Google+

სიახლეები

13.08.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის წინ შეკრებილ საზოგადოებას მიმართა

ჩემო ძვირფასებო, ჩემო თანამემამულენო!

დღეს ჩვენ მთელი მსოფლიო გვიყურებს.

ძალიან გამიხარდებოდა, რომ ბევრად უფრო კარგ ამბის გამო იყოს მოპყრობილი მსოფლიოს ყურადღება.

ახლა, როცა ვლაპარაკობ, რუსეთიდან შემოსული დამპყრობლები აგრძელებენ ჩემი თანამემამულეების, ჩვენი მრავალეროვანი თანამოქალაქეების, სხვადასხვა ეთნიკური წარმომადგენლების დაუნდობელ, უგულო განადგურებას.

მე, როგორც ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარ.

ტრასით მოვდიოდი, როდესაც მათ zუგდიდan დაიწყეs შემოსვლა.

ზუგდიდიდან მომავალი, საკუთარი თვალით ვხედავდი როგორ ჩამოდიოდნენ დაბლა თვითმფრინავები, როგორ გვესროდნენ ყუმბარებს, როგორ ვიყავით ამ დაუნდობელი, უგულო, სადისტური ძალის სამიზნე.

არაფრის გაკეთება არ შემეძლო ჩემი თანამოქალაქეების დასაცავად.

ეს არასდროს არ დამავიwყდება.

მინდა ერთი რამე გითხრათ, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.

ამ გარეწრებს ამას ცხვირიდან ამოვადენ.

დღეს ასეულობით ჩვენი თანამემამულის ოჯახში, მთელ საქართველოში გამოცხადებული და მინდა წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ დაღუპულთა ხსოვნას.

რა უნდა საქართველოსგან რუსეTს? რუსეთს რა, ტერიტორიები, ქალაქები და სოფლები არ აქვს? რუსეთს რა ნავთობი და გაზი არ აქვს? განა, საკმარისი არ აქვს ყველაფერი? რა უნდა მას ერთ ციცქნა, პატარა საქართველოში? რა უნდოდა რუსეთს პატარა მთიან, ულამაზეს ქალაქ ცხინვალში, რომელიც მიწასთან გაასწორა და მეორე გროზნოდ გადააქცია.

ნუთუ ცივილიზაციამ ამ ხალხს ვერაფერი ვერ ასწავლა? ნუთუ მონღოლების შემდეგ მათ ვერაფერი ვერ ისწავლეს, ნუთუ მათ მონღოლებივით უნდა გააგრძელონ ცივილიზებულ სამყაროსთან დაპირისპირება და ცივილიზებული სამყაროს გადავლა.

მათ აფხაზეთი კი არ უნდათ, მათ ცხინვალი კი არ უნდათ მათ მხოლოდ საქართველო კი არ უნდათ, მათ თავისუფლება არ უნდათ.

სწორედ ამიტომ უნდათ საქართველოს ფეხქვეშ გათელვა.

მინდა გითხრათ, რომ ჩვენ შორის დაპირისპირება არ არსებობს - ჩვენ არცერთი მიმართულებით არ გვსურდა გასროლა.

რა არის იმაზე დიდი უბედურება, რომ ადამიანი მეორე ადამიანის ხელით კვდება.

ჩვენ ხომ შევედით კეხვში და თამარაშენში, სადაც ახლა ხვრეტენ ჩემს თანამემამულეებს, სადაც აკეთებენ საკონცენტრაციო ბანაკებს, სადაც ახლა არ უშვებენ ევროპელ დამკვირვებლებს - აკეთებენ ახალ სრებრენიცას.

სწორედ ამ სოფლებში ბოლო თვეების განმავლობაში ვუშენებდით ხალხს უკეთეს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საავადმყოფოს ვუშენებდით უკეთეს სახლებს, გზებს, მაგრამ ვლადიმერ პუტინის დავალებით, ისინი ხურავდნენ ამ გზებს, გვინგრევდენენ სახლებს, მათ საავადმყოფოსაკენ მიმავალი გზაც კი გადაგვიკეტეს.

მათ მოუსპეს ახალგაზრდობას გადაადგილების საშუალება.

ჩვენ ავაშენეთ სპორტული მოედნები და საცურაო აუზები, ისნი კი ანგრევდნენ ყველაფერს.

ისინი გვასმენინებენ ავტომატების ხმას, ჩვენ კი ჩაგვყვდა ანსამბლები და ვასმენინებდით მუსიკას, ვაყურებინებდით ლამაზ ცხოვრებას.

ყოველივე ამან გააღიზიანა და გაამწარა პუტინი და მისი ჯგუფი და ახლა უკვე ერთადერთი რასაც ამ ადგილზე ნახავთ იქნება რუსული ბომბები და საერთაშორისო კონვენციით აკრძალული რუსული კასეტური იარაღი.

რა უნდოდა რუსულ ჯარს კოდორის ხეობასა და ზემო აფხაზეთში? თქვენ ხომ იცით, რომ მას შემდეგ რაც ჩვენ აღვადგინეთ წესრიგი, მშვიდობის და განვითარების გარდა კოდორში არაფერი არ ყოფილა.

15 წლის განმავლობაში კოდორში ატერორებდნენ ხალხს, 15 წლის განმავლობაში კოდორში ხოცავდენ ადამიანებს, 15 წლის განავლობაში ადამიანს არ დაედგომებოდა იქ.

მას შემდეგ, რაც იქ დავბრუნდით, ავაშენეთ გზები, საავადმყოფო, სკოლები, ადამიანებს ნორმალური ცხოვრების საშუალება მივეცით.

შარშან ზამთარში იქ ავაშენეთ სათხილამურო კურორტი, რომელიც გუშინ რუსებმა დაბომბეს

ბავშვებისვის ეს იყო პირველი სათხილამურო კურორტი.

ხალხო, აი, ასეთ ადამიანებთან გვაქვს საქმე.

როდესაც შემდეგ ჯერზე პუტინი შვეიცარიაში სასრიალოდ წავა, მინდა, შეახსენონ, რომ მან დაბომბა ბავშვებისათვის გახსნილი სათხილამურო კურორტი, რომ მან ჩახოცა ჩვენი ბავშვები და ჩვენი მოქალაქეები.

მინდა, რომ მსოფლიომ ამის შეასახებ არასდროს არ დაივიწყოს და ყოველთვის შეახსენოს ეს, ამ სამხედრო დანაშაულის ჩამდენებს.

ჩვენ არაფერი არ გვაქვს გასაყოფი არც ერთ ეთნიკურ ოსთან და არც ერთ ეთნიკურ აფხაზთან.

არავის არ უყვარს ეს ხალხები ისე, როგორც გვიყვარს ჩვენ და როგორც მიყვარს პირადად მე.

თუმცა, მას შემდეგ, რაც სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად, ჩემი ბრძანებით, 8 აგვისტოს დილის 5 საათზე საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ბანდიტებისგან გაწმენდილი ცხინვალი დატოვეს და შემოგარენში გამოვედით, ოთხი დღის განმავლობაში რუსეთის ავაიაცია მიწასთან ასწორებს, ანგრევს და მეორე გროზნიდ აქცევს ცხინვალს.

რა არის ამაზე მეტი უსამართლობა და ამაზე მეტი ბოროტება?

მინდა თქვენ გკითხოთ ხალხო, რა არჩევანი გვქონდა?

წლების განმავლობაში ჩვენ გვიკეტავდნენ გზებს, არ გვაძლევდნენ ურთიერთობის საშუალებას, გვესვროდნენ ბომბებს, გვიწყობდნენ ტერორისტულ აქტებს, ჩვენს ბავშვებს უსპობდნენ არსებობის საშუალებას, ჩვენს სკოლებს უშენდნენ ყუმბარებს, დაგვიკეტეს საქართველოს საზღვრები, საქართველოს წინააღმდეგ შემოიღეს საყოველთო ემბარგო.

ჩვენ გავუძელით ემბარგოს, ჩვენი ეკონომიკა მაინც განვითარდა, გავხსენით საზღვრები სხვა მიმართულებით გავხსენით და მაინც გავაგრძელეთ განვითარება.

ჩვენ გვიწყობდნენ ტერორისტულ აქტებს, გვიფეთქებდნენ კომუნიკაციის სისტემებს, მაგრამ ჩვენ ვაშენებდით ახალ გზებს, ახალ სკოლებს, ახალ სავადმყოფოებს, მათ შორის, ჩემს პირად სიამაყეს - №l საავადმყოფოს, რომელიც მსოფლიო სტანდარტებს შეესაბამება.

ორი საათის წინ, რუსული სამხედროების ბრძანებით, გორის ახალ საავადმყოფოს ესროლეს ყველაზე უფრო ზუსტი დამიზნების ტაქტიკური იარაღი და ეს საავადმყოფოც აგვიფეთქეს.

არადა, ამ საავადმყოფოში ჩვენი ექიმები 4 დღის განმავლობაში დღე და ღამე, გმირულად მკურნალობდნენ ეთნიკურ ოსებს, ეთნიკურ ქართველებს, რუსებს, უკრაინელებს და ყველას, ვინც იქ იყო დაჭრილი.

ამ აფეთქების შედეგად არიან დაჭრილები და მოკლულები.

მათი სამიზნე არის არა სამხედროები, არამედ - ექიმები, მღვდლები, ნიქოზში დილით მეუფის რეზიდენცია ააფეთქეს, ბავშვები და საბავშვო ბაღები, სკოლები, ტირძნისში დაბომბეს მთელი გარემოცვა და სპეციალურად უმიზნებდნენ იმ სკოლას რომელიც კონფლიქტის ზონაში რუდუნებით ავაშენეთ, გახსნილი იყო ოსი და ქართველი ბავშვებისათვის და რომლითაც ძალზე ვამაყობდი; ამ დღეებში მათ მიზანში ამოიღეს არა ქართველი სამხედროები (ქართველ სამხდროების დაბომბვის შედეგად მსხვერპლი მინიმალური იყო), არამედ - ადამიანურობა, ჰუმანურობა და სამართლიანობა; მათი სამიზნე იყო ხალხის თავისუფლება და ხალხის სულისკვეთება, თქვენი არსებობა და თქვენი სული, ჩემო ძვირფასებო და ჩემო თანამემამულეებო.

მე მინდა კარგად გვესმოდეს თუ რატომ მოაწყეს ეს სანიმუშო ეგზეკუცია საქართველოსი და რას წარმოადგენს დღეს საქართველო დანარჩენი მსოფლიოსათვის.

საქართველო წარმოადგენს ზღვარს, საქართველო წარმოადგენს საზღვარს, სადაც გადის საზღვარი და ზღვარი სიკეთეს და ბოროტებას შორის, ცივილიზაციას და ბრუტალურობას შორის და არაცივილიზაციას შორის.

ადამიანის უფლებების პატივისცემას და საზოგადოებას და იმ საზოგადოებათა შორის, რომელსაც სრულიებით არ აინტერსებს ადამიანის უფლებები და ყველაზე მეტად აღიზიანებს ადამიანის ღირსება.

დღეს საქართველო-რუსეთის დაპირისპირება მსოფლიოს თვალში იქცა დავითისა და გოლიათის დაპირისპირებად, მაგრამ დავითი აუცილებლად გაიმარჯვებს.

საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს, მაგრამ ჩემო ძვირფასებო, მინდა გაგახსენოთ, რომ 19 წლის წინათ, აქ, ამ მოედანზე რუსულმა ტანკებმა გადაუარეს ჩვენს დაუცველ ქალებს და ბავშვებს.

მაშინ ბევრად უფრო ახალგაზრდა ვიყავი, მაგრამ ჩემი ცხოვრების ყველაზე მწარე გაკვეთილი იყო.

მაშინ ვთქვი, რომ ისინი დაუსჯელად ვეღარ იბოგინებენ სaქართველოს ტერიტორიაზე.

მინდა გითრხრათ, რომ ბოლო ხუთი დღის, საკმაოდ მოკლე დროის განავლობაში რუსეთის არმიამ, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღო უფრო მეტი დანაკარგი, ვიდრე ნებისმიერ ორმხრივ სამხედრო კონფლიქტში, ფინეთზე თავდასხმის შემდეგ.

მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს სამხედროებს, რომ ამას მიაღწია.

ჩვენ ვართ პატარა ერი, გვყავს პატარა პროფესიული არმია და არ ვართ მილიტარიზებული საზოგადოება.

მათ კი ერთ საათში შემოიყვანეს 1200 ტანკი - უფრო მეტი, ვიდრე შეიყვანეს პირველ დღეებში ავღანეთში, უნგრეთში და ჩეხოსლოვაკიაში 1968 წელს.

2008 წლის საქართველოში, თბილისში ხდება იგივე, რაც 1968 წელს ხდებოდა პრაღაში, 1956 წელს - ბუდაპეშტში, 1939 წელს - ფინეთსა და კარელიაში.

საქართველო არის პატარა ევროპული ერი, რომელმაც თქვა რომ არ შეეგუება ძალადობას, არავის მისცემს უფლებას წაართვან თავისუფლება.

ყველაზე პრიმიტიული საშუალებებით, ქართველებმა 21 საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, გაანადგურეს 400-ზე მეტი ინტერვენტი.

ეს სრულებით არ მახარებს ადამიანთა დაღუპვის ფაქტები, რომელ მხარესაც არ უნდა წარმოადგენდნენ ისინი.

ჩვენს მიერ ჩამოგდებულ რუსს მფრინავს, ჯიბეში აღმოაჩნდა მოსკოვის ტროლეიბუსის სამგზავრო ტალონი.

საცოდაობაა, რომ პენსიაზე გასული მფრინავი დასვეს თვითმფრინავზე სხვა ქვეყნის დასასჯელად და გასანადგურებლად გამოაგზავნეს ნაცვლად იმისა, რომ მისთვის საკუთარ ქვეყანაში, ოჯახთან ერთად სიცოცხლე ეცლიათ.

განა უზარმაზარი დანაშაული არ არის სასიკვდილოდ გაიმეტო ასეთი ადამიანი უცხო ქვეყანაში. ქვეყანაში, რომელსაც რუსეთისა და რუსი ხალხის საწინააღმდეგო არაფერი არა აქვს, არ ჰქონია და არასოდეს არ ექნება.

მინდა მათ ვუთხრა, რომ ჩვენ ყველას სიკვდილი გვწყინს, მაგრამ ისიც მინდა ვთქვა, რომ გრუ-ს ყველაზე ელიტური სპეცრაზმის "ვიმპელის" 90 პროცენტი - 78 კაცი, საქართველოს შუაგულში - თრიაყანის სიმაღლეზე ჩვენმა 20 მებრძოლმა, რომელიც იქ ბოლომდე იდგა, მთლიანად გაანადგურა.

მე მინდა ვთქვა, რომ, ამავე დროს, ჩვენ გავანადგურეთ უამრავი ტანკი, ჯავშანტექნიკა და იარაღი. ასევე, გავანდგურეთ უამრავი საცეცხლე წერტილი. ახლა ისინი ამბობენ, რომ ჯარში თურმე გვყავდა ამერიკელები, ფრანგები, ტანკებში კი უკრაინელები გვყავდა.

მე მინდა გითხრათ რომ არცერთი უკრაინელი, არც ერთი ფრანგი ჩვენ ტანკებში არ გვყოლია, მაგრამ გვყავდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები - ეთნიკური ოსები, ეთნიკური ქართველები, ეთნიკური აფხაზები, ეთნიკური რუსები, ეთნიკური უკრაინელები, რომელნიც იცავდნენ საკუთრ სამშობლოს საქართველოს და ყოველთვის დაიცავენ რამდენჯერაც არ უნდა დაგვჭირდეს.

მეგობრებო, ჩვენი გზა თავისუფლების გზაა.

ახლა ხორციელდება თავისუფლების მოსპობის კლასიკური სცენარი.

რუსეთში განადგურდა დემოკრატია, რუსეთზე ბატონობს ხალხი, რომელმაც გაანადგურა ჩეჩენი ერი და 80 ათასზე მეტი ადამიანი არის დაღუპული მხოლოდ გროზნოში და ეს ხალხი გვიკითხავს მორალს.

ეს ის ხალხია, ცხინვალში გროზნის ტრაგედიას იმეორებს.

რუსეთმა, რომელსაც დიდი ფული შეუვიდა, გადაწყვიტა, რომ დროა დაიბრუნოს დაკარგული ტერიტორიები. როგორც ყოველთვის, ახლაც ყველაზე სასურველი ბრილიანტი რუსული იმპერიის გვირგვინში აღმოჩნდა საქართველო.

თუ საქართველო დაეცემა, მაშინ პრობლემები შეექმნება უკრაინას, ლიტვას, ლატვიას, ესტონეთს.

თუ საქართველო დაეცემა, პრობლემები შეექმნება მთელ ცივილიზებულ სამყაროს.

ასეთია ჩვენი ბედი, მთელი ამ ცივილიზებული სამყაროს და დემოკრატიის დაცვის წინა ხაზი დღეს საქართველოზე გადის.

არაფერი არ მიღირს იმად, რომ რამის გულისთვის წავიდეთ დათმობაზე.

ვისურვებდი, რომ ჩვენი მოქალაქეების სისხლის არც ერთი წვეთი არ დაიღვაროს.

ეს იყო ჩვენი მოქალაქეების შეგნებული არჩევანი, ეს იყო იმ ბიჭების არჩევანი, რომლებიც საკუთარი ქვეყნის დასაცავად წავიდნენ.

ეს იყო იმ ექიმების არჩევანი, რომლებიც დღე და ღამე მუშაობდნენ ჩვენს ჰოსპიტლებსა და სააავადმყოფოებში.

ეს არის ჩვენი საზოგადოების არჩევანი.

1921 წელს რუსთაველის გამზირი, ეს მოედანი იყო დაცლილი, ყველა ერთმანეთს ვიყავით გადაკიდებული, საქართველო იყო დაქსაქსული და არ იყო წინააღმდეგობის გაწევის სურვილი.

რუსეთის მე-11 არმია სტალინის და ორჯონიკიძის მეთაურობით შემოვიდა საქართველოში და დაშლილი და დაქსაქსული საქართველო, სულ რაღაც, ორ დღეში მთლიანად დაიკავა. ეს ამ სცენარის გამეორების მცდელობაა.

დღეს საქართველოში გლოვის დღეა, მაგრამ მე მაინც გთხოვეთ შეკრება, მათ უნდა ნახონ, რომ რუსთაველი ცარიელი აღარ არის, დღეს 1921 წელი აღარ არის - ეს არის 21-ე საუკუნე და მთელი საქართველო დგას ერთად.

ჩემო ძვირფასებო, ჩემო ახლობლებო, ჩემო მეგობრებო!

ჩვენ გავაგრძელებთ ამ ბრძოლას!

მინდა გამოვაცხადო, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან კონსულტაციების შედეგად რამდენიმე გადწყვეტილება მივიღე და მთელ პოლიტიკურ სპექტრს მოვუწოდებ, რომ შემოგვიერთდეს.

დღეს აღარ არის დრო მთავრობად და ოპოზიციად დაყოფის დრო, მთავრობა და ოპოზიცია უნდა დადგეს ერთად.

მინდა მადლობა ვუთხრა ლევან გაჩეჩილაძეს, რომლის გამოსვლა გუშინ მოვისმინე ტელევიზიით. მან თქვა, რომ რუსეთი ვერასდროს ვეღარ გადაწყვეტს ვინ იქნება საქრთველოს პრეზიდენტი.

სწორედ ამ ადგილიდან მანაც და სხვამაც ბევრჯერ გაგვაკრიტიკეს, მაგრამ დავივიწყოთ ყველაფერი.

მე მიმაჩნდა და ვფიქრობდი, რომ ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს ირაკლი ოქრუაშვილმა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მან გუშინ ღამით დარეკა, ტელეფონში ტიროდა და ითხოვდა რეზერვისტად ჩამოსვლას.

მე ყველანაირ წყენას დავივიწყებ, თუ საქმე საქართველოს და მის სახელმწიფოებრიობას შეეხება.

საქართველოში, საბოლოოდ, პატრიოტიზმი არის ყველა ადამიანში, როგორი თვისებებითაც არ უნდა იყოს ის დაჯილდოებული, რადგან ჩვენ პატარა ერი ვართ.

მინდა მადლობა ვუთხრა საპარალამენტო ოპოზიციას, მათ შორის, პაატა დავითაიას!

ზუგდიდში გვითხრეს, რომ აფხაზეთის მიმართულებიდან ზუგდიდის დასაკავებლად მომავალი ტანკების კოლონის გამოჩენისთანავე, პაატამ სამხედრო ფორმა ჩაიცვა და მითხრა: "თუ შეიძლება წადით, აქაურობას გაერიდეთ, მე კი ჩემს მეგობრებთან ერთად, იარაღით ხელში დავიცავთ ამ ქალაქსაც და მთელ საქართველოს. ჩემო ძვირფასებო! დღეს, როგორც არასდროს, არის პატიების გაერთიანების და ერთიანობის დემონსტრირების დრო,ჩვენ ყველამ ერთმანეთს ხელი უნდა გავუწოდოთ.

დღეს როგორც არსდროს საქრთველოს ფეხზე დადგომის დროა.

ამ დღეებში უზარმაზარი დარტყმა მივიღეთ - ხალხი დაგვეღუპა, მაგრამ ერი არ არის დაღუპული. თუმცა ყველაფერი, რაც არ კლავს ერს, აძლიერებს მას. ამ დარტყმის შედეგად, ჩვენ ორმაგად გავძლიერდებით და უფრო მყარად დავდგებით.

ჩემო ძვირფასებო, მინდა მადლობა გადავუხადო მსოფლიო თანამეგობრობას.

დღეს დილით გორში საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული ბომბით ჰოლანდიელი ჟურნალისტი მოკლეს, რომელსაც სურდა სიმართლე ეთქვა იმის თაობაზე, თუ რა ხდება საქართველოში.

როდესაც ბიჭები ცხინვალიდან გამოგვყავდა, მე წინა პოზიციებზე ვიყავი. ამ დროს ჩემთან მოვიდა რუსი ჟურნალისტი, რომელმაც ცხინვალში შეშვება მთხოვა. ჩვენმა ბიჭებმა გააფრთხილეს, რომ იქ მისი თანამემამულეები ისროდნენ, მაგრამ რისკის ფასად შევიდა და ნახევარ საათში რუსეთის მხრიდან ჩამდგარმა სნაიპერებმა მოკლეს.

მინდა მისი და სხვა დაღუპული ჟურნალისტების, ასევე დაღუპული ექიმების ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოვუცხადო.

ყველამ უნდა იცოდეს, რომ დაღუპულ ჟურნალისტებს ქართველი ერი არასდროს არ დაივიწყებს. არ დაივიწყებს იმას, რომ მათ სიმართლის თქმა სურდათ.

1956 წელს ბუდაპეშტის მოვლენები არ შუქდებოდა, 1968 წელს პრაღიდან ძალიან მწირი ინფორმაცია გადიოდა, 1979 წელს ავღანეთში ჯერ კიდევ არ არსებოდა პირდაპირი ეთერი. ახლა მთელმა მსოფლიომ პირდაპირ ეთერში იხილა საქართველოს ტრაგედია, მსოფლიო მართლწესრიგი არასოდეს აღარ იქნება ისეთივე, როგორც იმ წლებში იყო.

მინდა მადლობა ვუთხრა, ყველა საქართველოს ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს.

ხალხო, საქართველო გეკუთვნით თქვენ ყველას, საქართველო გეკუთვნით ოსებს, აფხაზებს, ქართველებს; საქართევლო ეკუთვნის საქართველოში მცხოვრებ სომხებს, აზერბაიჯანელებს, რუსებს, უკრაინელებს.

ჩვენ არც ერთი ერის, მათ შორის არც რუსი ერის წინააღმდეგ არ ვართ განწყობილი.

მე კარგად ვიცი რა არის რუსეთი პუტინის გარეშე.

რუსეთი მხოლოდ პუტინი არ არის. თუმცა, დღეს რუსული პოლიტიკა მთლიანად პუტინია.

მომავალში ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ერთმანეთს, რადგან არ შეიძლება განდიდების მანიით შეპყრობილმა ერთმა ადამიანმა დაასამაროს ის, რაც საუკუნეების განმავლობაში შენდებოდა.

დღეს საქართველო თავისუფალია, როგორც არასდროს.

დღეს საქართველო ამაყი და ღირსეულია, როგორც არასდროს, თუმცა დიდად დაზარალდა.

მინდა ვუთხრა მთელ მსოფლიოს, დაე, გვბომბონ; დაე, გვანადგურონ; დაე, შემოგვიტიონ; დაე, კიდევ ორი ათასი ტანკი შემოიყვანონ; დაე, გვემუქრებოდენ ერთი რამ ჩემთვის დღესავით ნათელია - საქართევლო აღარასდროს დაიჩოქებს, საქართველო აღარასდროს დანებდება.

ჩვენი თავისუფლება ჩვენვე გვეკუთვნის.

მინდა გაგაცნოთ ჩვენი გადაწყვეტილებები.

პარლამენტის წევრებთან კონსულტაციის შედეგად, პარლამენტის თავმჟდომარესთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვტოვებთ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას.

ჩვენ საბოლოოდ ვემშვიდობებით საბჭოთა კავშირს, საბჭოთა კავშირი აქ ვეღარასდროს დაბრუნდება!

ჩვენ მოვუწოდებთ უკრაინას და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სხვა ქვეყნებს დატოვონ ის გაერთიანება, რომელსაც ყველას დაუკითხავად მართავს რუსეთი.

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო მისიის დენონსაციასთან ერთად, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მყოფი რუსეთის ჯარი გამოვაცხადოთ საოკუპაციო ჯარად, ხოლო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიად. ამის შესახებ მე განვუცხადე ამერიკის პრეზიდენტს და მსოფლიოს სხვა ლიდერებს. და ვიდრე საქართველოს მიწაზე ერთი ოკუპანტი მაინც იქნება, ვერც ერთი ქართველი ვერ მოისვენებს და არც ოკუპანტს მოასვენებს.

ამ მიწას ვერავინ ვეღარასდროს დაიპყრობს ადვილად.

ჩემო მეგობრებო, ჩემო ძვირფასებო, ჩემო განუმეორებელო ქართველო ხალხო!

თქვენ მთელს მსოფლიოს აჩვენეთ რას ნიშნავს მრავალეთნიკური ქართული ერთიანობა, რას ნიშნავს თავისუფლება, რას ნიშნავს თავისუფლებისათვის ბრძოლა და მომავლისთვის ერთად დგომა.

ჩვენი ძალა ერთობაშია!

თქვენ იცით, რომ გვემუქრებოდნენ და ჭორებიც ვრცელდებოდა იმის თაობაზე, რომ თბილისს დაბომბავდენ, მაგრამ, ამის მიუხედავად, ხედავთ იმდენი ხალხი მოვიდა, რამდენიც არასდროს შეკრებილა რუსთაველზე.

ქართული არმია ათჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე აქ შეკრებილთა რაოდენობა.

ჩემო ძვირფასებო, თქვენ ხართ ყველაზე უშიშარი არმია მსოფლიოში. ასეთ არმიას კი ვერც 58-ე არმია დაამარცხებს და ვერც ფსკოვის დივიზია.

ჩვენთან გადმოისროლეს იგივე სამხედრო ნაწილები, რომლებმაც აიღეს ბუდაპეშტი 1956 წელს, ფსკოვის დივიზია...

ჩვენთან შემოიყვანეს იგივე ტანკები, რომლებიც პრაღაში შეიყვანეს 1968 წელს.

ჩვენთან შემოიყვანეს ის მფრინავები, რომლებიც ავღანეთს ბომბავდნენ.

ავღანეთში დღეს რუსული ტანკების მხოლოდ ნარჩენებია, ისევე როგორც - გორის გზაზე.

როგორც ვერ დაამარცხეს ჩეხოსლოვაკია და უნგრეთი, ისე ვერ დაგვამარცხებენ ჩვენ.

ჩვენ ვიქნებით თავისუფალი, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ერი, რომლებმაც მოიპოვეს თავისუფლება. ჩვენ მივაღწევთ დიდ წარმატებას და ვიქნებით ძალიან ძლიერნი.

თბილისში დღეს ევროპიდან ჩამოდის 5 ქვეყნის მეთაური, ასევე მეექვსე - საფრანგეთის პრეზიდენტი, ევროკავშირის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი.

მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს პიატრას ვაიტკეუნასს. იგი პირველივე დღეს ჩამოვიდა თბილისში და თქვა: "დამაყენეთ აეროპორტში, დამაყენეთ ხიდებზე, მოიყვანეთ ტელევიზიები და ყველამ გადაიღოს, რომ ევროკავშირის სახელმწიფო საგარეო საქმეთა მინისტრი დგას აქ და თუნდაც დაბომბონ, იცოდნენ, მე აქ ვდგავარ.

ხალხო, ეს არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს.

ჩვენ არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ იმ პრეზიდენტებმა რომლებიც დღეს აქ ჩამოდიან თქვეს: ჩვენ ჩამოვდივართ იმისთვის, რომ თბილისზე მზადდება შეტევა; ჩვენ ჩამოვდივართ იმისთვის, რომ თუ ტანკებით შემოხვალთ, იცოდეთ, რომ აქ არა მარტო ქართველი ხალხი, არამედ მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ექვსი პრეზიდენტი დაგხვდებათ".

8 საათზე ეს ხალხი იქნება აქ, მე მინდა გთხოვოთ, რომ დახვდეთ და ერთად მივესალმოთ მათ. 4 წელია არ მომიწოდებია თქვენთვის მიტინგებზე მოსვლისკენ, მაგრამ დღეს ეს ძალზე მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა რომ ასე გამოეხმაურეთ ამ მოწოდებას.

ახლა გთხოვთ, ყველა ერთად წავიდეთ სამებაში, რათა ვილოცოთ მის უწმინდესობასთან ერთად, მოვიხსენიოთ დაღუპულთა სულები და ვილოცოთ მშვიდობისათვის საქართველოში.

ბრძოლა გრძელდება ჩემო ძვირფასებო!

თავისუფლება და საქართევლო ერთად გაიმარჯვებს!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)