Google+

სიახლეები

25.02.2009
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს შეხვდა

მოგესალმებით საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს!

იცით, რომ დღეს მთელი რიგი ღონისძიებები გაიმართა სხვადასხვა მიმართულებით - სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო ნამუშევრები, არასამთავრობო სექტორის აქტიური მონაწილეობით გაიმართა აქციები.

თავს უფლებას მივცემ გარკვეულწილად შევაჯამო და საკუთარი მოსაზრება გამოვთქვა ოკუპაციის წლისთავთან დაკავშირებით აქ, ჩვენი საერთო ძალისხმევით გახსნილ, საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში.

დღეს 25 თებერვალია, ამ დღეს 1921 წელს რუსულმა საბჭოთა არმიამ დაიპყრო საქართველო და თბილისის თავზე საბჭოთა დროშა ააფრიალა. მაშინ ჩვენმა ახალგაზრდა, დამოუკიდებელმა ქვეყანამ 70 წლით დაკარგა თავისუფლება.

აქ, ამ კედლებში, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში, ჩვენს ირგვლივ გამოფენილ ექსპონატებსა და დოკუმენტებში ვკითხულობთ ისტორიას იმისა, თუ როგორ გათელეს ქართული სახელმწიფოებრიობა, როგორ გაანადგურეს ეკლესიები, როგორ შებღალეს ჩვენი ეროვნული სიწმინდეები.

ეს მუზეუმი არის ჩვენი ისტორიის ის ფურცელი, რომელიც 70 წლის განმავლობაში ამოგლეჯილი იყო იმ სახელმძღვანელოებიდან, რომლებითაც ჩვენი თაობა სწავლობდა. ეს ექსპონატები მოგვითხრობენ იმის შესახებ თუ როგორ გაჟლიტეს ჩვენი ერის საუკეთესო შვილები სამშობლოს ერთგულებისთვის, როგორ შეეწირა საბჭოთა ოკუპაციას რამდენიმე ასეული ათასი ქართველი.

უწინარეს ყოვლისა, დღეს აქ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას და არასოდეს დავივიწყოთ მათი მაგალითი.

მას შემდეგ თითქმის ერთი საუკუნე გავიდა, მაგრამ თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენი ქვეყანა, სამწუხაროდ, იგივე განსაცდელის წინაშე დგას.

საქართველოს ისევ უტევს ჩრდილოეთიდან იმპერია და ჩვენი ქვეყნის თავისუფლება ისევ საფრთხის წინაშე დგას.

ამიტომ დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება კიდევ ერთხელ გავიხსენოთ თუ რა ფასი აქვს თავისუფლებას ჩვენთვის. დღევანდელ დღეს ვიგონებთ იმიტომ, რომ არასდროს დავივიწყოთ ის მწარე გაკვეთილები, რაც ისტორიამ გვასწავლა.

რა თქმა უნდა, გავა წლები და ისტორია ყველაფერს თავის ადგილზე დაალაგებს, ყველაფერს აბსოლუტურად ზუსტ შეფასებას მისცემს.

ამ კედლებში ისტორია თავად გახსენებს თავს და მე არ შემიძლია, რომ მას გვერდი ავუარო.

როგორც იცით, მე დამოუკიდებელი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი ვარ. ჩემამდე იყვნენ ედუარდ შევარდნაძე, ზვიად გამსახურდია და ნოე ჟორდანია.

სამივე მათგანმა, ე.ი. ჩვენმა ქვეყანამ, გადაიტანა რუსეთის აგრესია. სამივეჯერ, იმპერია შეეცადა ფეხქვეშ გაეთელა საქართველოს დამოუკიდებლობა.

სამივე შემთხვევა არის ჩვენთვის გაკვეთილი, მძიმე გამოცდილება და საშუალება, რომ სწორი დასკვნები გავაკეთოთ აწმყოსა და მომავალში.

პრეზიდენტ შევარდნაძის დროს, იმპერიის შეტევა საქართველოზე იმით დამთავრდა, რომ ყველაზე მძიმე წუთებში საბოლოოდ მოიშალა ჩვენი თავდაცვის სისტემა და საქართველო სამოქალაქო ომის ქარცეცხლში გადაეშვა, ბრძოლები უკვე ქართველებს შორის მიმდინარეობდა ქუთაისსა და ფოთში, ბარიკადები იყო აღმართული ცხენისწყალზე, საქართველო შუაზე იყო გაგლეჯილი ქართველებისვე ხელით, თბილისში იყო სრული ქაოსი, ეკონომიკა იყო დანგრეული, პურზე უზარმაზარი რიგები იდგა, დენი გათიშული იყო პრაქტიკულად მთელ საქართველოში, საბანკო სისტემა აღარ არსებობდა - ხალხის ანაბრები ერთ წუთში განადგურდა და ქვეყანაში უზარმაზარმა და უკიდურესმა გაჭირვებამ დაისადგურა. ამ პირობებში მყოფმა საქართველოს ხელისუფლებამ თავად მოიწვია რუსული არმია გენერალ ბალტინის მეთაურობით და მოსკოვს უფლება მისცა დაენიშნა საქართველოს თავდაცვის, უშიშროების და შინაგან საქმეთა მინისტრები; საქართველო შევიდა დსთ-ში და რუსულმა სამხედრო ბაზებმა მიიღეს პირობა, რომ 25 წლით დარჩებოდნენ ჩვენს ქვეყანაში და დაიკანონებდნენ აქ ყოფნას. ამ პერიოდში თქვენ პატარები იყავით, მაგრამ ამის მომსწრე ყველანი გავხდით.

პრეზიდენტ გამსახურდიას დროს, როდესაც მოსკოვში კა-გე-ბე-მ გორბაჩოვის წინააღმდეგ სამხედრო გადატრიალება (ეს იყო 1991 წლის აგვისტოში) მოაწყო და კრემლში პირდაპირი ტექსტით გაცხადდა, რომ უნდა აღდგეს საბჭოთა კავშირი, საქართველოს ძალიან ახალგაზრდა ხელისუფლებამ იგრძნო, რომ ახალშობილ, თითქმის არარსებულ სახელმწიფოს არანაირი შანსი არ ჰქონდა წინააღმდეგობა გაეწია. ქვეყნის გადარჩენის მიზნით, მან გასცა ბრძანება ქართული გვარდიისა და სამხედრო თავდაცვითი შენაერთების გაუქმების შესახებ. კარგად მახსოვს, რომ უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილმა პრეზიდენტმა საქართველოს მოსახლეობას მოუწოდა წინააღმდეგობა არ გაეწიათ საოკუპაციო ჯარებისათვის. კა-გე-ბე-ს გადატრიალება დამარცხდა, მაგრამ საქართველოს ისევ მოსკოვის წყალობით არ ასცდა სამოქალაქო ომის ქარცეცხლში გახვევა და ქვეყანა სრულ ქაოსში აღმოჩნდა.

პრეზიდენტ ჟორდანიას დროს, ასევე ახალგაზრდა საქართველოს რესპუბლიკამ ჯერ ნეიტრალიტეტი გამოაცხადა (რასაც დღესაც გვთხოვს რუსეთი) იმ იმედით, რომ თავი დაეცვა აგრესიისაგან, შემდგომი ნაბიჯი ისევ რუსეთის იძულებით გადაიდგა როგორც კომპრომისი, ორ ქვეყანას შორის დადებული საიდუმლო ხელშეკრულებით რუსეთმა დააკანონა კომუნისტური პარტიის საქმიანობა საქართველოში, რითაც ჩვენს ქვეყანაში ღიად მოქმედების საშუალება მისცა მეხუთე კოლონას. ხოლო ამ ორი დიდი დათმობის შემდეგ, ერთ წელიწადში საბჭოთა იმპერიამ საქართველოს დასაპყრობად გამოგზავნა არმია, რომელსაც სათავეში ქართველი ჩაუყენა. საქართველოს ხელისუფლება შეეცადა დამპყრობელი საბჭოთა არმიისათვის წინააღმდეგობა გაეწია, მაგრამ მაშინ ჩვენი ქვეყანა სრულიად მარტო აღმოჩნდა - ჩვენ არ გვქონდა არანაირი საერთაშორისო მხარდაჭერა, ხელისუფლებამაც ვერ გაბედა გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა და ჯერ თბილისი, ხოლო შემდეგ ქვეყანა დატოვა. ისინი ვარაუდობდნენ, რომ ეს დროებითი იყო, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სამუდამოდ ტოვებდნენ სამშობლოს. მაშინდელმა თაობამ და ჩვენმა ქვეყანამ 70 წლით დაკარგა თავისუფლება. თბილისის თავზე აფრიალებულმა წითელმა დროშამ ძალიან დიდი ხნით - მე ვიტყოდი, რამდენიმე საუკუნით დაგვხია უკან.

სამივეჯერ თბილისს დაათმობინეს და საქართველო დამარცხდა. სამივეჯერ ან დამოუკიდებლობა დავკარგეთ ან სამოქალაქო ომის მორევში აღმოვჩნდით.

მე არ ვამტყუნებ არც ერთ ჩემს წინამორბედ პრეზიდენტს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მათ დროს საქართველოს ძალიან ბევრი პრობლემა ჰქონდა, არ გაგვაჩნდა თავდაცვის სისტემა და არ გაგვაჩნდა არანაირი საერთაშორისო მხარდაჭერა.

თუ პირველი დამოუკიდებლობის დროს საქართველოს ასე თუ ისე ჰყავდა მაღალი კვალიფიკაციის მქონე ქართველი ოფიცრები: გენერალი მაზნიაშვილი, გენერალი კვინიკაძე და ბევრი სხვა, რომელთაც სამხედრო განათლება მეფის რუსეთის არმიაში ჰქონდათ მიღებული და საბჭოთა ოკუპაციის დროს დიდი გმირობით გამოიჩინეს თავი ქვეყნის დასაცავად ბრძოლებში, მეორე დამოუკიდებლობას საქართველო საერთოდ კვალიფიციური ოფიცრების გარეშე შეხვდა, რადგან იმპერიამ იმაზეც იზრუნა, რომ ქართველ ერს თავდაცვის უნარი საერთოდ არ ჰქონოდა. ეს განსაკუთრებით მძიმედ აისახა ჩვენს ისტორიაზე მეორე დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე, როდესაც ზვიად გამსახურდია იძულებული იყო თავდაცვის სისტემა არაპროფესიონალებისათვის ჩაებარებინა, რომელნიც შემდეგ თავად იქცნენ ქვეყნის მთავარ საფრთხედ.

მე, როგორც საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გასულ ზაფხულს ასევე აღმოვჩნდი უმძიმესი არჩევანის წინაშე და მივიღე გადაწყვეტილება, არ დაგვეთმო, წინააღმდეგობა მანამ გაგვეწია, სანამ ეს შესაძლებელი იქნებოდა და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე გვებრძოლა საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად.

ეს გადაწყვეტილება არ იყო არც ჩემი სურვილი და არც ჩემი არჩევანი, ეს იყო ჩემი, როგორც პრეზიდენტის ვალდებულება ქვეყნისა და ხალხის წინაშე.

სწორი იყო ეს თუ არა, ამას ისტორია შეაფასებს, მაგრამ მე არც მთავრობა ჩავაბარე მტერს, არც ბაზების განთავსებაზე მოვუწერე ხელი, არც ქართული არმიის გაუქმებაზე გავეცი განკარგულება (პირიქით, შევინარჩუნეთ და გავაძლერებთ კიდეც მას) და არც თბილისი დავტოვე, იმის მიუხედავად, რომ ბევრი შემოთავაზება მქონდა და პირდაპირ ახდენდნენ ზემოქმედებას ამ მიმართულებით.

რა წავაგეთ და რა მოვიგეთ ამასაც ისტორია შეაფასებს, თუმცა უკვე დღეს დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობა, თბილისის თავზე ქართული დროშა ფრიალებს, სახელმწიფო ფუნქციონირებს და ქართველები ერთმანეთს არ ესვრიან.

რა თქმა უნდა, ამ ომით ბევრი რამ დავკარგეთ - დროებით, მაგრამ ოკუპანტებმა წაგვართვეს ზემო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთის ის ნაწილები, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებდით, წაგვართვეს სიმშვიდე და გარემო სტაბილური განვითარების გასაგრძელებლად, რაც მთავარია წაგვართვეს 170 გმირი ჯარისკაცის, 14 სამაგალითო პოლიციელის და 228 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე, ათობით ათასი ჩვენი მოქალაქე დატოვეს უსახლკაროდ.

თუმცა მათ ვერ გათელეს ჩვენი თავისუფლების სიყვარული, ვერ წაგვართვეს ჩვენი მთავარი ფასეულობა - ჩვენი დამოუკიდებლობა; ვერ შეარყიეს ეროვნული სიმტკიცე - მრავალეროვნული საქართველო ჩადგა უპრეცენდენტო ცოცხალ ჯაჭვში - ამას დიდი ხელოვნება სჭირდება და ეს ბევრ ერს არ შეუძლია; თბილისელებმა მიტინგი მოაწყეს დაბომბვის პირდაპირი მუქარის მიუხედავად; ვერ გატეხეს ჩვენი ჯარი, რომელიც ძალთა უთანასწორობისა მიუხედავად, გმირულად იბრძოდა სამშობლოს დასაცავად, დაამარცხა 58-ე მთავარი ჩრდილოკავკასიური არმია, მოიგერია პირველი დიდი შემოტევა და ვიდრე ამ შეტევის მთავარი ინიციატორი პუტინი არ ჩამოვიდა ვლადიკავკაზში და მათი მთელი საბრძოლო ძალების 90 პროცენტი არ შემოასია საქართველოს, მათ, პრაქტიკულად, ვერ მოახერხეს წინსვლა. რომ არა ჩვენი ჯარი, ისინი გააგრძელებენ სვლას ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის ასაღებად - ამის დამადატურებელი ყველა მასალა და საბუთი გვაქვს.

მათ ეს ვერ შეძლეს, რადგან პატარა საქართველოს მთელი მსოფლიო ამოუდგა მხარში; ვერ შეაჩერეს ჩვენი ქვეყნის სვლა დემოკრატიული ცივილიზაციისაკენ.

არასდროს დამავიწყდება და ალბათ თქვენც გახსოვთ, რომ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოითხოვა მისთვის კარავი დაგვედგა და დაბანაკებულიყო იმ ხიდზე, რომლის დაბომბვის განზრახვის შესახებ წინა დღით საჯაროდ გამოაცხადეს რუსებმა. იგი ჩვენი მეგობარი ქვეყნის, ევროკავშირის წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრია, რომელმაც განაცხადა: "ყველამ უნდა ნახოს, რომ ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მზადაა თავი შეუშვიროს რუსულ ბომბებს".

ალბათ არასდროს დაგვავიწყდება და არც უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმ პირობებში, როდესაც რუსულმა "მიგებმა" საქართველოს საჰაერო სივრცე გადაკეტეს, ნებისმიერი თვითმფრინავის, მათ შორის ევროპის სახელმწიფოთა ლიდერების თვითმფრინავის ჩამოგდებითაც იმუქრებოდნენ, 5 ევროპელი ლიდერი მაინც ჩამოვიდა საქართველოში და ჩვენთან ერთად იყო დაბომბვის მუქარის მიუხედავად. ისინი დადგნენ იქ, სადაც ასობით ათასი ადამიანი იყო შეკრებილი მიტინგზე, ჩაგვკიდეს ხელი და ჩვენს დასაცავად იმ პირობებში დადგნენ, როდესაც საქართველოს დედაქალაქს მომდგარი იყო მტერი. მაშინ თბილისი ერთ მუშტად შეიკრა.

ჩვენმა მტრებმა ვერ გააჩაღეს სამოქალაქო დაპირისპირება ქართველებს შორის, რისი იმედიც ჰქონდათ და როგორც ეს ყოველთვის ხდებოდა ადრე.

ჩვენ წავიფორხილეთ, მაგრამ ისევ ფეხზე ვართ და აუცილებლად გავაგრძელებთ წინსვლას, რადგან 1921 და 1990-იანი წლებისაგან განსხვავებით, დღეს საქართველო მარტო აღარ არის, დღეს ჩვენს გვერდით მთელი ცივილიზებული, მთელი დემოკრატიული სამყარო დგას.

გავაგრძელებთ წინსვლას, რადგა ძველი დროებისაგან განსხვავებით, დღეს ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი - ეს ნატო-ს მთავარ დოკუმენტებში წერია; ჩვენ გვყავს ბევრი მეგობარი, საქართველოში მშვიდობის დასაცავად პატრულირებენ ევროპელი მონიტორები და საერთაშორისო ორგანიზაციები; მსოფლიოსათვის სულერთი აღარ არის ის, თუ რა მოხდება ჩვენს თავს.

გავაგრძელებთ წინსვლას, რადგან ჩვენ მივაღწიეთ სტრატეგიული პარტნიორობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და იმ ქარტიით, რომელიც ვაშინგტონსა და თბილისს შორის ჯერ კიდევ ძველი ადმინისტრაციის პერიოდში გაფორმდა, ჩვენმა ქვეყანამ სრულიად ახალი ადგილი და სტატუსი მოიპოვა საერთაშორისო სისტემაში, რაც აქამდე არასდრო არ გაგვაჩნდა. ამ სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველზე, რამდენიმე დღის წინათ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის თავდაცვის მინისტრმა გეითსმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ ამერიკა დაეხმარება საქართველოს ამერიკული სტანდარტის ქართული არმიის შექმნაში.

და რაც მთავარია, ჩვენ გავაგრძელებთ წინსვლას იმიტომ, რომ ძველი დროებისაგან განსხვავებით, ჩვენ ახლა უკვე სულ სხვა სიმტკიცის ერი და სახელმწიფო ვართ. ჩვენ აღარ გვემუქრება ქაოსი და არეულობა, ჩვენ ვერანაირი ძალა, უცხო აგენტები, ინტრიგა და ხრიკები ვეღარ ჩაგვითრევს სამოქალაქო ომის მორევში. სახელმწიფო ფუნქციონირებს და მზად არის დაიცვას ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და საზოგადოებრივი და კონსტიტუციური წესრიგი ნებისმიერ ვითარებაში.

ჩვენ აუცილებლად მოვიკრებთ ძალას, აღვიდგენთ ენერგიას, გავიმართებით წელში და გავაგრძელებთ წინსვლას, მაგრამ ჩვენ ამოცანაა, რომ ეს გავაკეთოთ მშვიდობით, უომრად და ყოველგვარი ძალადობის გარეშე.

ჩვენი გზა არის თავისუფლებისათვის ბრძოლის გზა, მაგრამ ჩვენი მტკიცე არჩევანია, რომ ეს გზა მშვიდობით და სტაბილურობით გავიაროთ.

ამიტომ, ჩემი, როგორც პრეზიდენტის უპირველესი მოვალეობა ახლა არის მშვიდობის და სტაბილურობის დაცვა.

კონფრონტაციით და ომით ჩვენ შედეგს ვერ მივაღწევთ და მინდა, რომ ჩვენს მოწინააღმდეგესაც ესმოდეს, რომ ვერც ის მიაღწევს სისხლისღვრით და ძალადობით მიზანს.

რუსეთში დღეს შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, საქართველოს მისწრაფება მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისაკენ, ის საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელიც დღეს აქვს ჩვენს ქვეყანას გამორიცხავს აგრესიის ესკალაციის შესაძლებლობას, არარეალურს ხდის ფიქრს ძალადობის განახლებაზე.

მიუხედავად დიდი გამოწვევებისა დღეს მშვიდობა უფრო დაცულია საქართველოში ვიდრე ეს იყო რამდენიმე თვის წინათ.

ჩვენი უზენაესი მიზანი არის საქართველოს მთლიანობის, უსაფრთხოების და თავისუფლების დაცვა სტაბილურობის პირობებში. და თუ ამისათვის მზად ვართ, ბრძოლის ველზე დავხვდეთ მომხდურ მტერს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოლაპარაკების ოთახში მასთან შეხვედრა არ შეგვიძლია.

ჩვენ შევძლებთ და გვინდა მოვნახოთ პრობლემების გადალახვის პოლიტიკური გზები რუსეთთან, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი შეძლებს იხელმძღვანელოს სეართაშორისო სამართლისა და მეზობელი სახელმწიფოების პატივისცემის პრინციპებით; თუ რუსეთი შეძლებს გააცნობიეროს მისი პასუხისმგებლობა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე; თუ რუსეთი შეასრულებს ნკისრ ვალდებულებებს და ხელს აიღებს საქართველოს დაშლისა და ოკუპაციის გეგმაზე.

თუმცა არსებობს პირობები რაზეც არც ერთი ქართველი პატრიოტი, არც ერთი ქართველი პოლიტიკოსი, არც ერთი ქართული ხელისუფლება და არც ერთი ქართველი პრეზიდენტი არასოდეს არ დათანხმდება.

უწინარეს ყოვლისა, ეს არის საქართველოს ტერიოტორიული მთლიანობა, ამ საკითხზე არასოდეს საქართველოს მხრიდან კომპრომისი არ იქნება.

ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობა, არასოდეს საქართველო არ შეეგუება საოკუპაციო ჯარებს მის ტერიტორიაზე.

ეს არის არჩევანის თავისუფლება, საქართველო არასოდეს აღარ დათმობს უფლებას, რომ თავად შეეძლოს საკუთარი მომავლის არჩევა თავისი ეროვნული და არა სხვა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

ჩვენ არ გვინდა გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან - ეს ცუდი რამ არის. ჩვენი სურვილია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის იყოს ნორმალური დიპლომატიური შეტყობინება, მუშაობდნენ საელჩოები ორივე დედაქალაქში, ჩვენს ხალხებს შორის არსებულ ურთიერთობებს ეს ძალიან სჭირდება.

ჩვენ მზად ვართ, რომ გავხსნათ სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო მიმოსვლა ჩვენს ქვეყნებს შორის, მაგრამ ვერასოდეს, ვიმეორებ, ვერასოდეს ვერ შევეგუებით იმას, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ფუნქციონირებდეს რუსეთის სამი საელჩო - ერთი სოხუმში, მეორე თბილისიდან ასიოდ კილომეტრში - ცხინვალში და მასამე თბილისში, როგორც ამას ზოგიერთები გვთავაზობენ. ეს წარმოუდგენელი და შეუძლებელია რამდენადაც არ უნდა გვსურდეს დიპლომატიური ურთიერთობის განახლება.

ჩვენ მზად ვართ ვებრძოლოთ კრემლს, როდესაც ის ტანკებით გვიტევს როგორც დამპყრობელი, მაგრამ ასევე მზად ვართ, რომ ვაწარმოვოთ მასთან დიალოგი, თუ იგი მოვა არა როგორც ოკუპანტი, არამედ როგორც ცივილიზებული, თანასწორი მეზობელი. იმიტომ, რომ არავინ ქართველებზე უკეთ არ იცის მეგობრობის, კეთილმეზობლობის და თანამშრომლობის ფასი.

ჩვენ გვინდა მშვიდობა.

ქართველ ხალხს ჰაერივით სჭირდება მშვიდობა.

რუსი ხალხი, როგორც ერი და ქვეყანა, ჩვენ არასოდეს არ ჩაგვითვლია მტრად.

არავის ეგონოს ეს უბრალო პოლიტიკური განცხადება. ეს, რომ ასეა ძალიან ბევრი გარემოებიდან ჩანს:

საქართველოში, მიუხედავად ომის შედეგად გაჩენილი დიდი ტკივილისა, არც ერთ რუსი ეროვნების მოქალაქეს, აღარაფერს ვამბობ ჩვენს სისხლსა და ხორცზე აფხაზებსა და ოსებზე, არ უგვრძნია აგრესია არც ერთი ქართველისაგან. ყველა საქართველოში მცხოვრები რუსი ისეთივე საყვარელი შვილია ჩვენი ქვეყნისა, როგორც ნებისმიერი სხვა.

საქართველოს სახელმწიფოს არასოდეს არ გაურთულებია მიმოსვლა რუსეთის მოქალაქეებისთვის, პირიქით, მაშინ როდესაც ერთი მხარე სავიზო რეჟიმებს ამკაცრებდა და დეპორტაციებით იყო დაკავებული, ჩვენ ცალმხრივად გავაუქმეთ სავიზო რეჟიმი, გავხსენით საზღვრები და მომავალშიც ვიქნებით მოქალაქეთა თავისუფალი მიმოსვლის პრინციპის ერთგული.

მაშინ როდესაც ერთი მხარე ეკონომიკური ემბარგოთი იყო დაკავებული, ჩვენ მთლიანად გავხსენით ქართული ეკონომიკა რუსული ინვესტიციებისთვის. ამისთვის ოპოზიცია ზოგჯერ ჩვენ გვაკრიტიკებდა.

ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო და არის, რომ ჩვენ მივესალმებით რუსეთის ეკონომიკურ და ბიზნეს ინტერესებს საქართველოში.

ჩვენი არ ვუხსნით კარს რუსულ ტანკებს, მაგრამ ჩვენი კარი და ჩვენი გული ყოველთვის ღიაა რუსი ინვესტორებისათვის და რუსი ტურისტებისათვის.

მიხარია, რომ ომიდან რამდენიმე თვის შემდეგ მე შემხვდა ათეულობით რუსი ტურისტი საქართველოს სხვადასხვა ტურისტულ ადგილებზე. ჩემი სურვილია, რომ ბევრი რუსი ტურისტი გვესტუმროს, რადგან საქართველო მათთვის ყოველთვის გახსნილი იყო. მინდა, რომ მათ თავისივე თანამოძმეებთან მიიტანონ ის აზრი, რომ საქართველოში მათ მტრები არც ხალხში ჰყავთ და არც მთავრობაში.

არც ომამდე, არც ომის დროს და არც მის შემდეგ არც ერთ რუსულ ბიზბნესს პრობლემა არ შექმნია საქართველოში.

მაშინ, როდესაც რუსული საზღვარი მთლიანად დაკეტილია ქართული ნაწარმისათვის, არ არსებობს რუსული პროდუქციის მიმართ დისკრიმინაციის, შეზღუდვის არც ერთი შემთხვევა და მაგალითი.

ახლა ამ დიდი მსოფლიო კრიზისის ფონზეც, როდესაც ჩვენი ეკონომიკები მძიმე რყევებს განიცდიან და როდესაც რუსული ეკონომიკა პრაქტიკულად სრული კოლაფსის პირობებშია, ჩვენ ვიწვევთ საქართველოში რუს ბიზნესმენებს, რათა ისინი თავად დარწმუნდნენ, რომ ჩვენ ქვეყანაში მათ არავინ არ მოთხოვს ქრთამს, არავინ არ მოთხოვს წილს.

მახსოვს ერთ-ერთი რუსი ბიზნესმენი, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა გარკვეული ობიექტის ასაშენებლად და შეხვედრა მოითხოვა შინაგან საქმეთა მინისტრთან, გენერალურ პროკურორთან. ბოლოს ის ქალაქის მერშეხვდა, რომელსაც ჰკითხა: შს მინისტრისა და გენერალური პროკურორის წილი რამდენი იქნებაო? მას შემდეგ რაც გაიგო, რომ ისინი არც ქრთამს იღებდნენ და არც წილს ითხვდნენ აღნიშნა: ეს აქამდე ჩემი რუსი კოლეგებისგან მსმენია, მაგრამ ვერ დავიჯერე სანამ საკუთარი თვალით არ ვნახეო.

ამ მაგალითით ძალიან ვამაყობ.

ჩვენი ქვეყანა მეთხუთმეტე ადგილზეა მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივით, რუსეთი კი ას მეოცეზე და ამას ნიშნის მოგებით კი არ ვამბობ, არამედ გვინდა, რომ ყველა დაინტერესებულმა რუსმა ბიზნესმენმა ეს გამოიყენოს, როგორც საშუალება საკუთარი წარმატებისთვის.

ჩვენ ვიცით, რომ რაც უფრო მეტი ბიზნეს ინტერესი იქნება საქართველოსა და რუსეთს შორის, მით უფრო სტაბილური და დაცული იქნება ჩვენი ურთიერთობა პოლიტიკური რისკებისაგან.

ამიტომ, ჩვენ მივესალმებით ყველა ეკონომიკურ თანამშრომლობას რუსეთსა და საქართველოს შორის. ამიტომ, მივესალმებით იმას, რომ ვახერხებთ გარკვეულ თანამშრომლობას ენერგეტიკის სფეროში.

ერთადერთი ქართული პროდუქტი რომელიც დღეს შედის რუსულ ბაზარზე და შესაბამისად ასაქმებს ქართველებს საქართველოში, არის ქართული ელექტრო ენერგია.

რუსული კომპანიები, რომლებიც საქმიანობენ ქართულ ენერგო ბაზარზე მთლიანობაში ჩავარდნის გარეშე მუშაობენ და მათ არასოდეს შექმნიათ ხელოვნური ბარიერები. არც მათ მოუხდენიათ რაიმეს საბოტაჟი ყველაზე მძიმე პოლიტიკური დაძაბულობის დროსაც კი. იმიტომ, რომ ბიზნესს მაინც თავის წესები აქვს. ბიზნესი ყოველთვის თანამშრომლობაზე და სტაბილურობაზეა ორიენტირებული.

თუნდაც ამიტომ არის საჭირო თანამშრომლობა ენგურის ირგვლივ. ჩვენ მზად ვართ ეკონომიკური თანამშრომლობისათვის ყველგან სადაც ეს შესაძლებელია. იმიტომ რომ მხოლოდ ეკონომიკური განვითარება ქმნის სამუშაო ადგილებს, უწყობს ხელს მყარი მშვიდობის გარანტიების შექმნას და აახლოვებს ერთმანეთთან პოლიტიკურად დაპირისპირებულ პოზიციებს.

მშვიდობისა და ხალხის ინტერესები უფრო მაღლა დგას, ვიდრე ის პიროვნული სირთულეები, რომელთა გადალახვაც ჩვენ, პოლიტიკურ ლიდერებს გვიწევს. მე საკუთარ თავზე მაღლა ვაყენებ ჩვენი ხალხის და მშვიდობის ინტერესებს, ამასვე მოველი ჩემი რუსი კოლეგის დიმიტრი მედვედევსაგან. თუ დააკვირდებით ნახავთ, რომ ამ წლების განმავლობაში პირადად მე და საქართველოს ბევრმა სხვა ლიდერმა საოცარი შეურაცხყოფები მიიღო - ჩვენზე გადაღებულია ფილმები, დაწერილია სიმღერები... უამრავი ახალია შეკვეთილი... არასდროს არ გვიპასუხია ამაზე არც პიროვნულ დონეზე და არც საჯაროდ. როგორც არ უნდა დაგვადანაშაულონ არც ერთი პირადი შეურაცხყოფის მაგალითი არ არსებობს. რუსი ლიდერებისა და რუსეთის სახელმწიფოს ღირსებას არასდროს არ შევხებივარ არც მე და არც საქართველოს რომელიმე პასუხისმგებელი პოლიტიკოსი.

ვიდრე რუსეთი ოკუპაციისა და აგრესიის პოლიტიკით ხელმძღვანელობს, ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად განვამტკიცოთ ჩვენი საერთაშორისო კავშირები.

გავაგრძელოთ სვლა დემოკრატიული სამყაროსაკენ, გავაგრძელოთ ინტეგრაცია ევროპასთან, გავხდეთ ახალი ერთობის - ევროკავშირის აღმოსავლური პარტნიორობის ნაწილი და უფრო დავუახლოვდეთ ნატოს.

ჩვენი მიზანია, რომ კიდევ უფრო მეტად გავამყაროთ საერთაშორისო გარანტიები და ჩართულობა მშვიდობის დასაცავად; გავაგრძელოთ ჩვენი დემოკრატიული რეფორმების და ლიბერალური ეკონომიკის, გახსნილობისა და თავისუფლების კურსი.

სწორედ დიდი საერთაშორისო აქტივობა ქმნის დღეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ყველაზე მყარ გარანტიას. ამიტომ არის დღეს საქართველო უფრო მეტად დაცული კონფლიქტის ესკალაციისაგან, ვიდრე იყო ომამდე.

ჩვენი მიზანია, რომ სერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად მაქსიმალურად შევამციროთ საფრთხეები და ამას ჯერ-ჯერობით წარმატებით ვახერხებთ.

ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ეკონომიკის და ბიზნეს გარემოს მონიტორინგის მსოფლიოში ყველაზე გავლენიანმა ორგანიზაციამ "სტანდარდ ენდ პუარსმა", რომელიც ბიზნესისათვის პოლიტიკური რისკების შეფასებას აკეთებს, საქართველოსთან მიმართებაში ბოლო თვეების განმავლობაში რისკების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბლა დაწია. ეს იმ პირობებში მოხდა, როდესაც რუსეთს რისკები აუწია ძალიან მაღლა, სამწუხაროდ, უკრაინა ორი საფეხურით დაადაბლა და კიდევ უფრო აწია მაჩვენებელი რისკების თვალსაზრისით. საქართველოც და რუსეთიც ამ მაჩვენებლის მიხედვით წარსულში ჩვენზე წინ იყო, ახლა, ამ ომის შემდეგ საქართველოს განუმტკიცდა პოზიციები. ეს ინვესტიციები ჩადებისთვის მნიშვნელოვანი "პასპორტია".

გარდა ამისა, ჩვენი მთავარი ზრუნვის საგანი დღეს, რა თქმა უნდა, არის ეკონომიკა. ჩვენი ძირითადი ამოცანაა გავუძლოთ მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს, გადავარჩინოთ სამუშაო ადგილები, შევქმნათ მეტი საშუალებები ხალხის დასასაქმებლად; შევინარჩუნოთ საბიუჯეტო სტაბილურობა ისე, რომ შესრულდეს ყველა სოციალური ვალდებულება, რომელიც სახელმწიფოს აქვს აღებული ხალხის წინაშე; ყველა ეს ვალდებულება უკლებლივ უნდა შევასრულოთ. ახლაც და მომავალშიც ხელფასები და პენსიები უნდა გაიცეს დროულად, პუნქტუალურად და ყოველგვარი დაგვიანების გარეშე; უნდა გაგრძელდეს ეკონომიკის სტიმულირების და ხალხის დასაქმების ჩვენი პროგრამები.

ეს არ იქნება ადვილი. ამისათვის, უპირველესად, საჭიროა სტაბილურობა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი საზოგადოების ერთიანობა.

დღეს მსოფლიო დიდი ეკონომიკურ შტორმში იმყოფება. ჩვენი ქვეყანა კი პატარა ნავითაა, რომელითაც ამ ღელვას უნდა გავუძლოთ. ეს ღელვა ჩვენ გვარყევს და უდავოა, რომ თავს არაკომფორტულად ვგრძნობთ. უნდა მოვახერხოთ, რომ შევინარჩუნოთ წონასწორობა უზარმაზარ ტალღებზე და უსაფრთხოდ ავუაროთ გვერდი დიდ გემებს, რომელთაც თავად დაკარგული აქვთ მართვა. განსაკუთრებით კი ჩრდილოეთით ერთ დიდ გემს უნდა ვერიდოთ, რომელიც ჩვენთან ახლოს იძირება და ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ჩვენც თან არ ჩაგვითრიოს.

ჯერ ჩვენ ამ შტორმის შუაგულში არ ვართ, ექსპერტების ვარაუდით, მსოფლიო კრიზისი პიკს შემოდგომით მიაღწევს. ამიტომ ახლა ჩვენ უნდა ვისწავლოთ ყველამ ერთად ამ ჩვენი პატარა ნავის მართვა, გავამაგროთ კედლები და ყველამ ერთად, ერთიანი ძალებით უნდა მოვუსვათ ნიჩაბი. გამოვიჩინოთ დისციპლინა და მანევრირების უნარი, რაც მხოლოდ და მხოლოდ მთელი საზოგადოების ძალისხმევას და ერთობლივ მოქმედებას ეფუძნება.

თუ ჩვენ მოვინდომებთ, თუ შევინარჩუნებთ ერთიანობას და სიმტკიცეს, თუ ვიმოქმედებთ გონივრულად, ფრთხილად და გააზრებულად, თუ არ დავივიწყებთ ისტორიის გაკვეთილებს, გვემახსოვრება 1921 წლის 25 თებერვალი, 90-იანი წლები, თუ ვიფიქრებთ შენებაზე და არა ნგრევაზე, თუ ამ სირთულეებს მედგრად გადავიტანთ და თუ შევინარჩუნებთ მშვიდობისა და სტაბილური განვითარების კურსს, ჩვენ გავუძლებთ ყველანაირ შტორმს, გადავლახავთ ყველა დაბრკოლებას და გავიყვანთ ჩვენს პატარა ქვეყანას სამშვიდობოზე, სადაც თავისუფლებას, კეთილდღეობას, ტერიტორიულ მთლიანობას და უკეთეს, ევროპულ მომავალს ვეღარაფერი შეუქმნის საფრთხეს.

დიდი მადლობა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)