Google+

საქართველო მსოფლიო მედიაში

23.09.2011
FOXNEWS: საქართველოს პრეზიდენტმა ტელეკომპანიის გადაცემაში „Your World" მიიღო მონაწილეობა

ნილ კავუტო: დაიჯერებთ, რომ როდესაც ევროპაში ვალების კრიზისი ბატონობს, ამ ქაოსის პირობებში სადღაც არის ევროპული, სწრაფად მზარდი ეკონომიკა და ეს - საქართველოა. წელს, მისი ეკონომიკური მაჩვენებელი, სავარაუდოდ, კიდევ 4 პროცენტით გაიზარდა, მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატებში ის უცვლელია.


მიხეილ სააკაშვილი: ძალიან სასიამოვნოა თქვენ შოუში კვლავ სტუმრობა

ნილ კავუტო: ვიცი, რომ ისინი ყოველთვის ცდილობდნენ, თქვენ შესულიყავით ევროკავშირში, შესულიყავით მათ ელიტარულ კლუბში. თქვენ ყოველთვის ფრთხილობდით.

მიხეილ სააკაშვილი: რეალურად, ჩვენ გვინდა შევუერთდეთ ევროპას პოლიტიკური, კულტურული ცივილიზაციური მიზეზების გამო. ქართული კულტურა ევროპული კულტურაა. ეს უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა - ჩვენ მე-4 საუკუნიდან ქრისტიანები ვართ.

ნილ კავუტო: მაგრამ თქვენ მათ არ შეუერთდით. რატომ?

მიხეილ სააკაშვილი: ახლა ზუსტად ამ პროცესში ვართ, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვღელავდით იმაზე, რაც ხდება, თქვენ მართალს ბრძანებთ, წელს ეკონომიკაში 4 პროცენტიანი ზრდა გვაქვს, ვფიქრობ შეიძლება 6 პროცენტამდეც ავიდეს, ან 6 პროცენტზე მეტიც იყოს.

ნილ კავუტო: რაც შეიძლება იმის მიზეზი იყოს, რომ მათ თქვენი გაწევრიანება სურთ.

მიხეილ სააკაშვილი: თუ, რა თქმა უნდა, მსოფლიო ეკონომიკა მაინც ჯოჯოხეთისკენ არ წავიდა. საქართველომ შეძლო წარმატების მიღწევა, რადგან ჩვენ... არაკორუმპირებულ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზე ვართ ევროპაში, მაშინ როდესაც ადრე ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა ვიყავით მსოფლიოში. ევროპაში რიგით მეორე ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა გვაქვს და ჩვენი დედაქალაქი ევროპაში ყველაზე უსაფრთხოა, მაშინ, როდესაც ეს ყველაზე დანაშაულებრივი რეგიონი იყო. ეს არის ქვეყანა, რომელშიც ბიზნესის კეთება ყველაზე მარტივია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, რადგან ჩვენ შევამცირეთ შეზღუდვები, შევამცირეთ მთავრობის ზომა და დავწიეთ გადასახადები.

ნილ კავუტო: თქვენი საზღვრისკენ გაიხედეთ, რუსეთი. ვლადიმირ პუტინი თავის თავს კიდევ ერთხელ ავლენს. ამაზე ღირს ნერვიულობა?

მიხეილ სააკაშვილი: ამჟამად, რუსეთი ძალიან რთულ პერიოდში იმყოფება. მათი მთავარი კრედო რეფორმების არ განხორციელებაა. მათი ხედვით, დასავლეთი და ამერიკა ახლო სხვა ადგილებზეა გადართული. ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორია კი თავისუფალია მისათვისებლად.

ნილ კავუტო: ანუ ისინი თავს უფრო თავდაჯერებულად გრძნობენ?

მიხეილ სააკაშვილი: დიახ, როგორც მე ვთქვი, მოგეხსენებათ... მე ახალი გამოკითხვის შედეგებს გავეცანი რუსეთის მოსახლეობის 24 პროცენტი ქვეყნიდან წასვლაზე ფიქრობს. შეხედეთ მათ და შემოგვხედეთ ჩვენ. რუსეთის ოფიციალურ მთავრობას სძულს საქართველო, მათ ოკუპირებული აქვთ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი, მათ გამოაძევეს საკუთარი სახლებიდან ნახევარი მილიონი ადამიანი. პუტინმა გადაწყვიტა, რომ ეს ამ ხალხის სახლები აღარ არის.

ნილ კავუტო: პუტინმა სამხედრო ვერტმფრენები გამოუშვა მაშინ და თქვენი მოკვლა სცადა. მაგრამ როგორი ურთიერთობები გაქვთ ახლა რუსეთთან?

მიხეილ სააკაშვილი: როგორც უკვე აღვნიშნე, ისინი არ აღიარებენ ჩვენ მთავრობას, ისინი არ აძლევენ ადამიანებს შინ დაბრუნების უფლებას. ისინი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებასაც კი არ აღიარებენ, რომელსაც თავად მოაწერეს ხელი. მათ ოკუპირებული აქვთ ჩვენი ტერიტორიის ნაწილი, რაც ოფიციალურად არის აღიარებული ამერიკის მთავრობის, ამერიკის კონგრესის მიერ, როგორც უკანონო სამხედრო ოკუპაცია. მაგრამ, ამავდროულად, რუსეთში არსებობს მოაზროვნე ხალხი, განათლებული საზოგადოება, საშუალოზე მაღალი კლასის წარმომადგენლები, ხალხი, რომელსაც სამეწარმეო განვითარება, თავისუფალი ბაზარი და დემოკრატია სურთ.

ნილ კავუტო: როგორც ჩანს ისინი აგებენ არა?

მიხეილ სააკაშვილი: როგორც ჩანს, ისინი საქართველოს აღიქვამენ, როგორც მოდელს. ჩემი სურვილი რუსეთთან დაკავშირებით.... პრეზიდენტ ობამას სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთში მდგომარეობა გაუარესდება მანამ, ვიდრე არ გაუმჯობესდება.

ნილ კავუტო: მაგრამ დღეს რუსეთს ჰგონია რომ ევროპაში გაუარესდება სიტუაცია მანამ, ვიდრე არ გაუმჯობესდება. აპირებენ თუ არა ისინი რომ ეს სიტუაცია სათავისოდ გამოიყენონ და ნერვიულობთ თუ არა თქვენ ამაზე?

მიხეილ სააკაშვილი: ჩემი აზრით, მთავარი მესიჯი დღეს არის ის, რომ გარკვეული პრობლემები არსებობს ევროპაშიც და ამერიკაშიც. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მთავარი ამ სიტუაციაში არის ის, რომ მათ რაც არ უნდა თქვან ამერიკაზე, ამერიკის მთავრობას მაინც არ ჰყავს ანალოგი მსოფლიოში და ამერიკა მოახერხებს თავისი ძალების გაერთიანებას.

ნილ კავუტო: ფიქრობთ რომ ამ სიტუაციიდან გამოვძვრებით?

მიხეილ სააკაშვილი: ამაში ეჭვიც არ მეპარება.

ნილ კავუტო: ფიქრობთ რომ ამ სიტუაციიდან პრეზიდენტ ობამასთან ერთად გამოვალთ თუ სხვასთან ერთად?

მიხეილ სააკაშვილი: ვფიქრობ, რომ ამ პრობლემებიდან თავის დაღწევას ამერიკელი ხალხი მოახერხებს. ამერიკა აუცულებლად გადალახავს ამას, კვლავ იქნება უპირველესი ძალა და ერთადერთი ძლევამოსილი სახელმწიფო მსოფლიოში, რომელსაც მსოფლიოს უკეთესისკენ შეცვლა შეეძლება. დ იმ ქვეყნების კარგისკენ შეცვლაც, რომლებიც ამერიკის ფასეულობებს იზიარებენ. ევროპა ამერიკის მიმართულებას გაჰყვება. ევროპას არ შეუძლია დამოუკიდებლად წარმატების მიღწევა. სხვათა შორის, ვფიქრობ, რომ მთავარი გაკვეთილი, რომელიც ვისწავლეთ არის ის, რომ ხალხი ერთიანი უნდა იყოს. ისინი, ვისაც საერთო იდეალები და ცხოვრების წესი აქვთ, პრობლემების გადაჭრის გზებს ცალკ-ცალკე არ უნდა ეძებდნენ. რაც უფრო მალე გადალახავს ამერიკა პრობლემებს, მით უფრო მალე იქნება ეს ყველა ჩვენგანისთვის კარგი.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code