Google+

სიახლეები

08.07.2008
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა

დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარება განიხილეს. სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გააკეთა:"ჩვენი ჯარისკაცების უკანონო დაკავება შესაძლებელია განვიხილოთ მხოლოდ როგორც ბანდიტური დაჯგუფების მიერ მათი გატაცება. ეს ბანდიტები ბოროტად სარგებლობენ ჩვენი მოთმინების უნარით, ჩვენი სულგრძელობით და ჩვენი სურვილით იმის თაობაზე, რომ რეგიონში იყოს მშვიდობა. მათ სერიოზულად ეშლებათ და ვერ ხვდებიან, რომ 2004 წელი აღარ არის - როცა ჩვენი სამხედროებს საჯაროდ ამცირებდნენ. ვფიქრობ, ჩვენ დაუყონებლივ უნდა მოვითხოვოთ მათი გათავისუფლება. ამავე დროს, მე ვავალებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუკი ადგილობრივი უკანონო დაჯგუფება მათ არ გაათავისუფლებს, ჩვენი სამხედროები გაათავისუფლოს საქართველოს პოლიციამ. ვავალებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყონებლივ დაიწყოს მზადება ჩვენი უკანონოდ გატაცებული სამხედროების კანონიერად გათავისუფლებისათვის.

მინდა გადავცე ამ ბანდიტებს - ჩვენ ამას არ მოვითმენთ და არავის შევარჩენთ. თუ ეს ხალხი არ იქნება გაშვებული, მაშინ უკვე ისინი მოემზადონ ჩვენი მოქმედებისათვის.

ხვალ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტეტების სახელმწიფო მდვინის ვიზიტი იწყება. ვფიქრობ, ეს ვიზიტი სერიოზული საგარეო პოლიტიკური დატვირთვის მატარებელია, ასევე სერიოზული ხელშემწყობია ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარებისათვის. გარდა პოლიტიკური ასპექტებისა, ამ ვიზიტს აქვს სხვა ასპექტებიც. ეს არის საქართველოს დემოკრატიული კურსისა და დემოკრატიული პროგრესის მხარდაჭერა. ეს არის მხარდაჭერა იმისა, რომ საქართველოში შემოვიდეს ინვესტიციები და ჩვენ განვახორციელოთ ჩვენი ორმოცდაათთვიანი გეგმა - შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, გაჩნდეს ახალი შესაძლებლობები, ჩვენ ერთად მივაღწიოთ ჩვენს მთავარ მიზანს- საქართველო სიღარიბის გარეშე.

როცა საქართველოს აქვს დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა, როცა საქართველო ჩართულია დიდ პროცესებში, ეს ხელს უწყობს ჩვენს ეკონომიკურ, სოციალურ განვითარებას, ჩვენი ორმოცდაათვიანი პროგრამის განხორციელებას და ჩვენი სიღარიბის დაძლევის გეგმას.

ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა შევინარჩუნოთ ტერიტრიული მთლიანობა და ტერიტორიული კონფლიქტები მშვიდობიანად მოვაგვაროთ. ჩვენ აღებული გვაქვს მტკიცე ვალდებულება, რომ გადავდგათ ყველა ნაბიჯი კონფლიქტების მშვიდობიანი, დიპლომატიური მოგვარიბისათვის.

ვფიქრობ, კონდოლიზა რაისის ვიზიტი არის ამ ძალისხმევის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. საქართველო არ აკლებს მცდელობას რუსეთთან გამოასწოროს ურთიერთობები და გამოვიდეს იმ მძიმე კრიზისიდან, რომელშიც ჩვენ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდგოდ გადადგმული, საერთაშორიო სამართლის ყველა პრინციპის ფეხქვეშ გათელვით გადადგმული ნაბიჯების შემდეგ შევედით. ამასთან დაკავშირებით არ შემიძლია არ გამოვთქვა შეშფოთება ძალადობის, ესკალაციის მცდელობის და აფეთქებების გამო, რომელსაც ადგილი აქვს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. მინდა კარგად გვესმოდეს ვის ინტერესებში შედის ძალადობის ესკალაცია და აფეთქებები. დღეს იაპონიაში იმართებოდა დიდი რვიანის სამიტი, სადაც განხილვის ერთ- ერთი მთავარი თემა იყო საქართველო. საქართველო ეკონომიურად ძალიან სწრაფად ვითარდება და ამ ეკონომიკურ განვითარებას სჭირდება სტაბილურობა და სიმშვიდე და ყველაზე მთავარი რამ, რაც საქართველოს არ სჭირდება არის ის, რომ იგი მოხვდეს ახალ ამბებეში, რომ საქართველოში მოხდა მორიგი ძალადობა, აფეთქება და არეულობა რომელიმე რეგიონში. ყველა ამ ძალადობრივი აქტის უკან მოიაზრება ის ხალხი, ვისაც უნდა ყურადღება გადიტანოს მთავარი თემიდან-საქართველოს განვითარებიდან. მთავარი თემა კი, ამ რეგიონში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფა, საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპების სრული იგნორირება და საქართველოს ტერიტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილის ანექსიის და მიტაცების მცდელობაა. მთავარი რაც ამ პროვოკაციებით ხდება არის ის, რომ ხდება ესკალაცია და ყუარდღების გადატანა მთავარი თემიდან სხვა თემებზე. ამიტომ უნდა გავაგრძელოთ რუსეთთან კონსულტაციები. მე ვავალებ ყველას რომ ვიყოთ ფხიზლად, არ წამოვეგოთ რაიმე პროვოკაციას. ყველა ჩვენს მეგობარს მოვუწოდებთ გაათმაგოს დიპლომატიური ძალისხმევა, რათა აღიკვეთოს საქართველოს ტერიტორიის მიტაცების, ანექსიისა და უკანონო ოკუპაციის მცდელობა.

დღეს ზოგიერთი რუსი დიპლომატი ისეთ პოზაში დგას, თითქოს რაც ხდება მათ საერთოდ არ ეხებათ. ისინი არიან მთავარი მიზეზი ყველა იმ პრობლების, განსაკუთრებით ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში. ჩვენ მზად ვართ ვაწარმოოთ დიალოგი ყველა ჯგუფთან, ყველა მოქალაქესთან, უკანონო ფორმირებებთან, მაგრამ მთავარი საკითხი არის ის, რომ არ დავუშვათ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფა და ასევე არ დავუშვათ რაიმე სახის პროვოკაცია და ესკალაცია. ძალიან საეჭვოდ ემთხვევა ეს ყველაფერი დიდ საერთაშორისო მოვლენებს საქართველოს გარშემო. ამიტომ ყველას მოვუწოდებ ორგანიზებულობისაკნ, სიფხიზლისაკენ. დარწმუნებული ვარ ვერავინ ვერ შეარყევს ჩვენ მშვიდობიან განვითარებას და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის კურსს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)