„ჩვენ მიერ მიღებული ზომებიდან, პირველი, პოლიციის სრული შემადგენლობის დათხოვნა იყო"
გაზეთი "კორეო", მარიო კამიორანო;
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარი გამოცდილებისა და მისი ქვეყნის წარმატებების შესახებ გვიამბობს.
ადრე ქართველი ბავშვები მაფიოზობაზე ოცნებობდნენ, ახლა კი პოლიციელობა სურთ. სტუმრად მივიღეთ საქართველოს ახალგაზრდა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სათავეში 2004 წლიდან უდგას ზემოხსენებულ ქვეყანას ეფექტური "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, რომელმაც მსოფლიოში აღიარება და პატივისცემა დაიმსახურა.
მარიო კამიორანო: არც თუ ხშირია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან პრეზიდენტების სტუმრობა ჩვენს ქვეყანაში. რამ განაპირობა ასეთი შორეული ადგილის მონახულების სურვილი?
მიხეილ სააკაშვილი: როდესაც ჩვენ დავინახეთ თუ როგორ იბრძვის პერუ, როგორ ცდილობს გამონახოს სიღარიბის დაძლევის შესაძლებლობა და რამდენს მიაღწია ამ ქვეყანამ, დავინტერესდით და სურვილი გაგვიჩნდა ახლოდან გაგვეცნო ის ისევე, როგორც სხვა უცხო ქვეყნები.
მარიო კამიორანო: 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" შემდეგ რა რჩევის მოცემა შეგიძლიათ?
მიხეილ სააკაშვილი: პირველი, რაც ჩვენ გავაკეთეთ იყო ის, რომ კორუფციისა და ბიუროკრატიის წინააღმდეგ სასტიკი ბრძოლა დავიწყეთ. დავითხოვეთ პოლიციის მთელი შემადგენლობა (დაახლოებით 40 ათასი ადამიანი) და ნულიდან დავიწყეთ ყველფერი ახალი შემადგენლობით. ასევე კონცენტრირებული ვართ მოვხსნათ ბარიერები ბაზარზე შესაღწევად. ორჯერ შევამცირეთ სახელმწიფო სტრუქტურების რაოდენობა. დააპატიმრეს ბევრი ადამიანი როგორც წინა ხელისუფლების, ისე ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენელი, მათ შორის, 40 მოსამართლე. ყველა ის ზომა, რომელიც ჩვენ მივიღეთ, კორუფციასთან ბრძოლის მაჩვენებლებზე აისახა - 2010 წლის საერთაშორისო გამოკითხვების შედეგად, 78 პროცენტი აღიარებს, რომ ჩვენი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანად წარიმართა. ამ მხრივ, რეიტინგის მიხედვით, ბოლო ხუთი წელია ვლიდერობთ. რაც შეეხება ბიზნესს, 2005 წლის რეიტინგით, საქრთველოს 112 ადგილი ეკავა 145 ქვეყანას შორის, ხოლო 2009 წლის მაჩვენებლებით, 184 ქვეყანას შორის 11-ე ადგილზე ვართ.
მარიო კამიორანო: კორუმპირებულთა დევნა და დასჯა მნიშვნელოვანია, მაგრამ რა გააკეთეთ იმაში დასარწმუნებლად, რომ მათ სხვები არ შეცვლიან?
მიხეილ სააკაშვილი: მთელი საიდუმლო ისაა, რომ უნდა შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა. ამისათვის საჭიროა ძალიან მცირე რესურსი, მაგრამ ძალზე ეფექტურია. მაგალითად, საქართველოში მოხდა ჯანდაცვის სფეროს პრივატიზაცია, თუმცა, ჩვენი მხრივ, გვსურს, დარწმუნებული ვიყოთ, რომ ყველა ადამიანს ექნება სამედიცინო დაზღვევა. 2004 წელს ჩვენი მოსახლეობის 50 პროცენტი იყო სიღარიბის ზღვარს მიღმა, ხოლო დღესდღეობით ეს მაჩვენებელი 18 პროცენტამდე შემცირდა. ამ 18 პროცენტს სახელმწიფო უფარავს ჯანმრთელობის დაზღვევის თანხას. მათ, ვისაც ჰგონია, რომ კორუფციასთან ბრძოლის იმედი არ უნდა ჰქონდეს, მინდა ვუთხრა: ჩვენ ვიყავით უიმედო ქვეყანა, მაგრამ როდესაც ერთხელ მოიპოვებ მოსახლეობის პატივისცემას, გეძლევა სტიმული, რომ ეს შეინარჩუნო. პოლიციის ნდობა მოსახლეობის 5 პროცენტსაც არ ჰქონდა, ვიდრე რეფორმებს განვახორციელებდით. ხალხი მათ "ძაღლებს" ეძახდა. ახლა კი, მათდამი ნდობისა და პატივისცემის მაჩვენებელი 86 პროცენტამდე გაიზარდა. ადრე ქართველი ბავშვები მაფიოზობაზე ოცნებობდნენ, ახლა კი - პოლიციელობაზე. შედეგად, მივიღეთ ის, რომ თუკი ადრე ინფორმაციის მოსაპოვებლად ან დანაშაულის გასახსნელად პოლიციელს ადამიანების წამება სჭირდებოდა, ახლა ხალხი საკუთარი ნებით თანამშრომლობს მათთან, რადგან პოლიციელებს თავიანთი საზოგადოების ნაწილად მიიჩნევენ. თანაც, ყველა სახელისუფლებო პუნქტი, პოლიციის შენობები არის გამჭვირვალე - ხალხმა უნდა დაინახოს თუ ვინ მუშაობს მათთვის. ასევე პოლიციის ყველა თანამშრომელს ვთხოვთ, რომ იყვნენ მოწესრიგებული, კარგად ჩაცმული, გაიღიმონ და მოიქცნენ თავაზიანად. "რეცეპტი" ისაა, რომ ჩამოყალიბდეს ახალი სტანდარტი.
მარიო კამიორანო: ალბათ გაკრიტიკებდნენ კიდეც თქვენი დასავლური ორიენტაციისთვის...
მიხეილ სააკაშვილი: საქართველო ძველი ქრისტიანული ქვეყნების რიცხვს განეკუთვნება, მას ყოველთვის სურდა ყოფილიყო "დასავლური" ქვეყანა, მაგრამ გეოგრაფიულად ყოველთვის გაუცხოებული იყო. ახლა ვცდილობთ ვისარგებლოთ შემთხვევით და დავუბრუნდეთ ჩვენს ევროპულ ფესვებს. დასავლეთთან ასეთი დაახლოვება არ ეფუძნება გეოპოლიტიკურ მოტივებს. ყველა ცვლილება მიმართულია იმისკენ, რომ გავხდეთ უფრო ტოლერანტული და დემოკრატიული, რაც ევროპაში დომინანტურია.
მარიო კამიორანო: ევროპასთან დაახლოების სურვილი, ისევე როგორც ნატო-სკენ სწრაფვა გულზე არ ეხატება თქვენს მეზობელ რუსეთს. როგორ აპირებთ ურთიერთობების დალაგებას 2008 წლის ომისა და რუსეთის მიერ თქვენი ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციის შემდეგ?
მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, რუსეთი 21-ე საუკუნეშიც იმ ექსპანსიური მენტალიტეტის მიხედვით მოქმედებს, რომელიც მათ მე-20 საუკუნიდან გადმოიტანეს. ეს მხოლოდ ტერიტორიების ოკუპაციას კი არა, მოსახლეობის შეცვლასაც გულისხმობს. ჩვენ დაველოდებით რუსეთის გათანამედროვებას. ისინი თვალს ადევნებენ ჩვენს წარმატებებსა და მიღწევებს და ცდილობენ ჩვენი ზოგიერთი რეფორმა თავადაც განახორციელონ. საბოლოოდ, მათ მაინც მოუწევთ ქართული ტერიტორიების დატოვება. ამას ვერ აცდებიან.
მარიო კამიორანო: პერუსთან თანამშრომლობის რა შესაძლებლობას ხედავთ?
მიხეილ სააკაშვილი: ძალიან ბევრს... საქართველო წარმოადგენს რეგიონალურ ცენტრს როგორც ტურიზმის, ისე ბიზნესის თვალსაზრისით. პერუს ინვესტიციებისთვის ჩვენი კარი ღია იქნება. წინა ხელისუფლებასთან ჩვენ შევქმენით წინაპირობა საიმისოდ, რომ დიპლომატიური ურთიერთობა სტაბილური და წარმატებული გამხდარიყო. თუყმცა გვსურს და შევეცდებით, რომ ეს ურთიერთობა კიდევ უფრო განვავითაროთ კომერციული და კულტურული ინტეგრაციის თვალსაზრისით. ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ ლათინურ ამერიკაზე.