Google+

ინტერვიუები

17.02.2005
სიყვარულის, თავდადების და სიმართლის სახელით

როგორც ამბობენ, ზოგჯერ კალამიც უძლური ხდება ბოლომდე გადმოსცეს და მკითხველამდე მიიტანოს ავტორის უსაზღვრო შთაბეჭდილებები თავის თანამოსაუბრეზე. და მაინც... მიუხედავად იმისა, რომ სანდრა ელისაბედ რულოვსმა მოსახლეობაში უდიდესი ნდობის მანდატი მოიპოვა, მას არ უყვარს ქვეყნის პოლიტიკაზე საუბარი. მაგრამ, როგორც საქართველოს პრეზიდენტის მეუღლეს, გარკვეულწილად მაინც უწევს ამ თემასთან შეხება. საქართველოს პირველი ლედი დროის დეფიციტს განიცდის. ქმარ-შვილზე ზრუნვასა და ქველმოქმედებას უთავსებს ფრანგული ენის მასწავლებლობას. პარალელურად წერს დისერტაციას თემაზე: "ფრანგული ენა ბელგიაში". ცდილობს, დროის უდიდესი ნაწილი ვაჟიშვილის აღზრდასა და სწავლა-განათლებას მოახმაროს. როგორც აღიარებს, მიუხედავად იმისა, რომ ქმარ-შვილი დიდი გურმანები არიან, ვერ ახერხებს ხშირად ფუსფუსებდეს სამზარეულოში. დღესაც საფუძვლიანად სწავლობს ქართულ კერძებს. მას კარგად გამოსდის ხაჭაპური, ფხალეული, სალათები, მწვადი... ჯერჯერობით ჩაქაფულისა და საცივის გაკეთება არ უცდია...

პრეზიდენტის ინაუგურაციაზე თქვენ საკმაოდ მომხიბვლელად და ელეგანტურად გამოიყურებოდით...

როგორ გითხრათ, ეს დღე ჩემი ცხოვრების ისტორიაში შევიდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღე. არ დაგიმალავთ, იმ დღისათვის მართლაც განსაკუთრებულად ვემზადებოდი, ვნერვიულობდი კიდეც და თანაც ვცდილობდი, მთელი ღამის უძილოს არ დამტყობოდა გადაღლილობა.საერთოდ, ჩემი სტილი სისადავეა, ალბათ იმიტომაც, რომ საკუთარი თავისთვის ძალიან ცოტა დრო მრჩება. ბევრს ვმოძრაობ, ვხვდები უბრალო ადამიანებს საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში და არა მაქვს სურვილი ჩემსა და გაჭირვებულ ხალხს შორის რაიმე ბარიერი წარმოიქმნას.

მე მხოლოდ გავახმოვანებ საზოგადოებრივ აზრს: თქვენმა სისადავემ, ხშირმა შეხვედრებმა მოსახლეობასთან, თქვენმა იუმორმა და ბევრმა სხვა დადებითმა ფაქტორმა განაპირობა თუნდაც ის, რომ თქვენ იყავით და ხართ ნომერ პირველი იმიჯმეიკერი მიხეილ სააკაშვილისა.

ეს საოცრად ორიგინალურად ჟღერს.. ვფიქრობ, არც მიშას აკლია დადებითი თვისებები და კარგად გამოსდის ურთიერთობა საზოგადოებასთან, ხალხთან, უბრალო ადამიანებთან. რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, როდესაც მეუბნებიან, რომ ჩემი წვლილი შევიტანე მისი იმიჯის ამაღლებაში, მაგრამ აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ სწორედ მიშას დამსახურებით მიმიღო თბილად საზოგადოებამ.

რა არ მოგწონდათ საქართველოში "რევოლუციამდე" და რა არ მოგწონთ დღესაც?

უპირველესად, არ მომწონდა საქართველის მთავრობის პოლიტიკა, რადგან ის, თუ როგორ იმართებოდა ქვეყანა, არ იყო გამჭვირვალე. მოკლედ რომ ვთქვათ, ერთს ფიქრობდნენ, მეორეს ამბობდნენ და მესამეს აკეთებდნენ. მთავრობისა და ხალხის ინტერესები აბსოლუტურად არაადეკვატური იყო. ამჟამად მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის, რომ ხელისუფლებასა და ხალხს შორის დიალოგი შედგა. ახლა ნამდვილად არ მომწონს ის, რომ მოსახლეობაში რაღაც გაურკვეველი მითქმა-მოთქმა და შიშის სინდრომია. მხოლოდ დაპატიმრებებითა და დაჭერებით ნამდვილად ვერ გადარჩება და აღორძინდება ქვეყნის ეკონომიკა. ათი-თორმეტი წლის განმავლობაში გაძარცულ ქვეყანაში 2-3 თვეში სასწაული ნამდვილად ვერ მოხდება, თუ არ მოვუღებთ ბოლოს ხაზინის მძარცველების, ქურდებისა და კრიმინალების თარეშს. ამიტომ აუცილებლობასაც კი წარმოადგენს სასწრაფო მოქმედება. ახალ ხელისუფლებას საქმის დაწყება მოუწია არა ნულოვანი ათვლის წერტილიდან, არამედ მინუსებიდან - როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საგარეო ურთიერთობაშიც. აუცილებელია საქართველოს კარგი, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეს მსოფლიოს ცივილიზებულ სამყაროსთან და განსაკუთრებით ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან.

ერთ ფილოსოფოსს უთქვამს: "სურვილში შეიცნობა კაცის რაობა..."

ეს ჰოლანდიელი ფილოსოფოსის ბენედიქტ სპინოზას სიტყვებია. მოდით, გვერდზე გადავდოთ ჩემს პირად სურვილებზე საუბარი და ვილაპარაკოთ იმაზე, რაც ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია. უპირველესად, მინდა ის უდიდესი ნდობა, რაც მიშასა და მის გუნდს გამოუცხადა საქართველომ, უფრო გამყარდეს, გაძლიერდეს და ბოლომდე გაამართლოს. ჩვენ, ყველას ხომ ერთი დიდი სურვილი გვამოძრავებს: ჩვენმა მომავალმა თაობებმა იცხოვრონ ტერიტორიულად გამთლიანებულ, ძლიერ ქვეყანაში.

რას იტყვით მეგობრებზე, და, თქვენს გარდა რამდენი ერთგული მეგობარი ჰყავს საქართველოს პრეზიდენტს?

ქართული მეგობრობის ფენომენი, ისევე როგორც კულტურის, ნამდვილად უმაღლეს დონეზე დგას. რაც შეეხება ჩემს ქართულ სამეგობრო წრეს, შეიძლება ასე დაიყოს: ჩემი მეგობრები, მიშას მეგობრები და ჩვენი საერთო მეგობრები. ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც ჩვენი ტკივილი ტკივათ და ჩვენი სიხარული ახარებთ.

როგორ ფიქრობთ, დღეს პრეზიდენტის გარემოცვაში არ არის უღირსი ან მოღალატე ადამიანი?

დღეს მხოლოდ ჩემი ინტუიციის კარნახით საუბარი მიუღებლად მიმაჩნია.

რა თქმა უნდა, გამორიცხულია, მის გარემოცვაში ყველა ერთ ფორმატში მოათავსო და ერთი კლასიკური შეფასების კრიტერიუმით იხელმძღვანელო... უღირსები, რომლებსაც არ გააჩნიათ ერთგულება, მერწმუნეთ, თავს დიდხანს ვერ დამალავენ...

საინტერესოა, საიდან იღებს სათავეს სანდრა რულოვსის სიყვარული საქართველოსადმი?

ჯერ კიდევ 1992 წელს 10-დღიანი მივლინებით ვიყავი ჩამოსული საქართველოში. მიუხედავად მაშინ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კატაკლიზმებისა, მე მაინც დიდი შთაბეჭდილებებითა და იმ სურვილით დავტოვე საქართველო, რომ ბედი გამიღიმებდა და კიდევ მომეცემოდა შანსი ამ ულამაზესი ქვეყნის ყველა კუთხე-კუნჭული შემომევლო. აბა, გაიხსენეთ სპინოზას აფორიზმი, რათა კიდევ უკეთ გამიცნოთ (იღიმება). მეორედ 1994 წელს ჩამოვედი საქართველოში, 1 სექტემბერს კი ვიქორწინეთ. ხოლო ამერიკიდან წამოსვლის შემდეგ - 1996 წელს ბავშვთან ერთად დავბრუნდით საქართველოში.

საქართველოს რომელი კუთხე მოგწონთ ყველაზე მეტად? რომელი ქართველი მწერალი გიყვართ?

საქართველოს ნებისმიერ კუთხეს, ხალხს თავისი ხიბლი გააჩნია. ამ რამდენიმე წლის წინათ დედასთან და ჰოლანდიელი მხატვრების ჯგუფთან ერთად 10 დღე ვათვალიერებდით კახეთს. არ დამავიწყდება, როგორ აღაფრთოვანა ისინი საქართველომ. საერთოდ, ნებისმიერი უცხოელი განსაკუთრებული შთაბეჭდილებით ტოვებს ამ ქვეყანას., რადგან ქართველ ერს, მის კულტურას, ისტორიას, ზნე-ჩვეულებებს ისინი უძველესი ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლებიდან ეცნობიან. რაც შეეხება ქართულ ლიტერატურას, ჩემი სამაგიდო წიგნია შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი". ეს უნიკალური შედევრი და ფილოსოფიური სა განძურია, რომელსაც მსოფლიო ლიტერატურაში ანალოგი არ მოეპოვება. მე რამდენიმე ენაზე მქონდა წაკითხული ეს პოემა, მაგრამ დღეს უკვე თავს ბედნიერად ვთვლი, რომ შევძელი ამ ნაწარმოების ორიგინალში წაკითხვა.

დამეთანხმებით, ალბათ, რომ ჩვენს ქვეყანაში არა მარტო ხუროთმოძღვრების ძეგლები, არამედ შველას ითხოვს უკიდურეს გაჭირვებაში ჩავარდნილი მოსახლეობის უმეტესი ნაწილიც . . .

მერწმუნეთ, ამ თემაზე ყველაზე მეტად მიჭირს საუბარი და იცით, რატომ? გასული წლის დეკემბერში, როდესაც წინასაარჩევნოდ ინტენსიურად დავდიოდი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ვხვდებოდი უბრალო მშრომელ ხალხს, ვხედავდი უკიდურეს სიღატაკეში მცხოვრებ ოჯახებს და ახლოს ვეცნობოდი მათ ყოფა-ცხოვრებას, ვცდილობდი, ხან იუმორით, ხან დამამშვიდებელი საუბრით, დადებითი ემოციები და მხიარული განწყობა შემექმნა მათთვის, ერთადერთი, სადაც ეს ვერ შევძელი, იყო ჭიათურა. სწორედ მაშინ გადავწყვიტე ჭიათურაში გამეხსნა ჩემი საქველმოქმედო ჰუმანიტარული ორგანიზაციის ფილიალი. და ვფიქრობ, რომ მარტში 200 უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს ოდნავი სიხარული მივანიჭეთ, როცა გადავეცით სურსათით სავსე ამანათები. ამგვარი საქველმოქმედო აქციები, ვიმედოვნებ, კვლავაც გაგრძელდება.

ნუ გეწყინებათ, თუ ვიტყვი, მიუხედავად თქვენი დიდი ძალისხმევისა, მოიძებნებიან ისეთებიც, რომლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამენ თქვენი ორგანიზაციის მისამართით...

არ მწყინს პრეტენზიები და იცით, რატომ? თითქმის ყოველდღე ჩემს სახელზე 50 გაჭირვებული ადამიანის განცხადება შემოდის. ვახერხებ იმას, რომ ყველა განცხადებას პასუხი გავცე, ბევრს სათანადო დახმარება აღმოვუჩინო. სამწუხაროდ, ჩემი მწირი შესაძლებლობების გამო, ყველას ვერ ვეხმარები.

თქვენც კი მწირი შესაძლებლობები ახსენეთ... როგორ ფიქრობთ, რამდენი უნდა იყოს ყოველთვიური საარსებო მინიმუმი?

ვფიქრობ, ერთი ოჯახის საარსებო მინიმუმი რამდენიმე ასეული ლარი უნდა იყოს, გარდა ამისა, სადაზღვევო პოლისიც. ხშირად მიფიქრია: რატომ მივიდა მოსახლეობა სიღარიბის აუტანელ ზღვარამდე?! იგი საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლას სრულიად მოუმზადებელი შეხვდა. სამწუხაროდ, ის, რომ ხალხს არ ჰქონდა ელემენტარული ეკონომიკური განათლება, ჩინებულად გამოიყენა თავისი მიზნებისათვის "სახელისუფლებო კრიმინალურმა რეკეტმა", რომელმაც მთლიანად იგდო ხელთ "მართვის შემოსავლიანი ბერკეტები". გარდა ამისა, სამწუხაროა ის, რომ ქართული მენტალიტეტისთვის უცხო იყო ის, რომ მოზარდებისათვის ესწავლებინათ საკუთარი შრომით მოპოვებული ფულის ფასი. ჩემს მშობლებს მატერიალურად არასოდეს უჭირდათ, მაგრამ მე და ჩემი ძმა 16 წლის ასაკიდან არდადეგების პერიოდში სულ ვმუშაობდით. და დღესაც არ მეთაკილება იმის თქმა, რომ მიმუშავია ჭურჭლის მრეცხავად და დამხმარე მუშადაც საცხობში... გამოსავალი ერთია (მიშა ხშირად ამბობს ხოლმე ამას) - მოდით, ყველამ ერთად დავიკაპიწოთ მკლავები უკეთესი მომავლის ასაშენებლად.

ერაზმ როტერდამელს უთქვამს: "შეუძლებელი არაფერია იმისათვის, ვისაც ნებისყოფა აქვს". საქართველოს პირველი ლედისათვის რა არის აუხდენელი ოცნება და რისი მიღწევა შეიძლება?

ამ კითხვაზე რომ გიპასუხოთ, დიდი დრო დამჭირდება (ეღიმება). ისევე როგორც ნებისმიერ ადამიანს ამ ქვეყანაზე, სანდრა რულოვსსაც ხომ აქვს უფლება ბოლომდე არ გაგიმხილოთ თავისი ოცნებები. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ, როგორც ყველა ქალი, მეც ვოცნებობ ბედნიერებასა და მშვიდობაზე. როგორც დედა, ვოცნებობ ჩემი ვაჟი აღვზარდო ქვეყნის ღირსეულ მოქალაქედ. როგორც ცოლი, ვუსურვებ წარმატებას ჩემს მეუღლეს მის რთულ საქმიანობაში. საქართველოს პრეზიდენტს ხომ ჩემზე უკეთ არავინ იცნობს, მიშა ნიჭიერი ლიდერია, ამიტომ მწამს, რომ იგი ქვეყანას სწორი გზით წაიყვანს. ვოცნებობ, რომ საქართველო იყოს ძლიერი, აყვავებული სახელმწიფო, გადაჭრას ტერიტორიული პრობლემები. საქართველო გახდა ჩემი სამშობლო, და მე დიდად ვამაყობ იმით, რომ ვარ არა მარტო ერთი ტრადიციული, არამედ მთელი დიდი ქართული ოჯახის წევრი. როგორც ქართველები ამბობენ: "რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია!"

P.S. სანდრა რულოვსი ის ადამიანია, რომელთანაც საუბარი ადვილი და საინტერესოა. და სულაც არ არის გასაკვირი, რომ ასეთი მცირე დროის განმავლობაში მან შეძლო მოეპოვებინა ხალხის სიყვარული და კეთილგანწყობა, რაც საქართველოს ყველა მკვიდრისათვისაც კი არ არის იოლი.


იამზე კიკნაძე




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code