სიახლეები
10.04.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა
დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 5 დღიანი სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა.
11 აპრილს მიხეილ სააკაშვილი ჩინეთის მანქანა-დანადგარებისა და მოწყობილობების ეროვნული კორპორაციის პრეზიდენტს სი ბიაოს შეხვდება, რის შემდეგაც იგი სახალხო წარმომადგენელთა ეროვნულ ყრილობაში გაემგზავრება. ამავე დღეს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოლაპარაკებები გაფართოებული შემადგენლობით გაიმართება. ასევე ერთობლივ დოკუმენტებს მოეწერება ხელი.
12 აპრილს საქართველოსა და ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმი გაიხსნება, რომლის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ჩინეთის პრემიერ-მინისტრის ვენ ძიაბაოს შეხვედრა გაიმართება. ამას გარდა დაგეგმილია შეხვედრები კომპანია "ჰუავეი თექნოლოჯის" ვიცე-პრეზიდენტთან რუიქი ლინთან და სახალხო წარმომადგენელთა ეროვნული ყრილობის თავმჯდომარესთან ვუ ბანგუოსთან.
საქართველოს პრეზიდენტი 13 აპრილს პეკინიდან შანხაიში გაემგზავრება, სადაც ქალაქის მერს ჰან ჟენს შეხვდება. 14 აპრილს კი, იგი პუდონის ახალი ზონის ადმინისტრაციას (თავისუფალი ეკონომიკური ზონა) ეწვევა, შემდეგ კი კორპორაციას "ზი-თი-ი" დაათვალიერებს. ამავე დღეს საქართველო-ჩინეთის ბიზნეს-სემინარი გაიმართება.
საქართველოს პრეზიდენტი სამშობლოში 15 აპრილს დაბრუნდება.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური