საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა ტოქ-შოუ-ს ”პოზიცია” შეკითხვებს
ჟურნალისტი: "თქვენ დათანმხდით ჩემს გადაცემაში მონაწილეობას მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია"ბი-ბი-სი"-ის, შემდეგ კი, ტელეკომპანია "რუსთავი -2"-ის ეთერში გავიდა ფილმი, "გაუნათებელი სინათლე".
რატომ განაპირობა სწორედ ამ ფილმმა გადაცემაში მონაწილეობის თანხმობა?
მიხეილ სააკაშვილი: "ეს არის ფილმი ენერგომაფიაზე, საცად 45 წუთში წარმოდგენილია მაშინდელი საქართველოს ძალიან მძიმე და ბნელი რეალობა.
ამ ფილმში ცვლილებების ბევრი მომენტი დავინახე - პირველ რიგში ხალხი შეიცვალა და დღეს სხვანაირად გამოიყურება, ვიდრე მაშინ. გარეგნულად ქვეყანაც გამოიცვალა.
მაშინ, ერთ-ერთი შოუმენი ასეთ სიმღერას მღეროდა - "ქვეყანაშია ფერები მუქი", საქართველოში მართლაც შავ-თეთრი იყო ყველაფერი.
მახსოვს ქუჩების მარჯვნივ, მარცხნივ, მთავარ ტრასაზე, გარდა იმისა, რომ გზები არ ვარგოდა, იყო უამრავი ნანგრევები.
ეს ყველაფერი შეიცვალა, მაგრამ მხოლოდ გარეგნულად.
ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში მთავარი ექსპორტი იყო ჯართი და უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე.
1992-დან 2003 წლამდე, საქართველოში სიკვდილიანობა მეტი იყო, ვიდრე შობადობა, 2003 წლიდან კი - პირიქით.
1992-დან 2003 წლამდე ქვეყნიდან გადიოდა უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე შემოდიოდა, 2003 წლიდან კი -პირიქით.
2006-2007 წელს 100 ათასზე მეტი ადამიანი დაბრუნდა საქართველოში.
მთლიანად შეიცვალა ცხოვრების წესი, შეიქმნა ქართული სახელმწიფო.
500 წელი კავკასიაში არ არსებობდა სახელმწიფო.
გურამ რჩეულიშვილმა თქვა, რომ მთავარი მგზნებარება შენების პროცესშია და არა აშენებულით ტკბობაში.
ჩვენ კი შევქმენით სახელმწიფო, მაგრამ ეს არის სახელმწიფო, სადაც უამრავი გაჭირვებულია, სადაც უამრავი პრობლემაა.
ეს არის სახელმწიფო, რომლის დიდი ნაწილიც ოკუპირებულია. რომელსაც უდგას ეგზიზსტენციური პრობლემები, მაგრამ მთავარი ჩვენ უკვე შევქმენით და ჩვენი მთავარი გამოწვევა ამის გაფრთხილებაა.
უნდა გვესმოდეს, რომ უკან დაბრუნება ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე ეს წარმოგვიდგენია.
ჩვენ ძვალ-რბილში გვქონდა გამჯდარი უკანონობა, ქაოსი, ინსტიქტი. გვქონდა თვითგანადგურების ინსტიქტი და ამით ყოველთვის კარგად სარგებლობდა ყველა.
ამ ხალხის უმეტესობა დღეს ცოცხალია, მათ აქვთ ძალიან დიდი ფული, მათი ნაწილი რუსეთშია გადახვეწილი, რაღაც ნაწილი აქ არის დარჩენილი. ეს ხალხი იმ დროში დაბრუნებაზე ოცნებობს.
მაშინ ჩვენ გვქონდა უმწეობის განცდა.
სულ მახსენდება ნიკა ლომინაძის მაგალითი - ის იყო ახალგაზრდა იდეალისტი, ეკონომისტი, რომელმაც უნივერსისტეტი ამერიკაში დაამთავრა, ჰქონდა საშუალება იქ ჰქონოდა მაღალი ხელფასი, თუმცა ჩამოვიდა აქ და გახდა "თელასის"ფინანსური დირექტორი.
ის მაშინდელი მთავრობის წევრების დახმრებით და გავლენიანი პირის დაკვეთით მოკლეს.
მაშინ მე იუსტიციის მინისტრი ვიყავი. მისი დედა კი ასწავლიდა თბილისის 62-ე სკოლაში.
მე ვნახე ეს ქალი, მასწავლებლებმა მითხრეს, რომ მას სურვილი ჰონდა მისი შვილის მკვლელების პოვნის. მე ამის საშუალება მაშინ არ მქონდა.
ჩვენი მთვარობის მოსვლის შემდეგ, მკველი დააკავეს, ატყდა ერთი ამბავი, რომ ეს იყო პოლიტიკური დევნა.
კითხვა: ორი თვეა არ წყდება აქციები. ისმის თქვენი კრიტიკა. როგორ ხედავთ ამ პროცესების დასასრულს? როდემდე გაუძლებს ამ რეჟიმს ქვეყანა?
მიხეილ სააკაშვილი : ყველა ქვეყანაში ადამიანები გამოხატავენ პროტესტს. როცა 5 წელი მთავრობაში ხარ, არ შეიძლება არ დაგიგროვდეს პრობლემები - ეს ბუნებრივია.
ადამიანები, რომლებიც მოდიან ავტორიტარული წარსულიდან, ყველაფერზე მთვრობას აკისრებენ პასუხისმგებლობას .
გუშინ ტელევიზიით მოვისმინე ქალბატონი საუბრობდა მგლების შემოსევის თაობაზე, რომელსაც მე მაბრალებდა.
ჩვენ სიღარიბე შევამცირეთ ორჯერ და მეტჯერ.
ადამიანები, რომელებიც მთელი ეს წლები უმუშევრები იყვნენ, ან დაკარგეს სამსახური, რა თქმა უნდა გაბრაზებულები იქნებიან პირველ რიგში პრეზიდენტზე. მე მათი კარგად მესმის.
მეორე მხრივ, არის პოლიტიკოსთა ჯგუფი, რომელიც პოლიტიკურ ლიდერს უწოდებს თავს და რომლებიც ღიად უჭერენ ამას მხარს.
აქციას ყოველთვის აქვს რაღაც მიზანი.
ვიღაც გამოდის და ხელფასის მომატებას ითხოვს, ვიღაც მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციას აწყობს, მაგრამ ეს პოზიციის გამოხატვაა.
აქციას აწყობენ იმისათვის, რომ მთავრობამ გაიგოს მათი პოზიცია და შემდეგ თავისი დასკვნები გააკეთოს - ეს მთავრობის გაფრთხილებაა.
როდესაც აქციის თვითმიზანი ცხოვრების გართულება ხდება - ჩვენ ვნახეთ ლოზუნგები"მკვდარი ქალაქი", "პარალიზებული ეკონომიკა", აღარ ჩამოვუშვათ უცხოელები, გადავკეტოთ აეროპორტი, დავბლოკოთ რკინიგზა.
ეს ყველაფერი ჩვენ 90-იან წლებში გვინახავს, ეს ცუდი საქმეა.
1991 წელს ზვიად ძიძიგურმა სამტრედიაში რკინიგზა გადაკეტა და თქვა, რომ რუსეთს ვუცხადებ ბლოკადასო.
თავის მეგორბებთან ერთად მას დღესაც უნდოდა რკინიგზის გადაკეტვა, მაგრამ მან ეს ვეღარ შეძლო იმიტომ, რომ დღეს 1991 წელი აღარ არის.
ვერანაირი კამერული აქციები,ვერ აიძულებს მთავრობას გადადგეს ყველაზე კრიტიკულ მომენტში და ვერც ქვეყანას ვერ მოშლის.
ჟურნალისტი: თქვენი ოპონენტები ყოველთვის საუბრობენ იმის თაობაზე, რომ თქვენ გაქვთ რადიკალურად განსხვავებული ხედვა, არ აღიარებთ პოლიტიკურბ კრიზისს, თქვენთან შეხვედრის შემდეგ აცხადებდნენ, რომ არსებობს ორი საქართველო. რატომ არის ასეთი რადიკალური ხედვა?
მიხეილ სააკაშვილი: "ჩემსა და ოპოზიციას შორის ფუნდამეტური განსხვავებებია შეხედულებებსა, განწყობებსა და ქმედებებში.
ვერ დავეთანხმები რადიკალების ლიდერებს, როდესაც ისინი ამბობენ, რომ საქართველომ წააგო ომი, დაკარგა ტერიტორიები და ეს არის უიმედო ბრძოლა.
მიმაჩნია, რომ ჩვენ არაფერი არ წაგვიგია, ჩვენ გადავარჩინეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა.
რა თქმა უნდა საბოლოოდ არ მოგვიგია, იმიტომ რომ ჩვენი მოგება იქნება ჩვენი საზღვრების აღდგენის შემდეგ.
ეს არის ბრძოლა ქართული სახელმწიფოს გადასარჩენად და ფეხზე დასადგომად.
ეს არის ბრძოლა, ჩვენი ეკონომიკის განსამტკიცებლად.
ეს არის ბრძოლა დიპლომატიური გამარჯვებებისაკენ.
ეს არის ბრძოლა ერთიანობის შესანარჩუნებლად.
ისინი ამბობდნენ, რომ საქართველოს არაფერი ეშველება, იყო სრული უიმედობა და იმედგაცრუება.
ჩვენი ხალხის უსაზღვრო რწმენა მაძლევს იმის საფუძველს, რომ იმედიანად ვუყურო მომავალს.
მათ მიაჩნიათ, რომ ხალხი ბრმა იარაღი და ბრბოა.
მიმაჩნია, რომ ჩვენ გვყავს ჩამოყალიბებული, ბრძენი, გონიერი, ძალიან საღად მოაზროვნე საზოგადოება.
ეს საზოგადოება მზად არის გაუძლოს გამოწვევებს.
მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოში კრიმინალთან ბრძოლა ეწინააღმდეგება ქართულ მენტალიტეტს.
მახსოვს ამბობდნენ, სტალინმა ვერ ამოძირკვა კანონიერი ქურდები და ახლა სააკაშვილს სურს ამის გაკეთებაო.
ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ქართველები პატიოსანი, მშრომელი და ნიჭიერი ხალხია.
მიმაჩნია, რომ ეს ბრძოლა უნდა გაგრძელდეს.
მათ მიაჩნიათ, რომ პოლიტიკურ ბრძოლაში ყველა მეთოდი დასაშვებია,
მათ შორის, მუდმივი ტყუილების თქმა, სიძულვილის თესვა.
მიმაჩნია, რომ რაც არ უნდა ტალახი გვესროლონ და სიძულვილი თესონ, ჩვენ მათ მტკიცე სიმშვიდით უნდა ვუპასუხოთ.
მათ მიაჩნიათ, რომ ევროპული ცივილიზაცია ეწინააღმდეგება ქართულ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომელიც ხშირად ერევათ კომუნისტების დროს დანერგილ კორუფციასთან და სხვა მავნე ჩვევებთან, ეს არ არის ორი საქართველო, ეს ერთი ქვეყანაა.
როგორც არ უნდა განვსხვავდებოდეთ ერთმანეთისგან ჩვენი შეხედულებებით, არაფერი ისეთი არ უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყანა დავაზარალოთ.
ჟურნალისტი: ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ვნახეთ ადამიანები, რომლებმაც 9 აპრილს, 26 მაისს გამოხატეს პროტესტი. თქვენ როგორც პრეზიდენტს, რა გაჩვენათ ამ დღეებმა? რა დგას ამ პროტესტის უკან - ხელისუფლების შეცდომები, რუსული კვალი თუ რაიმე სხვა მიზეზს დაასახელებდით?
მიხეილ სააკაშვილი: "მე კარგად მოვისმინე ის, რაც მოსასმენი იყო და კარგად დავინახე ის, რაც დასანახი იყო.
მე ამ ხალხის აზრს დიდ ანგარიშს უწევ. ვიცი, დრეს ეს ხალხი დიდ გაჭირვებაშია.
ომის შემდეგ დაგვარტყა პირველმა ტალღამ, შემდეგ ეს ყველაფერი მსოფლიო კრიზისმა გააღრმავა, ამ აქციებმა კი, ლახვარი ჩასცა ეკონომიკის განვითარების და ადამიანების წინსვლის პერსპექტივას.
კანონის უზენაესობა ლამაზი სიტყვაა, თუმცა ბევრი ადამიანისთვის დისკომფორტს ქმნის.
ადრე კანონის დარღვევა ხშირად ხდებოდა, დღეს ასე აღარ არის.
მე მყავს ნაცნობი, რომელიც სრულიად უაზრო დაწესებულებაში მუშაობდა და თვეში ჰქონდა 40 თასი დოლარი მარცხენა შემოსავალი.
ეს სისტემა ჩვენ მთლიანად გავაუქმეთ.
რა თქმა უნდა ის დადის ყველა მიტინგზე, მან დაკარგა ფული და ის იქნება უკმაყოფილო.
ბევრ მათგანს გამოყვა ფული, ბევრი მათგანი მიტინგებზე მაინც ბოლო მოდელის ჯიპებით დადის.
ამ ხალხსაც უნდა ვუსმინოთ და საერთო საქმეებზეც უნდა ვიფიქროთ.
როცა ისმის გამონათქვამები - ყველა უცხოელი ელჩი ფლიდია, გარეწარია, ჯონ ტეფტს ხელები აქვს გათხვრილი სისხლში, რომ მძინარე ქალაქ ცხინვალს საქართველო თავს დაესხა, ამავე დროს, ერთ-ერთი მათგანი რუსეთის საელჩოს დაზვერვის უფროსს ეძახის მაესტროს და თავის მეგობარს. ვის ინტერესებს გამოხატავენ ეს ადამიანები ?
მედვედევმა თქვა, რომ ჩვენ გვინდა საქართველოში ისეთი ხელისუფლება, რომელიც ერთის მხრივ უარს იტყვის სამუდამოდ დამოუკიდებლობაზე და სცნობს ოკუპირებულ ტერიტორიებს როგორც დამოუკიდებელ ქვეყნებს.
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ აქ დიდი პოლიიკაა და ისინი თავიანთი მიზნების შესასრულებლად უკან არაფერზე არ დაიხევენ.
ჩვენი დაცვა არის დემოკრატიაში, გახსნილობაში და თავისუფლებაში, ჩვენი ხალხის ერთიანობაში.
შარშან, როდესაც რუსეთმა დაგვიწყო დაბომბვა, ჩვენმა ხალხმა აჩვენა წარმოუდგენელი გმირობის მაგალითი.
ჩვენი ხალხი ამ ინტერესებსაც გაფილტრავს და გაარჩევს.
ჟურნალისტი : აქციების ფონზე სულ არის საუბარი ორმხრივ ძალადობებზე. რას იტყვით იმაზე, რომ არის დაკავებების ფაქტებზე ბევრი საუბარი. რას იტყვით ამის თაპობაზე?
მიხეილ სააკაშვილი: " ჩვენს რადიკალურ ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ახლა საქართველოში მეტი უსამართლობაა, ვიდრე ხუთი წლის წინ.
ადრე ყოველ ნაბიჯზე ინსპექტორი გვართმევდა ქრთამს, ხალხი ყოველ კვირა ცვიოდა შსს-ს მე-6 და მე-7 სართულიდან, იპარავდნენ მანქანებს და პატრონები კანონიერი ქურდების მეშვეობით იბრუნებდნენ საკუთრებას.
ყველა დემოკრატიულ საზოგადოებაში მხოლოდ ერთადერთ ორგანოს აქვს ძალის გამოყენების მონოპოლია, ეს არის პოლიცია.
როდესაც ამბობენ, რომ ჩვენ მშვიდობიანი აქცია გვაქვს, დეპუტატებს არ ვუშვებთ პარლამენტში, რკინიგზას ვკეტავთ, მაგრამ როცა წვები რელსებზე, ეს უკვე პირდაპირი დანაშაულია. არაფერი მშვიდობიანი ამ აქციებში არ არის.
როდესაც პოლიციელს ზურგში დანას ურტყავ, ეს არის პირდაპირ ძალადობა.
ისინი აცხადებენ, რომ პოლიცია თავს დაესხა დამნაშავეს სახლში, რას ნიშნავს პოლიცია დაესხა თავს?
პოლიცია მივიდა კრიმინალის სახლში, ეს თავდასხმა კი არ არის, ეს არის დამნაშავის დაპატიმრება და კანონიერი წაყვანა.
რამდენიმე დღის წინ კანცელარიასთან მოხდა შეტაკება სრულიად უკანონოდ მჯდომ ადამიანებთან, მაგრამ კანონის განხორციელება არ არის მოქალქის პრეროგატივა, ამიტომ ეს ადამიანები იქნენ დაკავებულნი.
იქ მანქანა დაეჯახა ვიღაცას, მართლა გაუბედურებულ ქალბატონებს, გულის ამრევი იყო და კიდევ კარგი, რომ ის დაიჭირეს.
ადრე თუ გვიან, ჩვენ ყველაფერს ვიძიებთ, დანაშაულზე ყველა აგებს პასუხს.
როცა პარლამენტზე იყო შეტევები, პარლამენტის შიგნით არის განლაგებული სპეციალური დანიშნულების რაზმი.
ეს ხალხი უნდა გამოიცვალოს ერთ საათში ერთხელ.
მაგალითად ერთი სპეცრაზმელი კედელს მიეყუდა პარლამენტის შიგნით და ხელს ურტყამდა კედელს გამწარებისგან, რადგან ბევრი გინება მოისმინა ერთი საათის განმავლობაში.
მეორემ ნაგვის ყუთი აიღო და დააგდო.
როცა პოლიციის სამმართვლოსთან მიდის ორი ეჭვმიტანილი და მეგაფონებით პოლიციელებს, რომლებიც ღამე მოიხსნენ ახალგორის სმენიდან და ეძახიან კრიმინალებს, არ უნდა გაუკვირდეთ,
რომ ორთვიანი კრიმინალების ძახილის პირობებში, ამ ხალხს მოუვიდეს ზედმეტი.
ეს მოხდებოდა აქაც და ნებისმიერ სხვა ქვეყანაშიც.
თუ არ გვინდა, რომ პოლიცია არ იყოს პოლიტიზირებული, მუდმივად არ უნდა გაემიჯნო მათ.
ჟურნალისტი: თქვენ ოპოზიციის ლიდერებს შესთავაზეთ პოსტები ძალოვან უწყებაში. სალომე ზურაბაშვილი იყო ერთ-ერთი, რომელიც დათანხმდა ამას, თუმცა დღემდე არ დაუკავებია ეს თანამდებობა. თუ აპირებთ რაიმე ახალი შეთავაზოთ მათ?
მიხეილ სააკაშვილი: "ჩვენი დიალოგი სახუმარო თემა ნამდვილად არ იყო. მე ჩემ დანაპირებს ყოველთვის ვასრულებ, ჩვენი შეთავაზება ძალაშია -ქვეყნის ბედზე ერთად გავიზიაროთ პასუხისმგებლობა.
ყველამ კარგად იცის, როგორ გადაფარებული ვიყავით ჩვენ ოსებზე და ამორალურია ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ დავიწყეთ ომი.
ამას წინათ , საფრანგეთის რადიოთი ერთი მოღვაწე გამოდიოდა ,რომელმაც
მოუწოდა მსოფლიოს საქართველო სააკაშვილისგან გაეთავისუფლებინათ.
ეს მოწოდება კონკრეტულია, მან ის კი არ თქვა, რომ მოგიწოდებთ გაათავისუფლეთ რუსი ტანკებისგან საქართველოო, არამედ გაათავისუფლეთ სააკაშვილისგანო, თან ეს მოუწოდა მთელ მსოფლიოს.
კონკრეტულად ეს ითარგმნება ასე - მოდი რუსეთო გაგვათავისუფლე.
დავით მირცხულავა, რომელიც ამ ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირია,150 ლარიანი მინისტრი იყო, რომელმაც გაანადგურა ჩვენი ენერგეტიკა,
ფილმში ის ამბობდა, რომ არაფერი არ მოხდება იმით, თუ რუსები შემოვლენ, ორი კვირა ივლიან აქეთ-იქით და წავლენ.
ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ უნდა ვუყურებდეთ ერთმანეთს, როგორც მტრები ჭუჭრუტანაში.
საბოლოო ჯამში მთავრობის გადანაწილებისათვის მოხდება არჩევნები.
მე ვიყავი ოპოზიციაში, მაგრამ ჩემს მეგობარს უკვე ჰქონდა გამოცდილება.
როდესაც მოდის ადამიანი და არც ერთ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია, როცა ხალხს არ უნახავს შენ რა შეგიძლია, ეს პრობლემაა.
მე ოთხჯერ თუ ხუთჯერ ვიყავი არჩეული პარლამენტში.
ჩვენი შეთავაზება არ უნდა იქნას გაგებული ისე, რომ შენ დილას იქნები შსს-ს მინისტრის მოადგილე და გარეთ გააგრძელებ აქციებს, ქვების სროლას, პოლიციელებისთვის კრიმინალების ძახილს.
შიგნით შემოიპარო და იქიდან კარების გაღებას ეცადო, შიგნიდან ახდენდე დესტაბილიზაციას, ასე არ გამოვა.
ჩვენ ვართ მზად სერიოზულობისათვის.
მათი მოთხოვნა ხშირი ტემპით იცვლება, ვლაპარაკობ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილზე.
ამას გარდა, არსებობს ძირითადი ოპოზიცია, რომელიც არის პარლამენტში, და ყველაზე უფრო მტკივნეულ წერტილებზე გვირტყავს, ჯანმრთელობის დაცვაზე, სოციალურ დაცვაზე, უმუშევრობის პრობლემაზე.
ჩემთვის ყველაზე უფრო მტკივნეული დარტყმები არის ის, რასაც ისინი დღეს გვიკეთებენ.
დემოკრატია გრძელვადიანი პროცესია.
ხშირად ამაზე პასუხი არ მაქვს. ხშირად მეც მაღიზიანებს, ევროპაში ყველაფერი ნელა კეთდება, მაგრამ უნდა ვისწავლოთ მოთმინება,
დემოკრატია არის პროცესი.
შეხვედრები რა თქმა უნდა იყო, პრაქტიკულად ყოველდღიური, ყველამ ერთმანეთის ტელეფონის ნომრები, მისამართები ვიცით და ვხვდებით ხშირად.
როდესაც ლევან გაჩეჩილაძე იყო ჩემთან შეხვედრაზე, მე მას ვუთხარი,
ნუ წარმოიდგენ რომ დღე და ღამე თქვენზე ვფიქრობ, ეს იყო სწორედ ის პერიოდი, როდესაც გაეროში დიდი ბრძოლა იყო ამ რეზოლუციისთვის.
ამ რეზოლუციის მიღება ჩვენთვის შემდეგი 100 წელი იქნებოდა კატასტროფა.
დილის 6 საათზე გავდიოდით გაეროში, ვმუშაობით ამ საკითხზ მე, ეკა ზღულაძე, უტიაშვილი, ბოკერია, ვაშაძე.
ჩვენი შეთავაზება ერთიანი საარჩევნო კოდექსი იყო, ასევე საკონსტიტუციო კომისიაში შესვლა, საუბარი იყო იმაზე, რომ დაგვეხვეწა საარჩევნო კოდექსი ისე, რომ ადგილობრივი არჩევნები გადმოგვეტანა გაზაფხულზე. მათ შარშან დახიეს თავიანთი მანდატები, ომი არ იყო ჯერ დაწყებული, მაგრამ ფიქრობდნენ, რომ პირველივე შანსი როგორც კი ექნებოდათ,
აეყირავებინათ ყველაფერი და უკანა კარებიდან შესულიყვნენ პარლამენტში.
ეს კულტურა, როცა მე არ ვიგებ არჩევნებს, ასეთი არჩევნები არის ყალბი, უნდა დავივიწყოთ.
ჩემსა და ლევან გაჩეჩილაძეს შორის იყო 25 თუ 26 პროცენტი განსხვავება, ძალიან დიდი პროცენტი იყო იმისათვის, რომ ეჭქვეშ დამდგარიყო პრეზიდენტის გამარჯვება.
საპარლამენტო არჩევნებზე ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა 70 პროცენტამდე - ყველა დანარჩენი იყო ბევრად ქვემოთ.
ამის გაყალბება მათემატიკურად შეუძლებელია. ეს ხალხი აირჩია საზოგადოების დიდმა ნაწილმა, თუ მათ ამის სურვილი ექნებათ, მოვუწოდებ მათ, რომ შევცვალოთ კანონი და შარშან არჩეული დეპუტატები დაბრუნდნენ საქართველოს პარლამენტში.
შემოდგომაზე არის დამატებითი არჩევნები, თუ ასე გავაგრძელებთ, ოპოზიციის ყველა ფლანგი პარლამენტში წარმოდგენილი იქნება ადეკვატურად.
ჩვენ ვსაუბრობთ მუდმივ დიალოგზე, ისინი კი ამ ყველაფერზე ხელს გვიკრავენ, რომ ეს ყველაფერი ეშმაკისაა.
მიუხედავად იმისა, რადიკალური ოპოზიციის ნაწილი შემოვა თუ არ შემოვა დიალოგში, ქვეყნის მატარებელი ამით არ გაჩერდება.
ჩვენ წავალთ წინ, გავაგრძელებთ ქვეყნის განვითარებას.
მათ აქვთ უფლება შემოუერთდნენ ამ მატარებელს და სანამ მატარებელი ნელა მოძრაობს დროზე ავიდნენ ამ მატარებელში, ჩქარ მატარებელს შესაძლოა ვერ დაეწიონ. რაც უფრო ადრე შემოუერთდებიან დიალოგს, მეტი შესაძლებლობა ექნებათ თავიანთი ინტერესების გასათვალისწინებლად.
ეს მატარებელი აუცილებლად მივა დანიშნულების ადგილზე, ვერავინ ამ პროცესს ვერ შეაჩერებს.
ჟურნალისტი: საუბარი მინდა განვაგრძო თქვენს ყოფილ თანაგუნდელებზე, მეგობრებზე, თანამდებობის პირებზე, რომელთა ნაწილიც დღეს რადიკალური ოპოზიციის წევრები არიან.
ერთ -ერთ გამოსვლაში თქვენ აღნიშნეთ, რომ ამ ადამიანებს თანამდებობებზე ყოფნისას "ხელი წაუცდათ"- ეს თქვენი ტერმინია.
რატომ ალაპარაკდნენ მათ კორუმპირებულობაზე მხოლოდ თანამდებობებიდან მათი წასვლის შემდეგ?
მანამდე არ იცოდით ამის შესახებ?
იქნებ დღესაც არიან ასეთი ადამიანები თანამდებობებზე?
მიხეილ სააკაშვილი : "თანაგუნდელობა არ არის განსაკუთრებული რამ, ერთად მუშაობა ეფუძნება საერთო პრინციპებს და არა პირად მეგობრობასა და ნათესაობას.
ჩვენი ქვეყანა დღეს კორუფციის დონით ჰოლანდიისა და დანიის დონეზეა.
ამას მივაღწიეთ პრინციპების დაცვით და არა ვიღაცაზე გადაფარებით.
თუ დღევანდელ გუნდში ვინმეს "ხელი წაუცდება" კიდევ, ისინიც ავტომატურად დატოვებენ ამ გუნდს.
ეს არავის არ უნდა გაუკვირდეს. ზოგიერთ მათგანზე როგორც კი გაჩნდა ეჭვი, მაშინვე მოხდა ამ ადამიანების თანამდებობიდან გათავისუფლება.
ძნელია, როცა ადამიანს ენდობი, დაიჯერო რომ ეს ასეა.
თუმცა ნდობაზე კი არ უნდა იყოს ეს ყველაფერი დაფუძნებული, ჩვენ უნდა შევქმნათ სისტემა, რომელიც გაფილტრავს ასეთი ადამიანებისაგან.
არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ დღესაც არიან ასეთი ადამიანები, ამიტომ არსებობს თავისუფალი პრესა, არსებობენ სამართალდამცავები, რომლებმაც არ უნდა დააფარონ მათ ხელი.
ამის შესახებ იცის ყველამ. ჩვენ ამის მწარე გამოცდილება მივიღეთ.
ჟურნალისტი: ერთ- ერთ ტელეეთერში ნონო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ 26 მაისს ლევან გაჩეჩილაძე და ქალბატონი ნინო საუბრობდნენ იმის თაობაზე, რომ მათ ლიდერად აკლიათ სააკაშვილი, რომელიც ტელევიზიაშიც შეიჭრებოდა და ამ მთავრობასაც დაამხობდა.
ბატონო პრეზიდენტო, თქვენ რომ იყოთ ოპოზიციის ლიდერი, როგორ მოიქცეოდით?
მიხეილ სააკაშვილი: "მთავარი ის არ არის, ვინ არის ლიდერი, მთავარი არის ის, რა საქმისთვის იბრძვი.
ხალხი გამოგყვება მაშინ, როცა საქმე სამართლიანია.
დღევანდელ ოპოზიციისგან განსხვავებით, რომლებიც თვლიან, რომ მთავარია პოლიტიკოსების დასაქმება, ვთვლი, რომ მთავარია დავასაქმოთ ხალხი, გამოვიყვანოთ ისინი გაჭირვებიდან.
ნათელია, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილის განრისხება, მათი პოსტების დატოვებამ გამოიწვია, ეს სულ არ არის დასამალი.
განსხვავება ფუნდამენტალურია იმ სიტუაციასა და ამ სიტუაციას შორის. ამას წინათ, იგივე ბურჯანაძეს ვუსმენდი ინგა გრიგოლიასთან ეთერში.
მან თქვა, რომ სააკაშვილი ბოლნისში რომ იყო, იქ ქვებს ისროდნენო.
ეს ფაქტი შეადარეს მათ მიერ დეპუტატებზე ქვების სროლის ფაქტს. ჟურნალისტს, რომელსაც რატომღაც თავი მოაქვს რომ ძალიან ობიექტურია, ამ განსხვავების შესახებ კითხვაც კი არ გაუჩნდა და გაატარა.
მაშინ, როცა მე ჩავედი ბოლნისში, ბავშვები გადაგვაფარეს წინ, მამალაძე იყო მაშინ უფროსი, სოფლის მოედანზე გვქონდა ამომრჩეველთან შეხვედრა და დაგვიშინეს ქვები.
რა თქმა უნდა ამაზე რეაქცია იყო ბუნებრივი.
ჩემი აღშფოთება ამაზე იყო სრულიად ბუნებრივი.
მათი დიდი ნაწილი აღორძინებაში იყო, როდესაც აბაშიძე უხდიდათ ფულს, ისინი აბაშიძეს სახელით გვესროდნენ ქვებს.
უხერხულია, როცა ამ ორ სიტუაციას ადარებენ ერთმანეთს.
მე რომ ვიყო დღეს ოპოზიციაში, მთავრობას იცით რაზე გავაკრიტიკებდი, რომ საქართველოს დიდი ნაწილი დღეს ოკუპირებულია, საქართველოს სახელმწიფოებრიობა საფრთხის ქვეშ არის.
მთავრობის მთავარი შეფასება ჩემი მხრიდან იქნებოდა იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ეფექტური იქნებოდა ის ამ პრობლემის გადაწყვეტაში.
ადრე სასტუმრო "მერიოტში" ყავის დასალევად ერთი ორჯერ თუ შევაღწევდით, ეს დიდი მიღწევა იყო.
მართალია მას შემდეგ გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა, მაგრამ ისე არ გაზრდილა ხალხის კეთილდღეობა, რომ ჩვენი მოსახლეობა ხუთვარსკვლავიან სასტუმროში გადასახლდეს, სადაც ყავის დალევა ღირს სადღაც 6 თუ 7 დოლარი.
ამ რადიკალების რაღაც ნაწილი, რომელიც თავის ხალხს გალიებში ამყოფებს და დღეში უხდის 30-40 ლარს, თვითონ დღე და ღამე ზის ამ სასტუმროში.
ჩვენ როცა ვიყავით ნაციონალურ მოძრაობაში, ყოველ თვეში ვაგროვებდით 100-100 ლარს და მუდმივად გასახლების ქვეშ ვიყავით. როცა ამხელა ექსკორტებით დადიხარ, ამხელა დაცვა დაგყვება, ძნელია იფიქრო მთავარ პრობლემებზე.
ჩვენ მაშინ იმ ცხოვრების ნაწილი ვიყავით.
ჩვენი პრინციპი მოსახვეჭად მოსვლა კი არ იყო - არამედ საქმის საკეთებლად.
მაშინ ქვეყანას კახა თარგამაძე მართავდა, რომელიც რუსეთის კაცი იყო მაშინაც.
ცხინვალში კახა თარგამაძე ჩვეულებრივად იყო კონტრაბანდის წილში, ფეხით აღებდა ჩიბიროვის კარებს. მამალაძეც და თარგამაძეც რუსეთის კაცები იყვნენ.
რატომ არ გადაწყდა ცხინვალის პრობლემა მაშინ, რატომ არ მოგვარდა აჭარის პრობლემა?
რუსეთი მათ ეუბნებოდათ - რამდენიც გინდათ, ჭამეთ, მოიპარეთ, მე თქვენ დაგიცავთ.
ჩვენ როცა ვიყავით მთავრობაში, ჩვენი თავი არასოდეს დაგვიყენებია სახელმწიფოზე მაღლა.
ჩვენ უნდა გამოვიდეთ სოციალური შოვინიზმიდან, რომ მარტო ჩვენ კი არ ვართ კარგი ხალხი ვინც ყოველ საღამოს ვხვდებით ერთმანეთს, ერმანეთის ქორწილებში დავდივართ, ნათელმირონები ვართ, ამას გარდა არსებობს დანარჩენი საქართველო - დანარჩენი 5 მილიონი ადამიანი.
რატომ იყენებენ თარგამაძეს, მამალაძეს, გიორგაძეს, იმიტომ რომ ესენი გადაგვარებული მანქურთები არიან.
ერთი კაცი ვერ იპოვეს რუსეთში, გარდა ამ კარიკატურა ებრალიძისა. მთავარია დეზინფორმაციები გაავრცელონ და რაღაც თქვან - მაგალითისთვის, ონიანი სააკაშვილს აფინანსებდა და ამიტომ სააკაშვილმა გაანადგურა ის, სააკაშვილმა მისცა ესპანელებს მის შესახებ მასალები, რათა შემდეგ იგი დაეჭირათ, ამიტომ შეიფარეს ის რუსებმა. მთავარია თქვან სისულელე.
ჩემზე თქვეს როცა ხალხს ასე უჭირს, სააკაშვილი ველოსიპედით დადის, ამაზე კლიპები ტრიალებს, დიახ, ვვარჯიშობ და ყველას მოვუწოდებ იაროს ველოსიპედით.
ეს არის გათვლა იმაზე, რომ ადამიანი შეაძულო ხალხს და ეს სიძულვილი შენი მიზნებისათვის გამოიყენო, თუმცა ხალხი გონიერია.
პირველი მოწვევის პარლამენტში, რაც უფრო ბანდიტი იყავი და მეტი ფული გქონდა, მაგალითად შალიკიანი, იმას ირჩევდნენ დეპუტატად. ლევან პირველმა ლენტეხში ხმები იყიდა.
ტყიბულელებმა აირჩიეს შალიკიანი, მათ სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ. შარშან არჩევნები სამართლიანად ჩატარდა, საზოგადოებამ მართლაც ლიდერები და პატრიოტები აირჩია.
საქართველოს პარლამენტი ყოველთვის იქნება საქართველოს წარმომადგენელი და ხალხის დამცველი.
საქართველოს ყველა ეროვნების მაცხოვრებელი თვლის, რომ საქართველოს პარლამენტში ისინი სრულად არიან წარმოდგენილნი.
კითხვა: ბატონო პრეზიდენტო, მოდის ომის წლისთავი, ომამდე საქართველოს მთავარი მიმართულება და მიზანი ქვეყნის გაერთიანება და ნატოსკენ სწრაფვა იყო, აგვისტოს ომის შემდეგ, ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. რას ფიქრობთ ამის შესახებ?
მიხეილ სააკაშვილი: "აგვისტოს რუსული ინტერვენციის შემდეგ საქართველოს სახელმწიფოებრიობა და ქართველი ერის მომავალი დადგა სერიოზული დარტყმის ქვეშ. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ამ დარტყმის მოგერიება და სახელმწიფოებრიობის განმტკიცება.
ჩემი პრეზიდენტობა საქართველოს გამთლიანებას, გაერთიანებასა და ჩემ ხალხს ეძღვნება. ამაზე უარს არასოდეს ვიტყვით.
ვიღაცას მიაჩნია, რომ ბრძოლა დამთავრდა, ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ ბრძოლის დასაწყისში ვიმყოფებით.
თუ ჩვენ ციხეს შიგნიდან არ გავტეხავთ, რაც მათ უნდათ, ერთი შანსი არა აქვს არავის იმისა, რომ რამის ლეგალიზაცია მოახდინონ, ჩვენი გამთლიანება გარდაუვალია.
კითხვა: საუბარია ომის გაგრძელების საფრთხეზე. თქვენ, როგორც პრეზიდენტი რით დაამშვიდებთ ხალხს? რეალურად მიგაჩნიათ ეს საფრთხე?
მიხეილ სააკაშვილი: "მე ყოველთვის ვამბობდი, რომ არ იყო შიდა არეულობებისა და რიგგარეშე არჩევნების დრო.
ვამბობდი, რომ ჩვენ რეალურად ვიდექით რუსეთთან სრულმაშტაბიანი ომის საფრთხის წინაშე.
რამოდენიმე წლიანი რეფორმების შემდეგ, 2007 წელს მოგვიხდა ძალის გამოყენება, ასევე დიდი ტელესადგურის რამოდენიმე ხნით დახურვა. შემდეგ, რა თქმა უნდა გადავდექი.
მოგვიხდა არჩევნების ჩატარება, რუსეთმა დაინახა, რომ ყველა შანსი საქართველოს მშვიდობიანი გზით უკან დაბრუნების ამოწურული იყო.
დადგა მთავარი იარაღის გამოყენების დრო.
ომი მოხდა მაშინ, როცა ამერიკის ადმინისტრაცია იყო თავისი ვადის ბოლოში და იყო ძალიან სუსტი.
რუსეთი იყო ბევრად ძლიერი ეკონომიურად, ვიდრე დღეს და ყოველ მის "მიწოლაზე", დასავლეთი იხევდა უკან.
მათ იფიქრეს, რომ ამ ომს დასავლეთი გადაყლაპავდა.
ჩვენ დღეს გვაქვს სტრატეგიული შეთანხმება აშშ-სთან, შარშან ზაფხულში ბუშმა მთელი თავისი ძალა მოიყვანა სრულ სამხედრო მზდყოფნაში და ეს იყო მთავარი მიზეზი იმისა, რის გამოც გაჩერდა რუსეთის შეტევა თბილისზე და დანარჩენ საქართველოზე.
ჩვენ სტრატეგიულ ურთიერთობებზე გადავდივართ, ბევრად უფრო შინაარსიანია დღეს ეს, ვიდრე იქნებოდა თუნდაც ერთი წლის წინ.
რეალურად გვაქვს შანსიევროკავშირთან ასოცირებული ხელშეკრულების.
სარკოზის გეგმის შემდეგ, პირველად, ევროკავშირი საქართველოში წარმოდგენილია თავისი დამკვირვებლებით.
სარკოზი გაეროს რეზოლუციაზე ახლაც ძალიან აქტიურობდა.
გაეროს რეზოლუცია იყო ტესტი, რამდენად მზად იყო დასავლეთი საქართველოს საკითხზე რაღაცეები დაეთმო რუსეთისათვის.
მას შემდეგ, რაც პან გიმუნმა სრულიად მიუღებელი მოხსენება გამოაქვეყნა, რუსეთი დარწმუნდა, რომ ახლა ხელჭიდში მყავს დასავლეთიო.
მთავარი ის კი არ იყო, რა ეწერა რეზოლუციაში, მთავარი იყო ის, რომ დასავლეთმა არაფერი არ დათმო, ყველამ ისწავლა თავის გაკვეთილი.
ის, რაც აპრილიდან ხდება საქართველოში, გათვლილი იყო ჩვენი ქვეყნის ჩამონგრევაზე.
საქართველოს დაბრუნება ძველ, ბნელ დროში შეუძლებელია. დღეს საქართველო სახელმწიფოა.
ხშირად გვეუბნებიან - რატომ მოვითმინეთ აქციები?
აქციები გათვლილი იყო შეტაკებასა და სამოქალაქო ომზე.
ნანგრევებს მე მირჩევნია ქალაქის ცენტრში ნაგავი.
დღეს რუსთაველზე ძალიან ბევრი ნაგავია, მაგრამ ნაგავს ერთ დღეში გავწმინდავთ, ნანგრევების აღდგენას კი წლები უნდა.
ციხე შიგნიდან არ გატყდა, ეს არის მთავარი.
ჩვენ უნდა გავაგრძელოთ კონსოლიდაცია, ეკონომიკის განვითარება და აღმშენებლობა. ასეთ ქვეყანაზე თავდასხმა შეუძლებელია.
ახლა ჩვენ უფრო დაცულები ვართ, თუმცა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ.
კითხვა : რა არის თქვენი მოლოდინი? მოდის მედვედევი ობამას შეხვედრა, როცა თქვენ საუბრობდით, ამერიკის მხარდაჭერაზე, არაერთი განცხადება გაკეთდა ამ თემაზე. ამ ფონზე, როცა საქართველოზეა ლაპარაკი, რა არის თქვენი მოლოდინი?
მიხეილ სააკაშვილი: "თავის დროზე შემოგვატყუეს გაეროს სადამკვირვებლო მისია იმ გაგებით, რომ მას მოყვა რუსეთის მისია.
რუსები რომ არ მდგარიყვნენ ენგურზე, გალსა და ოჩამჩირეში ჩვენი იურისდიქცია დიდი ხნის წინ აღდგებოდა.
გაერო იყო დამცავი ფილტრი იმისა, რომ რუსები არ გაგვეყვანა ამ ადგილიდან.
დაგომისის ხელშეკრულება იყო სრული კაპიტულაცია, მაშინ მე ვცხოვრობდი ოსლოში, სადაც გამოვაქვეყნე სტატია, რომელსაც ერქვა "დაგომისის დოქტრინა" და მასში ამ ხელშეკრულებისათვის შევარდნაძეს ვაკრიტიკებდი.
ყველას სურდა სიმშვიდე და ამიტომ დაიწყო რუსებისათვის დათმობების მთელი სერია, მათ შორის ჩემი პრეზიდენტობის დროს.
მივადექით ზღვარს, როცა რუსებმა განახორციელეს აგრესია, რუსებს ყოველთვის სურდათ, რომ სამართლებრივი გამართლება ჰქონოდათ.
აღმოჩნდა რომ მსოფლიოში გიჟები არ არიან.
შემდეგ დაიწყეს სამხედრო ყოფის დაკანონება. მისიის დარჩენასთან დაკავშიებით.
ახლა ჩვენი მეგობრები დადგნენ კიდევ უფრო მყარად, ვიდრე ოდესმე შეიძლებოდა მათგან ეს წარმომედგინა.
მათ დაინახეს, რომ ასეთი პატარ-პატარა დიპლომატიური მანევრებით
ისინი უნებლიეთ უგზავნიან რუსეთს სიგნალს იმის თაობაზე, რომ ყველაფერი შეიძლება.
რეალობა შეიცვალა, ეს ეხება რუსეთისა და ამერიკის ურთიერთობას.
იყო ვაქხანალია იმის თაობაზე, რომ სააკაშვილს აღარ აქვს მხარდაჭერა.
ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციაში მე მყავს ბევრად უფრო მეტი პირადი მეგობარი, ვიდრე მყავდა წინა მთავრობაში.
როცა შტაინმაიერი იყო მოსკოვში, ნათლად თქვა, რომ საქართველო არის გლობალური საკითხი.
რუსეთის წინადადება იყო ასეთი - მოგვყიდეთ საქართველო, ჩვენ სანაცვლოდ დავთმობთ ირანს, რაკეტებს რომელიც ულპებათ, ჩრდილო კორეას, ავღანეთში გავატერებთ ტვირთს, მხოლოდ დაგვითმეთ საქართველო.
საქართველოს დათმობა ნიშნავს აზერბაიჯანის მოსპობას, შუა აზიის დაკარგვას და რეალურად საბჭოთა კავშირის აღდგენას.
უკრაინაში მაშინ განახორციელებენ გეგმებს და ბელორუსია, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოს გამო გადაეკიდნენ რუსებს მათაც მოუწევთ ჩაბარდნენ კრემლის მაკონტროლებლებს.
საქართველოში დღეს წყდება გლობალური საკითხი.
ჰილარი კლინტონი ამ ორი თვის განმავლობაში მესამედ ხვდება გრიგოლ ვაშაძეს.
ძალიან კარგი კომენტარები გააკეთა ამერიკის კონგრესში გორდონმა და ჩემზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა.
საინტერესო ინიციატივები წამოვიდა ეკონომიკურ დონეზეც.
ამერიკის კონგერსმა ყველას შეუმცირა დახმარება, მაგრამ ჩვენ მაინც გამოგვიყო 242 მილიონი დოლარი, მათ შორის იმისათვის, რომ დევნილებს ავუშენოთ სახლები.
ამერიკაში დიდი კრიზისია, ხალხი კითხულობდა, რატომ ეძლევა ვიღაც ჯორჯიას დახმარება, მაშინ როცა შტატ "ჟორჯიაში" ხალხს უჭირს?
კონგრესში დაისვა ეს საკითხი და ეს დახმარება მოგვიჭრეს.
მე დავრეკე ჩემს მეგობრებთან, ჩაერთო ყველა ძალა და მოხვდნენ, რომ საქართველოში ამ დახმარების შეწყვეტა იქნებოდა სიგნალი მშვიდობის მტრისადმი რეგიონში.
ყველა ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაყინულია.
ერთადერთი ქვეყანა, რომელთანაც პროცესი დაძრულია - საქართველოა. საქართველოში დღეს წყდება დემოკრატიის თავისუფლების ბედი. ტერიტორიების არცნობის საკითხი, მნიშვნელოვანია.
ღმერთმა არ ქნას ჩვენი არეულობა, თორემ პანტა-პუნტით წავა ჩვენი დაქუცმაცება და ჩვენი ტერიტორიების ლეგალურად გადაფორმება.
ბევრი რამ არის ჩვენს სტაბილურობაზე დამოკიდებული.
სააკაშვილიც გამოიცვლება, ( როცა ვადა დაუსრულება) მაგრამ საქართველო არასოდეს გამოიცვლება და ჩვენ მთავარი რამ - ჩვენი სამშობლო არ უნდა დავაზიანოთ.
ჟურნალისტი: როგორ მოქმედებს ქვეყნის იმიჯზე შიდა პრობლემები და როგორ უყურებს შიდა პრობლემებს დასავლეთი? როდის და როგორ დასასრულს ხედავთ ამ ყველაფრის?
მიხეილ სააკაშვილი: "არაფრის დრამატიზირება არ ღირს. რამდენი ხანია მესმის, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისია, კრიზისი კლასიკური განმარტებით არის მთავრობის შიგნით არსებული უთანხმოება. საქართველოში არის პოლიტიკური სიმტკიცის და სიმწიფის პერიოდი. ეს ჩვენი სახელმწიფოს მიღწევაა. ეს ყველაფერი დამთავრდება მაშინ, როცა ყველაფერს მიხვდებიან.
რუსეთის ტელევიზია რუსეთის შიდა პოლიტიკას კი არ აშუქებს,
გეგონება იქ შიდა პოლიტიკა არ არსებობს, არამედ აშუქებს უკრაინის პოლიტიკას დეტალურად, იულიამ რა თქვა ვიქტორზე, ვიქტორმა რა თქვა მეორე ვიქტორზე და საქართველოს პოლიტიკას.
ყველას ეგონა, რომ საქართველოში არეულობებს მოყვებოდა ჩემს მიერ დარბევა, ამერიკელებს ეს არ მოეწონებოდათ, პუტინი წინმასწარმეტყველებდა და აცხადებდა, რომ საწართველოში სისხლში ახჩობენ დემონსტრაციებს, ეს არის ქვეყანა, სადაც დემოკრატია არ არსებიბს, ჩვენ დავკარგავდით საერთაშორისო მხარდაჭერას. მოხდა პირიქით.
თუმცა ეკონომიკა ამ ყველფერმა დააზარალა. გუშინ ფერმერებთან შეხვედრის დროსმეკითხებოდნენ ფერმერები, როდის მივიღებთ კრედიტებსო?.
150 მილიონი ლარი გავიდა ორ დღეში საქართველოდან.
9 აპრილამდე იმდენი ლოზუნგი იყო - დავარბევთ, დავამთავრებთ, გავანადგურებთ, ლაპარაკი იყო სამხედრო გადატრიალებაზეც.
მე არ დავიჯერე, სანამ ამ კუთხით რაღაც მოძრაობა არ გაკეთდა, არც შსს-ს არ სჯეროდა ამის და მე ამასთან დაკავშირებით მე ვანოს ვუსაყვედურე. ვანო მეუბნებოდა ეგ სისულელე და ჭორებიაო, მაგრამ ვიღაცეები ამის შესახებ ინფორმირებულები იყვნენ.
როცა მთავარი სასტუმროების წინ კარვებია გაშლილი, არავის არ უნდა ამ ქვეყანაში ჩამოსვლა.
უცხოელი ინვესტორები სხვადასხვა მიზეზებით დებენ თავიანთ ვიზიტებს. იმისათვის რომ ინვესტორები არ ჩამოსულიყვნენ, იყო დახვედრები აეროპორტებში, ვიღაცას წაიყვანდი სავახშმოდ, მოდიოდნენ, გარეთ ყვიროდნენ.
როცა ასეთი რამე ხდება, ყველაფერი პრობლემატურია.
რყევები აისახება ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ საკუთარი მაღაზიები, ეს აისახა ექიმებზე და აბსოლუტურად ყველაზე.
თუ საქართველო იქნება წარმატებული, ნუ გგონიათ რომ ამით მარტო სააკაშვილი იხეირებს, რაც უფრო კარგად ცხოვრობ, მით უფრო ძნელია წარმატების მიღწევა.
განვითარება ნელი პროცესია.
ჩვენ გავანათეთ საქართველო, ყველამ ჩათვალა, რომ ეს სასწაულია,
მაგრამ მერე ამას ხალხი მიეჩვია და დააავიწყდა.
არ მავიწყდება ის უიმედიო სიტუაცია, როცა ჩემი ოჯახი საქართველოში დაბრუნდა.
ადრე ერთი ქუჩიდან მეორეში რომ გადავდიოდით პისტოლეტი მიმქონდა თან,(მაშინ დეპუტატი ვიყავი და იარაღის ტარების უფლება მქონდა) იძულებული ვიყავი ასე გადავადგილებულიყავი.
ერთხელ, მე და დედაჩემი მოვდიოდით, ტაქსმა აღარ გარისკა, ჩამოგვსვა სასტუმრო "აჭარასთან", უნდა გაგვევლო მთელი პეკინის ქუჩა ბოლომდე.
მთელ პეკინზე ისროდნენ და ეზოს გადავირბენდით, გავიხედავდით ისვრიან თუ არა, კიდევ გადავირბენდით.
იმ საღამოს, ამ სროლების შედეგად მოკლეს სამი ადამიანი, მე ეს ყველაფერი ძალიან ცოცხლად მახსოვს.
დღეს ეს ჩვენთან აღარ გაუვათ. ჩვენ ეს ყველაფერი უკვე გამოვიარეთ. ეს აღარ იქნება.
ჩვენ ჩვენი ქვეყნისათვის გვაქვს გრანდიოზული გეგემები.
ჩვენი ქვეყანა უნდა გაერთიანდეს, ამისთვის მის ეკონომიკას სჭირდება გაერთიანება, უსაფრთხოების სტრუქტურების განმტკიცება, შეიარაღებული ძალების შექმნა.
ორჯერ მეტი უნდა ჩაგვედო შეიარაღებული ძალების შექმნაზე. ნურავის გონია რომ ამ სფეროზე ხელი ავიღე.
ჩვენმა მოწინააღმდეგემ კარგად იცის, სახელმწიფოებრიობა თუ არ მოშალა, ვერაფერს გახდება.
ჩვენ ვართ ცივილიზებული დემოკრატიული სამყაროს ნაწილი.თუ ერთიანობას შევინარჩუნებთ და განვითარდებით, ჩვენი გამარჯვება მტერზე ისევე გარდაუვალია, როგორც დავითის გამარჯვება გოლიათზე.
მე ამის ღრმად მწამს, ქართული საზოგადოება ჩვენ ამაში წამოგვყვება.
ყოველ ღამე მაქვს მძიმე ფიქრები.
მე ვარ იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომლის დიდი ნაწილიც ოკუპირებულია ამ უზარმაზარი ძალის მიერ, რომელშიც არის ამხელა გაჭირვება და უბედურება.
ყოველ ღამე ეს მესიზმრება, დამძიმებულ გულს ვატარებ და ჩემი არსებობა არის მძიმე, ისევე როგორც თითოეული ქართველის არსებობა.
მძიმეა, მაგრამ იმედით სავსე, ვინაიდან ჩვენ გვჯერა ჩვენი ძალების, ხალხის, რწმენის და იმისა, რომ საბოლოო ჯამში უფალი არ მიგვატოვებს და ჩვენს დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ."
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური