად ქართველი მსოფლიოს ყველაზე ძლიერი, ამერიკის შეერთებული შტატების არმიის მთავარი სამხედრო ხელმძღვანელი გახდა.

ჩვენ ბევრი სხვა მაგალითიც შეგვიძლია მოვიყვანოთ.

1956 წელს რუსეთის არმიამ მიიღო გადაწყვეტილება საბჭოთა ჯარში ყველა ქართული შენაერთი დაეშალა.

ქართულმა დივიზიებმა, რომლებსაც გენერალი ლესელიძე და რამდენიმე სხვა ქართველი გენერალი მეთაურობდა, მეორე მსოფლიო ომში გადამწყვეტი როლი შეასრულა.

1956 წელს ყველა ქართველი ოფიცერი შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვეს და საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში ქართველების მიღება აიკრძალა.

ამ მხრივ, ჩვენ ბევრად უფრო არათანაბარი ვითარებიდან მოგვიწია სამედრო ძალების მშენებლობა.

რუსეთის არმიიდან წამოსულმა გენერალმა კვინიკაძემ, მაზნიაშვილმა, პალკოვნიკებმა ამილახვრებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს პირველი რესპუბლიკისათვის ბრძოლაში.

და რომ არა მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელის უუნარობა და ერის გათიშულობა, საქართველო დამოუკიდებლობას შეინარჩუნებდა.

ამ გენერლების დამსახურება იყო ის, რომ თუნდაც დაპყრობილმა საქართველომ - საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკამ ფორმალურად მაინც შეინარჩუნა აფხაზეთი, ბათუმი და სხვა ტერიტორიები.

მაშინ ჩვენ მეფის რუსეთიდან მივიღეთ ეს მემკვიდრეობა.

საბჭოთა კავშირმა ეს მემკვიდრეობა არ დაგვიტოვა.

საბჭოთა კავშირის ბოლო პერიოდში ქართველები ჯარში აღარ მიდიოდნენ.

მე ვიყავი ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი, რომელმაც საბჭოთა ჯარში იმსახურა ორი წლის განმავლობაში.

მაინცდამაინც არც საბჭოთა კავშირი არ ითხოვდა ქართველებს ჯარში, რადგან მათ არ ენდობოდა და ფიქობდა, რომ ისინი იმპერიის შემადგენლობიდან გამოსვლას მოინდომებდნენ.

უნდა გავიხსენოთ ძალიან მნიშვნელოვანი ქართველი მხედართმთავრები - მარშალი გელოვანი, რომელმაც ააშენა ბაიკანურის კოსმოსური ცენტრი ყაზახეთში.

მსურს გავიხსენო აკდემიკოსი ნადირაძე, რომელიც საბჭოთა ბალისტიკური რაკეტების მთავარი კონსტუქტორი იყო.

მსურს გავიხსენო საბჭოთა სარაკეტო დახურული ინსტიტუტის დირექტორი სერგო ბერია.

მან შექმნა მოწინავე საბჭოთა რაკეტები, რომლებიც რუსეთის არმიის შეიარაღებაში დღემდე მთავარი ძალაა.

ქართველები ქმნიდნენ ყველაზე დახვეწილ საბჭოთა იარაღს.

ასე რომ, ჩვენ ძალიან ნიჭიერი ხალხის შთამომავლები და მემკვიდრეები ვართ.

ჩვენ ეს ტრადიცია უნდა გავაგრძელოთ.

დღეს ჩვენ ვქმნით ახალ ოფიცრთა სკოლას, რომელიც რადიკალურად განსხვავდება საჭოთა დროის ოფიცერთა სკოლისგან.

იცით, რა იყო საბჭოთა კავშირის მთავარი კონცეფცია? არ გვქონოდა საქმე პიროვნებებთან და ინდივიდუალებთან.

მთავარი კონცეფცია იყო ის, რომ უნდა ყოფილიყვნენ დამონებული, მექანიკურად დამორჩილებული ადამიანები, რომ ყველა დავალების მექანიკურად შეესრულებინათ.

თქვენ დემოკრატიული ქვეყნის ოფიცრები ხართ.

თქვენ ხართ ის ხალხი, ვინც უმაღლესი სასწავლებლებიდან საგანგებოდ ავარჩიეთ.

უახლოეს თვეებში ათას ახალ ოფიცერს ვამზადებთ, რომლებსაც საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები აქვთ დამთავრებული.

ჩვენ გვინდა ხალხი, ვისაც საერთო განათლება აქვს და გააზრებულად მოქმედება შეუძლია.

ბევრმა თქვენგანმა უცხო ენა იცის, რაც ხელს უწყობს ინფორმაციის მოპოვებას.

ინიციატივის არქონა ისჯება, ხოლო ინიციატივა წახალისდება; ჩვენ ვსჯით მონურ მორჩილებას კი არადროს არ წავახალისებთ, პირიქით - სასჯელს იმსახურებს.

ჩვენ გვჭირდება ხალხი, ვინც გამოუვალ სიტუაციებში გადაწყვეტილებას თავად მიიღებს.

უნდა გესმოდეთ, რომ თქვენ იღებთ გადაწყვეტილებას, ხოლო დაქვემდებარებული პირები ისე გიყურებენ, როგორც მთავარ მზრუნველს.

როგორი აუღელვებლები და უშიშრებიც იქნებით, ისეთივე იქნება თქვენს დაქვემდებარებაში მყოფი ბრიგადა.

ამიტომ, პირველი კრიტერიუმი იმისათვის, რომ უშიშარი და ეფექტიანი იყოთ, ცოდნაა.

ჩვენ ქართველი ოფიცრებისათვის სრულიად ახალ სასწავლო პროგრამას ვქმნით.

თქვენ ხართ დემოკრატიული ქვეყნის მოაზროვნე ჯარი.

რით სჯობია ამერიკელი, ინგლისელი, ისრაელელი ჯარისკაცი, სხვა ქვეყნის ჯარისკაცს? არა მხოლოდ ტექნოლოგიებით.

ჩვენი თქვენთვის საუკეთესო იარაღს ვყიდულობთ და მკვეთრად გავაძლიერებთ მოდერნიზაციას.

ბევრი ქვეყანა ვიცი, რომელსაც აქვს ბევრი ფული, ჰყავს მრავალრიცხოვანი კონტიგენტი, თუმცა არ ჰყავთ ძლიერი მებრძოლები.

ძლიერი მებრძოლები იქმნებიან ისეთ ქვეყანაში, სადაც არის თავისუფლება.

ამ საზოგადოებისათვის კი, თავისუფლება უმთავრესი იდეალი და მოტივაციაა - ადამიანს არა მხოლოდ მექანიკურად შეეძლოს ბრძანების შესრულება, არამედ თვითონ, გააზრებულად უნდა ურჩიოს უფროსს ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღება და თავად უნდა შეეძლოს პასუხისმგებლობის აღება.

ჩვენი ძალა ერთობაშია.

ეს მოაზროვნე ადამიანების ერთობაა.

ჩვენ ვერასდროს ვერ გავიმარჯვებთ, თუ პირად ამბიციებს, განდიდების მანიას ავყვებით და მათ საქართველოს ერთიანობასა და იდეალებს გადავაყოლებთ.

ყველაზე ცუდი ტერმინი, რომელიც საბჭოთა კავშირმა დაგვიტოვა და რასაც ტელევიზიით ხშირად გაიგებთ, არის „მოსახლეობა რაღაცას ეთანხმება", "მოსახლეობის აზრით", ეს აბსოლუტურად მცდარი, სტატისტიკური ტერმინია - "მოსახლეობა" კი არა, "საზოგადოება"!

ჩვენ საქმე გვაქვს არა მოსახლეობასთან, არამედ საზოგადოებასთან.

პოლიტიკოსები და სატელევიზიო ჟურნალისტები სცოდავენ, როდესაც ამ გამოთქმას ამკვიდრებენ.

ჩვენ საქმე გვაქვს საზოგადოებასთან, რომელიც არის ინდივიდუმების ამაყი, გაცნობიერებული არჩევანის, მათი პირადი ბრძოლისა და ამბიციის შედეგი.

ეს არ არის მხოლოდ საერთო ქართული ბრძოლა.

თითოეული ჩვენგანის ბრძოლა, სურვილი, შემართება და მოწოდებაა შევცვალოთ ჩვენი ქვეყანა უკეთესობისკენ, რათა ვერავინ ვერ შეძლოს ჩვენი დამარცხება.

თქვენ წინაშე მდგარი ამოცანები შესასრულებლად, თქვენ არა მარტო ფიზიკურად უნდა იყოთ ძლიერი, არამედ ინტელექტუალურადაც.

თითოეულ თქვენგანს უნდა ესმოდეს, რომ ქვეყნის დაცვა დიდი მეცნიერებაა და არა უბრალოდ ენთუზიაზმის შედეგი.

გარწმუნებთ, ენთუზიაზმი, უწინარეს ყოვლისა, ცოდნას, ვარჯიშს და ერთიანობას უნდა ემყრებოდეს.

რატომ არიან ქართველები ინდივიდუალურ სპორტში ძლიერი?

მაგალითად, რუსეთმა რამდენიმე ქართველი ჩოგბურთელი გამოიყვანა ასპარეზზე.

დასავლეთ ევროპის საუკეთესო საფეხბურთო კლუბებში ჩვენი ფეხბურთელები ბრწყინვალედ თამაშობენ, მაგრამ საქართველოს ჯერ კიდევ არ ჰყავს სასურველი ნაკრები.

ჩვენი ნიჭისა და უნარის მიუხედავად, ჯერ ვერ ვისწავლეთ კოლექტიურად მოქმედება.

კოლექტივი ჩამოყალიბდება მაშინ, როდესაც თითოეული პიროვნება გაიაზრებს, რომ მისი ნიჭი საერთო ძალისხმევას უნდა შეერწყას.

არც ერთ სფეროში ეს ისე მნიშვნელოვანი არ არის, როგორც ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში; არც ერთ სფეროში ამას იმდენად გადამწყვეტი როლი არ ენიჭება, რამდენადაც იქ, სადაც თქვენ მოხვედით საკუთარი ნიჭის გამოსავლენად და გამოსაყენებლად.

მინდა გითხრათ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ.

საქართველოს სერიოზული სამხედრო ბიუჯეტი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ არ გვყავს მრავალრიცხოვანი არმია.

ნახეთ, როგორ ვამზადებთ ხალხს რეზერვისტთა ბანაკებში!

შარშან მე და ჩემი რამდენიმე მეგობარი ერთ-ერთ ბანაკში წავედით და ბევრი ხარვეზი აღმოვაჩინეთ.

კარგია, რომ თავად წავედით, ყოველივე ამას კაბინეტებიდან არ ვადევნებდით თვალს და სრულიად ახალი სისტემა შევქმენით.

ნახეთ, როგორი წარმატებით მიმდინარეობს ამ სისტემაში ხალხის მომზადება - პრაქტიკულად არ ხდება ინციდენტები.

ამჟამად გადავდივართ ახალ სისტემაზე და თვეში 5 ათას რეზერვისტს მოვამზადებთ.

უპირველეს ამოცანად საქართველოში ასი ათასი რეზერვისტის მომზადება დავისახე, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანას ორჯერ უფრო მეტი პოტენციალი აქვს და რეზერვისტთა შემადგენლობით რამდენიმე ათეული გაძლიერებული ბრიგადა უნდა შევქმნათ.

ეს პოტენციაში უნდა იყოს და არ ნიშნავს იმას, რომ ისინი უნდა გავიწვიოთ და მუდმივად გვყავდნენ ჯარში.

ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოში თითოეულ ადამიანს აქვს ამის სურვილი, უნარი, ნიჭი და მოტივაცია.

ქართული საზოგადოების გატეხა მასზე ნებისმიერი ტერორისტული მეთოდების გამოყენებით, შეუძლებელია.

საქართველოს სახით დემოკრატიულ სამყაროს ჰყავს ძალიან საიმედო მეკავშირე.

ასევე მივიღე გადაწყვეტილება, რომ მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე ქვეითი ბრიგადების სადაზვერვო ასეულების პირად შემადგენლობას სახელფასო დანამატი 300 ლარით გაეზარდოს, ხოლო 1 სექტემბრიდან საარტილერიო ბრიგადების პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე ქვეითი ბრიგადების, ჯავშან-სატანკო ბატალიონის, საარტილერიო დივიზიონის, კავშირგაბმულობისა და საინჟინრო ქიმიური ასეულების მებრძოლებს ხელფასი 115 ლარით მოემატოს.

ეს ყველა ის პროფესიაა, რომელიც პროფესიონალიზმსა და ცოდნის მაღალ დონეს მოითხოვს, ცოდნა კი უნდა წავახალისოთ.

ასევე, დანამატი მიეცემა ყველას, ვინც უცხო ენა იცის - ინგლისური ენის ცოდნისთვის სახელფასო დანამატი 100-დან 150 ლარამდე იქნება, ასევე სხვა ენების ცოდნისთვის შეიარაღებული ძალების თითოეულ ოფიცერსა და მებრძოლს ექნება შესაბამისი დანამატი.

2008 წლის 1 იანვრიდან შეიარაღებული ძალების ოფიცერთა საშუალო ხელფასი 1000 ლარი იქნება.

ამას გარდა, რამდენიმეწლიანი სამსახურის შემდეგ თითოეული თქვენგანი მიიღებს ბინას, თქვენ ამ კონტრაქტს უკვე აფორმებთ, ხოლო ბინები შენდება.

ეს არ არის დაპირება, რამდენიმე ადგილზე ოფიცერთა ბინების მშენებლობა ძალზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ამაში, აეროპორტის ტრასაზე გავლისას, ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარწმუნდეს.

მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ აქ ხელფასებისა და ბინებისთვის არ მოვდივართ და დარწმუნებული ვარ, ეს არც ერთი თქვენგანის მსახურის მოტივაცია არ არის.

არანაირი ფული, არც ერთი ბინა და არავითარი პრივილეგია არ ღირს იმდენი, რამდენიც საკუთარი სამშობლოს დაცვა, გაძლიერება და გაერთიანება; შვილებისა და შვილიშვილებისთვის იმ სიამაყის განცდაა, რომელიც მათი წინაპრების მიერ გაკეთებული საქმით დაეუფლებათ.

სწორედ ეს არის ჩვენი განსაკუთრებული პრივილეგია, გამოწვევა და ამოცანა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამისათვის ცოდნაა საჭირო და პირველად, ჩვენი შეიაღაღებული ძალების ისტორიაში, რამდენიმე სერიოზული სახელმძღვანელო ვთარგმნეთ.

ამ საქმეში, მსურს, განსაკუთრებით გამოვყო პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ნიკა რურუას წვლილი.

სამხედრო საქმის წამყვანი სტრატეგიების ათამდე სახელმძღვანელო თქვენთვის ქართულ ენაზე ვთარგმნეთ - საუკეთესო ცოდნას, რომელიც კაცობრიობას სამხედრო დარგში დაუგროვდა, ამიერიდან, ქართულ ენაზე მიიღებთ.

საბჭოთა კავშირში ყველაფერს გვითარგმნიდნენ ამის გარდა, რადგან ჩვენ "ხეზე აძრომა" არ უნდა გვესწავლა.

ის, რაც იმპერიის პრივილეგია იყო, იმპერიის დაჩაგრულ და დამონებულ ნაწილებს არ უნდა ცოდნოდა.

ჩვენ "საზარბაზნე ხორცად" ვჭირდებოდით და არ სურდათ, რომ სათანადო ცოდნა გვქონოდა.

დღეიდან უკვე გვეცოდინება როგორ უნდა წარმართო ბრძოლა და უხელმძღვანელო ჯარს.

ეს სრულიად ახალი ასპექტია.

მინდა გითხრათ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში დიდი სიამოვნებით გადავავლე თვალი რამდენიმე წიგნს, რამდენიმე კვირის შემდეგ კი აკადემიაში გესტუმრებით, რათა ვნახო თუ როგორ დაეუფლეთ ცოდნას ამ წიგნების საშუალებით თქვენ.

თითოეული წაკითხული გვერდი არა მარტო თქვენი უსაფრთხოებისა და გადარჩენის დამატებითი გარანტიაა, არამედ საქართველოს გადარჩენის, გაძლიერებისა და განსაკუთრებულ ქვეყნად ჩამოყალიბებისთვის წინგადადგმული ნაბიჯი.

ამიტომ თქვენს მოტივაციასთან და სიამაყესთან ერთად, უნდა გაითავისოთ, რომ მთავარი მაინც ცოდნა, მონდომება და პროფესიონალიზმია.

საბოლოოდ, ამით ვაჯობებთ ყველას ჩვენ, ქართველები; ვაჯობებთ არა რიცხოვნობით - ჩვენ არ ვართ მრავალრიცხოვანი ერი, არა ფულადი რესურსით - თუმცა ჩვენ კაპიკს კაპიკზე ვდებთ და არ დავუშვებთ, რომ როდესმე ოფიცერი მშიერი და ჩამოძონძილი იყოს და არ ქონდეს ღირსების განცდა, არამედ ჩვენი ცოდნით.

თქვენ ჩვენი საზოგადოების ელიტა ხართ და უნდა იყოთ ყველაზე კარგად გამოკვებილი, კარგად ჩაცმული, კარგად მოწყობილი, მაგრამ ამავე დროს, ყველაზე კარგად განსწავლული.

სწორედ ამით ვაჯობებთ - ხომ გაგიგიათ: "ხერხი სჯობია ღონესა"...

თუმცა გარწმუნებთ ღონეც საკმარისი გვექნება.

მინდა თქვენდამი მიმართვა ერთი დიდი მეომრისა და ოფიცრის სიტყვებით დავამთავრო:

"ბრძოლა ყველაზე ბრწყინვალე შეჯიბრია, რომელშიც ადამიანს ჩაბმა შეუძლია. იგი ჩვენში ყველაფერს საუკეთესოს ანვითარებს, ხოლო ყველაზე უღირსს ახრჩობს. ბრძოლაში შიშის გრძნობა უცხო არავისთვის არ არის, მაგრამ ლაჩარია, ის, ვინც საკუთარი ვალდებულების გრძნობას შიშს უქვემდებარებს. ვალდებულების გრძნობა კაცობის საფუძველს წარმოადგენს".

ვემსახურებით საქართველოს!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)