საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამტრედიაში ირაკლი ქუთათელაძის სახელობის სკოლა გახსნა
მოგესალმებით!
მინდა ახალი სასწავლო წლის დაწყება მოგილოცოთ.
დღეს ბევრი სკოლა იხსნებოდა საქართველოში, ბევრი სკოლა გაკეთდა და გარემონტდა, მაგრამ საგანგებოდ გადავწყვიტე მოვსულიყავი სამტრედიის იმ სკოლაში, რომელმაც საქართველოს თანამედროვე ისტორიის თვალსაჩინო გმირი ირაკლი ქუთათელაძე გაზარდა.
მინდა მოვიკითხო მისი მეუღლე, შვილები, მასწავლებლები...
რამდენიმე თვეში თქვენი სკოლაც ისეთივე ხარისხის იქნება, როგორიც გერმანიაში, ჰოლანდიაში და ნორვეგიაშია.
ჩემთვის აქ მოსვლა იმითაა მნიშვნელოვანი, რომ მოვინახულე ადგილი, საიდანაც ჩვენი პოლიციის ჭეშმარიტი თანამშრომელი ირაკლი ქუთათელაძე იყო.
მსურს ამ ადამიანის გმირობაზე გელაპარაკოთ.
ადამიანებს, ვინც ცხოვრებას ახლა იწყებს, ძალიან ბევრი რამ აქვთ წინ. მინდა დაიმახსოვროთ ირაკლი ქუთათელაძე და მისი გმირობის ისტორია.
ეს უნდა იყოს სახელმძღვანელო იმისა, თუ როგორი უნდა იყო ახალი საქართველოს ღირსეული მშენებელი.
პირადად ჩემთვის ის არის პასუხისმგებლობის, თავდადების, ვაჟკაცობის, ადამიანურობის, პროფესიონალიზმის და პატრიოტიზმის სიმბოლო.
სწორედ ასეთი თვისებები უნდა ჰქონდეს თავისი ქვეყნის ჭეშმარიტ პატრიტორს.
მინდა, რომ ირაკლი ქუფთათელაძე იყოს თქვენთვის მაგალითი - თითოეული თქვენგანი მისნაირად უნდა ფიქრობდეს ჩვენს სამშობლოზე და მისნაირად უნდა იყოთ საქართველოს მოქალაქეობის წოდების ღირსი.
იმისათვის, რომ იყო საქართველოს ღირსეული შვილი, უნდა იყო ქვეყნის ერთგული და გრძნობდე პასუხისმგებლობას მის წინაშე.
ყველაფერი, რაც საქართველოში ხდება, ჩვენი საერთო საქმეა.
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს წინსვლა, თითოეული ჩვენგანის წინსვლაა.
ჩვენი დამარცხება შეიძლება მხოლოდ მტერს უხაროდეს.
ჩვენი უკან დახევა და საქმის ჩაფლავება შეიძლება უხაროდეს იმას, ვინც საკუთარი ცხვირის იქეთ არ იყურება და ვერ ხვდება რას ნიშნავს მისი ქვეყანა მისთვის.
ყველაფერი, რაც შენდება ჩვენი საერთო წარმატების შანსია.
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ახლადდაგებული ასფალტის ყოველი მეტრი უკეთეს მომავალში უფრო სწრაფად შესვლის საშუალებაა.
უნდა გვესმოდეს, რომ ყოველი ახალი საავადმყოფო, ჩვენი ჯანმრთელობის და ხანგრძლივი ცხოვრების მნიშვნელოვანი ასპექტია.
ეს საჭიროა იმისათვის, რომ ჯანმრთელი ერი და უკეთესი ცხოვრება გვქონდეს.
უნდა გვესმოდეს, რომ ყველა განახლებული სკოლა და სპორტული მოედანი, საქართველოში უკეთესი სწავლისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის მნიშვნელოვანი საფუძველია.
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ყველა სამუშაო ადგილი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ეს არის თქვენთვის მოცემული მომავლის შანსია.
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ყოველი ახალი ინვესტიცია მომავლის, გამდიდრების და უკეთეს ქვეყანაში ცხოვრების შესაძლებლობაა.
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ გაზრდილი ბიუჯეტი თითოეული ჩვენგანის წინსვლასა და უკეთეს ცხოვრებას მოხმარდება.
საქართველო არის ერთიანი ორგანიზმი, ყოველი ჩვენგანი კი ამ ორგანიზმის უჯრედია.
თუ ორგანიზმი დაავადდება და უჯრედი მოკვდება, მას მომავალი აღარ ექნება; ხოლო თუ ორგანიზმი ჯანსაღია, მისი ყველა უჯრედი ვითარდება და თავს კარგად გრძნობს.
მაშინ, როდესაც წინ მივდივართ, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო უკეთესი ქვეყანა ხდება.
მთავარი, რაც უნდა დავიმახსოვროთ არის ის, რომ ჩვენი სახლი არის არა მარტო კონკრეტულად ის ადგილი, სადაც ვცხოვრობთ, არამედ მთლიანად მთელი ქვეყანა - ჩვენი საქართველო.
ჩვენი სახლი არის ქართლი, კახეთი, იმერეთი, აჭარა, ლეჩხუმი, სვანეთი და საქართველოს უკლებლივ ყველა კუთხე - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ცხინვალი და სოხუმი.
ამიტომ, მინდა ყველას ესმოდეს თუ რა არის ირაკლისა და მისი თანამებრძოლების გაკვეთილი.
ეს ის ხალხია, ვინც მიხვდა, რომ საქართველო მათია, ხოლო მათი საქმე ამ ქვეყნს აშენებაა.
არის ხალხი, ვინც თავად არ არღვევს კანონს, მაგრამ დანაშაულთან ბრძოლა საკუთარ საქმედ არ მიაჩნია და უკანონობის წინააღმდეგ ხმას არ აიმაღლებს; ეს ადამიანები მიიჩნევენ, რომ ხმის ამოღება "ჩაშვების" ტოლფასია.
ტელევიზიით გამოდის სხვადასხვა პერმიებისა და პრიზების ზოგიერთი ლაურეატი, რომელსაც მოქალაქეობის განცდა და პატრიოტიზმის გრძნობა არ გააჩნია. ისინი ამბობენ, რომ სახელმწიფოსთან თანამშრომლობა არ შეიძლება.
მიმაჩნია, რომ მათი ლაურიატობა იმის მეასედიც არ ღირს, რაც ირაკლის მიერ გადადგმული ნაბიჯი.
ცხოვრებაში ერთხელ დგება მომენტი, როდესაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა თქვას: რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ჩვენი ხალხის, სამართლიანობისა და ჩვენი მომავლის მხარეს უნდა დავდგეთ.
ადამიანი, რომელიც თავისთვისაა და უსამართლობის წინააღმდეგ ხმას არ აიმაღლებს, მშიშარაა.
ის, ვინც ამბობს, რომ კორუფცია მას არ ეხება, ამ კორუფციის სრულფასოვანი თანამონაწილეა.
ის, ვისაც არ ადარდებს, რომ მის გვერდზე კაცს კლავენ ან ვიღაცას აუპატიურებენ, ისეთივე დამნაშავეა, როგორც მოძალადე.
ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც შეიძლება საზოგადოებაში გვქონდეს.
ყველა, ვინც "ჩაშვებაზე" ლაპარაკობს და ქურდული მენტალიტეტით უყურებს ქვეყანას, მხდალი და მშიშარაა - ის საქართველოს ასაშენებლად არ გამოდგება.
ამ ხალხმა უნდა შეცვალოს საკუთარი დამოკიდებულება.
იმისათვის, რომ იყო ახალი საქართველოს ღირსეული შვილი, პროფესიონალიზმი, ცოდნა და ანთებული გული უნდა გქონდეს.
დღეს საქართველოში ცოდნა ყველაზე მეტად ფასდება.
სიმდიდრე თუ გინდა, ყველაზე მეტად ცოდნა უნდა გქონდეს.
არასოდეს არ ყოფილა ისე ადვილი სიმდიდრის მოპოვება, როგორც დღეს, თანამედროვე მსოფლიოში.
მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს რომელ რეგიონში ცხოვრობთ, მთავრია, გქონდეთ ცოდნა და დარწმუნებული ვარ აჯობებთ ყველას კოალა-ლუმპურში, ნიუ-იორკში, ლოს-ანჟელესსა და პარიზში. ქართველები ძალიან ნიჭიერი ადამიანები ვართ - საქართველოს ყველა მოქალაქე ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად ნიჭიერია.
ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ამ კონკურენტუნარიან გარემოში, ვიყოთ ყველაზე საუკეთესონი.
მოდერნიზაცია არის მთავარი საქართველოში. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ - სკოლები, საავადმყოფოები, სპორტული მოედნები, გზები, გასართობი პარკები, აეროპორტები, ტერმინალები, თანამედროვე საქართველოს შექმნისკენ წინგადადგმული ნაბიჯია.
ჩვენ უზარმაზარი ნახტომი გავაკეთეთ.
1990-იან წლებში ჩემი საყვარელი უკრაინა ეხმარებოდა საქართველოს, როგორც გაუბედურებულ და ღარიბ ქვეყანას.
ხელგაწვდილი ჩავდიოდით იქ და ხან წამალს ვითხოვდით, ხან კი - სესხს.
წელს კი, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების მიხედვით, საქართველო თითქმის ეწევა უკრაინას, ხოლო მომავლ წელს ამ მაჩვენებლით ჩვენი 15 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის პირობებში გავუსწრებთ კიდეც.
მე, რომელსაც ძალიან მჯერა ჩემი ქვეყნის, ვერც კი წარმომედგინა, რომ ასეთ ჩამორჩენას დავძლევდით.
ეს სააკაშვილმა კი არ თქვა, არამედ ირაკლიმ და თითოეულმა იმ ადამიანმა, რომელიც ახალი საქართველოს აღმშენებლობისათვის შრომობს.
ეს უნდა გააკეთოთ თქვენ ყველამ ერთად.
საერთოდ, მიუღწეველი მიზანი არ არსებობს. ყველას მიზანი უნდა იყოს, გამოადაგეს თავის ქვეყანას.
როდესაც ირაკლი იმ გოგოს გადასარჩენად გადახტა წყალში, მიაჩნდა, რომ ეს მისი მოვალეობაა, მას ვინმეს წინაშე ქულების დაწერა არც უფიქრია.
წარმოგიდგენიათ, რომ ორი სამი წლის წინათ ღიპიანი პოლიციელები, რომლებიც სასტვენითა და ჯოხით იდგნენ ტრასაზე, ვინმეს გადასარჩენად ხელს გაანძრევდნენ?
ჩემი მეგობარი ავარიაში მოხვდა და ღიპიანმა "გაიშნიკმა" მანქანაშიც კი არ ჩასვა - სისხლით დავისვრებიო, საავადმყოფოში წაყვანაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია!
ასეთი პოლიცია გვყავდა ჩვენ.
ეს ბიჭი გამოძახებულ პატრულსა და სამაშველო სამსახურს არ დაელოდა, წყალში გადახტა და ადამიანის გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე გაწირა.
ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ აბსოლუტურად სხვა ხალხი გაგვიჩნდა.
წმინდა გიორგის ორდენი ჩვენგან მხოლოდ პრეზიდენტ ბუშს და პრეზიდენტობის კანდიდატ მაკ კეინს ჰქონდა.
ეს ჯილდო მივეცით ირაკლი ქუთათელაძეს. რატომ? - იმიტომ რომ წმინდა გიორგი გამარჯვების სიმბოლოა, ირაკლიმ გამარჯვება მოიპოვა სხვადასხვა გარემოებაზე, ადამიანის ბუნებრივ ინსტინქტზე, შიშზე, ჩვენს ყველა წინამორბედ "ტრადიციაზე" და ყველას დაანახა, რომ პიროვნული მსხვერპლის მიუხედავად, გაიმარჯვა და ამ ცხოვრებიდან გამარჯვებული წავიდა.
ამ ადამინს ბევრმა უნდა მიბაძოს.
დღეს ჩვენ სხვა ქვეყანას ვაშენებთ.
ორი დღის წინათ საქართველოსა და ირლანდიის გუნდებს შორის რაგბის თამაშს ვუყურებდი.
ვნახე, როგორ მღეროდნენ ჩვენი რაგბისტები საქართველოს ჰიმნს და როგორ ტიროდა ერთი-ორი ბიჭი ამ დროს.
ეს მაგალითია მათთვის, ვინც სპორტის ზოგიერთ სახეობაში საკუთარ გუნდში თამაშზე უარს აცხადებს და საკუთარი ქვეყნის ნაკრებში თამაშს გვამადლის.
საკუთარ გუნდში თამაში უდიდესი პატივია და რაგბისტებმა ეს იციან. სწორედ ამიტომ არის, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გუნდს, პრაქტიკულად, მოუგეს.
ამ ხალხს სწამს თავის დროშის და ჰიმნის.
ეს ხალხი ამაყობს ქართველობით.
სწორედ ამიტომ მთელი საფრანგეთი გულშემატკივრობდა საქართველოს გუნდს და გაიძახოდა - საქართველო, საქართველო!
როდესაც მსოფლიოს აჩვენებ, რომ ყველაზე უთანასწორო პირობეში თავს გაწირავ და ბოლომდე იბრძოლებ, ყველა და ყველაფერი შენს მხარეს იქნება.
ჩვენი მთავარი ძალა ჩვენს შესაძლებლობებში დარწმუნებაა.
თუ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული არ ხარ, ვერაფერს ვერ მიაღწევ.
თუ დამარცხებულის ფსიქოლოგია გაქვს, რა ძალა და დამსახურებაც არ უნდა გქონდეს, ბოლოს მაინც, აუცილებლად დამარცხდები.
ჩვენ დამარცხებულის ფსიქოლოგია მოვიშორეთ.
ჩვენ ვირწმუნეთ საკუთარი შესაძლებლობების და დღეს საქართველოს ძალა სწორედ ამაშია.
ბავშვებო მინდა დაიმახსოვროთ - აქ, ირაკლი ქუთათელაძის სკოლაში არ არსებობს მიუღწეველი მიზნები, დაუმარცხებელი მტერი; არ არსებობს საქმე, რომელსაც მოინდომებთ, ირწმუნებთ და არ გამოგივათ; რომც გეგონოთ, რომ ბრძოლა წააგეთ, ბრძოლის ველიდან არ უნდა წახვიდეთ.
გარწმუნებთ, ის, ვინც ბრძოლის ველიდან არ მიდის, ბოლოს გამარჯვებული გამოდის.
ეს არის მთავარი, რაც ჩვენ, ყველამ ერთად უნდა დავიმახსოვროთ.
მსურს ეს შეხედულება და რწმენა ყველას ჰქონდეს.
რაც მთავარია, ყველა უნდა ვიყოთ წარმატებული.
თქვენ ყველაფერს შეძლებთ, მთავარია კარგად ისწავლოთ, გწამდეთ და არ დაგავიწყდეთ ირაკლი ქუთათელაძის მაგალითი, რაზეც დღეს მე თქვენ გესაუბრეთ.
როდესაც ირაკლის გმირობის შესახებ გავიგე, შეძრწუნებული ვიყავი, ეს წარმოუდგენელი რამ იყო.
ერთი მხრივ, ოჯახის მიმართ ადამიანური წუხილი, სოლიდარობის განცდა დამეუფლა, ხოლო, მეორე მხრივ, წარმოუდგენელი სიამაყის გრძნობა.
ჩვენ სხვა ქვეყანა ვართ, ამ ქვეყანაში ირაკლის მსგავსი ადამიანები იზრდებიან.
ჩვენ ვერასოდეს, ვერავინ დაგვამარცხებს.
გილოცავთ ახალ სასწავლო წელს და გისურვებთ წარმატებებს!
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური