საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დევნილ ბავშვებს შეხვდნენ
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
ბატონო ვიცე პრეზიდენტო ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ თქვენ საქართველოს პარლამენტში ნამდვილად ისტორიული განცხადება გააკეთეთ.
მე გულწრფელად შემძრა ამ გამოსვლამ.
ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის.
ძალიან ცოტა ადამიანს თუ შეუძლია წინასწარ დაწერილი ტექსტის გარეშე, პირდაპირ, მოუმზადებლად ილაპარაკოს.
ეს იყო ნამდვილად ისტორიული მოვლენა იმიტომ, რომ ჩვენ გამოვაცხადეთ ჩვენი დამოუკიდებლობა და თქვენ სწორედ იმაზე ლაპარაკობდით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყოველივე ეს.
ბავშვებო, მინდა გითხრათ, რომ თითოეული ჩვენგანი, პირადად მე, თქვენს წინაშე ძალიან დიდ ვალში ვართ, რადგან აქ ხართ ბავშვები თამარაშენიდან, კეხვიდან...
მე კარგად მახსოვს ჩვენი იმ დროინდელი შეხვედრები, როდესაც მე დავდიოდი თქვენთან.
ჩვენ ყველა ერთად ვლაპარაკობდით იმაზე, რომ ჩვენი პრობლემების მოგვარების ერთადერთი გზა იქნებოდა მშვიდობა.
ალბათ, გახსოვთ ჩემი ჩატარებული გაკვეთილი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ყველაზე დიდი მეფეები მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული ეთნიკურ ოსებთან. გიყვებოდით იმის შესახებ, რომ ოსები და ქართველები საქართველოში ყოველთვის ცხოვრობდნენ ერთად.
თქვენი სოფლები არ იყო ეთნიკურად ქართული სოფლები, რადგან იქ სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ.
ყველანი ჩვენ ქართველები, მაგრამ სხვადასხვა გვარის ადამიანები ვართ. თამარაშენში ჩვენ ავაშენეთ ძალიან ლამაზი, შუშის კინოთეატრი, გავაკეთეთ დიდი გასართობი პარკი, დისკოთეკა, ფულს ვხარჯავთ იმისთვის, რომ უცხოეთიდან ძალიან ცნობილი როკ-ჯგუფები ჩამოვიყვანოთ.
მეორე მხარეს იდგნენ ავტომატიანი ხალხი და აქეთ იდგნენ ეს როკ-ჯგუფები. თქვენთან ერთად იქ მეც ვიყავი, ჩვენ ვმართავდით კონცერტებს და ეს იყო დისკოთეკის დიპლომატია.
საბოლოოდ, ეს სროლა არ ყოფილა ეთნიკური ოსების დაწყებული, ეს იყო უცხოური დამპრყრობელის მიერ განხორციელებული რამ, რამაც ფეხქვეშ გათელა ქართველების, ეთნიკური ოსების და ყველა სხვა ეთნიკური ჯგუფების ინტერესები.
ჩვენ დროებით დავკარგეთ კონტროლი, მაგრამ არ დაგვიკარგავს ჩვენი სოფლები და ხეობები.
ვიდრე საქართველოში თავისუფლების სული ტრიალებს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და ამის შესახებ ვიცე-პრეზიდენტიც საუბრობდა - უნდა მოხდეს საქართველოს მშვიდობიანი გაერთიანება.
ჩვენ დაგვინგრიეს კინო თეატრები, დაგვინგრიეს დისკოთეკები, დაგვინგრიეს ჩვენი აშენებული სკოლები და საავადმყოფოები, მიწასთან გაასწორეს ბევრი თქვენგანის სახლი, მაგრამ ჩვენში ვერ მოსპეს მთავარი რამ - ადამიანობა, ჰუმანურობა სხვა ეთნიკური ჯგუფების მიმართ თავისუფლებისა და ჩვენი ქვეყნის სიყვარული. ბოდიშს ვიხდი გრძელი შესავლისთვის, მაგრამ მინდა იცოდეთ რომ ჯო ბაიდენი საქართველოში ჩამოვიდა ჩვენს დასახმარებლად მაშინ, როცა ჩვენ გვბომბავდნენ.
მე არ ვიცოდი, მან თავად თქვა, რომ ბევრი ურჩევდა საქართველოში არ ჩამოსულიყო, მით უმეტეს იმ პერიოდში, როდესაც მისი პოლიტიკური ბედი წყდებოდა და ამერიკაში მის ყოფნას ყოველ წუთს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
იმ წუთში მან კარიერაზეც უარი თქვა, ეს მისთვის შეიძლება არც იყო პოპულარული, მაგრამ მაინც ჩამოვიდა ჩვენს დასახმარებლად. იგი ჩამოვიდა მაშინ, როდესაც თბილისში შემოფრენა სასიცოცხლო რისკთან იყო დაკავშირებული.
ამას იმიტომ ვამბობ, რომ იგი ძალიან არაფორმალური და უშუალო ადამიანია.
მე აქ საბჭოთა დროს წითელი ყელსაბამი მეკეთა და პიონერთა სასახლის ერთ-ერთი მოსწავლე ვიყავი და მახსოვს, რომ ჩვენთან ჩამოყავდათ უცხოელი პრეზიდენტები. ჩვენ ყველას დაგვამწკრივებდნენ ხაზზე, ლაპარაკი მათთან არ შეიძლებოდა - მათთვის პიონერულ სალამთან ერთად თითო ყვავილი უნდა მიგვეცა. ისინიც შორიდან გაგვიღიმებდნენ, ხელს დაგვიქნევდნენ და წავიდოდნენ.
ახლა ჩვენ სხვა ქვეყანა ვართ. მაშინ საბჭოთა კავშირი იყო ჩვენი პატრონი, მის ხელმძღვანელებს მოჰყავდათ აქ მათი სტუმრები, ჩვენ კი გარეშე დამსწრეები ვიყავით.
ახლა ეს ქვეყანა გეკუთვნით თქვენ, ეს ადამიანი კი, უპირველეს ყოვლისა, არის თქვენი, ქართველი ხალხის სტუმარი. ამიტომ, ჯერ სტუმარმა გვითხრას რაიმე, ხოლო შემდეგ დაუსვით ნებისმიერი კითხვა, მოუყევით მას თუკი რამე გაქვთ სათქმელი და იყავით მაქსიმალურად გახსნილი, ისევე როგორც ჩემთან. საქართველოში ყველა ბავშვი მეძახის მიშას და მელაპარაკება შენობით.
მე ჩვენი პატარა ქვეყნის პრეზიდენტი ვარ, ჯო ბაიდენი კი, ზესახელმწიფოს ვიცე პრეზიდენტი. მაგრამ იგი კიდევ უფრო უშუალოა, ვიდრე მე.
ამიტომ შეგიძლიათ გაუშინაურდეთ და ყველაფერი უთხრათ მას.
გმადლობთ!
ჯო ბაიდენი: ნება მიბოძეთ ბოდიში მოგიხადოთ იმის გამო, რომ ქართული ენა არ ვიცი. შესაძლოა, ზოგიერთ თქვენგანს მოუწიოს დაეუფლოს ინგლისურს, ჩამოვიდეს აშშ-ში და მე მასწავლოს ქართული. ორიოდ სიტყვით გეტყვით, უპირველეს ყოვლისა, პრესას უნდა დაეტოვებინა ეს დარბაზი, როდესაც ჩვენ მივიდოდით კითხვა-პასუხებამდე. მაგრამ ბედნიერი ვარ, ვუპასუხო თქვენს შეკითხვებს და პრესის წინაშე ვილაპარაკო. მაგრამ თუ გაქვთ რაიმე პირადი სათქმელი და არ გსურთ მითხრათ უამრავი ტელეკამერებისა და ჯურნალისტების თანდასწრებით, გპირდებით, მოგეცემათ ამის დრო. ჩვენ გავაგდებთ პრესას, მოხვალთ ჩემთან და მეტყვით ყველაფერს, რისი თქმაც გსურთ, მაგრამ არ გსურთ იგივე მითხრათ პრესის თანდასწრებით.
თქვენ გამოიარეთ ძალიან მძიმე დრო და ხანდახან, შესაძლოა, გრძნობთ, რომ ვითარება თქვენთვის უკეთესისკენ არ შეიცვლება. დედაჩემი 92 წლის არის და ჩემთან ცხოვრობს. მე ის დღესაც მივლის. დედას ასეთი გამოთქმა აქვს: „ყველაფერი ცუდიდან რაიმე კარგი გამოვა, თუ კარგად ეცდები". მე მყავდა ოთხი შვილი, მაგრამ დიდი ხნის წინათ, როდესაც ახალგაზრდა სენატორი ვიყავი, ჩემი მეუღლე და სამი შვილი ჩემი მანქანით ავარიაში მოყვნენ - დიდი ტრაქტორი შეეჯახა მათ. ჩემი მეუღლე და ქალიშვილი დაიღუპნენ, ჩემი ორი ვაჟიშვილი გადარჩა. თქვენსავით მათაც საშინელება იხილეს; ხალხი ამბობდა, რომ ისინი ვერასოდეს იქნებოდნენ კარგად, ვერ გაიზრდებოდნენ ბედნიერები და ვერ ისიამოვნებდნენ ცხოვრებით, მაგრამ როგორც ჩანს ისინი ბავშვებს არ იცნობდნენ. ყოველივე ცუდი, რაც თქვენ შესაძლოა გინახავთ, თქვენ გაძლიერებთ. არსებობს გამოთქმა ინგლისურში და ალბათ ქართულშიც - „ტრაგედია გაძლიერებთ ან გასუსტებთ". მაგრამ იცით, რომ არსებობს შანსი და ამერიკა ამიტომ არის აქ, აშშ განვითარების სააგენტო ამიტომ იმყოფება აქ. ეს იმიტომ კეთდება, რომ კიდევ ერთი შანსი მოგცეთ. ჩვენ გვჯერა თქვენი, რადგან ის ბავშვები, რომლებიც უბედურებას შეესწრნენ, ძირითადად კარგ ბავშვებად იზრდებიან, ცვლიან თავის ცხოვრებას, და თავიანთი ქვეყნის ცხოვრებას. დაგენიძლავებით, მე ვდგავარ მომავალი პრეზიდენტის, მომავალი დიპლომატის, მომავალი ექიმის, იურისტის, მომავალი ბიზნესმენის წინ. რომელი თქვენგანია პრეზიდენტი? იურისტი? ექიმი?
ბავშვი: ალბათ, როცა გავიზრდები...
ჯო ბაიდენი: რა იქნები? ჟერ არ იცი?
ბავშვი: მე ექიმი მინდა გამოვიდე როცა გავიზრდები.
ბავშვი : მე მინდა გავხდე საერთაშორისო დიპლომატი.
ჯო ბაიდენი: საერთაშორისო დიპლომატი? ყოჩაღ, ძვირფასო. აი, აქ არის ერთ-ერთი საუკეთესო დიპლომატი. უმჯობესი იქნება თუ მე გავჩერდები და მოგისმენთ. ბედნიერი ვარ, მინდა მოგისმინოთ. რა შეკითხვებს დამისვამთ ამერიკაზე? ან რა გსურთ მითხრათ თქვენს ქვეყანაზე?
მიხეილ სააკაშვილი: დაუსვით ნებისმიერი შეკითხვა ან უთხარით ყველაფერი თქვენი ცხოვრების შესახებ.
ჯო ბაიდენი: აბა, მერი, ეს იყო საუკეთესო პასუხი, რაც დიპლომატისთვის შეგეძლო გეთქვა. რა არის შენი პირველი შეკითხვა?
ბავშვი: მე ვარ მერი დურგლიშვილი, ახალგორიდან. მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით. 2008 წელს საქართველოში ომი იყო და მამაჩემი იბრძოდა. მე ძალიან შევშინდი. აღარ მსურს ომი იყოს საქართველოში. მინდა გავხდე საერთაშორისო ჟურნალისტი, რომ დავეხმარო ჩემს ქვეყანას. მინდა ქართველები და რუსები მეგობრები იყვნენ. ჩემი ოცნებაა, დავბრუნდე ჩემს ქალაქში. გმადლობთ.
ჯო ბაიდენი: ვიმედოვნებ, შენი ოცნება აუცილებლად დიპლომატობა კი არ არის, არამედ, შენს მეზობლებთან მშვიდობიანი თანაარსებობაა. ამერიკას სრულებით არ მოსწონს ის, რაც რუსეთმა ჩაიდინა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევწყვეტთ რუსეთთან ლაპარაკს. როცა ლაპარაკს წყვეტ, ერთი არჩევანი რჩება - ეს არის ბრძოლა. უმეტეს ქვეყნებში ხალხი კარგია, ხანდახან ლიდერები არ არიან იმდენად კარგები. ვფიქრობ, შენ გსურს გამოხვიდე საერთაშორისო დიპლომატი და უთხრა ხალხს, რამდენი საერთო აქვთ მათ და არა განსხვავება. ეს ძალიან კარგია. ვფიქრობ არც შენი მამა, არც თქვენი მამები და დედები უნდა წავიდნენ საომრად. ხედავ, ამ პატარა სამკერდე ნიშანს, რომელიც მე მიკეთია? ჩვენს ქვეყანაში მათი დედა ან მამა, ვისი შვილიც ომშია, ამ ნიშანს ატარებს. ჩემი ვაჯიშვილი ახლა ერაყშია, იგი სამხედროა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ იგი დაბრუნდება სახლში და მისი და-ძმაც დაბრუნდება და ერაყი იქნება თავისუფალი. ვერ დაგელოდები ვიდრე შენ საერთაშორისო დიპლომატი გახდები, რადგან ომმა დამღალა.
ჯონ ტეფტი: ვის სურს კიდევ კითხვის დასმა? თქვენს უკან ბატონო ვიცე პრეზიდენტო... უპირველესად თქვენი სახელი გვითხარით.
ბავშვი: გამარჯობა, მე ნიკა მქვია. მე 13 წლის ვარ და ვარ ერედვიდან. უპირველესად, მე მსურს მოგიყვეთ ჩემი სოფლის შესახებ, თუ რა მშვენიერი იყო ჩემი სოფელი. ყველა ჩვენგანს გვსურს დავბრუნდეთ საკუთარ სოფლებში. ახლა, როდესაც ჩემი მეგობრების, ჩემი სახლის, ჩემი ნათესავების გარეშე ვარ, ძალიან მარტოსულად ვგრძნობ თავს ამ დიდ ქალაქში. ჩემს სოფელში ვცხოვრობდი პატარა სახლში, რომელიც, რა საკვირველია, ჩემთვის უკეთესი იყო, ახლა კი ვცხოვრობ ისეთ დიდ ქალაქში, როგორიც თბილისია. ეს დიდი სამყაროა ჩემთვის და რთულია. ჩემი მეორე ოცნება არის ვიყო ბანკირი და ვაპირებ ძალიან, ძალიან ბევრი ვისწავლო, წავიდე ამერიკაში და შევიქმნა მყარი საფუძველი ჩემი მომავლისათვის და ჩემი ოცნებებისათვის.
ჯო ბაიდენი: ძალიან შთამბეჭდავი ხარ, რამდენი წლის ხარ?
ბავშვი: ცამეტის.
ჯო ბაიდენი: ცამეტი წლის ხარ. როდესაც მე ვიყავი ცამეტი წლის, ისე შემეშინდებოდა ამდენი კამერის, ამერიკის ვიცე პრეზიდენტის და ჩემი ქვეყნის პრეზიდენტის წინ დგომა, ვერც კი შევძლებდი ლაპარაკს. სერიოზულად გეუბნები.
მიხეილ სააკაშვილი: მათ ასევე შეუძლიათ ქართულად დაგისვან შეკითხვები.
ჯო ბაიდენი: ნება მომეცით სწრაფად გიპასუხოთ: სამარცხვინოა, საშინელია, რაც თქვენს სოფელს დაემართა და მწამს, რომ ერთ მშვენიერ დღეს შენ დაიბრუნებ შენს სოფელს და შეძლებ შენს ნათესავებთან ერთად ყოფნას. მაგრამ შენ გაქვს მაგალითი, რასაც დედაჩემი მეუბნება: „ცუდიდან, რაიმე კარგს გააკეთებ". ორ რამის იმედი მაქვს: ერთი, რომ შენ დაიბრუნებ შენს სოფელს და მეორე, ჩამოხვალ ამერიკაში, მე გპირდები, შენ ჩამოხვალ ამერიკაში, შეძლებ ჩემთან მოსვლას და ჩემს ნახვას თეთრ სახლში, კარგი? დამპირდი! მადლობთ!
ბავშვი: მე ვარ ლიკა სიგუა, თხუთმეტი წლის. ორი შეკითხვა მაქვს: პირველი, მე იმ დღეს დავიბადე, როდესაც სოხუმი დაეცა, 1993 წლის 26 სექტემბერს. მსურს მქონდეს ურთიერთობა აფხაზ ბავშვებთან და უფროსებთანაც. მინდა ვიცოდე, რისი გაკეთება შუძლია ახალ თაობას ამ პრობლემის გადასაჭრელად?
ჯო ბაიდენი: ნება მომეცი ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა მოგცე, რაც შენ ამ პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარება. ეს უნდა მოხდეს ისე, რომ არავინ აღარ დაიღუპოს და არავის არ მოუხდეს საკუთარი საცხოვრებლების დატოვება. ერთი გზა, რითიც შეიძლება აფხაზეთს და ოსეთს ისევ მოუნდეს თქვენთან დაბრუნება, არის დამოკიდებული თქვენს წარმატებაზე და აგიხსნით რატომ: შენ მშვენიერი პატარა გოგო ხარ, როდესაც გაიზრდები, მიიღებ კარგ განათლებას და იქნები წარმატებული, შენ შეგეძლება უკეთესი გარემო შექმნა შენს ქვეყანაში. როდესაც აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან გამოიხედავენ და დაინახავენ, რომ საქართველო აყვავებულია, როდესაც გაიხედავენ ჩრდილოეთით და დაინახავენ, რომ რუსეთში არ არის იგივე შესაძლებლობები, ისინი ერთმანეთს ეტყვიან, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა: „მე მინდა საქართველოში ცხოვრება". ასე რომ, ყველაზე მეტი რაც შეგიძლია გააკეთო, არის ის რომ იყო წარმატებული. შენი მაგალითი შეცვლის იმ ხალხის აზროვნებას, ვინც აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში დარჩა. მე არ ვცდილობ მხოლოდ კარგი სიტყვები გამომივიდეს, მე სიმართლეს ვამბობ. ხომ გახსოვთ, როგორ დაეცა ბერლინის კედელი, როგორ მშვიდობიანად დაიშალა საბჭოთა კავშირი? ყველა ის ხალხი, ჩეხოსლოვაკიაში, რომელიც აღარ არსებობს, და ყველა ის ხალხი საქართველოში, უკრაინასა და პოლონეთში, ისმენდა რადიო თავისუფლების ხმას. ყველა ეს ხალხი აღმოსავლეთ ბერლინში ხედავდნენ იმ შესაძლებლობებს, რაც დასავლელებს გააჩნდათ, ხედავდნენ მათ თავისუფლებას, მათ შესაძლებლობებს, ისინი ცხოვრობდნენ ლამაზ ბინებში და მათ თქვეს: „მე მინდა ეს". ვერანაირი ტანკები და თვითმფრინავები ვერ შეაჩერებს იმ ხალხს, ვისაც თავისფლება სურს. ასე რომ, საქართველო უნდა გახდეს წარმატებული, თავისუფალი, შესაძლებლობებით აღსავსე ქვეყანა და ყოველივე ეს ნამდვილად გააერთიანებს მას.
ბავშვი (ლიკა სიგუა): მე კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს. ჩემი და და ძმა, ასევე ჩემი მამა ცხოვრობენ ამერიკაში და მე მაინტერესებს - იციან თუ არა ამერიკელმა ბავშვებმა, რას ნიშნავს იყო დევნილი?
ჯო ბაიდენი: არა, ამერიკელმა ბავშვებმა არ იციან თუ რას ნიშნავს, იყო დევნილი. მაგრამ ნება მომეცით აგიხსნათ: წლების წინათ მილიონობით ამერიკელმა იცოდა თუ რას ნიშნავდა სიტყვა ლტოლვილი. ჩვენ ვართ ემიგრანტების ერი. ჩემი წინაპრები, აქ გადმოვიდნენ, რადგან მათ ბრიტანელები ავიწროებდნენ, რადგან მე არ შემეძლო მათი რელიგიის მიღება, მე რომანული კათოლიციზმის მიმდევარი ვარ. ჩვენ ერთი დიდებული ქანდაკება გვაქვს - თავისუფლების ქანდაკება, რომელიც ნიუ იორკის დოკზე დგას. მილიონობით ხალხი ჩამოდის ჩემს ქვეყანაში დღესაც, რადგან მათ სურთ იყვნენ თავისუფალი. ხალხი, რომელსაც ეთნიკური წმენდა შეეხო კოსოვოში, ბოსნიაში; ხალხი, რომელიც ისჯებოდა საკუთარი რელიგიის გამო მსოფლიოს სხვა ნაწილებში, ყოველმა საშუალო ამერიკელმა ბავშვმა არ იცის რას ნიშნავს იყო დროებით გადაადგილებული. მილიონობით ამერიკელ ბავშვს წარსულში და ახლა ესმის რა არის იმ ქვეყანაში ფულის, ტანსაცმლის და ზოგჯერ ოჯახის გარეშე. მსურს ერთი რამ გითხრათ, რაც ვიმედოვნებ არ გაგანაწყენებთ: ჩემმა ქვეყანამ უამრავი შეცდომა დაუშვა მის ისტორიაში, მაგრამ მე ისე ვამაყობ ჩემი ქვეყნით, რადგან ის ხალხი, ვინც გადმოვიდა ნავებიდან და შემოვიდა სამხრეთ ამერიკიდან, მიიღეს ჩემს ქვეყანაში. ვფიქრობ ერთადერთი ქვეყანა, რომელშიც ხალხი თავიანთ იდენტურობას ორნაირად აღნიშნავს, ამერიკაა. თუ თქვენ, თქვენნაირ ახალგაზრდას ამერიკაში ჰკითხავთ: „წარმოშობით ვინა ხარ"? იცი ის რას გიპასუხებს? „მა ვარ ქართველი ამერიკელი; ან მე ვარ ირლანდიელი ამერიკელი; ან იტალიელი ამერიკელი, ან ირანელი ამერიკელი, ინდოელი ამერიკელი, ჩინელი ამერიკელი, იაპონელი ამერიკელი; აფრიკელი ამერიკელი; ებრაელი ამერიკელი. ისე რომ ჩემს ქვეყანაში, ბევრად უკეთ, ვიდრე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, წინაპრებისაგან იციან, რას ნიშნავს იყო ადგილნაცვალი. და იცით ერთი საოცარი რამ? საოცრებაა ის, რომ ის ხალხი, ვინც გადაადგილდა, მათი შვილები, მათი შვილიშვილები, არიან პრეზიდენტები, ექიმები, იურისტები, დიპლომატები, ფერმერები და მე ვწუხვარ, რომ ასე ხანგრძლივად ვსაუბრობ ამაზე.თუმცა არსებობს რეალური იმედი. უკანასკნელი, რაც მინდა ამერიკაზე, ამერიკელ ხალხზე და ამერიკელ ბავშვებზე გითხრათ: მე ვიყავი თქვენს პრეზიდენტტან ერთად რესტორნის სახურავზე, როდესაც რუსული თვითმფრინავები დაფრინავდნენ თქვენს ტერიტორიაზე და რუსული ტანკები გრუხუნებდნენ თქვენს ქვეყანაში. მე ვუთხარი თქვენს პრეზიდენტს: მე ახლა სახლში წავალ და ვაპირებ მილიარდი დოლარით დაგიბრუნდეთ. იცით რა მოხდა? როცა სახლში ჩავედი, და ჩემს ხალხს თქვენი ტკივილის შესახებ ვუამბე, იცით რა გააკეთეს? მათ მითხრეს, წაიღეთ ჩვენი ფული, მოგვიმატეთ გადასახადები! მათ გამოუგზავნეს მილიარდი დოლარი ქართველ ხალხს. თქვენ ხუთი მილიონი ხართ, და ამერიკელმა ხალხმა მილიარდი დოლარი გამოგიგზავნათ. ჩვენ ვერ ვწყვეტთ თქვენს პრობლემებს, მაგრამ უნდა გაიგოთ, ამერიკელები ზრუნავენ თქვენზე, თქვენზე პირადად, ყველაზე, ასე იქცევა მილიონობით ხალხი მთელ მსოფლიოში. ჩვენ არ ვაპირებთ მიგატოვოთ თქვენ, ეს თქვენთვის მძიმე მოგზაურობაა, მაგრამ გპირდებით ჩვენ არ ვაპირებთ წასვლას. ჩვენ მოუთმენლად ველით როდის აღდგება ყველაფერი თქვენს ქვეყანაში და ყოველი თქვენგანი შეძლებს მშვიდობიან გარემოში ცხოვრებას. ეს ჩვენ გვაწუხებს.
ქეთა ხაზალია: გამარჯობა, მე ქეთა ხაზალია ვარ, 14 წლის ვარ.
ჯო ბაიდენი: საიდან იცით ასე კარგად ინგლისური ენა?
ქეთა ხაზალია: არ ვიცი.
ჯო ბაიდენი: მე შთაბეჭდილების ქვეშ ვარ.
ქეთა ხაზალია: მე თბილისში დავიბადე, მაგრამ სოხუმიდან ვარ. მე მინდა კინორეჟისორი ვიყო და მინდა ფილმი გადავიღო აფხაზების და ქართველების ურთიერთობაზე, იმაზე თუ როგორ ვიცხოვრებდით ერთად.
ჯო ბაიდენი: არსებობს ის ხალხი, ვისაც შეგიძლიათ ამაზე ესაუბროთ. ესენი არიან მსახიობები. ისინი ამბობენ, თითქოს, პრესა და ჟურნალისტები არიან, მაგრამ სინამდვილეში ისინი არიან მსახიობები. მე ეს ნიჭი არა გამაჩნია, მათ კი აქვთ.
ქეთა ხაზალია: მე ვიცი, რომ არსებობს ხალხი, ვინც ხელს უშლის ჩვენს ერთად ყოფნას, რისი გაკეთება შეუძლია ამერიკას?
ჯო ბაიდენი: უპირველესად, მინდა გითხრა იმის შესახებ, რომ შენ გსურს გახდე პროდიუსერი. ყველაზე დიდი ძალა ჩემს ქვეყანაში არის ხელოვნება, პოეზია, ლიტერატურა, ყოველივე ის, რაც იპყრობს ადამიანის ფანტაზიას. ის ასაზრდოებს მათ ოცნებებს და მათ იმედებს. საყვარელო, თუკი შენ მართლა გადაიღებ ამ ფილმს, მხატვრულს ან დოკუმენტურს, და შენ ამაში ჩადებ უდიდეს ძალას, ანახებ მას მთელს მსოფლიოს, მაშინ შეძლებ გააკეთო ყველა დიპლომატზე, პრეზიდენტზე და ვიცე პრეზიდენტზე მეტი საქმე. ამას გულწრფელად ვამბობ. იმიტომ, რომ ხელოვანები ადამიანებს აძლევენ იმედს და არც ერთი ოცნება არ ახდება, თუ არ არსებობს იმედი. ახლა რა შეუძლია ამერიკის შეერთებულ შტატებს დღესდღეობით? ახლანდელ დროსა და იმ დროს შორის, როცა შენ აპირებ გადაიღო დოკუმენტური ფილმი. ის, რომ მთელ მსოფლიოს უნდა დავანახოთ რომ ჩვენ თქვენს გვერდში ვდგავართ და განსაკუთრებით რუსეთს. და თუ ისინი ვერ შეძლებენ შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები, ეს უკვე მათი პრობლემაა. შეიძლება ბევრი თქვენგანი ფიქრობს რომ რუსეთმა ეს ყველაფერი ისე გააკეთა, რომ არავითარი საფასური არ გადაიხადა? მათ უკვე ძალიან დიდი საფასური გადაიხადეს. ისინიც კი, ვინც რუსეთისადმი საკმაოდ ლოიალურნი იყვნენ, ახლა საოცრად მძიმე განცხადებებს აკეთებენ. რუსეთმა თავი მეტ იზოლაციაში მოიქცია, მათ არ გამოიყენეს თავიანთი შესაძლებლობები. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ თქვენს პრეზიდენტს და თქვენს პარლამენტს იმაში, რომ თქვენი ეკონომიკა მეტად განვითარდეს და საქართველო აყვავდეს. ჩვენ შეგვიძლია თქვენ დაგეხმაროთ მიიღოთ უკეთესი განათლება. ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ იმაში, რომ თქვენ შექმნათ საუკეთესო ჯანდაცვის სისტემა, გქონდეთ სამუშაო, რომ საქართველოში იყოს დიდი ეკონომიური ზრდა. იმიტომ საყვარელო, რომ ერთი იმედი, რაც რუსებს საქართველოში შემოჭრისას ჰქონდათ, იყო თქვენი ეკონომიკის ჩამოშლა. მაშინ, ეკონომიურად თუ ძალიან ცუდათ იქნებოდა საქართველოს საქმე, ისინი მოვიდოდნენ და იტყოდნენ, რომ აი, თქვენმა დემოკრატიამ რა გიქნათ, ახლა ისეთი ხალხი უნდა აირჩიოთ, როგორიც ადრე გყავდათ. ისინი გეტყოდნენ რომ დემოკრატია არაფრად ვარგა. ეს ის რთული კონცეფციაა, რომელიც უფროსსაც კი გაუჭირდება გაიგოს. მაგრამ მე მვგრძნობ, რომ თქვენ ამას ბევრ უფროსსზე უკეთ გაიგებთ. დემოკრატიას ძალიან გაუჭირდება ფეხის მოკიდება იქ, სადაც არ არის დიდი ეკონომიური შესაძლებლობები. არის ასეთი ძველი ანდაზა: "ხალხი ვერ ჭამს დემოკრატიას, ისინი ვერ გამოიკვებებიან დემოკრატიით, ისინი ვერ შეაფარებენ თავს დემოკრატიას", მაგრამ აი რა შეიძლება მოხდეს, თუ ჩვენ თქვენს ქვეყანას დავეხმარებით ეკონომიურად და პოლიტიკურად და თქვენი ქვეყანა გაიზრდება, დემოკრატია ღრმად გაიდგამს აქ ფესვებს და მერე ვერავინ შეეცდება შემოვიდეს ამ ქვეყანაში და დაგარწმუნოთ თქვენ, რომ დემოკრატია ცუდი რამ არის. ასე რომ, ერთი რამ, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ არის ის, რომ არ დავეთანხმოთ მათ და მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ, რომ რაც მოხდა არის ძალიან ცუდი. ვუთხრათ მთელს მსოფლიოს, რომ ჩვენ არც ერთ ვითარებაში არ გავუწევთ მათ რეკომენდაციას აღიარონ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ეს არის დამაკმაყოფილებელი პასუხი. ახლა კი თქვენ შეეცადეთ უფრო ადვილი კითხვები დამისვათ და მეც უფრო მოკლედ გიპასუხებთ. მადლობთ, კარგი შეკითხვა იყო.
ბავშვი: გამარჯობათ, ბატონო ბაიდენო, ბატონო ტეფტო, ბატონო სააკაშვილო, მსურს მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რაც თქვით. ჩემი ოცნებაა საერთაშორისო დიპლომატიის და ენების ცოდნა. გასულ ზაფხულს, 28 ივლისს, ჩემი სოფელი იბომბებოდა რუსეთის ბომბებით. ეს იყო საშინელება, ახლა კი ვიმედოვნებ, რომ ჩემი ქვეყანა ერთიანი და მშვიდობიანი იქნება.
მიხეილ სააკაშვილი: არაუშავს, შენ კარგად საუბრობ ინგლისურად, მაგრამ შეგიძლია ქართულად ისაუბრო, ესე იგი რა მოხვდა შენს სოფელში?
ბავშვი: რუსეთის არტილერია ბომბავდა ჩემს სოფელს ორი კვირის განმავლობაში, თავზე სულ ქვები მეცემოდა.
მიხელ სააკაშვილი: ეს ბიჭი ამბობს რომ 28 ივლისს იბომბებოდა მისი სოფელი, რუსები კი ამბობენ, რომ ჩვენ დავესხით მათ თავს 7 აგვისტოს.
ბავშვი: მათ დაანგრიეს ჩემი სახლი და ეს იყო საშინელება. მე ვიმედოვნებ, რომ ამერიკა დაეხმარება ჩემს ქვეყანას და ჩვენ დავბრუნდებით ჩვენს სახლებში. მე მიყვარს ამერიკელები და დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის.
მიხეილ სააკაშვილი: რომელი სოფლიდან ხარ და საიდან იბომბებოდა შენი სოფელი?
ბავშვი: მე ვარ ქემერთიდან და და ის იბომბებოდა ანძისიდან და ჯავადან, სადაც რუსები იდგნენ. 8 აგვისტოს ჩვენ ძალით დაგვატოვებინეს ჩვენი სახლები იმის გამო, რომ რუსების თვითმფრინავები ბომბავდნენ ჩვენს სოფლებს.
ჯო ბაიდენი: დიდი მადლობა და დიდი მადლობა. მე ისეთი ძლიერი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ და შენ ისეთი შთამბეჭდავი ხარ...
ბატონი ტეფტი: ბატონო ვიცე პრეზიდენტო, მე აქ უკანა რიგებში მივატოვე ხალხი, თუ ნებას დამრთავთ, კიდევ ერთ შეკითხვას დაგისვამენ?
რუსუდან კალუაშვილი: გამარჯობათ, მე ვარ რუსუდან კალუაშვილი, ცხინვალის რაიონიდან, სოფელი ქემერთიდან. მე ვარ 13 წლის. მაქვს ერთი შეკითხვა: არსებობს თუ არა ისეთი პროგრამა, რომელიც დაეხმარება ლტოლვილ ბავშვებს სასწავლებლად გაემგზავრონ აშშ-ში და თუ არ არსებობს, მაშინ მე დავიწყებ ასეთი პროგრამის მოძიებას.
ჯო ბაიდენი: არსებობს. ასეთი პროგრამები არსებობს და ვფიქრობ, ეს პროგრამები უფრო და უფრო მასშტაბური გახდება. მე და ბატონი პრეზიდენტი ვსაუბრობდით ამ საკითხზე მის ოფისში, და ვფიქრობთ, რომ უფრო მეტი გაცვლითი პროგრამები უნდა გვქონდეს, იმისათვის რომ ქართველი ბავშვები წამოვიდნენ სასწავლებლად ამერიკაში, მაგრამ ასევე მსურს, რომ ამერიკელი ბავშვებიც ჩამოვიდნენ აქ საქართველოში სასწავლებლად, რათა გაიგონ თუ როგორ ცხოვრობენ ლტოლვილი ბავშვები, იმისათვის, რომ გაიცნონ სხვა ქვეყნის კულტურა და დააფასონ ის, რაც მათ აქვთ და რაც გექნებათ ასევე თქვენც. ასე რომ, სანამ წავალ, დამიტოვე შენი მისამართი და როდესაც ამერიკაში დავბრუნდები, გავარკვევ, თუ რა შესაძლებლობები არსებობს და მოგწერ, კარგი? ვინ არის ეს უმშვენიერესი გოგონა? თქვენმა ღიმილმა მთელი ოთახი გაანათა.
მზეონა კახნიაშვილი: მოგესალმებით, მე მზეონა კახნიაშვილი ვარ, კეხვიდან. ჩემი მიზანია გავხდე ჟურნალისტი და ვწერო საქართველოზე. ჩემი ოცნებაა დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები და დავბრუნდეთ ჩვენ ტკბილ სახლებში. გვაქვს შანსი, რომ ჩვენი ოცნებები შესრულდეს?
ჯო ბაინდები: თქვენი ნებისმიერი შანსი რეალობად იქცევა და ეს ძალიან, ძალიან კარგია. თქვენ ჟურნალსტების ცხოვრება ამ წუთს ძალიან, ძალიან სასიამოვნო გახადეთ. პოლიტიკოსები და ჟურნალისტები დღევანდელ მსოფლიოში მაინც და მაინც დიდი სიმპატიებით არ სარგებლობენ, მაგრამ არსებობდა ერთი ცნობილი ამერიკელი კაცი თომას ჟეფერსონი. მან თქვა, რომ არსებობს ხელისუფლების ოთხი შტო. მან თქვა, რომ ერთი არის თავისუფალი პრესა: „მე რომ შემეძლოს ავირჩიო მხოლოდ ერთი, ავირჩევდი თავისუფალ პრესას". ის საუკუეთესო დარაჯია, რაც ჩვენ გაგვაჩნია თავისუფლებისათვის. ასე რომ, შენ რომ ჟურნალისტი უნდა გახდე ეს ძალიან კარგია, რადგან სიმართლის თქმა პოლიტიკოსებისთვის კარგია და ცუდია, როდესც სიმართლე იმალება. არსებობს ერთი ძველებური ანდაზა: „სიმართლე გამათავისუფლებს". ასე რომ შენ გახდები ჟურნალისტი, იტყვი სიმართლეს და ხალხს გაათავისუფლებ. კარგით, ბოლო შეკითხვა.
მიშა ბერუაშვილი: გამარჯობათ ბატონო ბაიდენო, მე ვარ მიშა ბერუაშვილი. მე ერედვში ვცხოვრობდი, ახლა კი ისანში ვცხოვრობ. მსურს ამერიკაში წავიდე და საერთაშორისო დიპლომატია ვისწავლო. მაგრამ ამისთვის ფული არა მაქვს. მე ასევე ვფიქრობ რომ ნატოში ჩვენი ინტეგრაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან არ გვსურს ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც საფრთხეა. რისი თქმა შეგიძლიათ ამის შესახებ?
ჯო ბაიდენი: ნატოზე, საერთაშორისო დიპლომატად გამოსვლაზე და იმაზე, რომ არ გაქვს საკმარისი ფული, ამერიკაში სასწავლებლად... არ მინდა ჩემი სიტყვები ისე ჟღერდეს, თითქოს ამაყი ამერიკელი ვიყო. ძალიან ბევრი ადგილია მსოფლიოში, სადაც შეიძლება მშვენიერი განათლების მიღება, მაგალითად, ევროპაში და ბევრ სხვა ადგილებში. რადგან ამერიკელი ვარ, ვფიქრობ, რომ საუკეთესოა ამერიკაში, მაგრამ თუ სერიოზულად გეტყვით უამრავი შანსი არსებობს რაზეც მუშაობენ ამერიკელები, ფრანგები, ბრიტანელები, გერმანელები, იტალიელები, ესპანელები. ისინი ეძებენ ახალგაზრდებს, თქვენსავით ახალგაზრდებს, ვისაც არა აქვს ფული. არსებობს მრავალი პროგრამა და შესაძლებლობა ნიჭიერი ახალგაზრდა ბავშვებისათვის, რომ შეძლონ განათლების მიღება ფულის გარეშე. მე მსურს ერთი მაგალითი გითხრათ, გუშინ პრეზიდენტი ისეთი კეთილი იყო, ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის, მშვენიერი ვახშამი გამართა. როდესაც შევედი ამ მშვენიერ ახალ შენობაში შევამჩნიე, რომ იდგა ასევე მშვენიერი როიალი და დავინტერესდი რატომ. პრეზიდენტმა ვახშმობა შემაწყვეტინა და მითხრა: ბატონო ვიცე პრეზიდენტო, მინდა გაგაცნოთ ახალგაზრდა ყმაწვილი. 13 წლის ქართველი ბიჭი, რომელსაც არ ჰქონდა ფული, არანაირი გავლენა, მაგრამ თქვენსავით ჰქონდა დიდი ნიჭი. მისი ნიჭი ფორტეპიანოზე დაკვრაა და მან გაიმარჯვა კონკურსში, პრეზიდენტს და მის მეგობრებს გაუჩნდათ იდეა. ამერიკაში არსებობს ძალიან ცნობილი სამუსიკო სასწავლებელი რომელსაც ჯულიარდი ჰქვია, ის ნიუ იორკში მდებარეობს. მათ მოახერხეს, რომ ამ ახალგაზრდა კაცისთვის მოესმინათ, იმისათვის რომ მას მიეღო სტიპენდია და წასულიყო ჯულიარდის სამუსიკო სასწავლებელში - ერთ-ერთ ყველაზე მეტად ცნობილ მუსიკალურ სკოლაში, მსოფლიოში. ჯულიარდში თქვეს, რომ ამ ყმაწვილს დიდი ტალანტი აქვს. ჩვენ გადავუხდით მას, რომ ჩამოვიდეს სკოლაში, მაგრამ აღმოჩნდა მეორე რამ, მარტო ვერ წავიდოდა. გამოჩნდა ჯგუფი, ქართველი ამერიკელების ჩათვლით, რომელთაც თქვეს - ჩვენ გადავიხდით იმის საფასურს, რომ მან შეძლოს ამერიკაში დედასთან ერთად ჩამოსვლა. მივცემთ საცხოვრებელს, ბინას, გადავუხდით, რომ იაროს ჩვეულებრივ სკოლაში. მას ექნება შანსი იაროს მუსიკალურ სკოლაშიც მხოლოდ იმის გამო, რომ მას აქვს უდიდესი ტალანტი, იგი უახლოესი 10 წელი იცხოვრებს ამერიკაში. იცხოვრებს კარგად, ექნება კარგი საცხოვრებელი პირობები, საკმარისი ტანსაცმელი და მიიღებს ბრწყინვალე განათლებას. მსოფლიოში ტალანტს ეძებენ, ბევრ ბავშვს აქვს დიდი ნიჭი, მაგრამ რა განასხვავებს ორ ბავშვს, ორ ნიჭიერ ბავშვს ერთმანეთისაგან, ძირითადად შანსი და ძალიან, ძალიან ბეჯითი შრომა.
მიხეილ სააკაშვილი: უნდა ვთქვა ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, ამერიკელმა გადასახადების გადამხდელებმა ჩემს განათლებაზე 70-80 ათასი დოლარი დახარჯეს. თქვენ შეხვდით დედაჩემს გუშინ და მაშინ როდესაც იგი იყო კოლეჯის პროფესორი, მას ძალიან დაბალი ხელფასი ჰქონდა. იმ წლებში წარმოუდგენელი იყო ამ ხელფასით არსებობა და მე მას ვუგზავნიდი ფულს, რასაც ჩემი განათლებისთვის ვიღებდი. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ბევრი ხალხი ამ გამოცდილებით.
ჯო ბაიდენი: ნება მიბოძეთ დავასრულო. გპირდებით, თუ იმუშავებთ კარგად და კარგი აკადემიური წარმატება გექნებათ, თქვენ გექნებათ დიდი შესაძლებლობები. შემიძლია გარანტია მოგცეთ, რომ გექნებათ უფასო განათლების საშუალება ამერიკაში? არა. მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ არსებობს უზარმაზარი შესაძლებლობები. მე ბოდიშს გიხდით, რომ უნდა დაგტოვოთ, რადგან ჩემი თვითმფრინავი მზად არის, უბრალოდ გეტყვით, რატომ სურთ ამერიკელებს გადაიხადონ ფული თქვენს განათლებაში. რატომ უნდა სურდეთ გერმანელებს, იტალიელებს, ბრიტანელებს, ფრანგებს, გადაიხადონ ფული თქვენს განათლებაში. ყველაზე დიდი შანსი თავისუფლებისა ამერიკაში, არის ის, რომ დამკვიდრდეს თავისუფლება იქ, სადაც ადრე არ ყოფილა და საუკეთესო შანსი ამისათვის, არის ხელი შეუწყო ამ ხალხის განათლებას, რათა შემდეგ ისინი თავის ქვეყნებში დაბრუნდნენ. თქვენ გყავთ ჭკვიანი და ძალიან ნიჭიერი პრეზიდენტი, მაგრამ მას რომ არ მიეღო ის განათლება, რომელიც მიიღო, იგი ვერ შეძლებდა ურთიერთობას მსოფლიოს ლიდერებთან, იგი იქნებოდა ჭკვიანი, მაგრამ არ იქნებოდა ამავდროულად ასეთ დონეზე განათლებული. მას არ ეცოდინებოდა საკმარისი ან არ ექნებოდა საშუალება განეხორციელებინა ცვლილებები. ჩვენ გვსურს, რომ თქვენ მიიღოთ ამერიკული განათლება, თუ აქ ვერ მიიღებთ. როდესაც წარმატებას მიაღწევთ, ეს ყველას წარმატება იქნება. ვიმედოვნებ, როდესაც თქვენ წარმატებული იქნებით, სხვა ხალხი არ დაგავიწყდებათ. როდესაც ჩემს ასაკს მიაღწევთ, უკან მოიხედავთ და იტყვით - ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ. ხანდახან როდესაც ხალხი წარმატებას აღწევს, ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი თავისით შეძლეს და არ ფიქრობენ, რომ ვიღაცასთან ვალში არიან. ჩვენ ყველა ვალში ვართ ერთმანეთთან. მე ძალიან ამაყი ვარ, რომ აქ მოსვლის და თქვენთან დალაპარაკების საშუალება მომეცით, მე მოგიტანეთ ფრისბები და ცოტა ემენდემსის კანფეტები. ეს არ არის ბევრი, მაგრამ ეს არის სახალისო გზა, იმსათვის რომ გითხრათ, მსურს ბედნიერები იყოთ. მე მართლა მსურს ეს და მსურს წარმატებული იყოთ. მე მილაპარაკია ახალგაზრდებთან მთელს მსოფლიოში და ჩემი ქვეყნის ყოველ ნაწილში, არცერთ მათგანს, ვისაც მე შევხვედრივარ, არა აქვს მეტი ნიჭი და უნარი ვიდრე თქვენ. მე გითხარით, როცა პატარა ბიჭი ვიყავი ასე დგომა არ შემეძლო თქვენსავით. მე ვლაპარაკობდი ასე. როცა სკოლაში მოვინდომე მეთხოვა გოგონასთვის ეცეკვა ჩემთან. შემრცხვა, რადგან ვერ მოვახერხე მეთქვა: მეცეკვები? რადგან კარგად ვერ ვლაპარაკობდი, ხალხს ეგონა, რომ არ ვიყავი ჭკვიანი. ისინი ამბობდნენ, ვერასდროს მივაღწევდი წარმატებას, მაგრამ მე იღბლიანი ადამიანი ვიყავი, მე მყავდა დედა, რომელიც მეუბნებოდა, როგორი ჭკვიანი, როგორი ლამაზი და როგორი კარგი ვიყავი მე. მან რწმენა შთამინერგა. ყველას რაღაც აქვს გადასალახი. არ ვიცნობ ადამიანს, რომელმაც წარმატებას პრობლემის გარეშე მიაღწია. თქვენ ბევრი გაქვთ გადასალახი, იმის გამო რაც მოხდა თქვენს სოფლებსა და ოჯახებში. თქვენ იმდენად ნიჭიერები ხართ, ამას მიზეზად არ გამოიყენებთ, წარმატებას რომ ვერ მიაღწიოთ. ყველას დიდ მადლობას გიხდით, ჩემთვის პატივი იყო თქვენთან ყოფნა, ახლა კი უნდა წავიდე.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური