Google+

ადმინისტრაციის სიახლეები

24.04.2013
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი სასახლეში უცნობი პირების უკანონო შესვლის ფაქტს გამოეხმაურა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დღეს პრეზიდენტის სასახლის შენობაში ორი პირის უკანონოდ შემოსვლის ფაქტს გამოეხმაურა. ანდრო ბარნოვის თქმით, სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა ორი უცნობი პირი სასახლის იმ ნაწილში შეუშვა, სადაც ადმინისტრაციის შიდა და გარე საკომუნიკაციო ქსელია განთავსებული. მისი განმარტებით, ამ ოთახებში შესაბამისი ტექნიკური ჯგუფი შედიოდა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოთხოვნით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციის სატელეფონო ქსელს ექმნებოდა პრობლემა.   

 „მინდა გაგაცნოთ საკმაოდ შემაშფოთებელი ინფორმაცია და შემდეგ გავაკეთო განცხადება. დღეს, დღის პირველ ნახევარში ყოველგვარი მოთხოვნისა და ინფორმირების გარეშე, რამდენიმე პირი სასახლეში შემოვიდა იმ შემოსასვლელიდან, რომლიდანაც შემოსვლის უფლება აქვთ მხოლოდ პრეზიდენტს, პატრიარქს და პრემიერ-მინისტრს. მიუხედავად იმისა, რომ დაცვას მათი შემოშვების არავითარი ნებართვა ჰქონია, მათ ეს ადამიანები მაინც შემოუშვეს. სდსს სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა, რომელიც პრემიერ-მინისტრს ექვემდებარება, მათ გადასცეს სპეციალური ოთახის გასაღები, რომელშიც განთავსებულია ადმინისტრაციის სერვერები. ამას გარდა, ისინი თვითნებურად შევიდნენ კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის ოთახში, მისი უჯრიდან დაუკითხავად აიღეს ე.წ. Switch Room-ის (ადგილი, რომლიდანაც თანამშრომელთა ოთახებში ნაწილდება კომპიუტერული და სატელეფონო ქსელი) გასაღები და ჩვენთვის სრულიად გაუგებარი და უცნობი მიზნით შევიდნენ იქ. როდესაც ჩვენმა თანამშრომლებმა, კერძოდ, ჩემმა მოადგილემ და კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა გაიგეს ეს, დაადგნენ მათ თავზე და დაინტერესდნენ მათი საქმიანობის მოტივითა და მიზეზით. აღნიშნული პირები დაიბნენ და, პრაქტიკულად, ყოველგვარი განმარტების გარეშე (მხოლოდ ის თქვეს, რომ ისინი დავალებას ასრულებდნენ, თუმცა არ დაასახელეს ვისგან მიიღეს ეს დავალება), სასწრაფოდ დატოვეს შენობა“, - განაცხადა ანდრო ბარნოვმა.

ადმინისტრაციის უფროსმა ყურადღება იმ ფაქტზეც გაამახვილა, რომ პრეზიდენტის სასახლეში არსებული კომუნიკაციები სრულად არის დაცული და იზოლირებული და ინფორმაციის მოპოვება მხოლოდ იმ წერტილიდან არის შესაძლებელი, რომელშიც დღეს შეაღწიეს ზემოაღნიშნულმა პირებმა.

„ამ შემთხვევაში მინდა მივმართო საზოგადოებას, რათა თავად დაარქვას სახელი ყველაფერს - რამდენად შეესაბამება სიმართლეს პრემიერისა და მისი გუნდის განცხადებები პრეზიდენტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც პრეზიდენტის სასახლეში მსგავსი რამ ხდება? მაშინ, როდესაც ასეთი რამ პრეზიდენტის სასახლეში ხდება, რა შეიძლება მოხდეს ყოვლად დაუცველ ადგილებში? დღეს მთავრობა გვიმტკიცებს, რომ მოსმენა არ მიმდინარეობს, მაშინ ისევ ჩნდება შეკითხვა: რა უნდოდათ სრულიად დაუკითხავად, ჩვენთვის სრულიად გაუგებარ და უცნობ პირებს ამ შენობაში,  სწორედ იმ ადგილას, საიდანაც, რეალურად, ნებისმიერი ინფორმაციის გატანა შეიძლება სასახლის შიდა საკომუნიკაციო ქსელიდან, თუკი მათ აქვთ შესაბამისი ცოდნა და   აღჭურვილობა, რასთანაც ამ შემთხვევაში გვაქვს საქმე? ჩვენ მივმართავთ სათანადო სამსახურებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით და საზოგადოებას სასწრაფოდ მიეწოდოს სათანადო, გასაგები ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რასთან გვაქვს საქმე“, - აღნიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code