Google+

სიახლეები

26.11.2007
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნინო ბურჯანაძის მიმართვა საქართველოს მოსახლეობისადმი

მოგესალმებით და მინდა, რამდენიმე სიტყვით მოგმართოთ.

მას შემდეგ, რაც გადადგა საქართველოს პრეზიდენტი მე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მეკისრება ვალდებულება, შევასრულო პრეზიდენტის მოვალეობა საარჩევნო პერიოდში. ეს უკვე მეორედ ხდება საქართველოს უახლესი ისტორიის მანძილზე, როდესაც საკმაოდ რთულ, არაორდინალურ ვითარებაში, მეკისრება მოვალეობა შევასრულო ქვეყნის დროებითი პრეზიდენტის ფუნქციები. ძნელად წარმომედგინა, რომ ის ვითარება კვლავ განმეორდებოდა, და ძალზე სამწუხაროა, რომ იმ რთული ვითარების ფონზე, რომელიც საქართველოში რამდენიმე დღის წინათ შეიქმნა, ჩვენ იძულებილი გავხდით, მიგვეღო გადაწყვეტილებები, რომლებიც, ბუნებრივია, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ჩვენი ქვეყანა დგას ძალიან მნიშვნელოვანი გზის გასაყარზე.

დღეს საქართველოს მოსახლეობა ძალიან სერიოზული გამოცდის წინაშე დგას. უპირველეს ყოვლისა, გავუძლოთ ნებისმიერ ცდუნებას, რომ ავყვეთ ემოციებს, არ ვიყოთ და არ ვიაზროვნოთ ცივი გონებით, არ ვიყოთ პასუხისმგებლობის გრძნობით სრულად აღვსილნი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნისთვის მართლაც ისტორიულ მომენტში, ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ ერთად, ნებისმიერი პოლიტიკური სიმპათიის მქონე ადამიანმა, იმისთვის, რომ ქვეყენა იყოს სტაბილური, შეინარჩუნოს ნორმალური პოლიტიკური რეჟიმი, ქვეყანა ცხოვრობდეს ნორმალურ საარჩევნო გარემოში და 5 იანვარს თითოეული თქვენგანი მივიდეს საარჩევნო ყუთთან და დემოკრატიულ ვითარებაში გააკეთოს არჩევანი თავისი ქვეყნის მომავალი განვითარების, მომავალი წარმატების სასარგებლოდ.

მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და როგორც საქართველოს მოქალაქე ნინო ბურჯანაძე, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თქვენ არჩევნების წინა პერიოდში ნორმალურ, სტაბილურ, დემოკრატიულ გარემოში ცხოვრობდეთ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ, სამართლიან, სტაბილურ გარემოში და არჩევნების დემოკრატიულობასა და სამართლიანობაში არავის, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ ეჭვი არ გაუჩნდეს. ამისთვის საჭიროა ყველას ერთობლივი ძალისხმევა.

მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას დიალოგისკენ. მოვუწოდებ, რომ ჩვენ კვლავ დავუბრუნდეთ დიალოგის რეჟიმს და მოლაპარაკებების მაგიდას, იმისთვის, რომ წინასაარჩევნო პერიოდი მართლაც ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმში წარიმართოს. მოვუწოდებ თითოეულ მოქალაქეს, ვიდრე საარჩევნო ყუთთან მივა, კარგად აწონ-დაწონოს ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც მას საბოლოო არჩევანს გააკეთებინებს.

ბუნებრივია, ყველა იფიქრებს, თუ რა გაკეთდა ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში, რა იყო იმის მიზეზი, რომ დაინიშნა რიგგარეშე არჩევნები და რა უნდა გაკეთდეს ხვალ, რომ ქვეყანა დემოკრატიული, წარმატებული და ისეთი ღირსეული იყოს, როგორც ეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეეფერება. წინა პერიოდში იყო შეცდომები, მაგრამ მე მოვუწოდებ ყველას, რომ თავისი არჩევანის გაკეთებისას, აუცილებლად იფიქროს იმის თაობაზე, თუ რა უფრო მეტი იყო ამ პერიოდის განმავლობაში _ წარუმატებლობა თუ წარმატება, შეცდომა თუ სწორად გადადგმული ნაბიჯები.

ის კურსი, რომელიც ქვეყანამ აირჩია, ურყევია. ქვეყანამ უნდა გააგრძელოს სვლა ევროატლანტიკური და დემოკრატიული ფასეულობებისკენ. ამ საქმეში თითოეული თქვენგანის, თითოეული მოქალაქის დიდი თანადგომისა და ძალისხმევის იმედი მაქვს.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, როგორც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მთავრობის ყველა რგოლი, სახელმწიფოს ყველა სტრუქტურა მუშაობდეს წარმატებულად, მუშაობდეს ეფექტურად და არც ერთმა ადამიანმა იგრძნოს გარდამავალი ეტაპის სირთულე.

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ გაუძლოს კიდევ ერთ ძალიან დიდ გამოცდას. ბევრი გამოცდისთვის გაუძლია საქართველოს და საქართველოს მოსახლეობას. იმედი მაქვს, რომ ეს გამოცდაც ჩვენი ხალხის, ჩვენი მოქალაქეების, თითოეული ჩვენგანის მიერ წარმატებულად და ქვეყნის სასიკეთოდ იქნება ჩაბარებული.

დიდი მადლობა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)