13.05.2013
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის
(მეურვის) კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად:
1. 2013 წლის 14 მაისიდან გამოცხადდეს ღია კონკურსი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის (მეურვის) ერთი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
2. სამეურვეო საბჭოს წევრის (მეურვის) კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს ყველას კონკურსის გამოცხადებიდან 30 დღის განმავლობაში.
3. სამეურვეო საბჭოს წევრის (მეურვის) კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება და არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილება.
4. სამეურვეო საბჭოს წევრის (მეურვის) კანდიდატად პირის რეგისტრაციისათვის ღია კონკურსის სამდივნოში (მისამართი: ქ. თბილისი, აბდუშელიშვილის ქ. N1, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია) წარდგენილი უნდა იქნეს:
ა) მსურველის წერილობითი განცხადება ან წარდგინება, რომელსაც თან ახლავს წარდგენილი პირის თანხმობა;
ბ) ავტობიოგრაფია ან CV;
გ) კანდიდატის ერთი ფოტოსურათი;
დ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ე) მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
ვ) არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) სარეკომენდაციო ხასიათის წერილები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) ხელწერილი, რომ პირი გაეცნო სამეურვეო საბჭოს წევრისათვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა კონფლიქტის პირობებს.
5. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან 10 დღეში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უზრუნველყოს სამეურვეო საბჭოს წევრობის (მეურვის) კანდიდატების სიის გამოქვეყნება.
6. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ღია კონკურსის ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით შექმნას ღია კონკურსის სამდივნო და განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საჭირო ღონისძიებები.
მიხეილ სააკაშვილი