Google+

დოკუმენტები

28.02.2012
საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში

ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, პატივცემულო პარლამენტის წევრებო, ძვირფასო სტუმრებო.

მოგესალმებით თქვენ და თქვენთან ერთად ვესალმები საქართველოს ყველა მოქალაქეს.

ვესალმები მათ, ვინც საქართველოშია და მათ, ვინც საქართველოს საზღვრებს გარეთ იმყოფება.

განსაკუთრებით ვესალმები იმ ვაჟკაცებს, რომლებიც დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში საქართველოს სახელით იცავენ კაცობრიობისა და სამშობლოს ინტერესებს. 

რამდენიმე დღის წინ ჩვენ კიდევ სამი მათგანი გამოგვაკლდა - მინდა გთხოვოთ, რომ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ და ავღანეთში დაღუპული 15 გმირის ხსოვნას.

მათი სახელები ოქროს ასოებით ჩაიწერება ჩვენი ქვეყნის იტორიის ფურცლებზე, რადგან თავიანთი თავდადებით ისინი იცავდნენ, აძლიერებდნენ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს და წარმატების პერსპექტივას აძლევდნენ საკუთარ სამშობლოს.

ჩემთვის დიდი პატივია კიდევ ერთხელ წარვდგე თქვენს წინაშე და ჩაგაბაროთ ანგარიში ქვეყნის მდგომარეობის შესახებ. 8 წლის წინ, მაშინ, როდესაც მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი პირველად გამოვედი თქვენს წინაშე ამ ანგარიშით, ჩვენ სულ ახალი დაწყებული გვქონდა რევოლუცია. მისი მიზანი იყო, კლანური დიქტატურა შეგვეცვალა ნამდვილი დემოკრატიითა და თანასწორობით, ტოტალური კორუფცია ჩაგვენაცვლებინა კანონის უზენაესობით, უფსკრულში გადაჩეხილი, არშემდგარი ქვეყანა დაგვებრუნებინა განვითარების გზაზე და რაც მთავარია, როგორმე გაგვეფანტა უპერსპექტივობის შავი ღრუბლები და იმედის სხივებით გაგვენათებინა მომავალი.

მაშინ დაწყებული რევოლუცია კვლავაც გრძელდება. ჩვენი სწრაფვა ცვლილებებისა და რეფორმებისაკენ, მოდერნიზაციისაკენ ისევ უმთავრესი პრიორიტეტია. ჯერაც ძალიან ბევრი საქმეა დაუმთავრებელი. ჩვენი ხალხის ძალიან ბევრი მოთხოვნილება ჯერაც დაუკმაყოფილებელია.

ამის მიუხედავად, დღეს, ისე როგორც არასოდეს უკანასკნელი ასწლეულების განმავლობაში, ვგრძნობთ, რომ ყინული დაიძრა, რომ ნავსი ტყდება. რა თქმა უნდა, ჯერ არ მივსულვართ იქ, სადაც გვინდა ყოფნა, მაგრამ ჩვენ ყველამ ერთად შევქმენით მომენტი დიდხანს ნანატრი შესაძლებლობისა, რომელიც ახლა ყველამ ერთად უნდა გამოვიყენოთ.

ათვლის წერტილი არის ის, რომ საქართველო ისევ იწყებს წინსვლას. ომი და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი წარსულს ჩავაბარეთ. ახლა, მიუხედავად ბევრი პრობლემისა, თუნდაც ბოლო დროს საწვავზე ფასების მკვეთრი ზრდისა, ჩვენი ეკონომიკა უკვე სტაბილურად იკრებს ძალასა და სისწრაფეს. გასულ წელს იგი თითქმის 7 პროცენტით გაიზარდა, რაც, უდავოდ, სასურველზე ნაკლებია, მაგრამ იყო უფრო მეტია, ვიდრე მთელი დასავლეთის ქვეყნებში და ჩვენი რეგიონის უმეტესობაში, ასევე ორჯერ მეტი ვიდრე რუსეთში.

ჩვენ მივიპყარით მსოფლიოს ყურადღება - როგორც პლანეტის ერთ-ერთმა საუკეთესო ქვეყანამ ბიზნესის კეთების სიმარტივით და უბრალოდ დასასვენებლად ჩამოსასვლელად. გასული ორი წლის განმავლობაში 100 ათასზე მეტი ახალი ბიზნესი დარეგისტრირდა საქართველოში, ვიზიტორების რაოდენობამ კი 3 მილიონს მიაღწია - ეს ყველაფერი ნიშნავს უფრო მეტ ბიზნეს შესაძლებლობებს ჩვენი ხალხისთვის და რა თქმა უნდა, მეტ სამუშაო ადგილს.

როდესაც შარშან ამ ტრიბუნიდან მოგმართეთ, მე წარმოგიდგინეთ საქართველოს განვითარების ხედვა 2015 წლისათვის. ამ თარიღამდე ჯერ სამი წელი რჩება, ჯერ ძალიან ბევრი რამ არის შესასრულებული, მაგრამ, უკვე სახეზეა მნიშვნელოვანი პროგრესი დასახული მიზნების მისაღწევად. 

ამ პროგრესს მე ხაზს ვუსვამ არა იმიტომ, რომ მოვიპოვო თქვენი კეთილგანწყობა, არც იმიტომ ვაკეთებ ამას, რომ თვითკმაყოფილმა მოვიწონო თავი თქვენს წინაშე.

ჩვენი დემოკრატიისა და წინსვლისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ თქვენ მუდმივად მოითხოვოთ პასუხი ხალხისთვის მიცემული ყველა დაპირების შესრულებაზე - ეს ეხება წარსულში მოცემულ დაპირებებსაც და მათაც, რომელთა შესახებ მე დღეს მოგახსენებთ.

შარშან მე დაგპირდით, რომ 2015 წლისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციას გავაორმაგებდით. დღევანდელი მონაცემებით სოფლის მეურნეობის სექტორი უკვე დაახლოებით 35პროცენტით არის გაზრდილი.

შარშან მე დაგპირდით, რომ 2015 წლისათვის ჩვენი მოსახლეობის 70 პროცენტზე მეტი იქნება გაზიფიცირებული. დღეისათვის ეს მაჩვენებელი 55 პროცენტია, წელს გაზი შევა 80 ათას ოჯახში, რითაც გაზიფიცირებული მოსახლეობის წილი 65 პროცენტამდე გაიზრდება.

შარშან მე დაგპირდით, რომ 2015 წლისათვის საქართველოში აშენებული იქნება მინიმუმ 10 ახალი ჰიდრო ელექტრო სადგური ჯამში 300 მეგავატის სიმძლავრით. დღესათვის უკვე დაწყებულია 15 ჰესის მშენებლობა, ხოლო მიმდინარე 2012 წლის ბოლომდე დაგეგმილია კიდევ 10 ახალი ჰესის მშენებლობის დაწყება – ჯამური ინვესტიცია ახალ ჰიდროელექტროსადგურებში გადააჭარბებს 2.5 მილიარდ დოლარს და რაც მთავარია - ახალი ჰესების მშენებლობა დაასაქმებს 13000-ზე მეტ ჩვენს მოქალაქეს.

შარშან ჩვენ მიერ წარმდგენილი ხედვის მიხედვით, 2015 წლისთვის საქართველოში იფუნქციონირებს 100-ზე მეტი ახალი, თანამედროვე კლინიკა. მაშინ სკეპტიკოსებმა ბევრი გვიკიჟინეს, მათ შორის ამ დარბაზშიც და 100 საავადმყოფოს პროგრამა მთავრობის ყველაზე დიდ წარუმატებლობად შერაცხეს. წელს ყველა ქართველი ხედავს თუ რა ტემპით ხორციელდება ეს პროექტი. ჩვენ უკვე 90-მდე ახალი, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი კლინიკა გავხსენით. წლის ბოლომდე დაპირებული 100-ს ნაცვლად, ჯამში 130 ახალი სამედიცინო ცენტრი ამოქმედდება.

2015 წლის  გეგმას ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით, ყველა მიმართულებით შეინიშნება პროგრესი, ამ გეგმის ძირითადი პუნქტების უმრავლესობა სწრფად და უფრო ფართო მასშტაბით ხორციელდება.

მიღწეული შედეგი გვიმყარებს რწმენას, რომ საქართველო ისევ წინ მიდის. მაგრამ ფაქტია, რომ უამრავი ჩვენი თანამოქალაქე, საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში ჯერაც ვერ გრძნობს ამ წინსვლას საკუთარი ოჯახების მაგალითზე.  

დღეს ჩვენ გვყავს ათობით ათასი შრომისუნარიანი, განათლებული მოქალაქე, რომლსაც უნდა მუშაობა, მაგრამ ვერ ახერხებს სამუშაოს პოვნას და სამართლიანად სვამს კითხვას: რაში მარგია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროცენტები და მიმზიდველი ბიზნესგარემო თუ პირადად ჩემთვის მაინც არ მოიძებნება სამსახური?

გასული თვეების განმავლობაში ჩვენ გავხსენით ათობით ახალი, თანამედროვე კლინიკა, მაგრამ უამრავი ჩვენი მოქალაქე კითხულობს: რა საჭიროა თანამედროვე კლინიკა თუ არ მაქვს მასში მკურნალობის ფული?

გასული წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ტურისტი ჩამოდის თბილისში, ბათუმში, საქართველოს სხვადასხვა ტურისტულ ცენტრებში - მაგრამ უამრავი სოფლის მკვიდრი კითხულობს: რა ხეირი მაქვს მე, სოფელ იფნარში ან სოფელ სამღერეთში მცხოვრებ კაცს, ბათუმსა თუ მესტიაში ჩასული ტურისტისგან?

თითოეული მათგანი სრულიად სამართლიანად სვამს ასეთ შეკითხვებს და მე ყველა ამ ადამიანის მესმის - მათი მდგომარეობა ხაზს უსვამს ჩვენს უმთავრეს მოვალეობას - ვიზრუნოთ არა მარტო ქვეყნის განვითარებაზე არამედ იმაზე, რომ გაფართოვდეს ამ განვითარებით მოსარგებლე მოქალაქეების წრე.

ჩვენ უნდა შევქმნათ არა მარტო უფრო მდიდარი ქვეყანა, არამედ უფრო ფართო წრე ხალხისა ვინც ქვეყნის სიმდიდრით იხეირებს, უფრო ფართო წრე განვითარებული სოფლებისა, უფრო ფართო წრე ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისა, უფრო ფართო წრე სამოქალაქო ჩართულობისა და უფრო ფართო წრე ოპტიმიზმისა და წარმატებისა.   

მთავარი შეკითხვა, დღეს ისაა, თუ რამდენად შეძლებენ საზოგადოების ცალკეული წევრები ქვეყნის საერთო წარმატების გაზიარებას? რამდენად მოხერხდება, რომ ყველა ქართველმა იხეიროს ჩვენი ქვეყნის წინაშე გაჩენილი ახალი შესაძლებლობებით?

ჩემი პასუხი ამ კითხვაზე ძალიან კონკრეტულია - მე უარს ვაცხადებ შევეგუო ორად გაყოფილ ქვეყანას, სადაც საზოგადოების მცირე ნაწილი ახერხებს დამსახურებული წარმატების მიღწევას, მაშინ, როდესაც მეორე დიდი ნაწილი დაუმსახურებლად რჩება უკან მოტოვებული.

2015 წლის ხედვა, რომელიც შარშან წარმოგიდგინეთ, რა თქმა უნდა, ძალაში რჩება, მაგრამ დღეს მე მინდა გესაუბროთ იმ დამატებითი გეგმების შესახებ, რომელიც ჩვენს მთავრობას აქვს იმისათვის, რომ უფრო მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ მიიღოს სარგებელი ქვეყნის მიმდინარე განვითარებიდან. ეს არის გეგმა იმისა, თუ როგორ ვაქციოთ ქვეყნის წინსვლა უფრო მეტი ოჯახის წინსვლად; გეგმა იმისა, თუ როგორ დავეხმაროთ თითოეულ მოქალაქეს ქვეყნის წარმატებიდან საკუთარი წილი წარმატების მიღებაში. ეს გეგმა ხუთ ძირითად ასპექტს ეფუძნება.

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი დასაქმებაა. მთავარი მიზეზი იმისა, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი საკუთარი ოჯახის, საკუთარი ცხოვრების მაგალითზე ჯერ ვერ გრძნობს იმ პროგრესს, რომელსაც დღეს ჩვენი ქვეყანა განიცდის – რა თქმა უნდა, არის უმუშევრობა.

პირადად ჩემთვის და მთავრობისთვის არ არსებობს უფრო დიდი ამოცანა ვიდრე იმ ადამიანების დასაქმება, რომელთაც დღეს შეუძლიათ და უნდათ მუშაობა, მაგრამ ვერ ახერხებენ სტაბილური სამსახურის პოვნას.

მე ძალიან კარგად მესმის, რომ, საბოლოოდ, ქვეყნის წარმატება იზომება არა ციფრებით და რეიტინგებით, არა პროცენტებით და უცხოურ გაზეთებში გამოქვეყნებული სტატიებით, არამედ მთელი საზოგადოებისა და თითოეული ადამიანის კეთილდღეობით.

ეკონომიკა არ არის მხოლოდ ციფრები - ეკონომიკა არის ის, თუ როგორ გრძნობენ ადამიანები თავს - რამდენად აქვთ სტაბილური შემოსავალი, რამდენად არიან სოციალურად დაცული, რამდენად აქვთ ხვალინდელი დღის იმედი. 

მესმის, რომ ადამიანს, რომელსაც სარჩენი ჰყავს ოჯახი, სკოლაში ან უმაღლესში ჰყავს გასაშვები შვილი; ადამიანისთვის, რომელმაც არ იცის რის მიტანას შეძლებს სახლში დღეს და ხვალ... და მეტიც, რომელსაც ეშინია ხვალინდელი დღის, იმიტომ რომ არ აქვს სტაბილურობისა და პერსპექტივის განცდა და, ამავდროულად, არ აქვს სამსახური, ჩალის ფასი აქვს პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებულ ხმამაღალ განცხადებებს მთლიანი შიდა პროდუქტის ზდრის პროცენტებთან დაკავშირებით...

მაგრამ მე მინდა თითოეულ ასეთ ადამიანს მივმართო ამ ტრიბუნიდან - ნუ გეშინიათ და გქონდეთ ხვალინდელი დღის იმედი. ჩვენი ქვეყანა დღეს უკვე წინ მიდის, ჩვენი ქვეყანა დღეს უკვე ვითარდება - შორს არ არის ის დრო, როდესაც ამას საკუთარ ცხოვრებაზე იგრძნობთ. 

ნუ გეშინიათ და გქონდეთ ხვალინდელი დღის იმედი, რადგან მთელი მთავრობის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია იმისაკენ, რომ ქვეყნის წარმატება თქვენ პირად წარმატებად ვაქციოთ, თან რაც შეიძლება მალე. 

ნუ გეშიანიათ და გქონდეთ ხვალინდელი დღის იმედი, რადგან მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, კარგად მესმის თქვენი და სრული სიმწვავით შევიგრძნობ თქვენს ტკივილს.

მინდა იცოდეთ, რომ მე არ ვაპირებ ჩემი მოღვაწეობა შევაფასო ექსელის ფაილებში ჩაწერილი ციფრებით – ერთადერთი, რითაც მე წარმატებულად ან წარუმატებლად შევაფასებ მთელ ჩემს ცხოვრებას არის ის, თუ რამდენად შევძლებთ დავუბრუნოთ პერსპექტივისა და უკეთესი ხვალინდელი დღის განცდა იმ მოქალაქეებს, რომლებსაც  დღეს უიმედობა სტანჯავს; რამდენად შევძლებთ მათი ცხოვრების გაუმჯობესებას, რამდენად გავუჩენთ მათ ახალ შესაძლებლობებს და პერსპექტივებს; რამდენად უზრუნველვყოფთ მათ სოციალური დაცვით და ღირსეული სამსახურით.

ის, რომ ჩვენი ქვეყანა წინსვლას განიცდის, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთო წარმატებაა - მაგრამ ჩემთვის მთავარი ისაა, რომ ახლა ეს საერთო წარმატება თითოეული მოქალაქის წარმატებად ვაქციოთ. რომ ეს იყოს წარმატება არა სტატისტიკისთვის, არამედ თითოეული ოჯახისთვის.

მთავარი სირთულეები ჩვენმა ქვეყანამ უკვე გადალახა, ყველაზე მძიმე გამოცდას ჩვენმა ეკონომიკამ უკვე გაუძლო - წინსვლის ის პროცესი, რომელიც ახლაა სახეზე, სულ უფრო და უფრო ჩქარი ტემპით ჩაიბამს საქართველოს ოჯახებს. ის, რაც დღეს ბევრს შეიძლება ცარიელ სტატისტიკად ეჩვენებოდეს, წარმოსადგენზე უფრო სწრაფად  გადაიქცევა რეალურ შემოსავლად ქართული ოჯახებისთვის.

მაგალითად, სტატისტიკაა ის, რომ ინვესტორები და ტურისტები უკვე აქტიურად მოდიან საქართველოში - მაგრამ ფაქტია, რომ ყოველი მორიგი მილიონი ტურისტი 15 ათას ახალ სამუშაო ადგილს ქმნის ჩვენს ქვეყანაში.

2015 წლისათვის ჩვენ კიდევ 2 მილიონით გავზრდით საქართველოში დამსვენებელი ტურისტების რაოდენობას, რაც დამატებით 30 ათას ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. ეს ნიშნავს, რომ დამატებით 30 ათასი ოჯახი, რეალურად იგრძნობს, რომ დღევანდელი საქართველოს პოპულარიზაცია, ჩვენი ქვეყნის ტურისტულ ცენტრად განვითარება, გზების, სასტუმროების და ახალი კურორტების დღევანდელი შენება, ჩვენი ქალაქების დღევანდელი გალამაზება, რისთვისაც ხშირად გვაკრიტიკებენ - 30 ათასი ოჯახის ხვალინდელი სამსახური, ხვალინდელი სამუშაო ადგილი და სტაბილური შემოსავალია. 

და ეს არ არის მხოლოდ მომსახურების სფეროში გაჩენილი სამუშაო ადგილები - ეს არის სამუშაო ადგილები სოფლის მეურნეობაში, რადგან ვიზიტორების ზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნა საკვებ პროდუქციაზე. ეს არის სამუშაო ადგილები სამშენებლო სექტორში, რადგან გაზრდილი ტურიზმი წარმოშობს ტურისტული ინფრასტრუატურის განვითარების შესაბამის აუცილებლობას. ეს არის სამუშაო ადგილები წარმოებაში, რადგან ინვესტორთა და დამსვენებელთა დიდ მასას ესაჭიროება ადგილობრივი წარმოების უამრავი საქონელი ცხოვრების, დასვენების და ბიზნესისათვის.

იგივე ეხება ყველა იმ დიდი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტს, რომელსაც ახლა ვახორციელებთ. ახალი ჰესები, ახალი ტრასები, ახალი ქალაქები, ახალი უბნები, ახალი კურორტები, ახალი ეკონომიკური ზონები. მათი მეშვეობით, ჩვენ ახალ საქართველოს ვაშენებთ, მაგრამ მთავარი შედეგი ის ათობით ათასი დასაქმებული ოჯახია, რომელთა ცხოვრება ამ პროექტების შედეგად გაცილებით უფრო სტაბილური, დაცული და წარმატებული გახდება. 

მაგრამ სამუშაო ადგილის შექმნა ყოველთვის არ ნიშნავს ადამიანის დასაქმებას. ხშირია შემთხვევა, როდესაც ესა თუ ის სამუშაო ადგილი ხელმისაწვდომია ადამიანისთვის, მაგრამ იგი ვერ ახერხებს ვაკანსიის შევსებას, რადგან არ გააჩნია სათანადო კვალიფიკაცია. ამის გამო ზოგჯერ საქართველოს მოქალაქე საკუთარ ქვეყანაშიც კი ვერ ახერხებს, უცხოელისთვის კონკურენციის გაწევას. ასეთ დროს გამოსავალი არ არის წუწუნი და ჩივილი იმაზე, რომ სამუშაოს ის შოულობს ვინც უკეთესად იცის მისი კეთება. არც ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვა და ეკონომიკური თვითიზოლაციაა სწორი გზა. ასეთ დროს ერთადერთი გამოსავალია ჩვენ თვითონ გავზარდოთ ჩვენი კონკურენტუნარიანობა, ჩვენ თვითონ ავიმაღლოთ ცოდნა, ჩვენ თვითონ ვიყოთ სხვაზე უკეთესი საქმეში.

ვიყოთ უფრო მაგარი მშენებლები, უფრო მაგარი ფინანსისტები და უფრო მაგარი ინჟინრები.  

უნდა გვესმოდეს, რომ დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდა ძალიან გართულდება თუ მუდმივად არ ვიზრუნებთ ჩვენს კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის.

ამისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პროფესიულ გადამზადებას და იმ ახალი საქმის დაუფლება, რომელზეც უფრო დიდი მოთხოვნაა ბაზარზე.

მე ღრმად მწამს, რომ სახელმწიფო ვალდებულია შექმნას სათანადო პირობები ყველა იმ ადამიანისათვის, ვისაც უნდა საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლება, ანდა ახალი პროფესიის დაუფლება. 

ამიტომ ჩვენ ვიწყებთ პროფესიული გადამზადების სისტემის მნიშვნელოვან რეფორმას, ერთი მხრივ, ვაშენებთ ახალ, გაცილებით უფრო მაღალი დონის საგანმანათლებლო ცენტრებს - 2012 წელს  5 ახალი  პროფესიული კოლეჯი  გაიხსნება.

ხოლო მეორე მხრივ, 2012 წლიდან საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელსაც სურვილი  ექნება შეისწავლოს და აითვისოს ახალი პროფესია,  კერძო თუ სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში,  სახელმწიფოსგან  მიიღებს 1000 ლარიან საგანმანათლებლო ვაუჩერს. ეს თანხა მთლიანად აანაზღაურებს მისი მაღალი ხარისხის გადამზადების კურსს.

ამას გარდა, ჩვენ დავიწყებთ ”პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის” პროგრამას, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს ოც ქალაქში ერთდროულად 20 ათას ადამიანი გაივლის უფასო ტრენინგებს პროფესიის მიხედვით, ინგლისურ ენასა და კომპიუტერულ უნარ-ჩვევებში. 

ამ წლის ზაფხულში ჩვენ ასევე ავამოქმედებთ სტუდენტების დასაქმების ერთთვიან პროგრამას, რომელიც 25 ათას სტუდენტს დაასაქმებს მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. ამით სტუდენტები, ერთი მხრივ, პროფესიული უნარ-ჩვევების დასაუფლებელ პირველად პრაქტიკასაც გაივლიან და სწავლისა ან საზაფხულო დასვენებისათვის გარკვეულ თანხას დააგროვებენ. 

მაგრამ დასაქმებულთა წრის გაფართოებას, მარტო პროფესიული გადამზადება და სტუდენტური დასაქმებაც ვერ უშველის. ჩვენი საზოგადოების გრძელვადიანი წარმატებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს განათლებას.

განათლება ჩვენი მომავლის გასაღებია. ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მომავალი თაობების განათლების დონე განაპირობებს იმას, შევძლებთ თუ არა ცოდნასა და მაღალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ეკონომიკის აშენებას; შევძლებთ თუ არა ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე დაფუძნებული სამუშაო ადგილების მთელი მსოფლიოდან მოზიდვას საქართველოში;

განათლება ჩვენი მთავრობის ყველაზე გადამწყვეტი, ყველაზე განმსაზღვრელი პრიორიტეტია. 

დღეს, როდესაც კომუნიკაციის ეპოქაში ვცხოვრობთ, როდესაც მსოფლიო უკვე ასეთი პატარაა, ინტელექტზე დაფუძნებული სამუშაო ადგილები აღარ ცნობს სახელმწიფოთა საზღვრებს, გლობალიზაციის ხანამ უკვე დიდი ხანია დაამკვიდრა პრინციპი: იქ სადაც არის ცოდნა - არის დასაქმებაც. 

ამიტომ, ჩვენ სულ უფრო და უფრო გავააქტიურებთ ძალისხმევას, საქართველოში განათლების სისტემის განვითარებისათვის.

ამიტომ, წელს საქართველოში 23 ახალი სკოლა აშენდება, ხოლო 600-მდე სკოლა გარემონტდება - 2015 წელს კი, საქართველოს ყველა სკოლა იქნება გერმანიის, ჰოლანდიის, ამერიკის სკოლების დონის;

ამიტომ, უკვე ყველა საჯარო და კერძო სკოლა ჩართულია ინტერნეტში;

ამიტომ, შევიტანთ წელს სკოლებში კიდევ დამატებით 11 ათას ახალ კომპიუტერს და ამ წლის ბოლოსთვის ყოველ 7 მოსწავლეზე ერთი კომპიუტერი იქნება. 2015 წელს კი, ბავშვების 90 პროცენტს ექნება პერსონალური კომპიუტერი.

ამიტომ, წელს უკვე 100 სკოლაში გავხსნით ულტრა-თანამედროვე "მომავლის კლასებს" და ამიტომ ვაგრძელებთ სკოლებში ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის უმაღლესი დონის ლაბორატორიების გახსნას.

ამიტომ მიიღებს ყველა პირველკლასელი და მათი დამრიგებელი საჩუქრად პერსონალურ კომპიუტერს;

ამიტომ ვზრდით მასწავლებლების ხელფასებს და ამიტომ ჩამოგვყავს ათასობით ინგლისური ენის მასწავლებელი ჩვენი ბავშვებითვის.

მიზანი მარტივია - ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს შვილებს ჩვენზე უკეთესი ცხოვრება ჰქონდეთ, უფრო დაცული და უფრო წარმატებული, რომ მათ ჰქონდეთ უფრო მეტი შესაძლებლობა და უკეთესად შეეძლოთ ამ შესაძლებლობების გამოყენება; რომ მათი ცოდნა და მონდომება უფრო მეტად ფასდებოდას და იოლად შოულობდნენ დამსახურებისა და ცოდნის მიხედვით სასურველ სამსახურს. 

ეს არის ნებისმიერი მშობლის ოცნება - ეს არის ჩვენი რეფორმების მიზანიც.

ჩვენი გეგმის მეორე მნიშვნელოვანი ელემენტია სოფლის მეურნეობა. სოფელი ჩვენი ქვეყნის სული და გულია. ძნელია ჩვენს შორის მოიძებნოს ისეთი ადამიანი, ვისი ფესვებიც არ მოდის სოფლიდან.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც ხედავს საქართველოს მომავალს ძლიერი სოფლის გარეშე.

ჩვენი ქვეყნის წარმატება არაფერს მოიტანს თუ ამ წარმატების გამზიარებლად არ იქცა სოფლის მეურნე. ჩვენი უმთავრესი მოვალეობაა, მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველვყოთ წარმატებულ ფერმერთა წრის გაფართოვება. ამისათვის უპირველესი რესურსი დამუშავებული და მორწყული მიწაა. 

ამიტომ დღეს ვაცხადებ საქართველოს ერთიანი საირიგაციო სისტემის განვითარების პროგრამას, რომელის ფარგლებშიც გასარწყავდება 18 ათასი ჰექტარი, ხოლო 3 ათასი 800 ჰექტარზე სადრენაჟე სისტემების სრული რეაბილიტაცია მოხდება.

ირიგაციის გარდა, წარმატებულ ფერმერთა წრის გაფართოებას ხელს უშლის მექანიზაციის დღეს არსებული არასაკმარისი მასშტაბები. თანამედროვე სოფელი ვერ განვითარდება მაღალი დონის მექანიზაციის გარეშე.

ამიტომ 2012 წელს გაიხსნება მექანიზაციის 12 ცენტრი, რომელთა ძირითადი მიზანი იქნება სოფლის მოსახლეობის მომსახურება და მათი ინფორმირებულობა სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხსა და საჭიროებაზე.

ამიტომ უახლოესი 3 კვირის განმავლობაში ჩვენ შევიძენთ 250 ახალ ტრაქტორსა და 400 მისაბმელ აგრეგატს;

ამიტომ ამ წლის 1 ივნისამდე მექნიზაციის ყველა ცენტრი ჯამში აღჭურვილი იქნება 563 ერთეული ტრაქტორით, 50 ერთეული კომბაინით, 22 ერთეული სპეცტექნიკით და 1470 ერთეული გუთანითა და ტრაქტორზე მისაბმელი სხვა ტექნიკით - რაც მთავარია ეს ყველაფერი რომელიც ადვილად ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული ფერმერებისათვის - ისევე, როგორც ხელმისაწვდომი იქნება მექანიზატორების კონსულტაციები და დახმარება

რასაკვირველია ტექნიკა და მორწყული მიწა უმნიშვნელოვანესი შემედგანელია სოფლის მეურნეობის წარმატებისთვის, მაგრამ დღევანდელ მსოფლიოში მარტო ეს საკმარისი არ იქნება თუ ფერმერს არ ექნა საშუალება აითვისოს ახალი ტექნოლოგიები და დაეუფლოს სოფლის მეურნეობისთვის საჭირო თანამედროვე ცოდნას.

ამიტომ 6 მექანიზაციის ცენტრს ასევე მიენიჭება მოსავლიანობის ცენტრების ფუნქცია.

ამ ცენტრებში ნებისმიერი ფერმერი შეძლებს მიიღოს მექანიზატორის კონსულტაცია და დახმარება. ისარგებლოს სპეციალური ლაბორატორიის მომსახურებით, რომელიც დაეხმარება ნიადაგის, მცენარისა და წყლის ანალიზის გაკეთებაში. 

ცენტრებში დამონტაჟდება ჰიდრო-მეტეოროლოგიური სადგურები; ექვსივე ცენტრი აღიჭურვება თანამედროვე სტანდარტების სასწავლო ინფრასტრუქტურით, სადაც ფერმერები და დაინტერესებული ადგილობრივი მოსახლეობა გადამზადდება ახალი ტექნოლოგიებისა და სათესლე პროდუქციის გამოყენებაში.

მოსავლიანობის ცენტრების მეშვეობით ნებისმიერი ფერმერისთვის  ხელმისაწვდომი უნდა გახდეს სხვადასხვა ტიპის სასუქი და პესტიციდი; მაღალი კვალიფიკაციის აგრონომების კონსულტაცია მნიშვნელოვან სასოფლო-სამეურნეო საკითხებზე;

მოსავლიანობის ექვსივე ცენტრი აღიჭურვება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი სადემონსტრაციო ნაკვეთებით, სადაც ფერმერები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების, ახალი კულტურებისა და ჯიშების წარმოების პროცესებისა და სხვადასხვა პროდუქციის მოსავლიანობის თაობაზე.

ჩვენი მიზანია შევქმნათ სოფლის მეურნეობის სისტემა, რომელიც ყველა შრომისმოყვარე სოფლის მეურნეს საშუალებას მისცემს საკუთარ ოჯახში, საკუთარ კარმიდამოში იგრძნოს ქვეყნის წინსვლა.

ჩვენ მიზანია სოფლის წარმატება არა სტატისტიკისთვის, არამედ თითოეული ფერმერის უკეთესი ცხოვრებისთვის.

ჩვენი გეგმის მესამე ელემენტი არის ჯანდაცვა - გასული თვეების განმავლობაში ჩვენ შევძელით ის, რისი წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო სულ ახლო წარსულში.

ჩვენ 30 დღეში გავხსენით 30 ახალი საავადმყოფო, დღეისათვის უკვე 90-მდე ახალი, თანამედროვე კლინიკა ფუნქციონირებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში. მიმდინარე წლის განმავლობაში დაგეგმილია კიდევ 40-ზე მეტი საავადმყოფოს გახსნა – შედეგად, 2012 წელს საქართველოში 130 ახალი სამედიცინო დაწესებულება იქნება, აღჭურვილი უახლესი ტექნიკითა და ჯანდაცვის პროცედურებისათვის საჭირო თანამედროვე ინფრასტრუქტურით.

ეს არის ნამდვილი გარღვევა საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში - შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ახალი ათვლის წერტილი, რადგან ვიდრე ახალი საავადმყოფოები არ იყო – საქართველოში, პრაქტიკულად, არ არსებობდა ჯანდაცვა - იყო დედაქალაქში თავმოყრლი მხოლოდ რამდენიმე საავადმყოფო და რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობისთვის მათში მოხვედრა, ბევრი ფაქტორის გამო, შეუძლებელი იყო.

ამასთანავე, საქართველოში ვქმნით მსოფლიოში მოწინავე მაღალტექნოლოგიური სერვისების დანერგვის ახალ შესაძლებლობებს – მაგალითად, ისეთის, როგორიც ღეროვანი უჯრედების გადანერგვის ოპერაციებია. თანამედროვე მედიცინაში ეს დღეს ეფექტურად გამოიყენება ისეთი დაავადებების მკურნალობაში, როგორიც ციროზი, ლეიკოზი და სხვა.

ჩვენი რეფორმით მოვახერხეთ არა მარტო ჯანდაცვის გეოგრაფიის გაფართოება, არამედ სოციალური თანასწორობის ძალიან მძლავრი მექანიზმის შექმნა - მე თითქმის ყოველი მორიგი საავადმყოფოს გახსნაზე პირადად ჩავდივარ და მაქვს პატივი თავად წავიკითხო ამ თანასწორობის განცდა თითოეული ადგილობრივი მაცხოვრებლის თვალებში - ეს არის განცდა სიამაყის, რადგან უეცრად ის, რაც აქამდე მისთვის არ არსებობდა, დღეს მისი საკუთრებაა; ის, რაც ადრე მხოლოდ თბილისის ელიტას ეკუთვნოდა, უეცრად მთელი საზოგადოების კუთვნილება გახდა.

საქართველოში შენდება თანამედროვე, ევროპული დონის ჯანდაცვა, მაგრამ ჩვენი უმთავრესი ამოცანა ახლა ის არის, რომ გაიზარდოს იმ ადამიანთა რიცხვი, ვისთვისაც ჯანდაცვა ხელმისაწვდომია.

ჯერაც ბევრი ქართველისთვის მაღალი დონის ჯანდაცვა იმ ფუფუნებად ითვლება რასაც მისი საფულე ვერ გაწვდება.

ხელმისაწვდომობის ზრდის მთავარი ინსტრუმენტი არის ჯანმრთელობის დაზღვევა - ამიტომ ჩვენი ამოცანაა, დაზღვეული მოქალაქეების რაოდენობის მნიშვნელოვნად გაზრდა.

2006 წლამდე საქართველოში სამედიცინო დაზღვევა ჰქონდა 40 000-ზე ნაკლებ ადამიანს. ამ პერიოდთან შედარებით 2011 წლის ბოლოსთვის დაზღვეულთა რაოდენობა გაიზარდა თითქმის 40-ჯერ, 2012 წელს კი 60-ჯერ გაიზრდება.

2012 წელს ქვეყანაში დაზღვეული იქნება ყოველი მე-2 მოქალაქე ანუ თითქმის ორმილიონნახევარი ადამიანი;

სახელმწიფოს მიერ დაზღვეულთა რიცხვს წელს 650 ათასამდე პენსიონერი და 300 ათასამდე ბავშვი დაემატება.

და ეს იქნება დიდი გარდატეხა ასობით ათასი ოჯახის ცხოვრებაში.

ყველამ კარგად ვიცით, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია დღეს უამრავი პენსიონერი და მათი ოჯახის წევრები, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ასაკოვანი ადამიანი უკვე ინტენსიურ მკურნალობას საჭიროებს. დღეის მდგომარეობით შეუძლებელია ასაკით პენსიონერის დაზღვევა, რადგან სადაზღვევო კომპანიები თავს არიდებენ ამასთან დაკავშირებულ ფინანსურ რისკებს.

შესაბამისად, მკურნალობის მთელი ტვირთი მოდის მათი ოჯახის წევრებზე, რაც, თუ გავითვალისწინებთ გაზრდილ ფასებსა და უმუშევრობას, ხშირად ტრაგიკულ რეალობასთანაა დაკავშირებული. უამრავი ჩვენი თანამოქალაქე ხელებჩამოშვებული უყურებს თუ როგორ ართმევს ავადმყოფობა მას მშობელს, ბებიასა თუ ბაბუას და უსახსრობის გამო, ვერაფრით ეხმარება მას. არის გაცილებით უფრო მძიმე შემთხვევებიც, როდესაც მომვლელი და მეურვე საერთოდ არ არსებობს პენსიონერისათვის და იგი ღვთის ანაბარაა მიტოვებული საკუთარ ავადმყოფობასთან.

ამიტომ, ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რათა დაპირებულ 100 დოლარიან საპენსიო პაკეტში შეგვეტანა ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ჯანმრთელობის დაზღვევის სახით. შედეგად, სექტემბრიდან ყველა ასაკით პენსიონერის ჯანმრთელობა დაზღვეული იქნება. 

თუ ადრე პენსიონერი მხოლოდ ჯანდაცვის პროგრამების შეზღუდული სერვისებით სარგებლობდა – მაგალითად, ქიმიოთერაპიის საჭიროების შემთხვევაში პროგრამა 500 ლარზე მეტს არ უთვლიდა - სადაზღვევო პაკეტით, დაზღვევის ლიმიტი მას 12 ათას ლარამდე გაეზრდება.

ასევე, თუ სჭირდებოდა გეგმიური ოპერაციები, მაგალითად, მენჯ-ბარძაყის ან კატარაქტის ოპერაცია, რაც ძალიან ხშირია ხანდაზმულ ადამიანებში, ეს არასდროს არ იფარებოდა. წელს მოხუცებს პირველად ექნებათ საშუალება, დაზღვევის ხარჯზე დაიფაროს არა მარტო ეს, არამედ სხვა გეგმიური ოპერაციებიც. 

 თუ რომელიმე პენსიონერს დასჭირდება გადაუდებელი ინტენსიური თერაპია, რაც ყველას მოგეხსენებათ, რომ განსაკუთრებით დიდ ხარჯებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, სექტემბრიდან ეს მომსახურება ულიმიტო იქნება. თუ ადრე სახელმწიფო პროგრამა მხოლოდ პირველ სამ დღეს უფინანსებდა ურგენტული პროგრამით და მეტი არასოდეს არავისთვის არ გადაგვიხდია, ამ პროგრამის მიხედვით,  ხანდაზმულ მოქალაქეს შეეძლება მიიღოს გადაუდებელი მკურნალობა მანამ, ვიდრე ეს დასჭირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მკურნალობის ხარჯის სიმძიმე აღარ დააწვება მის ოჯახს - ყველაფერი დაზღვევით ანაზღაურდება.

პენსიონერთა ყველაზე დიდი პრობლემა ყოველთვის იყო წამლები - განსაკუთრებით ქრონიკულად დაავადებული პაციენტებისთვის. თუ დღემდე მხოლოდ 50 ლარის  ნახევარს იხდიდა სადაზღვევო გეგმა, სექტემბრიდან ეს ლიმიტი გაიზრდება 4-ჯერ და 200 ლარი გახდება, ასევე 100 ლარის ღირებულების მედიკამენტი ანაზღაურდება სადაზღვევო ვაუჩერით.

დღეს მინდა ახალი ინიციატივაც გაგაცნოთ: 2013 წლის 1 იანვრიდან თითოეული ოჯახი ყოველ მესამე ახალშობილ ბავშვზე ერთჯერადი დახმარების სახით, 1000 ლარს, ხოლო ყოველ მეოთხე და შემდეგი ბავშვის დაბადებაზე 2000 ლარს მიიღებს. ასევე 2013 წლის 1 იანვრიდან დამატებით დავაზღვევთ ყველა იმ ბავშვსა და 18 წლამდე ახალგაზრდას,  რომელიც მრავალშვილიან ოჯახში იზრდება. ეს იმ ოჯახებს შეეხება, რომელშიც 4 და მეტი ბავშვი იზრდება. 

ამგვარი ინიციატივა, ვფიქრობ, ხელს შეუწყობს ბოლო წლების შობადობის ზრდის ტენდენციას ჩვენ ქვეყანაში. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო მის უწმინდესობას იმ ძალისხმევისათვის, რომელსაც ქართული ეკლესია იჩენს დემოგრაფიული პრობლემის მოგვარებისათვის. ვფიქრობ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა კონკრეტულ შედეგებს მოგვიტანს.

მინდა დავუბრუნდე დაზღვევის თემას. რაც შეეხება ბავშვების დაზღვევას - აქამდე არსებული ბავშვთა სტაციონარული დახმარების სახელმწიფო პროგრამა მხოლოდ სამ წლამდე ბავშვებზე ვრცელდებოდა და ისიც ძალიან შეზღუდულად.

ჩვენი გეგმის მიხედვით, სექტემბრიდან ყველა სკოლამდელი ასაკის ბავშვის ჯანმრთელობა იქნება დაზღვეული.

ასე რომ, უმაღლესი დონის ჯანდაცვა წელს უფრო მეტი მოქალაქისათვის იქნება  ხელმისაწვდომი. 

ამას გარდა, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი - ის, რომ, საბოლოოდ,  დაზღვეული იქნება ორ-ნახევარი მილიონი მოქალაქე - საშუალებას გვაძლევს დაზღვევა უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ იმ დანარჩენი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომელიც ჯერ არ არის დაზღვეული. ასევე უნდა ჩამოვაყალიბოთ თამაშის ახალი წესები, რომლებიც უზრუნველყოფს მომსახურების ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას სადაზღვევო კომპანიებისა და კლინიკების მხრიდან.

ჩვენი ამოცანაა, ერთი მხრივ, დაზღვეულთა რაოდენობის გაზრდა, ხოლო, მეორე მხრივ, დაზღვეულთა უფლებების მაქსიმალურად დაცვა, როგორც სადაზღვევო კომპანიებთან, ასევე კლინიკებთან მიმართებაში.

ამისთვის, ჩვენ, ერთი მხრივ, უპრეცენდენტოდ ვამკაცრებთ სამედიცინო დაწესებულებების მიმართ საჯარიმო სანქციებს - იმ შემთხვევებისთვის, როდესაც მათი დანაშაულით დაზარალდება პაციენტის ინტერესები.

ხოლო, მეორე მხრივ, ვქმნით თამაშის ახალ წესებს რომლითაც სადაზღვევო კომპანიები ვალდებულნი იქნებიან დაიცვან დაზღვეული მოქალაქეების ინტერესები და არ მოატყუონ ისინი. ამ სფეროში პრობლემები ჯერაც ბევრია:

არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები აწყდებიან უსამართლობას სადაზღვევო კომპანიების მიერ დაზღვევის პროდუქტის შეთავაზებისას. ხშირად, არაკეთილსინდისიერი მანიპულაციების შედეგად, დაზღვეულმა მოქალაქემ რეალურად არ იცის რა ეკუთვნის და რა არა, რას დაფარავს დაზღვევა და რას არა - ან ჰგონია, რომ იცის, მაგრამ მისთვის ყველაზე კრიტიკულ მომენტში აღმოაჩენს, რომ თურმე მწარედ ცდებოდა.

ახალი წესები უზრუნველყოფს, რომ მოქალაქეს აღარ გაუჩნდეს უსამართლობის და დაუცველობის განცდა. პირობები ცხადად უნდა განსაზღვრავდეს იმას თუ რა ანაზღაურდება დაზღვევით და გამონაკლისები არ უნდა აძლევდეს სადაზღვევო კომპანიას საშუალებას უარი უთხრას დაზღვეულს მომსახურებაზე მაშინ, როცა მას ეს ყველაზე მეტად სჭირდება. 

ეს ჩემი ცალმხრივი განწყობა არ არის. სახელმწიფოს მიერ მოქალაქეთა ასეთი მასშტაბით დაზღვევამ შესაძლებელი გახადა სახელმწიფოსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის თანამშრომლობის ატმოსფეროს ჩამოყალებება. მე მივესალმები სადაზღვევო კომპანიების მონდომებას, რომ სახელმწიფოსთან თანამშრომლობით, გნებავთ სახელმწიფოს ზედამხედველობით, აღმოიფხვრას ყველა არსებული სირთულე და პირველ ადგილზე მოქალაქის ინტერესები დადგეს. სადაზღვევო კომპანიებს კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ჩვენ იმიტომ არ ვაფართოებთ დაზღვეული ადამიანების წრეს, რომ შემდეგ ამ ადამიანებმა მოტყუებულად და მიტოვებულად იგრძნონ თავი!!! 

ამას ჩვენ არ დავუშვებთ და ეს არის ჩემი პირობა თითოეული ჩვენი მოქალაქის წინაშე.

2012 წელს ვაცხადებთ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გარდამტეხ წლად – წლად,  როდესაც ყოველი მეორე ქართველი იქნება დაზღვეული და მისთვის რეალურად ხელმისაწვდომი იქნება მაღალი დონის ჯანდაცვა.

დღეს ასევე მინდა მოგახსენოთ, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატების შესახებ, რომელიც მომავალი თაობის ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის ბრძოლას ითვალისწინებს. წლების განმავლობაში ჩვენ ულმობლად ვებრძოდით ნარკომაფიას, ნარკოტიკების გამსაღებლებსა და გამავრცელებლებს. ამან ხელშესახები შედეგი გამოიღო – 2007 წლის შემდეგ ნარკოდანაშაულმა 53 პროცენტით იკლო, ანუ განახევრდა უმთავრესი საფრთხე ჩვენი მომავალი თაობებისათვის.

ამ ბრძოლას მეორე მხარეც აქვს – ეს არის ზრუნვა ნარკოდამოკიდებულთა მკურნალობასა და რეაბილიტაციაზე. მე შემოვდივარ ინიციატივით, რომ თანხების გარკვეული ნაწილი, რომელიც ნარკოდამნაშავეებზე დაკისრებული ჯარიმებიდან შემოდის, ისევ ნარკოდამოკიდებულთა მკურნალობას მოვახმაროთ.

ამასთანავე, მომავალშიც ულმობელნი ვიქნებით ნარკოგამსაღებელთა წინააღმდეგ ბრძოლაში და ეს ბრძოლა სამართალდამცავთათვის პრიორიტეტად დარჩება.

საკმარისი არ არის მხოლოდ მატერიალური წარმატებისა და სოციალური დაცვის წრის გაფართოება - ჩვენი ამოცანაა, რომ ასევე გავაფართოვოთ ჩვენი პოლიტიკური და სამოქალაქო წარმატების წრე.

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ჩვენი ქვეყანა სულ უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება ტურისტებისა და ინვესტორებისთვის ის არის, რომ ჩვენ ერთად შევძელით შეგვექმნა სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების წარმატებული მოდელი. მომავალი წლების განმავლობაში ჩვენ კიდევ უფრო დიდი ნაბიჯები უნდა გადავდგათ საქართველოს დემოკრატიული პროცესის გასავითარებლად.

შარშან, როდესაც ამ ტრიბუნიდან წარმოგიდგინეთ 2015 წლის ხედვა - ჩემი დაპირებები ვრცელდებოდა არა მარტო სოციალურ სფეროსა და ეკონომიკის განვითარებაზე,  არამედ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური სისტემისა და დემოკრატიის გაუმჯობესებაზეც.

მე დაგპირდით, რომ ოპოზიციასთან თანამშრომლობით განვახორციელებდით საარჩევნო სისტემის რეფორმას - და ჩვენ ეს ერთობლივი ძალისხმევით მოვახერხეთ - ოპოზიციის აქტიური მონაწილეობითა და ევროპის საკონსტიტუციო ექსპერტების დადებითი შეფასებებით. თუმცა ვიცი, რომ რჩება გარკვეული უთანხმოები ჩვენ შორის, რაც თავისთავად, ნორმალურია დემოკრატიული საზოგადოებისთვის - და ჩვენ მზად ვართ დიალოგის გაგრძელებისთვის ამ მიმართულებით. 

ჩვენ ერთად გავზარდეთ პარტიების დაფინანსება - რათა პარტიები არ იყოს დამოკიდებული სპეციალურ ინტერესებზე - რათა მათ გააჩნდეთ საშუალება, რომ დამოუკიდებლად განვითარდნენ და მოახდინონ გავლენა პოლიტიკურ პროცესზე;

მივიღეთ და უკვე ავამოქმედეთ კანონი, რომელმაც უფრო გამჭვირვალე გახადა ტელევიზიების საკუთრების საკითხი - რათა დაინტერესებულმა მოქალაქემ იცოდეს თუ ვინ და რა ძალა დგას ამა თუ იმ ტელეარხის უკან და შესაბამისად, უფრო მეტი საშუალება ჰქონდეს ობიექტური დასკვნის გასაკეთებლად.

გავამყარეთ უმცირესობათა უფლებები - იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის ფუნდამენტია თავისუფლება და ადამიანთა შორის თანასწორობა განურჩევლად მათი რასისა, ეთნიკურობისა, რელიგიური თუ სხვა კუთვნილებისა, რადგან ნებისმიერი უმცირესობის თავისუფლება ყველა ჩვენგანის თავისუფლებაა. რადგან ჩვენი თანასწორობა საქართველოს ძლიერებაა.

ჩვენ ასევე პირობა დავდეთ, რომ გავაგრძელებდით  სასამართლო რეფორმას უფრო დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო სისტემის შესაქმნელად და ამ მიზნით მოქმედებას დაიწყებდა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი - ეს დაპირებაც შესრულებულია - საქართველო ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეებს და ჩვენ ყველანი ერთად ვქმნით ისეთ სასამართლო სისტემას, სადაც მოქალაქეები იღებენ მონაწილეობას მართლმსაჯულების განხორციელებაში. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ეტაპობრივი გაფართოება მომავალშიც გაგრძელდება.

გასულმა თვეებმა ყველას დაგვანახა, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა სრულიად გახსნილია დიდი სიახლეებისა და ახალი პოლიტიკური მოთამაშეებისთვის. იქმნება ახალი პოლიტიკური მოძრაობები და ყალიბდება ახალი პოლიტიკური კოალიციები. სულ უფრო ახალი ენთუზიაზმით იშლება პოლიტიკური დისკუსია სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის.

მე მივესალმები ყოველივე ამას.

ჩვენი დემოკრატია გახსნილია ყველა ხმისა და ყველა ჯგუფისთვის, რომელიც საქართველოს კონსტიტუციისა და სამართლებრივი სისტემის ფარგლებში მოქმედებს. ჩვენი პოლიტიკური სისტემა მიესალმება პოლიტიკურ დისკუსიაში ნებისმიერი აზრის არსებობას, მიუხედავად იმისა, თუ საზოგადოების რა ნაწილისთვისაა ეს აზრი სრულიად მიუღებელი.

დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ ასეთი პლურალიზმი წარმოშობს იმ ჯანსაღი კონკურენციის ატმოსფეროს, რომელიც ეფუძნება არა აგრესიისა და ექსტრემიზმის ჭიდილს, არამედ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებითვის საჭირო დიდი იდეების, დიდი ხედვების ჭიდილს.

მხოლოდ ასეთი კონკურენცია აძლიერებს ჩვენს დემოკრატიას და შესაბამისად ჩვენს სახელმწიფოს.

წლევანდელი წელი საპარლამენტო არჩევნების წელია. ჩემი მიზანია, და ვიცი ამაში თითოეული თქვენგანი მიერთდება, რომ ეს იყოს ყველაზე თავისუფალი, ყველაზე გამჭვირვალე და ყველაზე დემოკრატიული არჩევნები რაც კი აქამდე გვქონია.

ამისათვის ჩვენ ვიწვევთ ყველა შიდა და საერთაშორისო დამკვირვებელს, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ მონიტორინგის პროცესში. ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია.  ამის უპირველესი გარანტი, ჩვენი საერთო ძალისხმევით შექმნილი დემოკრატიული სისტემაა, რომელიც ყველა პოლიტიკურ ძალას აღჭურვავს სათანადო რესურსებით და მედიაზე უფასო ხელმისაწვდომობით, იმისათვის, რომ თავიანთი სათქმელი შეუფერხებლად მიიტანონ საქართველოს მთელ მოსახლეობასთან.

პოლიტიკური პროცესის მაქსიმალური სამართლიანობისთვის, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ პოლიტიკური კამპანიების დაფინანსების მაქსიმალური გამჭვირვალობა, რათა არც ერთი ამომრჩევლისთვის არ იყოს დამალული ის, თუ რა მატერიალური რესურსი დგას ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის უკან. საზოგადოებამ უნდა შეძლოს ყველაზე სწორი გადაწყვეტილების მიღება.

მომავალი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, სხვადასხვა პოლიტიკური მოთამაშეები წარმოადგენენ უამრავ ხედვასა და კონცეფციას. ეს ასეც უნდა იყოს. მაგრამ მინდა შევთავაზო ყველას - მოდით შევთანხმდეთ, თამაშის სამართლიან წესებზე - შევთანხმდეთ იმაზე, რომ როგორც სახელისუფლო ასევე ოპოზიციური პარტიები გავაკეთებთ ჩვენს მაქსიმუმს, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლონ ჭეშმარიტად თავისუფალი არჩევანის გაკეთება; რომ ყველა პარტია მოქმედებდეს პარლამენტარიზმის, ცივილური პრინციპების ფარგლებში. მოდით ერთად გავაგრძელოთ საქართველოს სამაგალითო დემოკრატიად ჩამოყალიბება, და ამით, ყველამ ერთად შევქმნათ უკეთესი, უფრო მიმზიდველი გარემო ინვესტიციებისა და ტურიზმის, ეკონომიკისა და ჩვენი ქვეყნისადმი სანდოობის განსავითარებლად – შესაბამისად, უფრო მეტი სამუშაო ადგილისა და უფრო მეტი საერთაშორისო პარტნიორის გასაჩენად.

დაბოლოს, ქვეყნის წინსვლის უფრო მეტი მოქალაქისათვის გასაზიარებლად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საქართვლოსთვის იმ უსაფრთო გარემოს შენება, რაც შესაძლებელს ხდის ამ წინსვლას.

საქართველოს არც ერთი ქვეყანის მიმართ არა აქვს მტრული განზრახვები ან ტერიტორიული პრეტენზიები.

მაგრამ ჩვენ არასოდეს ვიტყვით უარს ჩვენი სუვერენული უფლებების დაცვაზე;

არასოდეს ჩავიმუხლებთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისა და დეოკუპაციისათვის ბრძოლაში;

არასდროს დავიღლებით საკუთარი სახლ-კარიდან გამოდევნილი თითოეული ჩვენი მოქალაქის ინტერესების დაცვაში;

არასდროს შევეგუებით, რომ იმპერია გვიზღუდავდეს თავისუფალ არჩევანს.  

ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ სვლას დასავლეთისკენ. ეს არჩევანი ჩვენი ეროვნული კონსენსუსია. ეს არის გზა ჩვენი რეალური უსაფრთხოებისა და თავისუფლებისაკენ.

ამიტომ, ჩვენ ძალისხმევას არ ვაკლებთ და კვლავაც გავნაგრძობთ ნატოსა და ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანების მიზნისკენ სწრაფვას. რა თქმა უნდა, ამას ჯერ რამდენიმე წელი დასჭირდება, მაგრამ ამაზე ახლა უარის თქმა რამდენიმე თაობას დაგვაკარგინებს.

ამიტომ, ჩვენ ვამყარებთ კავშირებს ევროპასთან და უკვე აქტიურ ფაზაშია შესული მოლაპარაკება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე. დღეს სწორედ იმიტომ გადავდეთ დებატები 2 საათით, რადგან საქართველოში ჩამოვიდა ევროკავშირის კომისარი ვაჭრობის საკითხებში და დღეს გავხსენით მოლაპარაკება  თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირთან, რომელსაც იმედი გვაქვს უახლოესი ერთი წლის განმავლობაში დავასრულებთ. თუ ყველაფერი სწორად განვითარდება ევროკავშითან თავისუფალი ვაჭრობა გვექნება.

ჩვენ ასევე ვაპირებთ დავიწყოთ შემდეგი ეტაპი სავიზო მოლაპარაკებისა, რომლის საბოლოო მიზანია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დამყარება. სხვათა შორის, გუშინ ევროკავშირის საბჭომ განაცხადა, რომ ეს ორმხრივი ინტერესის საკითხია. ევროპის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებს თავიანთი პასპორტით ამაყად უნდა შეეძლოთ შესვლა.

ამიტომ, ჩვენ კიდევ უფრო ვაღრმავებთ ჩვენს მჭიდრო, სტრატეგიულ თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან - და ამის ნათელი დემონსტრირება იყო ჩემი ამასწინანდელი შეხვედრა პრეზიდენტ ობამასთან.

პრეზიდენტმა ობამამ განსაკუთრებულად, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენს წარმატებულ დემოკრატიულ რეფორმებს დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო ჩვენთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. საქართველო გააგრძელებს შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობას ჩვენი ქვეყნის შემდგომი რეფორმირების პროცესში.

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გადავედით თანამშრომლობის ახალ ეტაპზე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში რათა გაძლიერდეს საქართველოს თავდაცვისუნარიანობა და მისი  შეიარაღებული ძალების თავსებადობა ნატოს სტანდარტებთან.

პრეზიდენტმა ობამამ ასევე გამოთქვა მზადყოფნა დაიწყოს დიალოგი საქართველოსა და ამერიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის იდეაზე. 

როდესაც ამერიკა და ევროპა ასეთ ნდობასა და თანადგომას უცხადებს საქართველოს და ასე აქტიურად გამოხატავს ჩვენს ქვეყანასთან თანამშრომლობისა და პარტნიორობის სურვილს - ეს იმას ნიშნავს, რომ ცივილიზებული სამყარო, უპირველესად, ნდობას უცხადებს მთელ ქართველ ხალხს.

საქართველოს საზოგადოებას უკვე დამკვიდრებული აქვს ღირსეული ადგილი ცივილიზებულ, დამოკრატიულ სამყაროში და ჩვენ, როგორც ერი - უკვე ვართ დასავლეთის ნაწილი.

არსებობს ძალები, ვისაც ეს აღიზიანებს - ამიტომ დიდი სიფრთხილე გვმართებს, იმისათვის რომ არავის მივცეთ საშუალება შეგნებულად თუ შეუგნებლად დაგვაკარგინოს ეს ეროვნული მონაპოვარი.

ქართველი ერის ისტორიული არჩევანია დასავლეთი, მაგრამ ჩვენი რეგიონია კავკასია, ამიტომ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს გრძელვადიანი უსაფრთხოება არ შეიძლება განიხილებოდეს კავკასიური უსაფრთხოების გარეშე. ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას საერთო კავკასიური განვითარებისთვის და ყოველთვის ვიაქტიურებთ კავკასიელ ხალხებთან და ქვეყნებთან მეგობრობაში. საქართველო მყარად უჭერს მხარს სახელმწიფოთა საზღვრების ურღვევობის პრინციპს, თუმცა ჩვენ კავკასიას განვიხილავთ როგორც ერთ რეგიონს და საქართველო არის ამ რეგიონში მშვიდობის, ძალადობის შეჩერებისა და განვითარების ლოკომოტივი. კავკასიური ერებისთვის საქართველო არის ფანჯარა ევროპაში.

ჩვენ მჭიდრო კავშირს ვკრავთ დასავლეთთან, მაგრამ ამავე დროს დაინტერესებული ვართ რუსეთთან ურთიერთობა გაუმჯობესდეს. ეს მარტივი არ არის. მაგრამ, რუსეთი არის და იქნება საქართველოს მეზობელი, რაც განაპირობებს ჩვენს წადილს, დავამყაროთ მასთან მშვიდობა. ოღონდ ეს შეიძლება იყოს მშვიდობა რუსეთთან, რომელიც აღაიარებს და ემორჩილება სუვერენულ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის ყველა საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმას.

სწორედ ამიტომ, დიდი შრომისა და დიპლომატრიური ძალისხმევის შედეგად მივეცით რუსეთს საშუალება გამხდარიყო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი. 

ჩვენ მივესალმებით ეკონომიკურ ურთიერთობებს რუსეთთან, საქართველო არასოდეს დაგვიკეტავს რუსი ინვესტორებისა და ტურისტებისთვის. პირიქით, გვწამს, რომ იქ სადაც აქტიურობს ბიზნესი, ადგილი აღარ რჩება ტანკის მუხლუხებისთვის.

ამიტომ, მზად ვართ უფრო დიდი შანსი მივცეთ მშვიდობას და გამოვდივართ ინიციატივით, რომ ცალმხრივად გავაუქმოთ სავიზო რეჟიმი რუსეთთან - დაე ყველა რუსმა ბიზნესმენმა იცოდეს, რომ საქართველო ისეთივე მიმზიდველი საინვესტიციო ქვეყანაა მისთვის, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქისთვის, კორუფციის, უკანონობისა და ბიუროკრატიული წნეხისაგან თავისუფალი; დაე, იცოდნენ რუსმა ტურისტებმა, რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ჩამოსვლა საქართველოში და აქ მათ ქართველებისთვის დამახასიათებელი სტუმართმოყვარეობით დახვდება ყველა; იცოდნენ, რომ მათ აქ არავინ დაუშლის მონატრებული ქართული ღვინისა და ბორჯომის დალევას.

ჩვენ ჯერაც დიდი ერთობლივი ძალისხმევა გვმართებს იმისათვის, რომ საბოლოოდ დავიმკვიდროთ ჩვენი კუთვნილი ადგილი საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაში - ადგილი, რომელიც მომავალი თაობებისთვისაც იქნება გარანტია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და მთლიანობისათვის.

ამასთანავე, ჩვენ ვიმკვიდრებთ ადგილს საერთაშორისო ეკონომიკურ სისტემაშიც - ჩვენ ერთად ვაშენებთ საქართველოს, რომელიც გვინდა იყოს განვითარების მოდელი, გვინდა იყოს რეგიონში ყველაზე გახსნილი ეკონომიკა ყველაზე დაბალი გადასახადებით, ყველაზე ხელსაყრელი ბიზნესგარემო, ყველაზე სუფთა კორუფციისა და კრიმინალისგან, ყველაზე თავისუფალი ბიუროკრატიული წნეხისგან. ეს არის ჩვენი დიდი მიზანი და ამ მიზნის განხორციელება სულ მალე გადააქცევს ჩვენს ქვეყანას მთელი რეგიონის ეკონომიკურ კვანძად.

ჩვენ ერთად ვაშენებთ საქართველოს, სადაც სახელმწიფო მანქანისა და ბიუროკრატიის ამოცანა და მოვალეობაა უკეთ მოემსახუროს საკუთარ მოქალაქეს, უკეთესი, უფრო გამჭვირვალე სერვისი შესთავაზოს მას. სადაც ფუნქციონირებს ჩვენს მიერ შექმნილი იუსტიციის სახლები, რათა მაქსიმალურად მარტივი იყოს ნებისმიერი მოქალაქისთვის სახელმწიფოსგან საჭირო მომსახურების მიღება, იქნება ეს საბუთის აღება, ქონების გაფორმება, კომპანიის დარეგისტრირება თუ სხვა.

ჩვენ ერთად ვაშენებთ სახელმწიფოს, სადაც მუდმივად ვეძებთ ახალ გზებს, იმისათვის, რომ კიდევ უფრო დავხვეწოთ, კიდევ უფრო გამჭვირვალე და სწრაფი გავხადოთ მოქალაქის მიერ სახელმწიფო სერვისის მიღება; სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის ურთიერთობის პროცედურები.

ჩვენ არავის ვეჯიბრებით ძალადობასა და აგრესიაში, მაგრამ მზად ვართ ყველას შევეჯიბროთ ეკონომიკურ თანამშრომლობაში, განვითარებასა და წარმატებული საზოგადოების შენებაში.

იმისათვის, რომ გავიმარჯვოთ მშვიდობით და არა ომით, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკური ზრდის მუდმივად მაღალი მაჩვენებლების შენარჩუნება. ამიტომ, ჩვენი ეკონომიკა მინიმუმ ორჯერ უფრო სწრაფად უნდა იზრდებოდეს ვიდრე იმ ქვეყნისა, რომელსაც დღეს ოკუპირებული აქვს ჩვენი მიწები. ახლა ეს ასეა და ასე უნდა იყოს მომავალშიც. 

ჩვენ მცირერიცხოვანი მაგრამ დიდი ერი ვართ, რადგან ერის სიდიდე არ იზომება მისი მოსახლეობის რაოდენობით - ერის სიდიდე სამშობლოსადმი სიყვარულითა და  ერთგულებით, განათლებითა და შრომისმოყვარეობით, ურთიერთგამტანობითა და პასუხისმგებლობის გრძნობით იზომება, ერის სიდიდე მისი სიამაყითა და თავისუფლების სიყვარულით, შეუპოვარი წინსვლის ინსტიქტითა და დიდი მიზნებისაკენ სწრაფვის ამბიციით იზომება.

ასეთი ერი ვართ ჩვენ და ამიტომ ვაშენებთ ჩვენი პატარა საქართველოსგან დიდ ქვეყანას.

ამიტომ არის ჩვენი მომავალი წლების უმთავრესი ამოცანა ის, რომ ქვეყნის წარმატება საქართველოს სულ უფრო და უფრო მეტი მოქალაქის წარმატებაზე ავსახოთ. ქვეყნის მიერ წინგადადგმული ყოველი ნაბიჯი - თითოეული ოჯახის წინსვლის ნაბიჯად ვაქციოთ.

ეს არის პირადად ჩემი და ყოველი ჩვენგანის უმთავრესი გამოწვევა.

ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს განვითარებამ გეოგრაფიულადაც მოიცვას მთელი ქვეყანა - ამიტომ გვაქვს გაშლილი შენების ფრონტი ერთდროულად ყველგან, სადაც კი ეს შესაძლებელია შუახევიდან-მესტიამდე, ზუგდიდიდან-ახალქალაქამდე,  ახალციხიდან-დუშეთამდე და დედოფლისწყაროდან-ლანჩხუთამდე.

ჩვენ მთელი საქართველო, მისი ყოველი რაიონი, ქალაქი და სოფელი თანაბრად უნდა ჩავრთოთ ქვეყნის განვითარებაში, თუ ქვეყანა წინ მიდის, ეს ყველგან თანაბრად უნდა იგრძნოს ხალხმა.

ამიტომ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ლაზიკის აშენებას, ამიტომ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა სპეციალური ეკონომიკური ზონების შექმნას, მათ შორის, თავად ლაზიკის ეკონომიკურ ზონას, რომლის შესახებაც პარლამენტში მალე შემოვა შესაბამისი კანონპროექტი.  

ამიტომ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა იმას, რომ შემდეგ ჯერზე პარლამენტის დიდი ტრიბუნიდან უკვე ქუთაისში - საქართველოს მეორე დედაქალაქში მოგმართავთ.

ეს არის ქვეყნის სამართლიანი განვითარების გზა, მოდერნიზაციის გზა - ეს არის საშუალება უფრო და უფრო მეტი ქართველი ვაქციოთ საქართველოს წარმატების მონაწილედ და გამზიარებლად.

ეს არის გზა, რომლითაც პატარა საქართველოს დიდ და ძლიერ, თავისუფალ, სახელმწიფოდ ვაქცევთ.

ეს გზა ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიაროთ, ეს გზა ჩვენი ერთადერთი მარშრუტია მომავლისაკენ, იგი დიდი ხანია აირჩია ქართველმა ერმა და არ არსებობს ძალა, რომელიც ამ გზიდან გადაგვახვევინებს.

დიდი მადლობა.

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code