საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბორჯომში ადგილობრივ პედაგოგებს შეხვდა
მინდა მოგესალმოთ ყველას!
განათლების მინისტრსა და ბორჯომის მაჟორიტარ დეპუტატს ადგილობრივი პედაგოგების შეკრება საგანგებოდ ვთხოვე, რადგან თქვენთან შეხვედრა ძალიან მინდოდა.
იწყება ახალი სასწავლო წელი და მსურს განათლების სისტემასთან დაკავშირებით, ჩემი მოსაზრება გაგიზიაროთ.
პირადად ჩემთვის მთავარი ხალხი ხართ თქვენ!
საერთოდ, საქართველოში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან და მის გაერთიანებასთან ერთად, ჩემი და იმ მთავრობის, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, მთავარი პრიორიტეტი არის განათლება - განათლებული ადამიანების შექმნა, განათლების სექტორში დასაქმებული ადამიანების წინსვლა და რაც მთავარია, მათი დაფასება.
ჩვენ ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ და მოგეხსენებათ რა მდგომარეობაშიც ვიყავით.
ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლისას, საქართველოს უმეტესი სკოლების პედაგოგების სახელფასო დავალიანება 44 მილიონ ლარს შეადგენდა.
როგორი იყო საშუალო სკოლა საქართველოში?
ეს იყო სკოლა, რომლის სახურავიდან ჩამოდიოდა წყალი, არ ჰქონდა გათბობა და ფანჯრებში "ბურჟუიკების" მილები მოჩანდა; იყო აყრილი იატაკითა და დანგრეული ინვენტარით; საჭირო ფულს ბავშვები კრიბავდნენ, რადგან სხვა საშუალება და დაფინანსება ამ სკოლებს არ ჰქონდა.
ჩვენ დავიწყეთ ფულის ჩადება ნორმალური სკოლის შექმნაში.
ეს დიდი დილემა იყო.
რა თქმა უნდა, მირჩევნია, რომ კიდევ უფრო მეტი ფული ჩავდოთ მასწავლებელთა ხელფასებში, მაგრამ ის მემკვიდრეობა, რაც ჩვენ შეგვხვდა, განათლების სისტემის ინფრასტრუქტურის კარდინალურ შეცვლას მოითხოვდა.
2010 წლისთვის (ეს არცთუ დიდი დროა) საქართველოში არ დაგვრჩება არც ერთი სკოლა, რომელიც არ იქნება ჰოლანდიის, გერმანიის, ნორვეგიისა და იაპონიის მსგავსი.
ყველა სკოლას ექნება თანამედროვე გათბობის სისტემა, ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ზამთარში ბავშვები არ იყინებოდნენ; ყველა სკოლას იმდენი კომპიუტერი ექნება, რამდენიც მოწინავე ქვეყნების სკოლებშია და ამ მხრივ, მინიმუმ აღმოსავლეთ ევროპის დონეს მივაღწევთ; ყველა სკოლას ექნება ახალი ინვენტარი - ახალი მერხები, სახელმძღვანელოები და სხვა.
ეს ძალზე მნიშვნელოვანია.
შემდეგი საკითხი მასწავლებლების წახალისებას, მათ უკეთესად მომზადებასა და მათი შრომის დაფასებას ითვალისწინებს.
პირველი იანვრიდან საქართველოში მასწავლებლის საშუალო ხელფასი 200 ლარი გახდება.
ხელფასების ზრდა გაგრძელდება და რაც უფრო მეტ სკოლას გავარემონტებთ, თითოეული გამოთავისუფლებული თეთრი არა სხვა სექტორებში, არამედ პედაგოგთა ხელფასების ზრდას მოხმარდება.
ჩვენ არ ვაპირებთ, რომ განათლების სისტემას დაფინანსება შევუმციროთ, ჩვენი მიზანია ამ 200 ლარს თანხა კიდევ დაემატოს და მაღალი ანაზღაურება გქონდეთ.
ამას გარდა, საჭიროა ახალი პროფესიები დავნერგოთ და ახალი ტექნოლოგიები შემოვიტანოთ ყველა დონეზე, ყველა საგანში.
ჩვენ არ გვაქვს ნავთობი და გაზი. იმ პირობებში, როდესაც ნავთობის ფასი კატასტროფულად გაიზარდა და 80 ამერიკულ დოლარს მიაღწია, საქართველოს ეკონომიკა ზარალდება, რადგან ეს განაპირობებს ბენზინის, პროდუქტისა და ზოგადად, თითოეული ჩვენგანის ცხოვრების გაძვირებას.
ჩვენ არ გვყავს ძალიან იაფი მუშახელი. მაგალითად, დღესდღეობით, ჩინელი ბევრად უფრო იაფად მუშაობს, ვიდრე ქართველი სპეციალისტი.
აქედან გამომდინარე, საქართველოს ნიშა ნებისმიერ სფეროში მომუშავე კვალიფიციური სპეციალისტია.
რა არის დღეს კვალიფიკაცია?
მაგალითად, დღევანდელი და 20 წლის წინანდელი მუშა-ხელი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან.
დღეს მუშები უნდა ფლობდნენ კომპიუტერულ ტექნოლოგიას, რადგან უნდა იცოდნენ დაზგების ოპერირება; კარგი ცოდნა უნდა ჰქონდეთ ელექტრონიკის სფეროში; აუცილებელია საერთო განათლების კარგი ბაზა, რათა ყოველივეს ათვისება და დამატებითი ღირებულებით პროდუქციის შექმნა შეძლონ.
გუშინ ჩვენ კახეთში, კაჭრეთში ახლადშექმნილ, ე.წ. ამერიკულ სკოლაში - ახალ ტექნიკურ სასწავლებელში ვიყავით.
რა შეიცვალა განათლების სისტემაში ბოლო წლების განმავლობაში და რას ვთავაზობდით ადამიანს? - ვთავაზობდით საშუალო სკოლას და უმაღლეს სასწავლებელს, რადგან კოლეჯები და პროფტექნიკური სასწავლებლები უნივერსიტეტებად და აკადემიებად გადაკეთდა.
რა თქმა უნდა, ეს აფსურდი და განუკითხაობის შედეგი იყო.
დღესდღობით არჩევანი გაფართოვდა.
დღეს ჩვენ ადამიანს ვთავაზობთ საშუალო განათლებას, ტექნიკურ განათლებას, ხელობის (მეფუტკრის, მევენახის და ა.შ) შესწავლას და ასევე უმაღლეს განათლებას.
უმაღლეს განათლებაშიც ვთავაზობთ ბაკალავრიატსა და მაგისტრატურას, ე.ი. მეცნიერებაში წასვლას.
ეს ძალზე მნიშვნელოვანი ცვლილებაა იმასთან შედარებით, რაც იყო.
ამიტომ, მასწავლებლის როლი სულ უფრო წინა პლანზე იწევს.
კაჭრეთის ახალი ტექნიკური სასწავლებელი მთლიანად იყო გავერანებული და იქ სრულიად ახალი ხალხი მივიდა.
ამ სასწავლებლის დირექტორს მუშაობის 30 წელზე მეტი ხნის სტაჟი აქვს.
ასეთი ენერგიის, მოტივაციის, ნოვატორი ადამიანები უნდა იყვნენ ქვეყნის სამსახურში.
ხავსით დაფარული შენობისგან, მან შექმნა სრულიად ახალი საგანმანათლებლო კერა, სადაც ახალგაზრდები იქვე გაშენებულ ვენახში სწავლობენ მევენახეობას, მოჰყავთ ხორბალი, ანვითარებენ მეცხოველეობას, სწავლობენ კომპიუტერსა და სხვა მრავალ პროფესიებს ეუფლებიან.
ეს სკოლა კაჭრეთს, გურჯაანს, საგარეჯოს, თელავსა და გარშემო მდებარე რაიონებს უზრდის ახალ კადრებს, მაგრამ უწინარეს ყოვლისა ეს სასწავლებლები, რეალურად, ოჯახებისთვის მარჩენლებს ზრდიან.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა ჩვენთვის.
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დღეს მთავარი კონკურენცია განათლების სფეროშია.
საქართველოში პოლიციისა და სხვა რეფორმების გარდა, ბოლო წლების განმავლობაში ცოდნისა და შრომის დაფასება დავიწყეთ.
ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა, რომელთან დაკავშირებითაც კახა ლომაიასა და სხვა განათლების მუშაკებს ამდენს ებრძოდნენ, შეცვალა ის, რომ დღეს ცოდნის გარეშე უმაღლეს სასწავლებელში ვეღარავინ მოხვდება.
ერთმა ჩემმა ახლობელმა ადამიანმა მითხრა, რომ მისი მეგობრების შვილებიდან ვერც ერთი ვერ მოხვდა უმაღლეს სასწავლებელში და თბილისის ძალიან ცნობილი და გავლენიანი ოჯახების შვილები ჩაიჭრნენ.
თუმცა, უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარეს ბორჯომელებმა, ონელებმა, ლეჩხუმლებმა, დუშელებმა, ანუ მოხვდნენ ისინი, ვისაც ცოდნა ჰქონდა.
აღმოსავლეთ ქვეყნების მაგალითზე ჩაატარეს გამოკითხვა და აღმოჩნდა, რომ სამი წლის წინათ, პროტექციისა და ქრთამის აღების მაჩვენებლის მიხედვით საქართველო პირველ ადგილზე იყო.
ახლა ეს მაჩვენებელი ნულზე დავიდა და წინ ცოდნამ წამოიწია.
ჩვენ სხვა ქვეყანა გავხდით, სხვა საზოგადოებით.
პედაგოგები გმირის რანგში ავიდნენ, ამიტომ საჭიროა მათი წახალისება.
ამას წინათ, ქართველმა ბავშვმა, პირველად დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მათემატიკურ მსოფლიო ოლიმპიადაზე პირველი ადგილი მოიპოვა.
ეს მარტივი მიზეზის გამო მოხდა - ჩვენ ცოდნის დაფასება დავიწყეთ.
ბავშვს შრომისათვის სტიმული გაუჩნდა.
ყველა იმ პედაგოგისთვის, რომელთა მოსწავლეებიც ქვეყნის მასშტაბით გამართულ ოლიმპიადებზე გაიმარჯვებენ, უნდა შემოვიღოთ სამკერდე ნიშნები და ერთი წლის განმავლობაში მათ დამატებით 200 ლარი უნდა მივცეთ; საერთაშორისო ოლიმპიადაზე გამარჯვებულებს კი, ასევე საგანგებო სამკერდე ნიშნებთან ერთად, 500-600 ლარის ანაზღაურება დავუნიშნოთ.
დამსახურებული პედაგოგის ტიტული უფრო ფართოდ უნდა გამოვიყენოთ და ეს წოდება ბევრად მეტ ადამიანს უნდა მივცეთ.
ასევე მინდა გთხოვოთ თქვენ, რომ წარმომიდგინოთ ძალიან ბევრი პედაგოგი ღირსების ორდენზე.
ამისათვის, საგანგებოდ უნდა ამოვარჩიოთ ყველაზე მშრომელი და გამორჩეული პედაგოგები, რომლებიც ამ ჯილდოსთან ერთად ფულად პრემიებსაც მიიღებენ.
მათი რაოდენობა შეიძლება ათასზე მეტი იყოს.
ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ხალხი, რომლებმაც ამ წლების განმავლობაში ჩვენი შემდგომი განვითარებისთვის აუცილებებლი სტანდარტები შემოგვინახა, სათანადოდ დავაფასოთ.
ბევრი რამ იცვლება და უდავოა, რომ ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა გვაქვს გადასაჭრელი.
დედაჩემი უნივერსიტეტის პროფესორია და მას ხელფასი120 ლარი ჰქონდა, დღეს კი პროფესორის მინიმალური ხელფასი 700 ლარს შეადგენს.
ვიცი, რომ რეფორმასთან ერთად, ბევრი მტკივნეული პროცესიც მიმდინარეობს, მაგალითად, ის, რომ ბევრი პედაგოგი კათედრაზე ვერ მოხვდა, ის, რომ პროფესორისთვის ეს ხელფასიც ცოტაა, მაგრამ კადრებს, რომლებსაც ვინარჩუნებთ, სულ უფრო მეტი შესაძლებლობები უნდა მივცეთ.
ყველაფერი ეტაპობრივად ხდება.
რა თქმა უნდა, რომ არა სკოლების რემონტი, დღესვე იქნებოდა შესაძლებელი მასწავლებლებისთვის 400 ლარიანი ხელფასი დაგვენიშნა, მაგრამ საზოგადოება ასე ვითარდება.
მაგალითად ავიღოთ საავადმყოფოების პროგრამა.
სახელმწიფოს იმის ფული არა აქვს, რომ 100 საავადმყოფო აშენდეს, მაგრამ შეგვიძლია თბილისის ცენტრში მდებარე სტაციონარები გავყიდოთ ძვირად, რადგან ცენტრში მიწა ბევრად უფრო ძვირია და სანაცვლოდ თანამედროვე ტექნოლოგიითა და ტექნიკით აღჭურვილი საავადმყოფოები მთელი საქართველოს მასშტაბით ავაშენოთ - ავაშენოთ უპირველესად იქ, სადაც ეს ხალხს ყველაზე მეტად სჭირდება.
განვითარებისთვის რამდენიმე ეტაპის გავლაა აუცილებელი.
რომ არა კორუფციასთან ბრძოლა, დისციპლინის დამყარება, ეკონომიკის განვითარება და ეკონომიკური ზრდა, რომლის მაჩვენებელი 14-15 პროცენტს მიაღწევს, კონკრეტული მიზნებს ვერ განვახორციელებდით.
სკოლაში უნდა შევქმნათ ახალი იდეოლოგია, რომელიც ყველამ ერთად უნდა ჩამოვაყალიბოთ.
1990-იან წლებში ჩვენში ჩამოყალიბდა დამარცხებულისა და წაგებულის ფსიქოლოგია.
ეს არა მარტო 1990-იან წლებში გავრცელებული სენი იყო.
მრავალი ათწლეულის განმავლობაში ჩვენი დამპყრობლები კომპლექსურად გვინერგავდნენ, რომ ქართველებს დამოუკიდებლად არაფრის მართვა არ შეგვეძლო, ცალკე არაფრის მაქნისი არ ვართ და ჯობდა ისევ მათთან ერთად გვეცხოვრა სრულ მორჩილებაში.
გუშინ რაგბს ვუყურებდი, მართლაც საუცხოო ბიჭები გვყავს. პირველი ტაიმის განმავლობაში ძალიან კარგად თამაშობდნენ, მეორე ტაიმში კი გატყდნენ და ცუდად წაუვიდათ საქმე.
ყველანაირ ბრძოლაში დგება მომენტი, როდესაც ორივე მხარე ფიქრობს ბრძოლის დათმობას.
საბოლოოდ გაიმარჯვებს ის, ვინც ამ დროს დაძლევს დამარცხების შიშს, არ გატყდება და ბოლომდე იბრძოლებს.
ქართველებმა ეს უნდა ვისწავლოთ - ბოლომდე ბრძოლა.
თუნდაც ფეხბურთის მაგალითი მოვიყვანოთ. ქართველი ფეხბურთელების მთელი თაობა სუპერ-ვარსკვლავები იყვნენ.
მათგან რამდენიმე დღესაც კარგად თამაშობს, მაგრამ ზოგს ეტყობოდა, რომ რაც არ უნდა ვარსკვლავი ყოფილიყო სხვა ქვეყანაში, საქართველოში ვერ თამაშობდა. აქ აპრიორი მოქმედებდა დამარცხებულის ფსიქოლოგია.
დღეს 16-17 წლის ბიჭები თამაშობენ, რომლებსაც ეს არ განუცდიათ და უსაშველობის ინერციით არ მიედინებიან.
უნდა გავითავისოთ ერთი - მიუხედავად იმისა, რომ მრავალრიცხოვანი ერი არ ვართ, ჩვენ განსაკუთრებული კულტურის მრავალეთნიკური ერი ვართ, რომელსაც განსაკუთრებული ტრადიციებისა და ნიჭის მქონე ხალხი ჰყავს.
მთელი მსოფლიოს ომების ისტორიაში, ყველაზე ძლიერი სამხედროები ქართველები იყვნენ, მაგრამ საქართველოს აქამდე ძლიერი არმია არ ჰყავდა.
ხელოვნებაში ქართველები ძალიან დიდ წარმატებებს აღწევენ და, სამწუხაროდ, მათი უმრავლესობა სხვა ქვეყნის სახელითაა ცნობილი.
ასევეა მეცნიერებისა და სხვა დარგების მხრივაც.
საუკეთესო რუსული რაკეტები ქართველი კონსტრუქტორების შექმნილია.
დუბნაში დღესაც საუკეთესო ბირთვული ფიზიკოსები ქართველები არიან, თუმცა ამას ისინი უკვე ღიად აცხადებენ. ამჟამად შვეიცარიაში ტარდება მსოფლიო ექსპერიმენტი, რომლის ტენდერი ქართველმა მეცნიერებმა მოიგეს და ისინი მსოფლიოს ყველაზე დახვეწილ სამეცნიერო ცენტრს აშენებენ...
ამ მაგალითების ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება.
ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველომ მთელ მსოფლიოში გამოიჩინოს და მოიწონოს თავი საკუთარი განათლებული კადრებითა და ჩვენი სპეციალისტების ელიტურობით.
ყოველივე ეს იქმნება იმ "აგურებისგან", რომლებიც ჩვენს საჯარო სკოლებში იწრთობა.
ამიტომ სადღეისოდ, ჩემი უპირველესი მიზანია - თითოეულმა თქვენგანმა იგრძნოს, რომ სახელმწიფო არის თქვენი მთავარი დასაყრდენი. მხოლოდ თქვენ კი არ ხართ სახელმწიფოს საყრდენი, რაც უდავოდ ასეა, არამედ სახელმწიფოც არის თქვენი დასაყრდენი, დამფასებელი და თქვენი შრომის შემფასებელი.
ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც დიდი პერსპექტივა აქვს.
დღეს მოვიარე ბორჯომი, ბაკურიანი და ვნახე, რომ ყველგან რაღაც კარგი ხდება.
ხშირად მესმის: პრეზიდენტი ამდენ რამეს რატომ ხსნისო?
მართალი გითხრათ ყველაფრის გახსნა რომც მოვინდომო, ეს შეუძლებელი აღმოჩნდება.
3 წლის წინათ 5-6 თვის შუალედით იხსნებოდა ობიექტები, დღესდღეობით რამდენიმე ათეული ობიექტი ერთდროულად იხსნება და მხოლოდ შემოვლას თუ ვახერხებ.
ასე მოხდა დღესაც - შემოვიარე ეს მხარე და ვნახე, რომ მთელი ბორჯომი სამშენებლო მოადნად არის ქცეული, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია.
ამ მთავრობის ძალისხმევით არა მარტო საქართველოს ძველ კურორტების აღდგენა მიმდინარეობს, არამედ სრულიად ახალ ადგილებში იქმნება საკურორტო ცენტრები. ასეა, მაგალითად, სიღნაღში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იქნება ქართველთა სიამაყის წყარო.
სრულიად ახალ კურორტს ვანვითარებთ შაორზე, რომელსაც კონკურენტი არ ეყოლება თავისი სილამაზის წყალობითა და განვითარების თვალსაზრისით.
ბაკურიანში გავლისას შევნიშნე, რომ ძალიან ბევრი ტურისტი იყო ჩამოსული უკრაინიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, პოლონეთიდან და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებიდან.
ასე რომ, ჩვენ პერსპექტივა და მომავალი გვაქვს!
ჩვენ დავინახეთ რა შეგვძლებია ერთად - შეგვძლებია ყველაზე ძლიერი პოლიციის შექმნა, რეალურად შეგვძლებია კორუფციის დამარცხება, სამართლიანი გამოცდების ჩატარება, თანაც იცით, რომ ეს სისტემა ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული იყო; ასევე შეგვძლებია კარგი გზებისა და ავტობანების დაგება, პარკების მშენებლობა და საწარმოების შექმნა.
მინდა გთხოვოთ, რომ ყველანი ერთად დავდგეთ და ერთად ვაშენოთ ქვეყანა.
დღეს ილია ჭავჭავაძის ძეგლთან ვიყავი და უნდა აღვნიშნო, რომ დღეს მისი მკვლელობის ასი წლითავი შესრულდა.
საქართველოს დამარცხება შესაძლებელია მხოლოდ მისი ერთიენობის დარღვევის პირობებში.
1992-93 წლებში ჩვენი დამარცხება მხოლოდ იმის გამო შეძლეს, რომ საქართველოს მხარეების ნახევარზე მეტი ქვეყნის დაცვის საქმეში არ იყო ჩართული, მძვინვარებდა სამოქალაქო ომი და ყველანი ერთმანეთს ვებრძოდით.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს აღარასდროს აღარ განმეორდება, მაგრამ საამისოდ ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რათა პროგრესი გაგრძელდეს.
ხელდაკაპიწებულმა უნდა ვიშრომოთ ერთად იმისათვის, რომ ყველაზე მტრულმა ძალებმაც კი ვერ მოახერხოს გარედან ხელოვნური პრობლემების შექმნა.
ჩემთვის სტიმული ნგრევა და არეულობა კი არა, ის სკოლაა, რომელიც ბორჯომის ცენტრში შენდება და რომელიც ჩემი პრეზიდენტობის პირველი ვადის ამოწურვამდე დასრულდება.
ასეთი სკოლა საქართველოში ძალიან ბევრი შენდება.
ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ და გარწმუნებთ, რომ ძალიან ცოტა ადგილებში თუ დადიან ბავშვები ასეთ სასწავლო დაწესებულებებში.
ამის პირველი აგურები საქართველოს მასშტაბით უკვე ჩადებულია.
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ მშენებლობის შეჩერება ვერავინ ვერ მოახერხოს და თითოეული ჩვენგანი ასეთ პირობებსა და გარემოში იყოს.
დიდი მადლობა ყურადღებისათვის!
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური