Google+

წლიური ანგარიში

26.02.2010
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში წლის საანგარიშო მოხსენებით წარსდგა

თქვენო უწმინდესობავ, პატივცემულო თავმჯდომარევ, ძვირფასო პარლამენტის წევრებო, მოწვეულო სტუმრებო, დიპლომატიური კორპუსისა და მას მედიის წარმომადგენლებო!

ვიდრე გამოსვლის ძირითად ტექსტზე გადავიდოდე, მინდა ვისაუბროთ ერთი ქართული ოჯახის და მთლიანად ჩვენი ქვეყნის ერთ ტრაგედიაზე. ბაკურიანში, სადაც ყველა დავდივართ ბავშვობიდან, დაიბადა და გაიზარდა ნოდარ ქუმარიტაშვილი.

ბაკურიანი განსაკუთრებული ადგილია, სადაც მრავალი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი შესისხლხორცებულად ცხოვრობს ერთად და თავს საქართველოს, ჩვენი მრავალეთნიკური ქვეყნის ნაწილად მიიჩნევს. თაობებმა, რომლებიც იქ გაიზარდნენ, კარგად იციან კობა წაქაძის და მაკურიანიდან გამოსული სხვა სპორტსმენების მაგალითი.

დარწმუნებული ვარ, სწორედ მათ მაგალითზე იზრდებოდა ნოდარ ქუმარიტაშვილი. ნოდარს ჰქონდა ძალიან დიდი ოცნება, ის ემზადებოდა სპორტული მიღწევებისთვის. მას სურდა კობა წაქაძის მიღწევების გამეორება და ბევრად მეტის მიღწევა.

ნოდარის ოჯახი ბევრი ბაკურიანელის მსგავსად, საკმაოდ გაჭირვებული იყო. ზამთრობით ნოდარი თხილამურების ინსტრუქტორად მუშაობდა, ხოლო ზაფხულობით, მეტყევეებს მიყვებოდა და ამით შოულობდა მინიმალურ თანხას, რომელსაც, ოჯახის თანხმობით, მთლიანად ხარჯავდა კერძოდ, ლატვიაში, იტალიაში, სხვა ევროპულ ქვეყნებში სავარჯიშოდ. საზღვარგარეთ ვარჯიში მას იმის გამო უწევდა, რომ ჩვენ სათანადო პირობები არ გვქონდა ბაკურიანში.

საზღვარგარეთ გამგზავრებისას ხშირად მას მხოლოდ 100-200 ლარი ჰქონდა ჯიბეში, მაგრამ ამის მიუხედავად, იგი ფულს ზოგავდა საკვებზე, ოჯახი იკლებდა ყველაფერს, რათა მათი შვილი წარმატებული ყოფილიყო.

ეს იყო დიდი ოცნება, რომელიც თითოეული ჩვენგანის და მთელი მსოფლიოს თვალწინ დაიმსხვრა.

მინდა ვუთხრა ყველას, რომ ეს ოცნება არ მომკვდარა და ბაკურიანში ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ დიდ ახალ სპორტულ ნაგებობებს, რომლებსაც ნოდარის სახელს დავარქმევთ.

ჩვენ აუცილებლად ვაქცევთ ბაკურიანს და მის შემოგარენს საერთაშორისო მასშტაბის კურორტად და ეს ოცნება არ მოკვდება - ეს ოცნება ასრულდება.

ყოველივე ეს, რა თქმა უნდა არ ანელებს ნოდარის მშობლების დოდოსა და დავითის, ასევე მისი დის მარიამის ტკივილს.

ისინი დღეს საქართველოს პარლამენტში იმყოფებიან და მინდა მივესალმოთ მათ!

მას შემდეგ, რაც ხალხმა საქართველოს პრეზიდენტად ამირჩია, უკვე მეექვსედ ვდგავარ საქართველოს პარლამენტის წინაშე, რათა ჩაგაბაროთ პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში.

ამ წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ბევრი მნიშვნელოვანი რამ მოხდა. იყო დიდი წარმატებები - ამას ვერავინ უარყოფს, მაგრამ იყო ჩავარდნებიც - ამას ჩვენ არ ვუარყოფთ; ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, იყო უამრავი სწორედ მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ იყო შეცდომებიც, რომლებსაც ჩვენ ვაღიარებთ;

ამ დროის განმავლობაში ჩვენ არაერთხელ ვიგრძენით რას ნიშნავს, როდესაც მხარში გვიდგანან ერთგული მეგობრები, მაგრამ ვნახეთ ისიც, თუ როგორ გვიტევს ძლიერი და დაუნდობელი მტერი;

იყო უამრავი საერთო წარმატება, თუმცა იყო დიდი განსაცდელიც;

ამ დროის განმავლობაში ჩვენ გვქონდა წლები, როდესაც დავიწყეთ ოცნება შეუძლებელზე და იმის ნაცვლად, რომ გვეკითხა "რატომ?", ვიკითხეთ "რატომაც არა?";

გვქონდა წლები დიდი ნახტომების და ფუნდამენტური, ხშირად მტკივნეული, ცვლილებების.

გვქონდა წლები, როდესაც გვებრძოდნენ ეკონომიკური ბლოკადებით და ენერგეტიკული დივერსიებით, მაგრამ ჩვენ მაინც ვახერხებდით შენებას და განვითარებას.

რაც მთავარია, ვახერხებდით სვლას ჩვენი მთავარი მიზნისკენ - შევქმნათ თანამედროვე, ევროპული, მოდერნიზებული საქართველო. ამ მიზნამდე მიმავალი გზა არ არის ადვილი, მარტივი არც მომავალში იქნება - იქნება დაბრკოლებები და სირთულეები.

თუმცა განვლილი წლებიდან, არც ერთი არ იყო ისეთი დრამატული როგორც 2008 წელი და არც ერთი არ იყო ისეთი მძიმე, როგორც 2009 წელი.

გასული 2009 წლის სირთულე განაპირობა სამმა, ერთმანეთისგან განსხვავებულმა, სხვადასხვა ბუნების მქონე, მაგრამ თითქმის თანაბრად დამანგრეველმა მოვლენამ.

პირველი ეს იყო რუსული აგრესია, ინტერვენცია, შემოჭრა, რამაც უდიდეს სახელმწიფოებრივ და ადამიანურ ტრაგედიასთან ერთად, დიდი დარტყმა მიაყენა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას.

მეორე ეს იყო მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, რამაც ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც მტკივნეული ეკონომიკური შოკი გამოიწვია.

და მესამე იყო გასული წლის აპრილი-მაისის შიდა პოლიტიკური დაძაბულობა, რაც თავისთავად სრულიად განსხვავდება ომისა და მსოფლიო კრიზისისაგან, მაგრამ რომლის დროსაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები ყველა პარამეტრის მიხედვით, უფრო დაბალ ნიშნულებზე ჩამოვიდა ვიდრე 2008 წლის აგვისტოს შემდგომ პერიოდში და შემდეგ მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროს.

ამ სამივე მოვლენამ ცუნამის ტალღებივით გადაუარა ჩვენს ახლად ფეხზე დამდგარ ეკონომიკას და დიდი დარტყმა მიაყენა მისი განვითარების მანამდე არსებულ დინამიკას.

ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები მკვეთრად შემცირდა. უამრავმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო, სამსახურის მაძიებლებისთვის უფრო ბურუსით მოცული გახდა დასაქმების პერსპექტივა; ბევრი კომპანია აღმოჩნდა გაკოტრების პირას, ზოგიერთმა მათგანმა საერთოდ შეწყვიტა არსებობა; ათობით ათას ჩვენს თანამოქალაქეს გაურთულდა საბანკო ვალდებულებების მომსახურება.

ზოგადად უფრო გართულდა ცხოვრება ჩვენი ხალხისთვის და შექმნილი პრობლემების გამო, საზოგადოებაში იმატა პესიმისტურმა განწყობებმა. ხოლო მაშინ, როდესაც მთავრობას 24 საათიან რეჟიმში უნდა ემუშავა ომისა და მსოფლიო კრიზისის შედეგების აღმოსაფხვრელად, სამუშაო ადგილების გადასარჩენად და სოციალური სისტემის შესანარჩუნებლად, დედაქალაქის ცენტრი პარალიზებული იყო გალიებით (ეს ჩემთვის მართლაც გალიები იყო, მაგრამ თუ ვინმეს უნდა საკნები უწოდოს - ორივე ერთნაირად საძაგელია , როდესაც შიგ ადამიანები სხედან), სამთავრობო შენობები კი ბლოკირებული, მხოლოდ იმ იმედით, რომ ხელისუფლებას ნერვები უმტყუნებდა და ის ჩათრეული იქნებოდა ძალადობაში.

ამ დრამატული გართულებების მიუხედავად, ის საფრთხე, რომლის წინაშეც აღმოჩნდა საქართველო ამ სამი მოვლენის შედაგად გაცილებით უფრო დიდი იყო:

რუსეთის ინტერვენცია მიზნად ისახავდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის და დამოუკიდებლობის მიწასთან გასწორებას;

მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი ქმნიდა მთელი ეკონომიკის ჩამოშლის საფრთხეს, სოციალური დაცვის სისტემის სრული მორღვევით და საბიუჯეტო კოლაფსით, ისე როგორც ეს მოხდა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ნახეთ რა ხდება საბერძნეთში, რა მოხდა ბალტიის ქვეყნებში...

შიდა პოლიტიკური დაძაბულობა კი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა ქვეყნის სტაბილურობას და გვიქადდა საქართველოს 90-იანი წლების ქაოსსა და განუკითხაობაში დაბრუნებას.

ამის ნიშნები გამოჩნდა - სახალხო რაზმელები თბილისის ცენტრში, ხალხის ძარცვა დღისით-მზისით და ღამით, თბილისის მკვდარ ქალაქად გადაქცევის მცდელობა.

მაშინ, 90-იან წლებში ყველამ ვნახეთ, რომ როგორც კი ვითარება დაიძაბა, მთელი სახელმწიფო სისტემა ერთიანად დაირღვა, ჩამოიშალა ფინანსები და ეკონომიკა. ქვეყანას დაეპატრონა კრიმინალი, უკანონობის სიღატაკისა და ნგრევის მორევში აღმოჩნდა უმალ ჩათრეული და ფისზიკური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა თითოეული ჩვენი მოქალაქე.

იგივეს განმეორების საფრთხე რეალური იყო შარშან, საკითხავი იყო ის თუ რამდენად გამძლე გამოდგებოდა ახალგაზრდა ქართული სახელმწიფო 90-იანი წლებთან შედარებით,; რამდენად მოვასწარით რეფორმების განხორციელება.

ამიტომ 2009 წელი იყო ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის ურთულესი გამოცდის წელი.

ჩვენს წინაშე მთელი სიმწვავით დაისცვა უმძიმესი საკითხები:

-შევძლებდით თუ არა ეკონომიკური კოლაფსის თავიდან აცილებას;

-მოვახერხებდით თუ არა სოციალური დაცვის სისტემის გადარჩენას;

-ვუზრუნველყოფდით თუ არა ხელფასების და პენსიების დროულად გაცემას;

-შევძლებდით თუ არა საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნებას, ქაოსის და განუკითხაობის თავიდან აცილებას;

-შევინარჩუნებდით თუ ვერა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს;

-და გადავარჩენდით თუ ვერა სახელმწიფოებრიობას.

ჩვენმა საზოგადოებამ ყველა ამ კითხვას ისეთი პასუხი გასცა, როგორიც შეშვენის ღირსეულ, პატრიოტ და მტკიცე ერს. ჩვენი სახელმწიფო სისტემა აღმოჩნდა საკმარისად მობილიზებული იმისათვის, რომ გაეძლო ამ გამაოწვევებისთვის.

მიუხედავად დიდი დარტყმებისა, ჩვენ შევძელით მთლიანობაში ეკონომიკური და ფისკალური სტაბილურობის შენარჩუნება. ეს ჩვენ მოვახერხეთ ბევრად უკეთ, ვიდრე ნებისმიერმა ქვეყანამ აღმოსავლეთ ევროპასა და ჩვენს სამეზობლოში.

მიუხედავად უამრავი მოქალაქის გაჭირვებისა სახელმწიფომ შეინარჩუნა ყველა ნაკისრი სოციალური დაცვის ვალდებულება. (არ დაგვიანებულა პენსიები და ხელფასები და მტელი რიგი მიმართულებებით გაიზარდა და განვავრცეთ კიდეც ეს სოციალური ვალდებულებები)

მოხერხდა ის, რაც ბევრ ჩვენზე განვითარებულ ქვეყანას არ გამოუვიდა - საბანკო სისტემის სტაბილურობისა და მდგრადობის შენარჩუნება.

მიუხედავად ქაოსის და განუკითხაობის ეპოქაში დაბრუნების დიდი საფრთხისა, ჩვენ შევინარჩუნეთ საზოგადოებრივი წესრიგი, არ დავუშვით ძალადობა და არც ერთი ნაბიჯით არ დავთმეთ პოზიციები კრიმინალთან და კორუფციასთან ბრძოლაში.

რაც მთავარია, ჩვენ შევძელით ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვა. მიუხედავად ძლიერი მტრის დაუნდობელი შემოტევისა, შევინარჩუნეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობა.

ეს, ჩემო მეგობრებო, არ არის ცალკე აღებული არც მთავრობის, არც პარლამენტის, არც რომელიმე პარტიისა თუ ლიდერის დამსახურება.

ეს, უწინარეს ყოვლისა ჩვენი ქვეყნის პირველი პირის - ჩვენი ხალხის, მრავალეთნიკური ქართული საზოგადოების დამსახურებაა, რომელიც ყველაზე დიდ განსაცდელშიც კი არ წყვეტს სამშობლოზე ზრუნვას და მის დაცვას.

ამიტომ ნება მომეცით ამ ტრიბუნიდან პირდაპირ ხალხს მივმართო:

ჩემო ძვირფასო თანამემამულენო! მადლობას გიხდით იმისათვის, რომ ასეთი განსაცდელის დროს ერთბაშად გამოავლინეთ ყველა ეროვნული ღირსება, რაც ჩვენი ისტორიის ათასწლეულების ქარტეხილებმა გამოწრთო.

მივმართავ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს და მთლიანობაში ჩვენს საზოგადოებას:

თქვენი და არავისი სხვისი დამსახურებაა, რომ საქართველომ შეძლო წინააღმდეგობის გაწევა 2008-ში. ძალზე ცოტა ერს თუ შეუძლია ისეთი ჯაჭვის გაკეთება, როგორც გააკეთეს ქართველებმა. ეს ბალტიის ქვეყნებმა შეძლეს 90-იან წლებში. მართალი გითხრათ, მეც არ მეგონა თუ ჩვენთან ეს შესაძლებელი იყო. არ მეგონა, თუ შესაძლებელი იყო საზოგადოების ასეთი ერთსულოვნებისა და ერთიანობის გამოხატვა მაშინ, როდესაც დაბომბვის საფრთხის ქვეშ იყო მთელი ქვეყანა. ამ შენობის წინ მრავალი ათასი ადამიანი შეიკრიბა და თქვა: "ჩვენ ერთიანების ვართ, ჩვენ ერთულოვანნი ვართ, არადროს არ დავნებდებით და თქვენი არ გვეშინია!"

თქვენი დამსახურებაა, რომ საქართველომ გაუძლო 2009 წელს.

თქვენი დამსახურება იქნება ის, რომ საქართველო გაჯანსაღდება 2010 წელს.

გიხდით დიდ მადლობას, რადგან თქვენმა თავდადებამ და გამბედაობამ დაიცვა ჩვენი ქვეყანა ყველაზე რთულ პერიოდში;

გიხდით დიდ მადლობას, რადგან თქვენმა შრომამ, გონიერებამ და მონდომებამ გახადა შესაძლებელი მსოფლიო კრიზისის გაძლება;

და რაც მთავარია, გიხდით დიდ მადლობას, რადგან თქვენმა საზრიანობამ, ქვეყნის ინტერესებზე ზრუნვის ძლიერმა ინსტინქტმა და დიდსულოვნებამ, შესაძლებელი გახადა ის, რომ გასულ გაზაფხულზე, წინაღმდეგობებითა და დაპირისპირებით დამუხტული პოლიტიკური ვითარება არ გადაიზარდა ძალადობაში.

და ეს მადლობა ეკუთვნის ჩვენი ქვეყნის ყველა პატრიოტული პარტიის, ყველა პოლიტიკური მიმდინარეობის წარმომადგენელს იქნება ეს ხელისუფლების თუ ოპოზიციის მომხრე.

ეს მადლობა ეკუთვნის საქართველოს ყველა ეროვნების წარმომადგენელს სამცხელი სომეხი პოლიციელებიდან, რომელებიც საკუთარი სხეულით გადაეღობნენ რუსულ ტანკებს და შეაჩერეს მათი სვლა ახალქალაქისკენ, ბაკურიანელ ოსებამდე, რომლებიც არ შეუშინდნენ მართულხლართებს და დაბრკოლებებს და რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდნენ თავის მშობლიურ ბაკურიანში, რათა დაეტირათ ჩვენი გარდაცვლილი ოლიმპიელი. ეკუთვნის ჩვენს აზერბაიჯანელ ჯარისკაცებს რომლებიც თავდადებით იბრძოდნენ საქართველოსთვის.

მადლობა ეკოთვნით ოსებს, რომლებმაც თავი დადეს საქართველოში საბრძოლველად თუნდაც ამ ბოლო კონფლიქტისა და ინტერვენციის დროს.

ეს მადლობა ეკუთვნის ყველა პროფესიის ადამიანს, დაწყებული მასწავლებლებიდან, რომლებიც მიუხედავად გარკვეული სახელფასო ზრდისა, მაინც დაუმსახურებლად რთულ სოციალურ პირობებში აგრძელებენ მომავალი თაობების აღზრდას, დამთავრებული იმ ენერგეტიკოსებით, რომლებიც ყელამდე თოვლში და ხანდახან ტყვიების ზუზუნში მუშაობდნენ, რათა აღედგინათ საქართველოს ელექტრომომარაგება..

ეს მადლობა ეკუთვნის მათაც ვინც უმუშევარია ან ახლახან დაკარგა სამსახური, მაგრამ დიდი პირადი გაჭირვების მიუხედავად არ ივიწყებს საკუთარ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობებს.

ეს მადლობა ეკუთვნის ჩვენს პოლიციელებს და ჯარისკაცებს, რომლებიც არც კრიმინალთან და არც მტერთან ბრძოლაში არ ზოგავენ თავს, რადგან იციან რომ მათ ზურგს სამშობლო დგას, მათ ზურგს უკან არის ჩვენი შვილების და ოჯახების უსაფრთხოება; ეკუთვნით იმ პოლიციელებს, რომელთა თვალწინ მოკლეს მათი კოლეგა-მეგობრები, მაგრამ მათ საპასუხო ცეცხლი არ გახსნეს რადგან ასეთი იყო მათი ბრძანება. მათ ეს ბრძანება ზეადამიანური გამძლეობის და თავშეკავების ხარჯზე, სამშობლოს წინაშე პირნათელი სამსახურის გამო შეასრულეს.

ეს მადლობა ეკუთვნის საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქეს.

თქვენ ყველამ ერთად შეძელით ის, რომ დღეს იმედით ვუყურებთ მომავალს და ჯერაც არსებული დიდი გაჭირვებისა და ურთულესი პრობლემების მიუხედავად, მაინც ვგრძნობთ, დადგა დრო დავიწყოთ ჩვენი ქვეყნისა და ცხოვრების მკვეთრი გაჯანსაღება.

ბატონო პარლამენტის წევრებო, გთხოვთ ფეხზე ადგომით მივესალმოთ ჩვენს ხალხს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომელნიც ერთიანობაში ქმნიან ჩვენს გაუტეხელ ერს და უმაგრებენ ფუნდამენტს საქართველოს სახელმწიფოებრიობას.

2008 და 2009 წლების უმძიმესი გამოცდა გავლილია. ჯერ ძალიან ადრეა ლაპარაკი ეკონომიკური სირთულეების სრულად დაძლევაზე. ჯერაც ძალიან ბევრი ოჯახი ებრძვის უმუშევრობას. ბევრი კომპანია, ბევრი ბიზნესი, უამრავი მეწარმე ჯერაც ცდილობს გაუმკლავდეს უმძიმესი ორი წლის შედეგად შექმნილ სირთულეებს. ჯერაც ბევრ ადამიანს უჭირს იპოვოს მიზეზი სიხარულისა და ოპტიმიზმისთვის.

მაგრამ უკვე დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ დაღმასვლა შეჩერებულია. ეკონომიკის ყველა სფეროში შეინიშნება ვითარების გაჯანსაღება. კრიზისის ყველაზე რთული ეტაპი გადალახულია. ყველა ფისკალური მაჩვენებელი დასტაბილურებულია და მინუსის ნიშნები, პრაქტიკულად, ყველა სფეროში უკვე პლიუსებმა ჩაანაცვლა.

ახლა უკვე დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ უდიდესი სირთულეების მიუხედავად, ჩვენი ქვეყანა დაადგა გაჯანსაღების გზას.

უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ 2010 წელი იქნება გაჯანსაღების წელი, როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური და პოლიტიკური თვალსაზრისით.

ამიტომ გზა გაჯანსაღებისკენ არის ის, რაზეც დღეს მინდა გელაპარაკოთ.

გასული წლის 9 თვის, ანუ პირველი სამი კვარტლის განმავლობაში ჩვენი ეკონომიკა 5.5 პროცენტით შემცირდა. მაგრამ მეოთხე კვარტალში ეკონომიკამ დაიწყო რეცესიიდან გამოსვლა და დაფიქსირდა პოზიტიური ზრდა.

ამ მხრივ, ჩვენი მოლოდინი გამართლდა, მთავრობის პროგნოზი გახლდათ ეკონომიკის შემცირება არა უმეტეს 4 პროცენტისა. სავარაუდოდ ეკონომიკის შემცირება 2009 წლისათვის 3 პროცენტზე მეტის ფარგლებშია.

რა თქმა უნდა წინა წლების 12 პროცენტიან ზრდასთან შედარებით, ეს დიდი ვარდნაა. მაგრამ მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ შეძლო, რომ ამ გლობალური კრიზისის დროს 4 პროცენტზეზე ნაკლები კლება ეჩვენებინა. უმრავლესობა, მათ შორის ჩვენი რეგიონის ქვეყნები 10-15 და მეტ პროცენტიან ვარდნას განიცდიან.

მე ამას ტრაბახით არ ვამბობ. ამ კლების შედეგად, უამრავი ქართველის ცხოვრება გართულდა, ბევრის - უკიდურესად. მათზე ზრუნვა და ქვეყნის მიერ მიღებული ეკონომიკური დანაკლისის ანაზღაურება არის ჩემი ადმინისტრაციისა და მთავრობის მუშაობის უმთავრესი ამოცანა.

თუმცა ამ მიმართულებით მუშაობა ჩვენ გასულ წელსვე დავიწყეთ, როდესაც კრიზისი ჯერ კიდევ უახლოვდებოდა საქართველოს. მაშინ ჩვენ გვაკრიტიკებდნენ, რომ არ გვქონდა კრიზისთან ბრძოლის გეგმა. მაგრამ ვისაც არ გახსოვთ გაგახსენებთ, რომ ჩვენ საუკეთესო ქართველ და უცხოელ ეკონომიკურ ექსპერტებთან ერთად (ანდრეი ილარიონოვი არის ერთ-ერთი მათგანი), მოვამზადეთ საქართველოს ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი, რაც ითვალისწინებდა მთავრობის მიერ 2 მილიარდი ლარის ეკონომიკაში ჩადებას. რათა ქვეყანაში შენარჩუნებულიყო ეკონომიკური აქატივობა და არ დაკარგულიყო სამუშაო ადგილები.

ჩვენი გეგმა იყო, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგად შემცირებული ინვესტიციების ფონზე, მთავრობა გამხდარიყო ყველაზე დიდი ინვესტორი, რომელიც ჩადებდა ფულს საქართველოს ეკონომიკაში. ახლა უკვე დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ გეგმამ გაამართლა. ყველამ კარგად ვიცით და განსაკუთრებით კარგად იციან რეგიონების დეპუტატებმა, რომ ამ გეგმამ უდავოდ გაამართლა.

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ფინანსური მხარდაჭერაით, 2009 წლის ბოლომდე დავაკონტრაქტეთ 2.5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი საგარეო დახმარება.

შედეგად, მოხერხდა ისეთი მგრძნობიარე სექტორების შენარჩუნება, როგორიცაა მაგალითად, მშენებლობა და ათასობით სამუშაო ადგილის შენარჩუნება. მაგალითად, ბათუმში ორ მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი საცხოვრებელი ფართი შენდება.

ზოგიერთი სექტორი, მაგალითად სოფლის მეურნეობა, წინა წლებთან შედარებით უფრო გაიზარდა. ეს ძალზე მნიშვნელოვანი ტენდენციაა.

2010 წელი ეკონომკური გაჯანსაღების წელია. ზრდა იქნება ზომიერი, ვინაიდან მსოფლიო მაინც პოსტ-კრიზისულ მდგომარეობაში იმყოფება. ჩვენ შევძლებთ გავზარდოთ ეკონომიკა მინიმუმ 3 პროცენტით და იმედი მაქვს, გაცილებით მეტითაც.

მაშინ, როდესაც ჩვენი რეგიონის ბევრი ქვეყნის მომავალი წლის პროგნოზი კვლავ ღრმა კლებაა, თუნდაც 3 პროცენტიანი ზრდა საქართველოში სასწაულის ტოლფასი იქნება.

ამ ზრდის უზრუნველყოფა ჩვენ შეგვიძლია იმით, რაც ყველაზე კარგად გამოგვდის - მთავარი აქცენტები გადატანილი იქნება ლიბერალური ეკონომიკური რეფორმების გაგრძელებასა და მათ შეუქცევადობაზე, იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი პოზიციები და უფრო წინ წავიწიოთ ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.

სწორედ ლიბერალურმა გარემომ, მთავრობის მინიმალურმა ჩარევამ ეკონომიკაში და შემცირებულმა გადასახადებმა შეგვაძლებინა ის, რომ საქართველო გაჩნდა ინვესტორთა რადარებზე და მიმზიდველ ქვეყნად იქცა კაპიტალის ჩასადებად. ბოლო დღეების განმავლობაში ერთი სამთავრობო დელეგაცია იმყოფება ყატარში, მეორე - ქუვეიტში, მესამე არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, მეოთხე დელეგაციასთან ერთად მეც ვიმყოფებოდი ლონდონში და ყველგან ვხვდებით ინვესტორებს. ამდენად დიდი ეკონომიკური აქტიურობა და ამდენი შეხვედრა არ გვქონია არც ერთ ცალკე აღებულ პერიოდში და ამდენი კონკრეტული ინვესტიციების ჩადების პერსპექტივა, რაც ჩვენი მოქალაქეების დასაქმების უტყუარი წინაპირობაა.

ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს მიმართ გაჩნდა ნდობა, დღეს საქართველოს განიხილავენ, როგორც ქვეყანას, რომელშიც შესაძლებელია წარმატების მიღწევა.

ლიბერალური პრინციპების ერთგულებამ შეგვაძლებინა, რომ 2009 წელს ჩვენმა ქვეყანამ ბიზნესის კეთების სიმარტივის მსოფლიო რეიტინგში მე-11-ე ადგილზე გადაინაცვლა და ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას და ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანას ვაჯობეთ, ხოლო პირველზე - ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ვისაც არ უნდა აღიზიანებდეს, ამას ყოველთვის აღვნიშნავ და ამის თქმით არასდროს არ დავიღლები.

ფორბსის საგადასახადო ტვირთის ინდექსის მიხედვით საქართველო მეწარმეზე არსებული საგადასახადო ტვირთის სიმცირით მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში ყატარის, ჰონ კონგისა და გაერთიანებული ემირატების შემდეგ. მინდა ეს ყველა მათ გავუმეორო, ვინც გადასახადების თაობაზე წუწუნებს - მართალია, მძიმეა გადასახადების გადახდა, მაგრამ ეს არ არის სააკაშვილის პიარი, ეს არის ყველაზე ავტორიტეტული ეკონომიკური ჟურნალი მსოფლიოში.

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დალხენილი ცხოვრება გვაქვს და ისევე ვცხოვრობთ როგორც ჰონ კონგი ან იაპონია და გერმანია, რომლებსაც ვუსწრებთ ამ რეიტინგით.

ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს დარჩენილი სანამ განვითარების დონით იქამდე მივალთ, მაგრამ ეს არის ის შესაძლებლობა რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ განვლილი უმძიმესი წლების მიუხედავად.

ეს არის ნიშანი, რომ ჩვენ გაჯანსაღების გზას ვადგავართ. ეს არის შანსი, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი ხალხის ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად.

მხოლოდ ლიბერალური ეკონომიკის შენების გზით შევძლებთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ნამდვილ გაჯანსაღებას, მხოლოდ ასე შევქმნათ შეუზღუდავი შესაძლებლობების საზოგადოებას, რომელიც იქნება თავისუფალი კორუფციისა და ბიუროკრატიული წნეხისაგან, იქნება გახსნილი და ორიენტირებული განვითარებაზე; რომელიც უფრო მიმზიდველს გახდის საქართველოს, როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინვესტორებისათვის.

როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობ, არ შემიძლია არ ვახსენო ახალგაზრდა ამერიკელი წყვილი, ემი და ერიკ ბაინდერების ოჯახი. ამას მათ გასაგონად ვამბობ, ვინც მოთქვამს, რომ აქედან გასაქცევად აქვს საქმე. ძალიან ვამაყობ იმით, რომ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი გავხდი, საქართველოში მეტი ადამიანი ბრუნდება ვიდრე აქედან მიდის. ეს ყველა სტატისტიკით დადასტურებულია. თუმცა იმას გარდა, რომ ქართველები ბრუნდებიან, ქართველების გეოგრაფია და წარმომავლობა ფართოვდება. ეს ახალგაზრდა მხატვარი წყვილი 2-3 წლის წინ სამოგზუროდ იყო და თურქეთიდან საქართველოში გადმოვიდა. მათ ფეხით, ზურგჩანთებ-მოკიდებულებმა მოიარეს მეზობელი ქვეყნები და საქართველოშიც შემოიარეს.

მათ სრულიად მოულოდნელად აღმოაჩინეს ქვეყანა, სადაც არა მარტო სტუმართმოყვარე და თბილი ხალხი ცხოვრობს, არამედ არ არის კორუფცია, არის ძალიან დაბალი გადასახადები, ძალზე მარტივია ყველა ბიზნეს პროცედურა, არც ბიუროკრატია აწუხებს მეწარმეს და არც კრიმინალი.

მათ გადაწყვიტეს, რომ ეს არის ის ქვეყანა, სადაც ღირს ახალი ცხოვრების და ახალი ბიზნესის დაწყება. მოკიდეს ხელი თავის სამ მცირეწლოვან ვაჟს, გაყიდეს თავიანთი სახლი ამერიკაში, გადმოვიდნენ საქართველოში და საბურთალოზე გახსნეს ძალიან პატარა პიცერია, სადაც საკუთარი ხელით დაიწყეს პიცის ცხობა.

დღეს მათი პატარა პიცერია შეკვეთებს ვეღარ აუდის, ისინი იშენებენ ახალ სახლს თბილისში, მათი ბიჭები ქართულ სკოლაში სწავლობენ, წყალივით ლაპარაკობენ ქართულად და ამბობენ, რომ საქართველო მათი მეორე სამშობლოა.

ბაინდერები უკვე საქართველოს მოქალაქეები არიან. ბაინდურაშვილებად გადაიკეთეს თუ არა უკვე გვარი ჯერ არ ვიცი, მაგრამ მკაცრად ვაფრთხილებ ფინანსთა მინისტრს - მოგვარეობის ნიშნით ახლა სანათესაო კლანის შექმნას არ მიჰყოს ხელს და საგადასახადო შეღავათებს არ დაუწესოს მათ. ეს ყველაზე მეტად ისჯება საქართველოში.

მე მათ შესახებ სრულიად შემთხვევით ვნახე სატელევიზიო სიუჟეტი და ჩავთვალე, რომ მთელი ოჯახი აუცილებლად უნდა მომეწვია დღეს პარლამენტში. ეს მშრომელი და პატიოსანი ოჯახი არის დასტური იმისა, რომ საქართველო სწორ გზას ადგას, ამავე დროს მაგალითია ყველა ქართველისთვის. მაგალითია იმისა, რომ შესაძლებლობები ჩვენს ირგვლივ ძალიან დიდია. მთავარია მოვინდომოთ დაუღალავად ვიშრომოთ, ვირწმუნოთ ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობები და ყველაფერს მივაღწევთ. ისინი ახლა აქ არიან და გთხოვთ მივესალმოთ მათ.

ემი და ერიკ, მინდა თქვენს შვილებს ვუთხრა, რომ საქართველო არასოდეს გადაუხვევს ლიბერალური ეკონომიკის კურსს და მათთვის და მათი თაობის ქართველი ბავშვებისთვის ჩვენი ქვეყანა უფრო დიდი შესაძლებლობების მომტანი იქნება მომავალში. თქვენ არასდროს ინანებთ თქვენს არჩევანთან დაკავშირებით.

ის, რომ საქართველო ეკონომიკური გაჯანსაღების გზას დაადგა ჩანს არა მარტო ციფრებიდან და ფისკალური მაჩვენებლებიდან, არა მარტო საერთაშორისო რეიტინგებიდან, არამედ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კონკრეტული საქმეებიდან, კონკრეტული პროექტებიდან რომელთა განხორციელებაც უკვე დაიწყო და, რომელთა მასშტაბები დიდი გავლენის მქონეა მთელს ქართულ ეკონომიკაზე.

კრიზისის პერიოდში დასრულდა ქუთაისის და რუსთვის მეტალურგიული ქარხნების, ‘რედისონის', ‘შერატონის', ‘თბილისი-ცენტრალის' (ვაგზალი) და სხვა ინვესტიციების განხორციელება. "შერატონი" ბათუმში არის კავკასიის არა-დედაქალაქში მსოფლიო სასტუმრო-ბრენდის ამოქმედების პირველი შემთხვევა. ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს - უახლოეს სამ-ოთხ წელიწადში ბათუმში უფრო მეტი ბრენდის სასტუმრო იქნება, ვიდრე მოსკოვში. ამას გაზვიადების გარეშე ვამბობ და ეს მართლაც საოცარი ფენომენია.

თქვენ იცით, რომ დავიწყეთ თავისუფალი ეკონომიკური ზონების განვითარება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ პროცესს თავისი სირთულეები ახლავს.

გრძელდება ინვესტიციები უძრავი ქონების მრავალ პროექტში მთელი საქართველოს მასშტაბით, დაწყებული ბათუმიდან და ანაკლიიდან და დამთავრებული სამცხე-ჯავახეთით.

ასეთი ინვესტიციების თვალსაჩინო მაგალითია თბილისის გასასვლელში "აფ-თაუნ თბილისი", რომელიც ყოველდღიურად იზრდება სიმაღლეში და სულ მალე რეგიონში უდიდეს ბიზნეს და სავაჭრო ცენტრად მოგვევლინება.

2009 წელს 700 მლნ დოლარზე მეტ პირდაპირი უცხური ინვესტიცია განხორციელდა.

ის რომ ეკონომიკური გაჯანსაღების გზაზე დავდექით, ცხადად ჩანს სხვადასხვა ციფრებიდან და ეკონომიკური მონაცემების გრაფებიდან. მაგრამ ყველაზე ცხადად ამის დანახვა იმ ადამიანების, იმ ბიზნესმენების თვალებში შეიძლება, როემლნიც დარწმუნებულნი არიან საქართველოს წარმატებაში და ამ რწმენით ახორციელებენ საკუთარი კაპიტალის დაბანდებას საქართველოში. ისინი უკვე თავად თავად წარმოადგენენ საქართველოს ეკონომიკის წელში გამართვის სიმბოლოს.

თქვენ იცით, რომ ბევრი ქართველი ბიზნესმენი დაბრუნდა რუსეთიდან. ერთ-ერთ ასეთი ადამიანი დღეს ჩვენი სტუმარია, იგი ძალიან წარმატებული ბიზნესმენი იყო საზღვარგარეთ, ახლა კი საქართველოში მოღვაწეობს და რუსთავსა და ბათუმში აშენებს ყველა სახის ფორმულის ტრეკებს დიდი საერთაშორისო შეჯიბრებების გასამართად. ბათუმში ის აშენებს მსოფლიოში მიღებული ყველაზე თანამედროვე სტანდარტის დახურულ ტენისის კორტებს დიდი საერთაშორისო ტურნირების ჩასატარებლად.

ასევე მას დაკომპლექტებული ჰყავს ფორმულა სამის გუნდი, რომელიც საერთაშორისო ტურნირებსა საქართველოს სახელით გამოდის და აღწევს გამარჯვებებს. ამ გუნდმა საქართველოს დროში ქვეშ მოიგო ფორმულა სამის ჩემპიონატი, ის დაკომპლექტებულია უკრაინელი და რუსი მრბოლელებით, რომლებსაც უზომოდ უყვართ საქართველო და ამაყად აფრიალებენ ევროპაში საქართველოს დროშას.

არიან რუსები, რომლებიც თბილისიდან 35 კილომეტრში წვავენ საქართველოს დროშებს და არიან რუსები, რომლებიც ამაყად აფრიალებენ მას ევროპაში.

გთხოვთ მივესალმოთ, პატრიოტ ქართველს, ადამიანს, რომელის დარი მამულიშვილები სახელსა და ღირსებას მატებენ ჩვენს ქვეყანას ბატონ შოთა აფხაზავას.

როდესაც ქვეყნის გაჯანსაღებაზე ვლაპარაკობთ, არ შეიძლება ცალკე არ შევეხოთ ენერგეტიკის სექტორს.

რამდენიმე წლის წინათ, საქართველო არა მარტო წყვდიადში იყო, არამედ იგი იყო ერთ-ერთი ყველაზე ენერგო-დამოკიდებული ქვეყანა მთელ მსოფლიოში. ეს დამოკიდებულება პირდაპირ ითარგმნებოდა მის პოლიტიკურ სისუსტეში, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ერთი ჩვენი მეზობელი ქვეყანა ენერგეტიკას ისევე იყენებს, როგორც ტანკსა და ქვემეხს და ძალიან ამაყობს ამით.

ჩვენ ყველას მწარედ გვახსოვს აფეთქებული გაზსადენი და ცივ ზამთარში შეშის საყიდლად გამოსული ხალხის რიგები, გაყინულხელებიანი ბავშვები თბილისის ქუჩებში. მაშინ მე მოგეცით პირობა, ჩემს გამოსვლაში, რომელიც მახსოვს ასე დავიწყე: მოგესალმებით თბილისიდან რომელიც ახლა სინათლის ქალაქია და ეს სინათლე არასდროს ჩაქრება... მე დაგპირდით, რომ საქართველოს გადავაქცევდით ენერგო-დამოუკიდებელ ქვეყანად და უზრუნველვყოფდით მის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას...

მაშინ ეს პირობა ერთი შეხედვით, ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნებოდა. ბევრი ლაპარაკობდა: წაჭამა ტვინი სააკაშვილმა, აღარ შეგვიძლია ამდენი ბაქი-ბუქი და ზღაპრებიო.

დღეს მე შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვუპატაკო ჩვენს ხალხს, რომ ეს პირობა შესრულებულია!

საქართველოს ენერგეტიკული წყაროები დივერსიფიცირებულია უფრო მეტად, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპის თითქმის ნებისმიერი ქვეყანაში და ჩვენი ქვეყანა არის ერთ-ერთი ყველაზე ენერგო-დამოუკიდებელი ქვეყანა მთელ მსოფლიოში.

ჩვენი ენერგოსისტემა არის კონკურენტუნარიანი და, რაც მთავარია, მიმზიდველი კერძო ინვესტიციებისთვის.

მიუხედავად კრიზისისა და უმძიმესი პერიოდისა. საქართველოს ენერგეტიკის სფეროში არ შეჩერებულა და პირიქით გაიზარდა ინვესტიციები. დაიწყო ისეთი გრანდიოზული პროექტების განხორციელება, რომელზე ოცნებაც კი წარმოუდგენელი იყო უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში. მე მისაუბრია ძველ ენერგეტიკოსებთან და ეს მათი სიტყვებია.

ჰიდროელექტრო სადგურების ასაშენებლად ინვესტორებს მოტანილი აქვთ გარანტია 130-ზე მეტი მეგავატის სიმძალვრის ჰესების მშენებლობისათვის. მემორანდუმებია გაფორმებული დამატებით 1300-მდე მეგავატის მშენებლობაზე, რაც ჯამში არის 2 მლდ დოლარზე მეტი ინვესტიცია, ასეთი სიმძლავრე საქართველოს გარდაქმნის ენერგეტიკულ კვანძად, ენერგიის დიდ ექსპორტიორად და მოთამაშედ რეგიონში. ეს მართლაც დიდი მემკვიდრეობაა, რომელსაც ჩვენს მომავალ თაობებს ვუტოვებთ. ჩვენ გარდავიქმნებით ენერგეტიკულ კვანძად სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის, ენერგიის დიდ ექსპორტიორად და მოთამაშედ ამ რეგიონში.

მიუხედავად უმძიმესი განვლილი წლისა, ბოლო წლის განმავლობაში დაიწყო 43 მეგავატიანი "მტკვარი ჰესის", 78 მეგავატიანი "ფარავანი ჰესის" და "ბახვი ჰესის" მშენებლობები.

ასევე დაიწყო საქართველო თურქეთის დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის 500 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზის მშენებლობა, რომელიც დააკავშირებს საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემებს და მნიშვნელოვანია, რათა გავიტანოთ ელექტროენერგია.

ელექტროენერგიის მიმოცვლას ვაწარმოებთ თურქეთთან, ექსპორტირებას ვაწარმოებთ რუსეთში და ვიწყებთ ექპორტირებას სომხეთსა და ირანში. ასევე აუცილებლად დავიწყებთ ელექტროენერგიის ექპორტს ერაყსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში.

ეს ყველაფერი არის გაჯანსაღების კონკრეტული ნიშნები, მნიშვნელოვანი სიმპტომები, რათა ვირწმუნოთ, რომ სწორ გზას ვადგავართ და მომავლის უკეთესი პერსპექტივა გვაქვს. ეს არის ათობით ათასი გარანტირებული ახალი სამუშაო ადგილი უახლოეს წლებში მხოლოდ ამ ჰესების მშენებლობაზე. მაგალითად, ნამახვან ჰესის მშენებლობისთვის არც კი ვიცი საიდან უნდა მოვიყვანოთ ამდენი თუნდაც მინიმალური კვალიფიკაციის მქონე კადრი იმერეთსა და რაჭის რეგიონში. ეს იქნება ძალზე მნიშვნელოვანი საკითხი. თუმცა, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემები უკვე მოგვარებულია. არ ნიშნავს, რომ გვაქვს საფუძველი მივეცეთ თვითკმაყოფილებას.

დღეს ძალიან ბევრ ქართველს უჭირს. ეს გაჭირვება უფრო მტკივნეულად შეიგრძნობა საქართველოს რეგიონებში. რა თქმა უნდა დიდი სიღარიბეა სოფლებში.

ხშირად დავდივარ რეგიონებში და ჩვენი ამაყი ხალხი ხშირად ცდილობს საუკეთესო წარმოაჩინოს. ხანდახან გაოგნებული ვარ, როგორ დასუსტდა ხალხი, ჩვენი გენოფონდი ამ წლების განმავლობაში. სხვათა შორის, ეს ბევგან იგრძნობა, მაგალიტად, ჯარში, თუმცა უკვე დაიწყო გაუმჯობესება; სამწუხაროდ ბევრგან ცუდად აცვია ხალხს...

ამიტომ სოფლის მეურნეობის განვითარება, სოფლის დასაქმება, სოფლის გაზიფიკაცია, კარგი ჯანდაცვით, კარგი განათლებითა და კარგი ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა რჩება პირადად ჩემი და მთელი მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად.

მიუხედავად დიდი გასაჭირისა ამ მხრივაც შეინიშნება გარკვეული გაჯანსაღება.

გასულ წელს, კრიზისთან ბრძოლის და ეკონომიკის სტიმულირების ფარგლებში, სახელმწიფომ დაიწყო აქტიური ინვესტირება სოფლის მეურნეობაში. შედეგად, 2009 წელში, საერთო ეკონომიკური პარამეტრების ვარდნის მიუხედავად, სოფლის მეურნეობის სექტორში ზრდა მაინც შეინიშნებოდა. ეს სექტორი ათწლეულების განმავლობაში იყო წამგებიანი.

მე არ დაგიწყებთ ლაპარაკს მხოლოდ ციფრებზე. ეს ზრდა კონკრეტულ მაგალითებშია გამოხატული:

პირველად ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩვენ შევძელით ყველაზე წარმატებული რთველის ჩატარება. გვეგონა, რომ ეს ყოვლად წარმოუდგენელი მისია იყო. მოხერხდა მოსავლის სრულად ათვისება და დაბინავება. გარდა ამისა პირველად მოვახერხეთ რომ შეგვექმნა პირობები დიდი რაოდენობით ყურძნის შესანახად, რითიც ჩვენს ბაზარზე სრული 100 პროცენტით ჩავანაცვლეთ იმპორტირებული ყურძენი. უფრო მარტივად, რომ ვთქვა, წელს პირველად მრავალი წლის განმავლობაში ჩვენს საახალწლო სუფრებზე იდო არა უცხოური არამედ ქართული ყურძენი. ადრე, როდესაც ყურძნის დიდი ოდენობით შენახვა შეუძლებელი იყო რთველის სეზონის გარდა საქართველოში სულ უცხოური ყურძენი შემოდიოდა. ეს კონკრეტული მაგალითია, რომ განვითარდა მევენახეობის სექტორი.ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოვახერხეთ გარღვევა ამ მიმართულებით.

ბოლო წლებთან შედარებით ყველაზე წარმატებული იყო გასული წლის მანდარინის მოსავლის სეზონი. მანდარინის მოსავლის რეალიზაციით დაახლოებით 100 მილიონამდე თანხა შევიდა აჭარისა და გურიის რეგიონებში. არამარტო რეალიზაცია მოხერხდა შეუფერხებლად, არამედ უფრო მეტი მოსავალი მივიღეთ და სრულიად ახალი ბაზრები ავითვისეთ.

გაჩნდა სოფლის მეურნეობის პრაქტიკულად ახალი საექსპორტო პროდუქტები. მაგალითად, ცხვრის ხორცი, რომლის ექსპორტიც წელიწადში 25 ათასი ერთეულიდან, შარშან 266 ათას ერთეულზე ავიდა. მნიშვნელოვანია ის, რომ იმ ბაზრებზე, რომლებზეც ახლა უკვე გადის ქართული ცხვარი და მატყლი მოთხოვნა არის მთლიანობაში მილიონ ერთეულ ცხვარზე, ასე რომ ამ ინდუსტრიას ჯერ კიდევ ზრდის დიდი პერსპექტივა აქვს უახლოეს წლებში. ასე რომ ის დროა ხალხს შევუძახოთ ქართველო ხელი "მატყლს" იკარ, რადგან ეს ძალზე დიდი შემოსავალია მათთვის.

სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა 25 პროცენტით, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია გაფართოვდა ქართული პროდუქციის ექსპორტის გეოგრაფია.

ქართველმა მეწარმეებმა დაიწყეს სრულიად ახალი ბაზრების ათვისება, როგორიცაა საუდის არაბეთი, იორდანია, ირანი არაბეთის გაერთიანებული ემირატები, ევროკავშირის და ცენტრალური აზიის ქვეყნები.

მანდარინი ადრე გაგვქონდა მხოლოდ ერთ ქვეყანაში - რუსეთში, წელს ათ ქვეყანაში გავიტანეთ და მომავალ წელს 20-25 ქვეყნის ბაზრის ათვისებას ვაპირებთ.

მიუხედავად ურთულესი წლისა, 2009 წელს გაიხსნა მასშტაბური სასათბურე მეურნეობები აჭარში. მაშინ, როდესაც თბილისში გალიები იყო დადგმული, მე და ვარშალომიძე თურქეთის ხმელთაშუა ზღვისპირეთში სათბურებს ვსწავლობდით და ჩამოვიტანეთ კიდეც ორი ასეთი სათბური. 30-ს ჩამოვიტანთ კიდევ, რადგან უმაღლესი ტექნოლოგიის სათბურებია და ძალზე კარგად მუშაობს საქართველოში. თანაც ამ სათბურებში რამდენიმე ათასი ადამიანი დასაქმდება, რომლებიც ასევე მოამარაგებენ ქართული პროდუქციით ჩვენს ბაზრებს.

ასევე გასულ წელს გავხსენით შვეიცარული ტიპის მეცხოველეობის ფერმები რაჭაში, სხვათა შორის ბევრი იშრომა მიხო სვიმონიშვილმა ამ თვალსაზრისით.

შიდა ქართლში გაიხსნა ვაშლის კონცენტრატის საწარმო.

დაწყებულია მნიშვნელოვანი ინვესტიციები:

რამდენიმე-მილიონიანი ღირებულების ნატახტარის ხორცის დამუშავების საწარმო, რომელიც სრულიად ახალ ეტაპზე გაიყვანს ხორცის წარმოებას საქართველოში. ჩვენ კი ვამაყობთ, რომ კარგი სამზარეულო გვაქვს, მაგრამ ორ მთავარ პროდუქტს ვერ ვამზადებდით - ხორცს და თევზს, რადგან არ გვქონდა სათანადო ტექნოლოგიები. ხორცის ტექნოლოგიები ახლა უკვე შემოვიდა ნატახტარში.

მარნეულის სასურსათო კომბინატი, რომელშიც ინვესტიციას ახორციელებს იბიარდი.

მნიშვნელოვანი ინტერესია ინვესტორებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან საკონსერვო გადამამუშავებელ საწარმოების განვითარების მიმართულებით.

მარტო სოფლის მეურნეობის ამ პროექტებიდან ჩვენ დამატებით ათასობით ახალ სამუშაო ადგილს მივიღებთ საქართველოს სოფლებში.

რა თქმა უნდა, მთლიანობაში, დღეს სოფლად ჯერაც დიდი გასაჭირია, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ თანდათან საქართველოს სოფლის მეურნეობა ხდება კონკურენტუნარიანი და მიმზიდველი დიდი ინვესტიციებისთვის.

სულ რომ არაფერი არ მომხდარიყო საქართველოში არის ერთი კონკრეტული მაგალითი, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის არის დაუჯერებელი, მათ შორის, ბევრი ქართველისთვის. მსოფლიოში ყველაზე წარმოუდგენელი მაგალითია სოფლის მეურნეობის სფეროში პირადად ჩემთვის, ბავშვთა ორგანული კვების გიგანტი "ჰიპი".

დღეს ჩვენთან სტუმრად არის საქართველოს კიდევ ერთი დიდი მოქალაქე. ადამიანი, რომელიც საქართველოში არ დაბადებულა, მაგრამ დღეს მის ცხოვრებაში საქართველოს ძალიან დიდი და განსაკუთრებული ადგილი უკავია. ადამიანი, რომელის სახელი მსოფლიოში ყველამ იცის, რომელმაც შექმნა მსოფლიოს ლიდერი ბავშვთა კვების კომპანია. მინდა მივესალმო საქართველოს მოქალაქეს, დიდ ევროპელს და, მაშასადამე, ქართველს, კლაუს ჰიპს, რომელიც დღეს ჩვენთან ერთად არის.

მსოფლიოს ყველაზე ჯანმრთელი ბავშვები, იქნება ეს ჰონგ-კონგში, ავსტრალიაში, ევროპასა თუ ამერიკაში იზრდებიან ჰიპის საჭმელზე.

ომისა და ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, მან განახორციელა ინვესტიცია შიდა ქართლის ვაშილის კონცენტრატის საწარმოში, რომელიც ახლა ჰიპის პროდუქციას აწარმოებს. ახლა უკვე მსოფლიოს ყველაზე კარგი "ჰიპი"-ს საჭმელი მზადდება საქართველოში.

ამას წინათ ტელევიზიით გადაცემას ვუყურებდი და დაიწერა: "ჰიპი"-ს საწარმოს წარმომადგენელი საქართველოში".

იგი მხატვარია და გარდა მსოფლიო ბავშვების გამოკვებისა, კიდევ ერთი საყვარელი საქმე აქვს - ასწავლოს ხატვა და ხატვის თეორია ქართველ მხატვრებს. იგი თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორია და მის მიერ ქართულ ენაზე გამოცემული სახელმძღვანელოთი "მარტივია, მაგრამ იოლი როდია" სამხატვრო ცოდნას იღრმავებენ ქართველი სტუდენტები.

მინდა მას წარმატება ვისურვო.

მისი მოღვაწეობა სცილდება მხოლოდ ბიზნესს, რადგან კი გამოყარეს ცხინვალის რეგიონიდან ეთნიკური ოსები (მედვედევის გასაგონად ვამახვილებ ყურადღებას, რადგან ამბობს, რომ ლტოლვილების უმრავლესობა ისინი არიანო), კი დაიკავეს ეს ტერიტორია ოკუპანტებმა, მაგრამ მისი საწარმო ხამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დარჩენილი რამდენიმე ათასი მაცხოვრებლისაგან, რომლებსაც ოკუპანტებთან ურთიერთობა ენის ბარიერის გამო უჭირს, პრაქტიკულად, სრულად იბარებს ვაშლს და ქართლის საწარმოებში ამუშავებს. ცხინვალის რეგიონი მობმულია საქართველოს ეკონომიკაზე და ბევრი ადგილობრივისთვის ეს ერთადერთ საარსებო საშუალებას წარმოადგენს.

მიუხედავად რთული პერიოდისა, ჩვენთვის უცვლელ პრიორიტეტად დარჩა ინფრასტრუქტურის განვითარება. კარგი გზა არის კარგი ეკონომკის საფუძველი. გზას მოყავს ბიზნესი, გზას მოყავს ტურიზმი, გზას მოაქვს დასაქმება!

ამიტომ ჩვენ არც ერთი წამით არ შეგვიჩერებია გზების მშენებლობა საქართველოში არც სოფლებისა და რეგიონული მასშტაბით და არც სახელმწიფოებრივი და ტრანსნაციონალური მასშტაბით.

მიმდინარეობს ვაზიანი-გომბორი-თელავის გზატკეცილის მსენებლობა, რომელიც 50 წუთამდე შეამცირებს თბილისი-თელავის მარშრუტს.

მიმდინარეობს სვენეთი-რუისის გზის მშენებლობა ორი დიდი გვირაბით.

მალე დაიწყება ქობულეთის და ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა, რიკოთის გვირაბის რეაბილიტაცია, ქუთაისი-ზესტაფონი-სამტრედიის გზატკეცილის მშენებლობა.

2012 წლის ზაფხულში ბათუმში დასასვენებლად თბილისელები მანქანით ჩავლენ 2.5 საათში ნაცვლად თითქმის 5 საათისა, ხოლო ახალი, რეაბილიტირებული მატარებლით - 2 საათსა და 50 წუთში.

ასევე მინდა გავახარო პარლამენტარები - ქუთაისში მატარებლით 1 საათსა 30 წუთში ჩახვალთ, 5-6 საათის ნაცვლად.

ბევრ თქვენგანს ვუსურვებ იშოვოს ბილეთი ამ მატარებელზე და აუცილებლად ჩააღწიოს ქუთაისში.

შეუძლებელია ვილაპარაკოთ ქვეყნის გრძელვადიან გაჯანსაღებაზე, მის მოდერნიზაციაზე, პროგრესზე და საზოგადოების კონკურენტუნარიანობაზე, თუ არ განვითარდება განათლების სისტემა.

განათლება არის ის, რაც ქმნის მომავალი საქართველოს ადამიანურ რესურსს - ჩვენი ქვეყნის მთავარ სიმდიდრეს და ღირსებას.

ამიტომ, ჩემი ანგარიშის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოაგდენს განათლების რეფორმის მეორე ტალღა, რომელიც ახლა მიმდინარეობს.

რეფორმის პირველი ტალღა ეხებოდა განათლების მთლიანად განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენას, სკოლების გარემონტებას და ახალი მატერიალლურ-ტექნიკური ბაზის შექმნას. ამის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა განათლების განვითარებულ სისტემაზე ფიქრიც კი.

განათლების რეფორმის მეორე ეტაპის ფარგლებში განისაზღვრა ახალი პრიორიტეტები. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა განათლების დონის ამაღლებას ზოგადი განათლების ეტაპზე. ჩვენ კონკურენტუნარიანნი უნდა ვიყოთ, რადგან ბევრი გვეჯიბრება მთელ მსოფლიოში.

ამ მიმართულებით, დაიგეგმა და ხორციელდება ისეთი ინიციატივები, რომელიც უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მაღალ ხარისხს.

განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება სასკოლო ატესტატს, რომელიც მოსწავლეს ძირითად საგნებში მინიმალური კომპეტენციის დადასტურების შედეგად მიეცემა. მოსწავლე, რომელიც დაამთავრებს სკოლას ავტომატურად მიიღებს სკოლის დამთავრების დამადასტურებელ საბუთს (სერთიფიკატს).

თუმცა, თუ მოსწავლეს ექნება სურვილი მიიღოს ატესტატი და განაგრძოს სწავლა უმაღლეს სასწავლებელში, რაც სულაც არ არის აუცილებელი ყველამ მოინდომოს, საგამოცდო ცენტრებში მოუწევს მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა ყველა ძირითად საგანში.

ამით, ერთი მხრივ, გაიზრდება მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელი მაღალ კლასებში, ხოლო მეორე მხრივ, სკოლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეს ექნება უფრო ფართო განათლება ყველა საგანში.

განათლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა პირდაპირ არის დაკავშირებული კვალიფიციურ კადრებთან, საქართველოს მთავრობა მასწავლებლებს აძლევს საშუალებას იზრუნონ თავიანთ პროფესიულ განვითარებაზე და ამ მიზნით აფინანსებს მათი გადამზადების პროცესს სპეციალური ვაუჩერებით.

2010 წელს განხორციელდება მასწავლებელთა ნებაყოფლობითი სერთიფიცირება. ხოლო სერთიფიცირებული მასწავლებლები, მეტი მოტივაციისთვის, მომავალ წლებში მიიღებენ სახელფასო დანამატს.

ჩვენი შვილები უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდნენ და სწავლობდნენ. არც ერთ დედას არ უნდა ეშინოდეს შვილის სკოლაში გაშვება.

ამიტომ, უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფარგლებში განხორციელდება ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა ნაღდი ფულის ბრუნვის აკრძალვა სკოლებში; მოსწავლეთა საანგარიშსწორებო ბარათის სისტემის დანერგვა; ქვეყნის დიდ ქალაქებში, სკოლების ინფრასტრუქტურის შესაძლებლობიდან გამომდინარე, მათი საფეხურების მიხედვით დაყოფა.

იმისათვის, რომ ამაღლდეს მოსწავლეთა სამართლებრივი კულტურა, რაც ხელს შეუწყობს არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციას, გაიმართება სისტემატიური შეხვედრები პროკურატურის, იურიდიული დახმარების სამსახურის და პოლიციის წარმომადგენლებთან.

სკოლების სასადილოები გადაეცემათ დიდ კერძო კომპანიებს, რომლებიც იკისრებენ ვალდებულებას შექმნან შესაბამისი სტანდარტების ინფრასტრუქტურა და უზრუნველყონ დადგენილი სტანდარტებით მოსწავლეთა კვება. მკაცრი კონტროლი დაწესდება სკოლებში მოზარდების კვების სტანდარტებზე.

ეროვნული სასწავლო გეგმა გაითვალისწინებს ისეთ ახალ საგნებს, როგორიცაა: საინფორმაციო ტექნოლოგიები, მსოფლიო კულტურის ისტორია და სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება.

ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებს ჩაანაცვლებს სპორტის გაკვეთილები. სასკოლო და რეგიონული სპორტული ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, სკოლა აქცენტს გააკეთებს სპორტის კონკრეტული სახეობის განვითარებაზე.

მაგალითად, ზემო სვანეთში ვანვითარებთ სათხილამურო სპორტს. უკვე გვყავს კონკრეტული ინვესტორები, რომლებიც რაღაცეებს აშენებენ. ამიტომ, ზემო სვანეთში ბავშვები უნდა დაკავდნენ სათხილამურო სპორტით.

ამ მიზნით მაღალმთიან აჭარაში, გომარდულსა და ხულოში უკვე ორი სკოლა გაიხსნა, იგივეს ვაპირებთ სვანეთში.

შეიქმნება სასკოლო ლიგები სპორტის სხვადასხვა სახეობებში.

განთლება არის ერთადერთი ყველაზე ქმედითი იარაღი უმუშევრობასთან ბრძოლაში. ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობების გაზრდას. შეიძლება არ გქონდეს უმაღლესი განათლება, მაგრამ პროფესიული განათლება აუცილებელი და ძალზე მნიშვნელოვანია. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი პროფესიული განათლების ცენტრები უზრუნველყოფენ ყოველწლიურად 20 000-მდე კადრის მომზადებას.

მაგალითად, კლაუს ჰიპი აკეთებს ბევრს, ბათუმში მშენებარე სასტუმროები თავის პროფესიული განათლების ცენტრებს აკეთებენ.

პრიორიტეტი მიენიჭება მოთხოვნადი პროფესიების განვითარებას.

განათლების სისტემაში დაინერგება ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეც - იმისათვის, რომ ქვეყნის ყველა მოქალაქე, განურჩევლად მისი ეთნიკური კუთვნილებისა, საზოგადოების სრულფასოვანი წევრი იყოს. საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს წელს პირველად ექნებათ საშუალება ისარგებლონ სპეციალური კვოტებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაბარებისას. ეს მათ წაახალისებს, რათა მიიღონ უმაღლესი განათლება, გახდნენ ჩვენი ქვეყნის უფრო კონკურენტუნარიანი მოქალაქეები, გახსნილი შესაძლებლობებით და თვითრეალიზაციის დიდი ასპარეზით.

2008 და 2009 წლებმა მნიშვნელოვნად შეაფერხეს ის გეგმები, რომელიც ჩვენ გვქონდა ჯანდაცვის სექტორის განვითარების მომართულებით. კონკრეტულად კი დიდი დარტყმა მიადგა 100 ახალი საავადმყოფოს პროექტს.

ეს პროექტი სიცოცხლისუნარიანი იყო ომამდელი და მსოფლიო კრიზისამდე არსებული ეკონომიკური რეალობის პირობებში, როდესაც ძალიან მაღალი იყო უძრავი ქონების ფასები და საქართველოში უცხოური ინვესტიციების რეკორდული მოცულობები შემოედინებოდა.

ომმა და შემდეგ მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა ეს შესაძლებლობები გამორიცხა.

არადა ქართული ჯანდაცვის სიტემა განვითარებას და გაჯანსაღებას საჭიროებს. ჩვენ ვერ დაველოდებით შემდეგი ეკონომიკური ბუმის პერიოდს და მანამდე ვერ გადავდებთ ჩვენი მოქალაეების ჯანდაცვის მაღალ დონეზე უზრუნველყოფას.

აქედან გამომდინარე, მთავრობამ შეიმუშავა ახალი პროგრამა, რომლის მიხედვითაც, ახალი საავადმყოფოების მშენებლობაში კერძო სექტორთან ერთად, ერთ-ერთი ძირითადი ინვესტორი იქნება სახელმწიფო სექტორი. პირველ ეტაპზე თბილისის მასშტაბით დაიწყება ახალი მსოფლიო სტანდარტების საავადმყოფოების მშენებლობა დიღომის კლასტერში სადაც 11 ახალი კლინიკა განთავსდება. სახელმწიფო ააშენებს მათ და შემდეგ მფლობელობაში და მართვაში გადასცემს არსებული საავადმყოფოების კოლექტივებს.

ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო ჩაერევა ჰოსპიტალური სექტორის მენეჯმენტში. ჩვენი ურყევი პოზიციაა, რომ ჯანდაცვა კერძო ინიციატივებით უნდა განვითარდეს. მაგრამ ამ გადაწყვეტილებით მხოლოდ ხელს შევუწყობთ და დავაჩქარებთ ჩვენი ხალხისთვის მაღალი სტანდარტის საავადმყოფოების შექმნას.

ამასთან, მსოფლიო ეკონომიკის სტაბილიზაციასთან ერთად, იზრდება კერძო ინიციატივები და დაინტერესება საქართველოს ჰოსპიტალური სექტორის მიმართ.

რამდენიმე კვირაში მაგალითად ბათუმში იხსნება მთელს კავკასიაში ყველაზე თანამედროვე საავადმყოფო შექმნილი კერძო კაპიტალით. ძალიან კარგი საავადმყოფოებია ქუთაისში, ზუგდიდსა და გორში, მაგრამ ბათუმის საავადმყოფო ყველას აჯობებს.

სირცხვილიც კი იყო, რომ ბათუმში აქამდე არ გვქონდა ნორმალური საავადმყოფო.

მაგრამ ჯანდაცვის სისტემის გსავითარებლად, მარტო კარგი საავადმყოფოები არ არის საკმარისი თუ მოქალაქეებს არ ექნათ იქ მკურნალობის საშუალება.

წარმატებული ჯანდაცვა გულისხმობს დაზღვევის სისტემის გამართულ მუშაობას.

შეგახსენებთ, რომ 2006 წელს საქართველოში მხოლოდ 48 ათასი ადამიანი იყო დაზღვეული. 2007 წლიდან დაზღვევის სისტემის უზრუნველყოფაში ჩაერთო სახელმწიფო.

დღევანდელი მდგომარეობით მილიონ 500 ათასი ადამიანია მთელი ქვეყნის მასშტაბით დაზღვეული, აქედან მილიონ 200 ათასზე მეტი - სახელმწიფოს მიერ.

თუმცა ყველაფერი ისე არ მუშაობს როგორც საჭიროა. ძალიან ხშირად არის პრობლემები მოქალაქეებსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის. ძალიან ხშირად არის დავა იმის შესახებ თუ რა ეკუთვნის და რა არა ამა თუ იმ დაზღვეულ მოქალაქეს და როგორც წესი ამ დავებში წაგებულები მოქალაქეები გამოდიან.

ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავააქტიუროთ სახელმწიფოს როლი ასეთი დავების გადაწყვეტის საქმეში და ვაპირებთ, რომ გავაძლიეროთ სადაზღვევო დავების მედიაციის არსებული სამსახური, რომელიც დამოუკიდებელი, მიუკერძოვებელი ორგანოა და აქამდე განიხილავდა დავებს მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის. ამიერიდან ეს სამსახური განიხილავს მოქალაქეთა საჩივრებს და ჩაერთვება დავების განხილვაში მოქალაქეს-სამედიცინო დაწესებულებასა და სადაზღვევო სექტორს შორის.

ერთი მხრივ, მოქალაქეს არ უნდა ჰქონდეს უსამართლობის განცდა, ხოლო, მეორე მხრივ, სადაზღვევო სექტორს უნდა ჰქონდეს განვითარების საშუალება

ამიერიდან მოქალაქეს ექნება კონკრეტული მისამართი, რომელსაც მიმართავს მაშინ, როდესაც ჩათვლის, რომ სადაზღვევო კომპანია მას სათანადო სამსახურს არ უწევს ან უსამართლოდ ექცევა. ამიერიდან მოქალაქეები აღარ იქნებიან მარტონი და უსუსურები დიდ და მდიდარ სადაზღვევო კომპანიებთან დავაში.

ამას გარდა, მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ სახელმწიფო დააწესებს საავდმყოფო სტანდარტს, და სახელმწიფოს მიერ დაზღვეული მოქალაქეები მხოლოდ იმ საავადმყოფოებში იმკურნალებან რომლებიც ამ სტანდარტს დააკმაყოფილებენ. ეს ნიშნავს, რომ დაბალი დონის სამედიცინო დაწესებულებაში სახელმწიფოს მიერ დაზღვეულ მოქალაქეებს ვერავავინ ვეღარ გაუშვებს. თავის მხრივ, საავადმყოფოები იქნება მოტივირებული, რომ მაღალი ხარისხის მომსახურეობა და მკურნალობა უზრუნველჰყონ პაციენტებისათვის.

2010 წელი უნდა იყოს არა მარტო ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური გაჯანსაღების წელიწადიც. შარშან მე წარმოგიდგინეთ დემორატიული რეფორმების მეორე ტალღა რომელიც ითვალისწინებდა რამდენიმე მნიშვნელოვან პოლიტიკურ რეფორმას.

დღეს მინდა ანგარიში ჩაგაბაროთ ამ რეფორმების მიმდინარეობისა და შესრულების შესახებ:

მე მაშინ შემოგთავაზეთ საკონსტიტუციო კომისიის შექმნა, რათა დაწყებულიყო მუშაობა კონსტიტუციის ახალ ვარიანტზე, რომელიც უზრუნველყოფდა გარანტიებს

- უფრო ძლიერი პარლამენტისთვის,

- პრეზიდენტისა და მთავრობის ეფექტიანობისათვის,

- სასამართლოსა დამოუკიდებლობისა და

- ადამიანის უფლებების დაცვისათვის.

დაპირებისამებრ, საკონსტიტუციო კომისია აქტიურად მუშაობს. იგი დაკომპლექტებულია არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, პარლამენტის, პრეზიდენტის, უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლების მიერ და მისი თავმჯდომარე, როგორც შეგპირდით, არის ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი კანდიდატი. კომისიის ფარგლებში მიმდინარეობს განსხვავებული აზრებისა და პროექტების ინტენსიური გაცვლა, არის სხვა-დასხვა მოსაზრებების ჭიდილი, პროცესში ჩართულია ვენეციის კომისია.

რაც მთავარია, კომისიის მუშაობის მთავარი ორიენტირი სწორედ ის არის რაც თავიდან განისაზღვრა: უფრო დემოკრატიული კონსტიტუცია, უფრო ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებით.

მე დაგპირდით, რომ გადაიდგმებოდა ქმედითი ნაბიჯები უფრო დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შესაქმნელად. ამ მიმართულებით დაპირებების შესრულების მდგომარეობა ასეთია:

-პრეზიდენტი აღარ ნიშნავს მოსამართლეებს - შესრულებულია

-პრეზიდენტი აღარ არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და წევრი - შესრულებულია

-ოპოზიციას ჰყავს თავის წარმომადგენელი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რაც საპარლამენტო უმცირესობას საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღოს საბჭოს მუშაობაში და იყოს ჩართული იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განხორციელებულ რეფორმებში.

-იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეები წარმოადგენენ უმრავლესობას - შესრულებულია

-მიღებულ იქნას სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი - შესრულებულია.

-ნაფიც მსაჯულთა სისტემის შემოღება - შესრულბულია! მე ძალინ მეამაყება, რომ წელს ჩატარდება საქართველოს ისტორიაში პირველი ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.

-ექს-პარტე კომუნიკაციის აკრძალვა (ეს სპეციფიკური ტერმინია და ნიშნავს, რომ პროკურორები, ძალიანაც რომ მოინდომონ ვეღარ იქონიებენ გავლენას მოსამართლეებზე - ეს დასჯადია) და მოსამართლესთან სასამართლო პროცესის შესახებ ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ კონტაქტის დამყარებაზე სასჯელის გამკაცრება - შესრულებულია.

-გამოძიებისთვის მკაცრად განსაზღვრული 60 დღის ვადა, რაზეც ოცნებაც კი წარმოუდგენელი იყო ჩემი პარლამენტარობის პერიოდში - შესრულებულია.

-მოწმის მიერ მხოლოდ ნებაყოფლობითი ჩვენების მიცემა წინასწარი გამოძიების ეტაპზე - შესრულებულია.

-შეჯიბრობითობის პრინციპზე დაფუძნებული, სწრაფი სამართალწარმოების სისტემის დანერგვა - შესრულებულია.

ყოველივე ამან გამოიწვია ის, რომ ორჯერ გაიზარდა სასამართლოს ნდობა. ამას ადასტურებს გაეროს გამოკვლევებიც.

ეს არის ყველაზე უტყუარი ინდიკატორი იმისა, თუ რა იცვლება სასამართლო სისტემაში. მკვეთრად იზრდება სასამართლოში მიმართვის რაოდენობა და კასაცია და აპელაცია 15 პროცენტს არ აღემატება.

ყველა ზოგადად ლაპარაკობს, რომ საქართველოში სასამართლო არ არსებობს. ის ხალხი კი, ვინც სასამართლოს მიმართავს, მათ ყოველწლიურად ემატებათ სასამართლოს მიმართ ნდობა. მოვუწოდებ მოქალაქეებს, რომ ნურავის ლაყბობას ნუ დაუჯერებენ და თავად გადაამოწმონ ეს ყველაფერი. სასამართლო მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და ძალიან სწორ გზაზე დგას. ამისთვის ყველა მოსამართლეს ვუხდი მადლობას.

უფრო სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნის მიზნით, მე დაგპირდით რომ ოპოზიციასთან ერთად დავიწყებდით მუშაობას ახალ საარჩევნო კოდექსზე. ეს ასეც მოხდა და პროცესის კოორდინაცია ხორციელდებოდა საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ.

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე შეიცვალა და ახალი აირჩიეს იმ წესის მიხედვით, რომელიც ოპოზიციასთან ერთად შეთანხმდა და რომელსაც ოპოზიცია დაეთანხმა.

შეგპირდით, რომ თბილისის მერის არჩევნები იქნებოდა პირდაპირი - მიმდინარე წლის 30 მაისს დანიშნულია ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები და ეს დაპირებაც შევასრულეთ - თბილისის მოსახლეობა პირველად აირჩევს პირდაპირ დედაქალაქის მერს.

მინდა მივესალმო ამ ფაქტს, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს დემოკრატიზაციის საქმეში და შეგახსენოთ, რომ 2003 წლამდე საქართველოში პრეზიდენტი ნიშნავდა თბილისის და ფოთის მერებს და ყველა რაიონის გამგებელს.

დღეს ყველა მერს და გამგებელს ხალხი ადგილობრივი ამომრჩეველი ირჩევს პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ამასთან თბლისის საკრებულოს არჩევის წესზე მივაღწიეთ მნიშვნელოვან კომპრომისს ოპოზიციასთან. ეს იქნება ძალიან წარმომადგენლობითი საკრებული თუ ყველა მიიღებს მონაწილეობას ამ არჩევნებში.

მომავალი თვითმართველობის არჩევნები მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება ჩვენი დემოკრატიისა და სამოქალაქო კულტურისათვის.

მინდა ყველა სახელმწიფო მოხელე კატეგორიულად გავაფრთხილო, რომ უზრუნველყონ არჩევნების მაქსიმალურად თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება. ეს ეროვნული უსაფრთხოებისა და ეროვნული ღირსების საკითხი.

მე დაგპირდით, რომ გავამკაცრებდით კანონს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების დაუშვებლობის შესახებ და ეს დაპირებაც შესრულებულია.

იმას ვერ დაგპირდებით, რომ გზები არ დაიგება, რომ ელექტროენერგიის ხაზები არ გაუმჯობესდება, რომ ახალი სკოლები არ აშენდება, ნამდვილად ვერ დაგპირდებით, რომ საავადმყოფოები არ აშენდება და არ გაგრძელდება ხელფასებისა და პენსიების ზრდა, რადგან ეს არ არის ადმინისტრაციული რესურსი. მთავრობა მუშაობს! თქვენ ალბათ გინდათ, რომ მთავრობა ცარიელი ხელებით მივიდეს ხალხთან და ხმის მიცემა სთხოვოს. მაშინ ალბათ იტყვით, რომ ასე უკეთესია, რადგან არ გამოვიყენებთ ადმინისტრაციულ რესურს. მთავრობას აქვს ის პრივილეგია, რომ ხალხს საქმეს უკეთებს. ჩვენს ქვეყანაში ათასჯერ უფრო მეტი საქმეა გასაკეთებელი, ვიდრე გაკეთებული.

ოპოზიციას კი აქვს ის პრივილეგია, რომ ყველაფერში, რაც არ არის გაკეთებული დაადანაშაულოს მთავრობა.

ამიტომ, ნამდვილად არ ვაპირებთ ამ თამაშში ჩაბმას.

მათ შორის უცხოელი დიპლომატების გასაგონად მინდა ვთქვა, რაც არის კარგი საფრანგეთში და გერმანიაში ის საქართველოშიც კარგად იმუშავებს.

გავაგრძელებთ აღმშენებლობას, მაგრამ ასევე ვმუშაობთ საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად ადმინისტრაციული რესურსი ბოროტად გამოყენების ფაქტები არ იყოს. ადამიანმა სამუშაოსგან თავისუფალ დროს უნდა აწარმოოს საარჩევნო კამპანია. მაშინ, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებს ვატარებდი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ყველაფერს მიკონტროლებდნენ - რამდენი ლიტრი ბენზინი დაიხარჯა და ა.შ.

ასე იქნება ყველა კანდიდატის მიმართ. მე ეს უკვე გავიარე, ვიცი რომ ლამაზი არ არის, მაგრამ ეს სწორია დემოკრატიისთვის.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მხრივ, მომავალი არჩევნები იქნება პირველი ადგილობრივი არჩევნები, ამ კანონის გამკაცრებული რედაქციით არსებობის პირობებში.

აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო ევროპელ პარტნიორებს - ჩვენ გვინდა, რომ ეს არჩევნები იყოს დიდი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიზაციის საქმეში, გვინდა, რომ ამ არჩევნებით საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპას. ამიტომ გთხოვთ გამოაგზავნოთ დამკვირვებლები, რათა მათ მაქსიმალური მონიტორინგი გაუწიონ როგორც წინასარჩევნო კამპანიას, ისე არჩევნების სამართლიანობას და თავისუფლებას.

მე დაგპირდით პოლიტიკური პარტიების განვითარების ხელშეწყობას - დაპირება შესრულებულია - პარლამენტმა შეიტანა ცვლილება ორგანულ კანონში "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ", რომლის შედეგადაც გაუმჯობესდა ყველა კვალიფიციური პოლიტიკური პარტიის ფინანსური მხარდაჭერა.

გაიზარდა პარტიების ძირითადი დაფინანსება და შემცირდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დაფინანსება - არ მიხარია, მაგრამ ესეც გავაკეთეთ.

შეიქმნა ფონდი, რომელიც დააფინანსებს პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევისა და განვითარების საქმიანობას.

მე დაგპირდით ქვეყნის მმართველობაში ოპოზიციის მონაწილეობისთვის ინსტიტუციონალური გარანტიების გაძლიერებას. ამ კუთხით დაპირებების შესრულების მდგომარეობა ასეთია:

-ოპოზიციის, როლის გაზრდა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში სამოქალაქო კონტროლის დამყარების საფუძველზე - შესრულებულია.

-ოპოზიციის ლიდერების ჩართვა სახელმწიფო უშიშროების საბჭოს მუშაობის პროცესში - შესრულებულია.

-ოპოზიციის როლის გაძლიერება საპარლამენტო მმართველობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში - შესრულებულია.

დემოკრატიის მეორე ტალღის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო მედიის პლურალიზაციის ხელშეწყობა. უფრო კონკრეტულად კი:

-კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც ოპოზიციის წარმომადგენელი დაინიშნებოდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად - შესრულებულია.

-საკანონმდებლო გარანტიები, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე პირდაპირ ეთერში გაიმართება პოლიტიკური თოქ-შოუები და ყველა ძირითად პარტიას ექნება მონაწილეობის თანაბარი საშუალება - შესრულებულია.

-საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს რეფორმა, რომლის შედეგად მასში მმართველ პარტიასა და ოპოზიციას თანაბარი ხმების რაოდენობა უნდა ჰქონდეთ ხოლო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას იღებდეს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელიც - შესრულებულია.

-საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს უფლებების გაზრდა - შესრულებულია.

-მეორე არხის ბაზაზე, სპეციალური სატალევიზიო არხის შექმნა რომელიც შეუზღუდავად გააშუქებს მხოლოდ პოლიტიკურ ღონისძიებებს, პარლამენტის სხდომებს, პოლიტიკური პარტიების სრულ პრესკომფერენციებს და ა.შ. - დაგვიანებით, მაგრამ უკვე შესრულებულია.

-ყველა სატელევიზიო არხისათვის სატელიტური მაუწყებლობის უფლების მიცემა - შესრულებულია.

მედიის თავისუფლება და პლურალიზმი დემოკრატიული გაჯანსაღების ფუნდამენტია. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა ტელევიზია, განურჩევლად მისი ზომისა და პოზიციისა, ხელისშემშლელი ფაქტორების გარეშე მაუწყებლობდეს.

თუმცა ეს ყოველთვის შესაძლებელი არ არის, გამომდინარე ქართული სარეკლამო ბაზრის სიმცირიდან და შეზღუდული ფინანსური რესურსებიდან. თითქმის ყველა კერძო ტელევიზიას მძიმე საგადასახადო დავალიანენების პირობებში უწევს არსებობა. ეს განსაკუთრებით ეხებათ პატარა რეგიონალურ ტელევიზიებს.

ყველას გასხოვთ, რომ შარშან საგადასახადო დავალიანებების გამო, თითქმის დახურვის პირას აღმოჩნდა აჭარის რეგიონალური ტელევიზია "25-ე არხი". ეს ტელევიზია ხელისუფლებისადმი მკვეთრად კრიტიკული პოზიციით გამოირჩევა.

სახელმწიფოს მიერ და სახალხო დამცველის შუამდგომლობით მოხდა 25-ე არხის საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაცია.

ანალოგიური პრობლემები აქვთ სხვა კერძო ტელევიზიებსაც. 25-ე არხისთვის რესტრუქტურიზაცია მხოლოდ დროებითი შველა იყო, ცხადია, რომ ამ პატარა ტელევიზიას არც რამოდენიმე თვეში ექნება საშუალება, რომ დაფაროს დავალიანება.

ამიტომ, მე გთავაზობთ ახალ ინიციატივას, რომ ყველა ქართულ ტელევიზიას იქნება ეს რეგიონალური თუ ნაციონალური, გამოვუცხადოთ საგადასახადო ამნისტია. რათა მათ უფრო თამამად შეეძლოთ განვითარება. ხოლო მათი მეშვეობით, ვითარდებოდეს ქართული დემოკრატია და პოლიტიკური კულტურა.

არ მინდა თავი შეგაწყინოთ პოლიტიკაზე ზედმეტი საუბრით, დარწმუნებული ვარ რომ განსაკუთრებით ბოლო კვირეებში ჩვენი საზოგადოება უკვე საკმაოდ დაღალა გაუთავებელმა პოლიტიკურმა იწილო-ბიწილომ.

მაგრამ მინდა ერთი პოლიტიკური ნატვრა გაგანდოთ.

გასული წლის გაზაფხულზე ჩვენ, ქართულმა საზოგადოებამ, გავაკეთეთ ერთი ისეთი რამ, რასაც ჯერ პრეცენდენტი არ ჰქონია კავკასიაში. ჩვენ შევძელით, რომ ღრმა პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე გაშლილი ქუჩის მასობრივი დემონსტრაციები ისე დაგვემთავრებინა, რომ ეს არ გადაზრდილიყო ძალადობაში. მიუხედავად იმისა, რომე ამის მაპროვოცირებელი ბევრი ფაქტორი არსებობდა. ეს ყველას კარგად გვახსოვს.

ამით ჩვენმა ხალხმა გამოავლინა პოლიტიკური კულტურის სრულიად ახალი დონე, რაც კავკასიური პოლიტიკური კულტურისთვის აქამდე ნაკლებად იყო დამახასიათებელი.

მოდით ამ გაზაფხულზაც ყველამ ერთად, ყველა პოლიტიკურმა ძალამ, ვისაც საქართველო უყვარს, მოვინდომოთ და გავაკეთოთ კიდევ ერთი, რამ რაც ჯერ არ მომხდარა კავკასიაში; რაც დაამტკიცებს, რომ ჩვენ ნამდვილად ვიმსახურებთ გვერქვას ევროპული დემოკრატია - ჩავატაროთ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ისე, რომ დამარცხებულმა მხარემ, ვინც არ უნდა იყოს ის, გამარჯვებულს გამარჯვება მიულოცოს, წარმატება უსურვოს და ცივილური, ოპოზიციური ოპონირება აღუთქვას. ნაცვლად დაუსებუთებელი პროტესტის, ობსტრუქციისა და ჭექა-ქუხილების მოლოდინისა.

ნუთუ არ დადგა დრო, რომ უფრო ცივილიზებული გახდეს ჩვენი პოლიტიკა? ნუთუ არ დადგა დრო, რომ პოლიტიკოსებმა უფრო მეტი პატივი სცენ მრავალეთნიკურ ქართულ საზოგადოებას და საკუთარ ამბიციებს აღარ ანაცვალონ ქვეყნისა და ხალხის ინტერესები?

მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ მოვინდომებთ აუცილებლად შევძლებთ, რომ ჩვენი პოლიტიკა ვაქციოთ ცივილიზებულ, ევროპულ პოლიტიკად. თუ არა და ხალხი ბრძენია და ის ექსტრემისტებისა და ამრევებისთვის ქართულ პოლიტიკაში ადგილს აღარ დატოვებს.

ჩვენი ქვეყანა ერთდროულად იბრძვის დემოკრატიის გასაძლიერებლად, თავისუფლების დასაცავად, სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად და ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად.

ამ ბრძოლაში ჩვენი დროშა და მთავარი იარაღი არის ჩვენი ფასეულობები, ჩვენი რწმენა, რომ თავისუფლება არის ყველაზე დიდი საგანძური რომელიც შეიძლება ერს გააჩნდეს. რწმენა, რომ გახსნილობა, დემოკრატია და ლიბერალიზმი არის ეკონომიკური წარმატების ერთად-ერთი სწორი რეცეპტი. რომ ოკუპაციის და აგრესიის პასუხი არის არა ომი და ძალადობა, არამედ მშვიდობა და განვითარება.

ჩვენი ქვეყანა დიდი გამოწვევების წინწაშე იმყოფება, იგი ოკუპირებულია და მტერი არა მხოლოდ არ აპირებს პოზიციების დათმობას, ახალი შეტევით, ახალი პროვოკაციებითა და ახალი უბედურებით იმუქრება.

ასეთ ვითარებაში გადამწყვეტია ჩვენი სიმტკიცე, ჩვენი, როგორც ერის ერთიანობა და ერთმანეთის გაძლიერება.

ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ქართველი ერი დაუმარცხებელია და ეს იცის მტერმაც.

ჩვენ კარგად ვიცით, რომ ქართველი ერი ნიჭიერი და თავდადებულია და ეს იცის მტერმაც.

ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ქართველი ერი სინამდვილეში გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ის, რაც საქართველოშია წარმოდგენილი და ესეც იცის მტერმა.

მსოფლიოს ბევრ კუთხეში უამრავი ქართველი ცხოვრობს. მათ ერთნაირად უძგერთ გული საქართველოს სიყვარულით და მიუხედავად იმისა ორი საათის საფრენი მანძილი აშორებთ სამშობლოსთან თუ 18 საათის, ერთნაირად არიან მზად, რომ ასახელონ საქართველო და ჩადგნენ ქართული ინტერესების სამსახურში.

მინდა ასეთ ხალხზე ვილაპარაკოთ. ასეთი ორი ადამიანია დღეს ჩვენთან სტუმრად. თავის დროზე აფხაზეთში ცხოვრობდა ქართული საზოგადოების ყველაზე მდიდარი, ყველაზე წელში გამართული, ყველაზე განათლებული ნაწილი. სოხუმი წარმოუდგენელი ქალაქი იყო - აქ ერთად ცხოვრობდნენ ქართველები, ბერძნები, უკრაინელები, ესტონელები, აფხაზები და თითოეული მათგანი გამოაგდეს იქიდა. ჩვენ არასწორად ვამბობდით, რომ იქ მხოლოდ 300 ათასი ქართველი ცხოვრობდა. ეს იყო საბჭოთა გამოგონება და ქართველად ითვლებოდა ის, ვისაც პასპორტში ეთკურად ქართველი ეწერა. ის ებრაელები, რომლებიც მე მხვდებოდნენ იერუსალიმში, აშდოთში და თელავივში, რომლებმაც ბევრ ჩვენგანზე უკეთ იციან ქართული და ბევრ ჩვენგანზე მეტად უყვართ საქართველო; ის ბერძნები, რომლებსაც ხვდებოდნენ სალონიკში (ეს კარგად იცის გია ბარამიამ - კონსული იყო მაშინ საბერძნეთში), გამოყარეს საკუთარი სახლებიდან მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველო უყვარდათ, ქართველები იყვნენ. ისინი გაიყვანა საბერძნეთის ფლოტმა. ისინი ქართველები იყვნენ და საკუთარ მიწას - აფხაზეთს შორდებოდნენ. ის ესტონელები, რომლები რუსეთის ემბარგოს დროს ტალინის ქუჩებში მართავდნენ მიტინგებს, ქართველები იყვნენ და ისინიც აფხაზეთიდან გაყარეს. ერთ დღეს ამ ხალხს, რომელსაც სახლებიც ჰქონდა, მაქანებიც, განათლებაც და პერსპექტივაც, ერთ დღეს დააკარგინეს ყველაფერი. მათ საქართველო უყვარდათ და თავისუფლება სურდათ - ამისთვის დასაჯეს ისინი. ამის შემდეგ მავთულ-ხლართებით შემოღობეს მსოფლიოს ერთ-ერთი უმშვენიერესი ტერიტორია.

იყო ხალხი, ვინც ხელები ჩამოუშვა და სასოწარკვეთას მიეცა, მაგრამ ჩვენ ძალიან გამბედავი ხალხი ვართ.

ამას წინათ ვნახე ერთი ინგლისელი, რომლის ბიზნესი გაკოტრდა, დაკარგა სახლიც, დაგროვილი ფულიც, მაგრამ 69 წლის ასაკში თქვა:მე ვიწყებ ახალ ბიზნესს. მე ხომ ინგლისელი ვარო.

ჩვენც სწორედ ასეთები ვართ - ჩვენ ხომ ქართველები ვართ!

არიან ერები, რომლებსაც ნებისმიერი მასშტაბის ნგრევის შემდეგაც შეუძლიათ წამოდგნენ და ხელახლა გაიმართონ წელში.

დღეს ჩვენი სტუმარია სოხუმელი ოჯახის წარმომადგენელი 28 წლის ვერა ქობალია, მას ტყვიების ზუზუნში მოუწია ოჯახთან ერთად სუხუმის და სამშობლოს დატოვება. მისი და მისი ოჯახის მიზანი არ ყოფილა უცხოეთში ცხოვრება, მაგრამ დევნილობამ და ახალი შესაძლებლობების ძიებამ ის კანადაში, ვანკუვერში მოახვედრა.

იქ პრქატიკულად ნულიდან დაიწყო ყველაფერი მაგრამ ნიჭმა, მონდომებამ და ქართულმა გაუტეხელობამ თავისი ქნა. ვერამ ქართული საცხობი გახსნა და დღეს მის საწარმოს უკვე ორ მილიონამდე ქართული პური გაყიდა ჩრდილოეთ ამერიკაში.

ქართული პური მთელმა კანადამ იცის. ჩვენი დელეგაციის ერთ-ერთ წევრს მესაზღვრემ მისი ქართული პასპორტის შემოწმებისას, ქართული პური აჩვენა. აი, ეს არის საქართველო!

მინდა ასევე წარმოგიდგინოთ თურქეთში დაბადებული და გაზრდილი ისმეთ დინდარი, იგივე ისმეთ მიქელაძე, თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კარდიო-ქირურგი. მან ისე მიაღწია წარმატებებს და აღიარებას, რომ საქართველო მისთვის მხოლოდ სანუკვარი ოცნება იყო. იგი გადაყოლილი იყო ჩვენს თანამემამულეებზე და როდესაც აქ ამის შესაძლებლობა არ იყო, თურქეთში მიჰყავდა ისინი. როდესაც საქართველოში შესაძლებლობები გაიხსნა, მიატოვა თურქეთში ყველაფერი და ამ ასაკშიც კი, პრაქტიკულად, ნულიდან იწყებს ყველაფერს - აჭარაში ხსნის ახალ კლინიკას და ბრუნდება საქართველოში. მისი სიტყვებია: აქ არ დავბადებულვარ, მაგრამ საქართველოში უნდა მოვკვდეო.

დიდხან იცოცხლეთ ბატონო ისმეთ და გადაარჩინეთ დანარჩენებიც სიკვდილისგან!

დღეს ისმეთიც საქართველოს მოქალაქეა და მისი საქმიანობა და ბიზნესი, ისევე როგორც ცხოვრება საქართველოს უკავშირდება.

საქართველო ძლიერია ასეთი ქართველებით, საქართველო ამაყია ასეთი ქართველებით.

მაგრამ მტერს ჰგონია, რომ ადვილია ჩვენი გათიშვა და დახლეჩა, ჰგონია, რომ ჩვენ ვერ ვარჩევთ შავსა და თეთრს და იოლად არის მოსახერხებელი ჩვენი გაბაიბურება.

აი აქ კი მტერი ძალიან ცდება. ცდება იმიტომ, რომ ჩვენ უკვე ზუსტად ვიცით თუ რა გზას ვადგავართ და საით მივდივართ. ზუსტად ვიცით, როგორი გვინდა იყოს ჩვენი ხვალინდელი დღე. ვიცით, როგორ ქვეყანაში გვინდა, რომ იზრდებოდნენ ჩვენი შვილები.

ცდება თუნდაც იმიტომ, რომ გუშინდელმა დღემ გვაჩვენა თუ როგორ ახსოვს ქართულ საზოგადოებას 25 თებერვალი, საქართველო უკვე აღარ არის ის ქვეყანა სადაც 25 თებერვალს ზეიმობდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ არ იცოდნენ რა მოხდა სინამდვილეში 21 წელს.

შეიძლება ამას დიდხანს გვიმალავდნენ, მაგრამ ახლა უკვე ყველამ ვიცით, როგორ ებრძოდა "ერთმორწმუნე" მტერი ჩვენს ეკლესიას, როგორ გვართმევდნენ ავტოკეფალიას, გვითეთრებნენ ხატებს და გვიკლავდნენ პატრიოტ მღვდელთმსახურებს.

25 თებერვლის წლისთავთან ერთად გვახსოვს, რომ წელს სრულდება 180 წლისთავი იმ შავი დღიდან, როდესაც დაიჭირეს და გადაასახლეს გაენათელი და ქუთათელი ეპისკოპოსები იმიტომ, რომ ისინი აპროტესტებდნენ საქართველოს რუსიფიკაციას. დოსითეოს ქუთათელი გზაში მოკლეს წამებით, ექვთიმე გაენათელმა კი ვეღარასოდეს იხილა სამშობლო.

ჩვენ როგორც ერმა, უკვე დიდი გაკვეთილები მივიღეთ და დიდი ცოდნა დავაგროვეთ საიმისოდ, რომ უშეცდომოდ მივხვდეთ სად არის მტერი და სად არის მოყვარე, რომ თვალნათლივ დავინახოთ რა მიმათრთულებით გვინდა სიარული და განვითარება.

არიან ერები, რომლებიც სხვების შეცდომებზე სწავლობენ, ჩვენ იმდენად დიდი ისტორია გვაქვს, რომ სხვების შეცდომებზე სწავლა არ გვჭირდება. რაც აქამდე გვინახავ, ყოველივეს განმეორების მცდელობასთან გვაქვს საქმე.

ჩვენი არჩევანი არის ევროპული, ცივილიზებული, მოდერნიზებული, დემოკრატიულ საქართველოს შენება. ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი არის დაბრუნება ევროპულ ოჯახში და ინტეგრაცია ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში და ევროკავშირში.

ჩვენი კურსია კაცობრიობის ცივილიზებული და დემოკრატიული ფასეულობების დაცვა, იქნება ეს ერაყში თუ ავღანეთში.

ქართველ ხალხს უკვე არჩეული აქვს თავის გზა. ამ გზას მივყავართ ევროპისკენ, უფრო მეტი დემოკრატიისკენ, კეთილდღეობისა და მოდერნიზმისკენ.

ამ გზას მივყავართ გაჯანსაღებისკენ.

მაგრამ ეს გზა არ იქნება მარტივი, ამ გზაზე ბევრი დაბრკოლებების გადალახვა მოგვიწევს. ბევრი მტერი გადაგვეღობება და შეეცდება გზიდან ჩამოგდებას. მაგრამ თუ ჩვენ ყველას გვემახსოვრება სადა ვართ და საით მივდივართ, რანი ვართ და რა იყო ჩვენი წინაპრების ოცნება რისთვისაც ისინი თავს წირავდნენ, მაშინ არასოდეს არ შეგვეპარება ჩვენს სიმართლეში ეჭვი.

ჩვენ ვლაპარაკობთ მრავალეთნიკურ ქართველ ერზე. ამას წინათ მოვიყვანე მაგალითი როგორ იბრძოდნენ ოსები საქართველოს ბოლო დედოფლის გადასარჩენად. დარიალის გზაზე, სანამ საქართველოს საბოლოო ანექსიის გაფორმება მოხდებოდა, ბოლო რაზმი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის გადასარჩენად იბრძოდა, იყო ეთნიკური ოსებისგან დაკომპლექტებული.

ჩვენ არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში მცხოვრებ ყველა ეთნიკურ ჯგუფს ყოველთვის შეჰქონდა წვლილი ჩვენი ქვეყნის თვისუფლებისთვის ბრძოლაში.

იმ ხალხმა, ვისაც თავმოყვარეობა არა აქვს, ვინც ყველაზე მეტს ყვიროდა თავისუფლებასა და ღირსებაზე, უღირსობის ყველა რეკორდი მოხსნა. რომ არა ჩვენი უნარი დავძლიოთ მსგავსი ქმედებებით გამოწვეული შედეგები, ეს ძალზე სამარცხვინო იქნებოდა მთელი მსოფლიოს თვალში.

რა თქმა უნდა, ყოველთვის მოიძებნება ქართველი, რომლის მოსყიდვაც შეიძლება, რა თქმა უნდა, მოიძებნება ქართველი, რომელსაც ღირსება არ გააჩნია, მაგრამ თავისუფლების მტრებმა კარგად უნდა იცოდნენ, რომ საქართველო არის თავისუფალი ადამიანების ამაყი, ღირსეული და თავისუფალი ქვეყანა. ჩვენი გატეხვის, ციხის შიგნიდან გატეხვის, შანტაჟის, პროვოკაციებისა და მუქარის ყველა მცდელობის მიუხედავად, საქართველომ გადადგა ნაბიჯი თავისუფლებისკენ, აღარასდროს აღარ დაიჩოქებს და აღარ დანებდება მათ!

ჩვენ ახლა გვაქვს შანსი ავასრულოთ ის ნატვრა რასაც ჩვენი უამრავი გმირი წინაპარი შეეწირა - დამოუკიდებელი, დაცული და წელში გამართული საქართველო.

ჩვენ გვინდა მშვიდი ცხოვრება და განვითარება. თუკი ვინმეს ჩვენი არსებობა უშლის ნერვებს, დაწყნარდეს და ამას შეეგუონ. ჩვენ არავის ტერიტორიაზე არ ვიჭრებით და არავის არ ვედავებით.

მოდით ერთი წუთით დავფიქრდეთ იმაზე თუ რა არის ამ გზის ალტერნატივა - ჩამორთმეული თავისუფლება და იმ დროში დაბრუნება, როდესაც ცენტრიდან უფროსები ჩამოდიოდნენ, რათა დამტკბარიყვნენ ჩვენი ღვინით და კონიაკით; საქართველოსთვის შეეხედათ, როგორც ეთნოგრაფიული მუზეუმისთვის, ხოლო ქართველებისთვის - როგორც ამ მუზეუმის ექსპონატებისთვის თავის სუფრით, სიმღერით და ცეკვით. დავითის და თამარის ქვეყანას როგორც სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს, არსებობა ეკრძალებოდა.

კონიაკი და იაფი თვითმფრინავის ბილეთები კარგი იყო, მაგრამ საქართველოს არც ერთ ქალაქს არ უნდა ჰქონოდა წყალგაყვანილობის სისტემა, არცერთი ტრასა არ უნდა ყოფილიყო მაღალი ხარისხის. ბათუმში წყალგაყვანილობის სისტემა შექმნილია ნობელების მიერ რევოლუციამდე. წყალგაყვანილობა არ იყო არც ქუთაისსა და წყალტუბოში. გაზიფიკაცია საბჭოთა დროს, 30 პროცენტამდე იყო, ჩვენ ახლა ავდივართ 87 პროცენტზე...

მოკლედ, აქ ყველაფერი უნდა ყოფილიყო, როგორც პროვინციაში. იმდენად არაკუნკურენტუნარიანი უნდა ყოფილიყო ჩვენი პროდუქცია, თავად ჩვენ იმდენად მეორეხარისხოვანი უნდა ვყოფილვიყავით, რომ პირველხარისხოვნად გადაქცევაზე ოცნებაც ვერ გაგვებედა.

ეს არ არის ჩვენი არჩევანი.

ეჭვი არ მეპარება, რომ ოდესღაც გვექნება თავისუფალი ფრენა მოსკოვთან, ნორმალური თანამშრომლური ურთიერთობებით. დიახ, ეს არ იქნება ფრენა 37 მანეთად, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ გაცილებით უკეთესია, მოსკოვში საფრენად ვიხადოთ საბაზრო ფასი, მაგრამ იქ ჩავდიოდეთ, როგორც თავისუფალი ვროპელები. ვიდრე ვი


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code