Google+

ინტერვიუები

25.04.2010
'ვპროსტი' - ცრემლებს ვერ ვიკავებდი...…

ქალბატონო სანდრა რა ასოციაცია გებადებათ, როდესაც გესმით სახელი მარია კაჩინსკა?

არაჩვეულებრივი ქალი, იდეალური მეუღლე, დედა და სამაგალითო პირველი ლედი. ქალი, რომელიც ცხოვრობდა ჰარმონიაში, იყო ბუნებით ოპტიმისტი და თავისუფლებისთვის მებრძოლი და რომელიც წარმოუდგენლად საშინელ ვითარებაში დაიღუპა.

რა ვითარებაში შეიტყვეთ სმოლენსკის ავიაკატასტროფისა და პირველი ლედის მარია კაჩინსკას დაღუპვის ამბავი? რას აკეთებდით იმ დროს და რა იყო თქვენი პირველი ქმედება?

ჩემმა მეგობარმა, რომელიც ამის შესახებ საინფორმაციო საშუალებით შეიტყო, ბრიუსელიდან მაშინვე დამირეკა. სახლში მარტო ვიყავი ჩემს უმცროსს შვილთან და დედასთან ერთად, რომელიც ჰოლანდიიდან იყო ჩამოსული და მსტუმრობდა. როდესაც ეს დაუჯერებელი ამბავი შევიტყვე და ხმამაღლა გავიმეორე, ის მაშინვე მიხვდა, რომ მარტო უნდა დავრჩენილიყავი და ბავშვი სათამაშოდ ბაღში გაიყვანა. მე მაინტერესებდა ჩემმა მეუღლემ იცოდა თუ არა ამის შესახებ, რადგან ის ამ დროს ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრებოდა. მე ხატებთან სანთლები ავანთე და მეგობრებთან და კოლეგებთან დარეკვა დავიწყე, რომლებიც მას პირადად იცნობდნენ, ზოგმა უკვე იცოდა, ზოგმა კი ჩემგან შეიტყო; ცრემლებს ვერ ვიკავებდი, როდესაც ამ საშინელ ფაქტზე ვსაუბრობდი.

მარია კაჩინსკა ჩვენთვის მოცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში ყვებოდა თქვენი მეგობრობის შესახებ. რა სიხშირით ხვდებოდით ერთმანეთს მოვალეობების შესრულების დროს? თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ რომელიმე განსაკუთრებული შეხვედრა პოლონეთის პირველ ლედისთან?

ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა მას შემდეგ, რაც პირველად შევხვდით ერთმანეთს 4-5 წლის წინ ვილნიუსში სხვა ქვეყნების პირველ ქალბატონებთან ერთად. ის განსაკუთრებით ყურადღებიანი და კეთილგანწყობილი იყო და ამავე დროს ბევრი საკითხის მიმართ იჩენდა ინტერესს. ჩვენ რამდენჯერმე შევხვდით ვარშავაში, თბილისში, ნიუ-იორკშიც კი, სადაც ჩვენი მეუღლეები, როგორც სახელმწიფოთა მეთაურები, გენერალურ ასამბლეაში იღებდნენ მონაწილეობას. მე მისთვის საქართველოდან ყოველთვის განსაკუთრებული საჩუქრები მიმქონდა და ჩემს ასისტენტთან ერთად ვცდილობდი ახალი და ორიგინალური რამ შემერჩია, რადგან ისე ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს, რომ უკვე ყველაფერი ნაჩუქარი მქონდა - მინანქრის სამკაულები, თექისა და აბრეშუმის ყელსახვევები, მუსიკალური დისკები და ქართული თოჯინები, ადგილობრივი წარმოების პროდუქტები, ფოტოალბომები საქართველოზე და ა.შ.

განსაკუთრებულ მოგონებად რჩება დაახლოებით ერთი წლის წინ ვარშავაში ვიზიტი, როდესაც მარიამ ქართველი პიანისტის ალექსანდრე კორსანტიას საქველმოქმედო კონცერტზე მიმიწვია, რომელიც მისი პატრონაჟით გაიმართა. კონცერტი არტურ რუბინშტეინის ფონდის მიერ იყო ორგანიზებულ და მისი შემოსავალი 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხა. კონცერტის შემდეგ მარიამ მე და ჩემი კოლეგები სადილზე მიგვიწვია, სადაც მშვენიერი საღამო გავატარეთ პიანისტთან და მის მეუღლესთან ერთად. ჩემს კოლეგებს შორის იყვნენ მომღერლები და ჩვენ მისთვის ქართული პოლიფონიური სიმღერები შევასრულეთ. ის მოხიბლული გვისმენდა და სიმღერაც საოცრად ჟღერდა იმ მაღალჭერიან თაღებიან დარბაზში, სადაც მან ჩვენ მიგვიწვია.

კიდევ ერთი ძალიან თბილი და ამავე დროს ყველაზე ბოლო მოგონება ერთი თვის წინ, მარტის დასაწყისში გამართულ შოპენის ფესტივალს უკავშირდება, როდესაც ჩვენ ერთად დავესწარით ბარენბოიმის, კისინის, ოლსონის და შოპენის სხვა ცნობილ შემსრულებელთა საუკეთესო კონცერეტებს. მისი მარჯვენა ხელი იზაბელა ტომაშევსკაც, რომელიც ასევე ავიაკატასტროფაში დაიღუპა, ჩვენთან ერთად იმყოფებოდა. 1 მარტს ლეხი და მარია ფრედერიკ შოპენის განახლებული და თანამედროვე მუზეუმის გახსნას დაესწრნენ. მახსოვს ცრიდა, მათ იტალიელი არქიტექტორი გაგვაცნეს და ამაყად გვაჩვენეს მუზეუმის ყველა თანამედროვე და ინტერაქტიური საიხლე. მარია განსაკუთრებულად აღაფრთოვანა ბავშვთა კუთხემ, სადაც მათ ნიშაში, კომპიუტერის ფერად ეკრანთან ახლოს კომფორტულად მოკალათება და შოპენის მუსიკისა და ცხოვრების გაცნობა ხალისიან გარემოში შეეძლოთ.

გარდა მუსიკისადმი სიყვარულისა, რა გაკავშირებდათ მარია კაჩინსკასთან, გქონდათ სხვა საერთო გატაცება?

დიახ, ის ორჯერ ესტუმრა ჩემს 24 საათიან კლასიკური მუსიკის რადიოს. ჩვენ მუსიკისადმი სიყვარული ნამდვილად გვაერთიანებდა. მას ასევე ძალიან უყვარდა ბალეტი და ჩვენ ერთად შევხვდით ცნობილ ქართველ ბალერინას. ორივეს გვაინტერესებდა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხები, ერთად ვესტუმრეთ პედიატრიულ კლინიკებს საქართველოსა და პოლონეთში. მე დავესწრი მის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას იმ ქალთა საკითხებზე, რომლებიც ოჯახსა და პროფესიულ საქმიანობას ერთმანეთს უთავსებენ. კონფერენციას ასევე ხუთი ქვეყნის პირველი ქალბატონი დაესწრო.

ხომ არ გაქვთ რაიმე სამახსოვრო ნივთი მარია კაჩინსკასგან - დიპლომატიური საჩუქარი, პირადი ნივთი, მისალოცი ბარათი?

დიახ, მან იცოდა, რომ მე დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის საკითხებში აქტიურად ვარ ჩართული და სტანისლავ ვისპიანსკის დიზაინით შექმნილი მშვენიერი ჩაის სერვიზი მაჩუქა. მასზე ლამაზ ფერებში გამოსახულია დედა, რომელიც ბავშვს ძუძუს აწოვებს. ეს ყოველთვის ჩემი საყვარელი ჩაის სერვიზი იყო, მაგრამ ამიერიდან მას განსაკუთრებით გავუფრთხილდები და ყოველთვის მოვიგონებ მარიას და ვისაუბრებ მასზე, როდესაც ამ სერვიზს სახლში სტუმრებისთვის გამოვიყენებ.


"ვპროსტი"




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code