Google+

სიახლეები

16.09.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით წარდგა

მოგესალმებით პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო,

უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებო, მთავრობის წევრებო, მოწვეულო სტუმრებო, ჟურნალისტებო!

დღეს მე მოგმართავთ, როგორც პრეზიდენტი ქვეყნისა, რომელსაც ძალიან მძიმე დღეები უდგას.

მე პრეზიდენტად ამირჩია ერმა, რომელსაც ძალიან დიდი პრობლემები ჰქონდა გადასაჭრელი. პრეზიდენტის მანდატი და ეს უდიდესი პასუხისმგებლობა ჩემი ხალხისგან მივიღე კონკრეტული დავალებით - ჩვენი მოქალაქეებისათვის უკეთესი ცხოვრების პირობები შეგვექმნა, რადგან ძალიან ბევრს ჯერაც ძალიან უჭირს ჩვენს ქვეყანაში.

ჩვენი ხალხისთვის ახალი სამუშაო ადგილები შეგვექმნა, რადგან ძალიან ბევრია უმუშევარი და ამის გამო ებრძვის სიღარიბეს.

აგვემაღლებინა ცხოვრების დონე, რადგან უამრავ ჩვენ ოჯახს უმძიმეს პირობებში უწევს თავის გატანა.

პრეზიდენტის მანდატთან ერთად მე მივიღე ჩემი ხალხის კონკრეტული დავალება, რომ საქართველო ყოფილიყო სიღარიბის გარეშე.

ჩემი დღევანდელი გამოსვლა უნდა ყოფილიყო ანგარიში თქვენს წინაშე იმის შესახებ, თუ როგორ სრულდება ეს დავალება. უნდა მომეყოლა იმ პირველი, მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯების შესახებ, რომელთა გადადგმაც ჩვენ დავიწყეთ ამ მიმართულებით.

ანგარიში ჩამებერებინა იმ შედეგების შესახებ, რომელიც ჯერ არ იყო საკმარისი, მაგრამ უკვე სახეზე იყო. უნდა მომეყოლა ახალი სამუშაო ადგილების შესახებ, რომელსაც ასე ელოდება დღეს ჩვენი ხალხი. მათ შესაქმნელად დამტკიცებულ და დაწყებულ ახალ იაფი კრედიტის პროგრამებზე.

მინდოდა მესაუბრა პენსიების გაზრდაზე და ქართული სოფლის ფეხზე დაყენების კონკრეტულ გეგმებზე, რთველზე, რომელშიც ჩვენ, როგორც სახელმწიფომ პირველად დავიწყეთ მევენახეების პირდაპირი სუბსიდირება და ფულადი დახმარება.

სოფლის მეურნეობის ახალ საწარმოებსა და ახალ ეკონომიკურ პროექტებზე, რომელთაც ჩვენი დაპირების მიხედვით, ათობით ათასი ახალი სამუშაო ადგილი უნდა შეექმნათ უახლოეს მომავალში.

ნაცვლად ამისა, დღეს მე თქვენს წინაშე ვდგავარ, როგორც პრეზიდენტი პატარა ქვეყნისა, რომელსაც თავს დაესხა და სრული განადგურება დაუპირა მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა სახელმწიფომ და დღევანდელი სამყაროს უდიდესმა აგრესორმა.

აქ ვდგევარ, როგორც პრეზიდენტი ქვეყნისა, რომლის წინაშე არსებულ ისედაც დიდ გამოწვევებს, კიდევ უფრო კოლოსალური მაშტაბის გამოწვევები დაემატა.

ამავე დროს, თქვენს წინაშე ვდგევარ, როგორც პრეზიდენტი სახელმწიფოსი, რომელიც არ გატყდა, რომელიც ერთ მუშტად შეკრული, მობილიზებულია, და როგორც არასდროს საკუთარი ხალხის ინტერესებისა და საკუთარი ეროვნული მიზნების მისაღწევად შეუპოვარ ბრძოლას აგრძელებს.

ჩვენი სამშობლოს წინაშე დღეს არსებული პრობლემები იმდენად დიდია, რამდენადაც სასტიკი და დაუნდობელი იყო მტრის შემოტევა ქართული სახელმწიფოებრიობისა და ჩვენი ერის თავისუფლების სიყვარულის გასათელად.

ჩვენ ვაფრთხილებდით მთელს სამყაროს, რომ ასეთი შეტევა მზადდებოდა ჩვენი სახელმწიფებრიობის წინააღმდეგ.

რაც უფრო ძლიერდებოდა ეკონომიკა და წინ მიდიოდა ჩვენი სახელმწიფო, მით უფრო იზრდებოდა ეს საფრთხე და ჩვენთვის ეს აშკარა იყო.

ამას ვამბობდი ჩემს ყველა გამოსვლაში.

მთელი ჩვენი დიპლომატიური და პოლიტიკური ძალისხმევა იყო მიმართული იმისაკენ, რომ ასეთი რამ თავიდან აგვეცილებინა.

სამწუხაროდ, ცივილიზებულ სამყაროს მაშინ ვერ წარმოედგინა, რომ ოცდამეერთესაუკუნეში ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო.

ჩვენ ყველას ვაფრთხილებდით, რომ რუსეთი ძალიან საშიშ თამაშებს თამაშობს, რომ მისი დღევანდელი ხელმძღვანელობა შეპყრობილია იმპერიის აღდგენის იდეით, რომ მისი სტრატეგიული ინტერესი საქართველო არასოდეს არ განიხილებოდეს, როგორც რუსეთის ალტერნატივა ევროპისათვის ენერგორესურსების მიწოდების საქმეში. რომ საქართველოს არასოდეს არ ჰქონდეს დამოუკიდებელი არჩევანის გაკეთების საშუალება და არასოდეს შეიქმნას მისი ურღვევობისა და დაცულობის გარანტიები.

ასე იყო ისტორიულად და ასე იყო ახლაც.

ჩვენ არ გვქონდა უფლება დაგვეშვა ისტორიის განმეორება. ჩვენი წარსული სავსეა მაგალითებით, როდესაც საქართველო მარტო რჩებოდა დიდი აგრესორის წინააღმდეგ.

მე ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ საქართველოს ჰყოლოდა ბევრი საიმედო მეგობარი მსოფლიოში.

გასული ხუთი წლის განმავლობაში, მთელი ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევა მიმართული იყო იქითკენ, რომ საქართველო გამხდარიყო ცივილიზებული სამყაროს ისეთი წევრი, რომელსაც გასაჭირში მარტოს არ მიატოვებდნენ.

გარდა ამისა, ჩვენ ვაკეთებდით ყველაფერს, რათა დაგვეცვა ის, რაც ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისათვის - მშვიდობა.

მშვიდობის შენარჩუნების მიზნით, წლების განმავლობაში ჩვენ ვითმენდით უამრავ პროვოკაციას, ვუყურებდით როგორ ამცირებენ ჩვენს ხალხს, როგორ კლავდნენ, იტაცებდნენ და ატერორებდნენ ჩვენს თამამემამულეებს.

კონფლიქტის ზონაში ვაშენებდით სკოლებს, ბაღებს, კლუბებს, კულტურულ ცენტრებს, კურორტებს, რათა შენებით და განვითარებით, უკეთესი ცხოვრების პერსპექტივითა და მაგალითით დაგვეძლია დაპირისპირება. გვეჩვენებინა ის, რომ საქართველო ყველა ეთნიკურ ჯგუფს ეკუთნვის, რათა მართლა სიყვარულით აგვეშენებინა ის, რაც მტრობას ჰქონდა დანგრეული.

მშვიდობის დასამყარებლად, ჩვენ ვახორციელებდით ჰუმანიტარულ ინტერვენციებს.

ურთულესი წინააღმდეგობების მიუხედავად ვაღვივებდით სახალხო დიპლომატიას.

ვამუშავებდით სხვადასხვა სახის ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამებს.

კონფლიქის ზონიდან ბავშვები დასასვენებლად დაგვყავდა ჩვენს კურორტებზე. ბევრმა მათგანმა პირველად ზღვა ბათუმსა და ქობულეთში ნახა, პირველად ატრაქციონზე ჩოლოქის პარკში გაერთნენ. ჩვენს საავადმყოფოებში სამკურნალოდ მოგვყავდა სეპარატისტული რეჟიმების კონტროლს ქვეშ დარჩენილი ჩვენი მოქალაქეები. იქით ჩავდიოდით და ვუკეთებდით ოპერაციებს. აგერ არის ბატონი ფრიდონ თოდუა და ჰკითხეთ მას, თუ რამდენი ჰუმანიტარული ოპერაცია აქვს გაკეთებული ცხინვალში.

მშვიდობის გადასარჩენად სეპარატისტებს ვთავაზობდით კონფლიქტების დარეგულირების სამშვიდობო გეგმებს, რომელთაც მთელი მსოფლიო უჭერდა მხარს.

მშვიდობის შესანარჩუნებლად ჩვენ არ ვპასუხობდით ცეცხლით მოწინააღმდეგეს მაშინაც, როდესაც მათ აგვისტოს პირველ რიცხვებში დაიწყეს ჩვენი სოფლების დაბომბვა. როდესაც მათ დაგვიჭრეს და მოგვიკლეს ჩვენი ჯარისკეცები.

მშვიდობისათვის მე ცალმხრივად გამოვაცხადე ცეცხლის შეწყვეტა მაშინ, როდესაც პირველი ორმხრივი ცეცხლი გაიხსნა და ვერ წარმოიდგენთ, რამდენად მძიმე იყო იმის ნახვა, რომ მოწინააღმდეგემ ეს მხოლოდ ახალი და უფრო მასირებული შეტევის წამოსაწყებად გამოიყენა.

ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რათა თავიდან აგვეცილებინა ომი. არ გავაკეთეთ მხოლოდ ერთი რამ - არ დავნებდით მტერს მაშინ, როდესაც მან ჩვენი საზღვრები გადმოლახა და ტოტალურ შეტევაზე წამოვიდა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა მინდა გითხრათ მთელი პასუხისმგებლობით - რომ სანამ ცოცხლები ვართ, ამას არც არასოდეს არ დავუშვებთ.

მტერი ჩვენს ზურგს ვერ ნახავს.

ხშირად ამბობენ, რომ ღირდა თუ არა წინააღმდეგობის გაწევა? თქვენს ძალებს შორის ხომ განსხვავებაა? მაგრამ საქართველოს სხვა ისტორული გამოცდილება და ინსტიქტები აქვს. რაც არ უნდა დიდი და ძლიერი არ უნდა იყოს მოწინააღმდეგე, ისინი ყოველთვის ნახავენ ჩვენი ჯარისკაცების გააფთრებულ წინააღმდეგობასა და არნახულ თავდადებას. ნახავენ ჩვენი პატრიოტების დაუოკებელ სიყვარულს საკუთარი სამშობლოსა და საკუთარი თავისუფლებისადმი.

მინდა გთხოვოთ, რომ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ჩვენს 182 გმირულად დაცემულ მებრძოლს, რომელთაც მთელი მსოფლიო განაცვიფრეს თავიანთი თავდადებით. მინდა ასევე გთხოვოთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ 188 დაღუპულ მშვიდობიან ჩვენს თანამემამულეს.

ისინი დაიმარხნენ ქართული დროშებით და მათ სადიდებლად და მოსაგონებლად, მათი შთამომავლობის საკეთილდღეოდ, ხუთჯვრიანი დროშა არასოდეს შეწყვეტს საქართველოს თავზე ფრიალს.

ჩვენმა პატარა და ახალგაზრდა არმიამ არნახული გმირობით მიიღო გამოწვევა ასჯერ უფრო მრავალრიცხოვანი და ძლიერი მტრისაგან. იბრძოლა ისე, როგორც სამასმა არაგველმა, როგორც 9 ძმა ხერხეულიძემ.

ჩვენმა არმიამ იბრძოლა თავგანწირვით, თავდაუზოგავად, ადამიანური შესაძლებლობების ზღვარზე.

ყველაზე კრიტიკულ მომენტში ის დადგა დედაქალაქის დასაცავად და წარბშეუხრელად განაცხადა მზადყოფნა, რომ უკანასკნელი ბრძოლა გაემართა მტერთან.

ჩვენ ამ გვმირების სახელები და გვარები არასოდეს დაგვავიწყდება.

მინდა ქედი მოვიხარო ყველა ქართველი ჯარისკაცის მიმართ. მათი დამსახურებით ჩვენი შვილები მხოლოდ ისტორიის წიგნებიდან აღარ გაიცნობენ ქართველ გმირებს.

რაც შეეხება გმირებს, თქვენ იცით, რომ უკვე ტრადიციად იქცა პრეზიდენტის მოხსენების დროს ამ დარბაზში ჩვენი დროის გმირების მოწვევა და მათთან მისალმება.

მე გადავწყვიტე, რომ ამჯერად ეს ტრადიცია დავარღვიოთ, რადგან მთავარი გმირი ჩვენი დღევანდელობისა, მთავარი ღირსებისა და დამსახურების მატარებელი, მთელი ჩვენი ქვეყნის საზოგადოებაა.

მინდა ფეხზე ავდგეთ ყველანი და მივესალმოთ ჩვენს ხალხს. ჩვენს დიდებულ, ბრძენ და შეუპოვარ ერს.

ერს, რომელიც ერთ მუშტად შეიკრა.

ერს, რომელმაც ერთმანეთს ხელი ჩაჰკიდა მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად უჭირს ჩვენს ქვეყანას, მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდება ერთიანობა და გამძლეობა.

სრულიად გამორჩეულად მინდა აღვნიშნო ჩვენი ეკლესიის ღვაწლი. ის, რასაც აკეთებდა პირადად პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, ის რასაც აკეთებდნენ მეუფეები, სხვა სასულიერო პირები, დაჭრილთა გამოსაყვანად, მიცვალებულთა გადმოსასვენებლად, გასაჭირში ჩავარდნილთა დასაპურებლად- და რაც მთავარია, მათ გასამხნევებლად- ეს არის ისტორიული მნიშვნელობის გმირობა. მეუფე ანდრია, რომელსაც მეორედ მოუხდა ომში ყოფნა, მან ასობით ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს. ეს ისტორიული მნიშვნელობის გმირობაა.

გთხოვთ მივესალმოთ ჩვენს ეკლესიას და მის წინამძღოლს!

ამ მძიმე დღეებში ჩვენმა ხალხმა მტერსაც და მოყვარესაც აჩვენა თუ რა ძლიერია ის.

აჩვენა მაგალითი პატრიოტიზმის, შეკრულობის, ეროვნული სიმტკიცისა და თავდადების.

მე, როგორც ამ ერის მიერ არჩეული პრეზიდენტი, მადლობას ვუხდი მას და ვპირდები ჩემს ხალხს, რომ ჩემი მოღვაწეობის ყოველი დღე მიეძღვნება იმას, რომ ვიყო ღირსი მერქვას ამ დიდებული ხალხის პრეზიდენტი. მიეძღვნება იმას, რომ ვემსახურო და ვუერთგულო ჩემს ხალხს ისე, როგორც ხალხი ემსახურება და ეერთგულება ჩვენს სამშობლოს.

ამ ომმა კიდევ ერთი რამ დაგვანახა. პირველად ჩვენი ქვეყნის არსებობის ათასწლეულების მანძილზე, საქართველო აღარ არის მარტო.

პირველად ჩვენს ისტორიაში საქართველოს დასაცავად ფეხზე დადგა მთელი ცივილიზებული სამყარო.

პირველად რაც ვარსებობთ, საქართველოს ბედი, მისი თავისუფლება და ხელშეუხებლობა აღარ არის სულერთი კაცობრიობისათვის.

ყოველი ახალი დღე, არის დასტური იმისა, რომ საქართველომ თავისი ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა საერთაშორისო თანამეგობრობაში.

დასტური იმისა, რომ ჩვენ სწორედ შევარჩიეთ ჩვენი მოკავშირეები.

შევძელით გაგვეჩინა ერთგულ, საიმედო და სამართლიან მეგობართა ძალიან მტკიცე წრე.

მინდა მივესალმო ევროპის საბჭოს, პრეზიდენტი სარკოზის, სხვა დასავლეთ ევროპელი ლიდერების, აღმოსავლეთ ევროპელი მეგობრების, ბალტიისპირელი და უკრაინელი ძმების, მთელი დემოკრატიული სამყაროს ძალისხმევას საქართველოს მხარდასაჭერად და დასაცავად.

მინდა მივესალმო ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს - ნატოს, რომელიც მტკიცედ უგდას საქართველოს გვერდში და თავის კარს გვიღებს როგორც მოკავშირეს. ჩვენ გვესმის, რომ ნატოს სრულფასოვან წევრობამდე ჯერ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ ეს გზა უკვე გარკვევით მოსჩანს და ჩვენ აღარასოდეს გადავუხვევთ ამ გზიდან.

მინდა მივესალმო ამერიკის შეერთებულ შტატებს და მთელს ამერიკელ ხალხს. ჩვენ ყოველთვის ვიდექით ამერიკის გვერდით, იმიტომ, რომ საერთო ფასეულობები და იდეალები გაგვაჩნია. სწორედ ამ საერთო ღირებულებების გამო ახლა ამერიკა დგას ჩვენს გვერდით, მაშინ როდესაც ყველაზე მეტად სჭირდება გვერდში დგომა ჩვენს სამშობლოს.

საქართველოს მხარდაჭერა ამერიკელი ხალხის გულებიდან მოდის და ამის დასტურია ის, რომ ორივე პარტიის ლიდერი, ორივე საპრეზიდენტო კანდიდატი ღიად და პრინციპულად გამოხატავს ქართველი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოებრიობის თანადგომის მტკიცე მზადყოფნას.

რუსული აგრესიის დაწყებისთანავე დამირეკა პრეზიდენტობის კანდიდატმა ობამამ. ამერიკელები ძალიან ამაყობენ თავისი ამერიკელობით. ისტორიაში ორი შემთხვევაა, როდესაც ისინი სოლიდარობის გამო სხვა ერებთან აკეთებენ იდენტიფიცირებას. პრეზიდენტმა კენედიმ თქვა ჩვენ ყველანი ვართ ბერლინერები, ხოლო პრეზიდენტობის კანდიდატმა მაკკეინმა კი განაცხადა, ჩვენ ყველანი ვართ ქართველები.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ მისალმებას უერთდება მთელი ქართველი ერი.

დღეს ეს ასე აღარ არის. ჩვენი ქვეყანა აღარ არის მარტო;

ჩვენი მიზანია, რომ საქართველო იყოს არა მარტო მომხმარებელი საერთაშორისო უსაფრთხოებისა, არამედ თავისი წვლილი შეიტანოს მის სიმტკიცეში.

დღეს არა მარტო ჩვენი პატარა ქვეყნის, არამედ მთელი ევროპის თავისუფლებისათვის ბრძოლის ფრონტი საქართველოზე გადის და ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ როგორც ჩვენი, ასევე ყველა თავისუფალი ერის თავისუფლებისათვის.

საკუთარი უსაფრთხოების დაცვით, ჩვენ დავიცავთ მთელი ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, რათა XXI საუკუნეში აღარ გადიოდეს შანტაჟისა და მუქარის პოლიტიკა თავისუფალ ერებთან მიმართებაში.

ჩვენ ახლა ჩვენი ქვეყნის ისტორიის ყველაზე გადამწყვეტ მონაკვეთში ვიმყოფებით.

წინ ძალიან დიდი გამოცდები გველის. ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა ჩვენი თავისუფლებისათვის. ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის. გამარჯვებამდე ჯერ ძალიან ბევრი გვაკლია. მტერმა ქართველი ერი წელში ვერ გატეხა, ვერ აიღო თბილისი, ვერ გვათქმევინა უარი თავისუფლების ერთგულებაზე, ვერ ჩამოშალა ქართული სახელმწიფოებრიობა, ვერ დაგვამარცხა.

ეს არის ჩვენი წარმატება, მაგრამ ეს ჯერ არ ნიშნავს ჩვენს გამარჯვებას.

ნუ დაუჯერებთ ნურავის, ვინც იტყვის, რომ ჩვენ უკვე გავიმარჯვეთ. გამარჯვებამდე ჯერ დიდი გზა გვაქვს. მაგრამ ნუ დაუჯერებთ ნურც მათ, ვინც შეეცდება დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ უკვე დავმარცხდით და ახლა ყურები უნდა ჩამოვყაროთ.

დამარცხების მაგალითები შეუძლიათ იხილონ უახლეს ისტორიულ წარსულში - 21 წელს - როდესაც საქართველო ძალით შეათრიეს საბჭოეთში და წაართვეს თავისუფლება. ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში - როდესაც მტერმა მოახდინა აფაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია და მშვიდობისდამცველის მანდატი მოგვახვია თავზე.

დღეს რუსეთი არ არის გამარჯვებული. რუსეთის გამარჯვება იქნებოდა საქართველოში დემოკრატიის დამარცხება და კონტროლის აღება კასპიის და ცენტრალური აზიის ენერგორესურსებზე.

მაგრამ 2008 წელს დამარცხება არ იქნება.

2008 წელი თავისუფლების, ერთიანობის და ეროვნული სიმტკიცის დროა საქართველოში.

2008 წელს მილიონნახევარი ქართველი დგას ხელიხელჩაკიდებული ეროვნული დაუმორჩილებლობის გამოსახატავად (და არა წარმოსახვითი გამარჯვების აღსანიშნავად, როგორც ეს ზოგიერთმა განმარტოვებულმა ცინიკოსმა აღნიშნა);

2008 წელს მთელი ცივილიზებული სამყარო საქართველოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად დგას როგორც ერთი;

2008 წელს, კრემლის იმპერიალისტური ავანტიურა აღარ გავა. ვერცერთი დიქტატორი ვეღარ გადახაზავს თავისუფალი და დემოკრატიული ევროპის პოლიტიკურ რუკას.

მათი გეგმა რუსული იმპერიალიზმის აღორძინება და ხელახალი დაბადება საქართველოში, დამთავრდება რუსული იმპერიალიზმის დასამარებით.

ასეთ საქართველოს ვერ დაამარცხებენ. მაგრამ გამარჯვების მისაღწევად ჩვენ ყველას გვმართებს დიდი მონდომება, ერთსულოვნება, დიდი სიმტკიცე, თავისუფლების და ერთმანეთის დიდი სიყვარული.

ჩვენმა ქვეყანამ ძალიან დიდი დარტყმა მიიღო. საქართველომ გადაიტანა არნახული მასშტაბის აგრესია. მძიმე, დაუნდობელი და მასიური შეტევა ჩვენი ხალხისა და ჩვენი უმთავრესი ღირებულებების, ჩვენი თავისუფლების წინააღმდეგ.

ახლა, როდესაც საფრთხე ჯერაც არსებობს და როდესაც მტერს ჯერ არ დაუტოვებია ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ამოცანაა, რომ მივხედოთ დაზარალებულებს, აღვადგინოთ დანგრეული ქვეყანა და ფეხზე დავაყენოთ ერი.

მთელი მთავრობის, ჩემი და ყოველი ქართველის უმთავრესი საზრუნავი ახლა არის ჩვენი ათობით ათასი მოქალაქე, რომლებიც უსახლკაროდ დარჩნენ, რომელთაც მოუწიათ საკუთარი საცხოვრებლის მიტოვება, დაკარგეს ბიზნესი და სამუშაო ადგილები.

მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას ყველაფერზე რაც ხდებოდა ომამდე და ვიღებ პირად პასუხისმგებლობას იმ აღმშენებლობაზე, რომელიც სჭირდება ჩვენს ხალხსა და ქვეყანას ამ ომის შედეგად.

პირადად მე და მთელი მთავრობა, მაქსიმალურად სწრაფი ტემპით ვაკეთებთ და გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ დახმარება აღმოვუჩინოთ მათ ვისაც ახლა ის ყველაზე მეტად სჭირდება.

ჩვენთვის ახლა მთავარია დავიბრუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენ არ დაგვიწყია ეს ომი და გავაკეთებთ ყველაფერს,რათა არ დავუშვათ მისი განმეორება.

მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ ყველამ ერთად ვიბრძოლეთ იმისათვის, რათა დაგვეცვა საქართველო დიდი აგრესიისაგან. ახლა ჩვენ ერთიანი ძალებით უნდა ვიშრომოთ, რათა აღვადგინოთ ქვეყანა.

ისევე როგორც ჩვენ გავერთიანდით და ერთ მუშტად შევიკარით მაშინ, როდესაც მტერი გვიტევდა, ახლაც ყველანი უნდა დავირაზმოთ და გავერთიანდეთ რათა აღვადგინოთ ჩვენი ეკონომიკა, განვამტკიცოთ ჩვენი დემოკრატია და უზრუნველვყოთ ჩვენი პროგრესი.

ჩვენი ძალა ერთობაშია და მხოლოდ ერთად შრომით მივაღწევთ წარმატებას.

ჩვენ ჯერაც ვაფასებთ იმ ზარალს, რომელიც ქვეყანას მოადგა რუსული აგრესიის შედეგად.

ჩვენ გვყავს ათობით ათასი უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახი, რომელთაც სჭირდებათ თბილი კერა და დიდი დახმარება. ბევრი მათგანი ჯერაც უმძიმეს პირობებში ცხოვრობს. ახლოვდება ზამთარი და იმ დროისთვის არცერთი მათგანი არ უნდა იყოს დარჩენილი ადამიანური თავშესაფრის გარეშე.

დანგრეული და აღსადგენია საცხოვრებელი სახლები, გასარემონტებელია ბინები.

დანგრეული და მწყობრიდან გამოსულია ქვეყნის ინფრასტრუქტურა. აღსადგენია ხიდები და გზები, პორტები და აეროპორტები.

რეკონსტრუქცია სჭირდებათ სკოლებს, უმაღლეს სასწავლებლებს საბავშვო ბაღებს და საავადმყოფოებს.

აღდგენა და ძალიან დიდი ყურადღება სჭირდებათ ომის ქარცეცხლში გამოვლილ სოფლებს და სოფლის მეურნეობას.

უნდა ამუშავდეს ყველა საწარმო, რომელმაც ომის შედეგად შეწყვიტა ფუნქციონირება, რათა ყველა დროულად დაუბრუნდეს თავის სამუშაო აგილებს.

სრულად უნდა აღდგეს მომსახურების, ვაჭრობის და სახელმწიფო სამსახურების მუშაობა.

ჩვენ რეკონსტრუქცია დავიწყეთ მანამ, სანამ ტყვიები შეწყვეტდნენ ზუზუნს. მე პირადად ვეცნობი სამუშაოების მიმდინარეობას და ტემპი ბევრგან მართლაც ძალიან მაღალია. მაგრამ გასაკეთებელი უფრო მეტია. ჩვენ არ გვაქვს არცერთი დასაკარგი წუთი.

წინ ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს. 18 თვეში ჩვენი ქვეყანა მთლიანად უნდა დავუბრუნოთ იმ მდგომარეობას, რომელიც იყო ომამდე.

მთელი ინფრასტრუქტურა და ყველა დანგრეული სახლი, რომლამდეც ხელი მიგვიწვდება, აღდგენილი უნდა იყოს.

ამ სამუშაოებს კოორდინაციას უწევს მთავრობის სპეციალურ კომისია.

მოვითხოვე, რომ ამ კომისიისა და მთელი აღმშენებლობის პროცესში იყოს ჩართული მთელი მთავრობა, ყველა სამინისტრო, ყველა მინისტრი.

მოვითხოვე, რომ მთელი მუშაობის სტრუქტურირება მოხდეს ისე, რომ მას სათანადო ზედამხედველობას უწევდეს პარლამენტი და მთელი საზოგადოება.

მიმაჩნია უმნიშვნელოვანესად, რომ კომისია აქტიურად კოორდინირებდეს ანტიკრიზისულ საბჭოსთან, რომელიც ოპოზიციასთან ერთად შეიქმნა.

მე კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო იმას, რომ ჩვენ როგორც იქნა შევძელით საერთო ენის და საერთო ინტერესების გამონახვა ოპოზიციასთან.

მივესალმები ოპოზიციის ერთი ნაწილის აქტიურ მუშაობას ქვეყნის ინტერესების დასაცავად და მინდა, რომ ეს თანამშრომლობა აუცილებლად გაგრძლდეს მთელი აღმშენებლობის და თავისუფლებისათვის ბრძოლის პროცესის მიმდინარეობის განმავლობაში და მერეც.

აუცილებლად მიმაჩნია, რომ ოპოზიციას მიეცეს აღმშენებლობის პროცესსა და დაზარელებული მოსახლეობის დახმარებაზე ზედამხედველობის განხორციელების სრული საშუალება.

მეტიც, ვფიქრობ, რომ კარგი იქნება, თუ ანტიკრიზისული საბჭო აღიჭურვება გარკვეული აღმასრულებელი ფუნქციებითაც, მაგალითად ჰუმანიტარული დახმარების სამართლიანი განაწილების ან სამოქალაქო თავდაცვიუნარიანობის ამაღლების საქმეში.

ოპოზიციის მეორე, მცირე ნაწილის საყურადღებოდ კი, რომელმაც ამჯობინა, რომ საქართველო ისევ პოლიტიკური დაპირისპირებებისა და მუდმივი კინკლაობის რეჟიმში დააბრუნოს, მინდა ძალიან გარკვევით ვთქვა:

ნუ დაგავიწყდებათ, რომ დღეს ჩვენს სამშობლოს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება ჩვენი ერთიანობა და თანამშრომლობა.

მე ვიყავი, ვარ და ვიქნები მზად ამ თანამშრომლობისათვის.

ერთიანობა რასაკვირველია არ გამორიცხავს აზრთა სხვადასხვაობას და დემოკრატიულ დებატებს.

პირიქით, ჩვენი ქვეყნის მომავალი სიმტკიცე დემოკრატიის სიმტკიცის პროპორციული იქნება.

ამ ომმა ბევრი რამ, გვასწავლა. დაგვანახა ჩვენი ხალხის ბევრი ღირსება, დაგვანახა სახელმწიფოს ძლიერი მხარეები, მაგრამ ასევე დაგვანახა მისი სუსტი წერტილებიც.

ახლა ყველას ვალია, რომ ამ მძიმე პრაქტიკიდან გამოვიტანოთ სწორი დასკვნები. განვამტკიცოთ ის, რაც სწორია და გამოვასწოროთ ის, რაც გამოსასწორებელია.

ჩვენ არ გვინდოდა ეს ომი. მაგრამ რადგან მისი თავიდან აცილება შეუძლებელი აღმოჩნდა და რადგან მტერმა ვერ მიაღწია ჩვენი სახელმწიფოებრიობის განადგურების მიზანს, ახლა ჩვენ ეს გამოცდილება უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ უფრო მეტად გავძლიერდეთ.

მე მივესალმები იმას, რომ პარლამენტს და ოპოზიციას, ისევე როგრც ჩვენს საზოგადოებას აქვს კითხვები ომის დაწყების და მიმდინარეობის დროს არსებული ბევრი დეტალის შესახებ.

ეს კითხვები არის აბსოლიტურად სამართლიანი და ყოველ მათგანს აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი.

ამიტომ მივესალმები იდეას, რომ პარლამენტში შეიქმნას შესაბამისი მომხსენებელთა ჯგუფი, რომელიც არცერთ კითხვას არ დატოვებს პასუხგაუცემელს.

იმედი მაქვს, რომ ეს საპარლამენტო ჯგუფი ძირითადად დაკომპლექტდება ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ და რომ იგი იმუშავებს სწრაფად, ეფექტურად და შედეგიანად. ჩაატარებს შესაბამის მოსმენებს, მიიღებს კონკრეტულ პასუხებს ყველა კონკრეტულ კითხვაზე, გაეცნობა ყველა სამხილსა და დამადასტურებელ მასალას განვლილი მოვლენების შესახებ და შემდეგ მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას საკუთარი დასკვნების შესახებ.

ამ ჯგუფის მუშაობა მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი დემოკრატიისთვის.

საქართველოს ხელისუფლება არათუ გაურბის რომელიმე შეკითხვას, არამედ პირველ რიგში სწორედ ხელისუფლებაა დაინტერესებული, რომ არ არსებობდეს პასუხგაუცემელი კითხვები.

ახლა, როდესაც ჩვენი ქვეყანა ისტორიული გამოწვევების წინაშე იმყოფება. როდესაც იგი არის დიდი აგრესიის მსხვერპლი, როდესაც ჩვენთვის ჰაერივით საჭიროა დემოკრატიული სამყაროს თანადგომა, პასუხი უნდა გავცეთ რუსულ აგრესიას, მიმართულს სწრაფადგანვითარებადი დემოკრატიული ქვეყნის დამხობისკენ.

რუსეთის პრეზიდენტმა -უფრო სწორედ, ორივე ლიდერმა კი პასუხი გასცეს იმით, რომ გამოყარეს დამოუკიდებელი ჟურნალისტები, გააკონტროლეს ყველა არხი, იმუქრებიან შემდგომი რეპრესიებით. ბევრი ქვეყანა იტყოდა, რომ ომის პირობებში საჭიროა ნაკლები დემოკრატია და მეტი კონტროლი. ჩვენ კი ვამბობთ, რომ საქართველო რომელიც არის დემოკრატიული განვითარების ქვეყაენა, მისთვის მთავარი მეტი დემოკრატია, თავისუფლება და პროგრესული დემოკრატიული მომავალია.

დემოკრატია არის ის, რაც ყველაზე მეტად იცავს ჩვენ ქვეყანას და ანგრევს ჩვენს მტერს.

ჩემი საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი უმთავრესი დაპირება საქართველოში დემოკრატიისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება იყო.

ამ მოკლე დროის განმავლობაში ჩვენ მნიშვნელოვანი დემოკრატიული ნაბიჯები გადავდგით ოპოზიციასთან მიმართებაში.

გავზარდეთ ოპოზიციის წარმომადგენლობა საპარამენტო ხელმძღვანელობაში;

გავამარტივეთ ოპოზიციური ფრაქციების შექმნის პროცედურა ისე, რომ პარლამენტში წარმოდგენილ ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფს შეძლებოდა საკუთარი საპარლამენტო ფრაქციის შექმნა;

5 პროცენტამდე დავწიეთ საარჩევნო ბარიერი;

შევძელით ოპოზიციასთან შეწყვეტილი დიალოგის განახლება და კონკრეტული საკითების ირგვლივ კონსტრუქციული მუშაობის დაწყება.

აქვე მინდა მივესალმო ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებას, რომ არ დაეყენებინათ კანდიდატები იმ რაიონებში, სადაც ახლა უნდა ჩატარდეს შუალედური არჩევნები. ეს რაიონები ნაციონალურმა მოძრაობამ წააგო და რადგან იქ გამარჯვებულმა ოპოზიციურმა კანდიდატებმა სამწუხაროდ უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე, ნაციონალურმა მოძრაობამ შუალედური არჩევნებისათვის ეს რაიონები ოპოზიციასვე დაუთმო, რათა არ შესუსტდეს ოპოზიციური ფრთა პარლამენტში.

დღეს მე მინდა გამოვაცხადო დემოკრატიული რეფორმების ახალი ტალღის დაწყების შესახებ.

ამ რეფორმების მიზანია მივიღოთ უფრო ძლიერი პარლამენტი, ხელისუფლების შტოებს შორის კონტროლისა და ზედამხედველობის უფრო ქმედითი საშუალებები, განვამტკიცოთ საკუთრების ხელშეუხებლობა, უფრო თავისუფალი და მიუკერძოებელი გავხადოთ მედია და უფრო სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლო.

პარლამენტის გასაძლიერებლად და აღმასრულებელ ხელისუფლებაზე უფრო მეტი კონტროლის მოსაპოვებლად ჩვენი დემოკრატიული რეფორმების ახალი ტალღა ითვალისწინებს შემდეგ ინიციატივებს:

ახლადარჩეული პარლამენტის მიერ სავალდებულოდ მოხდება მთავრობის დამტკიცება;

გაიზრდება ოპოზიციის დაფინანსება - ოპოზიციურ პარტიებს აღუდგებათ ის დაფინანსება, რომელიც შეუწყდათ პარლამენტის წევრობაზე უარის თქმის გამო, კიდევ უფრო გაეზრდებათ საბაზისო დაფინანსება და შეიქმნება სპეციალური ფონდი, რომელიც დააფინანსებს პოლიტიკურ კვლევებს ოპოზიციური პარტიებისათვის და არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის.

გაიზრდება ოპოზიციის წარმომადგენლობა ნდობის ჯგუფში - ეს ვალდებულება ჩვენ უკვე აღებული გვაქვს და აუცილებელია ამ პროცესის დაჩქარება.

ამ გზით ოპოზიციას გაეზრდება კონტროლის შესაძლებლობა თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტსა და გაწეულ ხარჯებზე, ასევე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის სხვა ასპექტებზე.

რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ უნდა შევქმნათ უფრო ძლიერი პარლამენტი და უფრო ანგარიშვალდებული მთავრობა.

ამიტომ ახალი დემოკრატიული ტალღა ითვალისწინებს:

პარლამენტის მიერ მთავრობის უნდობლობის საკითხის დაყენების გამარტივებას და პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დათხოვნის პროცედურის გართულებას;

ჩვენი დემოკრატიის და საზოგადოების განვითარების საფუძველია საკუთრების ხელშეუხებლობა, ეს იყო ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებაც და ამიტომ რეფორმების ამ პაკეტის მნიშვნელოვანი შემადგენელია საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც საკუთრების უფლების ჩამორთმევა გახდება შეუძლებელი სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე;

ჩვენი დემოკრატიისათვის გამოწვევად რჩება მედიის სრული მიუკერძოვებლობა და თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა ოპოზიციური პარტიის მიერ. ამიტომ ახალი დემოკრატიული ტალღა ითვალისწინებს:

ტელეკომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლის დანიშვნას - რათა ოპოზიციას ჰქონდეს მუდმივი კონტროლი და მონაწილეობა ტელეკომუნიკაციებს სფეროში მიმდინარე მარეგულირებელ საქმიანობაზე;

და ასევე ითვალისწინებს:

საზოგადოებრივ არხზე შესაბამისი გარანტიების შექმნის დაჩქარებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს არა მარტო საარჩევნო პერიოდებში, არამედ მუდმივ რეჟიმში პოლიტიკური ტელედებატების მიმდინარეობა. ისე, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას თანაბარი წარმომადგენლობის საშუალება ჰქონდეს გარანტირებული;

და მაინც, ჩვენი დემოკრატიის ხერხემალი და უმთავრესი გარანტორი არის სასამართლო ხელისუფლება.

ბოლო წლების მუშაობის შედეგად ჩვენ შევძელით, რომ სასამართლო გაგვეწმინდა მექრთამეობისაგან, გაგვემარტივებინა სასამართლო პროცედურები და აგვემაღლებინა მოსამართლეთა კვალიფიკაციის დონე;

მაგრამ ეს ჯერ საკმარისი არ არის, სასამართლო სისტემას ჯერ კიდევ ბევრი ხარვეზი აქვს. ქართველ ხალხს უფრო დამოუკიდებელი და კიდევ უფრო სამართლიანი სასამართლო სჭირდება;

ჩვენ უნდა დავიწყოთ სასამართლო რეფორმის ახალი ტალღა, რომლის მიზანი იქნება უფრო დამოუკიდებელი და უფრო სამართლიანი სასამართლოს აშენება;

ამის უზრუნველსაყოფად, ჩვენი სასამართლო რეფორმის ახალი ტალღა ითვალისწინებს ახალ ცვლილებებს. ესენია:

ოპოზიციის წარმომადგენლის არჩევა იუსტიციის საბჭოში.

ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის შემოღება - რათა გადაწყვეტილებას იღებდნენ საზოგადოების პატივცემული და მიუკერძოებელი წარმომადგენლები და შესაბამისად გადაწყვეტილებები იყოს უფრო სამართლიანი;

მოსამართლეთა უვადო დანიშვნა - რაც შექმნის მნიშვნელოვან გარანტიებს იმისათვის, რომ მოსამართლეები იყვნენ უფრო დაცულები და შესაბამისად უფრო დამოუკიდებელნი და თამამნი თავიანთ გადაწყვეტილებებში;

დემოკრატიული რეფორმები მუდმივი პროცესია;

დღემდე ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ, რამაც საქართველოს დაუმკვიდრა ღირსეული ადგილი დემოკრატიულ თანამეგობრობაში;

ახლა ჩვენს ქვეყანას ამ პროცესის დაჩქარება სჭირდება.

დაჩქარებული დემოკრატიული პროცესი არის დაჩქარებული პროცესი ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და საქართველოს გამარჯვებისაკენ;

კიდევ უფრო მეტი დემოკრატია არის საქართველოს პასუხი რუსული აგრესიის მიმართ;

კიდევ უფრო სწრაფი განვითარება და პროგრესი არის პასუხი რეგრესული და ბნელი სამყაროს მცდელობაზე, აღადგინოს ბოროტების იმპერია;

მე მივესალმები ამ საკითხებთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში პარლამენტში გამართულ პოლიტიკურ დებატებს. მზად ვარ თქვენთან ერთად ვიმუშაო ამ დებატებისა და კონსულტაციების შედეგად წარმოშობილ ახალ ინიციატივებზე.

და ბოლოს,

ჩემი, როგორც პრეზიდენტის და მთელი საპარლამენტო უმრავლესობის მთავარი საპროგრამო გეგმა იყო 50 თვიანი პროგრამა. პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს

საპენსიო პაკეტის გაზრდას 100 დოლარამდე,

მთელი საქართველოს გაზიფიკაციას,

ახალი სამუშაო ადგილების შექმნას,

იაფი კრედიტის პროგრამის გაფართოვებას ხალხის დასასაქმებლად

წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას მთელი საქართველოს მასშტაბით

ქართული სოფლის გაძლიერებას,

ყველა სოფლის გაზიფიკაციას,

სოფლის ჯანდაცვისა და განათლების სისტემების გაუმჯობესებას,

სოფლის დასაქმებას და სოფლის მეურნეობის საწარმოების განვითარების ხელშეწყობას

სამწუხაროდ ომმა და რუსულმა აგრესიამ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა ჩვენს გეგმებში. ბევრი თვალსაზრისით უკან დაწია ქვეყანა და ახალი, აქამდე დაუგეგმავი ვალდებულებები გაგვიჩინა.

მიუედავად დიდი ეკონომიკური ზარალისა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სიმწრით ნაშენები სიკეთე განადგურდა, ჩვენ საკუთარ თავში საკმარის ძალებს მოვძებნით, რათა ფეხზე დავდგეთ. ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ მე ვიძლევი პირობას, რომ ჩვენი 50 თვიანი პროგრამა მაინც განხორციელდება!

ყველა დაპირება შესრულდება! თუმცა იმედი მაქვს, რომ ჩვენი საზოგადოება გაგებით მოეკიდება იმას, რომ ყოველი პუნქტი დაპირებულ დროში ვეღარ მოესწრება და შესრულების ვადებში გარკვეული კორექტირებები შევა. მაგრამ არ გადაიწევს ყველა დაპირების შესრულების მთავარი ვადა - 50 თვე.

გარდა ამისა, ჩვენთვის ახლა უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს ქართული ეკონომიკის, საფინანსო და საბანკო სექტორების სრული სტაბილიზაცია. რათა მალე შეძლოს ხალხმა და ბიზნესებმა განაახლონ ჩვეული საბანკო ცხოვრება. გამოიტანონ კრედიტები და განახორციელონ გრძელვადიანი ინვესტიციები. დაუბრუნდნენ თავიანთ სამუშაო ადგილებს.

ამისათვის ჩვენ დიდი ძალისხმევა გვჭირდება.

ჩვენი ეკონომიკა ორმაგი დარტყმის ქვეშ არის დღეს მოქცეული ერთის მხრივ, ეს არის რუსული აგრესია და მისი დამანგრეველი გავლენა ეკონომიკურ ცხოვრებაზე, ხოლო მეორე მხრივ, არნახული მასშტაბის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი.

მიუხედავად ამისა, ეკონომიკა თანდათან უბრუნდება სტაბილურ რითმს. მობილიზებულია ყველა ფისკალური ინსტიტუტი. ჩვენ ვაწარმოებთ აქტიურ ეკონომიკურ დიპლომატიას, რის შედეგადაც საქართველო იღებს მნიშვნელოვან საერთაშორისო დახმარებას - კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ გამოყო 1 მილიარდი დოლარი , დღეს დამტკიცდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის 750 მილიონ დოლარიანი პროგრამა, რომელიც მონეტარული სისტემის მდგრადობას უზრუნველყობს. ასევე ევროკავშირიდან სერიოზულ დახმარებებს მივიღებთ, უკრაინიდან, ასევე აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებიდან, თურქეთიდან და დონორი ორგანიზაციებიდან, როგორებიცაა მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითრების ბანკი და სხვა. საუბარია რამოდენიმე მილიარდი დოლარის ეტაპობრივ დახმარებაზე მომავალი სამი წლის განმავლობაში. უახლოეს კვირებში დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენცია, სადაც დაზუსტდება დახმარების ოდენობა, მიმართულებები და ვადები. პარლამენტში უკვე წარდგენილია ცვლილებები წლევანდელ ბიუჯეტში, რომლითაც გამოიყოფა 170 მილიონი ლარი რუსეთის აგრესიის შედეგად წარმოქმნილი ზარალის აღმოფხვრასა და რეკონსტრუქციაზე.

გარდა ამისა, ჩვენ ვაწარმოებთ ინტენსიურ მოლაპარაკებებს ევროპასა და შეერთებულ შტატებთან პრეფერენციული და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებების გასაფორმებლად.

თქვენ იცით, რომ რუსული აგრესიის საპასუხოდ სოლიდარობის ნიშნდა ევროპამ და შეერთებულმა შტატებმა აიღეს ვალდებულებები დაბეგვრის გარეშე გაუხსნან ბაზრები ქართულ პროდუქციას, რაც უმნიშვნელოვანესი ბიძგი იქნება ქართული ეკონომიკის გასავითარებლად და საქართველოში ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად.

ჩვენი საბოლოო მიზანი საქართველოს წარმატებულ, ევროპულ ქვეყნად ქცევაა. ყველა ჩვენი კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებაა.

არავის არ ჰქონდეს ილუზია იმისა, რომ საქართველო ოდესმე შეეგუება ერთი კვადრატული მისი მიწის მითვისებას, დაკანონებას და რაიმე სხვა სახით სხვის მფლობელობაში გადასვლას.

ჩვენი ქვეყანა ეკუთვნის ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს. მე პროფესიით თავიდან ვიყავი ეთნიკური სამართლის სპეციალისტი და ძალიან დიდი გაგება და სოლიდარობა მაქვს იმისი, რაც აქვთ მცირე და დიდ ეთნიკურ ჯგუფებს.

ჩემთვის საქართველო ეკუთვნის ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელს, ვინც ცხოვრობს საქართველოში. ჩემთვის საქართველო ეკუთვნის ოსებსა და აფხზებს, ასევე იმ ათასობით აზერბაიჯანელს, რომლებიც იდგნენ ცოცხალ ჯაჭვში, ჩემთვის საქართველო იკუთვნის სპეც-ნაზის უფროსს ახალქალაქიდან, რომელმაც ჯავახეთის შესასვლელში ტანკები შეაჩერა, საქართველო ეკუთვნის ყველა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენელს.

მე ვდგევარ თქვენს წინაშე, როგორც პრეზიდენტი ღირსეული და შეუპოვარი ქვეყნისა, როგორც ლიდერი თავისუფლებისმოყვარე და უდიდესი ტრადიციების და ისტორიის ერისა, რომელსაც თავს დაესხა და განადგურება დაუპირა დღევანდელობის ყველაზე სახიფათო აგრესორმა.

ამის მიუხედავად, მე ვდგევარ აქ, იმიტომ, რომ საქართველო არ გატყდა. ჩვენ ყველანი შეკრებილნი ვართ აქ იმიტომ, რომ ჩვენი ერის თავისუფალი სული გაუტეხელია. საქართველოს გმირულმა ბრძოლამ პრაქტიკულად შეცვალა მსოფლიო წესრიგი.

ჩვენ წინ დიდი ბრძოლა გველის - ბრძოლა თავისუფლებისა და აღმშენებლობისათვის.

ჩვენ ვერ დაგვაჩოქეს, ამაყად ვდგავართ ფეხზე და აუცილებლად გავიმართებით წელში!

ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!

მთავარია არ შეგვერყეს რწმენა, არ მოვდუნდეთ და ყოველთვის, ყველას გვახსოვდეს, რომ ჩვენი ძალა _ ერთობაშია!

გაუმარჯოს ერთიან, თავისუფალ, დემოკრატიულ საქართველოს!

ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს - საქართველოს მფარველი!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)