Google+

სიახლეები

29.09.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკენი-ჭუბერის ახლადაშენებული გზა გახსნა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ზემო აფხაზეთში ჩავიდა და საკენი-ჭუბერის გზის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. პრეზიდენტი შესრულებული სამუშაოს დეტალებით დაინტერესდა და საქართველოს საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელს რომან დალაქიშვილს გზის მშენებლობისა და შემდგომი მომსახურებისთვის აუცილებელი უახლესი ტექნიკის შესყიდვა დაავალა. ასევე მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვეტილება მიიღო იმის თაობაზე, რომ გზის მშენებლობაზე მომუშავე ყველაზე წარმატებული მშენებლები ღირსების ორდენებით დააჯილდოვოს და ფულადი პრემიები გადასცეს.

ამას გარდა, საქართველოს პრეზიდენტმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს მალხაზ აქიჟბაიას დამატებითი თანხის გამოყოფა აღუთქვა, რათა აღნიშნულ გზაზე გადაადგილება წლის ნებისმიერ დროს იყოს შესაძლებელი. "საამისოდ 10 და 20 მილიონი ლარიც რომ დაგვჭირდეს უნდა დავხარჯოთ, რათა ეს გზა მუდმივად იყოს გაწმენდილი, ტექნიკა მობილიზებული და ზვავის ჩამოწოლის შემთხვევაშიც კი უმოკლეს ვადაში უნდა აღმოვფხვრათ პრობლემა", - აღნიშნა მან. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მგზავრობის ღირებულება 10 ლარამდე უნდა შემცირდეს.

"თავად ვარ იმის მომსწრე, რომ ამ გზის მშენებლობა ზამთარშიც კი არ შეჩერებულა, ხალხი შეშაზე თბებოდა, კარვებში ცხოვრობდნენ, მაგრამ დღე და ღამე მუშაობდნენ.

ამისათვის მსურს თითოეულ მშენებელს მადლობა გადავუხადო.

საქართველოს გაუჩნდა ხალხი, რომელსაც შეგნებული აქვს, რომ ეს მხოლოდ სამსახურეობრივი მოვალეობა არ არის.

ამ გზით ჩვენ მართლაც ახალ საქართველოს ვაშენებთ.

მინდა ასევე აღვნიშნო ის, რომ ეს პირველი პირდაპირი ჩართვაა ზემო აფხაზეთიდან, რაც პირადად ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტია.

მინდა მოგვმართოთ თქვენ და ახფზეთიდან დევნილ მოსახლეობას, აფხაზეთის მოსახლეობას და სურლიად საქართველოს.

ერთი წლის წინათ, როდესაც ზემო აფხაზეთში პირველად აღვმართეთ დროშა და აქ ოფიციალურად გადმოვიყვანეთ აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ადმინისტრაცია, დაგპირდით, რომ გზას, რომელიც იფუნქციონირებდა და საშუალებას მოგვცემდა ჩხალთა, კოდორის ხეობა, მთელი ჭუბერი და მაროხის უღელტეხილი ხელმისაწვდომი ყოფილიყო მოსახლეობისათვის, ერთი წლის გნმავლობაში აშენდებოდა.

ხაზგასმით აღვნიშნავ ამ დასახლებული პუნქტების სახელწოდებებს, რადგან მსოფლიოში ჯერ კიდევ ბევრი უწოდებს ზემო აფხაზეთს კოდორის ხეობას.

ეს არ არის მხოლოდ კოდორის ხეობა - ეს არის რამდენიმე ხეობა, ორი უღელტეხილი, ეს არის აფხაზეთის ტერიტორიის ძალზე მნივშნელოლვანი ნაწილი.

სწორედ ამიტომ ვუწოდებთ მას ზემო აფხაზეთს და ეს არის ოფიციალური ტერმინი, რომელიც ზუსტად ასახავს არსებულ რეალობას.

ამ გზის გახსნა ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

ეს გზა რომ ყოფილიყო, 14 წლის წინათ ჩხალთიდან, ჭუბერიდან და კოდორის ხეობიდან გადმოსვლისას ათასობით ბავშვი, ქალი და მოხუცი არ გაგვეყინებოდა და ამდენი ადამიანი არ დაგვეხოცებოდა.

ზამთრის დადგომას სეპარატისტები გიენებივით ჩასაფრებული ელოდებოდნენ.

მათ არაერთხელ განაცხადეს საჯაროდ, რომ ძირითადი გზის ჩაკეტვისთანავე აპირებდნენ ზემო აფხაზეთში შემოჭრას და უახლოეს თვეებში ზემო აფხაზეთზე კონტროლის აღდგენას.

მათ სრული ექვსი თვის განმავლობაში ჰქონდათ გზა გახსნილი იმისათვის, რომ ხეობებზე თავდასხმა განეხორციელებინათ.

ნურას უკაცრავად, ამ ხალხს აღარაფერი გამოუვა.

რამდენიმე დღის წინათ, ზუსტად ამ ადგილთან ახლოს, ზემოდან გადმოვიდა სოხუმის ყველაზე რჩეული სპეცდანიშნულების რაზმი.

ამ რაზმს რჩეული რუსი ოფიცერი ხელმძღვანელობდა, რომელსაც ორი დღის წინათ რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ანტიტერორისტული ინსტრუქტორი უწოდეს.

თითქოს ტერორისტების ძებნა რუსეთში ტყეებში არ არის საკმარისი და საქართველოს ამ უმშვენიერეს ტყეებშია აუცილებელია.

ის აქ ტერორისტებს ეძებდა და ჰპოვა სიკვდილი, თუმცა ჩვენ არავის სიკვდილი არ გვიხარია.

ჩვენი პატარა რეგიონული პოლიციის დანაყოფმა მათი საუკეთესო სპეცდანიშნულების რაზმი გაანადგურა.

ეს ის საქართველო აღარ არის.

ჩვენ მოვიგერიეთ კარგად დაგეგმილი შეტევა, ავიცილეთ პროვოკაცია და ასე იქნება იმდენჯერ, რამდენჯერაც ჩვენი მშვიდობიან მოსახლეობას, საქართველოს მშვიდობასა და მოქალაქეებს საფრთხე დაემუქრება.

ის ხალხი ვინც ამ გზის მშენებლობაზე მუშაობდა, არიან ახალი საქართველოს გმირები.

სიტყვა "გმირები" ძალიან აღიზიანებს ზოგიერ ტელეარხის კომენტატორს.

გმირები არიან აბა რა - ეს ხალხი დღე და ღამე, ზამთარში, ყინვაშიც კი არ წასულან აქედან, რათა წლევანდელი ზამთრის დადგომამდე გაეყვანათ ეს გზა.

მათ მიატოვეს საკუთარი სახლები, ოჯახები და თანაც, არცთუ დიდი ანაზღაურების პირობებში მუშაობდნენ.

ეს ხომ ის გზა არ არის რომლის მშენებლობაზეც ფულის მოპარვის შესაძლებლობა გექნება, როგორც ადრე ასფალტის დაგებაზე აკეთებდნენ, ეს გრუნტის გზაა.

ამ ხალხს კარგად ქონდა გაცნობიერებული საკუთარი მისიის ისტორიული, სტრეტეგიული, პოლიტიკური, ეკონომიკური და სასიცოცხლო მნიშვნელობა.

მინდა ვთქვა, რომ იმ დიდ გზას, რომელსაც ვადგავართ, ვერაფერი ვერ შეაჩერებს.

კარგად ვიცი, საქართველოს არაკეთილმოსურნეები, როგორც სოხუმში, სამთავრობო შენობებში ჩაბუდებული გიენები, ქვემოდან შემოგგვყურებენ და ჩვენი ფეხის აცდენასა და ჩამოვარდნას ელოდებიან, რათა ჩვენი "შეჭმა" გაუადვილდეთ.

საქართველოს არაკეთილმოსურნეებმა კარგად იციან, რომ საქართველოს დამარცხება შეუძლებელია, როდესაც საქართველო არის ერთიანი და აქვს მსოფლიო მხარდაჭერა.

მათ ისიც კარგად იციან, რომ რაღაც პროცენტი მოღალატეების ყოველთვის არის.

ამ არაკეთილმოსურნეების ამოცანაც სწორედ ისაა, რომ ორგანიზმის შიდა ორგანოების დასუსტებაზე იმუშაონ; ეს მოღალატეებიც, როგორც იმუნური დაავადება, ასპარეზზე გამოვიდნენ, საქართველო ისევ ლოგინად ჩააგდონ და ერი დააავადონ.

ნურას უკაცრავად!

ჩვენ გვსურს ვუთხრათ ჩვენს მეგობრებსაც, რომლებიც მსოფლიოში უმრავლესობას წარმოადგენენ და ჩვენს არაკეთისლმოსურნეებსაც - დღეს სხვა საქართველოა, სხვა ერია, სხვა გამოცდილება, სხვა სიძლიერე და სხვა სულიერი სიმტკიცეა საქართველოში.

ამ ორი დღის წინათ ჩემი რუსი "მეგობარი" გამოვიდა რუსეთის ტელევიზიით, რომელმაც საქართველოში დემოკრატია და მისი ხარისხი დაიწუნა. ამავე დროს, საქართველოში მოსალოდნელ სამოქალაქო დაპირიპირებაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ქართველებს შორის აუცილებლად დაიღვრება სისხლი.

ამ კაცმა კარგად იცის, რომ 1990-იანი წლების დამდეგს სწორედ სამოქალაქო დაპირისპირებამ დაგვაკარგვინა ის, რასაც ეხლა ვერ ვაკონტროლებთ.

ჩვენმა წინა მოღალატეებმა, მათმა ამბიციებმა, ბოღმამ და სიხარბემ მიგვიყვანა იქამდე, სადაც დღეს აღმოვჩნდით.

მათ ჰგონიათ, რომ ეს ქართველების ქრონიკული დაავადება; მიაჩნიათ, რომ ქართველებით მანიპულირება ძალიან ადვილია.

მინდა ვუთხრა ამ ჩემს რუს "მეგობარს" და სხვა დანარჩენ რუს "მეგობრებს" - ძალიან დიდი განსხვავებაა ამ ორ ქვეყანას, საქართველოსა და რუსეთს შორის.

ჩვენი ქვეყნის დემოკრატიაზე საუბრისას, მათ უნდა იცოდნენ, რომ საქართველოში არის სამართლის უზენაესობა, თავისუფალი პრესა, ყველას შეუძლია ნებისმიერი ადამიანისა და, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის პრეზიდენტის კრიტიკა.

რაღაც დიდი ხანია ასეთი კრიტიკა არ მომისმენია რომელიმე რუსულ ტელეარხზე. აქ ჩემს კრიტიკას არ ვგულისხმობ, მათ არხებზე ეგ მე არ მაკლია, მე მათი ლიდერების კროტოკა მაქვს მხედველობაში.

ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი განსხვავებაა.

ჩემი პირადი მეგობარი იყო ანა პოლიტკოვსკაია.

საქართველოში არც ერთი ჟურნალისტი არ მომკვდარა, თუ არ ჩავთვლით გალის რაიონსა და აფხაზეთს, რომელიც რუსეთის სამშვიდობებოების მიერ კონტროლირდება.

რუსეთში ასეულობით ჟურნალისტია განადგურებული. ბევრმა რუსმა ჟურნალისტმა და პრესის წარმომადგენელმა, საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ჩვენ ქვეყანას შეაფარა თავი, რითაც ძალიან ვამაყობთ.

განსხვავება რუსეთსა და საქართველოს შორის კონკრეტული და მარტივია - რუსეთში ასი კაცი რომ გამოდის ოციათასი სპეცრაზმი არბევს, საქართველოში კი მშვიდობიანი აზრის იმდენ მოქალაქეს შეუძლია გამოთქმა ყოველგვარი ძალადობისა და საფრთხის გარეშე, რამდენსაც ამის გაკეთება სურს.

ეს არის ჩვენი ძალა.

განსხვავება კიდევ არის ერთი: რუსეთში, სადაც პრობლემაა პრესასთან, დემოკრატიასთან და უსაფრთხოებასთან, ჩინოვნიკები იღებენ ქრთამებს, საქართველოში ქრთამს ვერავინ ვერ იღებს, მაგრამ თუკი ასეთი ფაქტი გამოვლინდება, მექრთამის გავლენის, მოპარული ფულის რაოდენობისა და უცხოელი თუ სხვა სპონსორების სიძლიერის მიუხედავად, კანონის წინაშე ყველა პასუხს აგებს.

ეს არის შედეგი იმისა, რომ 80-დოლარიანი ნავთობ-რესურსების მფლობელ რუსეთს ორნახევარჯერ ნაკლები ეკონომიკური ზრდა აქვს, ვიდრე საქართველოს.

საქართველოს თავისი პრობლემებით, კონტროლდაკარგული ტერიტორიებით, ეკონომიკის სფეროში დასაწყისში არსებული სირთულეების ფონზე ორჯერ მეტი აქვს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ვიდრე ჩრდილოელ მეზობელს - რუსეთს.

- ძვირფასო მეგობრებო, თქვენ დიდი ქვეყანა ხართ და მოდით, თქვენი დიდი ქვეყნის დიდ პრობლემებს მიხედეთ!

ჩვენ შედარებით პატარა ქვეყანა ვართ და პატარა ქვეყნის პრობლემებს ჩვენი ხალხი თავად გადაწყვეტს - დემოკრატიის, გამჭვირვალეობის, კანონის უზენაესობის, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარების, დემოკრატიული რეფორმების შემდგომი გაგრძელებისა და კორუფციის წინააღმდეგ გაათმაგებული ბრძოლის გზით; ჩვენ ვერავინ ვეღარ გადაგვკიდებს ერთმანეთს, ვერ გამოიწვევს სამოქალაქო დაპირიპირებას.

- თქვენი რეცეპტით გამოწერილი წამლები უკვე დავლიეთ და საწამლავი აღმოჩნდა; ახლა უკვე სხვაგვარად ვისწავლეთ საკუთარი ორგანიზმის გაკაჟება, გამობრძმედა და გამოვჯანმრთელდით კიდეც.

ეს არის ჩემი გზავნილი აფხაზეთის შუაგულიდან ჩემი მეგობრისადმი, უახლოეს დღეებში კი შევხვდები მას და პირადად მოვახსენებ.

მინდა ერთი რამ ვთქვა, ამ კაცმა და ჩვენმა მეგობარმა, წელიწადნახევრის წინათ დიდი წუხილი გამოთქვა ქართველი ხალხის თაობაზე, მეორე დღეს კი რუსეთში ქართული ღვინის შეტანა აკრძალა.

ამ დღეებში კახეთში რთველია.

მარტივად გათვლეს ხალხის სოციალური გაჭირვება, შიდა მოღალატეების არსებობა, ხალხის "ადუღება" და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ შემობრუნება.

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები კახეთში სწორედ ამ დღეებში დაძრწიან.

რუსეთისაგან განსხვავებით, ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს არჩევნებიდან არ ვხსნით, ყველას აქვს მოქმედების სრული თავისუფლება.

ისინი ხან ხუთკაციან მიტინგს მართავენ, ხან კი თხუთმეტკაციანს.

რა, კახელ გლეხს და მევენახეს არ უჭირს? რა თქმა უნდა ძალიან უჭრს.

კახელი მევენახე ინტელიგენტი, განათლებული, მოაზროვნე ადამიანია და არა ჭანჭიკი, როგორც მათ ჰგონიათ.

მან მშვენივრად იცის, რაც არ უნდა უთხრან ამ შიდა „მოღალატუკებმა", რომლებსაც ჰგონიათ, რომ ამით ქულებს დაიწერენ, დღეს ყოველგვარი წუხილის გამოხატვა გააათმაგებს იმათ პოზიციებს, ვინც ეს ემბარგო შემოიღო.

ამიტომ მიდის კახეთში ასე კარგად რთველი, და არა იმიტომ, რომ ყველა ჩვენი ეკონომიკური პრობლემა გადავწყვიტეთ.

ეს არის ქართველი პოლიტიკოსების არა ერთი ნაწილის, არამედ მთლიანად ქართველი ხალხის გაცემული პასუხი საქართველოს არამკითხე ჭირისუფლებისთვის, ქართველი ხალხის ბედის გადაშენებისა და შემდგომი არსებობის თაობაზე.

მათ საქართველო ძალიან უყვართ, თუმცა ცხინვალის, სოხუმისა და კიდევ რამდენიმე ტერიტორიის გარეშე.

მათ უყვართ სუფრასთან, სულიკოს მომღერალი და ყანწით ხელში სადღეგრძელოების დამტვრეული რუსულით მთქმელი ქართველები და არა წელში გამართული ქართველები, რომლებმაც საკუთარი ქვეყნის ბატონ-პატრონად იგრძნეს თავი, შექმნეს ძლიერი უშიშროების სისტემა, ძლიერი სახელმწიფო; მათ არ უყვართ ის ქართველები, რომლებიც ეკონომიკას ორმაგი ტემპით ანვითარებენ.

თუმცა, ჩვენ ხომ ვიცით, რა არის მართალი და როგორი უნდა იყოს ჩვენი მომავალი?!

დღეს ჩვენ უბრალოდ ზემო აფხაზეთის გზაზე არ ვდგავართ - დღეს ჩვენ სოხუმის გზაზე, საქართველოს გაერთიანების გზაზე ვიმყოფებით.

დღეს ჩვენთან არის დევნილების ერთი ნაწილი.

არასოდეს არ დამავიწყდება ჩხალთაში გამართული აფხაზეთის ჩემპიონატი ლტოლვილთა გუნდებს შორის, როგორ ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს ტყვარჩელის, გაგრის, ოჩამჩირის, სოხუმის ბიჭვინთის გუნდები.

არასოდეს დამავიწყდება ის ორმოცდაათი წლის მამაკაცები, რომლებმაც ძველი გზა გამოიარეს, რვა საათის განმავლობაში მოდიოდნენ უღელტეხილზე, გამოიცვალეს ფორმა და ასპარეზობაში ჩაებნენ.

ისინი ისევ იმ ოცი წლის ბიჭებივით გამოიყურებოდნენ, როგორებიც სოხუმიდან გამოყრამდე იყვნენ.

რამდენიმე წლის წინათ ამ ხალხს ყოველგვარი იმედი დაკარგული ჰქონდა და რამდენიმე წლის წინათ მათ აქ ვერ ამოიყვანდი.

უნდა გენახათ როგორი ენთუზიაზმით ამოვიდნენ აქ!

მათ იციან, რომ ჩხალთა ბოლო გაჩერება კი არა, დიდი დაბრუნების დასაწყისია.

მინდა გითხრათ, ვერავინ შეაჩერებს საქართველოს გარეთიანების პროცესს.

ვერავინ შეაჩერებს პოლიტიკურ დიალოგს სამხრეთ-ოსეთში დიმიტრი სანაკოევთან.

როგორი აყალმაყალიც არ უნდა ატეხონ, ხალხმა მშვენივრად იცის ის სიბრძნე და სიმართლე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ.

საქართველოს გაერთიანება მატივი პროცესი არ არის.

დავით აღმაშენებლმა, ყველაზე დიდმა ქართველმა მმართველმა, თბილისის შემოერთებას 30 წელი მოანდომა.

დღეს სხვა ეპოქაში ვცხოვრობთ.

ჩვენ დავით აღმაშენებელს არ ვედრებით - პრეზიდენტის ვადა ბევრად უფრო ნაკლებია, ხოლო ჩვენი მოთმინება არცთუ უკიდეგანო.

სიტყვას გაძლევთ, ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში, საქართველოს ყველანი ერთად გავაერთიანებთ, მაგრამ არა ახალი კიტოვანების წარმოშობით.

ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ სულსწრაფმა, პროვოკაციას აყოლილმა, გაუაზრებელმა, ჭკუამოკლე, ამბიციურმა პოლიტიკამ სადამდე მიგვიყვანა და საიდან გვიხდება მობრუნება.

მოთმინებითა და გამძლეობით, ერთად დგომით და ეკონომიკური წარმატებებით, უფრო მეტი რეფორმებითა და გაძლირებით, მეტი საერთაშორისო მხარდაჭერითა და გამჭირვალეობით, დემოკრატიითა და ჩვენი ხალხისათვის მეტი შესაძლებლობების მიცემით ყველაფერს მივაღწევთ.

ძალიან ხშირად მესიზმრება სოხუმი.

ძალიან მიყვარს ჩასვლა თამარაშენში და ცხინვალის ორმოცდაათი მეტრიდან თვალიერება.

ჩემი ოჯახი ნაწილობრივ აქედან - ამ მიწიდან არის.

ჩვენ უნდა დავბრუნდეთ ყველგან, საიდანაც ჩვენი გამოძევების პრეტენზია გაუჩნდათ.

მინდა გითხრათ, რომ დღეს ჩვენი ერთი დაპირების ასასრულებლად ჩამოვედით - ჩვენ გავიყვანეთ ეს გზა.

თუცა ეს არის პატარა დაპირება, ეს მხოლოდ პატარა ეტაპია იმ დიდი გზისა, რომელსაც ჩვენ დავადექით.

ჩვენ ამ დაპირებას დღეს ვასრულებთ და კიდევ ერთ ნიშნულს ვაკეთებთ. მაგრამ ჩვენი მთვარი ოცნება, მთავარი დაპირება და მამოძრავებელი ძალა - საქართველოს გაერთიანება ხელის ერთ გაწვდენაზეა.

ყველას გპირდებით, რომ ჩვენ ეს ხელი არ აგვიკანკალდება და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ.

მზად ვარ, ამ მშვიდობიანი და დიდი გაერთიანებისკენ მიმავალი გზის ბოლო კილომეტრები, მეტრები და სანტიმეტრები თქვენთან ერთად უბრალო მებრძოლად (თუ საჭირო გახდა ბულდოზერის მძღოლადაც) გავიარო, გავარღვიო გავიტანო და საქმე ბოლომდე მივიყვანო.

ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი ამ დიდი გზის დასრულებაში!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)