საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარების შესახებ
N15/05/03 2013 წლის 15 მაისი ქ. თბილისი
1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-12 მუხლის მე-3 და მე-10 ნაწილების შესაბამისად, 2013 წლის 16 მაისიდან გამოცხადდეს ღია კონკურსი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად.
2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, უმაღლესი განათლების მქონე, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და რომელსაც აქვს არანაკლებ 3 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.
3. საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადაა კონკურსის გამოცხადებიდან არა უგვიანეს 14 დღისა (მისამართი: ქ. თბილისი, აბდუშელიშვილის ქ. №1, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საკონკურსო კომისია).
4. თუ ამ განკარგულების მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ერთ ვაკანსიაზე არანაკლებ 2 კანდიდატურა არ იქნება წარდგენილი, კონკურსი გრძელდება იმ ვადით, რომლის განმავლობაშიც მოხდება ერთ ვაკანსიაზე არანაკლებ 2 კანდიდატურის წარდგენა.
5. საკონკურსოდ წარდგენილ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს: კანდიდატის გვარი, სახელი, განათლება (უმაღლესი), სპეციალობა, სამეცნიერო ხარისხი (თუ აქვს), მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის შესაბამისად), სამუშაო ადგილი და თანამდებობა, საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი (თუ აქვს). განცხადებას ხელს უნდა აწერდეს კანდიდატი და მას უნდა დაერთოს:
ა) კანდიდატის 2 ფოტოსურათი;
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის ქსეროასლი;
გ) უმაღლესი განათლების (სამეცნიერო ხარისხის - თუ აქვს) დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
დ) არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ქსეროასლი;
ვ) კანდიდატის შრომითი ბიოგრაფია და არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს ასეთი გამოცდილება);
ზ) ხელწერილი, რომელიც ადასტურებს პირის შესაბამისობას საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-12 მუხლის მე-5 ნაწილითა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან.
მიხეილ სააკაშვილი