საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მისასალმებელი სიტყვა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისადმი
მინდა მივესალმო ჩვენს მეგობარს, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს.
მისი დღევანდელი ვიზიტი არის არა მხოლოდ ფორმალური მოვლენა, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების დასაწყისი.
ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებში სერიოზული მიღწევები გვაქვს.
მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ 2006 წლის დამდეგიდან დღემდე საქართველოსა და თურქეთს შორის ვაჭრობა ორჯერ და მეტჯერ გაიზარდა.
ახლა ჩვენ ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას.
ეს იმას ნიშნავს, რომ არა მხოლოდ იმპორტი იზრდება თურქეთიდან, არამედ სულ უფრო გაიზრდება ექსპორტი ჩვენი ქვეყნიდან თურქეთში.
მაგალითად, ციტრუსების ესპორტი - ამ ხელშეკრულების რატიფიკაციის შემდეგ, მომავალი სეზონიდან ქართული ციტრუსები გავა თურქეთში.
იმ დღეს, როდესაც რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეწყვიტა, დაემთხვა, რომ თურქეთმა საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმი გააუქმა.
თურქეთის საზღვარი წელს შვიდასი ათასმა ქართველმა გადაკვეთა.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებაა.
თურქეთთან ყველა საკითხში ვთანამშრომლობთ, მათ შორის, კულტურულ საკითხებში - უახლოეს თვეეში დაიწყება ოშკის უნიკალური და შემდეგ, ალბათ, ზარზმის საკათედრო ტაძრის სრული რესტავრაცია.
ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სამასზე მეტი კულტურული და რელიგიური ძეგლი აღადგინა; ახლა გადავდივართ ჩვენი ძეგლების აღდგენაზე თურქეთში, როგორც ორი ქვეყნის თანაშრომლობის, ერთიანობისა და ახლობლობის სიმბოლო.
სრულფასოვნად ფუნქციონირებს ბათუმის აეროპორტი, როგორც თურქეთ-საქართველოს ერთობლივი აეროპორტი.
სტამბულიდან და ასევე ბათუმიდან რეისები ყოველდღე სრულდება და ბათუმის აეროპორტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონალური აეროპორტი ხდება.
უახლოეს პერიოდში ხოფაში გაიხნება ტერმინალი - რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრად მეტი მგზავრი წამოვა თურქეთიდან ბათუმის გავლით, ეს კი ხელს შეუწყობს ეკონომიკური ურთიერთობის კიდევ უფრო განვითარებას.
ასევე ერთობლივად ვმუშაობთ თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის თავისუფალი ვაჭრობისა და ერთიანი ეკონომიკური ზონის შექმნაზე.
ახალი რკინიგზა, გამჭირვალე საზღვარი, აეროპორტების ერთობლივი გამოყენება ნიშნავს იმას, რომ რეგიონში ასობით ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
უახლოეს პერიოდში, არ მეშინია ამ სიტყვების, რკინიგზის მშენებლობაზე ასობით ათასი სამუშაო ადგილი გაჩნდება.
მინდა მადლობა ვუთხრა პრეზიდენტ გიულს, ასევე პრემიერ-მინისტრ ერდოღანს იმ საკითხების ძალიან სწრაფი, გაბედული და თამამი გადაწყვეტისათვის, რომელთა გადაჭრაც ბევრ ევროპულ ქვეყანას ათწლეულები დასჭირდებოდა.
თავისუფლი ვაჭრობის ხელშეკრულების სწრაფი გაფორმება იყო საგარეო მინისტრის, შემდეგ კი პრეზიდენტ გიულის პირდაპირი ინიციატივა, მისი პირადი ჩარევის შედეგად მოიხსნა ბევრი ბიუროკრატიული ბარიერი.
თურქული ინვესტიციებით ათეულობით ახალი საწარმო გაიხსნა - მაგალითად, სამკერვალო სფეროში და ათასობით ქართველი მოქალაქე დასაქმდა.
ესეც ორმხრივი თანამშრომლობის შესანიშნავი მაგალითია.
ჩვენ მადლობელი ვართ იმ დადებითი როლისთვის, რომელსაც თურქეთი რეგიონალური კონფლიქტების გადაწყვეტის საკითხთან დაკავშირებით ასრულებს.
ჩვენი ერთობლივი დიპოლომატიური ქმედების შედეგი იყო ისიც, რომ აჭარაში სიხლი არ დაიღვარა და ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდა.
ჩვენ მადლობელი ვართ და ვაფასებთ, რომ თურქეთის მთავრობამ ოფიციალური გაფხრთხილება გამოაქვეყნა იმის თაობაზე, რომ აფხაზეთში, საიდანაც მოსახლეობა განდევნილია, უკანონო ინვესტიციების ჩადება არ უნდა მოხდეს და იქ არც ქონება არ უნდა შეიძინოს ვინმემ უკანონოდ.
ეს არის ნამდვილი მეგობრის და იმ ქვეყნის საქციელი, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს, საერთაშორისო, ცივილიზებული მოქცევის ნორმებს და რომელსაც კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარება სურს.
ასევე, პროგრესი შეინიშნება სატრანსპორტო სფეროში.
მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი გავხდი, თურქეთ-საქართველოს შორის კვირაში ოთხი რეისი ხორციელდებოდა; დღეს კი თბილისიდან თურქეთის მიმართულებით ათი რეისი ხორციელდება, ხოლო ბათუმიდან - შვიდი.
მომავალი წლიდან 14 რეისი შესრულდება როგორც თბილისიდან, ისე ბათუმიდან.
ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში, ოთხ წელიწადში თურქეთ-საქართველოს შორის მგზავრთა რაოდენობა თითქმის ათჯერ გაიზარდა.
თუმცა მთავარი პროექტი არის ამ რკინიგზის მშენებლობა!
დღეს ჩვენ გავხსენით პროექტი, რომლის განხორციელების შემდეგ ადამიანი ჩაჯდება მატარებელში თბილისში და სტამბულის გავლით აღმოჩნდება ლონდონში.
წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც თურქეთისკენ მიმავალი გზა და, ზოგადად შავი ზღვისპირეთის გზები ცუდი იყო, როდესაც თბილისიდან ავტობუსით გასულ მგზავრს სტამბულში ჩასასვლელად ათობით საათი სჭირდებოდა.
ეს ძალზე ცუდი პერიოდი იყო.
თურქეთში, სტამბულიდან საქართველოს საზღვრამდე, პრაქტიკულად, ბათუმამდე უკვე არის ავტობანი - ბათუმიდან დილას გასული მგზავრი საუკეთესო ევროპული კლასის გზით საღამოს უკვე სტამბულშია.
ჩვენ კი ავტობანს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ვაშენებთ, რომლის თბილისი-იგოეთის მონაკვეთი უახლოეს დღეებში გაიხსნება.
ერთი სიტყვით, ყოველივე ეს ადამიანებისათვის კეთდება და ჩემი პრეზიდენტობის მეორე ვადის დამლევამდე ვაპირებ, რომ თბილისი-ლონდონის ჩქარი მატარებლის პირველი მგზავრი ვიყო.
ჩინეთიდან ევროპაში ამჟამად ტვირთი ტრანსციმბირული მაგისტრალით მიდის, რაც ძალიან გრძელი გზაა.
ამ პროექტის განხორციელების შემდეგ მათ შეეძლებათ ევროპაში ყაზახეთის, კასპიის ზღვის ბორნებით, საქართველოსა და ბოსფორის გავლით მოხვდნენ.
გარწმუნებთ, რომ ახალქალაქი ჩიხი აღარ იქნება, ისე, როგორც ეს დღესაა.
თბილისი და ახალქალაქის მონაკვეთი ვაჭრობისა და მიმოსვლის მეგაცენტრი გახდება.
ამ პროექტის ამოქმედების შემდეგ ჩინეთიდან და შუააზიიდან ტვირთების გადაზიდვისას მანძილი და ბიუროკრატია ორჯერ შემცირდება.
ასე რომ, საქართველო ხდება ზუსტად ისეთი ქვეყანა, როგორზეც ყოველთვის ვოცნებობდით - დიდი სავაჭრო კომერციული ცენტრი, რომელშიც ქართველები იცხოვრებენ მდიდრულად და კარგად მხოლოდ იმის გამო, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან, აქ დაიბადნენ და რომ მათი ქვეყანა მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ცენტრი გახდა.
რა თქმა უნდა, ყველაფერი ადამიანებისა და მათი კეთილდღეობისთვის კეთდება.
ამავე დროს, ყოველივე ეს არ იქნებოდა რომ არა თურქეთის პრეზიდენტი, ამ ქვეყნის მთავრობა, ჩვენი ქვეყნების მეგობრობა, ერთობა, საერთო ხედვა და უკეთესი მომავლის საერთო რწმენა.
მსურს დიდი მადლობა გითხრათ ყოველივე ამისათვის.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური