Google+

სიახლეები

20.05.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობას ბაგრატის ტაძრის ეზოდან მიმართა

მოგესალმებით ქუთაისიდან, ყველასათვის სათაყვანებელი, ბაგრატის ტაძარის ამ წმინდა მიწიდან.

ბაგრატის დიდებული ტაძარი, საუკუნეების განმავლობაში იყო საქართველოს სიმტკიცის და სიდიადის სიმბოლო, ხოლო უკანასკნელი 300 წელია განახასიერებს საქართველოს, რომელსაც დაუნგრიეს ერთიანობა, საქართველოს, რომელსაც წაართვეს თავისუფლება და წელში გატეხეს. საქართველოს, რომლის მხოლოდ ნანგრევები გვახსენებს მის წასულ დიდებას.

მაგრამ დღეს ჩვენ საქართველოს აღმშენებლობის დროში ვცხოვრობთ, ახლა არის საქართველოს გამთლიანების და ძველი დიდების დაბრუნების დრო. დღეს ბაგრატის ტაძარი სწორედ ამ აღმშენებლობის სიმბოლოა. 316 წლის შემდეგ პირველად, დაიწყო ბაგრატის ტაძრის აღდგენა და ჩვენ ასევე დაწყებული გვაქვს ჩვენი სამშობლოს აღდგენა. საქართველოც ასეთივე ხარაჩოებითაა შემოსილი დღეს, როგორც ბაგრატის დიდებული კედლები.

ამიტომ ახლა მინდა გთხოვოთ, რომ უფრო დიდი მასშტაბით შევხედოთ იმას თუ საიდან მოვდივართ, სად ვართ და სით გვინდა წავიყვანოთ ერთად ქვეყანა. ვისაუბროთ იმაზე თუ სად გვინდა ვიყოთ მომავალი წლების განმავლობში.

ჩვენ ახლა საქართველოს არსებობის ერთ-ერთ ყველაზე გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე ვიმყოფებით. ალბათ წინაპართა უამრავი თაობა ყველაფერს დათმებდა იმისათვის, რომ ამ დროში ეცხოვრა. მრავალწლიანი გაჩანაგების შემდეგ, ჩვენ ერთად შევძელით, რომ გასული 4 წლის განმავლობაში უიმედოდ განწირული ქვეყანა შემოგვებრუნებინა და შეგვეჩერებინა ნგრევა. შევძელით შეგვექმნა ფუნდამენტი საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის, ავამუშავეთ მთლიანად გაჩერებული ეკონომიკა, საზოგადოება გავათავისუფლეთ ქურდებისა და კრიმინალების დაუნდობელი ძალადობისგან, აღვადგინეთ გზები, დავიბრუნეთ ელექრტოენერგია და შევქმენით ბიზნესის უფრო თავისუფლად კეთების პირობები ყველასათვის. მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ პოლიცია და არმია.

შევქმენით ძლიერი და შემართული რეზერვისტთა სამსახური. შევასუსტეთ კორუფცია და დანაშაული ჩვენს ქუჩებში.

ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ არ არის საკმარისი. ჩვენ დღეს აღარ ვცხოვრობთ არშემდგარ და გაპარტახებულ ქვეყანაში, მაგრამ გვინდა ვიცხოვროთ უფრო მდიდარ და დაცულ საქართველოში. გასაკეთებელი გცილებით მეტია იმისათვის, რომ ყოველი ჩვენი მოქალაქისთვის, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისათვის, მათთვის ვისაც ახლა ყველაზე მეტად უჭირს და მათი შთამომავლობისთვის საქართველოში ცხოვრება გახდეს ღირსეული, დაცული და წარმატებული.

ჯერ ძალიან შორსა ვართ სასურველისაგან... ჯერ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხალხს სრულად გავუმართლეთ ვარდების რევოლუციის შედეგად გაჩენილი დიდი მოლოდინი.

ჯერ ცხოვრება საქართველოში, უამრავი ჩვენი მოქალაქისთვის ძალიან მძიმეა:

ძალიან მაღალია უმუშევრობა და ბევრს სჭირდება, უნდა და შეუძლია მუშაობა, მაგრამ ვერ ახერხებს სამსახურის პოვნას;

ჯერ კიდევ 750 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბეში და ყოველი დღე მათთვის არის ბრძოლა გადარჩენისთვის. ეს განსაკუთრებით საგრძნობია ჩვენს სოფლებში. იქ სადაც ჩვენი ქვეყნის გული ფეთქავს. ჩვენ უნდა ხელახლა აღვრიცხოთ ეს ხალხი, იმისათვის რომ არცერთი სიღარიბეში მცხოვრები ადამიანი არ დარჩეს სახელმწიფო მზრუნველობის მიღმა.

დღეს მე ვიყავი ბათუმში და ვეტერანთა კლუბში შევხვდი მეზღვაურს, რომელიც 50 წელი იყო ზღვაში. შემდეგ არეულობამ ეკონომიკურმა სიდუხჭირემ და ინფლაციამ გაუუფასურა ის თანხა, რომელიც გადანგახული ჰქონდა. დღეს ეს ადამიანი ცხოვრობს 80 ლარ პენსიაზე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ასეთი ადამიანების ცხოვრება ბევრად გაუმჯობესდეს.

ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა ჯერაც აღსადგენია და მის დანგრევას აქამდე არნახული ძალითა და მონდომებით ცდილობს ავისმოსურნე.. მე მოგეცით სიტყვა, რომ ჩემს შემდგომ პრეზიდენტს მე გადავცემ საქართველოს, რომელსაც ეს პრობლემები მოგვარებული ექნება და ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები დავიხსნით თავს ჯერაც თავზემოხვეული კონფლიქტიდან, რომელიც არ შედის არცერთი საღად მოაზროვნე ადამიანის ინტერესებში.

ჩვენ ჯერაც ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი სანამ მოვახერხებთ, რომ რუსეთთან დავარეგულიროთ ურთიერთობა და გავხდეთ ნატოს სრულუფლებიანი წევრი... სანამ უფრო მჭიდრო კავშირს შევკრავთ ევროკავშირთან.

საქართველოს ეროვნული ინტერესების უზენაესობიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი პოლიტიკური რადიკალიზმისა და პოლარიზაციის გადასალახავად.

მე ბევრს დავდივარ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და ვხვდები ხალხს ჩვენს სოფლებსა და ქალაქებში. ვხვდები და კარგად ვიცი მათი პრობლემების შესახებ. თუ აქამდე ჩვენი უმთავრესი მიზანი იყო რომ დაგვეცვა ჩვენი ხალხის უსაფრთხოება და თავისუფლება, შეგვეჩერებინა ქვეყვის ნგრევა და დაშლა, ახლა ჩვენი მიზანი არის, რომ ჩვენი ხალხი ვაზიაროთ იმ სიკეთეს რაც მოაქვს თავისუფებასა და უსაფრთხოებას - ეს სიკეთე არის დასაქმება, ნორმალური ცხოვრება, ადამიანური გარემო, ეკონომიკური დაცულობა და იმედი, რომ ჩვენი შვილების მომავალი უკეთესი იქნება.

ამიტომ გამოვაცხადეთ უმთავრეს მიზნად - საქართველო სიღარიბის გარეშე. და როგორც აქამდე მივაღწიეთ ერთად დასახულ მიზნებს - საქართველო კორუფციის გარეშე, საქართველო უშუქობის გარეშე, საქართველო ქურდების გარეშე... ასევე ახლა, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ რათა საქართველოს არცერთ მოქალაქეს არ უწევდეს ცხოვრება ადამიანური საარსებო პირობების გარეშე, რათა ხალხმა იცხოვროს იმედით, ღირსებით და საკუთარი ყოფის გაუმჯობესების შესაძლებლობით. რათა პროგრესი იგრძნოს არა საზოგადოების მხოლოდ ერთმა ნაწილმა, არამედ თითოეულმა ოჯახმა, თანაბრად და ჰარმონიულად.

ამ მიზნის მიღწევა წლებს საჭიროებს, მაგრამ დასაკარგი დრო არა გვაქვს. სიღარიბე არ იცდის და არ უნდა მოვიცადოთ არც ჩვენ. ამიტომ, ჩემი მეორე საპრეზიდენტო ვადის პირველ 50 დღეში მე კონკრეტული, პირველი ნაბიჯების გადადგმა დავავალე მთავრობას.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ვერ შევძელით ყველაფერი ზუსტად ისე გაგვეკეთებინა როგორც გვინდოდა, წინსვლა აშკარად დავიწყეთ. მოვახერხეთ გადაგვედგა პირველი, არასაკმარისი, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯები, ხალხის საკეთილდღეოდ, უმუშევრობის პრობლემის მოგვარების დასაჩქარებლად და ქართული სოფლის დასახმარებლად.

= გავზარდეთ მინიმალური პენსია 70 ლარამდე.

= ავამუშავეთ იაფი კრედიტის პროგრამა რითაც უკვე ათიათასობით ოჯახმა მიიღო გარკვეული შვება და დაიწყო ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.

= დავიწყეთ სოფლის ჯანდაცვაზე უფრო ქმედითი ზრუნვა და თუნდაც მცირედით, მაგრამ მაინც შევძელით დავხმარებოდით ფერმერებს სხვა-თესვის სეზონზე.

დავიწყეთ ზრუნვა მიტოვებულ ქალაქებზე ჭიათურაზე, ტყიბულზე. დავიწყეთ ინდუსტრიის აღორძინება ქუთაისსა და რუსთავში

ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ბათუმი იქცეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ შევიზღვისპირა რეგიონში ყველაზე განვითარებულ და ყველაზე მიმზიდველ ქალაქად

პირველმა ორმოცდაათმა დღემ დაგვანახა, რომ მთავრობა ქმედითუნარიანია, მაგრამ დამანახა ისისც, რომ გაცილებით მეტის გაკეთება შეგვიძლია. ამიტომ მე მაქსიმალურად მომთხოვნი ვიქნები. ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს, რომ ის მართლაც ხალხის სამსახურშია და არის ღირსი ჩვენი ქვეყნის მთავრობა ერქვას.

ამ დროის განმავლობაში, ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან დიპლომატიურ წარმატებებს. მარტო ის რად ღირს, რომ ბოლო დღეების დაპირისპირების პირობებში მთელი მსოფლიო დადგა საქართველოს დასაცავად. ჩვენ მივიღეთ მყარი, აქამდე უპრეცენდენტო, გარანტია ნატოსაგან, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. შევძელით მოგვეპოვებინა ისეთი მასშტაბის საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს აქამდე არასოდეს ჰქონია. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ახლა უფრო მტკიცე პოზიციაზე დგას საქართველოს დასახმარებლად ვიდრე ოდესმე. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ისტორიული რეზოლუცია, სადაც მკაფიოდ გამოხატა დამოკიდებულება აფხაზეთში განხორციელებული ეთნოწმენდის მიმართ, დევნილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების უპირობო უფლების და მათი ქონების ხელშეუხებლობის მიმართ. მთელი მსოფლიო მხარს უჭერს საქართველოს თავისუფალ არჩევანს და ბრძოლას ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის. შევთავაზეთ სამშვიდობო გეგმა ჩვენს აფხაზ ძმებს, რათა ერთად ვიცხოვროთ მშვიდობიან და გავნითარებულ საქართველოში. უამრავი სირთულის მიუხედავად, აღვადგინეთ პირდაპირი სატრანსპორტო მიმოსვლა რუსეთთან.

ამ დროის განმავლობაში ჩვენ ასევე შევაცადეთ გადაგვედგა ნაბიჯები რათა ჩვენი ქვეყანა და პოლიტიკა უფრო ნაკლებად პოლარიზებული იყოს. შევეცადე თანამშრომლობის ხელი გამეწოდა ოპოზიციისთვის, მაგრამ ძალიან ბევრ საკითხზე, მიუხედავად ჩვენი შეთავაზებისა, შეთანხმება ვერ მოხერხდა. იანვრის არჩევნების შემდეგ ოპოზიციას შევთავაზე მაღალი თანამდებობები საქართველოს მთავრობაში. სამწუხაროდ, ისინი ამაზე არ წამოვიდნენ, მაგრამ არც იმედი დამიკარგავს და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ გადაილახოს რადიკალიზმი. შევძლებთ ძირითად საკითხებზე, რაც ჩვენ გვაინტერესებს, საერთო ენის გამონახვას ჩვენი ქვეყანის საკეთილდღეოდ. ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ უფრო კონსტრუქციულები, იმისათვის, რომ ერთად შევძლოთ საქართველოს დაცვა.

გასული 4 წლისა და 50 დღის განმავლობაში ბევრი რამ შევძელით მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ახლა არის დრო, რომ უფრო შორ ჰორიზონტებს გავხედოთ. ახლა უნდა შევხედოთ მომავალს და განვსაზღვროთ თუ საით გვინდა ვიაროთ მომავალი წლების განმავლობაში. 50 დღის ნაცვლად, ახლა უნდა გავსაზღვროთ თუ როგორია ჩვენი გეგმა მომავალ 50 თვეზე.

ჩემი 50 თვიანი პროგრამის უმთავრესი მიზანია დავასაქმოთ ხალხი და შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები მთელს საქართველოში, შევქმნათ პირობები, ყოველი ადამიანის ღირსეული ცხოვრებისთვის.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ხალხის აქტიურობის პირობებში, არჩევნებში ჯანსაღი ძალა გაიმარჯვებს, რომელსაც შეუძლია პასუხიმგებლობით მოეკიდოს თავის ქვეყნის მომავალს, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომ ურთულეს ამოცანებს, რომელსაც შეუძლია დასძლიოს ქვეყანაში სიღარიბე, უმუშევრობა, უპერსპექტივობა და გადაწყვიტოს ტერიტორიული მთლიანობიტს საკითხი, ყველა ეთნიკური ჯგუფის ინტერესების გათვალისწინებით. ყველა შემთხვევაში - მაქვს კონკრეტული გეგმა, რის შესრულებასაც მოვთხოვ მომავალ მთავრობას:

ეს არის პენსიების გაზრდა 100 დოლარამდე, სულ რამოდენიმე თვაში მომავალი წლიდან;

იაფი კრედიტის პროგრამის გაფართოვება;

საქართველოს გადაქცევა რეგიონალური ეკონომიკისა და ვაჭრობის ცენტრად;

სოციალური დაცვის სისტემის რეფორმირება ისე, რომ იგი გახდეს უფრო სამართლიანი, დაეხმაროს უფრო მეტ ადამიანს და ფული მივიდეს მასთან, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება;

ქართული სოფლის გაძლიერება და დასაქმება, სოფლის მეურნეობის საწარმოების ამუშავება და მიწების გასარწყავიანება. ფერმერების დახმარება ხვნა-თესვასა და პროდუქციის რეალიზაციაში. სოფლის ჯანდაცვისა და განათლების გაუმჯობესება.

მთელი საქართველოს გაზიფიკაცია, ისე რომ ყველა სოფლში შევიდეს ბუნებრივი აირი და ხალხისთვის გაიაფდეს სახლკარის გათბობა და საოჯახო მეურნეობა;

24 საათიანი წყალმომარაგება მთელ საქართველოში ქალაქებში და სოფლად;

დღეს მოვდივარ ბათუმიდან, სადაც სალიბაურის ობიექტი მოვინახულე, რომელიც მთელ ბათუმს მოამარაგებს. ჩვენ ბევრად ნაკლები ფული გვაქვს, ვიდრე მაშინ ჰქონდა საბჭოთა კავშირს, მაგრამ ჩვენ გული შეგვტკივა ჩვენს ქალაქებზე და ამა გავაკეთებთ,. სადაც არ უნდა იყოს ადამიანი, სოფელსა თუ ქალაქში, ყველაგან უნდა იყოს 24 საათიანი წყალმომარაგება.ამას უახლოეს ხანში მივაღწევთ.

საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის წარმატებით დასრულება; რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაცია;

ჩვენი საზოგადოების გამთლიანება და პოლიტიკურ ძალთა შორის თანამშრომლობის მიღწევა ქვეყნის და ხალხის უფრო უკეთ დასაცავად.

და რაც მთავარია: ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მისი ურღვევობისა და სუვერენიტეტის დაცვა და სამშვიდობო ძალისხმევის გაორმაგება

ეს არის ჩვენი ხალხის დიდი მიზნები და მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ჩვენ შევძლებთ ამ მიზნების მიღწევას. ახლა ჩვენს ქვეყანას სჭირდება ერთიანობა და ამ მიზნების განხორციელება.

ახლა ჩვენს ხალხს სჭირდება მთავრობისა და პარლამენტის უდიდესი პასუხისმგებლობა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის გააკეთებს ყველაზე სწორ არჩევანს. აირჩევს არა დაპირისპირებას არამედ ერთიანობას, არა ქაოსს არამედ წესრიგს, არა ნგრევას არამედ შენებას.

აირჩევს იმ ძალას, რომელიც შეძლებს ამ დიდი მიზნების მიღწევას.

დღეს საქართველოს უზრუნველი დღეები არ უდგას. დიდი ბოროტება უპირისპირდება ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და პირდაპირ შეტევაზეა გადმოსული...

საქართველოს არაკეთილმოსურნეს სურს, რომ 21 მაისის არჩევნები დაპირისპირებისა და ქაოსის ტალღად აქციოს საქართველოში და სწორედ ამიტომ.მინდა ყველას ახსოვდეს, რომ საქართველოს დაუმარცხებელია მაშიმნ, როცა არის ერთიანი და აქვს ცივილიზებული სამყაროს მხარდაჭერა. ხვალინდელი გამოცდა არის გამოცდა ერთიანობაზე და მთელი დემოკრატიული სამყაროს მხარდაჭერაზე, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვიპოვოთ. მიუხედავად პოლიტიკური მოსაზრებებისა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის , რომ არჩევნებმა მშვიდად, სამართლიანად, სამაგალი

თოდ ჩაიაროს

შეტევა ხორციელდება არა მხოლოდ ქართულ სახელმწიფოზე, არამედ პირველ რიგში ქართველი ერის ძირითად ღირებულებებზე, თავისუფლებასა და დემოკრატიაზე.

და რაც უფრო დიდია ეს შეტევა, მით უფრო დიდი ერთგულება უნდა ვაჩვენოთ ყველას თავისფლებისა და დემოკრატიის ჩვენი ღირებულებებისადმი.

დემოკრატიულმა და სამართლიანმა არჩევნებმა, სიმტკიცე, სიმშვიდე და განვითარება უნდა მოუტანოს საქართველოს ქვეყნის შიგნით და კიდევ ერთი მკაფიო აღიარება ქვეყნის გარეთ. უკეთესი მომავლის დასაცავად, საქართველოს ჰაერივით სჭირდება იყოს აღიარებული, როგორც თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა. როგორც ქვეყანა, რომელიც არის ევროპული ღირებულებების ერთგული.

ავისმოსურნე ცდილობს დაგვასუსტოს ძალადობითა და აგრესიით, ჩვენ კი უნდა გავძლიერდეთ თავისუფლებითა და დემოკრატიით.

საქართველოს გამარჯვება არ იზომება მხოლოდ ციფრებით და სტატისტიკით.

საქართველოს გამარჯვება იზომება იმით, თუ როგორ გრძნობს ყველა პოლიტიკური ძალა პასუხისმგებლობას საკუთარი ხალხისა და სამშობლოს წინაშე. რამდენად აქვს თითოეულ პოლიტიკოსს გაცნობიერებული მისი, როგორც საქართველოს მოქალაქისა და პატრიოტის ფუნქცია.

რამდენადა აქვს მას ძალა, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს და გაამართლოს ხალხის მოლოდინები. რამდენადა აქვს მას უფლება იყოს ხალხის რჩეული, თავის ამბიციაზე მაღლა დააყენოს ქვეყნის ინტერესი, ბოღმისა და წყენას გამო არ გაახაროს ჩვენი არაკეთილმოსურნე, ყველაზე წინ დააყენოს ეროვნული ერთიანობა და გაუძღვეს ქვეყანას ამ ძნელბედობის ჟამს.

დღეს რაც ჩვენ გადაგვარჩენს არის ჩვენი ერთობა. ეს გაგვაძლიერებს და მოგვაპოვებინებს საბოლოო თავისუფლებას, საბოლოო ერთიანოაბს და საბოლოო წარმატებას.

ვიცი, რომ 21 მაისს ხალხი ყველაზე ღირსეულებს აირჩევს და მე ყველაფერს გავაკეთებ, იმისათვის, რომ ხალხის არჩევანი მაქსიმალურად დავაფასოთ ყველამ.

მე, როგორც პრეზიდენტი ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მომავალი პარლამენტი უფრო ძლიერი უნდა იყოს და ამისათვის მე მას თანამშრომლობის ახალ რეჟიმს შევთავაზებ.

წელიწადში ერთხელ ანგარიშის ჩაბარების ნაცვლად, მე ყოველ კვარტალში ერთხელ, სამთავრობო საათის ფარგლებში მოვახსენებ პარლამენტს მიმდინარე მუშაობის და გამოწვევების შესახებ.

მექნება სისტემატიური შეხვედრები და კონსულტაციები ყველაზე პატარა ფრაქციებთანაც კი.

წინასწარ, მთავრობაში განხილვის დაწყების წინ წარვუდგენ განსახილველად ქვეყნის ბიუჯეტს და მთავრობასთან ერთად, პარლამენტთანაც ვიმუშავებ მის ფორმირებაზე.

ახალ პარლამენტს ხელმეორედ წარვუდგენ დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას მთელი შემადგენლობით.

უფრო აქტიურად ვიმუშავებ პარლამენტთან, რათა გავაძლიეროთ საპარლამენტო კონტროლი მთავრობაზე.

გავაკეთებ ყველაფერს იმისათვის, რომ ოპოზიცია, ვინც არ უნდა იყოს ის, უფრო აქტიურად ჩაერთოს ქვეყნის მართვის პროცესში, რომ შემცირდეს პოლარიზაცია და დაპირისპირება ჩვენს პოლიტიკაში. რომ შეხვედრა და მოლაპარაკება უფრო ნაყოფიერი და სასურველი იყოს ყველასათვის, ვიდრე საპროტესტო აქციები.

იმედი მაქვს, რომ სხვა პოლიტიკოსებიც შემომიერთდებიან ამაში. ჩემს უკან დანგრეული, და უკვე აღდგენის პროცესში მყოფი ბაგრატის ტაძარი დგას და მოგვაგონებს დაშლილ და მთლიანობა დაკარგულ საქართველოს. მისი შემხედვარე უფრო მეტად ვაცნობიერებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მთლიანობა და ერთიანობა. ჩვენი ძალა ერთობაშია და როგორც ბაგრატის ტაძარი ვერ დაიბრუნებს თავის სიდიადეს მანამ, სანამ ის არ აღდგება, ისე ვერ დაიბრუნებს საქართველო თავის სიძლიერეს მანამ, სანამ ჩვენ ყველანი არ გავერთიანდებით და შევიკრებით ერთ მუშტად. საქართველო ვერ გადალახავს დიდ დაბრკოლებებს თუ ჩვენ ვერ გადავლახავთ დიდ პოლარიზაციას და გათიშულობას.

ჩვენ დიდი გამოწვევების წინაშე ვდგევართ. ჩვენ უნდა დავძლიოთ სიღარიბე და გაჭირვება. მსოფლიო ეკონომიკაში ფასები იზრდება. ეს თითოეული ჩვენგანის ოჯახზე აისახება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ კეთილდღეობა შევიდეს ქართულ ოჯახებში. საქართველოს ტერიტორიზე შემოსულია შეიარაღებული ძალა, რომელიც აღარ აღიარებს ამ ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფოს უფლებას. საქართველო ამას არ შეურიგდება. ჩვენ ვართ უზარმაზარი გამოწვევის და პროვოკაციის წინაშე. იშვიათად რომელიმე ქვეყანას გადაულახავს ისეთი პრობლემები, რომელიც ჩვენ გადავლახეთ ამ ბოლო წლებში. არავის არ სჯეროდა, რომ საქართველო ამას შეძლებდა. არავის არ სჯერა,რომ ამ სიტუაციიდან დანაკარგის გარეშე გამარჯვებულები გამოვალთ. ჩვენ გავიმარჯვებთ წმინდა გიორგის წინამძღოლობით. ჩვენ შევძლებთ საქართველოს გადარჩენას. საქართველო შეძლებს გაბრწყინებას. ჩვენი ქვეყნის ძალა ერთობაში და გამბედაობაშია. ჩვენ არ შევუშინდებით ყველაზე რთულ გამოწვევებს. ჩვენ გვჯერა საკუთარი ძალების და მომავლის. ჩვენ ამას დავამტკიცებთ.

საქართველოს გამარჯვება ჩვენი გაერთიანებით იწყება იმიტომ, რომ ჩვენი ძალა მხოლოდ ერთობაშია.

ღმერთი იყოს ჩვენი ერთადერთი, განუმეორებელი, მშვენიერი ქვეყნის - საქართველოს და თითოეული თქვენგანის მფარველი!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)