Google+

სიახლეები

06.10.2008
საქართველოს პრეზიდენტმა წეროვანში მიმდინარე მშენებლობა მოინახულა და დევნილებს მიმართა

მოგესალმებით!

ომის დროს ჩვენ ერთად ვიბრძოლეთ იმისათვის, რომ დაგვეცვა ჩვენი ქვეყანა.

ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებული პირველი მთავარი შეტევა მოვიგერიეთ, მაგრამ ჩემთვის, საქართველოს მთავრობისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლა არ დამთავრდება, ვიდრე ერთი რუსი ოკუპანტი მაინც დააბიჯებს ქართულ მიწაზე.

ამავე დროს, ჩვენი უმთავრესი საზრუნავი არის ის, რომ უახლოეს პერიოდში დავბრუნდეთ იქ, სადაც ომამდე ვიყავით.

ომმა გამოიწვია ეკონომიკური სირთულეები და ეს ათმაგად გაღრმავდა მსოფლიო კრიზისის გამო.

ომისა და მსოფლიო კრიზისის შედეგად, რუსეთის ეკონომიკა მთლიანად ჩამოიშალა.

სერიოზული პრობლემები შეექმნა დიდი ქვეყნების ეკონომიკას, რაც დიდ გავლენას ახდენს და დარტყმას აყენებს ჩვენს საბანკო სისტემას, სამშენებლო კომპანიებს, აქედან გამომდინარე კი ზარალდება საქართველოს მოსახლეობა დასაქმების თვალსაზრისით; ეს დიდი დარტყმაა საშუალო ფენისთვის, იმ ხალხისთვის, ვისაც სახლისთვის ან ავტომანქანისთვის გამოტანილი აქვთ კრედიტი, ვისაც გათვლა აქვს გრძელვადიან ბიზნესზე.

მსოფლიო კრიზისი უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენს ეკონომიკაზე და მინდა, რომ ეს ყველამ კარგად გავიგოთ.

ამავე დროს უნდა გვესმოდეს ისიც, რომ საქართველო შედარებით პატარა ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, ათწლეულების განმავლობაში ეკონომიკური სტრუქტურები შედარებით ნაკლებად იყო განვითარებული, მაგრამ კორუფციის დაბალი დონისა და ჩვენი ეფექტიანი მთავრობის პირობებში გვაქვს შანსი ეს კრიზისი სწრაფად დავძლიოთ და მის უარყოფით შედეგებს მოვერიოთ.

ჩვენ ჯერ კიდევ ტყვიების ზუზუნში დავიწყეთ აღმშენებლობის პროცესი.

მაშინ ჩვენ რეკონსტრუქციისა და აღდგენის 18-თვიანი გეგმა წარმოვადგინეთ.

ჩვენ დავდეთ პირობა, რომ 18 თვეში საქართველო ზუსტად იმ მაჩვენებლებს დაუბრუნდება, რომლებიც ომამდე გვქონდა. ჩვენ დავდეთ პირობა, რომ უწინარესად დავასახლებდით მათ, ვინც სახლ-კარი და საკუთარი ქონება დაკარგა.

უსახლ-კაროდ დარჩენილი ყველა ოჯახს უნდა ჰქონდეს სახლი.

ომით მიყენებული მთელი ზარალი 18 თვეში იქნება რეაბილიტირებული და ლიკვიდირებული - ჩვენ ვთქვით, რომ 15 დეკემბრამდე საქართველოში ომის შედეგად ღია ცის ქვეშ, ჭერისა და საცხოვრებელი პირობების გარეშე არც ერთი ოჯახი არ უნდა დარჩეს.

მე გითხარით, რომ ყოველ თვეში ჩაგაბარებდით ანგარიშს მიმდინარე სამუშაოების თაობაზე.

მას შემდეგ, რაც ეს გეგმა წარმოვადგინეთ, ერთი თვე გავიდა და ჩვენს ხალხს, საქართველოს საზოგადოებას იმ ადგილიდან ვაბარებ ანგარიშს, სადაც სულ ცოტა ხნის წინათ ტრიალი მინდორი იყო.

მე ვთქვი, რომ არ ვიქნები კმაყოფილი, ვიდრე ერთი ადამიანი მაინც იქნება უსახლ-კაროდ პირველ ეტაზე მაინც.

დღეს მსურს გითხრათ, რომ ჩვენ ნულიდან დავიწყეთ, მაგრამ უკვე 4 ათას 490 სახლი შენდება, ხოლო ათს 576 სახლი კაპიტალურად რემონტდება.

დაზარალებულთათვის 1500 საცხოვრებელი ბინა ქვემო ქართლსა და კახეთში ვიყიდეთ, გორის რაიონში შენდება 1036 სახლი, მცხეთაში - 2700 სახლი, ხოლო ქარელში - 400-მდე სახლი.

შენდება ახალი სოფლები.

მე ვთქვი, რომ მთავარია არა უბრალოდ სახლების აშენება, არამედ ისეთი სახლების აშენება, რომლებშიც ცხოვრების ნორმალური პირობები შეექმნება ნებისმიერ ადამიანს. ეს ასეც უნდა იყოს.

ეს სახლები მთავარ ტრასასთან შენდება, ყველა სახლს აქვს წყალგაყვანილობა, ყველა სახლს აქვს ბუნებრივი გაზი, მაგრამ ამის გარდა აუცილებლად უნდა შეიქმნას სოციალური ინფრასტრუქტურა.

აქვე შენდება კარგი ამბულატორია და კარგი სკოლა, მაგრამ ყოველივე ეს არ არის მთავარი. მიუხედავად იმისა, რომ ეს აუცილებელი და მნიშვნელოვანია, მთავარია, რომ ხალხს დასაქმების საშუალება ჰქონდეს.

ამიტომ, ძალიან მიხარია, რომ აქ ასევე ვაშენებთ ქაღალდის კომბინატს, სხვადასხვა მცირე საწარმოებს. ეს ხალხს დასაქმების საშუალებას მისცემს, შემოსავლის წყაროს გაუჩენს და ოჯახების რჩენას შეძლებენ.

მიხარია ისიც, რომ ამჟამად სამუშაოებს 30-მდე სამშენებლო კომპანია აწარმოებს და 5000-მდე მშენებელია დასაქმებული.

კრიზისის გამო ყველაზე მეტად ახლა სამშენებლო კომპანიებს უჭირთ და მე ეს ძალიან კარგად ვიცი.

ეს არ არის ქართველების მიერ გამოწვეული კრიზისი, ეს არის მსოფლიო კრიზისის ნაწილი, ეს არის ომის გაგრძელება, მაგრამ ასეთ შეკვეთებზე სახელმწიფომ სახსრები მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს, რათა სამშენებლო სექტორი მაქსიმალურად იყოს სტიმულირებული.

კარგად მესმის ჩემო ძვირფსებო, რომ თქვენც გაქვთ ოჯახები სარჩენი და გამოსაკვები.

ამ ადგილას შენდება 2 ათასი სახლი, თითოეულ სახლს 450 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი აქვს, ასევე შენდება 400 ბავშვზე გათვლილი ბაგა-ბაღი და 2000 მოსწავლეზე გათვალისწინებული სკოლა.

ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს 18-თვიანი გეგმაა და წინ კიდევ 17 თვე გვაქვს იმისათვის, რომ საქართველოს ეკონომიკამ არა მხოლოდ გადალახოს ომის ყველაზე უარყოფითი შედეგები, არამედ სერიოზული აღმშენებლობა და წინსვლა კიდევ უფრო სწრაფი ტემპით დაიწყოს.

ჩვენ იმაზე ბევრად ლამაზი და განვითარებული ქვეყანა უნდა ავაშენოთ, ვიდრე ვვარაუდობდით, ვოცნებობდით და ვგეგმავდით.

ჩვენ გავქვს როგორც 18-თვიანი, ისე 50-თვიანი გეგმა.

50-თვიან გეგმაში გარკვეულმა ნიშნულებმა გადაინაცვლა, მაგრამ 18-თვიანი გეგმა საწინდარია იმისა, რომ 50-თვიანი გეგმა, რომელიც შეეხება პენსიებს, ჯანმრთელობის დაცვის განვითარებას, თითოეული ოჯახის შემოსავალს, ჩვენი მტრის გულის გასახეთქად და ჩვენი მეგობრებისა და, რაც მთავარია, ჩვენი ხალხის გასახარად და საკეთილდღეოდ, 50 თვეში შესრულდეს, ისე, როგორც დაგეგმილი გვქონდა.

ის, რომ მე აქ მოვედი და თქვენ შეგვხვდით, არის გზავნილი ჩვენი საზოგადოებისთვის: როგორი სიძნელეებიც არ უნდა შეგვხვდეს, ჩემო მეგობრებო, როგორი გაჭირვებაც არ უნდა გვქონდეს გადასალახი, როგორი ქარტეხილებიც არ უნდა დაგვატყდეს თავს, საქართველოს წაქცევა შეუძლებელია და სამშენებლო ინტრუმენტებით ხელში ყოველთვის ხელახლა ავაშენებთ ჩვენს ქვეყანას.

ჩვენ იმდენი იმპერიის შემოტევა გვაქვს მოგერიებული, რომ ზოგიერთი მათგანის სახელი აღარავის ახსოვს ისტორიკოსების გარდა.

საქართველო ყოველთვის იყო, არის და იქნება, მაგრამ მთავარია, როგორი იქნება და როგორი ეკონომიკა ექნება მას; მთავარია, როგორ იცხოვრებენ ჩვენი მოქალაქეები და რამდენად სწრაფად მოვამზადებთ ოკუპანტების მშვიდობიანად განდევნისა და მსოფლიოს მხარდაჭერის პირობებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საფუძველს.

ყოველივე ამის საწინდარი ჩვენს განვითარებაზე, ჩვენს ეკონომიკასა და იმ სირთულეების გადალახვაზე გადის, რომელიც გვაქვს და თვალს არ ვხუჭავთ. ეს ობიექტურია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს სიძნელეები ახალი ენერგიითა და გაათმაგებული მუშაობით დავძლიოთ. ეს ასევე დამოკიდებულია ჩვენს ოპტიმიზმზე, ჩვენს ერთიანობაზე, დემოკრატიულობაზე და ჩვენი მომავლის უკეთეს ხედვაზე.

მე აქ მოვედი იმისათვის, რომ ვთქვა - ჩვენ ჩვენს სიტყვას ყოველთვის ვასრულებთ და ასე იქნება მომავალშიც.

მე აქ მოვედი იმისათვის, რომ ვთქვა: საქართველოს მთავრობაში ერთი წუთითაც კი არ დაისვენებს არავინ, ვიდრე ერთი დევნილი მაინც გვყავს გარეთ, ვიდრე ერთი დაზარალებული მაინც არის უსახლ-კაროდ, ვიდრე ერთი ბავშვი მაინც არის სასწავლო კლასის გარეშე, ვიდრე ერთი ავადმყოფი მაინც არის მკურნალობისა და წამლის გარეშე, ვიდრე ადამიანებს სასოწარკვეთისა და უიმედობის განცდა აქვთ.

ჩვენ უზარმაზარი სოლიდარობა გამოვავლინეთ ერთმანეთის მიმართ და აქაურ მშენებლებს მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ.

რუსეთის შემოტევისას ბევრმა თქვენგანმა თავად შეიფარა ან იცნობთ ოჯახებს, რომლებმაც შეიფარეს დაზარალებულები. ჩვენ ახლა მათთვის მუდმივ თავშესაფარს ვაკეთებთ და მათთვის ერთად ვქმნით უკეთეს მომავალს.

დიდი იმედი მაქვს, რომ ისევე ხარისხიანად, გულიანად და სწრაფად ვიმუშავებთ, როგორც ამას აქამდე აკეთებდით.

ასე სწრაფად იშვიათად აშენებს ვინმე მსოფლიოში, მაგრამ ქარველებს ეს შეგვიძლია. ასეც გავაგრძელოთ!

15 დეკემბერს ამ 2 ათას სახლს დავასრულებთ და როგორც კი ამ სახლების მშენებებლობას მოვრჩებით, სირთულეების მიუხედავად, ძმებო, მთელი დანარჩენი ქვეყანა უნდა ავაშენოთ.

დიდი მადლობა გარჯისთვის, დიდი მადლობა შრომისთვის, სულ ასეთი ტემპით ვიაროთ წინ!

გმადლობ!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)