Google+

სამართლებრივი აქტები

28.12.2012
საქართველოს პარლამენტს

საქართველოს კონსტიტუციის 68-ე მუხლის შესაბამისად, გიბრუნებთ 2012 წლის 26 დეკემბერს ხელმოსაწერად წარმოდგენილ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს, რომელიც 2012 წლის 21 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ იქნა მიღებული.

პირველ რიგში ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ამნისტიის შესახებ კანონის მიღება არის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს - საქართველოს პარლამენტის კომპეტენცია და ჩემი მიზანი არ არის ხელი შევუშალო პარლამენტის მიერ ამ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ფუნქციის განხორციელებას, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად.

შენიშვნა, რის გამოც უკან გიბრუნებთ კანონპროექტს, უკავშირდება კანონპროექტის პრეამბულის მეორე აბზაცს, აგრეთვე კანონპროექტის 22-ე და 24-ე  მუხლებს, რომლითაც ამნისტია ვრცელდება „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით განსაზღვრულ პირებზე. გარდა ამისა, შენიშვნები გვაქვს კანონპროექტის იმ ნაწილებთან დაკავშირებით, რომლებიც უკავშირდება არასრულწლოვანთა სქესობრივი ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე ამნისტიის გავრცელებას.

მიმაჩნია, რომ „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტის პრეამბულის მეორე აბზაცი, აგრეთვე კანონპროექტის 22-ე და 24-ე მუხლები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლით დადგენილ ფუნდამენტურ პრინციპს, რომლის მიხედვითაც „სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით“. ამნისტიის კანონის პროექტის აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებულ საკითხთა გადაწყვეტა საქართველოს პრეზიდენტისა და სასამართლო ხელისუფლების კომპეტენციას განეკუთვნება.

          საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, ცალკეულ მსჯავრდებულთა შეწყალების უფლებამოსილება აქვს საქართველოს პრეზიდენტს. შეწყალებისა და ამნისტიის სამართლებრივი ცნებების გამიჯვნა კი მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში. კერძოდ, კოდექსის 77-ე მუხლის მიხედვით ამნისტიას აცხადებს საქართველოს პარლამენტი ინდივიდუალურად განუსაზღვრელ პირთა მიმართ. ხოლო, კოდექსის 78-ე მუხლის თანახმად, შეწყალებას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი ინდივიდუალურად განსაზღვრული პირის მიმართ.

ნათელია, რომ კანონპროექტის ზემოხსენებული მუხლები ეწინააღმდეგება ამნისტიის პრინციპს, ვინაიდან ამნისტია შეიძლება გავრცელდეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ კონკრეტულ დანაშაულებზე და შეუძლებელია ატარებდეს ინდივიდუალურ ხასიათს.

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ზემოაღნიშნული მუხლები ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლით განმტკიცებულ ხელისუფლების დანაწილების ფუნდამენტურ პრინციპს იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ კონსტიტუციის 84-ე მუხლის თანახმად, „სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით“. შესაბამისად, პარლამენტი არ არის უფლებამოსილი, საკანონმდებლო აქტით, რომელიც არ ითვალისწინებს სასამართლოს მიერვე სასამართლო გადაწყვეტილების გადახედვას, ფაქტობრივად აუქმებს კანონიერ ძალაში შესულ სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის პრეამბულის მეორე აბზაცი, აგრეთვე 22-ე და 24-ე  მუხლები საგანგაშოა ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ისინი საფრთხეს უქმნიან ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ვინაიდან, „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებაში შეყვანილი არიან „ოპერაცია ენვერის“ საქმეზე, ასევე ჯაშუშობის სხვა საქმეებზე მსჯავრდებულები. აღნიშნულ პირებს ქართული სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი აქვთ უმძიმესი დანაშაული და მათ მიმართ ამნისტიის აქტის განხორციელება არასწორი გზავნილია ქვეყნის სამომავლო უსაფრთხოებისთვის, რადგან, ფაქტობრივად ხდება ამ ტიპის დანაშაულების წახალისება.

ამავე ჩამონათვალში არიან პირები, რომლებიც მსჯავრდებული არიან სამხედრო ამბოხების მოწყობასა და სამხედრო ხელმძღვანელობის უკანონოდ ხელში ჩაგდებისათვის. აღნიშნული კატეგორიის პირთა მიმართ ამნისტიის გავრცელება ასევე წარმოადგენს უმძიმესი დანაშაულის წახალისებას, ჩრდილს აყენებს ქართულ ჯარს და საფრთხეს უქმნის მის შემდგომ გაძლიერებას.

მიუღებელია უმცირესობათა შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებში, აგრეთვე მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმაში მსჯავრდებულ პირთა მიმართ აღნიშნული კანონის მოქმედების გავრცელება, ვინაიდან ეს შესაძლოა აღქმულ იქნას სიძულვილისა და ძალადობის წახალისებად.

აღსანიშნავია, რომ „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა“ სიის შედგენის პროცესის მიმართ საფუძვლიანი კრიტიკა გამოითქვა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მხრიდანაც.

გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არცერთი გადაწყვეტილებით არ დადასტურებულა საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობა. ამასთან, ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის პროცედურის ფარგლებში, ამ ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ არცერთ რეზოლუციაში არ დაფიქსირებულა საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობა, განსხვავებით სხვა სახელმწიფოებისგან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი გახდა მსჯელობის საგანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის 2012 წლის 12 დეკემბრის სხდომაზე. შედეგად, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის ის დებულებები, რომლებიც შეეხება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით განსაზღვრულ პირებს, ექსპერტიზაზე გადაეგზავნოს ვენეციის კომისიას და საქართველოს პარლამენტს ეთხოვა, შეაჩეროს კანონპროექტის ამ დებულებების განხილვა ვენეციის კომისიის დასკვნის მიღებამდე. ვენეციის კომისიის მორიგი პლენარული სხდომა დაგეგმილია 2013 წლის მარტში.

ამასთან, მიუღებელია კანონპროექტის ის დებულებები, რომლითაც ამნისტიის აქტი უნდა გავრცელდეს არასრულწლოვანთა სქესობრივი ხელშეუხებლობისა და სქესობრივი თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა ჩამდენ პირებზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 68-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტს. 

                                                                                                                                                                                                  მიხეილ სააკაშვილი

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code