Google+

საქართველო მსოფლიო მედიაში

20.09.2011
MSNBC: საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკულ ტელეარხის დილის გადაცემას "Morning Joe" ინტერვიუ მისცა 

 

საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც ნიუ იორკში ვიზიტით იმყოფება, ამერიკული ტელეკომპანიის MSNBC-ის გადაცემაში Morning Joe მიიღო მონაწილეობა. მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტთა შეკითხვებს ღია ეთერში უპასუხა. საქართველოს პირველ პირთან ერთად, გადაცემის სტუმარი კოლუმბიის ყოფილი პრეზიდენტი ალვარო ურიბეც მონაწილეობდა. სტუმრებმა საერთაშორისო ურთიერთობების აქტუალური თემები განიხილეს, მათ შორის, პალესტინის საკითხი. საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისრაელს უსაფრთხოებისა და არსებობის უფლება აქვს, ისევე, როგორც პალესტინელებს სახელმწიფოებრიობის. გადაცემის წამყვანები საქართველოში მიმდინარე მოვლენებითაც დაინტერესდნენ.

მიკა ბრჟეზინსკი: ჩვენთან ერთად არის ასევე ჩვენი კორესპონდენტი ანდრეა მიჩელი და მაიკ მერფი ვაშინგტონიდან.

ანდრეა მიტჩელი:  ხედავთ თუ არა პრობლემას იმაში, რომ თუ  გაეროს უშიშროების საბჭოზე პალესტინის სახელმწიფოებრობის კენჭისყრის საკითხი დადგება, ამერიკის პოზიცია მზარდ იზოლაციაში მოექცევა, რაც იმას გულისხმობს, რომ მოლაპარაკების გზით საკითხი არ გადაწყდება?

მიხეილ სააკაშვილი: ცხადია, ისრაელს აქვს უსაფრთხოების და უსაფრთხო არსებობის უფლება. ამავდროულად, პალესტინასაც აქვს სახელმწიფოებრიობის უფლება. ეს არავინ არ უნდა დააყენოს ეჭვქვეშ. ერთი მხრივ, ჩვენ დიდი სიმპათია გვაქვს პალესტინელთა მიმართ, ხოლო, მეორე მხრივ, გვჯერა, რომ აუცილებელია მოლაპარაკებების გაგრძელება. ასეთი საკითხების მოგვარება მოლაპარაკებების გზით არის შესაძლებელი. აუცილებელია უფრო მეტი ინიციატივა. უნდა შევძლოთ, რომ ეს პროცესი გაეროში დაიწყოს და ადამიანებისთვის რეალობა არა მარტო გაზეთებში, არამედ ადგილზეც შეიცვალოს.

ჯო სკარბორო: ახლო აღმოსავლეთიდან საქართველოზე გადავინაცვლოთ. რა არის თქვენი მიზანი მიმდინარე კვირას გაეროში?

მიხეილ სააკაშვილი: რამდენიმე საკითხია... ვფიქრობ, მთავარი ისაა, რომ 20 წელი გავიდა, რაც საბჭოთა კავშირი აღარ არებობს, რაც თავის დროზე ზბიგნევ ბრზეჟინსკიმ იწინასწარმეტყველა კიდეც.  მართალია, მან ზუსტი თარიღი ვერ დაასახელა, მაგრამ იმაში ნამდვილად არ შემცდარა, რაც მოხდებოდა. თუმცა მას, არავინ არ დაუჯერა. რა თქმა უნდა, 11 სექტემბრის ტერაქტებიდან დან 10 წლისთავი მნიშვნელოვანი თარიღია. ორივე შემთხვევაში, ამბობდნენ, რომ ეს ისტორიის დასასრული იყო. თუმცა, რა თქმა უნდა, ისტორია არ დამთავრებულა და ბევრი ამბავი შესაძლოა ტრაგიკულიც გახდეს. ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ ამას.  იმის მიუხედავად, რომ 20 წელი გავიდა, ბევრი რამ გაუარესდა - რუსეთში უფრო მეტი რევანშიზმი და რევიზიონიზმი გაჩნდა. ყოფილ საბჭოთა კავშირში გავლენის გარკვეული სფეროების აღდგენას ცდილობენ. ხდება ტერორისტული თავდასხმებიც. კარგი ამბებია, რომ არაბული გაზაფხულით ამ რეგიონებში დემოკრატიზაციის ტალღის შანსი გაჩნდა. თუმცა ყოფილ საბჭოთა კავშირში, შესაძლებელია, ეს ტალღა ორივე მიმართულებით განვითარდეს, როგოც კარგისკენ, ისე ცუდისკენ.  

მაიკ მერფი: ბატონო პრეზიდენტო, მე საქართველოში ნამყოფი ვარ და თქვენი ქვეყნის ფანი ვარ. მე მაინტერესებს, როგორია თქვენი ქვეყნის ურთიერთობა რუსეთთან. რაიმე ახალი ნაბიჯები ხომ არ გადაგიდგამთ ამ მიმართულებით? ბოლო ექვსი თვეის განმავლობაში მოვლენებს თვალს ვერ ვადევნებდი...   

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ ახლა ვიმყოფებით ისეთ ვითარებაში, როდესაც რუსეთი ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპირებას ახდენს. გვყავს ნახევარი მილიონი ადამიანი, რომელიც საკუთარ სახლებში დაბრუნებას ვერ ახერხებს. არსებითად, ეს იმ რეგიონების მოსახლეობის 80 პროცენტია. ადგილი ქონდა მოსახლეობის მასობრივ განდევნას საბჭოთა რუსეთის სტილში. მეორე მხრივ, აქ მე დავესწრები კონფერენციას, სადაც ყველა ამ თემას განვიხილავთ. თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ ყველაზე ძალადობრივ ვითარებაში. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოში ბევრი რამ გავაკეთეთ ისე, რომ იარაღის ლულა გვქონდა მობჯენილი. ისინი არ აღიარებენ ჩვენ საზღვრებს და მთავრობას. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილ იმ შეთანხმებას, რომლის ინიციატორიც პრეზიდენტი სარკოზი იყო. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ომის შემდეგ 6-7 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. Transparency International-ის მიხედვით, კორუფციასთან მებრძოლი ნომერ პირველი ქვეყანა ვართ, რაც შეეხება უსაფრთხოებას, საქართველო ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა. ჩვენ ისლანდიის შემდეგ მეორე ადგილზე ვართ და ჩვენი დედაქალაქი თბილისი რეიკიავიკზე უსაფრთხოა. აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში საქართველოში ყველაზე მარტივია ბიზნესის კეთება, ამ პოზიციით ახლა მე-11 ადგილზე ვართ. მანამდე კი 147-ზე ვიყავით. მსოფლიოში არც ერთ ქვეყანას არ ჰქონია ასეთი პროგრესი.  ყოველივე ეს იმის მანიშნებელია, რომ თუ ნამდვილად მუშაობ დემოკრატიის განვითარებაზე, ღია პოლიტიკური სისტემა გაქვს, ახდენ საზოგადოების გარდაქმნას, არ გეშინია ასეთი საფრთხეების და გამუდმებით არ ყვირი: "ჩვენ გვიტევენ", ყველაფერს მიაღწევ. დიახ, ჩვენ გვიტევენ, მაგრამ არ ვამბობთ, რომ სხვა რამეებზე მუშაობის დრო არ არის და ყურადღება მხოლოდ საფრთხეებზე უნდა გადავიტანოთ. ჩვენ არასდროს არ ავირჩევთ ამ გზას. პირიქით, მთელი ყურადღება პოზიტივზე გადაგვაქს და როდესაც ასეთ ნაბიჯებს დგამ, ყველაზე ძალადობრივი, კრიმინალური და კორუმპირებული საზოგადოებაც შემობრუნდება.

ანდრეა მიჩელი:  რას ფიქრობთ, როგორია პუტინის მომავალი? საით მიდის რუსეთი?

მიხეილ სააკაშვილი: პუტინი, როგორც ჩანს დაბრუნებას აპირებს და საქმე აქ უფრო ფართო ჭრილში უნდა განვიხილოთ. საბჭოთა კავშირის დაშლიდან 20 წელი გავიდა, მაგრამ დღესაც ასეთ დასკვნას აკეთებენ: გორბაჩოვი ზედმეტად რბილი იყო, იგი დასავლეთის გავლენის ქვეშ მოექცა, ბევრს უსმენდა ამერიკელებს და სხვებს და ამით საბჭოთა კავშირი დაღუპაო. მათ დღეს მიაჩნიათ, რომ უარი უნდა თქვან რეფორმებზე, არაფერი შეცვალონ, იყვნენ სასტიკები და აღარ გაიმეორონ გორბაჩოვის შეცდომა. იმის მიუხედავად, რომ ეს დიდი ერია, ეს არის ქვეყნის ჩამოშლის ყველაზე მოკლე გზა, რაც კარგი არავისთვის არ იქნება. ბოლო ექვს წელიწადში საქართველოს პოზიტიური მიგრაციული ბალანსი აქვს - საქართველოში უფრო მეტი ადამიანი ბრუნდება, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდები, ვიდრე მიდის ქვეყნიდან. გუშინ „ეკონომისტში" წავიკითხე, რომ განათლებული და პროფესიონალი რუსების 24 პროცენტს სურს დატოვოს ქვეყანა, რადგან მათ აქვთ შემოსავალი, რაც საკმარისი არ არის. მაგალითად, ახლო აღმოსავლეთში ადამიანებს ფულიც ჰქონდათ, ძალაუფლებაც მაგრამ ხალხი უკვე საკუთარ ღირსებას ვეღარ გრძნობდა. მათ მომავლის განცდა აღარ ჰქონდათ. ვლადიმერ პუტინს შეიძლება აქვს საკუთარი მომავლის განცდა, მაგრამ როდესაც ხალხს იგივე განცდა აღარ ეუფლება, ეს ძალიან სახიფათოა. ეს ფაქტი სულაც არ გვახარებს, რადგან, როგორც აღვნიშნე, რუსეთი ჩვენი მეზობელია, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია, ბევრი ცუდი გაუკეთებია ჩვენთვის, მაგრამ ყოველწლიურად ვიღებთ ასობით ათას სტუმარს რუსეთიდან - ტურისტებს, ბიზნესმენებს. უნდა ნახოთ, როგორ მოსწონთ მათ საქართველო. ერთხელ, ერთმა რუსმა პროფესორმა მითხრა: საბჭოთა კავშირის დროს როგორც დასავლეთ გერმანიასა და ამერიკას ვუყურებდით, ისე აღვიქვამთ ახლა საქართველოსო. მათ დიდი პრობლემები უნდა ჰქონდეთ, რადგან უზარმაზარი ამერიკისა და გერმანიის შემდეგ, ასეთი პატარა საქართველოს მიბაძვა დაიწყეს. ხომ გესმით, რომ ეს შეფასების  ახალი კრიტერიუმია, და ეს შედარება მე მომწონს.  




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code