Google+

სიახლეები

06.05.2010
შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ შენობასთან გამართულ აღლუმზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა

მოგესალმებით!

გილოცავთ პოლიციის დღეს!

პატივცემულო თანამებრძოლებო, ჩვენო თანამოქალაქეებო, პატივცემულო ელჩებო, სტუმრებო, დამსწრე საზოგადოებავ,

დღეს, გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულია, გილოცავთ ყველას ამ დღესასწაულს!

თუ რაიმე მფარველობს ჩვენს ქვეყანას, თუ რაიმე ძალა მფარველობს ჩვენს პოლიციას, უპირველესად, ეს არის წმინდა გიორგი, რომელიც განასახიერებს სიკეთის ბრძოლას ბოროტებასთან; სიკეთის შეუპოვრობას ბოროტებასთან; სიკეთის გამარჯვებას ბოროტებაზე.

ის, რასაც თქვენ ყოველდღიურად აკეთებთ, ის, რაც თქვენ მოახერხეთ და ახერხებთ ყოველდღიურად, არის ის, რასაც არავინ მოელოდა, რაც შეუძლებელ ამოცანად მიაჩნდათ.

თქვენი მოღვაწეობა არის ყოველდღიური გამარჯვება წარსულის და ბნელეთის ბოროტ ძალებზე. თქვენი მოღვაწეობა არის ყოველდღიური გამარჯვება ყველანაირ ცრურწმენასა და სტერეოტიპზე.

თქვენი გამარჯვება, თქვენი მოღვაწეობა არის ყოველდღიური გამარჯვება იმაზე, რაც ყველას მიაჩნდა დაუმარცხებლად.

ეს არის კრიმინალი, ეს არის უკანონობა, ეს არის ცუდი ხალხის მიერ ადამიანების ჩაგვრა.

ეს ყველას ეგონა ჩვენი საზოგადოების უკურნებელი სენი, რომლისგანაც საზოგადოების განკურნება შეუძლებელი იყო.

ჩვენ გავიზარდეთ ქვეყანაში, სადაც ყაჩაღებს უდგამდნენ ძეგლებს. პოლიციის შემადგენლობა ბევრად ახალგაზრდაა, თუმცა ამას თქვენც მოესწარით.

მათგან გამოყავდათ საყვარელი ლიტერატურული გმირები და ამ გმირების მაგალითზე გვზრდიდნენ.

ჩვენ გავიზარდეთ ქვეყანაში, სადაც კრიმინალი, ჯერ კომუნისტური პარტიის აპარატი, შემდეგ პოსტკომუნისტები დამოუკიდებლობის საფარქვეშ შერწყმული იყვნენ ერთმანეთთან. მე და ბევრი პოლიტიკოსი მოღვაწეობდა პერიოდში, როდესაც ჩვენთან ჩამოსულ ქართული მაფიის ბოსებს, თბილისის აეროპორტიდან შსს მინისტრი პოლიციიის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად დიდი პატივით აცილებდა.

ყველა დროში იყვნენ გამონაკლისები, რომლებიც ებრძოდნენ კრიმინალს და ორგანიზებულ დანაშაულს.

ეს მე კარგად მახსოვს, რადგან იურისტის ოჯახში გავიზარდე.

ჩემი დიდი ბაბუა იურიდიულ ფაკულტეტზე ასწავლიდა და მახსოვს ძალიან ბევრი პოლიციელი, რომელიც ჩვენთან ხშირად დადიოდა. მათი ცხოვრების მიზნი 70-იან წლებში კრიმინალთან ბრძოლა იყო.

მახსოვს ახალგაზრდა პოლიციის ოფიცერი, რომელმაც მაჩუქა მილიციელის ქუდი და ამით ძალიან ვამაყობდი. იგი მეუბნებოდა: სანამ პირში სული მიდგას ქურდს და ყაჩაღს შევებრძოლებიო. ცხრა თვეში მას კრიმინალები გაუსწორდნენ.

მახსოვს, ჩემს ბავშვობაში ბორჯომის მილიციის უფროსის სახლი ააფეთქეს კანონიერმა ქურდებმა, რადგან მან გაბედა ქურდების წინააღმდეგ ბრძოლა.

კარგად მახსოვს, ახალგაზრდა პროკურორები და პოლიციელები, რომლებიც ბედავდნენ კრიმინალთან ბრძოლას. ეს იყო სისტემის გამონაკლისი.

შემდეგ ამ ორგანიზებულმა დანაშაულმა იმდენად გაიდგა ფეხი, ძნელი წარმოსადგენი გახდა ის ფაქტი, რომ ამის მოშორება შესაძლებელი იქნებოდა.

ვარდების რევოლუცია არ მოხდა ერთი პოლიტიკური ძალის მოსაყვანად მეორე პოლიტიკური ძალის განეიტრალების მიზნით. ვარდების რევოლუცია გამოიწვია იმ ვითარებამ, როდესაც სახელმწიფოებრიობის დაცვა გახდა აუცილებელი. ხალხი აღდგა იმისათვის, რომ უშუქობასთან, უგზობასთან, უხელფასობასთან, უპენსიობასთან ერთად დაგვემარცხებინა ორგანიზებული კრიმინალი. დაგვემარცხებინა ის ხალხი, ვინც ყოველდღიურად წოვდა ხალხს სისხლს.

2004 წელს, როდესაც თქვენთან ერთად დავიწყეთ რეფორმა, ეს იყო ძალიან მტკივნეული და დიდი ბრძოლა.

წარმატების შანსი ძალიან ცოტა იყო, მაგრამ მოვიდა ჩვენი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი. მოხდა ის, რასაც არავინ არ მოელოდა.

ჩვენი წინამორბედები გვეუბნებოდნენ, რომ მთელი საზოგადოება კორუმპირებულია, ყველა ჩართულია კორუფციის და კრიმინალის თამაშში, ამის გამოსწორება და შეცვლა შეუძლებელია. თუმცა ჩვენთან ერთად დადგა ხალხი, ვინც ირწმუნა, რომ ანთებული გულითა და სუფთა ხელებით შეიძლება სრულიად განსხვავებული სახელმწიფოს მოწყობა.

მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ყველა მცდელობა წარმატებით დასრულდა.

საქართველოში რამდენჯერმე შემცირდა დანაშაული. ჩვენ გამოვაცხადეთ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა მცირე დანაშაულთანაც კი, რომელმაც კარგად იმუშავა.

ის, რომ დღეს დედები წყნარად უშვებენ შვილებს ეზოში ან სკოლაში, ის, რომ პრაქტიკულად აღარ არის აუცილებლობა მანქანა დაკეტვა, ეს თქვენი და ამ რეფორმის დამსახურებაა.

მახსოვს, როდესაც საქართველოში დავბრუნდი ახალგაზრდა დეპუტატი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე გავხდი და მითხრეს, რომ ამ დამნაშავეებთან საერთო ენა უნდა მონახოთო.

მე კარგად მახსოვს პირველი ოპერაცია სვანეთში, როდესაც ორგანიზებული დანაშაულებრივი დიდი ჯგუფი განეიტრალდა, მათ შორის, საავიაციო იერიშის შედეგად, რომელიც მთელს სვანეთს, ამ მშვიდობიან და ძალიან ლამაზ კუთხეს ატერორებდა.

ჯერ კიდევ პოლიტიკური პარტიის ლიდერი ვიყავი, როდესაც სვანეთში შესასვლელად ნებართვა უნდა გვეთხოვა.

პირადად მე, რა თქმა უნდა, ნებართვა არ მითხოვია, მაგრამ ყველა დანარჩენი, მაშინდელი მთავრობის ჩათვლით, ან ითხოვდა ამ ნებართვას, ან თავს არიდებდა იქ ასვლას. ჩვენ ეს ყველაფერი გამოვიარეთ.

ჩვენ გამოვიარეთ ის დროც, როდესაც საქართველოს მთავარი ნარკობარიგები ქალაქის პოლციიის უფროსები იყვნენ. ნარკომანიამ გაიდგა ფესვები ჩვენი საზოგადოების ყველა დონეზე და ჩვენ ესეც გამოვიარეთ. გამოვიარეთ კანონიერი ქურდების მიერ მოწყობილი საბოტაჟიც, როდესაც მათ დაუნდობელი ბრძოლა გამოვუცხადეთ როგორც ქუჩებში ისე საპატიმროებში. ციხეში აჯანყებაც მოგვიწყვეს და ძალის გამოყენება მოგვიხდა.

როდესაც 2007 წელს გარე ძალების ჩარევით და ორგანიზებით დაიწყო აქციები. მე კარგად მესმის იმ ხალხის უკმაყოფილების, ვინც ქუჩაში გამოდიოდა, მაგრამ რეალურად საქართველოს პოლიციამ მოახერხა სახელმწიფო გადატრიალების შეჩერება.

რეალურად, თქვენი მოქმედებებით, თქვენ მოახერხეთ ქართული სახელმწიფოებრიობის გადარჩენა. თუ შევხედავთ ნებისმიერ სხვა ცივილიზებულ ქვეყნებს, ამ მასშტაბის აქციებში, ამ მასშტაბის შეტაკებაში, ისე სუფთად მოქმედებდა ჩვენი პოლიცია, რომ ეს უკიდურესად იშვიათია. შეხედეთ რა ხდება საბერძნეთში, რა ხდებოდა იტალიაში, როდესაც ჩვენთან ეს ამბები დაიწყო. ასევე იყო მსოფლიოს სხვა ადგილებსა და ევროპაში. ყოველივე ეს შევადაროთ იმას, რაც მოხდა საქართველოში.

რა თქმა უნდა, ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს საქმე და ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ჩვენ მოვახერხეთ ისეთი პოლიციის შექმნა, რომელსაც აქვს საზოგადოების ნდობა.

პოლიცია იყო ქვეყანაში, სადაც არ იყო დენი, თუმცა დაპატიმრებულებს დენზე აერთებდნენ, აწამებდნენ და ასე იღებდნენ მათგან ჩვენებას.

ჩვენ გავიზარდეთ ქვეყანაში, რომელშიც ყველა დანაშაულზე დაწესებული იყო "ტაქსა", მათ შორის მკვლელობებზე. ნებისმიერი დანაშაულის გამოსყიდვა შეიძლებოდა ფულის ხარჯზე. ეს ყველაფერი ძალიან ძნელი შესაცვლელი იყო, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ ამ უკულტურობის აღმოფხვრა.

ეს ჩვენი სოციალური ტრანსფორმაციის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

ყოველთვის ყველაფერი იდეალურად არ იყო. რა თქმა უნდა, იყო ხარვეზებიც და ცალკეული ადამიანების მიერ ჩადენილი დანაშაულებიც. სხვადასხვა ეტაპზე ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით პრობლემებიც გვქონდა. საბოლოოდ ყველაფერი სწორი გზით წავიდა.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს არასდროს უკან არ შებრუნდეს და ვერავინ ვერ მოახერხოს ამ ჩამოყალიბებული ტრადიციის უკუგდება.

რა თქმა უნდა, პოლიციის სისტემაში ხარვეზები და ნაკლოვანებები ყოველთვის იქნება, მაგრამ დღეს ეს მინიმუმამდეა დაყვანილი. ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც შეურაცხყოფენ საკუთარი მუნდირის ღირსებას.

ისინი ისევე აგებენ პასუხს, როგორც აგეს პასუხი იმ ადამიანებმა, ვინც უკანონობას ნერგავდა, ვინც მკვლელობები ჩაიდინა და ჩართული იყო კორუფციულ გარიგებებში. პრივილეგია არავის არ ექნება.

საქართველოს პოლიცია ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პოლიციაა მსოფლიოს მასშტაბით. ამას ყველა უცხოერლი მეთვალყურე და სტუმარი აღიარებს. ჩვენი პოლიცია, რომელსაც 2004 წელს 5-პროცენტიანი ნდობა ჰქონდა, დღეს 80 პროცენტზე მეტი ნდობით სარგებლობს ჩვენი საზოგადოების მხრიდან.

პოლიცია ხალხს უყვარს და არა მხოლოდ იმიტომ, რომ წესრიგი დამყარდა, არამედ იმიტომ, რომ თქვენ სხვანაირად იცით ადამიანებთან ურთიერთობა, თქვენში ხედავენ ადამიანის დამცველს. იმ შუშის შენობებში, რომლებშიც თქვენ სხედხართ, ხალხი ხედავს მეგობრებს, მეგობრებს, ნათესავებს, დებს და ძმებს.

ჩვენი პოლიციის პატიოსნება არ აიხსნება მხოლოდ იმით, რომ მაღალი ხელფასი ან კარგი აღჭურვა გაქვთ. ხელფასი ბევრად მეტი შეიძლება იყოს, აღჭურვაც შეიძლება უკეთესი იყოს, მაგრამ მთავარი, რაც თქვენ გაქვთ, არის ღირსება, პატიოსნება, კომპეტენტურობა და ეროვნულობა ზოგად სახელმწიფოებრივი გაგებით.

ჩვენს პოლიციაში, ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი მხარდამხარ მუშაობს და აკეთებს ძალზე მნიშვნელოვან საქმეს, მათ შორის, ჩვენი ახალი საზოგადოების, მრავალკულტურული სახელმწიფოებრივი ერთობის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

მე არასდროს არ დამავიწყდება 2008 წლის აგვისტო და სექტემბერი. მე არასდროს არ დამავიწყდება ის, თუ როგორ იბომბებოდა რიკოთის უღელტეხილი. მაშინ ზუგდიდიდან თბილისში მოვდიოდი. ხალხი პანიკაში იყო და ზღვიდან და სხვა რეგიონებიდან უკან ბრუნდებოდა იმ მიზნით, რომ თავი დაეღწიათ შემოსული ოკუპანტების ჯარისთვის. ყოველ კილომეტრში იდგნენ პოლიციელები და საგზაო მოძრაობას აწესრიგებდნენ. ისინი არ იმჩნევდნენ ზემოდან დაშენილ ყუმბარებს.

მე კარგად მახსოვს რომ იმ დღეებში ჩვენი პოლიციელები, რომლებიც არიგებდნენ სახლებში ჯარიმებს. მე კარგად მახსოვს ჩემს ახლობლებთან მისული პოლიციელები და მათი ნალაპარაკები: ნუ გეშინიათ ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ ყველაფერს შევინარჩუნებთ, ჩვენმა მთავრობამ იცის რას აკეთებს, ჩვენ გვაქვს მომავალი და არ ჩავარდეთ პანიკაში.

მე ნამდვილად არ ვიცი ყველას გვარი, მაგრამ მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ამ ანონიმურ პოლიციელს, ვინც იმ დღეებში ამას აკეთებდა. ეს იყო სამხედრო და სამოქალაქო გმირობის ტოლფასი.

მე მინდა იცოდეს ყველამ, ვისაც საბჭოთა იმპერია აღდგენა სურს. საბჭოთა იმპერია ახლა შეტევაზეა.

საქართველოში საბჭოთა კავშირი დამთავრდა. საბჭოთა კავშირი სიმბოლურად დამთავრდა იმ დროს, როდესაც საბჭოთა მილიციელის ფორმა და ქუდი ხუთ ჯვრიანი დროშით შეკერილმა ახალმა ქართულმა ფორმამ ჩაანაცვლა.

ახალი აზროვნება, ახალი თაობა და ჩვენი მომავალი აღარასდროს არ დაუშვებს წარსულის უკან დაბრუნებას.

ეს არის ტერიტორია, რომელიც თავისუფალია საბჭოთა კავშირისგან. საბჭოთა კავშირი, რომელიც ახლა დაპატრონებულია ცხინვალის რეგიონს და დაპატრონებულია აფხაზეთს, ვერასდროს ვერ შეინარჩუნებს ვერც მათ და ვერასდროს ვერ აიღებს დანარჩენ საქართველოს.

დანარჩენ საქართველო კი, ერთ მუშტად შეკრული ჩვენი საზოგადოება, ასევე ჩვენი შეიარაღებული ძალები და ჩვენი პოლიცია სათანადო პასუხს გასცემს მათ.

ჩვენი ამოცანა ამის თავიდან აცილებაა.

თქვენ მოგიხდათ ძალიან ბევრი შეურაცხყოფის მოსმენა, თქვენ მოგიხდათ უამრავი დაუმსახურებელი ცილისწამების ატანა, იყო ბევრი ცუდი ფაქტები დამსახურებელი კრიტიკა მთავრობის და პოლიციის მისამართით, მაგრამ, როგორც წესი, შეტევა თქვენზე, ეს იყო შეტევა სიმბოლურად ქართულ სახელმწიფოებრიობაზე. ამიტომ ვამბობთ, რომ პოლიცია დეპოლიზიტირებულია.

რა თქმა უნდა, პოლიცია დეპოლიტიზირებულია, მაგრამ დეპოლიტიზირება არ ნიშნავს საქართველოს სიყვარულზე უარის თქმას.

პასუხის გაცემა მისთვის, ვინც ხელს აღმართავს საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე პოლიტიზაციას არ ნიშნავს.

მე მინახავს პლაკატები და მინახავს ტელევიზიაში ლოზუნგები, 40 რჩეული ვაჟკაცი დავკარგეთ, 36 რჩეული ვაჟკაცი დავკარგეთ და როგორც წესი ცალკეული გამონაკლისის გარდა, ლაპარაკი იყო იმ ადამიანებზე, ვინც კრიმინალში მონაწილეობდა.

ის ადამიანები, ვინც თავდასხმის დროს იქნა მოკლული საქართველოს პოლიციის შენაერთებთან შეტაკების დროს, ხშირად მთავრობის გასაკრიტიკებლად გამოიყენება.

მინდა წაგიკითხოთ იმ პოლიციელთა სია, ვინც ჩემთან ერთად დაიწყო ამ ახალი ძალის შექმნა და ვინც ვერ მოესწრო დღევანდელ დღეს.

ხულორდავა დაიღუპა სოფელ განმუხურში არსებულ საგუშაგოზე ოკუპაციური ძალების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად.

ფიფია სოფელ ხურჩასთან არსებულ ბლოკ საგუშაგოზე დაიღუპა განხორციელებული შეტევის შედეგად.

კახნიაშვილი სოფელ დვანში აფეთქდა ნაღმზე.

ხაჭაპურიძე სოფელ დვანში პატრულირებისას აფეთქდა ნაღმზე. სხვიტარიძე გორის რაიონში სოფელ ფლავში დაიღუპა.

ნოზაძე სოფელ ფლავში განაღმვისას აფეთქდა.

ცოტნიაშვილი კარალეთიდან სნაიპერის მიერ დამიზნებული ტყვიით დაიღუპა.

ჯეჯელავა წალენჯიხის რაიონში მოკლეს ოკუპანტებმა.

კახნიაშვილი ქარელის რაიონში ოკუპანტების მხრიდან ნასროლი ტყვიით დაიღუპა.

ჭუმბურიძე გარდაიცავალ დამნაშავის დაკავების დროს.

ჯიოშვილი სოფელ დვანის ტერიტორიაზე ნაღმზე აფეთქდა.

აფციაური დამნაშავის დაკავებისას სასიკვდილოდ მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა.

ყოჩიშვილი გარდაიცვალა პატრულირების დროს კონფლიქტის ზონაში.

მინდა წუთიერი დუმილით ყველამ ერთად პატივი მივაგოთ ჩვენი დაღუპული კოლეგების ხსოვნას.

რამდენიმე წლის წინათ ბავშვები ქუჩაში იზრდებოდნენ იმ ოცნებით, რომ კანონიერი ქურდები გამხდარიყვნენ.

დღეს თქვენ არა მხოლოდ მათ უსაფრთხოებას იცავთ, არამედ მათთვის მისაბაძი მაგალითი ხართ.

ბევრი ბავშვი ატარებს პოლიციის ნიშანს, თამაშობენ პოლიციელობანას. ამაყობენ იმით, რომ თქვენ არსებობთ.

მთავრობები ყოველთვის ჩაანაცვლებენ ერთმანეთს, ყველა პრეზიდენტს უმთავრდება თავისი ვადა, მაგრამ სული, რომელიც თქვენ გააღვიძეთ, გაძლიერდება. ამ სულს ვერაფერი ვეღარ ჩაკლავს. ისევე, როგორც ვერაფერი ვერ ჩაკლავს საქართველოს თავისუფლებას.

დიდი მადლობა!

მაგრად დადექით მტრის ჯინზე და საქართველოს გასამთლიანებლად!




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)