Google+

სიახლეები

23.09.2010
მიხეილ სააკაშვილის სიტყვა, წარმოთქმული ნიუ-იორკის უნივერსიტეტში

საუბრები მსოფლიო ლიდერებთან" - პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პრეზენტაცია

 

შესავალი

საღამო მშვიდობისა. ჩემთვის აქ ყოფნა ნამდვილად დიდი სიამოვნებაა.

მსურს მადლობა გადავუხადო დოქტორ ალონ ბონ-მეიერს ჩემი აქ მოწვევისათვის - მე ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებს ნიუ იორკში სტუდენტებისადმი მიმართვა. ეს მე ჩემი აქ ყოფნის წლებს მაგონებს და ენერგიითა და ოპტიმიზმით მავსებს. თუნდაც მაშინ, როცა ვგრძნობ რომ თქვენზე ოდნავ უფროსი ვარ...

მიყვარს მოსაზრებების გაცვლა მომავლის ახალგაზრდა ლიდერებთან, რადგან თქვენ ძირითადად ფიქრობთ, რომ რადიკალური ცვლილებები აუცილებელი და შესაძლებელია - და რომ დღევანდელი დღის ოცნება, შესაძლოა, ხვალ რეალობად იქცეს.

ეს არის სწორედ ის სულისკვეთება, რაც საქართველოს ხელისუფლებას აცოცხლებს 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ.

მსურს გაგიზიაროთ ნაწილი, იმ გამოცდილებისა, რაც მე შევიძინე საქართველოს ბოლოდროინდელი მეტამორფოზიდან - იმედი მაქვს თქვენს ინტერესს შევავსებ წარჩინებული პოლიტიკის სფეროში, როგორც გზას, რომელიც იდეალებიდან რეალობაში გადადის.

რისკი ღირებულებებზე დაფუძნებულ პოლიტიკაში

შვიდი წლის წინათ, საქართველო არშემდგარ სახელმწიფოს წარმოადგენდა. ფესვგადგმული ბიუროკრატია კლავდა ნებისმიერ იიციატივას საზოგადოებაში. უმუშევრობა და სიღარიბე კრიტიკულ ზღვარს აღწევდა, ჩამოშლილი და არაადეკვატური იყო ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა კი - კორუფციით დატყვევებული.

სიტუაცია იმდენად კატასტროფული იყო, რომ ყველაფერი თავიდან უნდა დაგვეწყო, ეს იყო ჩვენი შანსი.

ვიცოდით რომ ნახევარ-ნახევარი ნაბიჯები და მეტისმეტად ფრთხილი ზომები იქნებოდა - წვეთები ოკეანეში; ოკეანეში, რომელშიც საქართველო ძალიან სწრაფად იძირებოდა. ჩვენ გადავწყვიტეთ ჩვენი ერის შემობრუნება, ჩვენი ძალიან ახალგაზრდა, დამოუკიდებელი სახელმწიფოს გარდაქმნა რეფორმების ლაბორატორიად.

ვინ ვიყავით ჩვენ? არც მეტი და არც ნაკლები - ახალგაზრდა იდეალისტი ქალებისა და მამაკაცების ჯგუფი სტუდენტური ორგანიზაციებიდან, ოპოზიციური პარტიებიდან ან სამოქალაქო საზოგადოებრივი ჯგუფებიდან.

დღითიდღე ჩვენ ვხდებოდით პასუხისმგებელი - ძალიან მტრულ გეოპოლიტიკურ გარემოცვაში, მზარდი ავტორიტარული და რევიზიონისტული რუსეთის ფედერაციის გვერდით.

ლოზუნგები და პროტესტები, ასევე დოკუმენტები ჩვენი პოლიტკის შესახებ - ეს იყო ინსტრუმენტები, რომელსაც ვიყენებდით როგორც ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები, ახლა უკვე აღარ არის საკმარისი.

რისი გაკეთება შეგვეძლო ჩვენ? ვაპირებდით შეგვეცვალა ძველი თაობა ახლით, თუ კვლავ და კვლავ იგივე გვეკეთებინა? თუ ვაპირებდით დავრჩენილიყავით ჩვენი და ყველა იმ ხალხის ოცნებების ერთგული, რომლებიც მამაცად გამოვიდნენ ქუჩაში წინა რეჟიმის დასამხობად?

ჩვენ გავრისკეთ თუნდაც იმით, რომ შევეცადეთ ჩვენი ფასეულობები კონკრეტულ პოლიტიკად გვექცია.

რასაკვირველია წარმატება ყველაფერში თან არ გვდევდა და შეცდომებსაც ვუშვებდით.

როგორც ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ფილოსოფოსი ემანუილ კანტი წერდა: „ვერ შეძლებ იყო მზად თავისუფლებისათვის, ვიდრე არ ხარ თავისუფალი". ეს იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს არავითარი წიგნი, რომელიც გასწავლით როგორ უნდა მოიქცეთ ან მართოთ თავისუფლებაში. ყოველივე ამის სწავლას თქვენ შეძლებთ მხოლოდ თქვენი წარმატებებიდან და შეცდომებიდან.

ეს ნიშნავს, რომ თავისუფლება ყოველთვის რისკია, მაგრამ ის რისკი, რომელზეც უნდა წახვიდე თუ გსურს იყო მოთამაშე საკუთარ ცხოვრებაში და შენი ერის ბედ-იღბალში.

არ არსებობდა წიგნი, რომელიც მეგზურობას გაგვიწევდა როგორ გადაგვექცია ჩავარდნილი პოსტ-საბჭოთა სახელმწიფო თანამედროვე ევროპულ დემოკრატიად.

ჩვენ ავირჩიეთ ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის რისკი. განვითარების სფეროს სპეციალისტები და რეგიონალური ლიდერები, მათ შორის რუსებიც, რაც არ უნდა გასაოცრად ჟღერდეს, დღეს ჩამოდიან ჩვენს ქვეყანაში, რათა ძველი პრობლემების ახალი გზებით გადასაჭრელად იდეები მოიძიონ.

ზოგიერთი გულღიად ამბობს - საქართველოს წარმატება გამომდინარებს „ტრანსფორმაციული ხელმძღვანელობიდან".

სინამდვილეში, ტრანსფორმაციული ხელმძღვანელობა ნიშნავს იმას, რომ ჩემი მთავრობა სისტემატიურად იღებდა გადაწყვეტილებას მიეცა ხალხისთვის უფლება შეეცვალა თავიანთი ცხოვრება და სოციალური გარემო.

მხოლოდ ამ საშუალებით, და არა გულაგებისა და გილიოტინების მეშვეობით არის შესაძლებელი საზოგადოების გარდაქმნა და  ინიციატივებისათვის გზის გახსნა - ყოველ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს უნდა ეთქმოდეს სიტყვა და გააჩნდეს შანსი წვლილი შეიტანოს თავისი ერის ბედ-იღბლის წარმართვაში.

საქართველოს მენტალური რევოლუცია"

იმ ხალხის უმეტესობას, რომელიც საქართველოში პირველად ჩამოდის, აოცებთ ჩვენი მინისტრების და სამთავრობო მაღალჩინოსნების ასაკი. ჩვენს ქვეყანას, ფაქტობრივად, მართავს 30 წლიანთა ჯგუფი. ეს არის რეზულტატი და მიზეზიც, თუ როგორ დაახასიათა „ეკონომისტმა" ამას წინათ საქართველო - მენტალური რევოლუცია. ქართველებმა შეწყვიტეს ფიქრი საქართველოზე, როგორც პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოზე.

წინათ, ჩვენ დატყვევებული ვიყავით ჩვენი წარსულით. ახლა ჩვენ ვგრძნობთ, რომ გავთავისუფლდით დაპირებებისაგან მომავლზე.

გონებისა და სულის ამ რადიკალური ცვლილებით ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ სოციალურ სამართალს და ეკონომიურ წარმატებას.

ეს ჩვენი დიდი გამარჯვებაა: ისეთი რამის შეიქმნა, რაც სცილდება ლიდერებსა და პარტიებს, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ვარდების რევოლუციას (ეს გაცილებით მეტია ვიდრე ნებისმიერი ხელმძღვანელობა რამდენადაც ტრანსფორმაციული არ უნდა იყოს ის), რასაც ვერავინ ვერ ჩაახშობს და რაც არავის არ ეკუთვნის, არც ჩვენ და არც სხვა ვინმეს. პარადიგმების ცვლილება, მენტალური რევოლუცია.

ღირებულებებიდან კონკრეტულ პოლიტიკამდე

რამდენიმე მაგალითის მეშვეობით, შევეცდები აგიხსნათ ყველაზე მოულოდნელი, მაგრამ წარმატებული რამდენიმე რეფორმა.

ჩვენი პირველი და ყოვლისმომცველი რეფორმა იყო სრული ცვლილება სამართალდამცავ ორგანოებში. ჩვენ სრული შემადგენლობით დავითხოვეთ საგზაო პოლიცია. ხალხი ფიქრობდა, რომ ჩვენ იმპულსური, გულუბრყვილო ადამიანები, შესაძლოა, გიჟებიც კი ვიყავით.

პოლიცია დიდი ხნის განმავლობაში წარმოადგენდა ხალხის დაშინების და სახელმწიფოს კორუფციულობის სიმბოლოს. თუ გვსურდა დაგვენერგა განსხვავებული პოლიტიკა, ჩვენი ერთადერთი რეალისტური არჩევანი სრული ცვლილება იყო.     

ქართველები სამი თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ საგზაო პოლიციის გარეშე და ჩვენდა გასაკვირად, სწორედ ამ პერიოდში დანაშაულის მაჩვენებელმა დაიწია 70 პროცენტით.

რატომ?

იმიტომ, რომ ხალხი გრძნობდა, რომ ის ისტორიის ნაწილს წარმოადგენდა; იმიტომ, რომ  ადამიანები ცხოვრობდნენ ამ სპეციფიკური მომენტით ჩვენი ერის ისტორიაში, როცა ყველაფერი შესაძლებელი ჩანს, როცა პოლიტიკას საფუძვლად ედება ღირებულებები, როცა გიჩნდება შეგრძნება, რომ იგონებ შენს საკუთარ მომავალს.

ამ პირველადი ზომების გამო, 2003 წლიდან მოყოლებული ჩვენ მივაღწიეთ უფრო დიდ პროგრესს „ტრანსპარენსი ინტერნეშენალის" კორუფციის ინდექსით, ვიდრე რომელიმე სხვა სახელმწიფომ მსოფლიოში.

მეორე სერიოზული და სიმბოლური რეფორმა იყო ენერგო სექტორის ტრანსფორმირება.

ქვეყანა იმდენად იყო ჩაბნელებული, რომ ჩვენ იმ საათებს ვითვლიდით, როცა გვქონდა ელექტროენერგია და არა პირიქით. რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ გავხდით ენერგიის წარმოების ქსელი და ექსპორტიორიც კი. ჩვენ განვავითარეთ ჰიდროელექტრო რესურსები და ინფრასტრუქტურა, რომელიც საჭირო იყო ამ ახალი ენერგიის გადასაცემად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მეზობელ ტერიტორიებზეც კი.

ნაკლებად ცნობილი ფაქტია, რომ ჩვენ გადავცემთ ენერგიას სტანდარტულ საბაზრო ფასებით რუსეთს. 2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც კი, როცა რუსეთი გვიპყრობდა, ჩვენ ვაგრძელებდით ელექტროენერგიის გადაცემას. ამას ჩვენი მენტალური რევოლუციის სხვა ასპექტის გამო ვაკეთებდით. ჩვენ უარს ვამბობთ განვიხილოთ ეკონომიკა როგორც პოლიტიკური იარაღი. გვწამს, რომ პოლიტიკას აქვს თავისი საზღვრები და ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს მასში.

ჩვენ შევქმენით მყარი და საიმედო საინვესტიციო კლიმატი სამ ძირითად ფაქტორზე დაყრდნობით: მინიმალური ეკონომიკური რეგულირება, დაბალი დაბეგვრა და, როგორც უკვე ვახსენე, ძლიერი ანტიკორუფციული სისტემის დამკვიდრება.

საქართველო პატარა ერია, რომელიც შორს არის სავაჭრო ცენტრებიდან და ფინანსური დედაქალაქებიდან, რომელიც, მეტი რომ არაფერი ვთქვათ, რთულ გეოპოლიტიკურ გარემოცვაში იმყოფება.

ჩვენი ერთადერთი შანსი ინვესტორების მოზიდვა იყო -მათთვის ერთგვარი რეგიონალური სამოთხე უნდა გავმხდარიყავით. ახლა ჩვენ განგვიხილავენ, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მარტივ ადგილს ბიზნესის საკეთებლად, მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, ამ მხრივ, მსოფლიოში მე-11 და შუა და აღმოსავლეთ ევროპაში პირველ ადგილს გვაკუთნებენ.

2008 წლის შემოჭრამდე, ჩვენ გვქონდა მყარი, ორმაგი ნიშნულის მქონე ზრდა და უცხოური ინვესტიციების რეკორდული დონე.

ჩვენი ეკონომიკური რეფორმების სიღრმეზე და სიჯანსაღეზე მეტყველებს ის, რომ ამ წელს, ომიდან ორი წლის შემდეგ და გლობალური ეკონომიკური კრიზისის დროს, ჩვენ კვლავ მოველით 6-პროცენტიან ზრდას. ფაქტობრივად, დღეს გამოცხადდა, რომ 2010 წლის პირველ ნახევარში ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 6.6 პროცენტი იყო.

ნათელია, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ძალიან ბევრია და ჩვენ გვაქვს ნაკისრი ვალდებულება, ახლა, როგორც არასდროს გავაგრძელოთ რეფორმებისა და დემოკრატიზაციის გზა. ყოველივე ეს ხდება იმ მუდმივი პროვოკაციებისა მიუხედავად, რომელიც ჩრდილოეთიდან მოდის.  

ალტერნატიული მოდელი რეგიონისთვის

ბევრმა თქვენგანმა შეიძლება იცოდეს, რომ დაახლოებით ჩვენი მთლიანი ტერიტორიის 20 პროცენტი დაპყრობილი აქვს რუსეთს.

2008 წლიდან მოყოლებული ამ ფაქტს ფართოდ აშუქებდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ ოდესღაც საქართველოში არსებობდა სამი ტერიტორია, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ხელოვნურად იყო გამოყოფილი ქვეყნის დანარჩენი ნაწილისგან. დღეს, როდესაც სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი იზოლირებული არიან მსოფლიოსგან, მესამე რეგიონი - აჭარა გახდა საქართველოს ეკონომიკის ცენტრი - მეორე, აყვავებული ეკონომიკური ცენტრი, ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც იპყრობს ინვესტორთა ყურადღებას მთელი მსოფლიოდან. გასულ წელს 150 ათასიანმა ქალაქმა, ბათუმმა 4 მილიარდი კერძო ინვესტიცია მიიღო. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ყველა რეგიონი, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით, ერთ მშვენიერ დღეს ამ განვითარებისგან სარგებელს მიიღებენ.

ასევე მწამს, რომ ერთ დღეს ჩვენ შევძლებთ ვაწარმოოთ ნორმალური და პროდუქტული საუბარი ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან.  მათ მიერ ჩვენი ტერიტორიების დაპყრობა არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. ეკონომიკური, სამხედრო და პოლიტიკური ფასები უფრო და უფრო არაპოპულარული ხდება მოსკოვში და, იმედი მაქვს, რუსეთის მოდერნიზება მოხდება, იგი შეიცვლება და გახდება დამოუკიდებელი და ევროპული საქართველოს მთავარი პარტნიორი. 

თუმცა ამისათვის რუსეთის ხელმძღვანელობამ  უნდა შეიგნოს, რომ განვითარება მოითხოვს ძირითადი წესებისა და ღირებულებების პატივისცემას;

რომ შენ ვერ გარდაქმნი შენს ეკონომიკას თუ გულაგში გააგზავნი ყველაზე წარმატებულ ბიზნესმენებს, როგორიც არის მიხეილ ხოდორკოვსკი;

რომ შენ ვერ შექმნი დინამიკურ საზოგადოებრიობას თუ მოკლავ ყველაზე ნიჭიერ ჟურნალისტებს როგორიც იყო ანნა პოლიტკოვსკაია და ადამიანთა უფლებების დამცველ ყველზე მამაც აქტივისტს, როგორიც იყო ნატალია ესტამიროვა.

და ბოლო, მაგრამ არა ნაკლებ მნიშვნელოვანი რამ - შენ ვერ განიხილები რაციონალურ საერთაშორისო მოთამაშედ, თუ დაიპყრობ და დაშლი შენს მეზობელს და შენი ჯარი აწარმოებს ეთნიკური წმენდის კამპანიას.

ხალხს შეეძლო ეფიქრა ჩვენს რეგიონში, რომ არსებობდა არჩევანი მხოლოდ ელცინის ტიპის ქაოსსა და პუტინის სტილის წესრიგს შორის. საქართველომ აჩვენა, რომ შესაძლებელია არსებობდეს სხვა გზა.

ის, რაც შვიდი წლის წინათ იდეალისტურად მოიაზრებოდა, რეალისტურზე მეტიც აღმოჩნდა. 

ვფიქრობ, ეს დაგეხმარებათ ირწმუნოთ, რომ თქვენ შეძლებთ მსოფლიოს შეცვლას, რომ ჭეშმარიტი პოლიტიკა და ღირებულებები ურთიერთშეთანხმებადია.

გმადლობ, თქვენგან შეკითხვებს ველი.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)