Google+

სიახლეები

12.10.2009
პრეზიდენტის სასახლეში უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა

პრეზიდენტის სასახლეში უშიშროების საბჭოს გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელსაც არასაპარალამენტო ოპოზიციის ნაწილი და საპარლამენტო ოპოზიცია დაესწრო.

"მოგესალმებით ყველას!

ჩვენი, უკვე ტრადიციად ქცეული უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომის დღის წესრიგი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს სტრატეგიის განსაზღვრაა. ასევე გაგიკეთებთ ანგარიშს გენერალურ ასამბლეაზე ჩვენი წარმომადგენლობის შესახებ.

ჩვენ აქ თქვენგან არანაირი საიდუმლოები არ გვაქვს. თქვენ ხართ როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, რომლებიც თამაშობენ გარკვეულ აქტიურ როლს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

მინდა დავაფასო ძალიან, რომ წინა შეხვედრაზე ჩვენ ბევრ ძალიან მგრძნობიარე საკითხზე ვისაუბრეთ, იმაზე რაც ეხება სახელმწიფო ინტერესებს. იმ სხდომის შემდეგ, ჩვენ იმაზე ვლაპარაკობდით, არ დაგიმალავთ პარლამენტის თავჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, შსს მინისტრი, რომ პრაქტიკულად, ბევრი კონფიდენციალური ინფორმაცია მაშინ თქვენ გაგიზიარეთ

იმ საკითხებში, რაც ეხებოდა სახელმწიფო ინტერესებს, ჩვენს თავდაცვის უნარიანობას, ჩვენს საგარეო პოლიტიკურ კონტაქტებს. მინდა განსაკუთრებით ხაზი გავუსვა იმას,რომ ამას შემდეგ თავლყურს ვადევნებდით და არცერთი ეს ინფორმაცია ღია პრესაში არ გაჟონილა.

ეს ნიშნავს იმას, რომ იქ, სადაც არის სახელმწიფოს ინტერესები, ყველა მონაწილემ გამოიჩინა საქართველოსთვის უჩვეულო სახელმწიფოებრივი სიმტკიცე. მინდა ამისთვის ყველას მადლობა ვუთხრა.

თქვენ გყავთ ხალხი, რომლებიც გვაკრიტიკებს,ზოგიერთი ძალიან მწვავედაც, მაგრამ მთავრი რაც არის უნდა შევძლოთ ძირითად საკითხებზე რაღაც საერთო ჩარჩოს მონახვა და ამ მიმართულებით ვიმუშაოთ. თქვენ იცით, რომ სამინისტროების დონეზე მიდის შეხვედრები.

ყოველთვის არის ხალხი, ვისაც უნდა საქართველოს მტრის პროპაგანდა გაიმეოროს, ეს არის მათი არჩევანი. მე არცერთ პოლიტიკოსს არ ვუწოდებ ძალიან ცუდ სიტყვას,

როგორც არ უნდა გამოიყურებოდეს მათი საქციელი, რადგან მიმაჩნია, რომ ჩვენ ყველანი ქართველები ვართ და ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ.

ყველანი ვართ ჩვენი მრავალეთნიკური ქვეყნის შვილები და ჯობია მკვეთრი გამოთქმებისგან თავი შევიკავოთ, განსაკუთრებით მთავრობამ.

არის ხალხი, ვისაც გონია რომ რადიკალიზმი საბოლოო ჯამში არის ერთადერთი გზა წარმატების. ყოველთვის როდესაც მთავრობამ სცადა ამის გაკეთება, ყოველთვის წავაგეთ.

ალბათ ბევრი თქვენგანის შემთხვევაშიც დაახლოებით იგივე გამოჩნდება. ბევრს აქ აქვს ჩემზე ბევრად მეტი გამოცდილება როგორც პოლიტიკოსს.

როცა ჩვენ ლიტველ მეგობარს ვაჯილდოვებდი, ვთქვი, რომ ის არის მსოფლიო მნიშვნელობის ფიგურა, ეს არ არის კომპლიმენტი, ეს არის ფაქტის კონსტატაცია.

ჩვენ გვქონდა ყველანაირი გამოცდილება. ერთი რამ ცხადია რომ ტყვიები არ უნდა ვესროლოთ ერთმანეთს. ამან არაფერი კარგი არ მოგვცა.

მეორეს მხრივ, ჩვენმა ხალხმა კარგად დაგვანახა ბოლო თვეების განმავლობაში, რომ როგორი რადიკალურებიც არ უნდა ვიყოთ, არავინ არ დაუშვებს ძალადობას და წითელი ხაზის გადაკვეთას.

სწორედ ამიტომ ჩვენი ხალხის დაკვეთა იყო პირველ რიგში საქართველოს მთავრობისადმი გამოგვეჩინა მოქნილობა, გახსნილობა და მოგვესმინა ყველაზე უფრო რადიკალური პოლიტიკური ოპონენტებისთვისაც კი.

მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თქვენთვის ჩვენ საიდუმლოებები არ გვაქვს სახელმწიფოებრივ საკითხებში.

ჯერ-ჯერობით ეს ღია სხდომები ვერ იქნება, რადგან ჩვენი მოწინააღმდეგეებისთვის ჯერ კიდევ გვაქვს საიდუმლოებები,

მტერი ჩვენ ძალიან ძლიერი და დაუნდობელი გვყავს, ოკუპანტი ელოდება, რომ რაიმე გამოგვტყუოს,მაგრამ ეს უშიშროების საბჭოს სხდომაა და საქმიანი ნაწილი იქნება დახურული." -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)