საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პარლამენტის წინაშე წარსდგა
დიდი მადლობა.
მინდა მადლობა გითხრათ თქვენ, რათა მომეცით საშუალება და შესაძლებლობა, რომ გესაუბროთ ჩვენს პოლიტიკურ სიტუაციაზე.
ვიდრე ჩემი გამოსვლის ამ ნაწილზე გადავიდოდე, მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რამდენიმე დღის წინათ შვეიცარიაში დასრულდა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ჯაზ-ფესტივალი და ამ კონკურსის ყველაზე ახალგაზრდა ქართველმა მონაწილემ, კახელმა ბექა გოჩიაშვილმა 30-35 წლის პიანისტებს შორის გაიმარჯვა.
დღეს ის ჩვენთან არის და მე მინდა მივესალმოთ მას.
ვიცი, რომ ბექას დიდი შრომა მოუწევს, იგი პრეზიდენტის სტიპენდიანტია და ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება სასწავლებლად.
მან ყველაფერს ძალიან დიდი შრომის ფასად მიაღწია.
ასევე მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დღეს მათემატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე ჩვენმა ბავშვებმა აჩვენეს ძალიან კარგი შედეგი და რუსეთის გარდა, პრაქტიკულად, პირველად გაუსწრეს ყველა პოსტ-საბჭოთა ქვეყანას.
საქართველოში ყველა სფეროში საინტერესო და კარგი თაობა მოდის.
დღეს მე აქ არ მოვსულვარ იმისათვის, რომ გითხრათ: ყველაფერი კარგად არის, არც იმისათვის მოვსულვარ, რომ ჩვენს წარსულ მიღწევებზე ვილაპარაკო.
ჩვენს სამშობლოს და ჩვენს ხალხს მართლაც ძალიან რთული დრო უდგას.
ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია უცხოელი დამპყრობლის მიერ, რომელიც აგრძელებს ყველა ფორმით ზეწოლას ჩვენს ქვეყანაზე და მუდმივი შეთქმულებებით ცდილობს შეარყიოს და ჩამოშალოს ჩვენი სახელმწიფოებრიობა.
პარალელურად, ჩვენ იძულებული ვართ თვალი გავუსწოროთ უპრეცენდენტო მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს, რომელიც ძალიან ამძიმებს ჩვენს ყოფას. ჩვენი ეკონომიკა იბრძვის, რათა გაუძლოს ამ რთულ პერიოდს და ამოქაჩოს, მაგრამ ცხოვრება ძალიან მძიმეა ჯერ კიდევ ბევრი ქართველისთვის, ბევრი მუშის, პენსიონერისა და, მით უმეტეს, უმუშევრისთვის.
მე არ უარვყოფ, რომ ვითარება რთულია.
და ამიტომ, აქ მოვედი იმისათვის, რომ გითხრათ, რომ ერთადერთი გზა ამ გამოწვევების გადასალახად, არსებული შესაძლებლობების გამოსაყენებლად და ახალი შესაძლებლობების გასაჩენად, არის ჩვენი დემოკრატიის კიდევ უფრო გაძლიერება, პოლიტიკური სისტემის კიდევ უფრო გახნა და ჩვენი რეფორმების გაგრძელება. რეფორმების განხორციელების გზაზე გარკვეული შეცდომები გვქონდა, მაგრამ ეს იყო უნიკალური, ძალიან მძიმე, ისტორიული, რადიკალური და ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ უკან არ დავიხევთ! ერთადერთი გამოსავალი არის წინსვლა.
ერთი სიტყვით ჩვენი კურსი არის - რეფორმა! რეფორმა! და კიდევ ერთხელ რეფორმა ყოველგვარი უკანდახევის გარეშე!
ეს არის ის ერთადერთი გზა, რაც აქცევს ჩვენს ქვეყანას სანდო პარტნიორად ჩვენი მოკავშირეებისათვის, რაც ძირითად საკითხებში გააერთიანებს ჩვენს ხალხსა და ქვეყანას, რაც გაიყვანს საქართველოს იმ დონეზე, რომ იგი იყოს სასურველი ქვეყანა ინვესტიციების ჩასადებად ქართველი და უცხოელი ბიზნესისათვის, რაც გაზრდის დასაქმებას და ეკონომიკას.
ჩვენი პასუხი ყველა სფეროში არსებულ გამოწვევებზე, უსაფრთხოება იქნება ეს, ეკონომიკა თუ საზოგადოებრივი ცხოვრება, არის რეფორმა! რეფორმა! და ისევ რეფორმა!
მე აქ მოვედი იმისათვის, რომ წარმოგიდგინოთ ჩემი ხედვა, ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელი შემდგომი რეფორმების შესახებ.
შვიდი კვირის წინათ, დაიწყო პოლიტიკური დიალოგის პროცესი. დიალოგისთვის მე მოვიწვიე როგორც საპარლამენტო, ასევე რადიკალური პოლიტიკური სუბიექტები, მათ შორის, არასაპარლამენტო ოპოზიცია. ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი ჩაერთო დისკუსიასა და კონსტრუქციულ კამათში, ძალიან ბევრმა, შედარებით პატარა ჯგუფებმა, მაგრამ მაინც ბევრმა უარი თქვა ამაზე.
იყო გარკვეული პროგრესი ზოგიერთი იდეის ირგვლივ, მაგალითად, საკონსტიტუციო რეფორმის მხრივ, ჩვენ შევძელით დაგვეძრა პროცესი. საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა ოპოზიციის კანდიდატურა. თუმცა ზოგიერთი სხვა მნიშვნელოვანი იდეა და ჩემი შეთავეზება არ გაიზიარა საპარლამენტო ოპოზიციამ და ზოგიერთმა არასაპარლამენტო სუბიექტმა.
მიუხედავად მცირე პროგრესისა, ჩემი აზრით, დიალოგის პროცესი და შესაბამისი რეფორმა დღევანდელი მდგომარეობით ძალიან ნელა მიდის წინ. ასეთ დაბალ ტემპს ვერ დაუცდის ვერც ხალხი, ვერც რეფორმა და ვერც საქართველო.
ამიტომ დღეს, იმ მიზნით, რომ დავაჩქაროთ ეს მნიშვნელოვანი პროცესი, მე მინდა გადავიყვანოთ დისკუსია კონცეპტუალურიდან კონკრეტულზე, ზოგადი საუბრიდან რეალურ ქმედებებზე, იდეებიდან ამოცანებზე, განუსაზღვრელი ვადიდან კონკრეტულ თარიღებზე.
კარი ღია იქნება ოპოზიციის ლიდერებისათვის, სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტებისთვის, რომლებიც პატივს სცემენ კანონიერ პროცესს, რათა ნებისმიერ დროს შემოუერთდნენ დისკუსიის პროცესს. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ დაუსრულებლად ველოდოთ მათ კეთილ ნებას დაგვდოს პატივი და შემოუერთდეს დისკუსიას. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ შედეგი ჩვენი ქვეყნის, ხალხისა და დემოკრატიის წინსვლისათვის. სწორედ ჩვენ, საქართველოს მთავრობა და საპარლამენტო უმრალესობა ვართ პასუხისმგებელი შედეგზე.
ჩემი მიზანია, რომ ჩვენ გადავიდეთ უფრო კონკრეტულ ინიციატივებზე რეფორმის იმ ხუთივე სფეროდან, რომელიც მე შევთავაზე ოპოზიციასა და საზოგადოებას და ახლავე დავიწყოთ კონკრეტული ნაბიჯების დაგეგმვა.
პირველი, მაისში მე შევთავაზე ოპოზიციას საარჩევნო სისტემის რეფორმირება ისე, რომ იგი გამხდარიყო ყველასათვის მისაღები და აღარასოდეს შექმნილიყო საფუძველი პრინციპისათვის "თუ წავაგე, ესე იგი გაყალბდა".
ახლა მე მინდა ამ მიმართულებით ორი კონკრეტული ინიციატივა შემოგთავაზოთ.
პირველი ის, რომ ჩვენ უნდა გადავიდეთ თბილისის მერის პირდაპირ არჩევნებზე უკვე მომავალი ადგილობრივი არჩევნებიდან. ხოლო ადგილობრივი არჩევნები, მათ შორის, თბილისის მერის პირდაპირი არჩევნები ჩავატაროთ არა გვიან შემოდგომაზე, როგორც ეს იყო დაგეგმილი საარჩევნო გრაფიკით და გათვალისწინებული კანონით, არამედ 2010 წლის 30 მაისს.
იმისათვის, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს სამაგალითოდ და დაცული იყოს ყველა ჩვენი მოქალაქის თავისუფალი არჩევანი, გაქრეს ყოველგვარი ეჭვის საბაბი, მივიღოთ ახალი საარჩევნო კოდექსი და დავამტკიცოთ ახალი საარჩევნო კომისია არაუგვიანეს 2009 წლის ბოლომდე.
ახალი კოდექსით კი განვსაზღვროთ, რომ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, კანდიდატურა სახელდებოდეს ფართო შეთანხმებით ძირითად პოლიტიკურ სუბიექტებს შორის. ეს საკითხიც წლის დამლევამდე უნდა გადავწყვიტოთ.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გაიგოს, როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალ ბედს, გადამწყვეტი იქნება არა ქუჩაში ყვირილში შეჯიბრი (ვფიქრობ, ყველაზე ურწმუნონიც კი დარწმუნდნენ, რომ ამის აქ არავის ეშინია, მით უმეტეს რევოლუციური გზით მოსულ, ცვლილებების თვალსაზრისით ნამდვილად რევოლუციურ მთავრობას და ხელისუფლებას), არამედ კონკრეტული საარჩევნო გარემო და ხალხის მხარდაჭერა არჩევნებზე.
ახალ საქართველოში, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ პოლიტიკური ბრძოლის ძველი მეთოდები ვეღარ იმუშავებს. მთავრობები შეიცვლება მხოლოდ საარჩევნო ბიულეტენებით და არა გადატრიალებებით - არა ძალადობით, არა ბლოკადებით, არა იარაღით, არა უცხოური ფულით, არა გალიებით და არა ბარიკადებით, არამედ ცივილიზებული, ევროპული და კონსტიტუციური საარჩევნო პროცესით, ხალხის დემოკრატიული და თავისუფალი არჩევანით.
მეორე, მაისში მე შევთავაზე ოპოზიციას, რომ დაგვეწყო მუშაობა საკონსტიტუციო რეფორმაზე იმისათვის, რომ შეგვექმნა ერთმანეთისგან უფრო გამიჯნული, ძლიერი მმართველობის შტოები, ძლიერი საკანონმდებლო, ეფექტური აღმასრულებელი და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლებებით.
ამისათვის შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია, რომელსაც ოპოზიციის მიერ დასახელებული კანდიდატი ჩაუდგა სათავეში, მდივანიც ოპოზიციის დასახელებულია. კომისია უკვე მუშაობს, მიმდინარეობს დისკუსია, როგორც ქართველი, ასე უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით.
დღეს მე მინდა ვურჩიო კომისიას, რომ გააქტიუროს მუშაობა იმ ცლვლილებაზე, რომელიც შეზღუდავს პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობას ამ და შემდგომი პრეზიდენტებისთვის, რათა პარლამენტი იყოს კიდევ უფრო დამოუკიდებელი და ძლიერი. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საქართველოში ეფექტური საპრეზიდენტო მმართველობა ძალზე მნიშვნელოვანია, როცა ქვეყნის დიდი ნაწილი ოკუპირებულია, როცა ქვეყანა ებრძვის მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს, როდესაც კორუფციასთან ბრძოლა შორს წავიდა, მაგრამ შეუქცევადი არ არის. თუმცა საჭიროა დაბალანსებული მოდელის პოვნა.
ვარდების რევოლუციის შემდეგ, ჩვენ გვჭირდებოდა უფრო ძლიერი საპრეზიდენტო ძალაუფლება, რათა შეგვძლებოდა ეფექტიანი ბრძოლა ყოვლისმომცველი კორუფციის წინააღმდეგ; იმისათვის, რომ გაგვეტარებინა მკვეთრი რეფორმები; რომ გადაგვედგა ურთულესი ნაბიჯები, რაც მაშინ ჰაერივით სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანაში კანონიერების და სამართლიანობის აღდგენას; იმისათვის, რომ შეგვექმნა ევროპული სახელმწიფო, რისი გამოცდილებაც მთელს ჩვენს რეგიონში არასოდეს ყოფილა მანამდე. შუა საუკუნეებში სახელმწიფოებრიობის მოკლე გამოცდილებები გვქონდა, მაგრამ ეფექტიანი ქართული სახელმწიფო რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში პრაქტიკულად არ არსებობს, ორასი წლის განმავლობაში საერთოდ არ არსებობდა.
ამაზე ოცნებაც კი რთული იყო. კავკასიაში იყო ასეთი მოდელი: კავკასიაში შეუძლებელია იყოს თანამედროვე სახელმწიფოებრიობა და ყველა უცხოელი დამკვირვებელი ადვილად შეძლებს კავკასიით მანიპულირებას. მსურს ყველას ესმოდეს, ნაბიჯები, რომლებიც მაშინ ხელისუფლების გაძლიერების თვალსაზრისით გადავდგით, იყო აუცილებელი, მაგრამ ახლა კიდევ უფრო აუცილებელია სერიოზული რეფორმების განხორციელება.
ზოგიერთები ჩვენს ქვეყანაში შეიძლება განიცდიან ნოსტალგიას ძველი კორუფციული ეპოქის მიმართ. ისინი საკმაოდ სერიოზული ძალებია, ზოგიერთები კი საზღვარგარეთიდან ცდილობს ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციას.
მაგრამ მინდა ყველასათვის გასაგებად განვაცხადო: საქართველო აღარასოდეს დაუბრუნდება შევარდნაძის, თარგამაძის, მამალაძის და ონიანის ეპოქას. ვისაც შევარდნაძის ნახვა სურს, კრწანისში ესტუმროს. კლანური, კორუფციული და ქურდული საქართველო დამთავრდა 2003 წლის ნოემბერში და ისტორია უკან აღარ დაბრუნდება.
გამომდინარე აქედან, ეხლა არის დრო, როდესაც ჩვენ კიდევ უფრო წინ უნდა წავიდეთ ჩვენს ევროპულ გზაზე და გავაძლიეროთ ურთიერთკონტროლისა და ბალანსის სისტემა საქართველოს სახელისუფლებო შტოებს შორის.
ასევე სასურველია, რომ ახალმა საკონსტიტუციო მოდელმა პოლიტიკასა და არჩევნების ყველა დონეზე მონაწილეობის შესაძლებლობა თანაბრად გაუხსნას ყველა ქართველს. მათ შორის, მათ, ვინც უცხოეთში დაიბადა, მაგრამ არიან საქართველოს მოქალაქეები და გააჩნიათ საქართველოში ცხოვრების კონსტიტუციური მინიმალური ცენზი. მათი ბრალი არ არის, რომ ისინი საქართველოში არ დაიბადნენ, ამის გამო მათ არ უნდა დაეკარგოთ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება. ეს არც დემოკრატიულია და არც ჩვენი ერის ინტერესებს შეესაბამება. არ მინდა ეს ისე გაიგოთ, რომ მე უცხოეთში მცხოვრებ რომელიმე ქართველს ვამზადებ ჩემს შემცვლელად. ბოლო 15 წლის განმავლობაში, გაუსაძლისი პირობების გამო ბევრი ქართველი წავიდა საზღვარგარეთ, მათ იქ გაუჩნდათ შვილები და ჩვენი სურვილია, რომ ეს ბავშვები დაუბრუნდნენ საქართველოს. ჩვენ შევიტანეთ კონსტიტუციაში ცვლილება და დავაკანონეთ ორმაგი მოქალაქეობა. ეს სწორი ნაბიჯი იყო. ამ ხალხს ჩვენ სრული უფლება უნდა მივცეთ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მიიღონ მონაწილეობა. კონსტიტუციამ ხელი უნდა შეუწყოს ყველა ქართველს, რომ დაუბრუნდნენ და გამოადგნენ სამშობლოს. ვიდრე საკონსტიტუციო კომისია სხვა თემებთან დაკავშირებით ჩამოყალიბდება, მინდა გთხოვოთ ამ თემაზე მუშაობა, როგორც ჩვენი გზავნილი მათდამი - ჩვენ ერთმანეთის განუყოფელი ნაწილი ვართ. გარკვეული პერიოდის შემდეგ ისინი უნდა დაბრუნდნენ საქართველოში და საკუთარი ნიჭი, გამოცდილება, კაპიტალი საკუთარ ქვეყანას მოახმარონ, გახდნენ ამ ცხოვრების ნაწილი და არავინ არ უნდა ჩამოგვიყვანონ სასაჩუქრე ყუთით რომელიმე სხვა ქვეყნიდან, რომელიც დაინტერესებულია საქართველოს დესტაბილიზაციით.
მესამე, მაისში მე შევთავაზე ოპოზიციას, რომ ერთად გვემუშავა სასამართლო რეფორმაზე და ჩამოვყალებებულიყავით იმ ნაბიჯებზე, რომლებიც უფრო დამოუკიდებელს და სამართლიანს გახდიდა სასამართლო სისტემას.
დღეს მე მინდა, რომ შემოგთავაზოთ კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც გაამკაცრებს სასჯელს ნებისმიერი გარე პირის მიერ, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან მოსამართლესთან დაკავშირებას მიმდინარე სასამართლო საქმის თაობაზე და აღჭურვავს მოსამართლეებს უფლებით, რომ დასაჯოს ნებისმიერი, ვინც შეეცდება მასზე და სასამართლო პროცესზე გარედან გავლენის მოხდენას.
ეს კანონი რამდენიმე წლის წინ იქნა მიღებული და გათვალისწინებულია ადმინისტრაციული სასჯელიც, მაგრამ ახლა აუცილებელია მისი სრულფასოვნად ამოქმედება და გამკაცრება. სასამართლოში ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ძირითადად კორუფცია აღარ არის.
ამ კანონს მე წარვადგენ პარლამენტში სექტემბრიდან. საქართველოს მომავალი წარმატებისათვის, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ, სასამართლოების სრული თავისუფლება არასწორი ზემოქმედებისაგან, რათა ყველა გადაწყვეტილება მიიღებოდეს სამართლიანობის პრინციპით.
ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ადამიანის უფლებები და საკუთრების უფლებები იყოს უფრო მტკიცედ დაცული, ვიდრე ოდესმე.
სასამართლო სისტემა ბევრის მიერ აღიქმება, როგორც დახურული და ბურუსით მოცული. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოს მოქალაქეებს კარგად ესმოდეთ ,თუ როგორ ხორციელდება სამართალი, როგორ მიიღება სამართლიანი გადაწყვეტილებები სასამართლოში და თავად იღებდნენ ამ პროცესში მონაწილეობას. ამიტომ კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს ერთგულებას ნაფიც მსაჯულთა სისტემაზე ეტაპობრივი გადსვლის იმ გეგმაზე, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, და რომელიც უკვე განიხილება პარლამენტში.
მეოთხე, მე ასევე მოვუწოდე რეფრომებისაკენ უფრო გახსნილი და მიუკერძოებელი მედიის შესაქმნელად. იმისათვის, რომ მედიას ჰქონდეს უფრო მეტი საშუალება ყველა თვალსაზრისით - პოლიტიკური თუ სხვა პროცესების უფრო ობიექტურად გაშუქებისათვის.
ამიტომ მე მივესალმები, რომ ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული არხი უკვე გავიდა სატელიტზე და გამოვთქვავ სურვილს, რომ ნებისმიერმა არხმა, განურჩევლად პოლიტიკური პოზიციისა მალე მიიღოს საშუალებას, რომ სატელიტური მაუწყებლობით დაფაროს საქართველოს მთელი ტერიტორია. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და მნიშვნელოვანია მისი ოპერატიულად ბოლომდე მიყვანა.
მე ასევე გთავაზობთ, რომ შევიტანოთ მნიშვნელოვანი ცვლილება საზოგადოებრივი მაუწყებლის (ანუ პირველი არხის) სამეთვალყურეო საბჭოს დაკომპლექტების წესში, ისე, რომ მისი 9 წევრიდან ოპოზიციასა და ხელისუფლებას ჰქონდეს სრული პარიტეტი 4-4 წევრის წარმომადგენლობით. თან უნდა წავიდეთ ამ ორგანიზაციის დეპოლიტიზაციისკენ, ამიტომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციონირებაში გადამწყვეტი ხმით უნდა ჩავრთოთ სამოქალაქო სექტორი. ჩვენ უნდა გავაფართოვოთ ამ საბჭოს ფუნქციები.
ეს ცვლილება ჩვენ უნდა მივიღოთ 90 დღეში.
გარდა ამისა, ვთხოვ პარლამენტს, სექტემბრის ბოლომდე დასრულდეს ყველა პროცედურა იმისათვის, რომ ხორცი შეესხას ჩვენს ინიციატივას მეორე არხთან დაკავშირებით. რაც გულისხმობს შესაბამისი მრჩეველთა საბჭოს ფორმირებას, რომელიც პარლამენტთან და ევროპელ მრჩევლებთან ერთად იმუშავებს მეორე არხის პოლიტიკური ტრანსლაციების არხად დროულად ჩამოყალიბებაზე. ეს იქნება პოლიტიკური მაუწყებლობის მაღალი დონის არხი, რომლის საშუალებით ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი სუბიექტი, მათ შორის, ყველაზე პატარაც კი, საკუთარ ნააზრებს ფართო საზოგადოებას გაუზიარებს, იქნება ღია დისკუსია.
თუმცა ამ მნიშვნელოვანი რეფორმების ფონზე, მინდა ხმამაღლა განვაცხადო, ჩვენ არ დავუშვებთ ჟურნალისტების დევნას და ფიზიკურ შეურაცხყოფას. მათი ლანძღვის, პიროვნული ტერორის, ზემოქმედების, ძალადობის უამრავი ფაქტი იყო. ყველაზე სამარცხვინო რამ, რაც კი ოდესმე მინახავს, ეს იყო სირცხვილის დერეფანი, რომელიც ჩვენი საამაყო ჟურნალისტებისთვის მოაწყო სამარცხვინო ხალხმა. დიდი მადლობა მინდა ყველა ჟურნალისტს გადავუხადო, მათ შორის, ყველაზე რადიკალურად განწყობილსაც, გამბედაობისთვის, გამძლეობისთვის და იმისათვის, რომ არც ერთ მათგანს არ შეშინებია და არ მოუხრია ქედი ამ და უკანონობის წინაშე.
ამასთან, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ მედიის თავისულება გულისხმობს გარკვეულ პასუხისმგებლობებს. თავისუფალი მედია გადასცემს იმას, რისიც მას სჯერა, მაგრამ იგი არ ლანძღავს, არ შეურაცხყოფს, არ ამცირებს, არ აწყობს შეთქმულებებს.
მე არ ვსაუბრობ ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ გამოთქმულ შეურაცხყოფებზე, მე დიდი ხანია მივეჩვიე, რომ ყურადღება არ მივაქციო ამას. ამაზე ჩემს 13 წლის შვილსაც ეცინება. ახალგაზრდა თაობა მშვიდად ეკიდება მსგავს ფაქტებს და ტყუილად ჰგონია ზოგიერთს, რომ ვინმეს ფსიქოლოგიურ ტერორს მოუწყობენ. ჩემთვის სრულიად მიუღებელია ის ფსიქოლოგიური ტერორი, რომელიც განხორციელდა ამ დარბაზში მსხდომი თუნდაც ცალკეული ოპოზიციური ლიდერის მიმართ.
ასე ვერც შორს წავალთ და ვერც მედიის თავისუფლებას მივაღწევთ.
ჩვენ უნდა დავასრულოთ შეურაცხყოფა და დამცირება, ჩვენ უნდა დავასრულოთ სამოქალაქო ომის რიტორიკა.
ჩემო ძვირფასო თანამოქალაქენო, ნუთუ არ ფიქრობთ, რომ ჩვენ უამისოდაც ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს? დარწმუნებული ვარ, არავის დავიწყნია, რომ უცხო ქვეყნის დამპრობელი ჯარი დგას ჩვენ მიწაზე - თბილისიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში, რომ ნამდვილი ომი უკვე წარმოებს ჩვენი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. ეს ომი არათუ არ დამთავრებულა, როგორც ზოგიერთებს ჰგონიათ. ლაპარაკობენ წაგებულ ომზე, მაგრამ ეს ომი წაგებული არ არის, ვიდრე ჩვენ ვდგავართ და ვიცავთ საქართველოს თავისუფლებას, ვიდრე საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა ფრიალებს ამ შენობის თავზე, ვიდრე ჩვენ არ მოგვიწერია ხელი რაიმე კაპიტულანტურ ხელშეკრულებაზე, როგორც ეს საქართველოს რამდენიმე უთავმოყვარეო ლიდერმა გააკეთა.
ნუთუ ეს არ არის დრო, როდესაც ჩვენ ყველას მოგვეთხოვება, რომ გამოვავლინოთ უფრო მეტი ერთიანობა და ცივილურობა?
მე არავის მოვუწოდებ, რომ დაფარონ თავისი შეხედულებები, გრძნობები და ბრაზი. პირიქით, აზრთა სხვადასხვაობა დემოკრატიის მთავარი ღირსება და მახასიათებელია. მაგრამ მოდით, ვაკეთოთ ეს მეტი პასუხისმგებლობით და ურთიერთპატივისცემით.
თუ გამოდიხარ ლოზუნგით, რომ დაგიბრუნონ ღირსება, მინიმუმ სხვას არ უნდა წაართვა ეს ღირსება. თუ ითხოვ პატივისცემას, უნდა გახსოვდეს, რომ უნდა გასცემდე პატივისცემას. ცალმხრივი არც ღირსება არსებობს და არც პატივისცემა.
მეხუთე, მე შეიძლება მქონდეს უთანხმოება ოპოზიციასთან უამრავ საკითხზე, მაგრამ მჯერა, რომ ყველა ქართველს უყვარს საქართველო, ყველა ქართველს ესმის, თუ რა საფრთხეების წინაშე დგას ქვეყანა და ცდილობს აარიდოს განსაცდელი სამშობლოს.
აქედან გამომდინარე, მინდა განვაცხადო, რომ უკვე მიმდინარე თვიდან, ჩვენ დავიწყებთ უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომების ჩატარებას, რომელშიც მოვიწვევთ ოპოზიციური პარტიების ლიდერებსაც, რათა აქტიური მონაწილეობა მიიღონ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში და ამ პოლიტიკისთვის ერთიანი სტანდარტების შემუშავებაში.
რაგინდ დიდიც არ უნდა იყოს ჩვენი შიდა პოლიტიკური განსვავებები, ჩვენი ვალია, რომ გარეშე მტრის წინაშე ჩვენ ყოველთვის ვიყოთ ერთ მუშტად შეკრული და გაუტეხელი ერი.
მინდა დღეს ვთქვა - საქართველოს ჰყავს მტერი და ჩვენი ქვეყნის მტერი არის ის, ვისაც ამ ქვეყნის ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და საქართველოს მთლიანად განადგურება უნდა. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, მტრობა გაქრეს და ჩვენი ხალხები იყვნენ ახლოს, მაგრამ მტრობა გაქრება არა ერთმორწმუნეობაზე უაზრო ლაპარაკით - ეკლესიები ინგრევა აფხაზეთში, არა კულტურათა დიალოგზე ლაპარაკით, როცა 500 ათასი დევნილი ვერ ბრუნდება საკუთარ სახლებში, მათ შორის, კულტურის მოღვაწეები; არა მეცნიერებსა და საზოგადოებას შორის დიალოგებზე - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მრავალეთნიკური საზოგადოება ფეხქვეშ არის გათელილი, მათ შორის, ეთნიკური ოსები და ეთნიკური აფხაზები; არამედ მტრობა დამთავრდება და მეგობრობა დაიწყება იმ მომენტიდან, როდესაც უკანასკნელი უცხოელი ჯარისკაცი დატოვებს საქართველოს ტერიტორიას. ამაზე ნურავის ილუზია ნუ ექნება.
ჩემო ძვირფასო თანამემამულენო,
ბოლო სამი თვის განმავლობაში, მთავრობამ და პარლამენტმა ბევრი იშრომა იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერს ჰქონოდა უფლება და შესაძლებლობა, რომ შეუფერხებლად გამოეხატა საკუთარი პროტესტი თუ განსხვავებული აზრი, როგორც მედია საშუალებებით, ასევე სახელმწიფო დაწესებულებებსა თუ ჩვენი ქალაქის ქუჩებში.
ამ დროის განმავლობაში, ჩვენ თვალი დავხუჭეთ უკანონობაზე იმისათვის, რომ შეგვენარჩუნებინა საზოგადოებრივე სიმშვიდე და მაქსიმალურად აგვეცილებინა თავიდან ძალადობა.
ახლა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევძლოთ საზოგადოებრივი დისკუსიის გადატანა ქუჩიდან პარლამენტში; გალიებიდან სახელმწიფო ინსტიტუტებში; ქაოტური აქციებიდან მოწესრიგებულ საარჩევნო სისტემაში; უკანონო ვაქჰანალიიდან კანონიერ გარემოში, რაც უზრუნველყოფილია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით და რაც თანაბრად აძლევს საშუალებას ყველა მოქალაქეს გამოხატოს საკუთარი აზრი, მიიღოს საკუთარი გადაწყვეტილება.
მე ძალაში ვტოვებ ჩემს შეთავაზებას ოპოზიციის ერთი ნაწილის მიმართ, რომ დაიბრუნონ ის საპარლამენტო მანდატები, რომელიც მათ ხალხმა მიანიჭა და რომლებიც მათ დახიეს ამომრჩევლის ნების საწინააღმდეგოდ. მეტიც, მე შემოვდივარ პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით, რომ მათთვის დავუშვათ მანდატების დაბრუნება, იმის მიუხედავად აპირებენ თუ არ ისინი დაბრუნებას პარლამენტში. ჩვენ უნდა მივცეთ მათ საშუალება პარლამენტში გამოხატონ საკუთარი პოზიცია და არა ქუჩაში. მათი ამომრჩეველი უნდა დარწმუნდეს, რომ ჩვენ საამისოდ ყველაფერს ვაკეთებთ. პარლამენტს მოვუწოდებ, რომ დაუჭიროს მხარი ამ ინიციატივას.
დღესაც გამიხარდებოდა, რომ ისინი ამ დარბაზში ისხდნენ. რამდენიმე დღეში თბილისში ჩამოდის ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი. მე გავესაუბრე ამერიკის წარმომადგენლებს და თუ ჩვენს გამოსვლისას არ მოდიან, ძალიან გამიხარდება, თუ თუნდაც ბაიდენის გამოსვლის დროს მოვლენ მათი წარმომადგენლები. იქნებ ამან მაინც ჩართოს ისინი საპარლამენტო პროცესებში.
დადგა დრო, რომ გავცდეთ ერთმანეთის მიმართ ყვირილის და შეურაცხყოფების პოლიტიკას, წავიდეთ უფრო წინ და დავიწყოთ მუშაობა ხალხის ცხოვრების გასაუმჯობესებლად.
დადგა დრო, რომ მოწოდებებიდან გადავიდეთ საქმეზე, რომ რეფორმაზე ლაპარაკის ნაცვლად დავიწყოთ რეფორმის განხორციელება.
რაც ყველაზე მთავარია, დადგა დრო, მოვუსმინოთ მთელი ჩვენი საზოგადოების ხმას მთელი ჩვენი ქვეყნის მასშტაბით.
როდესაც მე ვითხოვდი და შემდეგ შევძელით დაგვეწყო დიალოგის პროცესი, მე ვგულისხმობდი დიალოგს არა მარტო პოლიტიკოსებთან, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ხალხთან.
დიალოგს არა მხოლოდ უმცირესობასთან, რომელიც თბილისში გამოხატავდა პროტესტს, არამედ დიალოგს საქართველოს დანარჩენ 95 პროცენტ მოსახლეობასთან მის ყველა რეგიონში.
ხალხთან, რომლებიც ძალიან ბევრს შრომობენ და იბრძვიან იმისათვის, რომ უზრუნველყონ თავიანთ ოჯახები ამ ძნელბედობის ჟამს, რომლებიც შეიძლება ვერ ახერხებენ სხვაზე ხმამაღლა ყვირილს ან სხვაზე გამოსაჩენ ადგილას დადგომას, მაგრამ რომელნიც სხვაზე არანაკლებად იმსახურებენ რომ იყვნენ შესმენილნი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ ახდენენ მაგისტრალების, ქუჩებისა და დაწესებულებების ბლოკირებას; მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ არიან პოლიტიკურად ორგანიზებული.
ახლა არის დრო, რომ ქართველმა ხალხმა თავად განსაზღვროს საკუთარი პრიორიტეტები რეფორმების იმ ახალი ეტაპისათვის, რომელსაც ჩვენ ვიწყებთ.
ამიტომ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დღეს აქ მოვედი არის ის, რომ გამოვაცხადო დიდი სახალხო დიალოგის დაწყება. დიალოგისა, სადაც ჩვეულებრივი ხალხი ისაუბრებს თავიანთ პრიორიტეტებზე გლდანიდან უშგულამდე, თუშეთიდან აჭარამდე, ლეჩხუმიდან-ასპინძამდე.
ხვალიდან, ჩვენი დეპუტატები და მინისტრები, გამგებლები და გუბერნატორები, მერები და საკრებულოს წევრები, ყველანი, ვინც ჩემთან ერთად მუშაობს, დაიწყებენ სიარულს საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში, რათა მოუსმინონ ხალხს და გაიგონ მათი სატკივარი. მართალია, ამას ხშირად ვაკეთებთ, მაგრამ ახლა ორგანიზებული ხასიათი უნდა მიეცეს. ჩაატარებენ შეხვედრებს სააქტო დარბაზებსა და სკვერებში, კულტურის სახლებში და სკოლებში, თეატრებსა და სტადიონებზე, რათა სახელმწიფოს მოქმედების პრიორიტეტები თანხვედრილი იყოს ჩვენი ხალხის საჭიროებებთან და ჩვენი პრიორიტეტები განსაზღვრული იყოს ჩვენი მრავალეთნიკური საზოგადოების მიერ.
მე ასევე მოვუწოდებ ოპოზიციურ დეპუტატებს, რომ შემოუერთდნენ ამ ინიციატივას.
ჩემი ამოცანაა, რომ ჩვენი თანამოქალაქეების ხმა იქნას შესმენილი. ყველა სახელმწიფო მოხელე უნდა გრძნობდეს, რომ მთავარი მოთხოვნა ხალხის მოთხოვნაა. ხალხისა, ვინც შრომობს, იღწვის, ქმნის ეროვნულ დოვლათს სოფლად თუ ქალაქად; ცდილობს გაუძლოს უმუშევრობას, შეინახოს ოჯახი და გადალახოს სირთულეები.
21 ივლისიდან 10 სექტემბრამდე, ჩვენი მოქალაქეები მთელი საქართველოს მასშტაბით, მეღვინეები და მშენებლები, მეგზევეები და სოფლის მეურნეები, მასწავლებლები და ექიმები, უმუშევრები და დასაქმებულები, პენსიონრები და სტუდენტები, ჩამოაყალიბებენ საკუთარ პრიორიტეტებს.
მთავრობა, დეპუტატები, სახელმწიფო მოხელეები და პრეზიდენტი მოვუსმენთ მათ, როგორც ქუთაისში, ასევე წნორში, როგორც ვაკეში, ასევე ვარკეთილში.
ჩვენ ახალ ქვეყანას ვაშენებთ და მასში არ იქნებიან პრივილეგირებული ერთეულები. მასში არ გაისმება ხმა, რომელიც სხვა ხმაზე უფრო მეტად ფასობს, მასში არ იარსებებს საზოგადოების ისეთი ნაწილი, რომელსაც სხვაზე მეტად მოუსმენენ.
საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში ხალხის მიერ ჩამოყალიბებული პრიორიტეტები თავს მოიყრის საერთო სახელმწიფო ხედვაში, რომელსაც ჩვენ წარვუდგენთ მთავრობას და გახდება მისი სამოქმედო პროგრამა.
მე მივალ ყველგან და შევამოწმებ, თუ რამდენად შეესაბამება რეფორმები ხალხის მოთხოვნებს ადგილებზე და მოგიწოდებთ, რომ თქვენც ჩემთან ერთად აქტიურად ჩაერთოთ ამ საქმეში.
ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ საქართველო აღარ არის თავად-აზნაურების ქვეყანა. საქართველო აღარ არის საბჭოთა ელიტების ქვეყანა.
საქართველო არის ქვეყანა, სადაც არავინ არის სხვაზე მნიშვნელოვანი მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ამა თუ იმ ქალაქელი თუ უბნელია.
თუ გვინდა, რომ ავაშენოთ ძლიერი საქართველო, ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ თანაბრად ვიზრუნოთ მთელს ქვეყანაზე, თანაბრად მოვუსმინოთ ყველა ქართველს, ყველა ეთნოსის წარმომადგენელს.
მაქსიმალურად მოვახდინოთ განვითარების დეცენტრალიზაცია ისე, რომ ყველა რეგიონსა და ქალაქს მიეცეს წინსვლის თანაბარი საშუალებები.
ამ თვალსაზრისით, მე ნაწილობრივ მივესალმები და მინდა გამოვეხმაურო დასავლეთ საქართველოდან შემოსულ ათეულ ათასობით ადამიანის ხელმოწერილ ინიციატივას, რომ ქუთაისი თბილისთან ერთად გადაიქცეს საპარლამენტო ქალაქად.
პარლამენტის მთლიანად გადატანა არ შეიძლება, რადგან პარლამენტი მთავრობასთან არის კავშირში. ჩვენ არ ვართ ჰოლანდია, სადაც დედაქალაქია ამსტერდამი, თუმცა ყველაფერი განლაგებულია ჰააგაში. მაგრამ შესაძლებლად მიმაჩნია ბრიუსელისა და სტრასბურგის მოდელის განხილვა. ყველა საკომიტეტო სამუშაო დავტოვოთ თბილისში, რათა მან შეინარჩუნოს საპარლამენტო კონტროლი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, მაგრამ პლენარული სხდომები გაიმართოს ქუთაისში.
ქუთაისი საქართველოს გეოგრაფიული ცენტრია და დეპუტატები უფრო მეტად შეძლებენ რეგიონებთან კავშირის შენარჩუნებას, რაც ძალან მნიშვნელოვანია.
ეს სრულიად ახალ სიცოცხლეს შეიტანს ქუთაისში, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, გამოაცოცხლებს ადგილობრივ ეკონომიკას.
ბევრი სკეპტიკური აზრის მიუხედავად, ჩვენ გავაკეთეთ საკონსტიტუციო სასამართლო ბათუმში, პარლამენტი იქნება თბილისსა და ქუთაისში და სამომავლოდ გვაქვს შემონახული ძალზე მნიშვნელოვანი ფუნქციები, რომლებიც შემდგომ აუცილებლად განხორციელდება სოხუმში - მე ამაზე ნამდვილად არ ამიღია ხელი და ამაზე უარს არ ვიტყვი!
უნდა გვესმოდეს, რომ განვითარება უნდა გადანაწილდეს მთელ ქვეყანაში. საქართველოს დედაქალაქი ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეკონომიკურად, პოლიტიკურად და დემოგრაფიულად სულ უფრო და უფრო ემსგავსება თავკომბალას. ეს აფერხებს თბილისის ეკონომიკურ განვითარებას, ეკონომიკურ პრობლემებს უქმნის, უპირველესად, თბილისის მოსახლეობას. დედაქალაქი არის თბილისი, მაგრამ თბილისს მაქსიმალური საშუალება უნდა ჰქონდეს იყოს თავისუფალი ზედმეტი ფუნქციებისა და ტვირთისგან.
ჩვენი განვითარების მოდელი არ უნდა იყოს ერთი ქალაქის, ერთი ქუჩის, ერთი უბნის, ერთი სოფლისა და ერთი რეგიონის განვითარებაზე აგებული. ჩვენი ქვეყანა ისედაც პატარაა და მისი პრივილეგირებულ და არაპრივილეგირებულ, ცოცხალ და მკვდარ, ხმაურიან და დადუმებულ ნაწილებად დაყოფა დამღუპველი იქნება.
ჩვენ არა გვაქვს ფუფუნება ერთს ვუსმინოთ და მეორეს არა; ერთის აზრი გავითვალისწინოთ და ათასის არა; დავყოთ საზოგადოება ეთნიკური ნიშნით, ან განვავსხვავოთ ადამიანები იმის მიხედვით თუ ვინ არის ქალაქელი და ვინ არის სოფლელი.
სწორედ ამიტომ ვიწყებთ დიდ სახალხო დიალოგს, რაც ნიშნავს დიალოგს მთელს საქართველოსთან, ნიშნავს ხალხის მოსმენას და მისგან დავალების მიღებას.
რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებლად გაგრძელდება დიალოგი პოლიტიკურ პარტიებს შორის.
მაგრამ ჩვენ ეს დიალოგი რეალობად უნდა ვაქციოთ არა მხოლოდ ლაპარაკით, არამედ კონკრეტული ქმედებებით, კონკრეტული რეფორმებით, იმ ნაბიჯებით რაც მე ამ მოხსენებაში წარმოგიდგინეთ.
ეს დიალოგი რეალობად უნდა ვაქციოთ არა მარტო საზოგადოების ერთი პოლიტიკურად აქტიური ნაწილის მოსმენით, არა მარტო რამდენიმე პოლიტიკურ ლიდერთან ლაპარაკით, არამედ მთელს ქვეყანასთან საუბრით, მთელი საზოგადოების მოსმენით, მთელი საზოგადოების ჩართულობით.
ეს პროცესი ჩვენ შეგვიძლია გადავაქციოთ დიდი ტალღად, ტალღად, რომელიც ჩვენი რეგიონებიდან და სოფლებიდან წამოვა ისევე, როგორც ვარდების რევოლუცია და ხელისუფლებამდე მოიტანს ხალხის ხმას და საჭიროებებს.
ტალღად, რომელიც მოგვცემს საშუალებას განვვითარდეთ წარსულიდან მომავლისკენ, გავაუმჯობესოთ ჩვენი სოციალური, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პოლიტიკა.
ტალღად, რომელიც გააძლიერებს ჩვენს დემოკრატიას. რომელიც დამკვეთის როლში ჩააყენებს ჩვენს საზოგადოებას.
დიდი სახალხო დიალოგი შეგვიძლია ვაქციოთ ახალ დიდ დემოკრატიულ ტალღად საქართველოში.
ამიტომ მე მოვუწოდებ ყველა ჩვენს მოქალაქეს, რომ აქტიურად ჩაერთოთ სახალხო დიალოგის ამ დიდ პროცესში - ილაპარაკეთ, მოითხოვეთ, გააკრიტიკეთ.
მოდით, ერთად დავძლიოთ წინააღმდეგობები. მოდით, ერთად ვიაროთ ჩვენი საერთო ოცნებებისკენ. ერთად ავაშენოთ უფრო დემოკრატიული, თავისუფალი საზოგადოება. ერთად გადავდგათ კონკრეტული და თამამი ნაბიჯები რეფორმისაკენ, რაც მოგვცემს საშუალებას დავძლიოთ სირთულეები და გავაძლიეროთ ჩვენი საყვარელი, ერთადერთი და განუმეორებელი ქვეყანა - საქართველო.
დიდი მადლობა!
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური