Google+

სიახლეები

15.06.2013
საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის კონგრესის განცხადებას გამოეხმაურა

 
საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, კონგრესის კომიტეტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც აღნიშნულია საქართველოში დემოკრატიის შეზღუდვისა და ქვეყნის უკუსვლის თაობაზე. ქვეყნის პირველმა პირმა პარტნიორი ქვეყნების რჩევების გათვალისწინების აუცილებლობაზე ისაუბრა, მით უმეტეს, რომ ეს ქვეყნები განსაკუთრებით მძიმე ვითარების დროს საქართველოს დასახმარებლად ძალისხმევას არ იშურებდნენ.
 
„როგორც კი ვნახე ეს განცხადება გული მომიკვდა. ამერიკის კონგრესს წელს უნდა მიეღო განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს უნდა მისცენ იარაღი, უნდა აღჭურვონ ქართული არმია და დააჩქარონ ნატოში ინტეგრაციის პროცესი. ამის ნაცვლად, პირველად ისტორიაში, აშშ-ის კონგრესის კომიტეტმა გაფართოებულ, მთლიან სხდომაზე მიიღო რეზოლუცია საქართველოში დემოკრატიის შეზღუდვის და საქართველოს უკუსვლის შესახებ. მსგავსი არასდროს არაფერი მომხდარა და ეს არ არის საგაზეთო სტატია ან ვიღაცის განცხადება. ის, რასაც მთელი ამ წლების განმავლობაში ვაკეთებდით, პრაქტიკულად, ყველაფერი წყალში გვეყრება. თქვენ იცით, რომ აეროპორტის გზაზე არის ბუშის ქუჩა. 2008 წელს ამერიკამ გამოაგზავნა ფლოტი, აწია ჰაერში ავიაცია და ამან გადაარჩინა საქართველოს დამოუკიდებლობა. თუ ვინმეს აინტერესებს, რატომ არის ამერიკა ჩვენთვის მნიშვნელოვანი, უნდა იცოდეს, რომ დღეს საქართველოს არსებობს იმიტომ, რომ ამერიკა ამიგვიდგა მხარში. თუ ამერიკა აღარ განაგრძობს ჩვენს მხარდაჭერას, ჩვენ ვრჩებით მხოლოდ ონიშენკოს ქვეყნის ამარა. ამერიკას სურს ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველო, ხოლო ონიშენკოს სამშობლოს მიზანია დამოკიდებული, სუსტი, დაქუცმაცებული და გაუბედურებული ქართველი ერი. პრაქტიკულად, არჩევანიც არ არის - თუ ერთზე ამბობ უარს, ავტომატურად ჩავარდები მეორის ხელში.
 
მინდა მათ საყურადღებოდ ვთქვა, ვინც ამბობს, რომ კონგრესმენები მოისყიდეს. საქართველოში ბოლო დელეგაციის სტუმრობის დროს, გვსურდა, რომ ყველა სტუმარს ჰქონოდა თითო-თითო ბოთლი ჩვენი ვენახის ღვინო. ამერიკელმა კონგრესმენებმა ამაზეც უარი თქვეს, იმდენად მკაცრი წესები აქვთ ლობირების, კორუფციასთან ბრძოლის. მათი ყიდვა რომ შეიძლებოდეს, მსოფლიოს მდიდარი ქვეყნები დიდი ხნის წინათ იყიდდნენ. ეს არის ორგანიზაცია, რომლის მოსყიდვა და დაშინება შეუძლებელია. ეს არის ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს კონგრესი, მთავარი ორგანო. ის მართავს ამერიკას, აკვირდება იმას, რაც ხდება და აკეთებს დასკვნას. ამ შემთხვევაში კი, დასკვნა არის ძალიან მძიმე“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)