Google+

სიახლეები

19.02.2009
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ესპანეთში ვიზიტი დაასრულა

საქართველოს პრეზიდენტი კატალონიაში გამართულ ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდა. სიტყვით გამოსვლისას მან ვრცლად ისაუბრა საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და ქვეყნის ეკონომიკაზე. ბარსელონაში პრეზიდენტი წამყვანი ბიზნესწრეების წარმომადგენლებსაც შეხვდა. ვიზიტისას მიხეილ სააკაშვილმა მოლაპარაკება კატალონიის მთავრობის მეთაურთან ხოსე მონტინიასთანაც გამართა. მიხეილ სააკაშვილს ნოუკამპის სტადიონზე ფეხბურთის გუნდის პრეზიდენტმა ხუან ლაპორტამ საგანგებო მიღებაც გაუმართა. გადაწყდა, რომ ბარსელონა რუსული აგრესიის დროს დაზარალებული ბავშვებისთვის საქართველოში საფეხბურთო სკოლას გახსნის. საქართველოს პრეზიდენტი ბარსელონას მერსაც შეხვდა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილმა ბარსელონას ტერიტორიაზე ქართველებისთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ თხოვნით მიმართა. ამ მიწაზე ქართული სათვისტომოსთვის ეკლესია აშენდება.

"საქართველომ ბოლო სამი წლის განმავლობაში უზარმაზარი პროგრესი განიცადა. რეფორმები წარმატებით ხორციელდება და ამით ჩვენი ეკონომიკა ვითარდება. ჩვენი სავაჭრო ბრუნვა 150 პროცენტით გაიზარდა. საქართველო მიმზიდველი ქვეყანა გახდა ინვესტორებისთვის. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სამშობლო იმ ათ ქვეყანას შორის მოხვდება, რომლებიც ნაკლებად დაზარალდება გლობალური ეკონომიკური კრიზისის შედეგად და არ არის გამორიცხული, რომ 2-3 წელიწადში ყველაზე მზარდი განვითარების ქვეყნების ათეულშიც შევიდეს. თუ უკრაინასა და რუსეთში საბანკო სისტემა პრაქტიკულად დაინგრა, ჩვენს ქვეყანაში ის ჯერ კიდევ აქტიურად მუშაობს. სულ ცოტა ხნის წინათ ბევრი სკეპტიკოსი ამბობდა, რომ საქართველოში განვითარებული პროცესები ბუშის ადმინისტრაციის პროექტი იყო, მაგრამ ამერიკას დღეს ახალი მთავრობა ჰყავს და თეთრი სახლის პოლიტიკა საქრთველოს მიმართ კვლავ უცვლელია. როდესაც რუსეთი საქართველოს ბომბავდა, ჩვენთან ჯო ბაიდენი ჩამოვიდა და ქართველ ხალხს მხარში ამოუდგა. სწორედ მისი ინიციატივა იყო, რომ ამერიკის მთავრობას ერთი მილიარდი დოლარის დახმარება გამოეყო, რათა საქართველო რუსული აგრესიის შედეგებს გამკლავებოდა. არსებული სირთულეების მიუხედავად, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ და დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო განვითარებას გააგრძელებს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)