Google+

სიახლეები

29.04.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აფხაზ და ოს მოსახლეობას სამშვიდობო ინიციატივით მიმართა

ძვირფასო თანამემამულენო, ამ დღეების განმავლობაში მე თქვენ რამოდენიმეჯერ მოგმართეთ. დღეს კი მინდა მივმართო ჩვენი საზოგადოების ეთნიკურად აფხაზ და ეთნიკურად ოს ნაწილს.

ჩვენო აფხაზო და ოსო ძმებო და დებო...

მე ვიცი, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ძალიან ბევრ მკვიდრს, ისევე, როგორც ბევრს მთელს საქართველოში, ჯერ ძალიან უჭირს. ბევრია უმუშევარი, ბევრს არა აქვს თუნდაც მცირედი შემოსავალი და უკიდურესად უძნელდება იპოვოს საშუალება ოჯახის სარჩენად.

ფსოუდან წითელ ხიდამდე, და როკის გვირაბიდან სარფამდე ჩვენი ოჯახების ადამიანურ ცხოვრებას უკვე მრავალი წელია უპირისპირდება სიღარიბე და გაჭირვება.

აფხაზეთის 450-500 ათასი ამაყი მკვიდრი დევნილობაშია საკუთარ სამშობლოში... ვერ უბრუნდება თავის სახლკარს, თავის სოფელს, ახლობლებსა და ნათესავებს, თავის წინაპართა საფლავებს და ბევრ მეგობარს, ვისთან ერთადაც აიდგა ფეხი, გაიზარდა, სწავლბდა სკოლაში.

თუ დღეს ვინმეს საქართველოში, სულის მოთქმის საშუალებას არ აძლევს სიღარიბე, ეს პირველ რიგში ჩვენი ლტოლვილები არიან, მაგრამ არანაკლებად უჭირთ საქართველოში იმ ოჯახებსაც, რომელნიც კონფლიქტმა ბარიკადების მეორე მხარეს დატოვა და დღეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ცხოვრობენ.

ჩემო ძმებო და დებო,

დაპირისპირება და გათიშულობა ჩვენი ოჯახების ღირსეული ცხოვრების საერთო მტერია.

არადა, ჩვენ ყველანი ერთად გაცილებით უფრო მეტს ვიმსახურებთ. ჩვენ შეგვიძლია ერთად ვაშენოთ ჩვენი კეთილდღეობა. ჩვენ ყველანი უკვე ძალიან დაგვღალა და გაგვასავათა მრავალწლიანმა ქიშპობამ.

დარწმუნებული ვარ, რომ ყველას საქართველოში და პირველ რიგში თქვენ - ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, გვინდა დღევანდელზე გაცილებით უკეთესი ცხოვრება. ჩვენ ერთად ვოცნებობთ იმაზე, რომ ჩვენ შვილებს ჰქონდეთ ცხოვრების ნორმალური პირობები, არა ისეთი როგრიც ეხლა გვაქვს...

ჩვენ ერთად ვოცნებობთ იმაზე, რომ გვქონდეს სამუშაო ადგილები, სტაბილური შემოსავლები, მომავლის იმედი; მშვიდი და ადამიანური ცხოვრება.

რომ არ გვეშინოდეს ხვალინდელი დღის, ვცხოვრობდეთ ისე, რომ არ ილახებოდეს ჩვენი ღირსება.

ჩემი და ჩემი მთავრობის მთელი მუშაობა სწორედ ამ მიზანს ეძღვნება.

ჩვენი სამოქმედო გეგმაა არა ომი, არამედ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა; არა დაპირისპირება, არამედ ჩვენს მოხუცებზე და ბავშვებზე ზრუნვა, პენსიების ზრდა, უკეთესი სკოლების და საავადმყოფოების მშენებლობა; არა გათიშულობა, არამედ ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარება, ხალხის შემოსავლების ზრდა, წარმატებული ცხოვრებისათვის სათანადო შესაძლებლობების ყველასათვის გაჩენა;

დარწმინებული ვარ, რომ ამ გეგმას ჩვენ ერთად ასმაგად წარმატებით შევასრულებთ. ჩვენი ურყევი კურსია არა ნგრევა მტრობით, არამედ შენება სიყვარულით.

მე ძალიან კარგად ვიცი, რა ხდება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და ვიცი, თუ რა მძიმე მდგომარეობაში უწევთ თქვენს ოჯახებს ცხოვრება სეპარატისტული, მთლიანად კორუმპირებული და კრიმინალური რეჟიმების ბატონბის ქვეშ. ასეთი ცხოვრება ნამდვილად არ იყო თქვენი არჩევანი, მაგრამ დღეს ერთი დიდი, თავზეხელაღებული აგრესიული ძალა აძლევს თავს უფლებას თქვენს მაგივრად მიიღოს გადაწყვეტილებები. თქვენს მაგივრად გააკეთოს არჩევანი და მუდმივად გვამყოფოს კონფლიქტისა და დაპირისპირების ისეთ რეჟიმში, რომელიც თავიდანვე თავს მოგვახვია და რომელმაც ბოლო 15 წელია ნგრევისა და უკუსვლის მეტი არაფერი მოგვიტანა.

ეს თავზეხელაღებული და უპასუხისმგებლო ძალა დღესაც ცდილობს, რომ ჩვენთვის საბოლოოდ დამანგრეველ და მისთვის სასარგებლო დაპირისპირებაში კიდევ ერთხელ ჩაგვითრიოს. ცდილობს დაგვაჯეროს, რომ კეთილდღეობას ნგრევითა და მტრობით ავაშენებთ.

შეიძლება, რომელიმე ჩვენგანს წლების წინ მართლა სჯეროდა ამის, მაგრამ დღეს ხომ ჩვენ უკვე კარგად ვიცით, რომ ეს სრული სიცრუეა... ჩვენ ხომ უკვე 15 წლიანი გამოცდილებით ვიცით, რომ შეუძლებელია, რომ მტრობითა და ნგრევით მოტანილ უბედურებაზე ბედნიერება აშენდეს.

მთელი ცივილიზებული სამყარო დღეს ღიად და ხმამაღლა აცხადებს, რომ საქართველოს დაქუცმაცების და მისი ცალკ-ცალკე რეგიონებად განვითარების პროექტი ვერასოდეს განხორციელდება. Bოლო საათებში მე ვესაუბრე რამდენიმე ცნობილ წამყვან პოლიტიკოსათან - ყველა ერთი და იგივეს იმეორებს, რომ DAB მსოფლიო არასოდეც ცნობს სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებს და საქართველოს ძალით, ხალხის ნების წინააღმდეგ, თავსმოხვეული კონფლიქტებით დაშლას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი შვილები ვერასოდეს მიიღებენ სრულფასოვანი განვითარების საშუალებას და მუდმივად ომის, მტრობისა და შიშის აჩრდილთან ერთად იცხოვრებენ.

ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. ერთად უნდა დავდგეთ და ვთქვათ, რომ ჩვენ არა ვართ ერთმანეთის მტრები, რომ ჩვენ ერთი საერთო მტერი გვყავს და ეს არის თავად მტრობა. მტრობა, რომელიც ჩვენი ფესვებიდან არ მოდის, თავს მოგვახვიეს და ჩვენ არასოდეს აგვირჩევია.

ამიტომ საერთო მიზნების მისაღწევად, რომელიც უპირველეს ყოვლისა ჩვენი ოჯახების კეთილდღეობა და სიღარიბის დამარცხებაა, ჩვენ მხოლოდ ერთი გზა გვაქვს წინ. ეს არის გზა თავისუფლებასა და დემოკრატიისაკენ, გზა თანამშრომლობასა და ერთიანი ძალებით კეთილდღეობისა და ძლიერი სახელმწიფოს შენებისაკენ.< რომელიც ერთნაირად ეკუთვნის ყველა ეთნიკურ ჯგუფს, ყველა თავისუფალ მოქალაქეს. ეს არის ერთადერთი გზა ჩვენი ოჯახებისა და ჩვენი შვილების წინსვლისა და განვითარებისაკენ.

და ეს არ არის ჰაერზე ნათქვამი სიტყვები. ამისათვის საქართველოს მთავრობამ შევიმუშავეთ სამშვიდობო გეგმა, რომელსაც მთელი დემოკრატიული სამყარო ერთხმად უჭერს მხარს და რომელიც წარმოადგენს სრულ გარანტიას, რომ ერთიან საქართველოში დაცული იქნება ყოველი მისი მოქალაქის უსაფრთხოება, ყოველი ეთნიკური ჯგუფის უფლებები და თავისუფლებები; უზრუნველყოფილი იქნება აფხაზი და ოსი ხალხის დიდ კულტურათა თვითმყოფადობა, პოლიტიკური და ეკონომიკური ავტონომია.

კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ საქართველოს სამშვიდობო ინიციატივებს, რომელიც აფხაზეთთან მიმართებაში გულისხმობს:

ვიცე პრეზიდენტის პოსტის შემოღებას აფხაზებისათვის, რომელსაც ექნება აფხაზეთთან დაკავშირებით ყველა საკონსტიტუციო საკითხზე ვეტოს უფლება;

გარანტირებულ წარმომადგენლობას საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაში;

საერთაშორისЭ გარანტიებს აფხაზეთისადმი, რათა უზრუნველყოფილ იქნას ფართო ფედერალიზმი და შეუზღუდავი ავტონომია;

კულტურის, ენის და ეთნიკური იდენტურობის დაცვის გარანტიებს;

უსაფრთხოების გარანტიებს;

ერთიანი სამართალდაცვითი, საბაჟო და სასაზღვრო სივრცის ჩამოყალიბებას;

ერთობლივი თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნას.

ჩვენი მიზანია არა-მხოლოდ ტერიტორიების გაერთიანება, არამედ იმ ურთიერთობების აღდგენა და შემდგომი განვითარება, რომლებიც საუკუნეთა განმავლობაში აკავშირებდა ჩვენს ხალხებს და რომლებიც დროებით შეწყდა უცხო ძალის დამანგრეველი ზემოქმედების შედეგად.

ერთად ჩვენ დიდი მომავალი გვაქვს წინ, დანგრეულის აღსადგენად ერთად ბევრი უნდა ვიმუშავოთ, მაგრამ სამან მომავალზე ვილაპარაკებთ მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი საქართველოც, რომელიც ჩვენი საერთო სამშობლოა, უკვე დღეს, ბევრ რამეს გთავაზობთ თქვენ.

დღევანდელი საქართველო და მასში ჩვენი ერთად ყოფნა გთავაზობთ სიმშვიდესა და დაცულობას, რომელიც ასე გაკლიათ;

დღევანდელი საქართველო გთავაზობთ ცხოვრებას ბანდების თარეშისა და კრიმინალური ავტორიტეტების ბოგინის გარეშე...

დღევანდელი საქართველო გთავაზობთ ცხოვრებას კორუფციის გარეშე, როდესაც ვეღარავინ ვეღარასოდეს წაგართმევთ ქრთამს ან თქვენი ბიზნესის წილს...

დღევანდელი საქართველო გთავაზობთ თავისუფალი და კანონიერი ბიზნეს საქმიანობის სრულ შესაძლებლობებს, სადაც ვერავინ შეზღუდავს თქვენს ინიციატივას...

გთავაზობთ გაცილებით უკეთეს ჯანდაცვისა და განათლების პირობებს ჩვენი ოჯახებისთვის...

დღევანდელი საქართველო გთავაზობთ არჩევანის ნამდვილ თავისუფლებას... სადაც ვეღარავინ დაგაძალებთ ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეობას და სადაც აღარ დაგაპატიმრებენ იმისათვის, რომ გინდათ აირჩიოთ საკუთარი ქვეყნის პარლამენტი და პრეზიდენტი..

დღევანდელი საქართველო გთავაზობთ, გახსნილ ეკონომიკასა და საზღვრებს.. წესრიგსა და კანონის უზენაესობას... დაცულობასა და განვითარების უკეთეს პერსპექტივას...

დღევანდელი საქართველო გთავაზობთ მშვიდობას და გიწვდით ძმობის ხელს.

მაგრამ სამწუხაროდ, არსებობს ერთი აგრესიული ძალა, რომელიც აცხადებს, რომ თქვენს მაგივრად შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება თქვენსავე მომავალზე. ნუთუ ნორმალურია ის სიტუაცია, როდესაც მიწები მთლიანად გადასულია უცხოელების ხელში? როდესაც ადგილზე დარჩენილ მოსახლეობას უცხოელების მიერ პრივატიზებულ სანაპიროსთან 5 კილომეტრზე არ აკარებენ. თუმცა ისინი სრულიად კანონიერად და ისტორიულად ეკუთვნით მათ. დღეს ჩვენ ყველამ ერათად უნდა შევძლოთ ამ სიტუაციის შემობრუნება.

რამდენადაც ჩვენ ვლაპარაკობთ მშვიდობაზე, იმდენად ლაპარაკობს ეს ძალა ომზე...

ჩვენ ვსაუბრობთ დემილიტარიზაციაზე, ხოლო ეს ძალა თქვენი სახელით საუბრობს გამალებულ მილიტარიზაციაზე...

ჩვენ ვსაუბრობთ თავისუფალ ეკონომიკურ ზონებზე, ხოლო ეს ძალა საუბრობს ახალი სამხედრო ბაზების და საგუშაგო პუნქტების გახსნაზე...

ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკური კავშირების გაზრდაზე, ხოლო ეს лალა ისევ თქვენი სახელით საუბრობს სამხედრო კონტინგენტის გაზრდაზე.

რატომ ხდება ასე?

ჩვენ არ შეიძლება გვინდოდეს ომი და გამორიცხულია, რომ ეს გინდოდეთ თქვენ. დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზ და ოს ხალხს, როგორც მცირე ერებს, არაფერში არ სჭირდებათ კონფრონტაცია. მათ მხოლოდ დაცვა და გაფრთხილება ესაჭიროებათ.

დაპირისპირება კი მხოლოდ იმ ძალას უნდა, ვინც თქვენ არ გიტოვებთ არჩევანის უფლებას და თქვენი სახელით გველაპარაკება.

უნდა იმიტომ, რომ ორივე მხარე მუდმივად დამარცხებულები ვიყოთ ძმებო. მინდა ყველას გვესმოდეს, რომ ამ ძალის მონაწილეობა არ ნიშნავს აფხაზების ან ოსების დახმარებას ქართველების წინააღმდეგ. ამ ძალის მონაწილეობა ნიშნავს მხოლოდ მტრობის გაჩაღებას ქართველების, აფხაზების და ოსების ერთად დასამარცხებლად.

აფხაზები არის არამრავალრიცხოვანი, მაგრამ დიდი ტრადიციების და დიდი კულტურის მქონე ხალხი. ამ ხალხს სჭირდება, დაცვა, მოვლა და განვითარება.

მაგრამ როგორც ჩანს არსებობს ძალა, რომელსაც სურს ისეთ გლობალურ კონფრონტაციაში ჩვენი ჩათრევა, რომლის შედეგადაც ყველაზე უფრო სახიფათო მდგომარეობაში აღმოჩნდება აფხაზი და ოსი ერი.

ჩვენ არცერთი აფხაზი არ გვემეტება კონფლიქტში ჩასათრევად, ჩვენ არ უნდა დავუშვათ აფხაზი ერის არსებობის და განვითარების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება.

მინდა მოგცეთ პირობა, რომ მე ამას არ დავუშვებ...

ამდენი საუკუნე ვცხოვრობდით ერთად. Oოსები საუკუნეების განმავლობაში იყვნენ საქართველოს ხელისუფლების მაღალ ეშელონებში. აფხაზეთიდან დაიწყო საქართველოს გაერთიანება რამდენჯერმე. Aმდენი ტრადიციაა მეგობრობისა და ძმობის.E

მე არ მივცემ ამ ბოროტ ძალას საშუალებას, რომ მტრობისა და სისხლისღვრის მორევში ჩაითრიოს ჩვენი სამშობლო და ხალხი.

და მე ამაში პირველ რიგში თქვენი იმედი მაქვს, რადგანაც ახლა, როდესაც საერთო ავისმოსურნე თავის მზაკვრულ გეგმას გვახვევს თავს, დგება მომენტი, როდესაც გადაწყვეტილება მომავალი თაობების წინაშე დიდი პასუხისმგებლობის კარგად გაცნობიერებით უნდა მივიღოთ.

ჩვენი ერთად ყოფნა ახლა ისტორიული აუცილებლობაა. ჩვენი ერთობლივი დემოკრატიული გახსნილი საზოგადოების მშენებლობა ეს არის ერთადერთი გზა გადარჩენისა და წინსვლისაკენ.

Dდიდი მადლობა


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)