Google+

საქართველო მსოფლიო მედიაში

20.03.2012
THE WASHINGTON TIMES: ბათუმის „სასწაული“

უძველესი ქართული ქალაქი სარგებელს თანამედროვე თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის მეშვეობით იღებს

20 მარტი, 2012 წელი

რიჩარდ ვ. რანი 

ეს ქალაქი დედამიწაზე ერთ-ერთი უძველესია, რადგან ხალხი აქ ჩვ.წ.აღ.-მდე მე-12 საუკუნეში ცხოვრობდა. ახლა ის სწრაფად ხდება პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ქალაქი. შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე გადაშლილი შთამბეჭდავი ბუნება ნარინჯისფერი ჭალებითა და თოვლით დაფარული მთებით, გადაჭარბების გარეშე რომ ვთქვათ, ზღვის ნაპირიდან ფეხით სავალ მანძილზეა.   

ვიდრე მაღალშემოსავლიანი ქვეყნები ფლანგავენ ოდესღაც დაგროვილ სიმდიდრეს, დედამიწაზე არის ადგილები, რომლებიც დიდ პროგრესს აღწევენ მხოლოდ იმით, რომ სწორად აკეთებენ საქმეს. სწორედ, ერთ-ერთი ასეთი ადგილია პატარა და შედარებით, ღარიბი საქართველო. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, საქართველო თავისი წარმატებით აშშ-ს შეახსენებს, რომ გადაჭარბებული რეგულაციები და სახელმწიფოს ჩარევა დივიდენდებს გახდევინებს.   

1921 წელს საქართველო საბჭოთა კავშირმა შთანთქა და დამოუკიდებლობის აღდგენა მან 1991 წლამდე ვეღარ შეძლო. დამოუკიდებლობის პირველ წლებში ქართველებმა თავისუფალ ბაზარზე დაფუძნებული დემოკრატიის განვითარება სცადეს, მაგრამ ეს მათ მანამდე ვერ მოახერხეს, სანამ 2004 წელს პრეზიდენტად, გარკვეულწილად, ამერიკული განათლების მქონე, თავისუფალი ბაზრის მხარდამჭერი ახალგაზრდა რეფორმატორი მიხეილ სააკაშვილი არ აირჩიეს. პრეზიდენტმა სააკაშვილმა და მისმა რეფორმატორმა კოლეგებმა ბევრად მეტი რამ სწორად გააკეთეს, ვიდრე არასწორად, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე წაიბორძიკეს, როგორიც იყო ომი რუსეთთან 2008 წელს.   

ქართველებმა გააუქმეს რეგულაციების უმეტესობა, ძირითადად,  თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე გადავიდნენ, შემოიღეს ფიქსირებული 20-პროცენტიანი ინდივიდუალური საშემოსავლო გადასახადი და 15-პროცენტიანი კორპორატიული საშემოსავლო გადასახადი. შედეგები შთამბეჭდავია. მსოფლიო ბანკის მიერ 2012 წელს გამოქვეყნებული რეიტინგების თანახმად, ბიზნესის კეთების სიმარტივით, საქართველო 16 ადგილს იკავებს მსოფლიოს 183 ქვეყანას შორის, ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 24 ქვეყანას შორის, ლიდერობს; Fraser/Cato-ს ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ინდექსში 141 ქვეყნიდან საქართველო ოცდამეშვიდეა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია რეგიონის მასშტაბით. მეტად  მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბიზნესის რეგულირების მხრივ, საქართველო მე-7 ადგილზე იმყოფება და ხოლო მთავრობის სიდიდის მიხედვით, მე-15 ადგილი უკავია.

საქართველომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში უფრო მეტ წარმატებას მიაღწია, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანამ. Transparency International-ის Global Corruption Barometer 2010-ის თანახმად, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით, საქართველო პირველ ადგილზეა 86 ქვეყანას შორის და გამოკითხვის შედეგებით, მისი მოსახლეობის 78-პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კორუფცია კოლოსალურად შემცირდა. მსოფლიო ბანკის ახალ ანგარიშზე დაყრდნობით, „საჯარო სამსახურებში კორუფციასთან ბრძოლის მხრივ, 2003 წლიდან საქართველოს უნიკალური წარმატება ჰქონდა. მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ებრძვის ამ პრობლემას. საქართველომ დაამტკიცა, რომ ძლიერი პოლიტიკური ნებისა და მთავრობის შეთანხმებული მოქმედების პირობებში, წარმატების მიღწევა შედარებით მოკლე პერიოდშია შესაძლებელი.

 

საქართველოს ვალი მის მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით, ორჯერ ნაკლებია ვიდრე აშშ-ში, გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთში და სავსებით მართვად მაჩვენებელს, 38 პროცენტს შეადგენს. განხორციელებული რეფორმების წყალობით, თუ არ ჩავთვლით 2008 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრის შემდგომ პერიოდს, ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებელი დიდი ტემპით იზრდებოდა. წელს მას ეკონომიკური ზრდის 7-პროცენტიან მაჩვენებელს უწინასწარმეტყველებენ. წარმატებების მიუხედავად, საქართველომ ბევრად მეტი უნდა გააკეთოს, რათა შეამციროს უმუშევრობა და ცხოვრების დონე მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების სტანდარტებს გაუთანაბროს.

ბათუმი აჭარის რეგიონის მთავარი ქალაქია. აჭარის მთავრობის მეთაური უკვე რვა წელია ჭკვიანი, წარმოსადეგი და დინამიკური, 40 წლის იურისტი, ლევან ვარშალომიძეა.  იგი არის რეგიონში და, განსაკუთრებით, ბათუმში მასიური აღმშენებლობის ძალა. საუკუნის წინათ, ვიდრე კომუნისტები დაანგრევდნენ, ბათუმი აყვავებული საპორტო ქალაქი იყო. ძველი ქალაქის დიდი ნაწილი უკვე აღდგენილია. შავი ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ - საერთაშორისო აეროპორტიდან ძველი ქალაქის ცენტრამდე, რომელიც რამდენიმე მილზეა გადაჭიმული - ჩამწკრივებულია განსაკუთრებული არქიტექტურული დიზაინის მქონე, ძვირფასი საერთაშორისო სასტურმროები, საოფისე შენობები და საცხოვრებელი სახლები. მათი ნაწილი უკვე აშენებულია, ზოგიც ახლა შენდება. ძველი, მახინჯი, საბჭოთა ტიპის ნაგებობები ჩანაცვლებულია თანამედროვე, ლამაზი დიზაინის მქონე ბინებითა და აპარტამენტებით. ბათუმის აღორძინებასა და მის ხელახლა განვითარებას მართებულად უწოდებენ ბათუმის „სასწაულს“.

დღემდე ბათუმი მხოლოდ საზაფხულო ტურისტული ცენტრია. ამიტომაც მითხრა მთავრობის მეთაურმა, რომ ცდილობს წაახალისოს მომსახურების ისეთი სფეროები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს - მათ შორის, სურს საერთაშორისო ფინანსური ცენტრი განავითაროს. ძალიან ბევრი ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, იგი არ ცდილობს უხელმძღვანელოს ნგრევას. მისივე სასახელოდ, იგი ჩქარობს შექმნას ახალი, უკეთესი, უფრო მეტად წარმატებული და აყვავებული ბათუმი. საქართველოსა და ბათუმის წარმატების საიდუმლო მარტივია - ნაკლები რეგულაციები, დაბალი გადასახადები და მეტი თავისუფლება. ეს არის ფორმულა, რომელიც ყველგან შეიძლება გამოიყენო.

 

რიჩარდ ვ. რანი Cato Institute-ის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი და Institute for Global Economic Growth-ის თავმჯდომარე.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code