საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა
მოგესალმებით ყველას!
გადავწყვიტე, რომ არჩევნების შემდეგ პირველი შეხვედრა თქვენთან, საქართველოს რეგიონული ტელევიზიების წარმომადგენლებთან გამემართა.
ჩვენი სურვილია, რომ აზრთა გაცვლის ასეთი მეთოდი მუდმივად გვქონდეს.
მუდმივად უნდა გვქონდეს თქვენთან საუბარი და ვიცი, რომ საქართველოში უკვე ათეულობით ძალიან საინტერესო და სხვადასხვა აზრის მქონე სატელევიზიო სადგურია.
გვყავს ასევე რეგიონული გაზეთების ჟურნალისტებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა მთელი არმია, რომლებსაც საკუთარი გამოცემები აქვთ.
ვფიქრობ, ამ ხალხის მონაწილეობა ქვეყნის მართვის პროცესში როგორც ადგილზე, ისე ქვეყნის ცენტრში, ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია.
უპირველეს ყოვლისა, მსურს მოგახსენოთ თუ რა მთავრობა წარვადგინეთ პარლამენტში და რა ხალხი იქნება საქართველოს მმართველობაში, იმედია, ხვალიდან, რადგან მათი კანდიდატურების განხილვა საქართველოს პარლამენტში ხვალ იწყება.
მინდა ვთქვა, რომ ეს სრულიად ახალი ტიპის მთავრობაა, უპირველეს ყოვლისა, ბოლო წლების განმავლობაში და ზოგადად დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ეს იქნება პირველი მთავრობა, რომელიც, ძირითადად, არაპარტიული ნიშნით დაკომპლექტდა.
პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე არასდროს არ ყოფილა არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში, არ არის შემჩნეული რაიმე პოლიტიკურ განცხადებაში.
ერთადერთი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც ეს კაცი შევარჩიეთ იყო პროფესიონალიზმი და წარმატება საკუთარ საქმეში, მისი პატრიოტიზმი და განცდა იმისა, რომ ქვეყანას კარგად მოემსახურებოდა.
ეს მთავრობა ყველაზე წარმომადგენლობითია ასაკობრივი, სოციალური, რეგიონული თვალსაზრისითაც.
იცით, რომ ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორი დათანხმდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის თანამდებობას.
ეს არის ადამიანი, რომელიც არასდროს არ ყოფილა ჩვენი პარტიის აქტივისტი. იგი არის ქართული ინტელიგენციის იმ თაობის წარმომადგენელი, რომელმაც შექმნა ქართული მეცნიერება საბჭოთა პერიოდშიც და შემდეგაც.
მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილებების მიღებისას მისი აზრი სათანადოდ არ იყო წარმოდგენილი.
ამ მთავრობის შემადგენლობაში არიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მაგალითად - გია ნოდია.
მას, რატომღაც, ლამის, ჩვენი ლობისტობა დააბრალეს.
მინდა გითხრათ, რომ ის იყო ადამიანი, რომელიც ძალიან მწვავედ გვაკრიტიკებდა და ძალიან ხშირად მისი აზრი ჩემთვის მიუღებელიც კი იყო, მათ შორის, არ ვიზიარებდი მის კრიტიკას ჩვენს მიმართ.
თავის დროზე, ათათურქმა ერთ-ერთი ყველაზე მწვავე კრიტიკოსი, ერთხელ, საკუთარი ოთახიდან გააგდო კიდეც, რადგან მისი კრიტიკა ვერ აიტანა; თუმცა მეორე დღეს დაიბარა და განათლების მინისტრად დანიშნა. ათათურქმა აღნიშნა: "მე არ მჭირდება განათლების მინისტრი, რომელსაც დამოუკიდებლად აზროვნება არ შეუძლია".
გია ნოდიას კანდიდატურის შერჩევისას სწორედ ამ ფაქტორმა შეასრულა გადამწყვეტი როლი - მას შეუძლია დამოუკიდებლად იაზროვნოს და განსხვავებული აზრი ჰქონდეს იმისგან, რასაც ხშირად მე და ზოგიერთი ჩემი მეგობარი მნიშვნელოვნად მივიჩნევთ.
შერჩევისას, სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა მის კანდიდატურაზე შეჩერება.
მიმაჩნია, რომ განათლების მინისტრი უნდა იყოს ავტონომიური, უფრო მეტად თავისუფალი საკუთარ აზრებში, მეტად უნდა გახსნას ეს სისტემა და უფრო დემოკრატიული გახადოს ის, რაშიც ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ.
იგივე შეეხება კონფლიქტების მინისტრის პოსტზე თემურ იაკობაშვილის კანდიდატურას - ისიც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელია და არც მას ჰქონია შეხება პოლიტიკურ პარტიებთან, ყოველ შემთხვევაში, ჩვენს პარტიასთან. ოპოზიციური განწყობა წარსულში მასაც ხშირად გამოუჩენია.
სოციალური სფერო სანდრო კვიტაიშვილს ჩავაბარეთ.
სხვათა შორის, მანამდე ეს თანამდებობა ოპოზიციას შევთავაზეთ, მაგრამ მათ უარი თქვეს.
სანდრო კვიტაიშვილის კანდიდატურა საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, რომ მისი მშობლები ექიმები არიან.
ისევე როგორც მე, სანდროც ექიმების ტრადიციულ ოჯახში გაიზარდა, მან ამერიკის შეერთებულ შტატებში შეისწავლა სოციალური და სამედიცინო დარგების თანამედროვე ორგანიზაცია.
მიმაჩნია, რომ იგი საქართველოს დიდი პატრიოტია. მისი მეუღლე ნოე ჟორდანიას შვილიშვილია, რომლის მამაც ამერიკაში გავიცანი და საკუთარი ქვეყნის უდიდესი ქომაგი და პატრიოტია.
ასეთი ხალხის საქართველოში დაბრუნება ჩემთვის იმის სიმბოლოა, რომ საქართველო იბრუნებს თავის დაკარგულ საუკეთესო ნაწილს - იმ ქართველებს, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს საზღვარგარეთ.
მათ საკუთარ ქვეყანაში შესაძლებლობები არ გაუხსნეს და სწორედ ამიტომ დატოვეს საქართველო, თუმცა მათი ცხოვრების მიზანი მაინც საკუთარი ქვეყნის დახმარებაა.
ჩვენ უკვე ვიბრუნებთ ამ ხალხს და ვუხსნით მათ ყველა შესაძლებლობას.
მართალია, მთავრობა არაპარტიული ნიშნით დავაკომპლექტეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ვემადლიერებით ჩვენი პარტიის იმ ათიათასობით აქტივისტს, რომლებმაც საარჩევნო კამპანიის დროს დიდი შრომა გასწიეს, იბრძოდნენ გამარჯვებისათვის, დაასაბუთეს ჩვენი სიმართლე და მეორე ვადით გავხდი პრეზიდენტი.
ეს ხალხი ისე მოიქცა, როგორც ჭეშმარიტ პატრიოტს შეეფერება და მათ უყვართ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ მთავრობის დაკომპლექტებისას კადრების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი არის პროფესიონალიზმი, კომპეტენტურობა, ხშირ შემთხვევაში, აზროვნების დამოუკიდებლობა და ავტონომია გადაწყვეტილების მიღებისას.
ამ მთავრობის უახლოესი მომავლის პროგრამა არის საქართველო სიღარიბის გარეშე.
50 დღის განმავლობაში უნდა ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პროგრამის ყველა მიმართულება და დავიწყოთ ამ პროგრამის განხორციელება.
რეგიონალური მედიის მოწვევა განპირობებული იყო იმით, რომ ამ პროგრამის განხორციელება, უწინარეს ყოვლისა, უნდა დაიწყოს იქ, სადაც ყველაზე მეტად უჭირს ჩვენს ხალხს - ეს არის სოფლები და საქართველოს რეგიონები, სადაც განვითარება ნაკლებად შევიდა.
ჩვენ ვთქვით, რომ უკვე გაზაფხულზე უნდა ავაწყოთ სამანქანო სადგურების ემ-ტე-ეს სისტემა და მოვამარაგოთ სათადარიგო ნაწილებით.
ჩვენ უნდა ავაწყოთ სამართლიანი სისტემა, რათა ხალხი არავინ არ დაჩაგროს - ეს ეხება ტრაქტორების დარიგებასაც, ტრაქტორები კი წლის განმავლობაში ეტაპობრივად დარიგდება.
ეს შეეხება გზების მშენებლობასაც, რაც ამინდის გამოსვლისთანავე გაგრძელდება, ჩვენ გავიყვანთ გზებს სოფლებისკენ, სადაც ეს აუცილებელია.
გზების მშენებლობას დიდი ეკონომიკური ეფექტი აქვს - მაგალითად, როდესაც წყალტუბოს რაიონში სათბურებთან გავიყვანთ გზას, სათბურებთან შესაძლებელი გახდება ტრაილერის შეყვანა. ეს იმას ნიშნავს, რომ პროდუქციის გატანა ბევრად უფრო იაფი დაჯდება.
გზის გასწვრივ გადის ბუნებრივი გაზის მილები, რაც იმას ნიშნავს, რომ სათბური მთელი წლის განმავლობაში მუშაობს. ეს სათბურები კვებავს წყალტუბოსა და ბაღდათის რაიონებს, ასევე დანარჩენ საქართველოს, ქმნის სამუშაო ადგილებს; მათი მეშვეობით ხდება სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავება.
მე შეგნებულად შევიყვანე სოფლის მეურნეობის მინისტრი სუპერმარკეტებში, სადაც პროდუქციის ნახევარზე მეტი ჯერ კიდევ უცხოეთიდანაა შემოსული, მათ შორის, იმ ქვეყნებიდან, სადაც ნამდვილად არ არის ჩვენზე უკეთესი ტექნოლოგიები, სულაც არა აქვთ ჩვენზე გემრიელი ხილი და ბოსტნეული.
ჩვენ ჯერ საკუთარი ბაზარი უნდა ავითვისოთ სრულად, ხოლო შემდეგ მეზობელი ქვეყნების ბაზრები უნდა დავიპყროთ, მით უმეტეს, რომ ამაზე ველაპარაკებით ყველას.
ასევე სკლების რემონტისა და მასწავლებლების პირობების გაუმჯობესების საქმე უნდა დავასრულოთ; ამას გარდა უნდა დავასრულოთ სოფლების გაზიფიკაცია და ავამაღლოთ სოფლებში კულტურული ცხოვრება.
ჩვენ განვახორციელეთ ფოლკლორული პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ათასამდე ადგილზე ზოგ კოლექტივს ჩოხები და შესაბამისი ფორმები შევუკერეთ, ზოგს კი ინსტრუმენტები შევუკეთეთ.
ახლა, კულტურის მინისტრთან ერთად ვაპირებთ, ასეულობით სოფელში (პირველ ეტაპზე ას სოფელში) გავარემოტოთ, აღვადგინოთ, აღვჭურვოთ და მოვამარაგოთ ბიბლიოთეკები; რამდენიმე ათეულ ადგილზე გავაკეთებთ კარგ კულტურის სახლებს.
ეს იმისათვისაა აუცილებელი, რომ ადამიანს სამუშაოსთან ერთად ჰქონდეს სულიერი და კულტურული ცხოვრების ახალი შესაძლებლობები.
ასე რომ, ჩვენ ძალიან დიდი პროგრამა გვაქვს შემუშავებული, ეს პროგრამა კი ხელშესახები უნდა გახდეს ხალხისთვის ახლავე.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ბუნებრივი პირობები - თოვლი და ყინვა აძნელებს გადაადგილებას და აფერხებს მოსამზადებლი სამუშაოების დაწყებას, მაგრამ როგორც კი თოვლი დადნება, დასახული გეგმის შესრულებას დავიწყებთ.
როგორც კი თოვლი დადნება, ხალხს მიწისთვის სასუქები დასჭირდება, ჩვენ შევიმუშავეთ პროგრამა იმისათვის, რომ მთელ საქართველოში სასუქი უფასოდ დავარიგოთ, როგორც ეს წარსულში არაერთხელ გავაკეთეთ. იმ პირობებში, როცა მსოფლიო ტენდენციის ფონზე საწვავი და პირველადი მოხმარების საგნები გაძვირდა, ჩვენ ჩვენს ხალხს ყველაფერი უნდა გავუკეთოთ, რომ ეს ყოფა მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ. ეს არის უფასო გვარჯილას დარიგება, მთელ რიგ ადგილებში წამლით დახმარება. ჩინეთიდან მოდის უხარისხო წამალი, ამისათვის საჭიროა კონტროლი ხარისხიანი წამლის შემოსატანად, ასევე ახალი ნერგებისა და ახალი ჯიშების შექმნაში ხელშეწყობა. მაგალითისათვის გეტყვით, გორში პრაქტიკულად ბევრად უკეთესად წავიდა ვაშლის ვითარება, ვიდრე ამას წარმოვიდგენდი,თუმცა იდეალური სიტუაციაც არ არის. ფასები არ არის ის, რასაც ვისურვებდით. ჩვენი ვაშლი ალმაატაში დიდი რაოდენობით იყიდება. შარშან მე ამის შესახებ მოველაპარაკე ნაზარბაევს. ვაშლი იყიდება უკარაინაშიც. ალმაატა ყაზახურ ენაზე ნიშნავს ვაშლების ბაღს. ვაშლების ბაღში დიდი წარმატებით შეექცევიან გორის ვაშლს. ეს დიდი დასაწყისია. იქ შეგვყავს შვეიცარული კომპანია, რომელიც ბავშვთა პროდუქტებს გამოუშვებს. ასე, რომ ეტაპობრივად ჩვენ მივალთ იქ, სადაც საჭიროა. პირველი ეტაპი იყო ქვეყნის სტაბილიზაცია, მეორე ეტაპი - ინვესტიციების მოზიდვა. ინვესტიციები ქმნის ახალ საწარმოებს, ახალი საწარმოები კი, სამუშაო ადგილებს და ასევე სოფლის მეურნეობის მხრიდან ქმნის დაკვეთას ახალ პროდუქტებზე. ამასთან ერთად, ჩვენ სერიუზულად განვაახლეთ საქართველოს მთავრობა და ვაპირებთ ასევე განვაახლოთ მთლიანად საქართველოს ყველა დონის ხელისუფლება. ამ არჩევნებზე მე ვიარე მთელ რიგ ადგილებზე და არ დაგიმალავთ, რომ ვნახე ისეთი ბევრი ხელმძღვანელი, რომელიც ხალხს არ ჰყავდა ნანახი. არიან გამგებლები, რომლის სახელი და გვარიც კი არ იცის ხალხმა. ყველა დონეზე მე ასეთ ხელმძღვანელებს პასუხს მოვთხოვთ, ვაიძულებთ იმუშაონ სხვანაირად ან ჩავანაცვლებთ მათ ისეთ ხალხს, ვინც სხვანაირად მუშაობას შეძლებს. ამაში პრესის დახმარება გვჭირდება. ჩვენი მიზანია საქართველოში ინსტიტუტების გაძლიერება. ჩვენი ამოცანააა ერთის მხრივ, საქართველოში ძლიერი საპრეზიდენტო ინსტიტუტის არსებობა. პირველ წლებში ეს იყო განსაკუთრებით ძლიერი, იმიტომ რომ ქვეყანა იყო სრულ კატასტროფაში. ქვეყანას სჭირდებოდა ძლიერი პრეზიდენტი, რომელიც სწრაფად მიიღებდა და განახორციელებდა გადაწყვეტილებას, არ დაელოდებოდა გრძელ პროცედურებს, რასაც მე სრულიად არ ვნანობ. მეორეს მხრივ, ჩვენ ახლა გვჭირდება გრძელვდიანი სტრატეგია, ძლიერი პარლამენტი. მე მზად ვარ პარლამენტს მეტი ფუნქცია მივანიჭო, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით. უნდა მოვახერხოთ სასამართლოს ხელისუფლების გაძლიერება. მე მადლობელი ვარ იმის, რომ საქართველოში არის არაკორუმპირებული სასამართლო. ამის თქმა არ შეუძლია მსოფლიო სახელმწიფოების ხელმძღვანელთა ოთხმოც პროცენტს. ამას ჩვენ მივაღწიეთ.ახლა მთავარია ამ სისტემის გაძლიერება. ხალხმა უნდა იგრძნოს, რომ ეს არის დამოუკიდებელი მოთამაშე, რომელიც იღებს დამოუკიდებელ, მაგრამ სამართლიან გადაწყვეტილებას, რომელიც დამოკიდებული იქნება მხოლოდ კანონზე და სამართლიანობაზე. მე ისეთი დამოუკიდებლობაც ვიცი, სადაც ეს მხოლოდ ფულის ოდენობაზეა დამოკიდებლი.
ეს არის ჩვენი უახლოესი პრიორიტეტები.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური