Google+

სიახლეები

20.06.2013
საქართველოს პრეზიდენტი: „ამ დანაშაულის ჩამდენები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ“

საქართველოს პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა.

„შსს-ს მიერ ბოლო დღეებში გავრცელებულ ფირებში, თუ ეს ფირები ნამდვილია, ასახულია ძალიან მძიმე დანაშაული. ამ დანაშაულის ჩამდენები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ. ყოველივე ეს ამაზრზენი, მართლაც ბოლომდე დასაგმობი, კარგად გამოსაძიებელი და გამოსაკვლევია. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ საქართველოს პოლიციაში აღარ ყოფილიყო ის, რაც მანამდე ჩვეულებრივი მოვლენა იყო -  ადმაიანის წამება, ტანჯვა, ფულის აღება, დანაშაულის დაბრალება, აღიარების მიღება ძალის გამოყენებით. ჩვენ მარსიდან არ მოვსულვართ, ჩვენი ხალხი ცხოვრობდა საქართველოში და, მგონი, ყველამ კარგად იცის, რომ ბოლო წლებში პოლიცია ძალიან შეიცვალა. ეჭვგარეშეა, რომ, ამ მხრივ, სიტუაცია გაუმჯობესებული იყო. ამ ვითარებაშიც შეიძლება წარმოიქმნას კუნძული უბედურების და საზიზღობის, ყოველთვის შეიძლება შეიპარონ სადისტები და მოძალადეები და, რა თქმა უნდა, ძალიან ვწუხვარ, თუ ჩემი მთავრობის დროს ასეთები მოხვდნენ იქ. ამიტომ ამ ხალხს ძალიან კონკრეტულად უნდა მიუდგნენ და ხელი არ უნდა დააფარონ. თუ აქამდე სამართლიანობის აღდგენა გამოიხატებოდა პოლიტიკური ლიდერების  მიმართ ბრალდებებით და, რეალურად, წარმოუდგენელი სადისტი და მოძალადე ბედუკაძე, პრაქტიკულად, გმირის სტატუსით, მთავარი პროკურორის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით (თუმცა ვიცით, რომ ეს არ იყო მისი გადაწყვეტილება) გამოუშვეს გარეთ და, ფაქტობრივად, ჩამოეწერა ის, რაც თავისი ნებით თუ სხვისი დაკვეთით გააკეთა, ვფიქრობ, სამართლიანობის აღდგენა, ამ შემთხვევაში მაინც, თუ კი ასეთ ტერმინს გამოვიყენებთ, სწორედ კონკრეტული შემსრულებლების პასუხისგებით უნდა გამოიხატოს, იმის მიუხედავად, რა ვალდებულებებიც  არ უნდა ქონდეთ მათ აღებული - მიეცათ ჩვენება ვიღაცის წინააღმდეგ ან ჩართულიყვნენ რაღაც პოლიტიკურ თამაშში. ამ კონკრეტულ სისტემას, ამ დარღვევების ჩამდენებს აქვთ კონკრეტული სახელები და გვარები. კონსტიტუციური უშიშროების დეპარტამენტის ორი მთავარი ფიგურა - ვინმე ჩხატარაშვილი და ლევან ქარდავა, პირველი - კუდის ფაქტობრივი უფროსი და შემქნელი, რომელიც ჩვენ მთავრობას შევარდნაძის დროიდან გადმოყვა, ძველი ცოდვები ჩამოაწერეს და, სამწუხაროდ,  დავტოვეთ და მეორე ლევან ქარდავა, რომელსაც ამ მთავრობამ ყველანაირად შეუწყო ხელი - ძალიან აქტიურად თანამშრომლობენ საქართველოს ახალ მთავრობასთან.  ჩხატარაშვილი არის დღევანდელი საქართველოს მთავრობის უმნიშვნელოვანესი ფიგურის, მთავარი მრჩევლის და ბიზნესში მთავარი ბატონ-პატრონის ხუხაშვილის მარჯვენა ხელი და პროკურატურის მიერ განხორციელებული საქმეების ერთ-ერთი მთავარი „არქიტექტორი“, ხოლო ლევან ქარდავა  „კუდ“-ის ყოფილი უფროსი, არის ის ადამიანი, რომელიც ასევე ძალიან აქტიურად თანამშროლობს საქართველოს მთავრობასთან და  ყოველდღიურად ცდილობს აიძულოს საქართველოს პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრები გავიდნენ „ნაციონალური მოძრაობიდან“. როგორც ახლა ირკვევა, ეს ორი ადამიანი, საუბედუროდ, იყო ბევრი იმ უკანონობის ჩამდენი. ამ ორ ადმაიანს არც ვიცნობდი და ბოლო დრომდე არც ვიცოდი ვინ იყვნენ, მაგრამ ეს ჩემს პასუხისმგებლობას არ გამორიცხავს. სიცოხლის ბოლომდე ვინანებ, რომ მსგავსი საშინელებების ჩამდენი სუბიექტები გადმოვიყოლეთ წინა მთავრობიდან და მსახურობდნენ ჩემი მთავრობის დროს. მინდა ვუთხრა საქართველოს დღევანდელ მთავრობას: ამ ხალხს მილიონებს არ უნდა აძლევდე, როგორც, ჩემი ინფორმაციით, მათ უხდიან და ბინძური შეკვეთების შესრულებისთვის არ უნდა იყენებდნენ იმის სანაცვლოდ, რომ სრულად ითანამშრომლონ მათთან, ჩადენილი სიბინძურეები ბოლომდე ჩამოიწერონ და გამდიდრებულები გამოვიდნენ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)