საქართველოს პრეზიდენტი რეგიონში მენტალური რევოლუციის მომხრეა და რუსეთის არჩევნებს აკრიტიკებს
წარსულიდან თავის დაღწევა საქართველოს პროდასავლური პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პრიორიტეტია. მისი თქმით, საბჭოთა კავშირი „აზროვნების სტილია“, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში 20 წლის შემდეგაც ჰეგემონიურია, განსაკუთრებით კი რუსეთში - ქვეყანაში, რომელთანაც 2008 წლის ომი წააგო. როგორც მან აღნიშნა, რუსეთში პოლიტიკა გაქრა საჯარო სფეროდან. რუსეთში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, არჩევნების გაყალბების ბრალდებით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
სააკაშვილისათვის გამოსავალი თაობათა ცვლაშია. იგი ამ კვირაში 44 წლის ხდება. 36 წლის იყო, როდესაც 2004 წელს ხელისუფლებაში მოვიდა. იგი თავის მთავრობაში ერთ-ერთი ყველაზე ასაკოვანია - ეკონომიკის მინისტრად 27 წლის ქალბატონი დანიშნა. Folha-სთან სატელეფონო ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა თანამედროვეობის ბერლინის კედლით არის გაყოფილი და ახსნა, თუ რატომაა მისი მთავრობა ახალგაზრდა, დასავლური განათლების მქონე ხალხით დაკომპლექტებული.
- თქვენი პრეზიდენტობის პერიოდში საქართველო დაშორდა საბჭოთა ხანას. თუმცა, არსებობს ორი რეგიონი, რომლებსაც რუსეთი გედავებათ და ამ კონფლიქტის მოკლევადიანი გამოსავალი არ სჩანს. რა დასკვნებს გააკეთებდით დამოუკიდებლობიდან 20 წლის შემდეგ?
- საქართველოში მენტალური რევოლუცია მოხდა. საბჭოთა კავშირი მენტალობის, აზროვნების ფორმაა. იგი 20 წლის წინათ დაეცა, მაგრამ ყოფილ საბჭოთა სივრცეში ეს მენტალიტეტი ჯერ კიდევ ბევრგან არის.
საქართველო ერთადერთი გამონაკლისია, ბალტიის ქვეყნებთან ერთად, რომელმაც ეს მენტალიტეტი დაამარცხა.
ამ მენტალიტეტის კრახს ისიც დაეხმარა, რომ საქართველო სსრკ-ს დასასრულს, ფაქტობრივად, დანგრეული აღმოჩნდა. სამოქალაქო ომიც გადავიტანეთ, უცხო სამხედრო ინტერვენციაც. ყველაფრის ნულიდან დაწყება მოგვიხდა. ეს მწვავე კრიზისი დაგვეხმარა ახლის შენებაში.
რეფორმებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნისთვის, მაგრამ რუსეთი დღეს ჩვენს ორ რეგიონს აკონტროლებს.
ის, რასაც დღეს რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე აკეთებს, ძალიან ჰგავს ბერლინის კედელს, რომლითაც გერმანიის ტერიტორია ორად იყო გაყოფილი. ეს დაყოფა ასევე ეხებოდა მენტალიტეტს და პოლიტიკურ-ეკონომიკურ სისტემას. არა მგონია, რომ ამ სიტუაციამ დიდხანს გასტანოს, რადგან საბოლოოდ საბჭოთა კავშირი უნივერსალურად გაქრება.
- რატომ მოიყვანეთ ასეთი ახალგაზრდა ხალხი მთავრობაში?
- ეს ბუნებრივია, რადგან ახალგაზრდები არიან რეფორმების მომხრე. ასევე ახალგაზრდებს განათლება დასავლეთში აქვთ მიღებული. პარლამენტისა და მთავრობის თითქმის ყველა წევრი ევროპასა და ამერიკაში სწავლობდა. როგორც გითხარით, ახალ თაობას აზროვნების განსხვავებული სტილი აქვს.
ჩვენც გვქონდა შეუთავსებლობის პრობლემები დსთ-ში. როდესაც დსთ-ს ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე 27 წლის ახალგაზრდა ქალბატონ პოლიციის უფროსს ვუშვებდი, ის აღმოჩნდებოდა ხოლმე 50-60 წლის ყოფილ კგბ-ს კადრებს შორის და მათ შორის საუბარი ძნელდებოდა. როდესაც ეკონომიკის მინისტრად ასევე 27 წლის ქალბატონი დავნიშნე, მას მოუწია ძველ საბჭოთა ბიუროკრატიულ კადრებთან დალაპარაკება. ამან ბევრი გაუგებრობა გამოიწვია. როდესაც დსთ-დან გამოვედით, ეს პრობლემა ჩვენს წინაშე აღარ იდგა.
- რატომაა ევროკავშირი და ნატო თქვენი პოლიტიკის პრიორიტეტები?
- ახლახან დავბრუნდი მარსელიდან, სადაც ევროპული სამიტი გაიმართა. ამ სამიტზე ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირში . ეს აქამდე არც ერთ ლიდერს არ ჰქონდა ნათქვამი. ეს დიდი ცვლილებაა. ჩვენი ადგილი ევროპაშია ყველა თვალსაზრისით, მათ შორის, კულტურული თვალსაზრისითაც.
- რატომა არის ნატო პრიორიტეტი?
- პატარა ქვეყანა ვართ. რთულ გარემოში გვიწევს არსებობა. გადარჩენაზე ვზრუნავთ. ჩვენ უნდა გავწევრიანდეთ სანდო ბლოკში. დსთ-ს წევრები არ ვართ. ევროკავშირი და ნატო ჩვენი პირველი არჩევანია. ნატოში ინტეგრაცია აქ ხალხის 80%-ს სურს.
- არჩევნების შემდგომ პერიოდში პუტინი წნეხის ქვეშ მოექცა და ძალას კარგავს. როგორ ხედავთ ამ სიტუაციას საქართველოდან?
- ვფიქრობ, იქ არჩევნები არც ჩატარებულა. რუსეთში პოლიტიკა გაქრა საჯარო სფეროდან. ეს არა არის რუსეთისთვის ბუნებრივი, რადგან ამ ქვეყანას ჰყავს განათლებული მოსახლეობა, ძლიერი საშუალო კლასი, რომელიც მოგზაურობს, ხედავს რა ხდება სხვაგან და არ სურს დაჩაგრული ცხოვრება.
ეს უნივერსალური, ბუნებრივი პროცესის ნაწილია. შეუძლებელია დიდხანს შეინარჩუნო ვითრება, რომელშიც არ არსებობს დებატი და პოლიტიკური არჩევანი. ეს ხელოვნური მდგომარეობაა. ასეთ სიტუაციაში ქვეყანა, შესაძლოა, ომის პერიოდში იყოს, მაგრამ ისინი ახლა ომში არ არიან.
- ბრაზილია საერთაშორისო არენაზე უფრო და უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ის ასევე ბრიკს-ის ნაწილია, რომელშიც რუსეთიც შედის, როგორ უყურებთ ამას?
- ჩვენთვის რუსეთი ნეგატიური ძალაა. თუმცა, კარგად გვესმის რომ დიდი ქვეყანაა და ამიტომ ანგარიშგასაწევია მსოფლიო პოლიტიკაში.
ბრაზილიასთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაკავშირებს ყველა საერთაშორისო დონეზე. მსოფლიო არენაზე ბრაზილია უფრო და უფრო ძლიერი სახელმწიფო გახდება ორი მიზეზის გამო: იქ არის ძლიერი დემოკრატია და ქვეყანას აქვს კეთილი ზრახვები.
- რუსეთი ამბობს, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე თქვენს მთავრობასთან მოლაპარაკებებს არ გამართავს. თუმცა ახლახან თქვენს ქვეყანასთან შეთანხმება გააფორმა მსო-ში შესასვლელად. ეს მათთან ურთიერთობების გაუმჯობესების ნიშანია?
- არა, ეს იმის ნიშანია, რომ თავიანთი ინტერესების გამო, რუსები საკითხს პრაგმატულად მოეკიდნენ. მოლაპარაკების განმავლობაში არც ერთხელ არ უხსენებიათ ჩვენი რეგიონების ე.წ. „დამოუკიდებლობა“. მათ კარგად იციან, რომ ამ რეგიონების დღევანდელი დემოგრაფიული სურათი გადაგვარებულია, რომ სამხრეთ ოსეთში დღეს 10 000-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, ხოლო აფხაზეთის დღევანდელი მოსახლეობა იმის 20 პროცენტია რაც ომამდე იყო. ეს რეგიონები დღეს, ფაქტობრივად, დაცარიელებული ზონებია მცირე მოსახლეობით, რომელსაც რუსეთისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. რუსეთის მიზანია აჩვენოს, რომ ამ რეგიონებში ძლიერი პოზიცია უკავია. რუსეთისთვის დამოუკიდებელი საქართველოს ნებისმიერი ლიდერი პრობლემა იქნება. მე მათთვის პრობლემად ვიქეცი იმიტომ, რომ საქართველომ წარმატებული რეფორმები განახორციელა.
მიხეილ სააკაშვილის საქართველოს სურს იყოს უფრო დასავლური. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაახლოებოდა ნატოს და ევროკავშირს და გამოსულიყო რუსეთის გავლენის სფეროდან. 2008 წელს რუსეთთან მცირეხნიანი ომიც გაიმართა. ამ უკანასკნელმა საქართველოს ქალაქები დაიკავა, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა სცნო და ისინი საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქცია.
შიდა პოლიტიკაში საქართველოს მთავარი გამოწვევაა საპრეზიდენტო ხელისუფლების კონსტიტუციური, არჩევნების გზით გადაბარება, რაც 20 წლის განმავლობაში არ მომხდარა. ზოგი დამკვირვებელი სააკაშვილს უფრო პროდასავლურად მიიჩნევს, ვიდრე პრო-დემოკრატიულად. ამ მხრივ, მთავარი ტესტია ის, რაც ორ წელიწადში მოხდება - როდესაც პრეზიდენტს მანდატი ამოეწურება და კიდევ ერთხელ არჩევის უფლება აღარ ექნება.