Google+

სიახლეები

10.04.2009
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება

გუშინ დემოკრატიამ საქართველოში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა წინ. ათასობით ხალხმა გამოავლინა თავისი დემოკრატიული უფლებები - მათ მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ გულისტკივილი გამოეხატა. ისინი ყოველგვარი ძალადობის გარეშე მოქმედებდნენ. პოლიციაც მაქსიმალური შეზღუდვით მოქმედებდა, ისე, როგორც მე ვუბრძანე.

გუშინ ჩვენ პატივი მივაგეთ მათ ხსოვნას, ვინც სიცოცხლე შესწირა საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვას. ვიმედოვნებდი რომ, ის გმირები სიამაყით აივსებოდნენ ჩვენი დემოკრატიის გამოვლენის გამო.

მსურს მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც მონაწილეობდა გუშინდელ მოვლენებში - მშვიდობიანად და კანონის მოქმედების ფარგლებში.

მშვიდობიანი დემონსტრაციით და ყოველგვარი ძალადობის გარეშე თავისუფალი მოქმედებისა და შეკრებების თავისუფლების კანონის უზრუნველყოფით, ჩვენ დავამტკიცეთ ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი დემოკრატიის სიმწიფე.

თბილისსა და დანარჩენ საქართველოში განლაგებული საერთაშორისო დამკვირვებლების მონაცემების თანახმად, ყველა ეს ბაზისური უფლებები იყო დაცული და გარანტირებული.

მსოფლიო აკვირდებოდა ამ მოვლენებს და ჩვენ ერთხელ კიდევ დავამტკიცეთ, რომ საქართველო არის ევროპული დემოკრატია, არსითა და მოქმედებით.

პოლიცია და სხვა სამთავრობო უწყებები ასევე იმსახურებენ ჩვენს მადლიერებას. იმ განსაკუთრებულმა წვრთნამ და წინასწარმა სამუშაოებმა, რაც მათ შეასრულეს ნაყოფი გამოიღო.

ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გუშინ იყო გამჭვირვალობა. შინაგან საქმეთა სამინისტრო გასული კვირების განმავლობაში აწვდიდა ინფორმაციას უცხოეთის ქვეყნების მთავრობებს და მედიას საკუთარი გეგმების შესახებ მოქალაქეთა და მათი მოქალაქეობრივი თავისუფლების დაცვის თვალსაზრისით. ეს მოქმედება აჩვენებს ჩვენი სახელმწიფოს ინსტიტუციონალურ ფუნქციონირებას.

ხელისუფლებამ გადადგა ერთი განსაკუთრებული ნაბიჯი, მოიწვია უცხოური საელჩოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ ცენტრში. მათ ჰქონდათ საშუალება დაენახათ დროის რეალურ მონაკვეთში ხალხის ჯგუფი და ოფიციალური პირების მიერ სიტუაციის მართვა.

ეს სრული გამჭვირვალობა მნიშვნელოვანი იყო ჭორების გაფანტვისა და დაძაბულობის მოხსნისათვის. როდესაც გაჩნდა ანგარიშები იმის თაობაზე, რომ ოპოზიციის აქტივისტები დააკავეს და თბილისისკენ მომავალი გზები ბლოკირებული იყო, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებმა სწრაფად შეძლეს ამ ბრალდებების გაფანტვა.

გუშინ საქართველოს მოსახლობის ნაწილმა აღიმაღლა ხმა. ერი უსმენდა, ვუსმენდი მეც.

ამიტომ მსურს მათ ვუპასუხო, მსურს ვაჩვენო, რომ ჩვენი შეთავაზება დიალოგის თაობაზე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, ეკონომიური გამოწვევების და ჩვენი უსაფრთხოების პრობლემების თაობაზე რეალურია და ღრმა; და რომ ეს შეთავაზება საზოგადოების ყველა ფენას და ყველა პარტიას თანაბრად ეხება მათი სიდიდის ან პოლიტიკური მრწამსის მიუხედავად.

ერთადერთი გზა არსებობს, რომელიც წინ წაგვწევს - ეს გახლავთ გამოწვევების და საჭიროებების შესახებ ერთად მსჯელობა. მსურს ვაღიარო, რომ ეს არ არის ადვილი პროცესი - უფრო ადვილია ულტიმატუმების წაყენება - მაგრამ მე და ჩემი მთავრობა მზად გახლავართ ამისთვის. დღეს ერთხელ კიდევ ვიწვევ ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს შემოგვიერთდნენ ამ პროცესში.

დიალოგი დემოკრატიაზე, რომელსაც მე გთავაზობთ, რეალურ, დემოკრატიულ შედეგებამდე მიგვიყვანს. მხედველობაში მაქვს რეალური დისკუსია საარჩევნო კოდექსის რეფორმის შესახებ; მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანის თაობაზე კონსტიტუციაში, რაც გააძლიერებს პარლამენტს; ინსტიტუციონალური რეფორმების განხორციელების შესახებ თვითმმართველობაში; თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევის ჩათვლით.

ამავე დროს ვიცი, რომ ზოგიერთი გააგრძელებს დემონსტრაციებს დღესაც. ამიტომაც მოვუწოდებ ყველა დემონსტრანტს და შესაბამის სამთავრობო უწყებებს, იმოქმედონ ისეთივე სიმშვიდით, პატივისცემით და მშვიდობიანი მიდგომით, როგორც ეს იყო გუშინ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)